Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
არასდროს ვენდოთ ჩვენს თავს | PEMPTOUSIA

არასდროს ვენდოთ ჩვენს თავს

22 June 2017

ლიმასოლის მიტროპოლიტი მეუფე ათანასე საუბრობს წმიდანთა სულიერ გამოცდილებაზე, რომ არასდროს უნდა ვენდოთ ჩვენს საკუთარ თავს და ხსნის, რომ ეგოისტური აღქმა – თითქოსდა მარტოს შეგვიძლია ყველაფრის მიღწევა – წარმოქმნის სერიოზულ პრობლემებს, რომელთა გაქარწყლება შეუძლია მხოლოდ თავმდაბლობას, რწმენასა და უფლის ნებისადმი მორჩილებას.

ვაგრძელებთ კვლევას წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელის წიგნისას – „უხილავი ბრძოლა“. წინა შეხვედრაზე აღვნიშნეთ, უფრო სწორად წმიდა ნიკოდიმოსმა გვითხრა, რომ იმისათვის რომ ვინმემ გაიმარჯვოს ამ უხილავ ბრძოლაში, მას უნდა ჰქონდეს ოთხი რამ: პირველი – ყოველთვის უნდა ჰქონდეს  უფლის იმედი, მეორე – არასდროს უნდა ენდოს საკუთარ თავს, მესამე – უნდა იბრძოლოს მარადჟამს და მეოთხე – უნდა ილოცოს.

დღეს შევეცდებით ვისაუბროთ მეორე საკითხზე, რომ არასდროს უნდა ვენდოთ საკუთარ თავს. წინა შეხვედრისას აღვნიშნეთ სხვადასხვა უბრალო გარემოება. ვთქვით, რომ იმ ეპოქაში, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ გვჭირდება ბრძოლა, რომ მოვიპოვოთ რწმენა. ხშირია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში რწმენის არარსებობა. არსებობენ ფსიქოლოგები, რომლებიც ცდილობენ ადამიანების დახმარებას და რა თქმა უნდა, კარგსაც აკეთებენ, ცდილობენ მათში გააღვიძონ გამბედაობა, საკუთარი თავის რწმენა. მაგრამ რატომ ამბობს წმიდა ნიკოდიმოსი, რომ არასდროს უნდა ვენდოთ საკუთარ თავს? ეს თითქოსდა საპირისპიროა იმისა, რასაც ქადაგებს ფსიქოლოგია? ან იქნებ აქ სხვა რამ იგულისხმება? მამები საუბრობენ თავიანთი სულიერი გამოცდილებით, რომლის მიღწევაც მათ შეძლეს თავიანთი სიცოცხლის მანძილზე. ხანდახან აღმოჩნდება ხოლმე, რომ ერთსა და იმავე საკითხს ისინი და ჩვენ სულ სხვანაირად ვაფასებთ და ვუდგებით.

მაშასადამე, ამბობს წმიდა ნიკოდიმოსი, რომ არ ვენდოთ საკუთარ თავს, რადგან ეს ისეთი მნიშვნელოვანია უხილავი ბრძოლის დროს, რომ გამარჯვება კი არა, სულ უბრალო რამის მიღწევაც კი არ შეგვეძლება. თუკი შენი თავის რწმენა გაქვს ეგოისტური გაგებით, რაც იმას ნიშნავს, რომ გაქვს ერთგვარი ეგოისტური რწმენა იმისა, რომ ყოველივეს შეძლებ, ყოველივეს გააკეთებ და გადალახავ მარტოდმარტო, არა გაქვს საჭიროება არც ლოცვის, არც ვინმეს დახმარების და მოქმედებ ეგოისტური, უყურადღებო გზით. თუკი სწორედ ამგვარი დამოკიდებულებით ადგახარ ცხოვრების გზას, მაშინ ვერ მიაღწევ ვერაფერს. რატომ არის ეს ასე? იმიტომ რომ ადამიანმა დაცემის შემდეგ დაკარგა ღმრთის ხატება, რომლის მსგავსადაც იგი ღმერთმა შექმნა. დაცემის შემდეგ ადამიანი ემორჩილება სიკვდილსა და ხრწნას, ასევე მიდრეკილია ცოდვისა და ვნებისადმი. ვისურვებდი, რომ ყოველთვის გვახსოვდეს – ადამიანი, როგორსაც ჩვენ ვხედავთ დღეს არ არის ის ადამიანი, არ არის ისეთი, როგორიც თავდაპირველად შექმნა ღმერთმა. ჩვენ დღეს ვიცნობთ ერთმანეთს ისეთებად, როგორიც ვართ ამჟამად და არ ვიცით, თუ როგორად შეგვქმნა ღმერთმა. რადგანაც მოხდა ადამიანის დაცემა, ხოლო ჩვენ ვართ დაცემის შემდგომი ადამიანის შთამომავლები, ამიტომაც გვაქვს ვნებანი და ასევე მიდრეკილება ცოდვებისადმი. მაგრამ თუკი მივიჩნევ, რომ მე დაცვა არ მჭირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მე არა მაქვს თავმდაბლობა და ვერ ვაცნობიერებ, რომ ვარ უძლური ადამიანი, ადამიანი, რომელიც შინაგანად ვატარებ წინაპართა მთელ მემკვიდრეობას. სწორედ ამის გამო უნდა მოვუფრთხილდე ჩემს თავს, რათა არ ჩავარდე საფრთხეში, გამოწვევებში, ისეთ მიზეზში, რომელმაც შეიძლება ნებისმიერ დროს დამთრგუნოს. დამტკიცებულია, რომ როდესაც ადამიანი არ არის ფრთხილად, მას არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ვნებას ან ცოდვას, მას არ გააჩნია ამისთვის ძალა. სწორედ ამას ამბობს წმინდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი. იგი გვახსენებს ცოდვისადმი მემკვიდრეობით მიღებულ მიდრეკილებას, რაც ეგოიზმის შედეგი იყო.  ადამიანმა მოინდომა გაღმერთება ღმერთის გარეშე. მან მოიწადინა გაღმრთობა თავისი საკუთარი ძალებით. სწორედ ეს გახდა დაცემის მიზეზი და ასევე დაცემისკენ მიმავალი კარი. ამიტომაც უნდა ვითხოვოთ დახმარება ჩვენს სულიერ ბრძოლაში, რომელიც არ არის ამქვეყნიური ბრძოლა, არ არის იოლი ბრძოლა, რომელიც მხოლოდ ჩვენი ნაკლის მოცილებასა და კარგი ჩვევების შეძენას, ან მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ კარგ ადამიანებად ქცევას გულისხმობს, არამედ ეს არის ბრძოლა, რომელიც ყოველივე ამის მიღმა დგას, ეს არის ბრძოლა იმისათვის, რომ იესო ქრისტემ ჩვენში დაივანოს, ანუ ჩვენმა გულმა, ჩვენი არსებობის ცენტრმა, შეძლოს იესო ქრისტეს მადლის მიღება, რათა შევძლოთ ისეთებად ვიქცეთ, როგორადაც ღმერთმა შეგვქმნა.  როგორც კი იესო ქრისტე დაივანებს ადამიანის გულში, ადამიანი მაშინვე ჯანსაღი გზით იწყებს მოქმედებას.

მარტივად რომ ვთქვათ, წარმოვიდგინოთ მაგალითად რაიმე მანქანა, რომელიც მაშინ მუშაობს კარგად, როდესაც იმას აკეთებს რისთვისაც იგი შექმნეს. მაგალითად, ქვაბი მაშინ მუშაობს კარგად, როდესაც ქვაბის ფუნქციებს ასრულებს სამზარეულოში. თუკი ასრულებს ყვავილის ქოთნის ფუნქციას, მაშინ? თუმცა შეიძლება ქვაბი იყოს ქოთანი, მაგრამ მაინც ხომ არ არის ის ამისთვის შექმნილი? მიუხედავად იმისა, რომ ძველ დროში ხშირად შევხვდებოდით ქვაბებში ჩარგულ ყვავილებს. მაგალითად, ბებიაჩემი ძველ ქვაბებს იყენებდა ქოთნებად.

ეს ბრძოლა იმისათვისაა, რომ ადამიანმა სრულყოფილებას მიაღწიოს. მას ბევრი რამ და ასევე – დიდი სიფრთხილე სჭირდება, უპირველეს ყოვლისა კი – თავმდაბლობა. რადგან თავმდაბლობა წინაპირობაა იმისათვის, რომ იესო ქრისტემ შენში დაივანოს. და რატომაა ეს ასე? იმიტომ რომ თავმდაბლობა განწმენდას ნიშნავს. მისი მეშვეობით ჩვენ ვძლევთ ჩვენს ეგოიზმს, ჩვენს მეს, ჩვენს ატომიზმს. მხოლოდ თავმდაბალ ადამიანში შეიძლება დაივანოს უფალმა იესო ქრისტემ და მხოლოდ ასეთ ადამიანს შეუძლია ჭეშმარიტად შეიყვაროს სხვა ადამიანი. არც ერთ ამაყ ადამიანს არ შეუძლია შეიყვაროს სხვა ადამიანი, რადგანაც მას მხოლოდ თავისი თავი უყვარს და სავსეა მხოლოდ საკუთარი თავით.

წმიდა ნიკოდიმოსი ამბობს: იმისათვის რომ გააცნობიერო, თუ როგორ შეძლებ უფლის დახმარებით წარმატების მიღწევას, იმისათვის, რომ მიაღწიო თავმდაბლობის ისეთ მდგომარეობას, როცა არ იქნები დაავადებული რწმენით, რომ შენ მარტოდმარტო შეძლებ ყველაფრის მიღწევას, რომ შენ არ გემუქრება საფრთხე, რომ შენ არაფრის გეშინია და ფიქრობ რომ არაფერს ძალუძს შენი დამარცხება, რაც თავისთავად ავადმყოფური და ცრუ მდგომარეობაა, არსებობს ოთხი მეთოდი: პირველი საშუალება ამგვარი თავმდაბლობის მისაღწევად არის შენი არარაობის შეცნობა. აუცილებელია გააცნობიერო, რომ მარტოდმარტო არანაირი სიკეთის ქმნა არ შეგიძლია, სიკეთის, რომლის მეშვეობითაც შეიქნები უფლის სასუფევლის ღირსი.

შენი არარაობის გააზრება სრულიადაც არ არის რთული, რადგან თუკი უკვე ხარ საკმაო ასაკის და თვალს გადაავლებ შენს განვლილ ცხოვრებას, მიხვდები თუ რამდენი შეცდომა გაქვს ჩადენილი დღევანდელ დღემდე. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი საქმეები მუდმივად დადაღულია ადამიანური არასრულყოფილებით და უძლურებით. არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ასევე ჩვენი ძმების, ჩვენ გვერდით მყოფი ადამიანებისაც. სწორედ ეს გვეხმარება, რომ მივიღოთ ჩვენი საკუთარი თავი და გავიგოთ, რომ ასეთები ვართ. უნდა დავმშვიდდეთ და გავიაზროთ, რომ ასეთები ვართ ჩვენ ტანჯული ადამიანები, რომელთა ხვედრია ჩვენი საკუთარი თავების ზიდვა თავისი უძლურებით. როგორებიც ვართ ჩვენ ტანჯულნი, უძლურნი და ავადმყოფნი, ისეთივე ტანჯულნი, უძლურნი და ავადმყოფნი არიან ჩვენი ძმებიც. სწორედ ამიტომაც არ შეგვიძლია მათი განსჯა, არ შეგვიძლია მათ მოვთხოვოთ ის, რასაც არც ჩვენ ვაკეთებთ. ბუნებრივია, რომ რადგანაც ჩვენ ჩავდივართ უამრავ შეცდომას, ჩვენი ძმანიც სჩადიან უამრავ შეცდომას. მაშ, რა ხდება? დავრჩეთ ამ მძიმე, სულისშემხუთველ გააზრებაში, რომ ყველა შეცდომებს ვუშვებთ? ერთხელ ერთი მონაზონი მეუბნებოდა: -რა ხდება ჩემ თავს? მხოლოდ შეცდომებს ვუშვებ და თუკი რაიმე სიკეთეს ვაკეთებ, მასაც შეცდომით. (იცინის) ეს მონაზონი ძალიან კარგი ადამიანი იყო და ამიტომაც უდგებოდა თავის თავს ამგვარად.

ჩვენ არ ვრჩებით ამ სიღარიბეში, უბრალოდ ზეციდან კვლავ მიწაზე ვეშვებით და ვეძებთ საყრდენს, რათა სულიერად ვიბრძოლოთ. და როგორც ხშირად ამბობს ხოლმე წმიდა ნიკოდიმოსი, უხილავ ბრძოლაში გამარჯვების მესამე აუცილებლობაა, გამუდმებით ვითხოვოთ უფლისაგან შემწეობა და დახმარება ლოცვის მეშვეობით. მაშასადამე, როდესაც აცნობიერებ რომ არ შეგიძლია მარტოდმარტო გამარჯვების მიღწევა, როცა აანალიზებ, რომ უამრავ შეცდომას უშვებ, ცოტა გესმის, რომ ეკლესიის წიაღში, იქ სადაც არსებობს უფლისა და ადამიანის ერთგვარი თანამონაწილეობა, შენ კი არ აღწევ განღმრთობას, შენ კი არ კურნავ შენს თავს, არ ქმნი ერთგვარ კერპს შენი თავისგან, არამედ შენ გკურნავს უფლის მადლი, შენ სრულგყოფს უფლის მადლი, უფალია ის, რომელიც დაივანებს შენში და დაიწყებს შენს განკურნებას.

ეკლესია, როგორც მრავალჯერ გვითქვამს, ჩემო შვილნო, არის ერთგვარი საავადმყოფო, სადაც ყველა ჩვენგანს სჭირდება მკურნალობა. განა შეიძლება, რომ  ერთმა ავადმყოფმა მეორეს უთხრას: -არ გრცხვენია, რომ ავად ხარ? ამ საავადმყოფოში ხომ ყველა ავადაა, თვით ექიმებიც კი, უბრალოდ ისინი ეხმარებიან სხვებს, მაგრამ მათაც სჭირდებათ მკურნალობა. თუმცა, ამ საავადმყოფოში არსებობს ერთი მთავარი ექიმი, რომელიც არის ჯანმრთელი და კურნავს სხვა ადამიანებს. და ეს მთავარი ექიმი არის უფალი იესო ქრისტე. ეს ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტეა, რომელიც ადამიანის მხსნელია. აქ საქმე ეხება უფლისა და ადამიანის ურთიერთთანამშრომლობას. თუკი განხორციელდება ეს ურთიერთთანამშრომლობა, მაშინ ადამიანი მიაღწევს თავისუფლებას. უნდა მიმართო ექიმს, რომ მან შენ განგკურნოს. ნება უნდა მისცე მას, რომ გაგიკეთოს მაგალითად, ნემსები ან სხვა სამედიცინო პროცედურები. ანუ, შენ უნდა გაიარო ყველა ის უსიამოვნო პროცედურა, რაც დაკავშირებულია მკურნალობასთან: წამლები, ოპერაციები და ა.შ.  მხოლოდ ამის შემდეგ განიკურნები. ხოლო თუკი ექიმს არ მისცემ ნებას, რომ მოგიახლოვდეს, მაშინ ბუნებრივია, მხოლოდ საავადმყოფოში მისვლით ვერ განიკურნები.  აუცილებელია, ნება დართო ექიმს, რომ მან შენ განგკურნოს. ეს შენ დაგეხმარება, გზა განაგრძო კვლავაც და მოიპოვო ის სულიერი სიჯანსაღე, რომელიც მოგცემს ძალას შეინარჩუნო ერთგვარი წონასწორობა.

[გაგრძელდება]

შინაარსი
სანიშნეები