როგორ დავიცვათ ჩვენი სულიერი ტაძრის სიწმინდე? (I ნაწილი)

4 April 2014

მოუსმინეთ ქრისტეს დიდი მოციქულის – წმიდა პავლეს ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვან და აუცილებელ სიტყვებს:

„არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის? რომელმან ტაძარი ღმრთისაჲ განხრწნეს, განხრწნეს იგიცა ღმერთმან; რამეთუ ტაძარი ღმრთისაჲ წმიდა არს, რომელ-ეგე ხართ თქუენ“ (კორინთელთა მიმართ I ეპ. 3, 16-17).

Stauros 002

ეს საოცარი სიტყვებია. როდესაც მათ ვისმენთ ან პირველად ვკითხულობთ, ისინი გვანცვიფრებენ, გვაოცებენ და ჩვენში შიშს იწვევენ, რადგან, განა კი შესაძლებელია, რომ ჩვენ – ესოდენ უწმინდური და უღირსი არსებები ღმრთის ტაძარს წარმოვადგენდეთ? როგორ შეეძლო მოციქულს ასეთი რამის წარმოთქმა? დიახ, დიდ მოციქულს შეეძლო და ამის თქმის უფლებაც ჰქონდა, რადგან ყოველი ქრისტიანი, ვინც კი წმიდა ნათლობის ემბაზიდან გამოდის, რეალურად სული წმიდის ტაძარი ხდება. ნათლობისა და მირონცხების საიდუმლოებათა შედეგად სული წმიდა მკვიდრდება ადამიანში და მისი სხეული სული წმიდის ტაძრად იქცევა.

მიუხედავად ამისა, ადამიანი არ კარგავს თავისუფლებას. მას შესაძლებლობა აქვს ან შეინახოს სული წმიდის ეს უდიდესი მადლი, როგორც უძვირფასესი განძი, რომელიც საიდუმლოებათა შედეგად მოიპოვა, და პატივი სცეს თავისი ტაძრის სიწმიდეს, ან კი, ასევე შეუძლია უგულებელჰყოს და დაივიწყოს იგი. გარდა ამისა, მას აქვს შესაძლებლობა, რომ ჩაიდინოს დიდი ცოდვაც კი, რაც მისი სხეულის ტაძრისთვის დამღუპველი იქნება. ეს უკანასკნელი ძალიან საშიშია, რადგან, როგორც მოციქული პავლე ამბობს: „რომელმან ტაძარი ღმრთისაჲ განხრწნეს, განხრწნეს იგიცა ღმერთმან“ (კორინთელთა მიმართ I ეპ. 3, 17). უფალი მკაცრად სჯის იმ ადამიანს, ვინც  ღმრთის ტაძარს ანადგურებს.

მაშასადამე, ჩვენ, ჩვენი გონებისა და გულის მთელი ძალისხმევით, ყოველთვის უნდა დავიცვათ სული წმიდის ის მადლი, რომელიც ნათლობისა და მირონცხების დიდი საიდუმლოების შედეგად გვებოძა. როგორ მივაღწიოთ ამას? როგორ დავიცვათ ჩვენი სულის ტაძრის სიწმიდე? იმისათვის, რომ ამას ჩავწვდეთ, მოდით თავდაპირველად გავიაზროთ, თუ რა იცავს და რა ანადგურებს ერთ რომელიმე ხელთქმნილ ტაძარს, რომელიც უსულო მასალისგან – ქვისგან ან ხისგანაა აგებული, და მაშინ უფრო ადვილად გავიგებთ, თუ რა გზით ნადგურდება ჩვენი სხეულის სიწმიდე.

ტაძრის შენობა წმიდად იქცევა იმ ღმრთისმსახურებებისა და საიდუმლოებების შედეგად, რომელიც მასში აღევლინება, და უპირველეს ყოვლისა კი, ღმრთაებრივი ზიარების დიდი საიდუმლოს შედეგად. გარდა ამისა, – ათასობით მორწმუნის ევქარისტიების, ლოცვების, მეტანიებისა და ცრემლების შედეგად. ღმრთის სახლი კურთხეულია ასევე ღმრთისმსახურებებისას წმიდა წერილის კითხვითა და ქადაგებებით.

რა ბილწავს და რა ანადგურებს ხელთქმნილ ტაძარს? როდესაც მასში აღარ სრულდება ყოველდღიური მსახურებანი და აღარ აღესრულება ღმრთაებრივი ზიარების ყოვლად წმიდა საიდუმლო, სწორედ მაშინ ნადგურდება ხელთქმნილი ტაძარი. ეკლესია უკაცრიელდება და ლოცვის სახლის მაგივრად მძარცველების მღვიმედ გადაიქცევა, ივსება ობობებით, ღამურებითა და სხვადასხვა სიბინძურით. სწორედ მაშინ კარგავს იგი თავის სიწმიდეს. სულის სიღრმემდე შეძრულნი ვართ იმის გამო, რომ ჩვენს დღეებში კეტავენ და შეურაცხყოფენ ეკლესიებს.

მიუხედავად ამისა, თუნდაც არ მოხდეს ეს საშინელი მოვლენა და გაგრძელდეს მათში ღმრთისმსახურებების აღვლენა, ტაძარი შებილწულია და გაუკაცრიელებულია იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანების სახელი ჰქვიათ,  სინამდვილეში კი ისინი არ არიან ქრისტიანები. მცირე არ არის იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ტაძარში უწმიდური გულით მოდიან და სწორედ იმ დროს, როდესაც სრულდება გასაოცარი და უსისხლო მსხვერპლშეწირვა, ერთმანეთში საუბრობენ ან ადგილებს იცვლიან, ხან კი ერთმანეთს მუჯლუგუნებს ურტყამენ და ჩხუბობენ კიდეც.  ესეც ტაძრის შეურაცხყოფა და განადგურებაა. დაე, დაფიქრდნენ ეს ადამიანები პავლე მოციქულის შიშის მომგვრელ სიტყვებზე: „რომელმან ტაძარი ღმრთისაჲ განხრწნეს, განხრწნეს იგიცა ღმერთმან“.

ზუსტად იმავე ხერხით, რა ხერხითაც იკურთხევა ან წაიბილწება ხელთქმნილი უფლის სახლი, იკურთხევა ან ნადგურდება ჩვენი სხეულის ტაძარიც, რომელშიც სული წმიდაა დავანებული. ჩვენი სულისა და სხეულის ტაძარი ყოველთვის უნდა იწმინდებოდეს ისეთი ცხოვრებით, რომელიც იესო ქრისტეს მცნებებს ემორჩილება. მთელ ჩვენს ცხოვრებას საფუძვლად უნდა ჰქონდეს ქრისტეს ღმრთაებრივი კანონი, მისი ღმრთაებრივი სწავლება. და თუკი, ამგვარად ვიცხოვრებთ, თუკი, ჩვენი ძირითადი მიზანი ზეციურ სასუფეველში დამკვიდრება იქნება, მაშინ ყოველთვის ვიქნებით სული წმიდის ჭეშმარიტი და მარადიული ტაძრები.

 [გაგრძელება იქნება]

შინაარსი
სანიშნეები