საუბარი უფლის ფერისცვალებაზე – 1

21 August 2014

ქრისტე არის მიზანი და სრულყოფა სჯულის კანონის და წინასწარმეტყველთა

კარგ სპორტსმენებს სიამოვნებას მაყურებელთა ტაში ჰგვრის, ისინი ჯილდოს მოლოდინში ვარჯიშობენ და ემზადებიან იმ გამარჯვებისთვის, რომელიც მათ ეკუთვნით. იგივე შეიძლება ითქვას მათზე, რომელნიც იმ სიამოვნების მიღებისკენ ისწრაფვიან, რაც ღმრთიური წყალობის მიღებითაა შესაძლებელი, რომლებიც იმისათვის იღვწიან, რომ წმიდანებისათვის განკუთვნილი მარადიული ცხოვრების ღირსნი გახდნენ, რომელნიც დიდი თავგამოდებით თავის თავზე დაითმენენ იმ ბრძოლებს, რაც ქრისტიანულ ღმრთისმოშიშებას თან ზდევს ხოლმე და სათნოების სიმაღლემდე მიღწევას ახერხებენ, რადგან უარყოფენ სრულიად ადვილ, სიზარმაცისა და არავაჟკაცური სიმხდალის გზას. ამის საწინააღმდეგოდ, ისინი უშიშრად ებრძვიან ყოველგვარ ცდუნებას, გულგრილად ხვდებიან მათ მიმართ განხორციელებულ ყოველგვარ დევნას, ბედნიერებად და სიმდიდრედ მიიჩნევენ ქრისტეს გამო დათმენილ ტანჯვა-წამებას. და ამ ყოველივეს იმის გამო სჩადიან, რომ არასდროს ივიწყებენ პავლე მოციქულის მიერ დაწერილს: „ვითარმედ ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ“ (რომაელთა მიმართ 8, 18).

metam

თავად ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ საჭიროებას მორგებული საოცარი მეთოდი გამოიყენა იმისათვის, რომ დახმარებოდა წმიდა მოციქულებს, რათა ისინი ამ საკითხს ჩასწვდომოდნენ. მათ უთხრა: „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე. რამეთუ უკუეთუ ვისმე უნდეს სული თჳსი განრინებად, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი.“ (მათე 16, 24-25). ქრისტეს სწორედ ეს რჩევა-დარიგება არის ხსნა. იგი ერგება რჩეულებს, უზრუნველყოფს მარადიულ დიდებას და ამა თუ იმ ადამიანს აიძულებს მოუთმენლად დაელოდოს სიცოცხლის დასასრულს. რადგანაც მისი არჩევანი – ქრისტეს წყალობისათვის ტანჯვა, არ დარჩება საზღაურის გარეშე. არამედ პირიქით, მას შედეგად მარადიული სიცოცხლისა და დიდების სიტკბოება მოჰყვება.

რამდენადაც, იმ ეპოქაში, როდესაც მოწაფეებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ სული წმიდისაგან შთაგონებული ძალა, ბუნებრივია, რომ ისინი შეპყრობილნი იყვნენ ადამიანური უძლურებით. ამგვარად, ჭოჭმანის გარეშე გაიელვა მათ გონებაში შემდეგმა კითხვებმა: მაგრამ როგორ არის შესაძლებელი, რომ ვინმემ უარყოს თავი თჳსი? ან როგორ ხდება ეს, როცა ვინმე კვლავ მოიპოვებს თავის სიცოცხლეს ან დაკარგავს მას? ან რომელ თანაბარ ჯილდოს უნდა დაელოდოს ის, ვინც საკუთარ სიცოცხლეს გაიღებს? ან რომელ წყალობას უნდა მოელოდნენ? მაშასადამე იმისათვის, რომ ქრისტემ მათი ფიქრები ეჭვებისგან გაათავისუფლოს, დაიცვას ისინი, რომ მათ თავი ამგვარი ეჭვების მახეში არ ამოყონ, რაიმე ხერხის მეშვეობით შთააგონოს გაბედული რწმენა იმისათვის, რომ მათში დაიბადოს გულმოდგინება იმ დიდებისთვის, რომელიც მათ შესთავაზა, ეუბნება: „ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა“ (მათე 16, 28; მარკოზი 9,1; ლუკა 9,27). საინტერესოა, განა შესაძლებელი იქნებოდა, რომ გაგრძელებულიყო მათი ცხოვრების პერიოდი ისე, რომ მათ მიეღწიათ იმ დრომდე, როდესაც დასრულდებოდა სამყაროს განსაზღვრული სვლა, ზეციდან ჩამოვიდოდა უფალი იმისათვის, რომ რჩეულთათვის აღქმული სამეფო მიეჩინა? რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, ღმრთის მიერ ამგვარი რაიმეს განხორციელებაც შესაძლებელი იყო. უფალს ხომ ყოველივე ძალუძს, არაფერი არსებობს მიუღწეველი ან განუკურნებელი მისი ყოვლისშემძლე მარჯვენასათვის. და მაინც, მეუფებას უწოდებს დიდების სახეს, რომელშიც მაშინ აღმოჩნდება, როდესაც დედამიწა მისი მყოფობით გაბრწყინდება. მაშინ რატომ მოვა მამა ღმერთის დიდებით გარშემორტყმული და არა ადამიანური უმნიშვნელობებით მოსილი.

მაშ, როგორ სთავაზობს ამ სასწაულის სახეს მათ, ვისაც დაპირება მისცა? ადის მთაზე და თან მიჰყავს ყველაზე რჩეულთაგან სამი. ფერს იცვლის გამოსცემს რა ყველაზე გამორჩეულ სიკაშკაშეს, რომელიც მხოლოდ ღმრთისთვის არის შესაფერისი, ისე, რომ სინათლის ანარეკლისგან მისი სამოსი გამჭვირვალე ხდება. იგი მოსესა და ელიას მიერაა გარშემორტყმული, რომლებიც ერთმანეთში საუბრობენ: „და იტყოდეს განსლვასა მას მისსა, რომელი ეგულებოდა აღსრულებად იერუსალჱმს“ (ლუკა 9, 31), ანუ უფლის განკაცების ჩანაფიქრის საიდუმლოზე, მის ტანჯვაზე, ვგულისხმობ, გადამრჩენელ პატიოსან ჯვარზე. გარდა ამისა, ჭეშმარიტებაა, რომ მოსეს სჯულის კანონსა და წმიდა წინასწარმეტყველთა გამოცხადებებს ქრისტეს საიდუმლოზე წინასწარ ნაუწყები ჰქონდათ. განსაკუთრებულად სჯულის კანონი იუწყებოდა ქრისტეს მოსვლაზე სიმბოლოებითა და დიაგრამებით, რომლებიც, თითქოსდა, დაფაზე იყო გადმოწერილი, ასევე – წინასწარმეტყველნი სხვადასხვა კონკრეტული ფრაზებით, როგორც მაგალითად ის, რომ უფალი ოდესმე გამოგვეცხადებოდა ჩვენი საკუთარი ადამიანური სახით, და რომ ყველა ჩვენთაგანის ხსნისა და გადარჩენისათვის უარს დამცირებასა და ჯვარზე სიკვდილზეც კი არ იტყოდა. ამგვარად, მოსესა და ელიას გამოჩენა, და მათ შორის საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ ფილანთროპული ზრუნვა, რაც მიზნად ისახავდა ჩვენი უფლის – იესო ქრისტეს – სჯულის კანონისა და წინასწარმეტყველთა მიერ, როგორც მათი უდაო ბრძანებლის, წარდგენას, რაც მათ მიერ ორმხრივი ურთიერთშეთანხმებით წინასწარ იყო ნაუწყები. იმიტომ, რომ სრულიადაც არ ეწინააღმდეგება სჯულის კანონის შინაარსი წინასწარმეტყველთა მიერ ნაუწყებს. იმისათვის, რომ სწორედ ეს ყოფილიყო გამჟღავნებული, გამოჩნდნენ ერთმანეთში მოსაუბრე წმიდა მოსე და წინასწარმეტყველებს შორის ყველაზე გამორჩეული – ელია.

                                                                                                                                 [გაგრძელდება]

შინაარსი
სანიშნეები