ღირსი ეფრემ ასური, ღმრთისმოსაობის მასწავლებელი & ღმრთაებრივი მადლის მფლობელი – I ნაწილი

14 February 2014

ეფრემ საკვირველი, როგორც მას სიმეონ მეტაფრასტი უწოდებდა, მესოპოტამიის ქალაქ ნიზიბიაში ან მის შემოგარენში დაიბადა მე-4 საუკუნის პირველ წლებში (306 წელს). მისი მშობლები ღარიბები იყვნენ. მისმა წინაპრებმა, იმპერატორი დიოკლიტიანეს მეფობის დროს, იმპერიის აღმოსავლეთ ეპარქიებში გაჩაღებული დევნის პერიოდში, სამსჯავროს წინაშე აღიარეს ქრისტე. „ჩემი წინაპრები წამებულნი იყვნენ“, წინაპრების გახსენებისას ამბობდა წმიდანი. თავისი წინაპრების ამ კეთილ აღიარებას ღირსი ეფრემი აღნიშნავს, როგორც ქრისტეს მიმართ სიყვარულის საოჯახო წვლილს და თავს ვალდებულად თვლიდა, რომ თავადაც მათ კვალს გაჰყოლოდა. ბავშვობიდან, როგორც თავად აღიარებს, მამებისგან „ქრისტეს შესახებ“ სწავლობდა. მისი მშობლები „მას უფლის შიშს უნერგავდნენ“. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია ღირსი ეფრემის განათლების ხანგრძლივობისა და სახეობის შესახებ, ძალიან სარწმუნოა ვარაუდი იმის შესახებ რომ ბავშვობის წლებიდან მოყოლებული იგი „ქრისტეს შესახებ“ ეუფლებოდა ცოდნას წმიდა იაკობის მზრუნველობით, რომელიც მოგვიანებით ქალაქ ნიზიბიის დიდი მღვდელმთავარი გახდა.

Osios efraim o siros 01

თუმცაღა წმიდანის ახალგაზრდობის პერიოდში, მისი გამოუცდელობისა და დაუფიქრებლობის მიზეზით, იგი შეცდომაში იქნა შეყვანილი და იზიარებდა მცდარ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ყოველივე ამ სამყაროში შემთხვევითობის შედეგად ხდება და არ არსებობს არანაირი საღმრთო განგებულება, რომელიც მართავს და განაგებს სამყაროს. მას შემდეგ, რაც ეფრემი უარს ამბობს უფალზე, ამ მცდარი აზრის გამო უყურადღებო და უგუნურ ახალგაზრდას საშინელი განსაცდელი ატყდება თავს, რაც იმის საფრთხეს ქმნიდა, რომ მასში სრულიად აღმოფხვრილიყო ღმრთიური განგებისადმი რწმენა. თუმცა, უფლის სიკეთე არ ტოვებს „რჩეულ ჭურჭელს“. განსაცდელთან ერთად მას გამოსავალსაც უჩვენებს. რა თქმა უნდა, იმდენად გადამრჩენელია ის გამოცდილება, რომელიც ღირსმა ეფრემმა შეიძინა ამ განსაცდელისაგან, რომ იგი ხშირად უბრუნდება ამ განსაცდელს სწორედ იმისათვის, რომ დახმარება გაუწიოს ძმებს, რომლებიც უფლისგან ხსნას ითხოვენ.

წმიდანი თავის სიტყვაში „საკუთარი თავის კონტროლი…“ მოიხსენიებს საშინელ განსაცდელსა და ღმრთიური ნების სასწაულ ჩარევას. უფალი უშვებს, რომ მიუხედავად მისი უდანაშაულობისა, იგი ცხვრების ქურდობაში დაადანაშაულონ და დააპატიმრონ ორ სხვა ასევე უდანაშაულო ადამიანთან ერთად. ეფრემი შვიდი დღის განმავლობაში დაპატიმრებულია, ხოლო მერვე დღეს, იგი ხედავს სიზმარში ვიღაცას, რომელიც მას თავმდაბლობისა და სინანულისაკენ და განგებულების მიმართ ნულოვანი წინააღმდეგობისაკებ მოუწოდა.

მოვლენებმა, რაც ამის შემდეგ მოხდა, ისე გააკვირვა წმიდანი, რომ მან არა თუ მხოლოდ უარყო ის მცდარი აზრი, რაც მანამდე ღმრთიური განგებულების შესახებ გააჩნდა, არამედ მაშინვე მიიღო გადაწყვეტილება მიეტოვებინა ამქვეყნიური ცხოვრება და გამგზავრებულიყო იმ მთებისკენ, სადაც განდეგილები იმყოფებოდნენ. სწორედ იქ გახდა იგი წმიდა იაკობის მოწაფე, რომელიც გამოცდილი იყო სულიერ და ასკეტურ ცხოვრებაში. წმიდა იაკობმა, როგორც ნიზიბიის მღვდელმთავარმა, ნიკეას მსოფლიო კრებაზე (325 წელს) თან წაიყვანა თავისი გამორჩეული მოწაფე, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ცხრამეტი წლის იყო. წმიდა იაკობის მითითებებით, მორჩილმა მუშაკმა, წმიდა წერილზე მსჯელობა დაიწყო, რათა ჭეშმარიტი რწმენისთვის ებრძოლა და ნიზიბიის სასწავლებელში ხალხისთვის ესწავლებინა.

წმიდანის ბიოგრაფიის აღმწერელნი ამ ფაქტზე დიდი აღტაცებით საუბრობენ. ღირსი ეფრემი ძალიან ახალგაზრდა იწყებს თვითუარყოფის გზით სულიერ ბრძოლას, რის შედეგადაც აღწევს უმწიკვლობას და სიწმინდეს და იქცევა სული წმიდის მადლით აღსავსე ჭურჭლად. მცირე დროის გასვლის შემდეგ, იგი ეზიარება მონასტრული ფილოსოფიის სულს, რასაც წინ არ უძღვოდა ხანგრძლივი მსახურება მორჩილებასა და ასკეტურ ცხოვრებაში. ისტორიკოსი სოზომენოსი აღნიშნავს წმიდანის უეცარ და გასაოცარ წარმატებებზე ასურეთის განათლების სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ წმიდა ეფრემს არ მიუღია განათლება აღმოსავლეთის (ანტიოქიის, ალექსანდრიისა და ა.შ) გამოჩენილ სკოლებში და არ შეუსწავლია იმ ეპოქის საერო სიბრძნე, რაც მაშინ მნიშვნელოვანი იყო, იგი ხდება ღმრთიური სიბრძნის თანამონაწილე და ივსება სწავლების მადლით.

წმიდანი თავადვე აღიარებს იმ წყალობაზე, რაც მას ხვდა წილად. თხრობისას ის ასევე გვიმჟღავნებს იმ ხილვას, რაც მას ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ პატარა ასაკის იყო: „ვიხილე ვაზი, რომელსაც უხვად ესხა ყურძნის მტევნები და ჩემს ენაზე იზრდებოდა. ეს ვაზი ისე გაიზარდა, რომ ჩემი პირიდან გარეთ გამოვიდა, ხოლო მისი ყლორტები კი ისე იზრდებოდნენ სიმაღლეში, რომ მათ მთელი დედამიწა დაფარეს. ვაზზე მრავალი ჩიტი იყო, ისინი გარშემო უფრენდნენ მცენარეს და ყურძნის მტევნებს ეძალებოდნენ. და რაც უფრო მეტი ჩიტი ჭამდა მის ნაყოფს, მით უფრო და უფრო მრავლდებოდნენ ყურძნის მტევნები“.

ღირსი ეფრემის სახეზე შესამჩნევია ამ მადლის ენერგია. იგი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ხდება ჭეშმარიტი სიბრძნის მაღალი მცნებებისა და ცნობების მფლობელი და სიტყვის სიცხადითა და ბრწყინვალებით, აზრთა სიმდიდრითა და სისწორით აღემატება თავისი დროის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან და სახელოვან მასწავლებლებს. სოზომენოსის მიხედვით, წმიდა ბასილი დიდი აღფრთოვანებული იყო ამ კაცის განათლებით და ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე აღიარებდა, რომ ღირისი ეფრემი თავის ეპოქაში მოღვაწე ყველა სწავლულს აღემატებოდა.

თუმცა, ღირსი ეფრემი მხოლოდ ღმრთისმოსაობის მასწავლებელი არ ყოფილა, ის ასევე ქრისტეს მცნებების კეთილი მსახური და მუშაკი იყო. იმდენად დიდი იყო მისი სიყვარული უფლის სამწსოს მიმართ, რომ ყოველთვის მხურვალე სურვილით ტოვებდა სიმყუდროვისა და ასკეტური ცხოვრების ადგილს, როდესაც ამის აუცილებლობა დგებოდა.

იულიანე განდგომილის (361-363) მოკლე მეფობის წლებში იწყება სპარსელების შემოსევები მესოპოტამიის მიმართულებით. ქალაქი ნიზიბია ალყაში ექცევა მეფე საპორ II დიდის მიერ (309-379). წმიდანი მონაწილეობას იღებს ქალაქის სასწაულ თავდაცვაში, ეხმარება და ამხნევებს ხალხს. 363 წელს, წმიდა იაკობის სიკვდილის შემდეგ, ნიზიბიის მთავარპისკოპოსი სპარსელებს უვარდებათ ხელში, განადგურებულია ის სასწავლებელიც, სადაც ასწავლიდა წმიდა ეფრემი, ამ დროს მრავალი ნიზიბიელი ტოვებს მშობლიურ ქალაქს და ედესაში მიემგზავრება, რომელიც როგორც წმიდანი ამბობდა „კურთხეულია უფლის მიერ მისი მოწაფეთა ბაგეთა მეშვეობით“. მათთან ერთად ნიზიბიას ტოვებს წმიდა ეფრემიც, რომელიც გრიგოლ ნოსელის ცნობით, ორი მიზეზის გამო მიემგზავრება ედესაში: რათა თაყვანი სცეს მოციქულ თადეოსის წმიდა ნაწილებს და შეხვდეს ბრძენ კაცს, რათა ამ შეხვედრის დროს ცოდნის ნაყოფით დატკბეს. ევაღრიოსი იუწყება, რომ ღირსი ეფრემის ედესაში გამგზავრების ერთ-ერთი მიზეზი იყო „მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის“ თაყვანისცემა, რომელიც სწორედ იქ ინახებოდა.

მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც ღირსმა ედესაში დაყო, იგი ხელფასის გამომუშავების მიზნით აბანოების მეპატრონესთან მუშაობდა, რათა მისი შენახვა ძმებსა და ეკლესიას არ დასწოლოდა ტვირთად, ხოლო როდესაც შესაძლებლობა ეძლეოდა ადგილობრივებს უფლის სიტყვას უქადაგებდა. ამის შემდეგ, იგი ერთი სახელოვანი ბერის – იულიანეს რჩევით, ასკეტურად ცხოვრების მიზნით ედესის ერთ-ერთ უკაცრიელ მთაზე განმარტოვდა. თუმცა, არ გასულა დიდი დრო და ბერ იულიანეს ხილვის საშუალებით ეუწყა, რომ წმიდა ეფრემი იყო ერთადერთი თავის თანამოქალაქეთა შორის, რომელზეც ადამიანებისათვის სწავლების მადლი იყო გადმოსული.

შინაარსი
სანიშნეები