Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
იღუმენი ეფრემი: „ცოდვილი გულისთქმები…“ | PEMPTOUSIA

იღუმენი ეფრემი: „ცოდვილი გულისთქმები…“

23 January 2014

გულისთქმები ჩვენი საკუთარი თავის ნაწილს წარმოადგენენ? ისინი ჩვენი აზროვნების შემადგენელი ნაწილები არიან? როგორ ჩნდებიან ისინი და როგორ ქრებიან. რა საშუალებით ახერხებს ადამიანი, რომ დაამარცხოს ან დაუახლოვდეს სიკეთისა და ბოროტების ამ შედეგებს.

ცნობილმა რუსულმა ჟურნალმა „სლავიანკამ“ გამოაქვეყნა ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის წინამძღვრის, არქიმანდრიტი ეფრემის მნიშვნელოვანი ინტერვიუ, რომლის მთავარ თემას წარმოადგენდა შემდეგი: „ცოდვილი გულისთქმები“.

ბერი ეფრემი ყველასათვის ცნობილია თავისი სულიერი საუბრების სიძლიერითა და იმ სისუფთავით, რომლის მეშვეობითაც მან იცის, თუ როგორ ახსნას რთული გულისთქმები. ამჯერადაც, მან წარმოგვიდგინა ერთი სრულყოფილი სურათი ცოდვილი გულისთქმების შესახებ და იმავდროულად, ყურადღება გაამახვილა, რომ არსებობენ ასევე ისეთი აზრები, რომლებიც უფრო მეტ სულიერ სიძლიერეს გვმატებენ.

სიმართლე ის არის, რომ ჩვენგან მრავალნი ვერ შევიცნობთ გულისთქმათა დინებას, ასევე იმას, თუ როგორ შეუძლიათ მათ დააზიანონ ჩვენი სულიერი მთლიანობა ანდა ხელი შეუშალონ ამ სულიერი მთლიანობისკენ ჩვენს სწრაფვას.

რას წარმოადგენენ გულისთქმები, როგორ ჩნდებიან ისინი ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში, როგორ შევიცნოთ და როგორ ვმართოთ ისინი, სწორედ ის თემებია, რაზეც ბერი (ბერი – „გერონდა“ ბერძ; „სტარეც“ რუს;) ეფრემი გვესაუბრება.

Fos sti oikoumeni sto vellizio 23

ქვევით სწორედ ამ ინტერვიუს ნაწყვეტს წარმოგიდგენთ ზუსტად იმ სახითვე, როგორც ის  რუსულ ჟურნალ „სლავიანკაში“ იქნა გამოქვეყნებული:

რას წარმოადგენენ ცოდვილი გულისთქმები და რა არის მათი სულიერი ჰიპოსტაზი?

ცოდვილი გულისთქმები ისეთი აზრები არიან, რომლებიც ღმრთის ნებას ეწინააღმდეგებიან და ადამიანის გონებაში ან მისივე ნებით, ან კი მისი ნების გარეშე ჩნდებიან. გონება თავისთავად მუდმივად მოძრავია, ამიტომ ან თავად ის წარმოქმნის გულისთქმებს ანდა მათ გამუდმებით გონების ეკრანზე გარეშე ფაქტორები იწვევენ.

საიდან ჩნდებიან გულისთქმები?

გულისთქმების გაჩენის წყაროს ან ადამიანის მტრულად განწყობილი გული წარმოადგენს, ანდა – თავად დემონები (ბოროტი სულები). თვით ჩვენი უფალი იესო ქრისტე შემდეგს გვასწავლის: „რამეთუ გულისაგან გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი, კაცის-კლვანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილის-წამებანი, გმობანი“ (მათე. 15, 19).

ადამიანის ვნება (სიძულვილი, მტრობა) ცოდვილ გულისთქმებისაგან წარმოიქმნება და მათ მიერვე საზრდოობს. ბოროტი სულები (დემონები) კონკრეტული არსებები არიან, რომლებიც კვებავენ ადამიანის უზარმაზარ სიძულვილს და ყოველი ხერხით ცდილობენ ხელი შეუშალონ მის გადარჩენას. მათი მთავარი საქმიანობა ადამიანის აზროვნებაში ბოროტი, ცბიერი, ურცხვი, ცოდვილი და ბიწიერი გულისთქმების გამრავლებაა.

რა თქმა უნდა, არსებობენ ასევე ღმრთიური გულისთქმებიც, რომელთა წყაროს თავად ღმერთი ან წმიდანები წარმოადგენენ. ასეთი გულისთქმები ცოდვილ კაცს სინანულისკენ უბიძგებენ, მწუხარე ადამიანს ნებისმიერი საშუალებით სიმამაცეს შთააგონებენ, პატიოსანს კი გზას გაუნათებენ რამეთუ „სული ყოველსავე გამოეძიებს, და სიღრმესაცა ღმრთისასა“  (კორინთელთა მიმართ I ეპ. 2, 10).

ადამიანის სულიერი მდგომარეობა ძირითადად იქიდან მჟღავნდება, თუ როგორი ხასიათის გულისთქმები გააჩნია მას. მოდით, ხელი შევუწყოთ უმწიკვლო, წმიდა და ღმრთიური გულისთქმების გავრცელებას. დაე, ჩვენი გონება კეთილი აზრების საწარმოდ ვაქციოთ, როგორც ამას ნეტარი ბერი პაისი ამბობდა.

როგორ განვსაზღვროთ გულისთქმები და როგორ განვასხვავოთ ისინი ცოდვილი ფიქრებისაგან?

მხოლოდ სულიერი სიფხიზლის საშუალებით შევძლებთ გონების დაცვას, ჩვენი გულისთქმების გაკონტროლებასა და განსაზღვრას. სულიერი სიფხიზლე არის თავშეკავება და ყურადღება, რომელსაც ჩემს გონებას ვუწესებ.

ამგვარი სიფხიზლე ჩვენი იესო ქრისტეს ყოვლისშემძლე, უდიდეს და უტკბილეს სახელზე წარმოთქმული ლოცვა-ვედრებით მიიღწევა. ლოცვა „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე“ უდიდესი იარაღია დემონების (ბოროტი სულები) და ვნებების წინააღმდეგ ბრძოლაში, ის სწორედ ის არის, რაც კი აკავებს გონებას, რაც აკონტროლებს და იცავს გულისთქმებს.

გულისთქმები თვითმფრინავებს ჰგვანან, რომლებიც ჰაერში დაფრინავენ. ჩვენზე არ არის დამოკიდებული მუდმივად იფრენენ თვითმფრინავები ჰაერში თუ არა. ჩვენზეა დამოკიდებული და არ შეიძლება ნება დავრთოთ გულისთქმებს, რომ მათ ჩვენს წიაღში მოახდინონ დაშვება, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენზეა დამოკიდებული მივიღებთ თუ არა მათ, დავემორჩილებით თუ არა.

რა განსხვავებაა სურვილს და ფიქრებს შორის?

სურვილი არის განწყობილება, რომელიც იმისათვის გაგვაჩნია, რომ რაიმე მოვიმოქმედოთ, რაიმე ვითხოვოთ. სურვილი გულის მოძრაობაა, მაშინ როდესაც გულისთქმა გონების წიაღში წარმოიქმნება.

პირველად რაიმეს ვნატრობთ, ხოლო ამის შემდეგ ჩვენი ეს სურვილი  გარეგნულად გულისთქმის საშუალებით გამოიხატება… ანუ, სურვილი გულისთქმის საწყისია, გულისთქმის ფესვი სწორედ სურვილია. და თუკი, საძირკველშივე ბოლოს მოვუღებთ ცოდვილ სურვილებს, რეალურად ცოდვილი გულისთქმების ზეგავლენისგანაც გავთავისუფლდებით.

სწორედ ამის გამო, როდესაც ჩვენმა უფალმა ყურადღება გაგვიმახვილა შემდეგზე „რამეთუ ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა“ (მათე, 5, 28), ამით მას სწორედ ცოდვის ფესვის ამოძირკვა ეწადა.

წმიდა გრიგოლ პალამა ამბობს, რომ მორწმუნე ადამიანის გონება, რომელიც ლოცვის დახმარებით იბრძვის, ადვილად განიწმინდება გულისთქმებისაგან, თუმცა, ადამიანის გული, რომელიც გულისთქმების წარმომშობი ძალაა, ვერ შეძლებს განწმენდას, თუკი მასთან ერთად არ განიწმინდება სულის ყველა ძალა, განზრახვა და მეხსიერება.

ყოველი ჩვენი აზრის შესახებ უნდა ვთქვათ აღსარებაში?

ყოველ დღე ჩვენს გონებაში ათასობით გულისთქმა ჩნდება, მათი რიცხვი დაუთვლელია. ამ გულისთქმებისაგან უმრავლესობა ფუჭი, ურცხვი და ცოდვილია. მაცდურმა კარგად იცის თავისი საქმე და თესავს და თესავს გულისთქმებს. ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გულისთქმებს ნებას ვაძლევთ და უკვე  მათ საქმეში ვახორციელებთ.

იმის ანალოგიურად, თუ როგორ სულიერ მდგომარეობაში იმყოფება ადამიანი, განისაზღვრება მისი წინააღმდეგობა სხვადასხვა გულისთქმების მიმართ. მაშასადამე, სრულყოფილთათვის, ანუ მათთვის, ვისაც სრულყოფილი სულიერი ცოდნა გააჩნია და გულისთქმების კონტროლის ძალა შესწევს, ცოდვილი გულისთქმებისათვის წინააღმდეგობის გაწევა იოლია. თუმცა, მისთვის, ვინც ახლახანს დაიწყო სულიერი ცხოვრება, შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეს ეს მარტივი.

ადამიანი, რომელიც სწორად იბრძვის, აღსარებაში აღიარებს იმ გულისთქმებს, რომლებიც მას აწუხებენ, რომელთაგან გათავისუფლება მარტოს, თავისი ლოცვითა და თავისი ბრძოლით, არ შეუძლია. ადვილი არ არის, რომ ვინმემ ყველა თავისი გულისთქმა აღიაროს აღსარებაში. ეს ფსიქოლოგიური ავადმყოფობაა. მრავალი აღსარებაზე მთლიანი რვეულით მოდის, რომელშიც თავიანთი გულისთქმები აქვთ ჩაწერილი, ასობით აზრი, რომელსაც ყოველდღიურად მათ გონებაში გაუვლია. ეს არ არის სწორი. ისინი ამით თავად აღმსარებელსაც სულიერად ღლიან და გარდა ამისა, არც თავიანთი თავისთვის მოაქვთ რაიმე სარგებელი. ეს არ არის გულისთქმებისაგან დაცვა, ეს არ არის სულიერი სიფხიზლისა და სულიერი ამაღლების ნაყოფი, ეს ავადმყოფური მდგომარეობაა.

შეგვიძლია მივუახლოვდეთ წმიდა ბარძიმს იმ შემთხვევაში, თუკი ზუსტად საღმრთო ზიარების წინ, ჩვენს გონებაში ცოდვილმა გულისთქმამ გაგვირბინა?

რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაშიც უნდა მივიდეთ საზიარებლად. რას ვკითხულობთ წმიდა იოანე დამასკელის ლოცვაში საღმრთო ზიარების წინ? „წინაშე კართა ტაძრისა შენისათა წარდგომილ ვარ და ბოროტთა გულის-სიტყვათაგან არა განვეშორები“.

გულისთქმათა წინააღმდეგ ბრძოლა მამათა მიერ დახასიათებულია, როგორც რთული ბრძოლა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი გულისთქმა დაუყოვნებელ უგულებელყოფას საჭიროებს, რადგან ის მტრის მიერ სწორედ იმ მიზნითაა შთაგონებული, რომ ჩვენ საღმრთო ზიარების მადლს ჩამოგვაცილოს.  თუკი, რა თქმა უნდა, საქმე არ ეხება ისეთ გულისთქმას, რომელიც რაიმე მომაკვდინებელ და ჯერაც მოუნანიებელ ცოდვასთანაა დაკავშირებული, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამგვარი აზრი სწორედ იმ წამს არ დაგვიწყებს ბრძოლას, არამედ მას უკვე დიდი ხნის წინ ექნება გაკონტროლებული ჩვენი სინდისი.

არსებობენ რაიმე განსაკუთრებულად დამღუპველი გულისთქმები, რომლებსაც სულიერი სიკვდილისაკენ მივყავართ?

რა თქმა უნდა, გულისთქმები უიმედობასა და სასოწარკვეთილებაზე. ასეთი გულისთქმები, ამბობენ წმიდა მამები, იგივეა, რაც ბრძოლაში მებრძოლს თავი მოჰკვეთო, როდესაც მას უკვე არაფრის გაკეთება აღარ შეუძლია, არ შესწევს იმის უნარი რომ იბრძოლოს და მთელი ძალითა და ღონით შეეცადოს. მორწმუნემ, რაც არ უნდა დიდი სიღრმის ცოდვებში ჩავარდეს, არასოდეს უნდა დაივიწყოს ჩვენი მამა ღმერთის სიყვარული და წყალობა. მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ არსებობს იმედი, რომ არსებობს სინანული.

ჩვენი უფალი იესო ქრისტე ამქვეყნად სამყაროს განსასჯელად კი არ მოვიდა, არამედ – მის გადასარჩენად. იესო ქრისტემ ჯვარზე გაკრული, სიკვდილის მოლოდინში მყოფი ავაზაკის და ბოროტმოქმედის სინანულიც კი შეისმინა, გადაარჩინა იგი და სამოთხეში დაუმკვიდრა ადგილი.

როგორ გგონიათ ქალი და მამაკაცი ერთმანეთს უნდა უმხელდნენ იმ გულისთქმებს, რომლებიც ერთიმეორის მიმართ გააჩნიათ?

ვფიქრობ, რომ არა. უკეთესია, რომ მათ თავიანთი გულისთქმები საერთო სულიერ მოძღვარს გაანდონ. უნდა იცოდეთ, რომ ეშმაკი იმ წუთიდანვე, როდესაც ქალი და მამაკაცი ერთმანეთს ქორწინების გვირგვინით უკავშირდებიან, მიზნად ისახავს, რომ ისინი როდესმე ერთმანეთს განაშოროს. სწორედ ამის გამო, ქორწინება მუდმივი ბრძოლაა, რაც სამწუხაროდ, წყვილების უმრავლესობამ არ იცის. მაშინ, როდესაც ქორწინების დასაწყისში ყველაფერი ძალიან კარგად არის, სიყვარულმა ერთმანეთს დააკავშირა ორი ადამიანი, მოგვიანებით თავს იჩენს ხოლმე სხვადასხვა უთანხმოება, ჩხუბი და შეძახილები: „არ მომწონხარ“, „არ მიყვარხარ“. ყოველივე ეს ბრძოლაა.

როგორ გგონიათ რატომ ხდება ასე, რომ ქორწინებიდან ათი ან უფრო მრავალი წლის გასვლის შემდეგ, მეუღლეებს ერთმანეთი აღარ უყვართ? როდესაც ცოლ-ქმრის წინაშე მსგავსი პრობლემები იჩენს თავს, უმჯობესია მათთვის, რომ ეს პრობლემები თავიანთ სულიერ მოძღვარს გაანდონ, რომელიც სული წმიდის ნათლის შემწეობით მათ შესაბამისად დაარიგებს და თავისი ლოცვით განდევნის იმ დემონურ ენერგიას, რომელიც მათი დაშორებისკენაა მიმართული. ღმრთის გულისათვის, იმას კი არ ვამბობ, რომ მეუღლეებმა იმისათვის, რომ უფრო გამყარდეს მათ შორის კავშირი და სიყვარულმა დაისადგუროს, ერთმანეთთან არ ისაუბრონ, არამედ ვურჩევ, რომ ნუ გაუმხელენ ერთმანეთს იმ ცოდვილ ფიქრებს, რომლებსაც მათში ეშმაკი თესავს.

როგორ ვებრძოლოთ გულისთქმებს?

სულიერი სიფხიზლითა და ამ ლოცვით „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე“. წმიდა იოანე სინელი „კიბე ანუ კლემაქსში“ შემდეგზე ამახვილებს ყურადღებას „იესო ქრისტეს სახელით მუსრი გაავლო მოწინააღმდეგეებს“. მოწინააღმდეგეები კი ჩვენი ვნებანია, ხოლო ცოდვილი გულისთქმები კი – დემონები. თუკი, ეს ლოცვა თვითშთაგონებითა და გულის ტკივილით იქნება წარმოთქმული, არ არსებობს მასზე უფრო მეტი შედეგის მომცემი სხვა ხერხი.

თუკი ვხედავთ, რომ რომელიმე გულისთქმა ჯიუტობს და ჩვენი მცდელობისა და ლოცვის მიუხედავად, მოსვენებას არ გვაძლევს, მაშინ კარგი იქნება, რომ ეს გულისთქმა აღსარებაში ვთქვათ. აღსარება რეალური თავმდაბლობაა, ხოლო უფალი „მდაბალთა მოსცის მადლი“ (იაკ. 4,6). სირცხვილი, რომელიც აღსარების დროს  ამ ცოდვილი გულისთქმის გამო გვეუფლება ჩვენი სულიერი მოძღვრის წინაშე, ჩვენ უფლის წინაშე გაგვამართლებს, ღმერთი ჩვენ გაგვანთავისუფლებს ცოდვილი გულისთქმების ვნების ენერგიისაგან.

ასევე ძალიან კარგია, თუმცა ამას დიდი მონდომება სჭირდება, რომ გავამრავლოთ კეთილი გულისთქმები, ხოლო ცოდვილი ადამიანები კი დავიცვათ ბოროტი გულისთქმებისაგან.

როდესაც უგულვებელვყობთ იმ ბოროტ გულისთქმების, რომელთაც ჩვენში ეშმაკი თესავს, იგივე ეშმაკს გულზე გავხეთქავთ და ვაიძულებთ, რომ გაიქცეს, რადგან ეშმაკი ამაყია, მას სურს, რომ იზრუნონ მასზე, მასთან ერთად იმოქმედონ და სულაც არ უყვარს, როდესაც მის მიმართ ზიზღს განიცდიან (მას უგულებელოფენ).

თუკი, შეგიძლიათ ამგვარად იმოქმედოთ, ეს გზა ყველაზე უფრო ნაკლებ მსხვერპლს მოითხოვს, როგორც ამას წმიდა პორფირი კავსოკალივიელი ამბობდა. შევევედროთ უფალს, რომ მოგვმადლოს მშვიდობა, სიხარული, იესო ქრისტეს სიყვარული და ყურადღებას ნუ მივაქცევთ ჩვენს ბიწიერ თავს, ჩვენს ვნებებსა და ცოდვილ გულისთქმებს. დაე, მთელი ჩვენი სახე, მთელი ჩვენი არსი, იესო ქრისტესკენ მივაბრუნოთ და ვითხოვოთ მისი სახე, მისი წყალობა. ამგვარად, ნელ-ნელა, ისე, რომ თავადაც ვერ მივხვდებით, განვიწმინდებით, გაგვშორდება თავისი სურვილებითა და ფიქრებით ის ძველი ადამიანი, რომელიც გვაწუხებდა და შევიმოსებით ახლით, „ღმრთისა მიერ დაბადებული სიმართლითა და სიწმიდითა ჭეშმარიტებისაჲთა“ (ეფესელთა მიმართ ეპ. 4, 24).

წყარო: სლავიანკა

შინაარსი
სანიშნეები