Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ბერი იერონიმე სიმონოპეტრელი (1871-6/1/1957), 60 წელი მისი მიძინებიდან | PEMPTOUSIA

ბერი იერონიმე სიმონოპეტრელი (1871-6/1/1957), 60 წელი მისი მიძინებიდან

1 February 2017

ბავშვობის წლები (1871-1888 წწ.)

ბერი იერონიმე დაიბადა 1871 წელს მცირე აზიის კრინის ეპარქიაში, სოფელ რეიზ-დერეში. მისი მშობლები, მამა ნიკოლაო დიაკოღიორღი და დედა მარია, ღარიბი, მაგრამ მეტად ღმრთისმოსავი ადამიანები იყვნენ.

მისი სოფელი მხოლოდ ქრისტიანებით ყოფილა დასახლებული. ეს ადგილი ალაცატიდან ხუთი კილომეტრით ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობდა, ხოლო ზღვიდან კი ორნახევარი კილომეტრით იყო დაშორებული. სოფლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიწათმოქმედებას, ძირითადად კი მევენახეობას ეწეოდა. მათი უმეტესობა წარმოშობით კუნძული კრეტადან და პელოპონესიდან ყოფილა.

ბერი იერონიმესათვის ნათლობისას იოანე დაურქმევიათ. როდესაც პატარა იოანეს სკოლაში დაუწყია სიარული, იგი მეტად კარგი მოწაფე ყოფილა. თანაკლასელთაგან საზრიანობითა და გონიერებით გამოირჩეოდა, იმდენად რომ, თურმე რაღაც პერიოდის განმავლობაში, მას როგორც კი დაუმთავრებია დაწყებითი კლასები, მასწავლებელს ახლომდებარე დასახლებაში გაუგზავნია მასწავლებლად.

Gerondas Ieronymos-Simonopetritis 5

მალე სოფლის ეკლესია პატარა იოანეს ცხოვრების ცენტრად ქცეულა. სწორედ იქ ჰპოვა ის, რასაც მისი სული ეძებდა. უფლის სიხარული და კურთხევა, რაც მასზე ღმრთაებრივი მისტერიების აღსრულების, ლოცვისა და მსახურების ჟამს გადმოდიოდა. უყვარდა საღმრთო მსახურებანი, თავად სასულიერო პირნი, მგალობელნი, ღამისთევანი, სალოცავები. ფსალმუნთა კითხვაში ეხმარებოდა მედავითნეებს, ხოლო საკურთხეველში კი – მღვდლებს. ჯერ კიდევ პატარა იყო, თუმცა თავისი სიმშვიდით, სერიოზულობითა და მოწიწებით დიდი ჩანდა.

სიღარიბეში აღზრდილს პატარაობიდანვე განცდილი ჰქონდა, თუ რა იყო დუხჭირი ცხოვრება, რომელიც მოგვიანებით, როგორც მონაზონმა, ნებაყოფლობით აირჩია და ერთგულად მიჰყვა მის გზას. ძალიან ცოტა რამ ვიცით ბერის ბავშვობის შესახებ. დედამისმა მასზე დიდი სიყვარულის ცოცხალი კვალი დატოვა. სწორედ დედისგან მოისმინა პირველად წმიდანთა ცხოვრება, ისწავლა რა იყო მარხვა, ლოცვა, ღმრთის სიყვარული. წმიდანები ადრეული ასაკიდანვე გამხდარან მისი მეგობრები. ახლობლებს სულ უფრო და უფრო ხშირად ეკარგებოდათ თვალთაგან პატარა იოანე, თუმცა იცოდნენ, რომ სამლოცველოებში შეიძლებოდა მისი პოვნა. ორგზის განკურნა იგი წმიდა დიმიტრიმ. ერთხელ, როდესაც საშინლად სტკიოდა ფეხები, ხოლო მეორედ კი, როცა ჩუტყვავილა შეეყარა. ორივე შემთხვევის დროს, იოანემ 40 დღე დაჰყო და იმარხულა წმიდანის სახელობის ტაძარში.

ერთ საღამოს, მის დას შემთხვევით გაუგონია, თუ იოანე როგორ უგალობდა ღმრთისმშობელს. დილით კი ძმისთვის უკითხავს: „იცი ღმრთისმშობლის საგალობელი?“, „არა“, უპასუხნია იოანეს. „მაშინ სწორედ ახლა მოგეცა შემთხვევა, რომ ისწავლო“, უთქვამს დას ძმისთვის. „შვიდი წლიდან ზეპირად ვიცოდი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საგალობელი“, მოგვიანებით ამბობდა ხოლმე ღერონდა.

ბერი იერონიმე დედის დიდი რწმენა მაშინ გამომჟღავნდა, როდესაც სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე, მან მონაზვნის სქემა ჩაიცვა, რაც ბავშვობიდანვე უყვარდა და მელანიას სახელით მონაზვნად აღიკვეცა, ასევე მონაზვნად აღიკვეცა იოანეს ძმა, მაქსიმეს სახელით. მონაზვნის სამოსელით შეიმოსა მისი სამი და – მაგდალინა, მელანია და კასიანე. მათგან ორი მანამდე ქორწინებაში იმყოფებოდა. გარდა ამისა, მონაზვნის სქემები ჩაიცვეს მისმა ნათესავებმა, ზოგმა ათონის წმიდა მთაზე, სხვებმა კი – საბერძნეთის სხვადასხვა კინოვიაში.

თორმეტი წლის ასაკში იოანე სამ სხვა ახალგაზრდასთან ერთად კუნძულ ქიოსზე, სახელგანთქმულ ღერონდასთან – წმიდა პართენთან წასულა. ბერი პართენი სულ მუდამ მოხრილი იყო. მისი სხეული მთლიანად დაფარული ყოფილა, იმდენად რომ არც სახე და არც ხელები არ უჩანდა. ცხოვრობდა მღვიმეში იმ მონასტერთან ახლოს, რომლის დამაარსებელიც თავად იყო და მკაცრ ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა. ბერმა ახალგაზრდები მიიღო და თითოეულ მათგანს სახელით მიმართა, მიუხედავად იმისა რომ პირველად ხედავდა მათ. შემდეგ კი, ახალგაზრდებს სათითაოდ უთხრა, თუ რა გზას დაადგებოდნენ მომავალში. ასკეტმა ბერმა იოანეს დიდი სიხარულით აუწყა, რომ იგი მონასტრულ ცხოვრებას გაჰყვებოდა.

მოგვიანებით მამა იერონიმე დაწერს: „ჭაბუკობის პერიოდში ვფიქრობდი, თუ როგორ შევძლებდი უფლის გახარებას. ავირჩიე მონაზვნის კეთილი და ღმრთივ სასურველი ცხოვრება, რადგან ის ყველაზე მეტად შეეფერება იმას, რაც ღმრთისმოსაობითა და მორჩილებით მიჰყვება უფალს, რომელიც ამბობს: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ“ (მათე 11. 28). რადგანაც მივიღე მამის კურთხევა, ჩემი მშობლების სურვილი და ბუნებრივია, უფლის ჯვარი, როგორც დაუმარცხებელი იარაღი, წავედი ათონის წმიდა მთაზე, რადგან ის მივიჩნიე ჩემი მიზნისა და გადაწყვეტილების აღსრულების საუკეთესო ადგილად“.

მამამ გამგზავრების წინ ასე დალოცა შვილი: „წადი და დაე, ნუღარ დაბრუნდები“. ეს სიტყვები იმიტომ თქვა, რომ ხშირად ამ მიზნით წასულთა შორის ზოგიერთი ცოტა ხნის გასვლის შემდეგ ისევ უკან, თავის სამშობლოში ბრუნდებოდა. მამას სურდა, რომ მისი ვაჟი ძლიერი, მხნე და მტკიცე ყოფილიყო.

(გაგრძელდება)

შინაარსი
სანიშნეები