Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php:230) in /var/www/pemptousia.ge/wp-includes/feed-rss2.php on line 8
სადღესასწაულო სიტყვები – PEMPTOUSIA https://www.pemptousia.ge Tue, 30 Jul 2019 07:59:01 +0000 en-US hourly 1 https://wordpress.org/?v=4.9.8 საშობაო ეპისტოლე (2016) https://www.pemptousia.ge/2016/01/26/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%94-2016/ https://www.pemptousia.ge/2016/01/26/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%94-2016/#comments Tue, 26 Jan 2016 12:32:16 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=48808 ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!

დღეს ხარობს ყოველი სულდგმული, ცა და ქვეყანა, ხარობს ჩვენი სულები და სამყაროც ივსება ანგელოზთა საგალობლით: “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება”.

– რა არის მიზეზი ამ საოცარი სულიერი ზეიმისა?

– ის, რომ მოგვეცა შესაძლებლობა სამოთხისეული ნეტარების მოპოვებისა, დაკარგული სიწმინდის აღდგენისა და სულიერი განახლებისა. დღეს ძე ღმრთისა განხორციელდა, რათა ადამიანი ღმერთამდე აღამაღლოს!

“საიდუმლო უცხო და დიდებული ვიხილოთ, ქუაბი ცათა ემსგავსა, ქალწული – ქერუბიმთა, ხოლო ბაგა სახე იქმნა სამყაროჲსა, რამეთუ დაიტია დღეს ქრისტე ღმერთი, დაუტევნელი, რომელსა ვადიდებთ” (სადღესასწაულო).

მაშ, მივეგებოთ ახლადშობილ ყრმას და გავხსნათ კარნი გულისანი, რათა ჩვენშიც იშვას ქრისტე.

– ვართ კი ღირსნი, რომ იესო მოვიდეს და დაემკვიდროს ჩვენს გულებში?
– რა თქმა უნდა, არა და არც არასდროს ვიქნებით მზად ამ დიდი საიდუმლოსათვის, მაგრამ მოწყალება და სიყვარული ღმრთისა იმდენად მიუწვდომელია და უნაპირო, რომ ეს სასწაული სრულდება. ოღონდ ამას თავისი აუცილებელი პირობაც ახლავს.
– კერძოდ?
– ადამიანი თანაზიარი უნდა გახდეს ღმრთაებრივი სიყვარულისა.
– როგორ შევძლოთ ეს?
– წმ. პავლე მოციქული მიუთითებს, რომ ღმერთთან კავშირისათვის ადამიანს უნდა ჰქონდეს ჭეშმარიტი რწმენა, სასოება და სიყვარული. ამათ შორის კი უპირატესად სახელდებს სიყვარულს (I კორ. 13,13), რადგან რწმენა და სასოება, მხოლოდ ამქვეყნად არსებობს და ჩვენი მიწიერი ყოფისთვისაა აუცილებელი, ხოლო სიყვარული ჰგიეს უკუნისამდე.
– როგორია ღმრთაებრივი სიყვარული?
– ახალმა აღთქმამ განაცხადა საოცარი რამ:  “ღმერთი სიყვარულია”.
ამის სრული სისავსით უწყება ვერ შეძლო ვერცერთმა რელიგიამ. ქრისტემდეც და შემდგომაც ადამის მოდგმას არ უხილავს ღმერთი, რომელიც მისთვის მსხვერპლად გაიღებდა თავის თავს და ცხონების ერთადერთ გზას გაუკვალავდა.

“იყვარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყვარენ თქვენ”  (ინ. 13,34); “უფროჲსი ამისსა სიყვარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადავას მეგობართა თჳსთათჳს” (ინ. 15,13.), _ ბრძანებს იესო.
ქრისტიანობამ აბსოლიტურად სხვა გაგება შესძინა მოყვასის ცნებას. მართლმორწმუნეთათვის მოყვასია ყველა, მისი ერის თუ სხვა ეროვნების წარმომადგენელი, ნაცნობი თუ უცნობი, დამნაშავე თუ უდანაშაულო, მდიდარი თუ ღარიბი, კეთილისმყოფელი თუ მტერი!

“მე გეტყჳ თქუენ, გიყვარდედ  მტერნი თქვენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რაჲთა იყვნეთ თქუენ შვილ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა”(მთ. 5.44-45).
ეს არის მანამადე არსმენილი და არგაგონილი სიტყვები, მანმადე არსად და არასდროს გაცხადებული სიმაღლე ღმრთაებრივი სიყვარულისა.
ასეთი სიყვარულით აღსავსე იყო ჩვენი ხალხი საუკუნეთა მანძილზე. ამიტომაც, თავგანწირვით იცავდა იგი მოყვასს, სამშობლოსა და ჭეშმარიტ რწმენას. და, ამავე დროს, სისხლით მორწყულ თავის მიწა-წყალზე სითბოს არ აკლებდა უცხოტომელთ. ჩვენს დევიზად იქცა რუსთველის უკვდავი სიტყვები:
“მე იგი ვარ…ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად…” “სიყვარული აღგვამაღლებს.”
ასეთმა დამოკიდებულებამ, ცხოვრების ასეთმა წესმა გადაგვატანინა ათასგვარი ქარტეხილი და დღემდე მოგვიყვანა. ჩვენ კი როგორ ვცხოვრობთ?
აშკარად ჩანს, რომ მსოფლიო კარგავს ჭეშმარიტი სიყვარულის განცდას და მის ადგილს ვირტუალური გრძნობები და გაყალბებული სიყვარული იკავებს. ასეა აქაც.

სხვადასხვა გატაცებას, რომელიც ადამიანს ხანმოკლე დროით ეწვევა ხოლმე, დღეს სიყვარულს უწოდებენ. იგი, პირველ რიგში, ნამდვილი სიყვარულისაგან იმით განსხვავდება, რომ თავგანწირვის უნარისგან თითქმის სრულად დაცლილია, საკუთარ ინტერესებზეა ორიენტირებული და არსებობს მანამ, ვიდრე ამა თუ იმ პიროვნების ეგოისტურ ზრახვებს რაიმე საფრთხე არ დაემუქრება.
ბუნებრივია, ასეთ გრძნობებზე დამყარებული ურთიერთობა მყიფეა, ხანმოკლე და მას არაფერი აქვს საერთო თავდადებულ, ნამდვილ სიყვარულთან.

მოჩვენებითი სიყვარული არის დღევანდელი ოჯახების რღვევის მთავარი მიზეზიც. ცოლ-ქმარს აღარ შეუძლიათ ერთმანეთს სათანადო პატივი მიაგონ, დადგნენ პირად ინტერესებზე მაღლა და უღელი ერთად გასწიონ. რაკი მათ სიღრმისეული გრძნობები არ აკავშირებთ, მცირედი უსიამოვნებების გამოც ადვილად ამბობენ უარს პასუხიმგებლობაზე და `”ახალი სიყვარულის” ძებნას იწყებენ.
ზოგიერთი ოჯახი შეიძლება არც დაინგრეს, მაგრამ უსიყვარულობამ მუდმივი ჩხუბი და უთანხმოება წარმოშვას; ასეთ გარემოში კი ბავშვები ითრგუნებიან და მძიმე ხასიათი უყალიბდებათ.

აცნობიერებს კი ამას დედ-მამა? აცნობიერებენ, რომ მატერიალური უზრუნველყოფა რომც ჰქონდეთ მათ შვილებს, ბავშვებმა თუ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან სასწავლებელში, ოჯახში, ვერ დაინახეს ერთგულება, პატივისცემა, პატიების, სხვისთვის მსახურებისა და გულითადობის მაგალითი, თავადაც ამ გრძნობებისაგან დაცლილნი და ნაკლულევანნი იქნებიან, რაც შემდეგ მათ პირად ცხოვრებაზე უარყოფითად იმოქმედებს.
მშობლები ამ ცოდვას როგორ გამოისყიდიან?

ქორწინება ეკლესიის ერთ-ერთი საიდუმლოა. ეს არის ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრება სულიერი და ხორციელი ერთობისათვის, რათა ერთმანეთს შეეწიონ იმ მდგომარეობის მისაღწევად, რასაც გულისხმობს განღმრთობა.
ეს პროცესი ჰგავს ოქროს გამოდნობას, რაც ოჯახურ ყოფაში ვლინდება ღმრთის სადიდებლად ურთიერთმსხვერპლშეწირული სიყვარულით, განსაცდელთა ერთობლივი დათმენით და მოყვასისადმი მსახურებით.

რა თქმა უნდა, განღმრთობის მიღწევის სურვილი არის ბერ-მონოზვნური ცხოვრების მთავარი აზრიც, ოღონდ ამ შემთხვევაში სრულყოფის პროცესი განსაკუთრებულ მოღვაწეობას გულისხმობს. იგი უფრო რთული გზა არის და ნურავინ იფიქრებს, რომ ეგოისტურად მხოლოდ საკუთარ თავზეა ორიენტირებული. ბერ-მონოზვნობა არის ასკეტური მსახურება ღმრთისა და მოყვასისათვის ამ სიტყვის ფართო გაგებით.
წმინდა წერილი ბრძანებს: “შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი” (დაბ.1.27), როგორი დიდი აზრია ჩადებული ამ წინადადებაში, რომელიც გვიცხადებს, რომ უფლის სადიდებელად მოწოდებული მარტომყოფობაც და ცოლ-ქმრის თანაცხოვრებაც დალოცვილია და ცხოვრების ამ წესის დარღვევა, მოშლა, ან დამახინჯება არ შეიძლება.

უსიყვარულობასთან ერთად ჩვენი ყოფისთვის მეტად დამაბრკოლებელ გარემოებად იქცა ისეთი აზროვნებისთვის ხელშეწყობა, რომლისთვისაც ცოდვა აღარ არის ცოდვა, არამედ – ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა, ხოლო ცოდვის სიყვარული, თურმე ნამდვილი სიყვარულის ერთ-ერთი სახე. სიტუაცია ისე ვითარდება, რომ უფლის მიერ დადგენილი მცნებების შეცვლაც კი სურთ, რათა ღმრთისაგან არ იქნენ მხილებულნი, არამედ, მისაღებნი გახდნენ ყველასათვის. ხოლო ვინც ეწინააღმდეგება ამ პროცესს, დამცირებისა და დაცინვის ობიექტი ხდება.
ეს არც არის გასაკვირი. ჯერ კიდევ ბრძენი სოლომონი წერდა: “ღმრთისმგმობელის დამრიგებელი დამცირებას მიიღებს, ბოროტეულის მამხილებელი – შეურაცხყოფას” (სიბრძნ. სოლ. 9,7).
როგორც აღვნიშნეთ, ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა. რა თქმა უნდა, მას უყვარს ძე შეცდომილიც, ოღონდ მონანული, მაგრამ სძულს ცოდვა. ქრისტე მკვეთრ ზღვარს ავლებს სიკეთესა და ბოროტებას შორის და ამბობს: “არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა” (მთ. 10.34).

გავიხსენოთ პავლე მოციქულიც: “ანუ არა უწყითა, რამეთუ სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ?… არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათ-მავალთა, არცა ანგაჰრთა, არცა მპარავთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა” (I კორ. 6.9-10).

მათდამი ჩვენი სიყვარული იმით უნდა გამოვხატოთ, რომ ვეცადოთ, როგორმე დავანახოთ მათი ცდომილება. ერთი პიროვნების სწორ გზაზე დაყენებაც კი, კეთილისმყოფელის მრავალ დანაშაულს დაჰფარავს. თუმცა ამის მიღწევა ადვილი არ არის, მით უმეტეს დღეს, როდესაც ამპარტავნების ხარისხი იმდენად დიდია, რომ ადამიანი ვეღარ იტანს შენიშვნას.
ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ხშირად სხვაში ვხედავთ გამოსასწორებელ ნაკლს და საკუთარი თავი გვავიწყდება. ჯერ კიდევ ძველი ბერძნები ამბობდნენ: “შეიცანი თავი შენი;” რომაელებიც იმეორებდნენ: “NOSCE TE IPSUM.” სახარებაც გვარიგებს: “რაჲსა ხედავ წეულსა თუალსა შინა ძმისა შენისა და დჳირესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი?” (მთ.7.3).

საკუთარი თავის შეცნობა ზოგიერთს ადვილი ჰგონია და არ იცის, რომ სინამდვილეში პიროვნების სამსახოვნებასთან აქვს საქმე: 1. როგორადაც თვითონ ხედავს იგი საკუთარ თავს. 2. როგორც სხვები ხედავენ მას და 3. როგორიცაა ის სინამდვილეში.
ყველაზე რთული ამ მესამე მდგომარეობის აღმოჩენაა, რადგან ჩვენში არსებული ამპარტავნებით სავსე ეგოისტური “მე” ჩვენს სისუსტეებსა და მცდარ ნაბიჯებს მუდმივად გამართლებას უძებნის და შემწყნარებელია მათ მიმართ; ეს კი რეალობის შეგრძნებას გვიჩლუნგებს.
გონიერია ის, ვინც სწორად განსჯის უნარს შეიძენს და თავის შინაგან სამყაროში ჩახედვისას არაფრის შელამაზებას არ მოინდომებს.
მაშინ მიემსგავსება იგი იმ ჭეშმარიტ მჭვრეტელს, რომელიც უკვე ნათლად ხედავს თავისი სულის აქამდე ბუნდოვან, ან თუნდაც სრულიად უცნობ, ფრიად დაზიანებულ სამყაროს და მისი აღდგენისა და განახლებისაკენ ისწრაფვის.
ჩვენი ნამდვილი “მე-ს” დამახინჯების მიზეზი არასწორ ქმედებებთან ერთად ცუდმეტყველება და ცუდი აზრებია.
საერთოდ, სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ კი მისდამი ზერელე დამოკიდებულებას ვიჩენთ და ვერ ვაცნობიერებთ, რომ მას მარადიულ სიკვდილ-სიცოცხლესთან ღრმა კავშირი აქვს.

რატომ აქვს სიტყვას ასეთი დატვირთვა?
წმინდა იოანე მახარებელი მაცხოვარზე საუბრით იწყებს თავის სახარებას და ასე წერს: “პირველითგან იყო სიტყვაჲ” (ინ. 1.1).
დიახ, მოციქული, რომელმაც განგვიცხადა, რომ ღმერთი სიყვარულია, სიყვარულთან ერთად, მას სიტყვადაც სახელდებს, რითაც ხაზს უსვამს მაცხოვრის საღმრვთო, ბუნებით ძეობას და ამასთან ცხადყოფს მამის და მხოლოდშობილი ძის, სიტყვის, შემოქმედებით ძალას, რადგან ძე, როგორც შემოქმედი, მამისაგან ცალკე არ განიხილება: “სიტყვაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყვაჲ იგი…და ყოველივე მის მიერ შეიქმნა”(ინ. 1,1-3).
სამყაროს წარმოშობის შესახებ ბიბლიაში წერია: “თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი. თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი…და იქმნა ასე. თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დრო-ჟამის აღმნიშვნელად…და იქმნა ასე”(დაბ. I. 3,6,7,14,15)…

ანუ სიტყვით ხდება დაბადება, ქმნილებათათვის სიცოცხლისა და ფუნქციის მინიჭება, რაც ღმერთის თვისებაა!
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვა-სახელს, როგორც პიროვნებისათვის, ისე საგნისა თუ მოვლენისათვის, რადგან მასში ჩადებული შინაარსი ბევრ რამეს განსაზღვრავს. სახელდება თავდაპირველად ყოვლადწმიდა სამების მიერ მოხდა:
“ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე,…მყარს ღმერთმა უწოდა ცა, ხმელეთს, – მიწა (დაბ.1.5.8.10), ადამსაც სახელი მან დაარქვა…

შემდეგ კი ღმერთმა მეტყველების უნარი და სახელდების უფლება, ცოცხალ არსებათა შორის ერთადერთს, თავის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს უბოძა, როგორც შესაქმის გვირგვინს.
ადამმა სახელი დაარქვა პირუტყვებს, ცის ფრინველთ და ველის ცხოველთ, ასევე მის შემწედ შექმნილ ქალს; დაცემის შემდგომ ადამიანმა სახელები უწოდა თავის შთამომავლთ, საგნებს, გარემო-სამყაროს და ა.შ.
სამოთხეში ურთიერთობა ღმერთსა და ჩვენს პირველმშობლებს შორის სრულიად დაუბრკოლებელი იყო და პირველმშობლები ერთიმეორეს აზრისმიერად ეზრახებოდნენ. ცოდვით დაცემის შემდგომ კი ეს კავშირი დაირღვა; ჩვენი გრძნობების გამოსავლენად და ერთმანეთთან ურთიერთობის დასამყარებლად აუცილებელობა გაჩნდა მატერიალური სიტყვისა.
ღმერთის მსგავსად, ადამიანის მიერ წარმოთქმულ სიტყვასაც ძალა აქვს. ოღონდ, უფლისგან განსხვავებით, მისი ძალა შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი.

იცოდეთ, არცერთი სიტყვა უკვალოდ არ ქრება და ღმრთის წინაშე ჩვენი მეტყველების გამოც განვისჯებით. ამიტომაც წერს მათე მახარებელი: ყოველი სიტყვაჲ უქმი რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა (მთ.12,36).
ჩვენ კი როგორი უგულისხმონი ვართ! ფუჭ საუბარზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ნახეთ, როგორი შემწიკვლებულია ჩვენი ბაგეები დაცინვით, რისხვით, შეურაცხყოფით, ცილისწამებით, სიცრუით, სიტყვის გატეხვით, უმადურობით, ცრუ ფიცით, წყევლით, გინებით…
“ენაჲ მცირე ასოჲ არს და დიდად მაღლოის. აჰა ესერა, მცირემან ცეცხლმან რავდენი ნივთი აღაგზნის! და სავსე გესლითა მაკუდინებელითა”(იაკ.3,5, 8).

“რამეთუ მით ვაკურთხებთ ღმერთს და მამასა. და მითვე ვსწყევთ კაცთა, რომელნი მსგავსად ღმრთისა შექმნულ არიან” (იაკ. 3;9). ამიტომაც, თუ ვინმე “ღმრთის მსახურ არს და არა აღჳრ-ასხმიდეს ენასა თჳსსა, ამისი ამაო არს მსახურებაჲ” (იაკ.1, 26).

ერთმა კაცმა სოკრატეს ჰკითხა: იცი რა უთქვამს შენზე შენს მეგობარს?
სოკრატემ კითხვა შეუბრუნა: “დარწმუნებული ხარ, რომ რის თქმასაც აპირებ, სიმართლეა?
– ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რადგან სხვისაგან მოვისმინე.
– რაც უნდა მითხრა, კარგი ამბავია?
– არა, პირიქით.
– ე.ი. შენ უნდა მითხრა რაღაც ცუდი, და არც იცი, ეს რეალობას შეესაბამება თუ არა. სარგებლობის მომტანი თუ მაინც არის?
– ვფიქრობ, არა.
– თუ ინფორმაცია, რომელიც გინდა მომაწოდო, არ არის არც კარგი, არც მართალი და არც სასარგებლო, რა აზრი აქვს მის თქმას?! _ უპასუხა სოკრატემ და განეშორა მოსაუბრეს.
დღეს ასე ცოტა ვინმე თუ მოიქცევა.
ჩვენმა ყოფამ ინტრიგას დიდი გასაქანი მისცა, ფაქტობრივად, ცხოვრების წესად აქცია იგი და ადამიანი სრულიად დაუცველი დატოვა. ეს ქვეყანას ძალიან დააზარალებს.
არ შემიძლია არ აღვნიშნო ის სამწუხარო ფაქტიც, რომ დიდი ხანია, ვაჟებიც და ახლა უკვე გოგონებიც საკუთარი მშობლების მისამართითაც არ ერიდებიან ბილწსიტყვაობას და ვერც ხვდებიან, რომ თავის თავს იწყევლიან და სასტიკ სასჯელს განიწესებენ, რადგან მშობლის შეურაცხმყოფელს ღმერთი განსაკუთრებულად სჯის.
საერთოდაც, წახალისება ხდება უცენზურო გამოთქმების და ტირაჟირება ავადმყოფური აზრების. ეს სიკვდილის გზაა, ჯოჯოხეთის წყვდიადისკენ მიმავალი გზა. ღმერთმა ყველა იხსნას ასეთი დაცემისაგან, მისცეთ სიტყვა წმიდა და მართალი და გულისხმისყოფა ბოროტისაგან თავის დასაღწევად.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქმე, რაც კი შეიძლება ამქვეყნად აღასრულოს ადამიანმა, არის ლოცვა. იგი საუბარია ღმერთთან, სინანულია, მის წინაშე სულისა და გულის განფენაა. ეკლესიის და სასულიერო პირებისათვის ლოცვა პირდაპირი მოვალეობაა, მაგრამ იგი ასევე მოვალეობაა საერო პირთათვის.
აი, როგორ გვარიგებს მოციქული: “უჭირს რომელიმე თქვენგანს? ილოცოს; ხარობს ვინმე? ფსალმუნი იგალობოს…რწმენის ლოცვა იხსნის სნეულს…და თუ ცოდვები აქვს ჩადენილი, მიეტევება; ილოცეთ ერთმანეთის გამო…ბევრი რამ ძალუძს მართლის ლოცვას”(იაკ. 5. 13, 15-16).
მართალში კი მაცხოვრის მცნებებით მცხოვრები პიროვნება იგულისხმება, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, სიყვარულით იქნება შემოსილი, რადგან “სიყვარულია სიმტკიცე სრულქმნილებისა” (კოლ.3,15).
ასეთი ადამიანი სხვათაგან დიდად განირჩევა. იგი “სულგრძელია და ტკბილი. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ქედმაღლობს, არ ზვაობს, არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს, არ შეჰხარის უსამართლობას, ყველაფერს იფარავს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს (Iკორ. 13.4-9). სიყვარულის გარეშე კი, ღმრთის წინაშე, ნებისმიერი სათნოება აზრს კარგავს და უქმდება. აი, რა სულისშემძვრელ სიტყვებს ამბობს წმ. პავლე მოციქული:
“კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე…წინასწარმეტყველების მადლი რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო, და მქონდეს სრული რწმენა ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ…მთელი ჩემი ქონება რომ გავყიდო გლახაკთათვის, და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არარას მარგია” (I კორ.13.1-3).

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ღმრთაებრივი სიყვარული მოვიპოვოთ. ეს უნდა იყოს კაცთა მოდგმის ცხოვრების მიზანი. ამიტომაც ბრძანებს წმიდა წერილი: “გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით, – აი, უპირველესი მცნება და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი” (მარკ.12.30-31).
როგორც წმინდა იოანე ოქროპირი წერს: “ღმერთმა მრავალი გზა დასახა მასთან მისასვლელად. ზოგნი ქალწულებით ბრწყინავენ, სხვანი ქორწინებით განდიდნენ, კიდევ სხვანი ქვრივობაში უბიწოების დაცვით შეიმკვნენ, ვიღაცამ მიწიერი სიკეთენი სრულად უარყო, ზოგმა – სანახევროდ;
ცოდვამ გძლია? სინანულით, აღსარებითა და ზიარებით განიწმინდე.
მდიდარი ხარ? – მოწყალება უხვად გაეცი.
თუ გიჭირს და სხვას მატერიალურად ვერ შეეწევი, ავადმყოფს მიხედე, პატიმარი მოინახულე, ჭიქა წყალი მწყურვალს მიაწოდე, მწირი შეიფარე, მტირალთან იტირე, ვინმე სიტყვით ანუგეშე…
თუ ისეთი ღატაკი ხარ და დავრდომილი, რომ ვერავის დაეხმარები, უდვრტვინველად გადაიტანე ეს ყველაფერი და მართალი იობივით უდიდეს ჯილდოს მიიღებ.

ამგვარი იყო სახარებისეული ლაზარეს სათნოება. მას თავისთვის საზრდოც არ ჰქონდა, ვერც ავადმყოფს შეეწეოდა და ვერც საპყრობილეში მყოფს, რადგან უძლურების გამო, წამოდგომის უნარიც არ ჰქონდა, ამასთან ხედავდა სასტიკთა და უსჯულოთა პატივსა და განცხრომას და ერთი სიტყვაც არ დასცდენია გულისწყრომისა, არამედ მხოლოდ მადლობდა ღმერთს ყველაფრისათვის.
აი, ასეთი ცხოვრების გამო დაიმკვიდრა მან აბრაამის წიაღი.”
რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია ხორცისა და სულის ტკივილს გაუძლო ისე, რომ განკითხვაში არ ჩავარდე; ეს მოწამეობის ტოლფასია და სათნოებათა მწვერვალი. ჩვენს დროში ბევრი გაჭირვებულია და დავრდომილიც და თუ ვინმე შეძლებს წმიდა ლაზარესავით უდრტვინველად, მადლობით მიიღოს განსაცდელი, დიდების გვირგვინს მოიპოვებს.

ამ ეპისტოლეში ჩვენი ცხოვრების ზოგიერთ ასპექტს შევეხეთ მხოლოდ. ბუნებრივია, პრობლემები გაცილებით მეტი გვაქვს, ამას ემატება მთელს მსოფლიოში შექმნილი ფეთქებადსაშიში მდგომარეობა, ათასობით უდანაშაულო ადამიანის დაღვრილი სისხლი, დევნილთა სიმწარე და ხვალინდელი გაურკვეველი დღის მოლოდინი…რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მეტად მძიმეა, მაგრამ უფრო საშიში ხორცის მოკვდინება კი არა, სულის წარწყმედაა!

უფალი მოწყალეა. მთავარია, შევიცნოთ თავი ჩვენი, გავაცნობიეროთ, სად არის ოქროს შუალედი, სადამდე უნდა ჰქონდეს ზღვარი ჩვენს ქმედებას, ჩვენს თავისუფლებას, რომ იგი უარყოფითი შედეგის მომტანი არ იყოს. მოვუსმინოთ ერთმანეთს, უარი ვთქვათ კატეგორიულ აზროვნებაზე, უარი ვთქვათ ჩვენს სისუსტეებზე, რათა შევძლოთ სულიერად განახლებული ცხოვრება დავიწყოთ, რომ ჩვენზეც აღსრულდეს პავლე მოციქულის სიტყვები:
“ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ცოდვის მონა იყო, მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმინდეთ, მაგრამ განმართლდით უფლის ჩვენი იესო ქრისტეს სახელით და ღმერთის ჩვენის სულით.” (Iკორ.6,11)

ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო: ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, უდინნო, ქურთნო, იეზიდნო, ბერძენნო, რუსნო, აზერბაიჯანელნო, სომეხნო, ებრაელნო, ქისტნო, ჩეჩენნო, ლეკნო და ყოველნო შვილნო ივერიისა, ჩვენს სამშობლოში მკვიდრნო და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, ანთებული სანთლით კვლავაც მივეგებოთ ბეთლემს მიმავალ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელსა და მართალ იოსებს. დავითის ქალაქს უკვე უახლოვდებიან მოგვნი, სადაცაა მწყემსებიც მოისმენენ ანგელოზთა საგალობელს. მაშ, ჩვენც ნუ დავყოვნდებით, სულით მივეახლოთ ახალშობილ ყრმას და მუხლმოდრეკით შევთხოვოთ: შენი ვარ, გვაცხოვნე ჩვენ!
ყველას გილოცავთ შობა-ახალწელს და გისურვებთ, რომ ამ დღეების მადლით მოხდეს ჩვენი განწმენდა, განახლება და სიკეთით აღვსება. შევიყვაროთ და გავიხაროთ ერთმანეთით; მაშინ ღმერთიც შეგვიყვარებს და გვაცხოვნებს.

ღმერთმა დაგლოცოთ და სულიერად აღგამაღლოთ.

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II 
სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი
თბილისი, შობა ქრისტესი, 2015-2016 წელი

]]>
https://www.pemptousia.ge/2016/01/26/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%94-2016/feed/ 2936
ეკლესიაში ყველაფერი პატიოსანი ჯვრითაა დაბეჭდილი https://www.pemptousia.ge/2015/10/26/%e1%83%94%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2/ https://www.pemptousia.ge/2015/10/26/%e1%83%94%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2/#comments Mon, 26 Oct 2015 07:42:27 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=48519 ჭეშმარიტებაა, რომ ჩვენი უფლის ჯვარი იესო ქრისტეს ეკლესიასა და ქრისტიანთა ცხოვრებაში ყველაფერს აღნიშნავს. არაფერი შეიძლება მოხდეს ჩვენს წმიდა ეკლესიაში ან ჩვენს ღმრთისმოსავ ცხოვრებაში, რომ იგი არ იყოს იესო ქრისტეს პატიოსანი ჯვრით აღნიშნული. ღმრთიური ევქარისტიის საიდუმლო აღესრულება პატიოსანი ჯვრის ნიშნით. ცხონების პირველი საიდუმლო – წმიდა ნათლობა, სრულდება ასევე პატიოსანი ჯვრით, რომელსაც, ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე ატარებს. გარდა ამისა, ჯვრით აღინიშნება ყოველივე მთელი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების მანძილზე, დაწყებული იმ წუთიდან რაჟამს გავიღვიძებთ და დამთავრებული იმ წუთამდე, რაწამს დავიძინებთ, ასევე დაწყებული იმ წუთიდან რაჟამს ამქვეყნად გავჩნდებით და დამთავრებული იმ წუთამდე რაჟამს უფალს მივაბარებთ ჩვენს სულს, სხვები კი ჩვენს ხრწნად სხეულს საფლავს მიაბარებენ.

sTAVROS 02

ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, არ არის შემთხვევითი. არც იმისათვის ხდება, რომ ჩვენ ღმრთიური ძალა, ღმრთიური მფარველობა ან ღმრთაებრივი ლოცვა-კურთხევა მოვიპოვოთ. რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოთ აღნიშნულისთვისაც ხდება, მაგრამ თუკი უფრო ღრმად ჩავწვდებით მოვლენებს, მაშინ დავინახავთ, რომ ჯვარი ქრისტიანი ადამიანის ცხოვრებისა და ასევე ეკლესიის ცხოვრების განუყოფელი თანამგზავრია. რადგან სწორედ ჯვარია მართლმადიდებლური რწმენისა და ქრისტიანული ცხოვრების არსი. არა აქვს მნიშვნელობა, ვამბობთ ქრისტესმიერ ცხოვრებას თუ ვამბობთ იესო ქრისტეს ჯვრისმიერ ცხოვრებას, აქ ერთი და იგივეა ნაგულისხმები. იესო ქრისტეს ღვაწლი ხომ მისი ჯვრის გარეშე არ მოიაზრება. არც ქრისტიანი ადამიანის ცხოვრება მოიაზრება იესო ქრისტეს ჯვართან მონაწილეობის გარეშე. სწორედ ამის გამო, ქრისტიანულია, როდესაც ქრისტიანი ადამიანი ყოველივეს, რასაც კი აკეთებს, ქრისტეს ჯვრის სულით აკეთებს. ხოლო ყოველივე ის კი, რასაც ის იესო ქრისტეს ჯვრის სულის გარეშე აკეთებს, ხორციელია, ეგოისტურია, საკუთარი თავის სიყვარულის გამომხატველია, ღმრთის საწინააღმდეგოა და მას ღმრთის მადლთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.  მაშასადამე, არსებობს ცხოვრების ორი გზა, ქრისტეს ჯვრისმიერი და არა ქრისტეს ჯვრისმიერი. ის, რომელიც არ არის ქრისტეს ჯვრისმიერი გზა, არის ეგოისტური, ამქვეყნიური, ანთროპოცენტრული. ეს უკანასკნელი ცხოვრების ისეთი გზაა, რომელშიც ადამიანი მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობს და არა უფლისათვის, არა მოყვასისათვის. ხოლო, იესო ქრისტეს ჯვრისმიერი გზა კი ცხოვრების ისეთი გზაა, რომლის გავლისას ადამიანი ცდილობს დაამარცხოს თავისი ხორციელი თვითშეგნება, დაამარცხოს ძველი ადამიანი, დაამარცხოს საკუთარი ეგოიზმი და იცხოვროს უფლისა და მოყვასისათვის.

და თუკი, იესო ქრისტეს ჯვარს ესოდენ დიდი ძალა აქვს, თუკი ქრისტეს  ჯვარზე სიკვდილს ესოდენ დიდი ძალა აქვს, ეს სწორედ იმიტომ, რომ ქრისტემ სწორედ თავის ჯვარზე გააცხადა ადამიანი, გააცხადა იგი მისი ნამდვილი ორბიტითა და ბუნებით. მან (იესო ქრისტემ) თავისი სრულყოფილი მორჩილებით, ჯვარზე გაკვრითა და სკვდილით  გამოასწორა ადამის ურჩობა, ადამის განდგომა, რომლის შედეგადაც ადამიანი დაშორდა ღმერთს. ადამიანის მთელი ტრაგედია ხომ ადამის ცოდვა და ეგოიზმი იყო, რამაც ის ღმერთს განაშორა. ადამის ამ დიდი ტრაგედიის გამოსწორება კი ღმრთის ძის ენით აღუწერელი განკაცებით მოხდა, რომლის მწვერვალიც  ქრისტეს ჯვარი იყო. და რამდენადაც სწორედ ქრისტეს ჯვრით იქნა გამოსწორებული ადამისა და ევას, ასევე ყველა ქრისტესმიერი ადამიანის  ყოველი შეცდომა, ამიტომაც არის იესო ქრისტეს ჯვარი ქრისტეს დიდი გამარჯვება ეშმაკზე, ცოდვასა და სიკვდილზე. სწორედ იმიტომ უფრთხის ეშმაკი ასე ძლიერ ქრისტეს ჯვარს, რომ ქრისტემ თავისი ჯვრით დაამარცხა ეშმაკის მიერ წამოწყებული ყველა საქმე, მისი ყველა მანქანა, მის მიერ ჩადენილი ყველა ეშმაკობა, ყველა ხრიკი, რომელთა მეშვეობითაც დატყვევებული ჰყავდა ადამიანთა მოდგმა. თუმცაღა, იესო ქრისტემ სწორედ იქ, ჯვარზე დაამარცხა იგი, მან თავისი უკიდეგანო თავმდაბლობითა და მამა ღმერთის სურვილისადმი სრულყოფილი მორჩილებით  გაანადგურა ეშმაკი.

ნათელია, რომ ჩვენ, როგორც ქრისტიან ადამიანებს იესოს ჯვრისმიერი ცხოვრების გზის გარდა არ გაგვაჩნია გადარჩენის სხვა საშუალება. მაშ ყოველ წუთს უნდა გავიზიაროთ იესო ქრისტეს თავმდაბლობა, ქრისტეს მსხვერპლი, უნდა დავამარცხოთ ჩვენი ვნებები, ჩვენი ეგოიზმი, ჩვენი საკუთარი არაჯანსაღი და ცოდვილი სურვილი. ყოველთვის როცა რაიმე ცოდვას ჩავდივართ, ან ვიჩენთ ეგოიზმს, სიამაყეს, ურჩობასა თუ ერთგვარ სურვილს, ჩვენს თავში ვუშვებთ ბოროტ გულისთქმას, ყოველ ჯერზე, როდესაც ვუმზერთ სხვა ადამიანს ეგოისტურად, ხორციელად ან გვსურს მისი ხელში ჩაგდება, ყოველ ასეთ წუთს ჩვენ ვღალატობთ იესო ქრისტეს ჯვარს, ვწყვეტთ ქრისტეს ჯვრისმიერ ცხოვრებას და ძველი ადამის ცხოვრების წესს ვაგრძელებთ, რომელიც არა ჯვრისმიერი, არამედ – ეგოცენტრულია.

მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ყოველთვის როცა ეშმაკის ცდუნებით ვფიქრობთ-ხოლმე, რომ ჩვენი ბედნიერება მდგომარეობს იმაში, რომ არ ვიცხოვროთ იესო ქრისტეს ჯვრისმიერი ცხოვრებით, არამედ მივყვეთ ძველი ადამის გზას, გვიჩნდება სინანული. მადლობა ღმერთს, რომ არსებობს უფლის უდიდესი სიყვარული, სიყვარული რომელიც ჯვარზე გაცხადდა, ხოლო ჩვენ კი,  ჩვენი მონანიების მეშვეობით შეგვიძლია შეწყალება ვთხოვოთ უფალს და მაშინვე ისევ ხელახლა ვიპოვოთ სწორი გზა, ისევ შევუდეთ ჩვენს ჯვრისმიერ ცხოვრებას.

ალბათ შეგიმჩნევიათ, ძმანო ჩემნო, რომ ეს არის ეშმაკის ჩვეულებრივი წამოწყება და ერთგვარი საცდური. ეშმაკი ჩვეულებრივ გვაცდუნებს, რათა ვიფიქროთ, რომ ჩვენი ბედნიერებაა არ ვიცხოვროთ ჯვრისმიერი ცხოვრებით, არ ვუყუროთ სხვა ადამიანს, როგორც ღმრთის ხატს, როგორც ჩვენს ქრისტესმიერ ძმას, არამედ მას ვუცქიროთ ეგოისტურად, მას ვუყუროთ ხორციელად, მას ვუყუროთ იმისათვის, რომ გამოვიყენოთ იგი ჩვენი მიზნებისათვის, გვსურდეს რომ არა ვემსახუროთ მას, როგორც ეს უფალმა თქვა, არამედ ვეცადოთ მასზე გავლენა მოვახდინოთ. „ვითარცა ძე კაცისაჲ არა მოვიდა, რაითამცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თვისი სახსრად მრავალთათვის“. თუმცა მერე რას ვხედავთ? ან რას ხედავს ხალხი, ვისაც ცხოვრების ეს გზა აქვს არჩეული? ხედავს, რომ ცხოვრების ამ არა ჯვრისმიერ გზაზე არ არსებობს ჭეშმარიტი მადლი და ადამიანის ნამდვილი ბედნიერება. ეშმაკი კი მიდის  და ადამიანს ყურში ამას ეჩურჩულება: „რად გინდა იცხოვრო ჯვრისმიერი ცხოვრებით? თუკი ასე იცხოვრებ, შენი ცხოვრება იქნება ჩამორჩენილი, სხვები საკუთარი მიზნებისამებრ გამოგიყენებენ, დაგცინებენ, გამოგწურავენ, სხვათა დასაცინი გახდები“. ეს ეშმაკის ხელობაა, ეს ეშმაკის ცდუნებაა. „ვერ იცხოვრებ შენც ისე, როგორც ყველა ცხოვრობს? გამოიყენე სხვები, შენი მიზნების სასარგებლოდ მოიხმარე, ნუ უყურებ სხვა ადამიანებს, როგორც ღმრთის ხატებს, არამედ უყურე მათ, როგორც ტკბობის ჭურჭლებს, იცხოვრე მხოლოდ შენი თავისთვის, ნუ იცხოვრებ ღმერთისთვის ან სხვა ადამიანებისთვის“.  უმწეო ადამიანი კი დაუჯერებს მის სიტყვებს, გაიზიარებს და იფიქრებს, რომ არა ჯვრისმიერ ცხოვრებაში იპოვნის ნამდვილ სიხარულსა და ნამდვილ შვებას. თუმცაღა ამაოდ, მაინც ვერ იპოვნის.

და აი, დღეს, კვლავ აღმართულია ჩვენი უფალი იესო ქრისტეს ჯვარი და მთელ სამყაროსა და ჩვენ ყველას გვპირდება, რომ თუკი ავირჩევთ ჯვარს, როგორც ჩვენი ცხოვრების წესს, მაშინ აღდგომის ღირსნიც გავხდებით, ვიპოვნით ჩვენს ჭეშმარიტ თავისუფლებასა და ნამდვილ შვებას უფლისა და ჩვენი ძმების სიყვარულში, მაშინ მოვიპოვებთ იესო ქრისტეს ჭეშმარიტ სიმშვიდეს. აი, სწორედ ამიტომაც, ვუყურებთ ჩვენს ღმრთისმოსაობასა და რწმენას, როგორც დიდ სასწაულს. სადაც ჯვარია, იქ აღდგომაცაა, ხოლო სადაც აღდგომაა, მას აუცილებლად წინ უნდა უძღოდეს ჯვარი. მაშასადამე, არსად არ იქნება აღდგომა, თუკი მანამდე არ იქნება იესო ქრისტეს ჯვარი.

ყოველივე ამას გადმოგვცემს ჩვენი წმიდა ეკლესია, ყველაფერი ეს მივიღეთ ჩვენი უფლის, ჯვარზე გაკრული და განკაცებული ღმერთის – იესო ქრისტეს ღვაწლის შედეგად, ასეთი ცხოვრება გაიარეს წმიდა მოციქულებმა, წმიდა მამებმა, ღირსმა ასკეტებმა და მეუდაბნოე ბერებმა, ყველა წმიდანმა, რომლებმაც ისე იცხოვრეს, როგორც იესო ქრისტეს ერთგულმა მსახურებმა, დაე, ვიცოდეთ, რომ სწორედ ეს არის ქრისტეს მთელი სახარება. სწორედ ამის გამო, ჩვენ, როგორც ქრისტიანები, ვცდილობთ ვიცხოვროთ ქრისტეს ჯვრისმიერი გზით. და ჩვენც, როგორც მონაზვნები, ამის გამო მოვილტვით აქ, ამ ღმრთივკურთხეულ უდაბნოში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ამ წმიდა ადგილას, რათა გავიაროთ იესო ქრისტეს ჯვრისმიერი ცხოვრების გზა. სწორედ ამის გამოა, რომ დღეს განსაკუთრებულად ვგრძნობთ დღევანდელი დღის – პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვართამაღლების დღესასწაულის მადლს.

როგორც ამ დღესასწაულისადმი მიძღვნილ ლოცვაში ვისმენთ რომელიც ეკლესიის ერთ-ერთი ძველი ლოცვათაგანია და რომელშიც შემდეგია ნათქვამი: „აღგვამაღლე ჩვენ, უფალო, ჭეშმარიტი ამაღლებით, რომელიც შენი ჯვრის მეშვეობით ხდება, შენი ჯვრის თანამონაწილეობით ხდება და დაგვიფარე ცრუ ამაღლებისაგან, რომლითაც სატანა გვაცდუნებს, რომ თითქოსდა იგი ჩვენ აღგვამაღლებს. ხოლო როდესაც მას ვუჯერებთ, ამაღლების სანაცვლოდ დამცირებას ვიღებთ და ჯოჯოხეთამდე ვმდაბლდებით“.

მაშ, ჩემო ძმანო და მამანო, დაე, უფალმა ჩვენ ყველას მოგვანიჭოს თავისი მადლი, რათა აღგვეხილოს ჩვენ სულთა თვალნი და ჩავწვდეთ იესო ქრისტეს ჯვრის ამ დიდ საიდუმლოს, რომელიც ვერ გაიაზრება ერთხელ ან ორჯერ. იგი დაუსრულებელი საიდუმლოა, რომელსაც ჩვენ უფლის მადლით მთელი ცხოვრების განმავლობაში ვსწავლობთ, ხოლო ის კი ისევ შეუცნობელი რჩება. და ყოველ ჯერზე, როცა მას განვიცდით, მაინც ამას ვამბობთ: „ჯერ კიდევ არ შეგვიცვნია“. ყოველ ჯერზე, როცა მას გემოს ვუსინჯავთ, კიდევ უფრო მეტად გვინდა მისით ტკბობა და მისი შეცნობა,  კიდევ უფრო მეტად ჩვენს დაცემასა და ჩვენს უძლურებაში.

დაე, უფალმა ინებოს, რომ ყოველთვის ჯვარცმული ღმერთის ფერხთით ვიყოთ, ვსწავლობდეთ ჩვენი უფლის ჯვარზე სიკვდილის უდიდესსა და საშინელ გაკვეთილს და ამ გზით მივიღოთ მონაწილეობა მის სიცოცხლის მომნიჭებელ აღდგომაში. დაე, უფალმა ინებოს, რომ ვიყოთ ჯვარზეაღმდგარი ქრისტიანები და ჯვარზეაღმდგარი მონაზვნები.

ეს სიტყვა წარმოთქმულია ჯვართამაღლების დღესასწაულზე (1986)

წყარო: საუბრები  საუფლო და ღმრთისმშობლის უძრავ დღესასწაულებზე (1981-1991 წლები), პირველი გამოცემა, 2015 წელი, ღირსი გრიგოლის წმიდა მონასტერი)

]]>
https://www.pemptousia.ge/2015/10/26/%e1%83%94%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2/feed/ 3166
ადამიანის ჭეშმარიტი ბუნება იესო ქრისტეს ფერისცვალებით ვლინდება https://www.pemptousia.ge/2015/08/25/%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ad%e1%83%94%e1%83%a8%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%94/ https://www.pemptousia.ge/2015/08/25/%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ad%e1%83%94%e1%83%a8%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%94/#comments Tue, 25 Aug 2015 09:06:45 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=48317 [წინამდებარე გამოცემა http://www.pemptousia.ge/?p=48311]

იესო ქრისტეს ფერისცვალების მეშვეობით ჩვენთვის ადამიანის ჭეშმარიტი ბუნება ვლინდება. უკვე ახლოდან შევიცნობთ რა ქრისტეს გაცხადებულ ბუნებას, რაც  თაბორის მთაზე, უფლის დიდებულ გარეგნობაში გამოიხატა, ამავე დროს ვსწავლობთ ჩვენს საკუთარ, ჭეშმარიტ ბუნებაზეც. ადამიანები არ წარმოვადგენთ იმას, რასაც ასე მარტივად და გულუბრყვილოდ მივიჩნევთ ხოლმე. ჩვენი ჭეშმარიტი ბუნება არ არის ის, რასაც რეალურად ყოველდღიური გამოცდილების საფუძველზე ვხედავთ. ყოველივე ეს ასე მხოლოდ გარეგნულად ჩანს, თუმცა ის არ არის ჭეშმარიტი, რადგან არ გამოხატავს ჩვენი მოდგმის შესახებ უფლის ნებას, როდესაც მან ადამიანი შექმნა. იქნებ, ვინმე რეალობის შესახებ საუბრობს. თუმცა, ნამდვილი რეალობა ხომ ეს სიძულვილი, შფოთვა, სიკვდილის შიში, კომპლექსები, ახლობლებისგან გაუცხოებაა? სიმართლე ის გახლავთ, რომ რეალობა არის ერთმანეთთან კამათი, შური, ადამიანებს შორის ომი და დაპირისპირება, თუმცა ისინი ღმერთმა იმისათვის შექმნა, რომ ერთმანეთის ძმები ყოფილიყვნენ. ფერისცვალების პასუხი ერთმნიშვნელოვანია: არა, ეს ყოველივე არ გახლავთ ადამიანური ბუნება, ის ბუნება, როგორიც ეს უფალს სურს და როგორადაც ის შექმნა. რეალობა ის ჭეშმარიტებაა, რომელიც სამყაროში ქრისტესთან ერთად ცოცხლად წარმოჩნდა. ის იესო ქრისტეს რეალობაა. სწორედ მან გვიჩვენა, თუ ვინ არის ჭეშმარიტი ადამიანი.

Metamorfosi tou kiriou 10

თუმცა, ჭეშმარიტი ადამიანის ყოფიერება საზოგადოებასა და ადამიანური ისტორიის ფარგლებშია ძლიერი. ამას ჩვენ ის ადამიანები გვახსენებენ, ვინც იესო ქრისტეს ფერისცვალებას ესწრებიან. ამ კონკრეტულ მომენტამდე ადამიანის სვლას მოსე და ელია გვახსენებენ. სჯულის დიდი კანონმდებელი და წინასწარმეტყველი, რომელიც ღმრთიური დიდების ცეცხლოვანი ეტლით უფალთან ახლოს ცოცხლად გადავიდა. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც შეგნებულად ქრისტესკენ მიაბიჯებდნენ, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება მისი დიდების მოლოდინში განვლეს. მათ ახლოს კი სამი მოციქული, ეკლესიის წარმომადგენლები დგანან. სწორედ ისინი იმკიან საბოლოო დიდებას, რადგან უკვე აქედანვე, ამჟამინდელი დროიდანვე ცხოვრობენ იმ ცვლილებით, რომელიც მომავალში ყველა მორწმუნეს ელოდება. მათ უკვე აქედანვე გაუსინჯეს გემო სასწაულ ცვლილებას. სწორედ იმის გამო, რომ ამქვეყნიურ ცხოვრებაში ღმრთიური ძღვენისთვის მოწამეობრივად ცხოვრება შეძლონ. სწორედ იმისათვის, რომ სუფთა ჰქონდეთ შეგრძება, რათა ამჟამინდელი ცხოვრების ცრუ სინათლით არ მოტყუვდნენ. იმის გამო, რომ სხვებს გაუნათონ გზა იმ სხივმფენი ნათლით, რომლის მშვენიერება პირველად სწორედ მათ იგემეს. მოციქულები ხედავენ იესო ქრისტეს „სხუად ფერად“, რათა მიხვდნენ, თუ როგორები იქნებიან თავად ისინი და ასევე სხვა მორწმუნეები დროის დასასრულს, როდესაც სამყაროს უფლის მეორედ მოსვლის სინათლე გაანათებს. მოსესა და ელიასათვის იესო ქრისტეს ფერისცვალება არის ჟამი მათი მოლოდინის აღსრულებისა. ხოლო სამი მოციქულისთვის და ჩვენთვის იგი არის ჟამი, როდესაც იხსნება ერთი ფანჯარა მომავალ სამყაროში.

ეს უკანასკნელი საკითხი უფრო ვრცელ განხილვას საჭიროებს. ჩვენ, ყოველდღიურად, მომავლის შესახებ ვისმენთ სხვადასხვა იდეოლოგიის შეუწყნარებელ დაპირებებს. ამ საკითხზე ჩვენი მოსაზრება, ანუ ქრისტიანული მოსაზრება, ემყარება იესო ქრისტეს ფერისცვალებას. არა თეორიებსა და სიტყვებს, არამედ – ღმერთის ერთ აპოკალიფსურ ქმედებას.

ჩვენი გზის დასასრული, როგორც ამას  ძველები და ახლები, მორწმუნეები თუ ათეისტები და უამრავი სხვა ადამიანი ადასტურებს, არ არის დამოკიდებული მატერიალურ კომფორტზე. სამი მოციქული არ იმყოფება მატერიალური კეთილდღეობის რომელიმე სიმპოზიუმზე. ამ მომენტში მათთვის არც მატერიალური კეთილდღეობა და არც ტექნოლოგიური წინსვლაა შთაგონების წყარო. მათთვის საკმარისია გააკეთონ ერთი კარავი, და ისიც არა თავიანთი თავისთვის! მათი ბედნიერება არ მდგომარეობს მატერიაში, არამედ – სულიერ სიხარულში, იმ ღმრთაებრივი და სხივმფენი ნათლის ხილვაში, რაც მათ გარს ერტყათ. სწორედ აქ ვლინდება, თუ როგორ სწორად ჰქონდათ გაგებული მათ ქრისტეში უფლის გამოცხადების მნიშვნელობა. ადამიანი ყოველ კვირა დღეს ღმრთის საუფლოსკენ მიისწრაფვის, იგი ნატრობს, რომ აღსრულდეს უფლის ნება, რომ იკურთხოს ღმრთის სახელი დედამიწაზე. ყოველივე ეს შეიძლება შეჯამდეს, როგორც უფლის დიდების გაცხადება. და ეს დიდება მოწაფეების თვალწინ გამჟღავნდა მაშინ, როდესაც მათ იხილეს სინათლე, რომელიც ქრისტეს ირგვლივ  მისი ფერისცვალების შემდეგ იდგა. სხვა რაღა უნდოდათ? მათ ხომ ყველა ადამიანური სურვილი აუსრულდათ…

ჩვენი ცხოვრების გზის დასასრულს არ გვხვდება არც ჩვენი მორალური სისრულე და არც ადამიანის პიროვნების სრულყოფა იმ მნიშვნელობით, რასაც ჩვენ მას ჩვეულებისამებრ ვანიჭებთ ხოლმე. რაღაც ამის მსგავსი აშკარად ადამიანური ოცნებაა, რომელიც ადამიანის ცრუ ილუზიებზე არის დაფუძნებული, რომ თითქოსდა მას შეუძლია სრულიად მარტო მიაღწიოს დასასრულს. თუმცაღა, იესო ქრისტეს ფერისცვალება გვიჩვენებს, რომ ასეთი გზა ვერსად მიგვიყვანს. მორალურად სრულყოფილ ადამიანებზე არ მჟღავნდება შეუქმნელი ნათელი, როგორც ჯილდო, ის არც მათი პიროვნულობის სრულყოფილებისთვის ცხადდება. როგორც თანამედროვე, ისე ძველი მორალისტების საზომის მიხედვით, ქრისტეს მოწაფეები არ არიან სრულყოფილნი. ისინი უბრალო ადამიანები არიან, რომელთაც უფალი ისეთებს იღებს, როგორებიც არიან, ერთადერთი კრიტერიუმის – მათი გულის უბრალოების მიხედვით, რომელიც ქრისტესადმი სიყვარულით ფეთქავს. სწორედ ეს გახლავთ ადამიანის ერთადერთი უნარი, რომელსაც გამუდმებით გარდაქმნის და ძირფესვიანად ცვლის  სულიწმიდა.

თუმცა, ეს ერთდროულად პასუხისმგებლობაცაა და იმედიც თითოეული ჩვენგანისათვის. იმედი იმიტომ, რომ ყოველთვის გვიცდის ჩვენ უფალი, რათა ჩვენ წინაშე თავისი შეუქმნელი ნათლის ძალით გაამჟღავნოს ახალი სამყარო, რათა ჩვენ თავისი ზეციური სამეფოს მოქალაქეებად გარდაგვქმნას.  და პასუხისმგებლობა კი იმიტომ, რომ სწორედ ღმრთისა და უფალი იესო ქრისტეს მიმართ არსებულ ჩვენს სიყვარულზეა დამოკიდებული ჩვენი ცხონება და ჩვენი მონაწილეობა ღმრთის დიდებაში.

თაბორის სინათლე არ შემოიფარგლება მხოლოდ სამი მოციქულით. სულთმოფენობის დღესასწაულიდან ბრწყინავს ქრისტეს ეკლესია და მთელ ქვეყანაზე ვრცელდება თავისი წმიდანებით. ჩვენი მოვალეობა, ჩვენი სიხარული და იმედი არის ის, რომ ღმრთიური სიდიადის ბრწყინვალება ამ ღმრთაებრივ გამოცხადებაში საკუთარი თანამონაწილეობით განვიცადოთ.

(ვას. სტოიანნოს, „ეკლესია ისტორიასა და აწმყოში“, გამომცემლობა პურნარა, თესალონიკი, გვ. 87-92).

]]>
https://www.pemptousia.ge/2015/08/25/%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ad%e1%83%94%e1%83%a8%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%94/feed/ 3040
სააღდგომე ეპისტოლე (2015) https://www.pemptousia.ge/2015/04/16/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%93%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%94-2015/ https://www.pemptousia.ge/2015/04/16/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%93%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%94-2015/#comments Thu, 16 Apr 2015 10:22:43 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=47933 ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო ერთგულნო და თავდადებულნო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, საქართველოს მკვიდრნო და დროებით სამშობლოს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!

“მაშ, ადიდეთ უკუე ღმერთი ჴორცითა მაგით თქუენითა და სულითა მაგით თქუენითა, რომელ-იგი არს ღმრთისაჲ” (I კორინ. 6,20)

“ლხენით ვილხენ უფალში და ხარობს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან შემმოსა ხსნის სამოსელით” (ეს.61,10)

“დღეს აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო…” (ზატიკი)

უფალი, “რომელი მიეცა ცოდვათა ჩუენთათჳს და  აღდგა განმართლებისა ჩუენისათჳს . (რომ.4.25)  და სიკვდილიცა მოკლულ იქმნა მის მიერ (პარაკლ.) გიხაროდეთ!

Patriarxis Ilia II 115

 ქრისტე აღდგა!

სად არის სიკვდილო საწერტელი შენი?

ქრისტე აღდგა!

სად არის ჯოჯოხეთო ძლევაი შენი? (I კორ.15,55)

“აღდგა ქრისტე და დაირღვიე შენ; აღდგა ქრისტე და დაეცნენ ეშმაკნი; აღდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს” (წმ. იოანე ოქროპირი).

როგორც პავლე მოციქული ამბობს, ცოტას თუ ვინმეს შეუძლია სიცოცხლის გაწირვა მართალთათვის, ქრისტემ კი თავი დადო ჩვენთვის, რომელნიც ვიყავით უცხონი, მტრები და მოწინააღმდეგეები მისთვის (შდრ. რომ. 5; 6-8).

–  და რატომ ვიყავით მტრები და უცხონი?

–  ღმერთი სიყვარული არს და ამ გრნობით შექმნა და განმსჭვალა მან მთელი ხილული და უხილავი სამყარო.

ღმრთაებრივი სიყვარული ვლინდება სხვისთვის მსახურებაში, სიკეთეში, სიმართლეში, მშვიდობაში, სიწმინდეში, მოწყალებაში, სიხარულში…

ასეთი მადლით იყო მოცული ცოდვით დაცემამდე მთელი სამყარო, დედამიწა და მკვიდრნი მას შინა.

როდესაც გველის ცდუნებით ადამმა და ევამ ღმრთის მცნება დაარღვიეს, ამით მათ შემომქმედზე და მისი მცნებებით ცხოვრებაზე თქვეს უარი. უარი თქვეს იმ სიყვარულზე, რომელიც სხვისთვის გასცემს ყველაფერს და არ ეძებს თავისას; მადლდაკარგულებს ამპარტავნების ვნება დაეულათ, ეგოისტური აზრები და თავის თავზე ორიენტირებული სიყვარული გაუჩნდათ და წაერთვათ საგანთა და მოვლენათა არსში სრულყოფილად წვდომის უნარი.

ადამის მთელი მოდგმა ამ სენით დაავადდა და საღმრთო დიდებისათვის განმზადებულმა თავი წარწყმედისთვის გაწირა.

ამიტომაც ვიყავით განშორებული ღმრთისგან.

–  როგორ გვიხსნა ქრისტემ და რას ვზეიმობთ მისი აღდგომით?

ყველა ადამიანის სული, ადამის ცოდვის გამო, გარდაცვალების შემდეგ ჯოჯოხეთს იმკვიდრებდა.

მამა ღმერთმა ჩვენს გამოსახსნელად მოავლინა თვისი მხოლოდშობილი ძე, რომელმაც მიიღო სრული ადამიანური ბუნება და თავის ჰიპოსტასში განუყოფლად და შეურევლად შეუერთა საღმრთო ბუნებას, რითაც განაღმრთო კაცება.

იესო ქრისტემ ყოვლისმომცველი, მსხვერპლშეწირული სიყვარულის ძალით ბოროტების საკრველნი დაამსხვრია, დაამხო ეშმაკის მეფობა, მართალთა სულები იქიდან ამოიყვანა და კაცობრიობისათვის ზეცის კარიბჭენი გახსნა.

დიახ, ამიერიდან მართალთათვის გარდაცვალება იქცა არა წარწყმედის, არამედ ცხონების, სიხარულისა და მარადიულ ნეტარებაში დამკვიდრების საშუალებად.

ამიტომაც წერია ფსალმუნში: ,,პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა“ -, ამიტომაც აღნიშნავს ეკლესია წმიდანთა გარდაცვალების დღეს ზეიმით.

უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც რწმენით და სინანულით აღესრულება, უფლის მადლითა და მოწყალებით, წმიდათა შორის დაემკვიდრება (რა თქმა უნდა, სხვადასხვა სავანეში, თავისი ამქვეყნიური ღვაწლის შესაბამისად), ამიტომაც მოძღვარი წესის აგების ლოცვაში ასე ავედრებს უფალს გარდაცვლილს: “წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, მონასა (ან მხევალსა) შენსა…”

სწორედ ეს აღთქმა, წმიდათა შორის მარადიული თანამყოფობისა, არის აღდგომის ზეიმის არსი, თითოეული ადამიანის იმედისა და სიხარულის საფუძველი.

წმიდა გრიგოლ ღმრთისმეტყველი წერს:

უფლის ჯვარცმისას იხილეს მრავალი სასწაული: დაბნელებული და ხელახლა გაბრწყინებული მზე, განპობილი კრეტსაბმელი, მაცხოვრის გვერდიდან გადმოღვრილი სისხლი და წყალი, მიწისძვრა, საფლავთაგან მკვდართა აღმოსვლა, სასწაული უფლის საფლავად დადების ჟამს… მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ შეედრება ჩემი ცხონების სასწაულს!

ხოლო ვისაც ეს არა აქვს გაცნობიერებული, ფუჭია მისი სარწმუნოება. აი, როგორ გვაფრთხილებს მოციქული: ,,უკეთუ ამას ხოლო ცხორებასა ვართ მოსავ ქრისტესა, უსაწყალობელეს ყოველთა კაცთასა ვართ”. . . უკეთუ ქრისტე არ აღდგომილ არს, ცუდად სამე არს ქადაგებაჲ ესე ჩუენი და ცუდად არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი” (I.კორ.15;14’19).

– თუ სიკვდილი განქარდა, რატომღა კვდებიან ადამიანები, რატომ დარჩა გარდაცვალება ყველასათვის აუცილებელ მოვლენად?

სამოთხეში ადამს და ევას სხვაგვარი სხეული ჰქონდათ, შემდეგ კი ხრწნადობა შეიმოსეს და მოკვდავნი გახდნენ. აქედან მოყოლებული ადამიანი ამ მოკვდავი სხეულისა და უკვდავი სულის ერთობას წარმოადგენს, რომელთა განცალკევებაც სიკვდილისთანავე ხდება.
მართალთა სულები ქრისტეს აღდგომის შემდეგ უფლის წიაღს იმკვიდრებენ, ცოდვით დამძიმებულთა კი, – კვლავ ბნელეთის ანგელოზთა დასს უერთდებიან. სხეული კი იხრწნება და უერთდება მიწას, რომლისგანაც შეიქმნა. როგორც მარცვალი ხნულში ითესება და იხრწნება, რათა აღდგეს უხრწნელებით, ასევე “ითესება სხეული მშვინვიერი და აღდგება სხეული სულიერი, ითესება დამცირებაში და აღდგება დიდებაში” (I კორ. 15. 44, 45).

ეს მოხდება მეორედ მოსვლის ჟამს. ყოველი გარდაცვლილის სული (ცოდვილთა თუ მართალთა) შეიერთებს თავის უხრწნელ სხეულს.
ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი სული და სულიერი სხეული მარადიული ნეტარებისათვის აღდგეს და არა მარადიული სატანჯველისა და გეენიისათვის.
ზოგიერთს სიკვდილისადმი აქვს ერთგვარი ზერელე დამოკიდებულება, ზოგს კი – ავადმყოფური შიში. ხშირად ერთნიც და მეორენიც ამიტომ არ ფიქრობენ ამ საკითხზე, რაც არ არის სწორი.
ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გარდაცვალება აუცილებლად გველის და ყოველი დღე უნდა გავატაროთ ისე, როგორც უკანასკნელი. მაშინ მეტი დაკვირვება გვექნება საკუთარ თავზე, მეტი გულისყურით მოვეპყრობით მოყვასს და ღმრთის სათნოდ მოვიქცევით ამა თუ იმ ვითარებაში.

–  როგორ მივხვდეთ, რა არის მართებული ქმედება?

მთავარი ორიენტირი ჩვენთვის უნდა იყოს მაცხოვარი, რომლის მიერაც განგვეცხადა ადამიანის სიდიადე; უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ყოველ ჩვენგანს, ზიარების მადლით, შეუძლია, ძალისამებრ თვისასა დაიტიოს იგი და შეუერთდეს მას, რათა განიღმრთოს და მიაღწიოს იმ სისრულეს, რისთვისაცაა მოწოდებული.
თუმცა ეს შეერთება ვერ შედგება, თუ არ მოხდა პიროვნული შეხვედრა მაცხოვართან, – შეხვედრა ცოცხალ ღმერთთან!
ეს არის ყველაზე დიდებული ჟამი ადამიანის ამქვეყნიურ ცხოვრებაში; ეს არის ჭეშმარიტ სიყვარულთან დაბრუნების და მისით აღვსების საოცარი განცდა, რომელიც სრულიად გარდაქმნის ჩვენს შინაგან სამყაროს და მადლით აღავსებს სულს;
არის მადლი მომხმობი, მომწოდებელი, რომელიც კაცს განაცდევინებს სასუფევლის ნეტარებას და სინანულისთვის განაწყობს. მერე კი იწყება გამოცდის ჟამი, ანუ ის ეტაპი, როდესაც შენ შენი შრომით, სინანულითა და ჭირთა დათმენით უნდა ააღორძინო და განამრავლო იგი.

ღმერთი ყველგან სუფევს, მაგრამ ეკლესიაა სულიერი სხეული მისი, სადაც საღმრთო სიდიადე სრულად ვლინდება კაცთა წინაშე. ეს არის ის სივრცე, სადაც აღესრულება საღმრთო საიდუმლოებები, სადაც ყოველ წირვაზე უხილავად მყოფობს უფალი და წმიდა ზიარებით მასთან შეერთების საშუალებას გვაძლევს.

მაგრამ ღმერთთან კავშირი ორმხრივი მოვლენაა, შენ ვერ ჰპოვებ უფალს, თუ არ შეიცანი იგი, თუ არ აღივსე ღმრთისმსგავსი უშურველი სიყვარულით.

ასეთი სიყვარულის უნარი ადამიანს აქვს და იგი ვლინდება მაგ.შვილების, მშობლების, მეუღლის, დედ-მამიშვილების, მეგობრებისა და ახლობლებისადმი უსაზღვრო სიყვარულსა და, საჭირო შემთხვევაში, თავგანწირვაშიც.
ამგვარი სიყვარულით, პირველ რიგში, უნდა შევიყვაროთ იესო ქრისტე, რომლისგანაც მოგვეცა ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მასზე წინ არ უნდა დავაყენოთ არავინ და არაფერი. ეს არის ყოვლად აუცილებელი პირობა ჩვენი გადარჩენისა; წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შეცდომებისა და არასწორი აზროვნებისაგან არაფერი დაგვიცავს.

ხოლო ვისაც ამგვარი განცდა და ცოცხალი სარწმუნოება არა აქვს, მისთვის საეკლესიო მსახურება, უფლის სწავლანი და საიდუმლოებები გაუბრალოებულია, მხოლოდ რიტუალია და სიღრმისეულ აზრს მოკლებული სიტყვები. ამ მდგომარეობაში შეიძლება იყოს როგორც მრევლის წევრი, ისე სასულიერო პირი.

ამგვარი ადამიანის აღსარება და სინანული არაგულწრფელია, შედეგი – უღირსი ზიარება და სულის გაუხეშებაა. ეს არის ნელ-თბილი სარწმუნოება, რომელიც მეტად საშიშია და მიუღებელი ღმრთისთვის.
სინანულს ბერძნულად “მეტანია” ქვია, რაც სიტყვა-სიტყვით თარგმანში “გონების შეცვლას” ნიშნავს. აი, ეს უნდა მოხდეს ჩვენში! მაგრამ ამას კი ვერ მივაღწევთ, თუ მუდმივად არ ვაკვირდებით საკუთარ თავს, თუ აღსარებიდან აღსარებამდე ჩვენში უკეთესობისაკენ მცირედი ცვლილება მაინც არ ხდება, თუ ცოდვას არ ვუპირისპირდებით და არ ვებრძვით.

ზოგიერთი ეშმაკის გავლენით, პატივმოყვარეობის ან სირცხვილის გამო ბოლომდე არ აღიარებს ცოდვას, ან შელამაზებული სახით ამბობს სათქმელს და ამით ხელს უშლის საკუთარ განწმენდას.

ამ დროს პირიქითაა, მძიმე დანაშაულის ჩამდენის გულწრფელი სინანული სასულიერო პირს მისდამი თანალმობით განაწყობს და სწორი რჩევის მიცემის საშუალებას აძლევს; ადამიანს კი უფალი წყალობას მაშინვე ანიჭებს.
დიდ პრობლემას ქმნის ორიენტირების აღრევაც,  როდესაც ზოგიერთი საშუალებას მიზნად მიიჩნევს, მიზანს კი, – საშუალებად.

საერთოდაც, ბევრი რამ არის ჩვენს ყოფაში გაუკუღმართებული: ხშირად ადამიანის სიცოცხლეს იოლად ხელყოფენ, არადა, ადამიანის მკვლელობა უდიდესი ცოდვაა. უფლება არა გვაქვს, ღმრთის მიერ ბოძებული სიცოცხლე წავართვათ ვინმეს.

ასევე უმძიმესი და მკვლელობის ტოლფასი ცოდვაა აბორტი. ამ მომაკვდინებელი დანაშაულის ჩამდენნი არა მხოლოდ მშობლები არიან, არამედ ისინიც, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ამ ქმედებაში.
დიდად ვწუხვართ თვითმკვლელთა რიცხვის ზრდის გამო. სიცოცხლე ღმრთის უდიდესი წყალობაა და დაუშვებელია ვინმემ თავისი ნებით მოისწრაფოს იგი. ამ ცოდვის ჩამდენთ ტყუილად გონიათ, რომ სიკვდილით პრობლემებისგან გათავისუფლდებიან და ვერ აცნობიერებენ, რომ თავს მარადიული სატანჯველისთვის წირავენ.

შეიძლება ითქვას, რომ დღეს, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი შრომას გადაეჩვია. არადა, შრომა აუცილებელია როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი და სულიერი.

მშობლებმა ბავშვობიდანვე უნდა შეაყვარონ შვილებს ეს საქმე. ამასთან, უნდა აღზარდონ ისე, რომ ღმრთის სიყვარულთან ერთად სამშობლოს და მოყვასის სიყვარული ასწავლონ. ასწავლონ, სირთულეების დაძლევა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება.

ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ ახალგაზრდებს; მართალია, მრავალი მათგანი სერიოზულ შეცდომებს უშვებს ემონება რა ნარკომანიას, ლოთობას, გარყვნილებას.., მაგრამ გვჯერა, ღმრთის მადლით, ისინი შეიცნობენ ამ ცოდვათა დამღუპველობას და ღმერთს დაუბრუნდებიან; მიხვდებიან, ცხოვრებისეული ჯვარი იმიტომ მოგვეცა, რომ იგი რწმენითა და სიყვარულით ღირსეულად ვატაროთ და ჩვენი ჯვარცმა, – განსაცდელები და პრობლემები, – ჩვენს აღდგომად და ამაღლებად გადავაქციოთ.

არასწორმა ცხოვრების წესმა დაარღვია ტრადიციული ურთიერთობებიც.

მაგალითად, ქართული სუფრა ყოველთვის იყო სამშობლოს, მეგობრობის, სიყვარულის, თანადგომის, ვაჟკაცობის სადიდებელი, ჭირის სუფრა კი, – გარდაცვლილთა მოსაგონარი და შესანდობარი.
როგორც ერთი, ისე მეორე სერობა იწყებოდა და მთავრდებოდა ღმრთის დიდებით. ახლა კი, ასეთი შეკრებები ხშირად დაუსრულებელ ქეიფად და ღრეობად იქცა, სადღეგრძელოები კი,ბ – ფარისევლურ ქება-დიდებად, რაც უნდა გამოსწორდეს.

რაკი ღვინისა და, საერთოდ, პურობის საკითხს შევეხეთ, აღვნიშნავთ იმასაც, რომ საუკუნეების მანძილზე მევენახეობა და მეხორბლეობა ჩვენი ყოფის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენდა. ქართველი კაცი მასში განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც დებდა და ზიარების საიდუმლოს აღსასრულებელ შესაწირად აღიქვამდა. ამიტომაც ამ კულტურებზე ზრუნვა საუფლო საქმედ მიიჩნეოდა.

ათეისტური რეჟიმის დროს ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა, – უნიკალური ქართული ხორბლის და სავენახე (განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოსა და მესხეთ-ჯავახეთში) ჯიშები ზოგი მთლიანად, ზოგი ნაწილობრივ განადგურდა და მათი ადგილი ჰიბრიდულმა, ნაკლებად შრომატევადმა ჯიშებმა დაიკავა. ამას დაემატა ღვინის შაქრით ფალსიფიცირება, რაც ადრე ყოვლად წარმოუდგენელი რამ იყო. ასე შეილახა და გაუბრალოვდა საკრალური დატვირთვის მქონე ვენახისა და ხორბლის მნიშვნელობა.

საჭიროა, შევიცვალოთ დამოკიდებულება და სწორ ორიენტირებს დავუბრუნდეთ. მადლობა ღმერთს, დღეს მდგომარეობა უკეთესობისაკენ იცვლება და ამაში გულანთებული უანგარო ადამიანების დიდი ღვაწლია ჩადებული.

მინდა ყურადღება გავამახვილო ცოდვისადმი ნელ-თბილი ადამიანის დამოკიდებულების რამდენიმე გამოვლინებას:

ვიღაცას ჰგონია, რომ როცა სხვას შეურაცხჰყოფს, ან ცილს დასწამებს, უმიზეზოდ განურისხდება, ან ბილწსიტყვაობით აჯობებს, ეს დიდი ცოდვა არ არის, – მწარედ ცდებიან.

თუ გავაანალიზებთ, აღმოვაჩენთ, რომ მკვლელობებისა და თვითმკვლელობების ძირითადი მიზეზი არის ვიღაცის გაბოროტებული სიტყვა. ხშირად ოჯახებიც შელაპარაკების ნიადაგზე ინგრევა; უხეში სიტყვის გამოყენების პრაქტიკამ ჩვეულებრივი ხასიათი მიიღო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ურთიერთობებში, მასმედიაში…

სიტყვა უდიდესი ძალაა. ღმერთი არის სიტყვა, ხოლო ავი სიტყვა ეშმაკისეული გამოვლინებაა. თითოეული ჩვენი ნათქვამი ბუმერანგივით დაგვიბრუნდება. შეგახსენებთ მაცხოვრის დარიგებას: ,,მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანა-მდებ არს სასჯელისა; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა რაკა, თანა-მდებ არს იგი კრებულისაგან განსლვად; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, თანა-მდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა (მათე. 5,22).
იაკობ მოციქული კი გვაფრთხილებს: “მცირემან ცეცხლმან რავდენი ნივთი აღაგზნის! და ენაჲ ეგრეთვე ცეცხლ არს, სამკაული სიცრუისაჲ. ენაჲ დადგრომილ არს ასოთა შინა ჩუენთა, რომელი შეაგინებს ყოველსა გუამსა და აღაგზნებს ურმის თუალსა მას შესაქმისასა და აღგნებულ არს გეჰენიისაგან.” (იაკობ.3, 5-6)

 ამიტომაც მეტყველებისას ყველას დიდი სიფრთხილე და დაკვირვება გვმართებს.

შევეხები მეტად საშიშ და სერიოზულ პრობლემას, – სათამაშო ბიზნესს. ეს საქმიანობა, მართალია, ბიუჯეტისთვის ალბათ, მომგებიანია, მაგრამ იგი იმდენად უარყოფითი მოვლენაა, რომ ბევრ ქვეყანაში საერთოდ აკრძალულია. ჩვენთან კი მას ბოლო დროს ინტერნეტ-სამორინეც (კაზინო) დაემატა.

თუ ჩვეულებრივ სამორინეში (კაზინოში) ასაკს ყურადღებას აქცევენ და გარკვეული თანხის ქონა აუცილებელია, ინტერნეტ-სივრცეში ეს შეზღუდვა არ არსებობს; ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომელთაც ისედაც მცირე ფინანსები აქვთ, ცდუნებას ვერ უმკლავდებიან და დიდ ვალში და დიდ პრობლემებში ვარდებიან.

კატასტროფულად იზრდება მათი რიცხვი, რომელნიც მიჯაჭვულნი გახდნენ ამ საცდურზე; ბევრმა ქონება დაკარგა, მრავალი ოჯახი დაინგრა, ზოგმა თავიც მოიკლა…

ვფიქრობთ, ხელისუფლებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას ამ მიმართულებით და შესაძლებლობისამებრ დაიცვას ქვეყნის აწმყო და მომავალი.

აქამდე იმათ შესახებ ვისაუბრეთ, რომელთაც ღმერთის არსებობა სწამთ; რაც შეეხება ურწმუნოთ, ადრეც მითქვამს და კვლავ გავიმეორებ, რომ მატერიალურ-ტექნიკურმა წინსვლამ და სულიერ განვითარებაზე ნაკლებმა ზრუნვამ დიდად შეუწყო ხელი ადამიანში ამპარტავნებისა აღზევებასა და ათეისტური ცნობიერების ჩამოყალიბებას, იმ აზრის განმტკიცებას, თითქოს მისთვის საიდუმლო აღარ არსებობს, რომ თვითონ შეუძლია ყველაფერი მართოს და განაგოს.

მაგრამ უღმერთო კაცმა დღემდე ვერ იპოვა უმთავრესი, – სიცოცხლის საზრისი, და ვერც სიკვდილის საიდუმლო ამოხსნა. აქედან გამომდინარე, ცუდი და კარგი, ცოდვა და მადლი, მისთვის ფარდობითი და პირობითი ცნებები გახდა. ამიტომაც ასე მოაზროვნე საზოგადოება ადვილად მივიდა ცოდვის და გაუკუღმართებული ურთიერთობების დაკანონებამდე.

მართლაც, თუ არ არსებობს ღმერთი, რა თქმა უნდა, არ არსებობს არაფერი მიუღებელი, არ არსებობს არანაირი სულიერი მიზანი, რომლისკენაც იგი უნდა ისწრაფვოდეს, ანუ სიცოცხლეს, ფაქტობრივად, არ აქვს აზრი.
რჩება მხოლოდ წარმავალი მიწიერი ყოფა და ამქვეყნიური ვნებები, სიმდიდრითა და პატივით მიღებული დროებითი სიამოვნება, რომლის შედეგი სასოწარკვეთა და დეგრადაციაა, დასასრული კი, – არარაობა.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ ქვეცნობიერად ყველამ, მორწმუნემაც და ურწმუნომაც, მეტ-ნაკლებად იცის, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე მაინც გრძელდება. ამას იგი გრძნობს იმ წარუშლელი ღმრთიური ნაპერწკალით, რომელიც თითოეულ ჩვენგანშია ჩადებული შემომქმედისაგან და რომლის საშუალებითაც სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე რჩება შესაძლებლობა სინანულის, მოქცევისა და ღმერთთან შერიგებისა.

გავიხსენოთ ავაზაკი, რომელმაც სულიერი ფერისცვალება სიკვდილის წინ, ჯვარზე გაკრულმა, განიცადა და მაშინვე ღირსი გახდა, პირველი შესულიყო სასუფეველში.
ჩვენ ვცხოვრობთ რელიგიური აზროვნებისა და იდეოლოგიების ზეობის ეპოქაში;

როგორც ერთ-ერთი ცნობილი თეოლოგი ამბობს, რელიგიასა და იდეოლოგიას შორის უდიდესი განსხვავება იმაშია, რომ რელიგია და რწმენა ყოველთვის ძალზედ პირადულია და ღრმა შინაგანი გამოცდილებით მიიღწევა, მაშინ როცა ნებისმიერი იდეოლოგია ყოველგვარ პირადს, როგორც უსარგებლოს, უარყოფს.

ამიტომაც არის, რომ არც ძველი და არც რომელიმე თანამედროვე იდეოლოგია, პიროვნების იდეას არ სცნობს.

ადამიანი ყველაფერზე მაღლა იესო ქრისტემ დააყენა და იგი გახადა თავისი უდიდესი სიყვარულის ობიექტი. ამასთან, ადამიანს მან უდიდესი ნიჭი, – თავისუფლება უბოძა და მისცა არჩევანის საშუალება. თითოეული ჩვენგანი გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად დღესაც ყოველწუთს აკეთებს არჩევანს კეთილსა და ბოროტს, ღმერთსა და ეშმაკს შორის და ეს ჩვენი უფლებაა.

ჩვენი ნება ღმრთის ნების შესაბამისი უნდა გახდეს, მაგრამ, არა იმიტომ, რომ ასე ვინმემ გვიბრძანა, არამედ იმიტომ, და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჩვენს დიდ სურვილად და სწრაფვად უნდა იქცეს; იმიტომ, რომ ჩვენ მოვინდომეთ, გავხდით ადამიანები, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო: ქართველებო, აფხაზებო, ოსებო, ბერძნებო, რუსებო, უდიებო, აზერბაიჯანელნო, სომეხნო, იეზიდნო, ქისტნო, ასირიელნი, სხვანო ყოველნო, ჩვენ ყველანი ხატად და მსგავსად ღვთისა ვართ შექმნილნი და თითოეული ჩვენგანის სულშია ის ღმრთაებრივი ნაპერწკალი, რომელიც დღეს ღაღადებს, – ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე!

მართლაც, ყველასთვის აღდგა ქრისტე, ყველა ადამიანს შეუძლია შეცვლა და ფერისცვალება, რადგან, როგორც წმიდა ირინეოს ლიონელი ბრძანებს, ადამიანის სული ბუნებით ქრისტიანია.

მაშ, ვმადლობდეთ უფალს, რომელიც სიხარულით შეგვიძღვა თავისი აღდგომის ნავთსაყუდელში, ვმადლობდეთ ყოველნი, რომელთაც კეთილად განვვლეთ სარბიელი მარხვისა; ვმადლობდეთ ისინიც, რომელნიც უძლურ ვიქმენით ამგვარი ღვაწლისა (სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი). ამიერიდან ნუღარავინ ჰძრწის და ეშინის, ჭეშმარიტი სიყვარული და მარადიული სიცოცხლე დაუბრუნდა კაცობრიობას; იხარებს ადამის მოდგმა და მთელი სამყარო!

ქრისტე აღდგა!

აღსდექით თქვენც და მასთან ერთად ეგეთ უკუნისამდე!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II

აღდგომა ქრისტესი
თბილისი, 2015 წელი

]]>
https://www.pemptousia.ge/2015/04/16/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%93%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%94-2015/feed/ 3264
საშობაო ეპისტოლე https://www.pemptousia.ge/2015/01/22/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%94/ https://www.pemptousia.ge/2015/01/22/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%94/#comments Thu, 22 Jan 2015 13:43:02 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=47660 ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო: ქართველებო, აფხაზებო, ოსებო, ბერძნებო, რუსებო, უდიებო, სომეხნო, აზერბაიჯანელნო…, ყოველნო შვილნო საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, სამშობლოში მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, გიხაროდეთ!

,,მოჰხედნა ღმერთმა და ყო ჴსნაჲ ერისა თჳსისაჲ” (ლუკა 1,67). “სიტყვაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის” (იოანე 1,14).

დამთავრდა ძველი აღთქმის ჟამი და აღსრულდა წინასწარმეტყველთა მიერ ნაუწყები: ბეთლემის გამოქვაბულში ხორცშესხმული მოგვევლინა საუკუნეთა უწინარესი ღმერთი,- ყრმა იესო.
ზეიმობს ცა და ქვეყანა, ხარობს ღმრთისმშობელი, რადგან დღეს ნეტარების საუფლოდან განდევნილი ადამის მოდგმა განღმრთობას იწყებს და ჩვენი დაცემული ბუნება სამეუფო ღირსებით იმოსება.
წმიდა ქალწულმა მარიამმა, “ძველის თანანადების გამომსყიდველმან და მთელი ქმნილებისათვის ცხონების მშობელმან, გახსნა პირველ ევას მიერ შეკრული კვანძი და სამყაროს მარადიული სიცოცხლის სათავედ და ახალ დედად მოევლინა” (წმ. ირინეოს ლიონელი). სწორედ მისი სახით დაიწყო ქრისტიანული ერა, რომელმაც მანამდე არნახულ სიმაღლეებს აზიარა ადამიანი.
ქრისტიანულ სწავლებაში სხვა დატვირთვა შეიძინა ოჯახურმა ურთიერთობამაც: “ცოლი თჳსთა ჴორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ქმარი; ეგრეთცა და ქმარიცა თჳსთა ჴორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ცოლი.” (I კორინთელთა 7.4), _ გვასწავლის მოციქული და დასძენს: “ვითარცა ეკლესიაჲ  დამორჩილებულ არის ქრისტესა, ეგრეთცა ცოლნი – თჳსთა ქმართა ყოვლითა. ქმართა გიყუარდენ ცოლნი თჳსნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ  და თავი თჳსი მისცა მისთჳს” (ეფესელთა  5.24-25).
ქმარი არის ოჯახის თავი, რადგან მას ღმრთისგან დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა, საჭიროებისამებრ ყოველთვის დაიცვას ცოლი და შვილები, იყოს ერთგული წინამძღოლი და მასაზრდოებელი;
ქალსაც არანაკლები დანიშნულება აქვს. მისი მთავარი ფუნქციაა შვილთა ყოლა, მათი აღზრდა და ოჯახზე ზრუნვა, რაც მის საზოგადოებრივ აქტიურობას არ გამორიცხავს.
როდესაც მეფე-დედოფალი ჯვარს იწერს, ისინი მღვდელთან ერთად სამჯერ გარშემო უვლიან ანალოღიას, რომელზეც სახარებაა დაბრძანებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან მთელი ცხოვრება ერთმანეთს და ღმერთს დაუკავშირონ.
ქრისტიანული ოჯახი ეფუძნება მღვდელმოქმედებით მადლს, რაც ქორწინების საიდუმლოს გულისხმობს; აქ ხდება ეგოისტური “მეს”-გან სრული დაცლა, რადგან ერთი პიროვნება მთლიანად უძღვნის თავს მეორეს. ისინი სიყვარულით ერთიანდებიან ქრისტეში, რათა ერთად იზრუნონ ცხონებისათვის და მეუღლეობის საკვრელით დაკავშირებულნი წარდგნენ ყოველთა მეუფის წინაშე.
დიდი ბედნიერებაა ოჯახის შექმნა სიყვარულით, მაგრამ მთავარია ამ მადლის შენარჩუნება და გამრავლება.
როდესაც ადამიანი შეყვარებულია, იგი მისთვის სასურველ პიროვნებაში ხედავს ისეთ თვისებებს, რასაც შესაძლოა სხვები ვერ ამჩნევდნენ. ამ დროს ხდება მეორე ადამიანში დაფარული შინაგანი მშვენიერების აღმოჩენა.
“რა კარგი უნდა იყოს ერთი იმედით, მსახურებითა და რწმენით ორი გულის შეერთება, – წერს ტერტულიანე. ჭეშმარიტად, ისინი ორნი არიან ერთ სხეულად განმთლიანებულნი, ხოლო სადაც ერთი სხეულია, იქ ერთსულოვნებაა. ისინი ერთად ლოცულობენ, ერთად იდრეკენ მუხლს, ერთად მარხულობენ, ერთმანეთს ამხნევებენ. თანასწორნი არიან ღმერთის წინაშე. თანაბრად ინაწილებენ დევნასა და ნუგეშს, არაფერს უმალავენ და არც ამძიმებენ ერთმანეთს…, ხედავს რა მათ ერთობას, უფალი ხარობს, სახლს მშვიდობას მოჰფენს და მკვიდრობს მათთან ერთად”.
ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში შემდგომი ეტაპი არის შვილიერება. ბავშვების დაბადება და მათზე მზრუნველობა სრულყოფის კიბეზე ამაღლების ახალი შესაძლებლობაა, რადგან მეუღლეთა ურთიერთსიყვარული, ამ შემთხვევაში, გრძნობის ხელახალ გადანაწილებას ითხოვს; ადამიანი კიდევ უფრო მეტად ემიჯნება ეგოისტურ ,,მეს” და კიდევ უფრო მეტად ფართოვდება მსახურების არეალი, რაც ღმრთის სათნო ცხოვრებას განამტკიცებს.
როგორი სიფაქიზით გვწრთვნის უფალი! როგორ ნელ-ნელა და თანდათანობით ავყავართ მას უმაღლესი სიყვარულის საფეხურებზე, ყველა პირობას გვიქმნის, რომ ჩვენი დაცემული მდგომარეობისაგან გვიხსნას და მარადიული ნეტარებისთვის მოგვამზადოს.
ასეთი ოჯახი, ასეთი ერთობა ქალისა და კაცისა, სიმბოლურად “მცირე ეკლესიად” იწოდება, რომლის სიმტკიცეც დაურღვეველია.
თუმცა ფაქტია, რომ ჩვენს ყოფაში უფრო ხშირად გვხვდება ისეთი ოჯახები სადაც უგულებელყოფილია პასუხისმგებლობა და მოვალეობები; ისინი მოკლებულნი არიან ღმრთის მადლს და უსიხარულოდ ცხოვრობენ ან, საერთოდაც, ირღვევიან;
უნდა ითქვას ისიც, რომ დღეს ბევრი ადამიანის ცხოვრების წესი ოჯახური სიწმინდის წინააღმდეგ არის მიმართული. ბოლო პერიოდში კი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, რაც ქორწინებისთვის ახალგაზრდების მოუმზადებლობით არის განპირობებული.

განვიხილოთ რამდენიმე გარემოება:
1. ქორწინებაში მყოფთ ხშირად მხოლოდ გატაცება აკავშირებთ და თანაცხოვრების პირობებშიც ვერ აღწევენ იმ სიყვარულს, იმ ერთგულებასა და თავგანწირვას, რისთვისაც არიან მოწოდებულნი, ამიტომაც მალევე კარგავენ ერთმანეთისადმი ინტერესს და სცილდებიან.
2. ახლადშეუღლებულნი, მართალია, სიყვარულით ქმნიან ოჯახს, მაგრამ ვერ აცნობიერებენ, რას ნიშნავს მეუღლეობა, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ და რას მოითხოვს იგი თითოეული მათგანისგან; ისინი ადვილად კარგავენ იმ განწეყობას, რაც ერთად მყოფობის პირველ პერიოდში ჰქონდათ; იწყება იმედგაცრუება, ერთმანეთში მრავალი ნაკლოვანების აღმოჩენა და დაუთმენლობა. გაღიზიანება იმ მდგომარეობამდეც მიდის, რომ ერთ დროს სანუკვარი ადამიანი, უკვე აუტანელი ხდება.
3. მეუღლეთაგან ერთი იჩენს ერთგულებასა და თავდადებულ სიყვარულს, მაგრამ მეორე ამ გრძნობებს სათანადოდ არ აფასებს და მხოლოდ თავისი ვიწრო ეგოისტური სურვილების ტყვეობაშია.
საერთოდ, მეცნიერულ-ტექნიკურმა წინსვლამ და მატერიალისტურმა მსოფლმხედველობამ ადამიანში სხვისი ფლობის სურვილი და მომხმარებლური სული გააძლიერა. დღეს უკვე ამგვარი მიდგომა შეეხო ოჯახის წევრებსაც და ეგოისტური მიზნებით თვით მათი გამოყენების მცდელობები გააჩინა. ასეთი დამოკიდებულება ოჯახურ ყოფას გაუსაძლისს ხდის.
4. ხდება ისეც, რომ მშობლები ზოგჯერ უხეშად ერევიან წყვილის ცხოვრებაში. მათ უჭირთ შვილთან ერთგვარი განშორება და ძველებური ურთიერთობის შეცვლა; ისინი კრიტიკულად აღიქვამენ ახალ ვითარებას და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ხელის შემწყობნი ხდებიან ოჯახის დანგრევისა.
რა თქმა უნდა, მშობლების პატივისცემა და სიყვარული ბუნებრივიც არის და სავალდებულოც ყველასთვის; ასევე ბუნებრივია ახლობლების, მეგობრების, ნათესავების…… სიყვარული, მაგრამ ცოლ-ქმრულ ყოფა სრულიად განსხავებულია; ამისთვის ბრძანებს წმიდა წერილი: “დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც” (ეფესელთა 5.31). ეს საიდუმლო დიდია და მისი დარღვევა – აკრძალული.
5. ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ირღვევა ოჯახი არის ნარკომანია (ასევე ალკოჰოლიანი სასმელების ზედმეტად გამოყენება) და ბოროტი ძალების გავლენით ადამიანებზე ზემოქმედება. ორივე მდგომარეობაში პიროვნებას წართმეული აქვს თავისუფალი ნება, ოღონდ პირველ შემთხვევაში, ადამიანი ვერ უძლებს საცდურს და მასზე მიჯაჭვულობის გამო, ფაქტიურად, ნებაყოფლობით ამბობს უარს თავისუფალ ნებაზე, მეორე შემთხვევაში კი, გაუცნობიერებლად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ.
არადა თავისუფალი ნება ღმრთისგან ჩვენთვის მონიჭებული დიდი საბოძვარია. უფალმა არ შეურაცხყო პიროვნების ღირსება, არ აქცია იგი მისი სურვილის უბრალო აღმსრულებლად, არამედ მისცა უფლება არჩევანისა.
ამიტომაც ეს ცოდვები ღმრთის გმობად სახელდება და მათგან გათავისუფლება მხოლოდ ლოცვით, მარხვით და ეკლესიური ცხოვრებით შეიძლება.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოს, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. დღეს ისეთი ყოფა მკვიდრდება, რომელშიც ყველა ეძებს თავისას და არა იმას, რაც სათნოა ქრისტესთვის (ფილ. 2,4).
სიცრუე იქცა დადებით მოვლენად, სხვაზე გადაბრალება – ჩვეულებად, გულგრილობა – წესად, უზნეობა და თავაშვებულობა – მისაბაძად; ცილისწამება და ძალადობა – ყოველდღიურ მოვლენად; ანუ ღმრთის შიშის გარეშე მცხოვრებთათვის ცოდვითი ყოფა ნორმა ხდება. მათი რიცხვი კი ყველგან იზრდება.
აგრესია განსაკუთრებით დიდია ახალგაზრდებში და მამაკაცების გარკვეულ ნაწილში; განსაკუთრებით მათში, რომელნიც უსაქმოდ და უფუნქციოდ დარჩნენ და ოჯახის მარჩენალისა და მასზე მზრუნველის ფუნქცია დაკარგეს. ეს ტვირთი დაემატა ქალს, რამაც მისი მდგომარეობა, კიდევ უფრო დაამძიმა და ცოლსა და ქმარს შორის ფუნქციური ბალანსი სრულად დაარღვია. ეს კი იწვევს ორივე მხარის დაძაბულობასა და გაღიზიანებას. რაც, სამწუხაროდ, ზოგჯერ ქალების სიცოცხლის ხელყოფით მთავრდება.
მდგომარეობის ნაწილობრივი გამოსწორება სამუშაო ადგილების შექმნასა და ანაზღაურების გაუმჯობესებას შეუძლია. თუ ეს განხორციელდა, დიდად შეეწყობა ხელი ოჯახში სხვა სახის ძალადობის აღმოფხვრასაც და ცხოვრების, ასე თუ ისე, ნორმალურ კალაპოტში ჩადგომას.
ვფიქრობთ, ეს სერიოზულ გავლენას იქონიებს თვითმკვლელთა რიცხვის შემცირებაზეც. ადამიანები, განსაკუთრებით ურწმუნონი, თუნდაც, რომ ფიზიკურად ძლიერნი იყვნენ, კრიტიკულ სიტუაციებში უსუსურნი ხდებიან, რადგან მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობიან და რესურსი სიმტკიცისა მალე ეწურებათ.
ავადმყოფობით, უსახსრობით, უბინაობით, ვალებით, გამწარებულებს ჰგონიათ, რომ თავის მოკვლით პრობლემებისგან გათავისუფლდებიან; სინამდვილეში კი ამ ქმედებით ისინი მარადიული ტანჯვისა და სიკვდილის იმ კარს აღებენ, სადაც მათ ვეღარავინ უშველის (გამონაკლისს სულით ავადმყოფები წარმოადგენენ).
ჩვენთვის ბოძებული მიწიერი ცხოვრებით უფალმა შესაძლებლობა მოგვცა,  მარადიულ ნეტარებაში დავმკვიდრდეთ. ვინც ამ შემოთავაზებაზე უარს ამბობს, საკუთარი თავის მიმართ განხორციელებული ძალადობის მსხვერპლი ხდება და თავისი ნებით ჯოჯოხეთის სკნელში აღმოჩნდება. ეს იმდენად დიდი დანაშაულია, რომ მათთვის ლოცვაც აკრძალულია.
ღმერთმა ყველა დაიფაროს თვითმკვლელობისგან!
გასულ წელს მსჯელობის საგანი იყო ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობა; თუმცა, მხოლოდ ამ თემით შემოფარგვლა საკმარისი არ არის. სამწუხაროა, რომ არ იმართება დისკუსიები და არ იგმობა თუნდაც იგივე თვითმკვლელობა და სხვა უმძიმესი ცოდვები, არ იგმობა აბორტიც, რომელიც ძალადობის ყველაზე საშინელი და საზარელი სახეა.
დედა, რომელმაც შვილის მკვლელობის ეს დანაშაული ჩაიდინა და ექიმებიც, არ შეიძლება არ გრძნობდნენ სინდისის ქენჯნას; არ შეიძლება არ გრძნობდნენ დაღვრილი უმანკო სისხლის ძახილს. ამ დანაშაულის გამოსყიდვა მხოლოდ გულმხურვალე სინანულითა და ქველი საქმეებით შეიძლება და კიდევ იმით, რომ ეს ადამიანები გახდნენ ერთგვარი მქადაგებელნი და დაარწმუნონ თავისი ახლობლები და ნაცნობები, რომ მათ მაინც მსგავსი რამ არ ჩაიდინონ და ამით სხვა ჩვილების სიცოცხლე გადაარჩინონ.
საერთოდაც, ყველა უნდა ვეცადოთ, სიტყვით მაინც დავეხმაროთ ერთმანეთს, მივცეთ იმედი მრავალი პრობლემით დამძიმებულ ჩვენს შვილებს, დებსა და ძმებს და ხსნის რაიმე გზა შევთავაზოთ.
ამდენი ტანჯვისა და ტკივლის, თავსმოხვეული ,,ახალი აზროვნებისა”” და ყოველდღიური მოულოდნელობების ფონზე ოჯახები საქართველოში მაინც დგას ზნეობის სადარაჯოზე; ეს სასწაულია, რაც, პირველ რიგში, ქართველი ქალის, – დედის დამსახურებაა. ქალის როლი ყოველთვის განსაკუთრებული იყო და არის ჩვენს ისტორიაში.
წმინდა ილია მართალი წერს:
,,ქართველებისთვის ,,დედა” მარტო მშობელი არ არის, ქართველი ღვიძლ ენასაც ,,დედა-ენას” ეძახის, უფროს ქალაქს, – ,,დედა-ქალაქს,”  მკვიდრ და დიდ ბოძს სახლისას, – ,,დედა-ბოძს,” უდიდესსა და უმაგრეს ბურჯს, – ,,დედა-ბურჯს, სამთავრო აზრს, – ,,დედა-აზრს,” გუთნის განმგებელი მამაკაცს კი – ,,გუთნის-დედას”.
რამდენად განდიდებულია მნიშვნელობა დედისა! ”
ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა მას შემდეგ, რაც საქართველო ღმრთისმშობლის წილხვედრი გახდა. ღმრთის საიდუმლო განგებულებით, კვართი უფლისა საქართველოში ჩამობრძანდა და მცხეთაში დაიფლა. მისი აქ დაკრძალვა არ ნიშნავს მხოლოდ ამ ლოკალური ადგილის მონიშვნას; სასწაულთმომქმედი უკერველი კვართი მაცხოვრისა მთელმა საქართველომ შეიმოსა, ხოლო ყოვლადწმიდა მარიამს, ამავე საიდუმლო განგებულებით, ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული მფარველობა დაევალა.
ჩვენი მეოხია იგი, რომელიც დამხსნელია ადამის წყევისა, აღმასრულებელი ევას თანანადებისა, წმიდა შესაწირია აბელისა, სამკაულია სეითისა, სათნოყოფაა ენუქისა, კიდობანია პირმეტყველი ნოესი, დიდებაა მელქისედეკის მეფობისა და მღვდლობისა, რომელიც სიმტკიცეა აბრაამის სარწმუნოებისა, ზეცად მიწევნული კიბეა იაკობისი, ღმრთივწერილი წიგნია მოსესი, კვერთხია იგი განედლებული და აღყვავებული აარონისი, ძლევაი ისუ ნავესი, გზაა მშვენიერი ელიას ამაღლებისა, მრჩობლი კურთხევაა ელისეს ხალენისა, წინასწარმეტყველთა ქადაგებაა და სიტყვათა მათთა აღსრულება.
აი, ამ საოცარი ქალწულის მიერ ჩვენს განსანათლებლად და გადასარჩენად წარმოგზავნილი ანდრია მოციქულის, წმიდა ნინოსა და სხვა წმიდანთა მადლით საქართველომ, ხალხის დიდი მსხვერპლშეწირვისა და ძალისხმევის ფასად, საუკუნეთა მანძილზე გაუძლო ყოველი მხრიდან შემოსეულ მომხდურს; დღეს კი კიდევ უფრო დიდი გამოცდის წინაშე ვდგავართ.

ყველამ, ერმაც და ბერმაც, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, საკუთარი ოჯახიცა და თავიც, პირველ რიგში, ჩვენი ცხოვრება უნდა გამოვასწოროთ; ჩვენში და ჩვენს შორის დაბუდებული ცოდვა და მისი შედეგი, – სიკვდილი უნდა დავძლიოთ და სიკეთისა და სიცოცხლის გამარჯვება ვიზეიმოთ.
მაცხოვრის შობის ამ ბრწყინვალე დღეს ზეცა ივსება ანგელოზთა საგალობლით: ,,დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.” ბეთლემელი მწყემსებიც და ქალდეველნი მოგვნიც კვლავ მიიჩქარიან, რათა თაყვანი სცენ ყრმა იესოს და ყოვლადწმიდა ქალწულს.
ჩვენც მოვიყაროთ მუხლნი გულისა ჩვენისანი წინაშე უფლისა და დედაღმრთისმშობელს შევთხოვოთ, განგვიღოს მოწყალებისა კარი, რათა მადლით აღავსოს ყოველნი მორჩილებით მისგან წყალობის მომლოდინენი.
მაშ, განვიწმინდოთ სული, გონება და გული, ჩვენი ზრახვა და გრძნობები, ვაპატიოთ და შევურიგდეთ ერთმანეთს, რათა ღირს ვიქმნეთ, მივეგებოთ ბეთლემში შობილ მაცხოვარს და ცოდვებისაგან განთავისუფლებულებმა, აღმოვსთქვათ:  ემმანუელ, – ჩვენთან არს ღმერთი!
ღმერთს ებარებოდეთ.
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა.
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი

თბილისი, შობა ქრისტესი,
2014-2015 წელი.

]]>
https://www.pemptousia.ge/2015/01/22/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%94/feed/ 3353
საუბარი უფლის ფერისცვალებაზე – 2 https://www.pemptousia.ge/2014/08/23/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a-2/ https://www.pemptousia.ge/2014/08/23/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a-2/#comments Sat, 23 Aug 2014 22:36:28 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=46171 თუმცა, ჩვენი ყურადღება სხვა რამეზეც უნდა გავამახვილოთ. გვმართებს გავიხსენოთ, რომ ის ხალხი, რომელიც უფლის ქადაგებას ეზიარებოდა, ამბობდა, რომ იგი ელია იყო, ზოგიერთი მას იერემიად ან რომელიმე სხვა წინასწარმეტყველად თვლიდა. ქრისტემ იმ მთის მწვერვალზე, სადაც მოხდა მისი ფერისცვალება კორიფეები იხმო, იმისათვის, რომ გამოაშკარავებულიყო თვალსაჩინო განსხვავება მონებსა და ბატონს შორის.

metamorfosi 10

გარდა ამისა, კიდევ ერთ განმარტებაზე გვმართებს ყურადღების გამახვილება. ებრაელები გამუდმებით კიცხავდნენ უფალს იმის გამო, რომ იგი არღვევდა სჯულის კანონს. იესოს ასევე ღმერთის შეურაცხყოფაში და იმ დიდების მითვისებაში ადანაშაულებდნენ, რომელიც მას არ ეკუთვნოდა, არამედ – მამა ღმერთს. ისინი ამგვარად ამბობდნენ: „ესე კაცი არა არს ღმრთისაგან, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს“ (იოვანე 9,16) ან – „კეთილისა საქმისათჳის ქვასა არა დაგკრებთ შენ, არამედ გმობისათჳს, და რამეთუ კაცი ხარ შენ და გიყოფიეს თავი შენი ღმერთ“ (იოვანე 10, 33). მაშასადამე, იესო თავისთან იხმობს მოსესა და ელიას, ორ კაცს, რომელნიც სხვათაგან უფლის ნების დაცვით გამოირჩეოდნენ, სწორედ იმისათვის, რათა ცხადყოს, რომ ორივე დანაშაულის გამო წამოყენებული ბრალდება სათავეს მხოლოდ და მხოლოდ ბოროტი საბაბიდან იღებს. და მიუხედავად იმისა, რომ იესო ორივეგან უდანაშაულოა, რადგან მას ბრალს ვერც სჯულის კანონის დარღვევაში სდებენ და ვერც შეუფერებელი დიდების მითვისებაში, მათ წინაშე ამტკიცებს, რომ იგი მამის თანასწორია. სწორედ ხომ მოსე იყო ის კაცი, ვინც ამ ხალხს სჯულის კანონი მისცა, ხოლო იუდეველები კი ფიქრობდნენ, რომ იესო თითქოსდა არ იცავდა და არღვევდა კანონს. თავად ელიაც, რომელიც ღმრთის დიდების გამარჯვებისთვის იღვწოდა, განა კი დაემორჩილებოდა ან წინააღმდეგობას არ გამოხატავდა იმის გამო, რომ იესო თავს ღმრთის თანაბრად აცხადებდა? მართლაც რომ არ ყოფილიყო იგი ღმრთის თანასწორი, ანდა მას რომ გაეკეთებინა ის, რაც არ შეჰფეროდა?

არსებობს ამ კონტაქტის კიდევ ერთი მიზეზი, რაზეც ყურადღების გამახვილება აუცილებელია. ქრისტემ ფერი იცვალა იმის გამო, რათა ყველასთვის ეუწყებინა, რომ იგი თანაბრად მეუფებს, როგორც სიცოცხლეზე, ისე – სიკვდილზე. ამიტომაც გამოჰყავს მას ცოცხალი ელია, რომელიც ვიცით რომ ცოცლად იქნა აღტაცებული ზეცად, და მიცვალებული მოსე. გარდა ამისა, მთის მწვერვალზე მყოფი მოსე და ელია მოჩვენებების მსგავსად მდუმარენი კი არ არიან, არამედ ერთმანეთში ქრისტეს იერუსალიმში სახელოვან შესვლაზე, ანუ მის წამებაზე, ჯვარზე სიკვდილზე და აღგომაზე საუბრობენ.

როგორც სახარება გადმოგვცემს, იმ დროს, როდესაც ქრისტე ლოცვაში იყო ჩაფლული, ნეტარი მოწაფენი ძილს თავს ვერ ართმევდნენ, ბოლოს კი ჩაეძინათ – ადამიანური მოთხოვნილების მიმართ რაოდენი შეწყნარებაა. თუმცა, მოგვიანებით გამოეღვიძათ და უფლის სათაყვანებელი და სასწაული ფერისცვალება იხილეს. მაშინ ყველასაგან გამორჩეულმა პეტრემ გაიფიქრა, იქნებ დადგაო ღმრთის ბატონობის ზეიმობის ჟამი. და როდესაც იგი აცხადებს თავის წინადადებას, სთავაზობს, რომ დადგან სამი კარავი, ისე რომ თავადაც ვერ აცნობიერებს, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას. მაგრამ ჯერ კიდევ არ იყო დამდგარი საუკუნეთა ციკლის დასრულების ჟამი, და არც შესაბამისი დრო იყო იმისათვის, რომ დამტკბარიყვნენ რჩეულნი აღთქმულ იმედში მონაწილეობით. პავლე ხომ ამგვარად ამბობს: „რომელმან გარდაცვალნეს ჴორცნი ესე სიმდაბლისა ჩუენისანი, რაჲთა იყვნენ იგინი თანა-ჴატ ხორცთა მათ დიდებისა მისისათა შეწევნისაებრ ძლიერებისა მისისა, დამორჩილებად მისა ყოველი“ (ფილიპელთა მიმართ 3, 21), ანუ ქრისტესი. ადამიანთა გამოხსნის მიზნით განხორციელებული ღმრთის კიდევ ერთი ჩანაფიქრი ჯერ კიდევ საწყისს პროცესში იმყოფებოდა და სრულიადაც არ იყო ის დასრულებული. განა კი შესაძლებელი იყო, რომ ქრისტეს, რომელიც დედამიწაზე სამყაროსადმი თავისი სიყვარულის გამო მოვიდა, შეეწყვიტა მისი გულისთვის თავის გაწირვა? სწორედ ამგვარად იხსნა მან კაცთა მთლიანი მოდგმა, რომელიც სხეულებრივ სიკვდილს დაითმენდა და ამასთან ერთად, არც მისი მკვდრეთით აღდგომა ხდებოდა. სრულიად ნათელია, რომ პეტრეს ზუსტად არ ჰქონდა გაცნობიერებული თავისი ნათქვამი.

ამასთანავე, ქრისტეს სასწაული და ენით აღუწერელი დიდების გამოაშკარავებასთან ერთად განხორციელდა ასევე სხვა რამ, რაც როგორც მის მოწაფეებში, ისე ჩვეულებრივ ქრისტიანთა რიგებშიც ქრისტესადმი რწმენის გამყარებისთვის საჭირო და აუცილებელი იყო. ზეციდან მამა ღმერთის ხმა გაისმა, რომელმაც თქვა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ“ (მათე, 17,5). და როგორც კი გაისმა ხმა, ამბობს მახარებელი, მათ ვერავინ იხილეს, გარდა მხოლოდ ქრისტესი. რას იტყოდა ამაზე ჯიუტი იუდეველი, რომელიც ძნელად იგებს და რომელსაც კიდევ უფრო ძნელად სწამს, რადგან მისი გულიდან გამოსული სიმკაცრე ფარავს ჭკუის სწავლების ზღვარს? აი! მაშინ როდესაც იქ იმყოფება მოსე, მამა ღმერთი რჩევას აძლევს წმიდა მოციქულებს, რომ ისინი დაემორჩილონ მას. მაგრამ თუკი, მამა ღმერთის სურვილი იქნებოდა მოსეს მცნებების დაცვა, მაშინ მათ ეტყოდა დამორჩილებოდნენ მოსეს და რჯულის კანონის ერთგულნი დარჩენილიყვნენ. ახლა კი მამა ღმერთი მოსესა და ელია წინასწარმეტყველის წინაშე ამბობს ასეთ რამეს და მათ უბრძანებს, რომ პირიქით, ისინი დაემორჩილონ ქრისტეს. რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ არ წამოჭრილიყო გაუგებრობა ვინმეს მხრიდან, ვინც კი იფიქრებდა, რომ მათ მამა ღმერთმა უბრძანა, რომ დამორჩილებოდნენ მოსეს და არა ჩვენ მხსნელს – ქრისტეს, მოციქული გარკვევით აღნიშნავს, რომ როდესაც გაისმა ღმრთის ხმა, იესო მთის მწვერვალზე მარტოდმარტო იმყოფებოდა. მართლაც, როდესაც მამა ღმერთმა თითქოსდა ღრუბლებიდან უბრძანა წმიდა მოციქულებს, თქვა რა, რომ „მაგისი ისმინეთ“, მოსე უკვე წასული იყო და არც ელია წინასწარმეტყველი იმყოფებოდა იქ. მხოლოდ ქრისტე იყო მათ წინაშე. ამგვარად არ არსებობს არანაირი ეჭვი იმის შესახებ, რომ მათ ქრისტესადმი მორჩილება უბრძანა. ამგვარად, ქრისტეა კანონისა და მოციქულების მიზანი და განსრულება. და ზუსტად ამის გამო, იესო ხმამაღლა იუწყებოდა იუდეველი ხალხის მისამართით: „უკუეთუმცა გრწმენა მოსესი, გრწმენამცა ჩემიცა, რამეთუ მან ჩემთჳს დაწერა“ (იოვანე 5, 46).

ხოლო რადგანაც იუდეველებმა, უგულებელყვეს ყოვლად ბრძენი მოსეს მცნება, ყურადღება არ მიაქციეს ღმრთის სიტყვას, რომელიც მათ წმიდა წინასწარმეტყველების მიერ გადაეცათ, ბოლომდე დარჩნენ მიჯაჭვულნი თავიანთ შეცდომაზე და სამუდამოდ დაცილდნენ იმ მადლს, რომელიც მათ უფალმა მათი შვილებისათვის აღუთქვა. „რამეთუ ფრიად უმჯობეს არს მსხუერპლთა დამორჩილება და სმენად ბრძანება უფლისა უფროს ცმელისა ვერძთასა!” (I მეფეთა 15,22), როგორც ეს არის დაწერილი.

თუმცა, იუდეველებისაგან განსხვავებით, ჩვენ, ვინც ეჭვს გარეშე ვაღიარეთ ღმრთის გაცხადება, ნეტავ ყოველმხრივ დავტკბეთ ყველა იმ მადლით, რაც ამქვეყნად ქრისტეს მოსვლამ გამოიწვია, რომლის გამო და რომელთან ერთადაც დაე იდიდოს და იბატონოს მამა ღმერთმა და სული წმიდამ დაუსრულებელი საუკუნეების მანძილზე. ამინ!

წყარო: „ფერისცვალება“, გამომცემლობა აკრიტა, გვ. 41-47

]]> https://www.pemptousia.ge/2014/08/23/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a-2/feed/ 3976 საუბარი უფლის ფერისცვალებაზე – 1 https://www.pemptousia.ge/2014/08/21/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94/ https://www.pemptousia.ge/2014/08/21/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94/#comments Thu, 21 Aug 2014 04:00:26 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=46167 ქრისტე არის მიზანი და სრულყოფა სჯულის კანონის და წინასწარმეტყველთა

კარგ სპორტსმენებს სიამოვნებას მაყურებელთა ტაში ჰგვრის, ისინი ჯილდოს მოლოდინში ვარჯიშობენ და ემზადებიან იმ გამარჯვებისთვის, რომელიც მათ ეკუთვნით. იგივე შეიძლება ითქვას მათზე, რომელნიც იმ სიამოვნების მიღებისკენ ისწრაფვიან, რაც ღმრთიური წყალობის მიღებითაა შესაძლებელი, რომლებიც იმისათვის იღვწიან, რომ წმიდანებისათვის განკუთვნილი მარადიული ცხოვრების ღირსნი გახდნენ, რომელნიც დიდი თავგამოდებით თავის თავზე დაითმენენ იმ ბრძოლებს, რაც ქრისტიანულ ღმრთისმოშიშებას თან ზდევს ხოლმე და სათნოების სიმაღლემდე მიღწევას ახერხებენ, რადგან უარყოფენ სრულიად ადვილ, სიზარმაცისა და არავაჟკაცური სიმხდალის გზას. ამის საწინააღმდეგოდ, ისინი უშიშრად ებრძვიან ყოველგვარ ცდუნებას, გულგრილად ხვდებიან მათ მიმართ განხორციელებულ ყოველგვარ დევნას, ბედნიერებად და სიმდიდრედ მიიჩნევენ ქრისტეს გამო დათმენილ ტანჯვა-წამებას. და ამ ყოველივეს იმის გამო სჩადიან, რომ არასდროს ივიწყებენ პავლე მოციქულის მიერ დაწერილს: „ვითარმედ ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ“ (რომაელთა მიმართ 8, 18).

metam

თავად ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ საჭიროებას მორგებული საოცარი მეთოდი გამოიყენა იმისათვის, რომ დახმარებოდა წმიდა მოციქულებს, რათა ისინი ამ საკითხს ჩასწვდომოდნენ. მათ უთხრა: „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე. რამეთუ უკუეთუ ვისმე უნდეს სული თჳსი განრინებად, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი.“ (მათე 16, 24-25). ქრისტეს სწორედ ეს რჩევა-დარიგება არის ხსნა. იგი ერგება რჩეულებს, უზრუნველყოფს მარადიულ დიდებას და ამა თუ იმ ადამიანს აიძულებს მოუთმენლად დაელოდოს სიცოცხლის დასასრულს. რადგანაც მისი არჩევანი – ქრისტეს წყალობისათვის ტანჯვა, არ დარჩება საზღაურის გარეშე. არამედ პირიქით, მას შედეგად მარადიული სიცოცხლისა და დიდების სიტკბოება მოჰყვება.

რამდენადაც, იმ ეპოქაში, როდესაც მოწაფეებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ სული წმიდისაგან შთაგონებული ძალა, ბუნებრივია, რომ ისინი შეპყრობილნი იყვნენ ადამიანური უძლურებით. ამგვარად, ჭოჭმანის გარეშე გაიელვა მათ გონებაში შემდეგმა კითხვებმა: მაგრამ როგორ არის შესაძლებელი, რომ ვინმემ უარყოს თავი თჳსი? ან როგორ ხდება ეს, როცა ვინმე კვლავ მოიპოვებს თავის სიცოცხლეს ან დაკარგავს მას? ან რომელ თანაბარ ჯილდოს უნდა დაელოდოს ის, ვინც საკუთარ სიცოცხლეს გაიღებს? ან რომელ წყალობას უნდა მოელოდნენ? მაშასადამე იმისათვის, რომ ქრისტემ მათი ფიქრები ეჭვებისგან გაათავისუფლოს, დაიცვას ისინი, რომ მათ თავი ამგვარი ეჭვების მახეში არ ამოყონ, რაიმე ხერხის მეშვეობით შთააგონოს გაბედული რწმენა იმისათვის, რომ მათში დაიბადოს გულმოდგინება იმ დიდებისთვის, რომელიც მათ შესთავაზა, ეუბნება: „ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა“ (მათე 16, 28; მარკოზი 9,1; ლუკა 9,27). საინტერესოა, განა შესაძლებელი იქნებოდა, რომ გაგრძელებულიყო მათი ცხოვრების პერიოდი ისე, რომ მათ მიეღწიათ იმ დრომდე, როდესაც დასრულდებოდა სამყაროს განსაზღვრული სვლა, ზეციდან ჩამოვიდოდა უფალი იმისათვის, რომ რჩეულთათვის აღქმული სამეფო მიეჩინა? რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, ღმრთის მიერ ამგვარი რაიმეს განხორციელებაც შესაძლებელი იყო. უფალს ხომ ყოველივე ძალუძს, არაფერი არსებობს მიუღწეველი ან განუკურნებელი მისი ყოვლისშემძლე მარჯვენასათვის. და მაინც, მეუფებას უწოდებს დიდების სახეს, რომელშიც მაშინ აღმოჩნდება, როდესაც დედამიწა მისი მყოფობით გაბრწყინდება. მაშინ რატომ მოვა მამა ღმერთის დიდებით გარშემორტყმული და არა ადამიანური უმნიშვნელობებით მოსილი.

მაშ, როგორ სთავაზობს ამ სასწაულის სახეს მათ, ვისაც დაპირება მისცა? ადის მთაზე და თან მიჰყავს ყველაზე რჩეულთაგან სამი. ფერს იცვლის გამოსცემს რა ყველაზე გამორჩეულ სიკაშკაშეს, რომელიც მხოლოდ ღმრთისთვის არის შესაფერისი, ისე, რომ სინათლის ანარეკლისგან მისი სამოსი გამჭვირვალე ხდება. იგი მოსესა და ელიას მიერაა გარშემორტყმული, რომლებიც ერთმანეთში საუბრობენ: „და იტყოდეს განსლვასა მას მისსა, რომელი ეგულებოდა აღსრულებად იერუსალჱმს“ (ლუკა 9, 31), ანუ უფლის განკაცების ჩანაფიქრის საიდუმლოზე, მის ტანჯვაზე, ვგულისხმობ, გადამრჩენელ პატიოსან ჯვარზე. გარდა ამისა, ჭეშმარიტებაა, რომ მოსეს სჯულის კანონსა და წმიდა წინასწარმეტყველთა გამოცხადებებს ქრისტეს საიდუმლოზე წინასწარ ნაუწყები ჰქონდათ. განსაკუთრებულად სჯულის კანონი იუწყებოდა ქრისტეს მოსვლაზე სიმბოლოებითა და დიაგრამებით, რომლებიც, თითქოსდა, დაფაზე იყო გადმოწერილი, ასევე – წინასწარმეტყველნი სხვადასხვა კონკრეტული ფრაზებით, როგორც მაგალითად ის, რომ უფალი ოდესმე გამოგვეცხადებოდა ჩვენი საკუთარი ადამიანური სახით, და რომ ყველა ჩვენთაგანის ხსნისა და გადარჩენისათვის უარს დამცირებასა და ჯვარზე სიკვდილზეც კი არ იტყოდა. ამგვარად, მოსესა და ელიას გამოჩენა, და მათ შორის საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ ფილანთროპული ზრუნვა, რაც მიზნად ისახავდა ჩვენი უფლის – იესო ქრისტეს – სჯულის კანონისა და წინასწარმეტყველთა მიერ, როგორც მათი უდაო ბრძანებლის, წარდგენას, რაც მათ მიერ ორმხრივი ურთიერთშეთანხმებით წინასწარ იყო ნაუწყები. იმიტომ, რომ სრულიადაც არ ეწინააღმდეგება სჯულის კანონის შინაარსი წინასწარმეტყველთა მიერ ნაუწყებს. იმისათვის, რომ სწორედ ეს ყოფილიყო გამჟღავნებული, გამოჩნდნენ ერთმანეთში მოსაუბრე წმიდა მოსე და წინასწარმეტყველებს შორის ყველაზე გამორჩეული – ელია.

                                                                                                                                 [გაგრძელდება]

]]> https://www.pemptousia.ge/2014/08/21/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94/feed/ 3159 ილია II – სააღდგომო ეპისტოლე https://www.pemptousia.ge/2014/04/22/%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90-ii-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%93%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%9d-%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%94/ https://www.pemptousia.ge/2014/04/22/%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90-ii-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%93%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%9d-%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%94/#comments Tue, 22 Apr 2014 20:40:31 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=47003 სააღდგომო ეპისტოლე

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II სააღდგომო ეპისტოლე.

Patriarxis Ilia II 115 sml

,,წყალობაი და ჭეშმარიტებაი შეიმთხვივნეს,

სიმართლემან და მშვიდობამან ამბორს-უყვეს” (ფს. 84,10).

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მამანო და დედანო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, სასულიერო და საერო დასნო, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

ქრისტე აღდგა!

აღდგომის მადლითა და სიხარულით აღვსილი ვადიდებთ უფალს და თქვენ ყოველთა გულითადად გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.

აღსრულდა!

აღსრულდა ის, რაც განჩინებული იყო უწინარეს საუკუნეთა!

,,ვნებითა მით შენითა, ქრისტე, ვნებათაგან განვთავისუფლდით და აღდგომითა შენითა ხრწნილებისაგან ვიხსენით, უფალო, დიდება შენდა!”

49 დღე ემზადებოდნენ მორწმუნენი ამ ზეიმის შესახვედრად.

შვიდი კვირის განმავლობაში ყველანი ვცდილობდით სულიერი კიბით ზესვლას, რათა ძალისამებრ ჩვენისა მომზადებულნი ვზიარებოდით პასექის სიხარულს, რომლის სადიდებელად ენა ამაოდ დაშვრება, რადგან ადამიანური მეტყველება უძლურია, გადმოსცეს ღმრთის სიყვარულის ის საოცარი გამოვლინება, რისი მომსწრე და მხილველიც კაცთა მოდგმა 1981 წლის წინ გახდა.

აღდგომა, ეს არის ნეტარ მარადისობასთან ზიარების, წარუვალი სიკეთისა და სიხარულის მაუწყებელი დღე.

,,სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი?

სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი?” (I კორ, 15,55).

ქრისტე აღდგა! გიხაროდეთ!

გარდა იმისა, რომ მაცხოვარმა ჩვენმა ბოროტება შემუსრა, თითოეულ ჩვენგანს უჩვენა გზა ხსნისა, უჩვენა მაგალითი ცხოვრებისა, ისეთი სიცოცხლისა, რომელიც ჭეშმარიტ ბედნიერებასთანაა დაკავშირებული. ბედნიერება, ეს არის ის ცნება, ის მდგომარეობა, რომელსაც ესწრაფვის ყველა ადამიანი, არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნისა და ერის წარმომადგენელია იგი. ოღონდ, რა თქმა უნდა, ბედნიერებას ესა თუ ის პიროვნება სხვადასხვანაირად აღიქვამს. მთავარი განსხვავება კი ის არის, რომ ზოგნი ამას ღმერთთან სიახლოვეში ხედავენ, ზოგნი კი, მის გარეშე მოიაზრებენ.

ამ გაორებას სათავე სამოთხეში დაედო.

ღმერთთან ერთობის პერიოდში ადამი და ევა აქ უზრუნველად ცხოვრობდნენ, მაგრამ, როდესაც მათ, საკუთარი თავის კიდევ უფრო მეტად განდიდების მიზნით, უფლის დარიგება უგულებელყვეს, ქვენა მიდრეკილებებს გაუხსნეს კარი და თვითონაც და მათი შთამომავლობაც გაორდა:

კაენის სულის მქონეთ ღმერთს ზურგი აქციეს და დაემონნენ ეგოისტურ ზრახვებს, ამბიციას, ხორციელ და გრძნობად მოთხოვნილებებს: ისინი ცდილობენ აქ, ამ წუთისოფელში, მიიღონ შესაძლო პატივი, სიმდიდრე, სიამოვნება… იმქვეყნიური ცხოვრებისა კი ან არ სწამთ, ან ამ თემაზე საკუთარი წარმოდგენა აქვთ და ყველაფერს სათავისოდ განსჯიან.

აბელ-სეითის გზით მავალნი კი ბედნიერებას მხოლოდ უფლის წიაღს უკავშირებენ.

მათთვის მიწიერი ცხოვრება, ეს არის სამოთხიდან განდევნილთა ადგილი, ის დრო და სივრცე, სადაც ადამიანმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს თავისი ხვედრი და შეამზადოს თავისი მარადიული მომავალი.

ასეთი პიროვნებებისათვის ადამიანური ნამდვილი ბედნიერების საიდუმლო შემოქმედის ამ სიტყვებშია გაცხადებული: ,,შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ეს არის პირველი მცნებაჲ. მეორე არის: შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი შენი” (მარკოზი 12, 30-31).

პირველი მცნება გულისხმობს ღმრთისადმი ისეთ სიყვარულს, რომელიც ყველაზე ძლიერი უნდა იყოს ჩვენში.

– როგორ მივხვდეთ, ვართ თუ არა ამ განწყობით?

– შემოქმედზე წინ არ უნდა დავაყენოთ არავისი და არაფრის სიყვარული და ამასთან, ყოველივე ჩვენს თავზე მოწევნული, – სიხარული თუ განსაცდელი, – უნდა მივიღოთ მადლიერებით.

– განა თუნდაც მშობლების ან შვილებისადმი გამორჩეული სიყვარული სწორი არ არის?

– ქრისტიანობა სიყვარულის სარწმუნოებაა, გულმხურვალე, თავგანწირული სიყვარულის რელიგიაა და, ბუნებრივია, ახლობლებისადმი დიდი სითბოსა და მზრუნველობის გამოჩენა არა თუ კარგია, ჩვენი ვალდებულებაა. ამის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, მაგრამ ჩვენც, ჩვენს მშობლებსა და მათ წინაპართ, ისევე როგორც ჩვენს შვილებს და მათ შთამომავლებს, სიცოცხლეც და სხვა ყოველივე სიკეთეც უფლისაგან მოგვეცა. იგი არის ყველაზე დიდი მშობელი, ყველაზე დიდი ახლობელი ყველასათვის, ყველაზე მართალი და გულწრფელი გულშემატკივარი, იმედი და ნუგეშინისმცემელი ჩვენი.

ამიტომაც, როცა, თუნდაც, მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს საჭიროა ჩვენთვის.

– მაგალითად, შვილის გარდაცვალებაც?

– რა თქმა უნდა, ეს უდიდესი ტკივილია და ბოლომდე ღმრთის განგებულებას ვერავინ ჩაწვდება. თუმცა, ასეთ შემთხვევებში ვხედავ იმ აზრს, რომ უფალს ადამიანი თუნდაც ახალგაზრდა, გაყავს ამ ქვეყნიდან მისი ცხონებისათვის საუკეთესო პერიოდში. და, ბუნებრივია, იგი ცათა შინაც შესაფერის ადგილს დაიმკვიდრებს; ხოლო ის ტკივილი, რაც მშობლებს, ნათესავებსა და მეგობრებს მიეყენებათ, კიდევ ერთხელ დააფიქრებთ მათ სიცოცხლის საზრისზე, მთავარ ღირებულებებზე, ცხოვრების წესზე, ზესთასოფელზე. . .. ყოველივე ეს კი იწვევს ფერისცვალებასა და უკეთესობისაკენ მათ შეცვლას. ანუ, ფაქტობრივად, ეს ახალგაზრდები მიზეზნი ხდებიან თავისი ახლობლების სულიერი გადარჩენისაც, რაც უდიდესი მადლია იმ ქვეყნად წასულთათვისაც და აქ მყოფთათვისაც;

ხოლო თუ ამ ხალხს ასეთმა განსაცდელმაც ვერ უშველა, ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ მათს გულებში უფლის ადგილი არც არასოდეს იქნება.

– და რაკი ადამიანი გამუდმებით სცოდავს, მითუმეტეს ჩვენს დროში, განსაცდელებით ამიტომ ვართ სავსენი?

– ეს, მართლაც ასეა. დემონი ყოველნაირად ცდილობს თითოეული ადამიანის სული მიიზიდოს და მიიტაცოს. სთესავს მასში ეჭვსა და ურწმუნოებას, ყველაფრისადმი ზერელე დამოკიდებულებას, ბინდავს გონებას ათასგვარი სიამოვნებით და თვალსაწიერს მხოლოდ წუთისოფლით უფარგლავს, რათა იგი გონს არ მოეგოს და ხელიდან არ დაუსხლტეს.

ასე იყო ყოველთვის, ასეა დღესაც, თუმცა თანამედროვე ჩვენი ყოფა უფრო დამძიმდა და დასნეულდა, რადგან მასიურად ხდება წახალისება ცოდვის პროპაგანდისა. ბოროტის შემოტევის ასეთი ფართო მასშტაბები ადრე არ იყო. ადრე დევნიდნენ და აწამებდნენ მორწმუნეებს, ანგრევდნენ ტაძრებს, შეურაცხყოფდნენ სიწმინდეთ, მაგრამ ზნეობაზე სიტყვით მაინც უარს არ ამბობდნენ.

თანამედროვე ფსევდო-ლიბერალიზმს კი სურს, მოსპოს ცნება ცოდვა. მათი აზრით, ცოდვის განცდა თურმე ზედმეტად ,,ბოჭავს” ადამიანს და ,,თავისუფლებას” აკარგვინებს. ამიტომაც უნდათ, გააქრონ მორალი და მასთან ერთად სინდისის ქენჯნაც. იერიში მიტანილი აქვთ ზნეობაზე, რაც დღეს უკვე გულისხმობს ბრძოლას არა მარტო რელიგიურ მცნებებთან, არამედ საყოველთაო, ზოგადადამიანურ ღირებულებებთანაც, ფაქტობრივად, ისინი ცხოველებზე უფრო დაბალი ცხოვრების წესს სთავაზობენ საზოგადოებას და სრული სულიერი გადაგვარებისაკენ უბიძგებენ. აჩვენებენ სადიზმითა და სექსოპათიით გაჯერებულ ფილმებს და თან ,,გართობის” მიზნით სხვადასხვა ,,შოუსა” და გადაცემებში ირონიით საუბრობენ ადამიანურ ღირსებებზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, რათა, მათი თქმით, ხალხი ,,განკურნონ ნევროზისა და ფობიებისაგან.”

ეს მეთოდიკა ისეთი ფორმით ინერგება, რომ ზოგჯერ თვით ამ ,,სპექტაკლების” მონაწილეთაც არ ესმით, სინამდვილეში რას ემსახურებიან და რატომ აქვთ ასეთი დაკვეთები. ვითომ ორიგინალობის და სიახლის შემოტანის სურვილით აკეთებინებენ ამას, სინამდვილეში კი საყოველთაო ურწმუნოებასა და ეშმაკეულ ცნობიერებას ამკვიდრებინებენ, რითაც, რა თქმა უნდა, ღმერთს განარისხებენ:

,,ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცდური. მისთვის უმჯობესი იქნებოდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ (მათე 18,6, 18,7) – ბრძანებს უფალი.

ბუნებრივია, ადამიანის ისედაც სუსტ ბუნებას უჭირს გაუძლოს ბოროტის ამდენ მახეს. ამიტომაც, სახეზე გვაქვს საყოველთაო დაცემა და ამ ფონზე არც მართლმადიდებლები არიან განსხვავებულ მდგომარეობაში. მათ შორისაც გახშირდა სიცრუე და ღალატი, ეგოისტური მიდგომები, უარის თქმა ოჯახურ ვალდებულებებზე, გულგრილობა. ყოველივე ეს კი სულიერ სამყაროში იწვევს სერიოზულ რღვევებს, რასაც ზოგიერთი გრძნობს, მაგრამ არ რეაგირებს, ზოგიერთი კი ვერც აცნობიერებს და აგრძელებს ცოდვასთან კავშირს.

მაგრამ თუ უფალს ეს ადამიანი უყვარს და არა ჰყავს მიტოვებული, მასზე ღმრთისაგან დაეშვება განსაცდელი (ან განსაცდელები), რათა იგი გამოფხიზლდეს და დაფიქრდეს თავის მდგომარეობაზე.

ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ მოხდება გაცნობიერება დანაშაულისა და მისი გამოსყიდვა.

მე პირადად არაერთი ადამიანი მინახავს გულწრფელი აღსარებითა და ზიარებით მძიმე სენისაგან განკურნებულნი, ასევე რთული და, ერთი შეხედვით, გამოუვალი მდგომარეობიდან თავდახსნილნი; ეს ხომ დასჯა არ არის! იგი უფსკრულიდან ჩვენი ამოყვანაა, ჭუჭყისაგან ჩვენი გათავისუფლებაა.

ამიტომაც განსაცდელი მადლიერებით უნდა მივიღოთ.

ამასთან, ჩვენს თავში უნდა გავაძლიეროთ მებრძოლი სული, არ შევეგუოთ დაცემას, რამდენჯერაც არ უნდა შეგვემთხვას იგი, და ყოველთვის უნდა მოვძებნოთ ძალა ვნებათა დასათრგუნად, ასადგომად და გზის გასაგრძელებლად.

,,სასუფეველი ცათაჲ იიძულების, და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი,” (მათე 11,12.). ანუ სასუფეველი ცათა საკუთარ თავთან ჭიდილით, – ცოდვათა დაძლევით მოიპოვება და ვინც ამ ომში გაიმარჯვებს, ის დაიმკვიდრებს მას.

ვიმეორებ, ეს დაპირისპირება დღეს განსაკუთრებული სიმწვავით მიმდინარეობს. ბოროტი თავგამოდებით იბრძვის და ჩვენც თავგამოდებით გვმართებს დავიცვათ ჩვენი მეობა, ჩვენი სული, ჩვენი ღირებულებები.

მაცხოვარი ჭეშმარიტ ქრისტიანებს თავისიანებსა და რჩეულებს უწოდებს და ასე მოიხსენებს: ,,ვიცნი ჩემნი იგი და მიციან ჩემთა მათ” (იოანე 10,14).

როგორი დიდი წყალობაა, უფალს მიაჩნდე თავისიანად!

მე მინდა, მივმართო ჩვენს ხალხს, რომელმაც ბოლო პერიოდში მრავალი განსაცდელი გადაიტანა, – არ შედრკეთ! ეს ტკივილი, ეს მწუხარება სწორედაც ნიშანია იმისა, რომ უფალი ჩვენთანაა, რომ ღმერთს ვუყვარვართ და ამიტომაც გვწვრთვნის შეცოდებათა გამო.

– მართალია, სხვათა მსგავსად ჩვენც რთულ დროში გვიწევს ცხოვრება და ეს გავლენას ახდენს ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ მრავალი ტაძარი აიგო, ეკლესიები სავსეა ხალხით, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს. სხვაგან ასეთი პროცესები არ არის, თუმცა ისინი ჩვენზე უკეთ არიან. ჩვენ რა დავაშავეთ, რომ გამოცდის და განსაცდელების პერიოდი ასეთი ხანგრძლივი და მძიმე აღმოჩნდა?

– ჯერ ერთი, ვისაც ბევრი მიეცა, მეტიც მოეთხოვება. ჩვენს ხალხთან მიმართებაში სწორედ ეს ვითარებაა. ამასთან, მართალია, საზოგადოებაში დიდი დადებითი ძვრები მოხდა, მაგრამ მთავარი ნაკლოვანებები ჯერ კიდევ არ არის გამოსწორებული.

თითოეულმა ჩვენგანმა (ამჯერად ვგულისხმობ მხოლოდ მორწმუნეთ, მათ შორის სასულიერო პირებსაც) ჩავიხედოთ სულში და პირუთვნელად შევაფასოთ ჩვენი განწყობები და დამოკიდებულებები.

ვფიქრობ, ცოტანი არიან ისეთნი, რომელთა გულის ტახტზე უფალია დაბრძანებული. უმეტესი ნაწილი კი ძირითადად, სიტყვით და ნაწილობრივ კი, საქმითაც ღმრთის მადიდებელია, მაგრამ ბოლომდე მაინც არ არის მინდობილი ღმერთს.

ეს ჰგავს იმ პიროვნების მდგომარეობას, რომელმაც ცურვა არ იცის, ზღვის სანაპიროზე მხოლოდ ფეხს ისველებს და ზღვაში ცურვის სიყვარულზე კი საუბრობს.

რა თქმა უნდა, ათეისტური აზროვნებისაგან ხალხი მალევე ვერ განთავისუფლდება და ზემოთქმული ამის შედეგიც არის, მაგრამ უკვე დადგა დრო, მთავარი სულიერი ორიენტირების გასწორებისა; ხოლო თუ ეს ასე არ მოხდება, მთელი ჩვენი ძალისხმევა, ჩვენი ვედრება ამაო იქნება, რადგან არასწორად აღვლენილი ლოცვა ჰაერში განიბნევა და შედეგს ვერ გამოიღებს.

ჩვენი ცხოვრება, ჩვენი საქმიანობა, აზრი და ფიქრიც კი, შესაძლებლობისამებრ, ღმერთით უნდა იყოს განმსჭვალული და სწორებას მუდამ მასზე უნდა ვახდენდეთ. ასეთი დამოკიდებულება სასიცოცხლოდ აუცილებელი არის თითოეული ჩვენგანისთვის.

მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ, თავი დავიცვათ ცოდვისაგან და მივუახლოვდებით იმ მდგომარეობას, რაც დაცემამდე იყო შემოქმედსა და ჩვენს პირველმშობლებს შორის, – შევცურავთ უფლის სიყვარულის ოკეანეში და აღვივსებით მისი მადლითა და წყალობით.

ვინ არის მოყვასი და რატომ არის მისი სიყვარული ჩვენი გადარჩენისათვის, ასევე, აუცილებელი პირობა?

– მოყვასია ყველა, ვინც კი ცხოვრების გზაზე გხვდება. დაწყებული შენი ოჯახის წევრებიდან, ახლობლებიდან და მეგობრებიდან და დამთავრებული უცნობი, მაგრამ შენთან შეხებაში მყოფი პიროვნებებით; რა თქმა უნდა, ამათ რიცხვში შედიან ის ადამიანებიც, რომელთაც ჩვენ მტრებს ვუწოდებთ.

ახლობლებისა და ჩვენი მოყვარული ადამიანების სიყვარული რომ აუცილებელია, გასაგებია. ეს გრძნობა იმდენად ბუნებრივად მკვიდრობს ჩვენში, რომ აქ მოვალეობაზეც კი ლაპარაკი არ არის, ეს ჩვენი მოთხოვნილებაა.

ჩვენი ხალხის ხასიათის წარმოსაჩენად ორ მომენტს გავიხსენებ: თუკი ქვეყანამ გაუძლო ბოლო ოცი წლის დუხჭირ ცხოვრებას, ეს სწორედ მეგობრების, მეზობლების, ნათესავების ერთსულოვნებით მოხდა. უბრალო ადამიანები, თვითონაც არას- მქონენი, მასზე გაჭირვებულთ უშურველად უნაწილებდნენ თავის ლუკმას, რაც ბუნებრივად, დაუყვედრებლად ხდებოდა.

ეს ხომ გმირობის ტოლფასია!

თქვენ იცით, მე ყოველთვის მოვუწოდებდი და მოვუწოდებ უცხოეთში წასულ ქართველებს, დაბრუნდნენ სამშობლოში და აქ ეძიონ საშუალებები დასაქმებისა, თუნდაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მაგრამ არ შეიძლება არ დავაფასო ამ ადამიანების დიდი ნაწილის, განსაკუთრებით ქალბატონების, თავდადება, როგორც თავისი შვილების, ისე მეუღლეებისა და ახლობლების მიმართ.

მათ მიატოვეს ყველაფერი და უცხოეთში უმძიმესი შრომა არ ითაკილეს, რომ როგორმე ფიზიკურად გადაერჩინათ თავისი საყვარელი პიროვნებები.

ეს მოყვასის მიმართ შეწირული მსახურებაა.

– ჩვენს ურთიერთობებში დიდი პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც ცოდვას ვეხებით და წყენა და გულისტკენა ჩნდება. როგორ მოვიქცეთ?

– ცოდვის პირველი უცილობელი წამალი სინანულია.

თუ შენ ხარ დამნაშავე, ბუნებრივია, ბოდიში უნდა მოიხადო, აღიარო დანაშაული, მიხვიდე მასთან, ვისაც გული ატკინე და სთხოვო პატიება. ეს შენი ვალდებულებაა. თუმცა ადამიანებს ზოგჯერ უჭირთ ამ ნაბიჯის გადადგმა და პატივმოყვარეობის დაძლევა, რაც ფრიად სამწუხაროა.

– როგორ ვიგრძნოთ, გულით ვაპატიეთ, თუ არა სხვას დანაშაული?

– პატიება ნიშნავს არა მარტო იმას, რომ სამაგიეროს არ მიაგებ მას, არამედ იმასაც, რომ დაფარავ და არ განაცხადებ შენი შემცოდის ცოდვას. უფრო მაღალი საფეხური კი გულისხმობს იმ მდგომარეობას, როდესაც ამ ადამიანს შენ სიკეთით უპასუხებ.

– შეიძლება ნაკლებად შემცოდეს შეუნდო, მითუმეტეს, თუ იგი შენდობას ითხოვს, მაგრამ როგორ შევიყვარო მტრები, ისინი, რომელნიც უსამართლოდ, საშინლად გვექცევიან?

– ცოდვა, რა თქმა უნდა, არ არის ის, თუ ასეთ დამნაშავეს სამართლებრივ ფარგლებში პასუხს მოთხოვ, მაგრამ ეს ურთიერთობის შედარებით დაბალი დონეა.

საერთოდ კი, შენ უნდა მოინდომო, მას აუხსნა საქმის რეალური ვითარება, რომ გაღიზიანება დაიძლიოს; მაგრამ თუ ეს ქმედება ამაო გამოდგა, იგივე ახლა სხვათა საშუალებით გააკეთე; ხოლო თუ შედეგი ამ შემეთხვევაშიც ვერ მიიღე, ეცადე ღმრთის სადიდებელად დაითმინო ცილისწამება, რითაც შენს სხვა მრავალ ცოდვას აღხოცავ და სულიერადაც ამაღლდები; მაშინ ,,მტრის” შხამიანი ქმედებების მიღმა დაინახავ, რომ შენი შეურაცხმყოფელი, ფაქტობრივად, თავისი ნებით წირავს თავს შენი განწმენდისათვის და ამასთან, უღირსი საქციელის გამო, საკუთარ თავს გაუცნობიერებლად, ღმრთის რისხვას უმზადებს.

განა რა უნდა იყოს ამაზე მეტი სასჯელი მისთვის! შენ კი, თუ გონიერი ხარ, ასეთ პიროვნებაში დიდ კეთილისმყოფელს აღმოაჩენ, შეიბრალებ და შეიყვარებ მას.

ასე რომ, ჩვენი პირადი მტრის შეყვარება შესაძლებელია!

გავიხსენოთ მამა გაბრიელი (ურგებაძე),  – აღმსარებელი და სალოსი.

მოგეხსენებათ, სალოსობის ინსტიტუტი, ძველი დროიდანვე იყო ცნობილი მართლმადიდებლობაში, მაგრამ ამ გზით მავალნი ძალიან ცოტანი იყვნენ;

ისინი ყველას დასანახად ისე იქცევიან, რომ თავის არარაობას გაუსვან ხაზი და სხვათა თვალში დამცირდნენ. ანუ სალოსები მარტო კი არ ითმენდნენ შეურაცხყოფას, არამედ საზოგადოებაში ხელს უწყობდნენ მათზე უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რათა ყველასაგან ფარული, დიდი ღვაწლი ლოცვისა ეტვირთათ არა მარტო ცალკეული პიროვნებისა და ერისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის.

ასე იცხოვრა მამა გაბრიელმაც, – დაიმდაბლა თავი და ამიტომაც ამაღლდა.

არანაკლები მადლმოსილება აქვთ ბეთანიელ ბერებსაც, – არქიმანდრიტებს: გიორგი მხეიძესა და გიორგი-იოანეს(მაისურაძეს) და XX ს-ში გაბრწყინვებულ სხვა წმიდანებს (აღარაფერს ვამბობთ წინა საუკუნეებში მოღვაწე სხვა წმიდანებზე).

– გამოდის, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის მტერი არ არსებობს?

– მტერი არსებობს და მისი სახელი არის ბოროტი სული, ეშმაკი, რომელიც თავისი მიზნების განსახორციელებლად იყენებს ცალკეულ პიროვნებებს, განსაკუთრებით ურწმუნოთ. აი, ვინ უნდა გვძულდეს და მოვიძაგოთ. მისი გავლენის ქვეშ მოქცეული ადამიანები კი, – გვიყვარდეს და გვებრალებოდეს, როგორც სნეულნი და ვეცადოთ, ვუმკურნალოთ მათს წყლულებს.

არსებობს ასეთი მოკლე ლოცვა:

ღმერთო, აცხოვნე (უნდა ითქვას მაჭირვებელთა სახელი) და მისი ლოცვით მეც მაცხოვნე, – ამ სიტყვებში დიდი სიბრძნეა.

მაგრამ, მოგეხსენებათ, წამლობა ხშირად მწარეა, თუმცა მისი მიღება აუცილებელია ჩვენი გამოჯანმრთელებისთვის. ასეა ცხოვრებაშიც, სიყვარული არ ნიშნავს ყოველივეს პატიებას, დაუსჯელობას. უფალიც ხომ გვწვრთნის დანაშაულთა გამო! ამიტომაც, ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რომ სიყვარული არ ნიშნავს უმოქმედობას, რომ ჩვენ ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ ღირსების დაცვა და პატივმოყვარეობა, თავდაცვა და ძალადობა, სიმართლის თქმა და განკითხვა, მხილება და დაბეზღება, დათმენა და სისუსტე.

შეუძლებელია, შენი სახელმწიფოს მტრების მიმართ იყო გულგრილი და არ დაიცვა ქვეყანა, მისი წარსული და მომავალი როგორც სიტყვით, ისე ფიზიკურადაც.

შეუძლებელია, სიწმინდის ტოლფასად ცოდვის აღიარებას გაიძულებდნენ და ეს დაუშვა.

შეუძლებელია, მეგობარს, ზოგადად ადამიანს სასიკვდილოდ იმეტებდნენ, ან თუნდაც უსამართლოდ ეპყრობოდნენ და თანადგომა არ გაუწიო მას.

უკიდურესობები არაფერში არ ვარგა, მით უმეტეს, აზროვნებაში. ამ სფეროში უკიდურესობებს მივყავართ ან ფანატიზმამდე, ან ფსევდო-ლიბერალიზმამდე. ორივე გადახვევაა ჭეშმარიტებიდან და, ამდენად, მიუღებელიც.

პიროვნების სწორად ჩამოყალიბება დამოკიდებულია ოჯახში აღზრდაზე. ეს გარემო, სასწავლებელთან და ეკლესიასთან ერთად, გადამწყვეტ როლს ასრულებს ახალგაზრდის ფორმირებაში.

კომუნისტური რეჟიმის პირობებში ბევრი რამ დამახინჯდა, გაუკუღმართდა, მათ შორის, შვილებისადმი სიყვარულიც. მშობლები თავისი გაგებით უფრთხილდებიან მათ და ცდილობენ, ჰქონდეთ საუკეთესო ჩასაცმელი, არაფერი ეტკინოთ, არ ეწყინოთ, არ დაიღალონ, არამედ გაერთონ და ისიამოვნონ… ანუ უქმნიან სასათბურე პირობებს და თავისდაუნებურად ბავშვებში ეგოისტურ სულს აღაზევებენ.

ეს არის გაუცნობიერებელი მტრობა შვილების მიმართ!

ასეთი დამოკიდებულების შედეგად ახალგაზრდა უსუსური ხდება, არა აქვს შინაგანი სიმტკიცე, ხშირად იჩენს სიმხდალეს, მუდმივად ეძებს საყრდენს და სხვაზეა დამოკიდებული, დაქვეითებული აქვს აზროვნებაც და სიცოცხლისუნარიანობაც; ამასთან, არის ამბიციური და ,,მე”-ზე ორიენტირებული.

ეს ყველაფერი სხვადასხვა ეკონომიური შესაძლებლობის მქონე ფენაში სხვადასხვა სახით ვლინდება, თუმცა დიდ ნაწილში ერთი საერთო მდგომარეობა შეიმჩნევა, _ არსებულით დაკმაყოფილება, უინიაციტივობა და მიშვებულობა.

ხშირია შემთხვევები, როცა მათ ბევრი რამ აკლიათ, მაგრამ ეზარებათ ვითარების გამოსწორებისათვის ზრუნვა. შედარებით უკეთეს მდგომარეობაში მყოფნიც, ზედმეტად თავს არ იწუხებენ, რადგან არა აქვთ ძიების სურვილი. ეს მოსწავლეები და სტუდენტები ამთავრებენ რა სასწავლებელს, ამთავრებენ ურთიერთობას წიგნთან და მხოლოდ ინტერნეტის თამაშებით იქცევენ თავს.

ბევრი მიეჩვია უშრომელად, ან შედარებით იოლი საქმიანობით, თავის გატანას და აღარ ეძებს სხვა გზებს მდგომარეობის გამოსასწორებლად; ამასთან, თუ ერთხელ არ გაუმართლა მცდელობამ, უიმედობა იპყრობს, დეპრესიული ხდება და იწყებს ცხოვრების კიბეზე კიდევ უფრო დაღმა დაშვებას. ამიტომაც გამრავლდა ნარკომანია, ლოთობა, ქურდობა, მკვლელობა, აღვირახსნილობა… ეს ყველაფერი არასწორი აღზრდის შედეგია.

ჩვენი შვილები თავიდანვე ძლიერ პიროვნებებად უნდა აღვზარდოთ და, პირველ რიგში, ღმრთის სიყვარული და იმედი შთავუნერგოთ; იმედი იმისა, რომ თუ სწორად იცხოვრებენ, მარტონი არასოდეს იქნებიან და პრობლემებს უფლის შეწევნით აუცილებლად გადალახავენ.

ამასთან, პატარები უნდა მივაჩვიოთ შერიგებას, წყენის დავიწყებას, მეგობრებისადმი და, საერთოდ, ადამიანისადმი ერთგულებას, მადლიერებას, სხვის დახმარებას, სწორედ იმის გაღებას, რაც თვითონ ყველაზე მეტად უყვარს და სხვისი სიხარულით გახარებას, უნდა მივაჩვიოთ სამართლიანობას, ამტანობას, ტკივილის გაძლებას, რთულ სიტუაციაში გამოსავლის პოვნას, რა თქმა უნდა, შრომასა და წიგნის კითხვას; ანუ მოვამზადოთ ცხოვრებისათვის.

ფიზიკური და ინტელექტუალური დატვირთვა აუცილებელია ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად, რომ საჭიროების შემთხვევაში თავიც დაიცვას და სხვაც, ამასთან, გაარჩიოს, სად არის შავი და სად – თეთრი, რა არის კარგი და რა – ცუდი პირადად მისთვის, მისი ოჯახისათვის, ახლობლებისა და ქვეყნისათვის, რომ თავის შინაგან სამყაროში იგრძნოს სილაღე, თავისუფლება, სიძლიერე და სიყვარულით აღვსილი ამ თვისებების სხვათათვის გამზიარებელი იყოს სიცოცხლის ბოლომდე.

ამ მიზნის მისაღწევად დედ-მამამ პირადი მაგალითი უნდა უჩვენონ და, ამავე დროს, ურთიერთპატივისცემითა და შეთანხმებულად უნდა იმოქმედონ.

ქართველი ქალი ყოველთვის იყო ოჯახის დედა-ბოძი და დღესაც, ემანსიპაციის პირობებში, ისევ მან უნდა შეძლოს მთავარი გამაწონასწორებლი როლის შესრულება ოჯახში და ყველა წევრის ჩაბმა მომავალი თაობის სწორად აღზრდის პროცესში (აქ იგულისხმება ოჯახური საუბრები, საინტერესო თემების განხილვა და სხვა).

სახელმწიფოს ვალდებულებაა, ბავშვები დაიცვას მავნე ზეგავლენებისაგან, შესთავაზოს სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესი და ამასთან სკოლიდანვე შეაჩვიონ პატარები ანალიტიკურ აზროვნებას; უნდა შეიქმნას ფილოსოფიური და ლიტერატურული წრეები, სადაც მოსწავლეები წაიკითხავენ საინტერესო წიგნებს და გაარჩევენ მათ, დაწერენ თავისუფალ თემებს და იმსჯელებენ სხვადასხვა საკითხზე.

ახალგაზრდებმა და, საერთოდ, ნებისმიერმა პიროვნებამ, ღრმა აზროვნების განსავითარებლად საჭიროა იკითხონ როგორც სასულიერო წიგნები, ისე მხატვრული, ფილოსოფიური, ისტორიული, ფსიქოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლიტერატურა; ამის გარეშე მათი ხედვის დიაპაზონი ვიწრო იქნება და ვერ გააკეთებენ სწორ არჩევანს.

ისინი უნდა აკონტროლებდნენ თავის ფიქრებს, უნდა იცოდნენ, სად არის ოქროს შუალედი, სად უნდა დაედოს ზღვარი მათს აზროვნებას, რომ უფლისაგან მონიჭებული არჩევანის უფლება და თავისუფლება ბოროტის მსახურებად არ აქციონ. თუ ეს განხორციელდა, მაშინ მშობლებს შეუძლიათ ჩათვალონ თავისი ვალი შვილებისა და სამშობლოს წინაშე აღსრულებულად.

დაახლოებით ასეთია მორწმუნის დამოკიდებულება ბედნიერებისადმი.

ყოველივე ზემოთქმული კი ემსახურება ერთ მიზანს, რომ ჩვენ ვისწავლოთ იმ გზებით სიარული, რომელიც ნამდვილ ბედნიერებასა და სიყვარულს გვაზიარებს და რწმენით, ჭეშმარიტებით, სიწმინდით, სიკეთითა და სიხარულით აღგვავსებს.

ამ მადლს არცერთი ეპოქა არ მოიცავდა სრულად, მაგრამ არც ისეთი დრო ყოფილა ოდესმე, რომ სრულად განძარცვლი ყოფილიყო იგი ამ წყალობათაგან.

დღესაც, ტექნიკის განვითარებისა და მისი ბატონობის პერიოდში, ამბიციურობის, ცრუ ჰუმანიზმის, ნელ-თბილი რწმენისა და ბოროტთან საიდუმლო გარიგების ხანაში, კვლავ გვესმის აღდგომილი მაცხოვრის იმედისმომცემი და განმამტკიცებელი ხმა:

,,მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა” (მათე 28,20)!

მაშ, ვისი მეშინოდეს, ან ვისგან შევძრწუნდე?

მართალია, ბოროტი ძალა გამუდმებით გვებრძვის, მაგრამ მასზე განუზომლად ძლიერი და დაუსაბამოა ღმერთი, რომელიც მუდამ ჩვენთან არის და დღესაც სააღდგომო ტრაპეზზე გვიხმობს: ქართველებს, ოსებს, რუსებს, აფხაზებს, ბერძნებს, იეზიდებს, უდიებს, ასირიელებს, ებრაელებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს, უკრაინელებს… როგორც მესამე, ისე მეთერთმეტე ჟამის ქრისტიანებს.

მაშ, რომელნი ხართ კეთილ მსახურნი და ღმრთისმოყვარენი, იშვებდით კეთილსა ამას და ბრწყინვალესა კრებასა; რომელი არს მონაჲ კეთილგონიერი, შევედინ სიხარულით სიხარულსა ამას უფლისასა… და ყოველთავე მიიღეთ სიმდიდრე სიტკბოებისა… რამეთუ აღსდგა ქრისტე და დაირღვა ჯოჯოხეთი; აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს, აღსდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიც არს საფლავსა შინა, აღსდგა ქრისტე მკვდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესვენებულთა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი

ილია II

აღდგომა ქრისტესი 2014,

20 აპრილი.

]]>
https://www.pemptousia.ge/2014/04/22/%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90-ii-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%93%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%9d-%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%94/feed/ 3840
უფლის, იესო ქრისტეს მირქმა https://www.pemptousia.ge/2014/02/16/%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a5%e1%83%9b/ https://www.pemptousia.ge/2014/02/16/%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a5%e1%83%9b/#comments Sun, 16 Feb 2014 11:31:31 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=46856 Ypapanti 012

„აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა მშჳდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაჱლისა“ (ლუკა 2.29-32).

წმიდა სვიმეონის ეს სიტყვები იმ დიდხნიანი პერიოდის დასასრულზე მიგვანიშნებს, ათასობით წლის მანძილზე უფლის გარეშე, რომ ცხოვრობდნენ ადამიანები. ათასობით წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ადამმა პირველად დაიწყო გლოვა და პირველი ცრემლი დაღვარა მიწაზე, რომელზეც ვეღარ პოულობდა ღმერთს მის ქმნილებებს შორის.

მთელი დედამიწა, ადამიანთა მთელი მოდგმა ელოდა იმ დღეს, როდესაც საბოლოოდ, კიდევ ერთხელ, პირისპირ შეხვდებოდა თავის ღმერთს. და აი ეს დღეც დადგა: ღმერთი ადამიანად იშვა ბეთლემის ერთ ბაგაში. მარადიული შემოვიდა დროში. დაუტევნელი და უსასრულო დაემორჩილა ჩვენი ქმნილი ბუნების შეზღუდულობას.

ის, ვინც თავად არის სიწმინდე ცოდვის სამყაროში თავისი, ნათლობის დღეს იორდანეს საშიშ წყლებში შთაფლვით შემოვიდა, რომელშიც ადამიანები თავიანთი ცოდვებისგან განიბანებოდნენ. შთაეფლა მდინარის წყალში, როგორც მითოლოგიურ და ზღაპრულ მკვდარ წყალში და გამოვიდა სიკვდილშემოსილი, ადამიანთა მოკვდაობით დამძიმებული, რომელთა ხსნისთვისაც მოევლინა ქვეყანას.

დღეს ვიხსენიებთ უფლის მირქმას, უფლისა და იმ ადამიანის შეხვედრას, რომელმაც სულიწმიდის შეწევნით, ღმრთისმშობლის შემდეგ, პირველმა შეიცნო იგი ღმერთად. დასრულდა უფლის ნაკლებობით განცდილი ტრაგედია, რომელსაც ძველ აღთქმაში და წარმართულ სამყაროში ვხვდებით. უფალი თავის ხალხთან არის. უფლის მთელი სისავსე ჩვენს მიწაზე ბინადრობს ახლა.

თუმცა ახალი ტრაგედია იწყება: ღმერთკაცის მსვლელობა ჯვრისაკენ. იესო ქრისტე სიკვდილის ქვეყანაში იშვა, იმ დიდი მიზნით რომ მოკვდეს. იშვა იმ მიზნით, რომ მოკვდეს ჩვენი გულისთვის. თუ ყურადღებას მიაქცევთ ძველი აღთქმის საკითხავებს, რომლებიც ამ დღესასწაულზე იკითხება, სავარაუდოდ მიხვდებით იმ მიზეზებს, რის გამოც იგი დაწესდა იგი.

გამოსვლის მეცამეტე თავში ვკითხულობთ, თუ როგორ მოთხოვა ღმერთმა მოსეს, რომ მისთვის წმიდა ეყოთ ყოველი პირველშობილი ვაჟი, მისთვის მსხვერპლად გაეღოთ პირმშო იმ მოვლენის სახსოვრად, რომ ისრაელი ეგვიპტელთა მონობას ეგვიპტის ყველა პირმშოს სიკვდილით გადაურჩა.

ყოველი პირველშობილი ვაჟის ტაძარში წარდგენა არ ნიშნავდა უფლისადმი მათ სრულიად მიძღვნას: ეს ბავშვები შემდგომში ყოველდღიურ საერო ცხოვრებას უბრუნდებოდნენ. ჩვილების ამგვარი წარდგენა გამოხატავდა უფლის ნებისადმი მათ მინდობას, რაც ნიშნავდა, რომ უფალს მათზე სიცოცხლისა და სიკვდილის მიცემის უფლება ჰქონდა. ამ ფაქტის გამოხატულება იყო ის შესაწირი, რომელსაც მშობლები ბავშვის გამოსასყიდად გაიღებდნენ ხოლმე ბატკნის ან ერთი წყვილი მტრედების სახით.

პირველშობილი ვაჟის მიძღვნა მართლაც რომ სისხლიანი მსხვერპლშეწირვა იყო, რომელიც საუკუნეების მანძილზე გადაიდებოდა იმ დღემდე, ვიდრე უფლის მხოლოდშობილი ძე, ქალწულისაგან შობილი, „ძე კაცისა“ არ წარადგინეს ტაძარში. პირველად კაცობრიობის ისტორიაში ამ სისხლიან მსხვერპლშეწირვას უფალი ღებულობს, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ამ მსხვერპლშეწირვის ჩასანაცვლებელი საშუალება შემოთავაზებული იყო. მხოლოდ ამ ერთადერთ შემთხვევაში მამა ღმერთი ეთანხმება ყრმის სიკვდილს.

ეს მსხვერპლშეწირვა თავის დროს უნდა დალოდებოდა. დაახლოებით ოცდაათი წელი გავა ყრმის წარდგინებიდან ზრდასრული იესოს სიკვდილამდე. მსხვერპლი გაღებულია და, როდესაც დრო მოდის, ყრმა, რომელიც ქალწულისაგან მარიამისა იშვა, გოლგოთაზე ჯვარზე გაკრული კვდება.

მაშინ როცა წმიდა სვიმეონი უფლისგან მრავალსაუკუნოვანი გაუცხოებისაგან სამყაროს ხსნას ქადაგებდა, იმავდროულად დედა ღმრთისმშობელს უწინასწარმეტყველებდა, რომ მახვილი გაივლიდა მის გულში და მსხვერპლი, რომელიც იმ დროს უნდა გაღებულიყო, ერთ დღეს ღმრთის ნებით აღსრულდებოდა და ქრისტესთვის და მისთვისაც ტრაგიკული შინაარსის მქონე გზა შეიქნებოდა (ლუკა 2. 34-35).

იესო ქრისტე მართლაც და ამ ტრაგიკულ გზას დაადგება, ბილიკს ადამიანებისა და საღმრთო მიტოვების, გეთსიმანიის ბაღისკენ და გოლგოთაზე სიკვდილისათვის მიმავალ გზას დააგება. მისი სიკვდილით დაითრგუნა სიკვდილი, ვინაიდან იგი საფლავიდან ცოცხალი გამოვიდა – აღსდგა მკვდრეთით. ამის შემდეგ იგი ამაღლდა დიდებით და ჩვენ მოგვცა სულიწმიდა და მაშინაც კი არ წაშლილა ჯვრის ადგილი და სამყაროს ტრაგედია არ დასრულებულა.

აღმდგარ ქრისტეს ხელებსა და ფეხებზე ნალურსმნევი ამჩნევია, ფერდზე მახვილისაგან მიყენებული ჭრილობა აქვს, შუბლზე კი იმ გვირგვინის ნაიარევი ემჩნევა, რომელიც მას დასამცირებლად დაადგეს თავზე და რომელიც იმის მაგივრად რომ სამეუფო ყოფილიყო, ეკლისაგან დაუწნეს.

ჩვენც ამ ჯვრის ტვირთვის მონაწილეები ვხდებით: ყოველი ჩვენგანი ეკლესიაში საკუთარი ნათლობის შემდეგ წარსდგება, მაშინ ჩვენ და ჩვენს დედებს ლოცვებს გვიკითხავენ და მოწყალებისა და შეწევნის თხოვნით ეკლესია უფალს, ჩვილთა მფარველს მოუხმობს, რომელიც თავადაც ჩვილად ყოფნის დროს წმიდა სვიმეონის მკლავებმა მიირქვეს.

ეს ყველაფერი ქრისტეს მაგალითზე მოხდა: მანამდე ჩვენ მოვინათლეთ და ნათლობით, მოციქულ პავლეს (რომ.6.3-11) და ეკლესიის რწმენის თანახმად ქრისტეს სიკვდილში თანა-დავეფლენით და ჩვენც, ვინაიდან მასსავით მოვკვდით, მისი აღდგომაც ანალოგიურად ჩვენი აღდომა ხდება.

მაშასადამე, ვინაიდან ჩვენ ქრისტეს სიკვდილით მომკვდარნი და მასთან ერთად აღმდგარნი ვართ, წარვდგებით ტაძარში, ისევე როგორც იგი წარადგინეს. ჩვენ, ცოცხლები, მაგრამ განწირულნი სიკვდილისათვის, ვემორჩილებით დროის ტრაგედიას. იესო ქრისტე ცოცხალი იყო მის მარადიულ ღმრთაებრიობაში და მის უკვდავ ადამიანურ სხეულში, თუმცა მან სხეულის სიკვდილი მიიღო, რათა ყველაფერს ჩვენი ცოდვილი ხორციელი ბუნებით ზიარებოდა. ამგვარად, ქრისტესთან ერთად თანააღდგომის შემდეგ იგი ჩვენ – ისევე როგორც მამა ღმერთმა გამოგზავნა იგი – ცოდვის სფეროზე გვგზავნის, რათა სხეულებით, სულებითა და მთელი ჩვენი არსებით იმ სამყაროს ჯვარი ვატაროთ, რომელიც დაეცა, გამოსყიდულ იქნა, მაგრამ ჯერ არ გათავისუფლებულა.

პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად, ჩვენ მოწოდებულნი ვართ ჩვენი სხეულით აღვასრულოთ ქრისტეს მწუხარებათა ნაკლულოვანება (კოლ.1:24) – და ვინაიდან ჩვენ ქრისტეს სხეული ვართ, ვინაიდან ერთნი ვართ მასთან, ტრაგედია, რომელიც ქრისტეს ქვეყნად მოსვლით ამოიშალა ძველი აღთქმიდან და ძველი სამყაროდან, რომელიც ამის შემდგომ მისი პირადი ტრაგედია ხდება, ჩვენში გრძელდება საუკუნეების მანძილზე.

პატრიარქ ალექსის (1877-1970 წწ, რომელიც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად 1945 წელს იქნა არჩეული) უთქვამს, რომ ეკლესია ქრისტეს სხეულს წარმოადგენს, რომელსაც ადამიანები მუდმივად უარყოფენ, რომელიც ჯვარს ეცმის საუკუნეების მანძილზე სამყაროს ცხონებისათვის. ეს არის ეკლესიის გზა, ეს არის ჩვენი გზაც, ეს არის ის, რასაც ამ დიდებულ და საშიშ უფლის მირქმის დღესასწაულზე მართალი სვიმეონი გვამცნობს.

გვიახლოვდება ის კვირები, როდესაც მორწმუნეები დიდი მარხვისათვის ემზადებიან, რომლებსაც ისინი ვნების კვირამდე და აღდგომის დღესასწაულამდე მიჰყავს. ჩვენ უკვე ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის თანამოზიარენი ვართ და ამიტომ კვლავ გვმართებს ქრისტეს და ეკლესიის გზით სიარული და მისი ჩვენი ცხოვრების სტილად ქცევა ეკლესიის გარეთ, ყველგან, სადაც არ უნდა მოვხვდეთ: ჩვენ ქრისტეს ჯვარცმული სხეული ვართ, რომელიც ღმრთისაგან მოგვეცა, და უფრო მეტიც: ქრისტეს მსგავსად, საკუთარ თავსაც უნდა მივცემდეთ სამყაროს სახსნელად.

წყარო: (†) ანტონ ბლუმი, უფლის დღე, გამომც. აკრიტასი

]]> https://www.pemptousia.ge/2014/02/16/%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a5%e1%83%9b/feed/ 3763 საქართველოს პატრიარქი – ჩვენ გამოვიარეთ რთული გზა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მომავალი ნათელი და საიმედოა https://www.pemptousia.ge/2014/01/01/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a5%e1%83%98-%e1%83%a9/ https://www.pemptousia.ge/2014/01/01/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a5%e1%83%98-%e1%83%a9/#comments Wed, 01 Jan 2014 06:17:55 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=46692 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II სრულიად საქართველოს ულოცავს კალენდარული ახალი წლის დადგომას.

Patriarxis Ilia II

“ყველას მოგესალმებით. ღმრთის წყალობით მოგვიახლოვდა ახალი წელი. ყოველ ახალ წელს ჩვენ დიდი იმედებით ვხვდებით. დღესაც ჩვენ იმედით ვუყურებთ ჩვენს მომავალს. უპირველეს ყოვლისა, ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა შეიცნოს თავი თვისი. ჯერ ძველი რომაელები ამბობდნენ “ნოსცეტე იფსუმ” – “შეიცანი თავი შენი”. ყველაზე დიდი საიდუმლოება ჩვენშია. ჩვენში დავინახავთ ჩვენ ღმერთს, სიკეთეს, ბოროტებას. ადამიანმა ყველაფეარი უნდა გააკეთოს, რომ განიწმინდოს თავისი გული და ადამიანის გული უნდა გახდეს ტაძარი სულისა წმიდისა.

ჩვენ გამოვიარეთ რთული გზა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მომავალი ნათელია, საიმედოა. საქართველომ უნდა აირჩიოს ოქროს შუალედი და მე ვიტყოდი, მთელმა კავკასიამ უნდა აირჩიოს ოქროს შუალედი, ამიერკავკასია კი არ უნდა იყოს წინააღმდეგობის და დაპირისპირების ასპარეზი, არამედ უნდა გახდეს ასპარეზი თანამშრომლობისა და ურთიერთგაგებისა. მე დღეს გულითადად ვულოცავ ახალ წელს მთელს საქართველოს. ვულოცავ ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ბერძნებს, რუსებს და ყველას, ვინც ცხოვრობს საქართველოში. ჩვენ იმედით ვხედავთ, ვუყურებთ მომავალს და ეს იმედი დამყარებულია ჩვენს რწმენაზე. მართლმადიდებელი სარწმუნეობა, სიყვარული და სასაოება უნდა სუფევდეს ადამიანის გულში.

დღეს მე განსაკუთრებული სიყვარულით ვულოცავ “უძლურებასა შინა მყოფთა”, ავადმყოფებს, საავადმყოფოში, თუ სახლში მყოფთა. მე ვულოცავ პატიმრებს, გაჭირვებულთ და გისურვებთ, რომ თქვენი გაჭირვება, თქვენი მწუხარება სიხარულით შეიცვალოს. ადამიანი რომ იყოს ბედნიერი, უპირველეს ყოვლისა საჭიროა მადლი ღმრთისა, წყალობა და მადლი წინაპრებისა და კეთილი საქმეები თვითონ ადამიანისა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების დალოცვას. მშობლებმა უნდა დალოცოთ თქვენი შვილები და ეს უნდა ხდებოდეს ყოველ დღე. შვილი უნდა ღებულობდეს ლოცვა-კურთხევას თავისი დედისაგან და მამისაგან და უნდა ემთხვიოთ მშობლებს ხელზე. აი, ამ მთხვევის დროს ღმრთის ლოცვა-კურთხევა გადმოვა თქვენზე. კურთხევა უფლისა თქვენს ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა. ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ”, – ბრძანა უწმიდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა.

]]>
https://www.pemptousia.ge/2014/01/01/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a5%e1%83%98-%e1%83%a9/feed/ 2974