Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
მღვდელმონაზონი სოფრონ წმიდა პანტელეიმონელი (1896-1993) | PEMPTOUSIA

მღვდელმონაზონი სოფრონ წმიდა პანტელეიმონელი (1896-1993)

9 October 2014

მღვდელმონაზონი სოფრონი მოსკოვში დაიბადა 1896 წელს, ერისკაცობაში მას სერგეი სიმეონ სახაროვი ერქვა. როგორც ამას თავად ამბობდა ხელთუქმნელი ნათელის გონებითი ჭვრეტის პირველი განცდა ბავშვობის წლებში ჰქონია. იგი მოსკოვის სახვითი ხელოვნების სკოლაში სწავლობდა. ოდესღაც საკუთარმა ძიებებმა არაქრისტიანული მისტიციზმისაკენ უბიძგა. მხატვრულმა ამბიციებმა იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში წაიყვანა. თუმცა, ხელოვნებამ იგი ვერ აღავსო და ვერც გაანათლა. 1924 წლის აღდგომის დღესასწაულზე, პარიზში, ქრისტეს სიყვარულში დაბრუნებამ  მასში  შეუქმნელი ნათლის გონებითი ჭვრეტის ახალი შოკისმმგვრელი განცდა გამოიწვია. დროთა განმავლობაში მასზე გავლენა მოახდინა მისმა ნაცნობობამ მამა სერგი ბულგაკოვთან († 1944). „პარიზში“, როგორც თავად ამბობდა, „ყველაფერი მქონდა, თუმცა ჭეშმარიტი სიხარული არ გამაჩნდა“. ამის შემდეგ, წმიდა სერგის ინსტიტუტში მიდის, რათა რამე შეისწავლოს და რაიმეს მიაგნოს. თუმცა, მოგვიანებით ამბობდა: „წმიდა სერგის ინსტიტუტში ყველა ღმერთზე საუბრობდა, მაგრამ მე იქ ვერ ვნახე ღმერთი. ხოლო როდესაც ათონის წმიდა მთაზე წავედი, იქ არავინ საუბრობდა უფალზე, თუმცა ყოველივე ღმერთზე მიუთითებდა“.

Gerondas  Sofronios 2

1925 წელს იგი წმიდა პანტელეიმონის მონასტერში მოდის – ათონის წმიდა მთის რუსულ მონასტერში. 1926 წელს ბერად აღიკვეცა. ძალიან წუხდა იმის გამო, რომ არ შეეძლო სახარებისეული კანონების თანახმად ცხოვრება. მისი ცხოვრების საყრდენს წმიდა სილუან ათონელის († 1938) გაცნობა წარმოადგენდა. ბერმა სოფრონმა სწორედ ღირსი სილუანის დახმარებით არა თუ უბრალოდ იწამა ქრისტე, არამედ იგი სულიწმიდით შეიცნო. წმიდანის სწავლება, რომელიც ბერმა სოფრონმა ნებაყოფლობით შეისწავლა, შემდეგ ფრაზებზე იყო დამყარებული: ლოცვა მთელი სამყაროსათვის, ქრისტესმიერი თავმდაბლობა და მტრების სიყვარული. სწორედ ეს არის ბერი სოფრონის თეოლოგიის საფუძველი. წმიდა სილუანის მიძინების შემდეგ, რომლის ბიოგრაფიის საუკეთესო აღმწერი თავად ბერი სოფრონი გახლდათ, ათონის უდაბნოში – საშიშ კარულიაში გაემგზავრა. მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე ზეცაში ხელებაღპყრობილი იმეორებდა „მამაო ჩვენოს“.  მისი თითოეული სიტყვა მისთვის სულიერი საკვები და გულის ავლადიდება იყო, სიკეთით ნატიფად დამუშავებული გულისა, რომელიც მხოლოდ კარგად მლოცველ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს.

1943 წლის ოქტომბრიდან 1947 წლის მარტამდე წმიდა პავლეს მონასტრის წმიდა სამების სახელობის დასაყუდებელში იმყოფებოდა.  განწესებული იყო წმიდა პავლეს, ღირსი გრიგოლის, სიმონოპეტრას, ქსენოფონტის მონასტრების, სკიტებისა და კელიების სულიერ მოძღვრად. 1930 წელს დიაკვნად იქნა გამორჩეული ახრიდოს მიტროპოლიტის წმიდა ნიკოლაოს ველიმიროვიჩის († 1956) მიერ. 1941 წელს კი  მღვდლად იქნა ხელდასხმული მილიტუპოლის მიტროპოლიტის იეროთეოზის († 1956) მიერ. დაახლოებით ათი თვის განმავლობაში იმყოფებოდა კარიესში წმიდა ანდრია პირველწოდებულის ვატოპედის სკიტში და სწორედ იქიდან 1947 წელს საბოლოოდ მიემგზავრება პარიზში. ამგვარად, 22 წლის ბრძოლებისა და ზებუნებრივი აღმოჩენების შემდეგ ემშვიდობება იგი თავის საყვარელ მთაწმიდას. მომდევნო წელს აქვეყნებს წმიდა სილუანის შესახებ თავის სულიერ  ჩანაწერებს, რითაც ხელს უწყობს, რომ  ათონის წმიდა მთა უფრო ცნობილი გახდეს დასავლეთში. 1959 წელს ინგლისში, ესექსში, აარსებს წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერს.

სწორედ იქ გავიცანით ბერი სოფრონი 1985 წელს. იყო მეტად წარმოსადეგი, მხცოვანი და კეთილგანწყობილი ბერი. სულის თავადი, მეტად ღრმა, გამოცდილი და დიდი თეოლოგი. მისი ლოცვა და მისი ცრემლები, სინათლე და სიხარული ბანს და რწყავს მის სიკეთის მოყვარულ (ფილოკალიურ) ტექსტებს.  ჩვენში – გამოუცდელებში კვლავ რჩება მისი დაუვიწყარი მადლი, მისი ლოცვა-კურთხევა, მისი სიბრძნე. იგი იქვე (თავის მიერ დაარსებულ მონასტერში) გარდაიცვალა და დაკრძალულ იქნა 1993 წლის 11 ივლისს.

მისივე მოწაფე მამა ზაქარია ამბობს: „როგორც სულიერი ფენომენი, ბერი წარმოადგენდა უფლის ნიშანს თავისი თაობისათვის. მან განიცადა მეტად მღელვარე მეოცე საუკუნის ტრაგედია, შფოთი, პრობლემატურობა და ძიებები და თავისი სიცოცხლით, ლოცვითა და სიტყვით პასუხი გასცა თავის თანამედროვეთა აქტუალ შეკითხვებს“. მისი ძმისწული მამა ნიკოლაოსი წერს: „ბერი სოფრონის თეოლოგიური მსვლელობა განსაზღვრავს ასევე მისი თეოლოგიური მეთოდის თვითმყოფადობას, რომლის მახასიათებელია ცოცხალი დიალოგი სხვადასხვა სამყაროს შორის: მისი ეპოქის სარწმუნეობრივი ფილოსოფია, წმიდა მამების გადმოცემა და საკუთარი პირადი მისტიკური გამოცდილება“. ნავპაკტოსის მიტროპოლიტი იეროთეოზი კი აღნიშნავს: „ბერი სოფრონის სიცოცხლე დედამიწაზე უფლის სასწაული იყო, ღმერთის არსებობის უტყუარი ნიშანი. ხოლო მისი გარდაცვალება კი ნათელი სიცოცხლის ღირსი და შესაფერისი დასასრული გახლდათ“.

ნეტარი ბერი თეოკლიტე დიონისელი († 2006), რომელიც არც თუ ხშირად ამბობდა საქებარ სიტყვებს, ამგვარად აღნიშნავს: „თუკი დღეს არსებობს ისეთი დიდი ისიქასტი, რომელმაც  ქრისტიანული ისიქაზმის სიღრმეში იცხოვრა და რაც უმთავრესია,  სხვა ტრადიციებთან შედარებით მისი წერილობითი გადმოცემა შეძლო, მაშინ ის ბერი სოფრონია“. ზოგიერთი მას არ ეთანხმება, რა თქმა უნდა, მათ აქვთ ამის უფლება, თუმცა  არ შეუძლიათ ამის დამტკიცება. დაე, მათ ხელმეორედ, უფრო ყურადღებით წაიკითხონ მისი შრომები, უფრო დიდი თავმდაბლობითა და მიკერძოებულობის გარეშე და დარწმუნდებიან, რომ სიკეთის მოყვარეობის (ფილოკალიიის) გაგრძელებასთან აქვთ საქმე…

ინგლისის იოანე ნათლისმცემლის სახელობის წმიდა მონასტრის ნეტარი ბერის სიტყვები გვარწმუნებენ ეკლესიის ეკუმენური სულის ნაადრევობაზე: „… არა მხოლოდ ქრისტიანებს, არამედ იმათაც კი, ვისაც საერთოდ არ სწამთ, დაჟინებით მოუხმობენ, რათა გონებრივად გააფართოვონ და დასძლიონ ეთნიკური ტენდენციების ან სხვადასხვა კულტურის ვიწრო საზღვრები, იმისათვის რომ დაფიქრდნენ ზოგადსაკაცობრიო სიდიდეებზე“. მახსენდება მისი უკანასკნელი სიტყვები ჩემს ავადმყოფობასთან დაკავშირებულ თავმდაბლობაზე: „კარგად გახდები თუ არა, მაინც უფლისა ხარ…“.

მისი წმიდა ლოცვა-კურთხევა ყოველთვის თან გვდევდეს.

ბიბლიოგრაფია

არქიმანდრიტი სოფრონი, ბერი სილუანი, თესალონიკი 1972. არქიმანდრიტი ზახარუ ზაქარია, მიმოხილვა ბერი სოფრონის თეოლოგიაში, ინგლისი, ესექსი 2000. მამა ნიკოლაოს სახაროვი, მიყვარს, შესაბამისად ვარსებობ, ბერი სოფრონის თეოლოგიური მემკვიდრეობა, ათენი 2007. ნავპაკტოს მიტროპოლიტი იეროთეოზი, „ადამიანი ვიხილე ქრისტეში“, ისიქასტისა და თეოლოგის – ბერი სოფრონის ცხოვრება, ბეოტიის  პელასგია 2007.

წყარო: მონაზონი მოსე მთაწმიდელი, მეოცე საუკუნის მთაწმინდელი სათნო ბერების დიდი გერონდიკონი, ტომი მე-3 – 1984-2000, მიგდონიას გამომცემლობა, პირველი გამოცემა, სექტემბერი 2011.

შინაარსი
სანიშნეები