Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ვატოპედის სავანის იღუმენი ბერი ეფრემი: ”რატომ სტუმრობს ადამიანი მთაწმინდას?” | PEMPTOUSIA

ვატოპედის სავანის იღუმენი ბერი ეფრემი: ”რატომ სტუმრობს ადამიანი მთაწმინდას?”

4 December 2012

საერთაშორისო ფორუმი – ”კულტურათა დიალოგი” გაიხსნა კონფერენციით შემდეგ თემაზე: ”მთაწმინდის წვლილი ევროპის სასულიერო და სამეცნიერო კულტურულ მემკვიდრეობაში”. ჩატარდა ზალცბურგში, ავსტრია.

მოკლე მისალმებით გამოვიდნენ ფორუმის პრეზიდენტი ბატონი ვლადიმერ იაკუნინი და ევროპის საბჭოს ყოფილი გენელარული მდივანი ბატონი ვოლტერ შვიმერი (Walter Schwimmer), რომელთაც ყურადღება გაამახვილეს სულიერ ფესვებთან  დაბრუნების აუცილებლობაზე, რაც მთაწმინდის უშუალო დახმარებითაა შესაძლებელი, მისი მრავალსაუკუნოვანი სულიერი გამოცდილების წყალობით.

სიტყვით გამოვიდა ვატოპედის წმინდა და დიდი სავანის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი, მან თანამედროვე ადამიანის პრობლემების მთავარ მიზეზად დააასახელა ის სულიერი გაორება, რომელიც გულში სიმშვიდის არქონის გამო განუწყვეტლივ არსებობს. დააზუსტა, რომ ამ სიმშვიდეში არ უნდა ვიგულისხმოთ ბრძოლის არქონა, არამედ უნდა ვიგულისხმოთ პიროვნება და ის სხვა არავინაა, თუ არა იესო ქრისტე. დასასრულს დაძინა, რომ მთაწმინდის უშუალო დახმარებით ადამიანი თავს დააღწევს გამოუვალი მდგომარეობის უკუნ წყვიადს.

ფორუმზე მოკლე მოხსენება წაიკითხა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონის წარმომადგენელმა, ასევე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა სერბეთის პრინცესა ეკატერინე, რომელმაც შეშფოთება გამოთქვა იმ საშიშროების გამო, რომელიც მთაწმინდას ევრო კავშირის მხრიდან ემუქრება, ამიტომ ურყევად უნდა იქნეს დაცული მთაწმინდის უფლებები, რათა წმინდა მთა არ გახდეს ტურისტული ცენტრი და 20 წმინდა  მონასტერი არ გადაიქცეს მუზეუმად. ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ ბერმონაზვნური საზოგადოება და მონაზვნური ცხოვრების წესი წარმოაჩენს მთაწმინდას უნიკალურად და განსაკუთრებულად.

ფორუმზე მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ  ბიზანტიური მუსიკის გუნდი ”ტროპოსი”  ბატონ კ. ანგელიდის ბრწყინვალე რეგენტობით და ხალხური მუსიკის ანსამბლი ”სვეტილენი” რუსეთიდან.

ფორუმის გახსნის ცერემონია დაასრულა მთაწმინდის ფოტოსურათების გამოფენამ.

2011 წლის 9 ივლისს ვატოპედის სავანის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი გამოვიდა სიტყვით შემდეგ თემაზე: ”რატომ სტუმრობს ადამიანი მთაწმინდას? წმინდა მთის მნიშვნელობა დღევანდელ სამყაროში”.

ვატოპედის  სავანის იღუმენის სიტყვა:

ზალცბურგი, 9 ივლისი 2011წ.

თეოლოგიური თვალსაზრისით მთაწმინდა განსაკუთრებული სიწმინდის ადგილია, სოციალური წყობის კუთხით კი, წმინდა მთის სახელმწიფო არის უძველესი დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ამ სტატუსს მისი დაფუძვნების დღიდან მტკიცედ ინარჩუნებს.

მთაწმინდაზე ცხოვრება და ტრადიცია უწყვეტია. არ ყოფილა ისეთი პერიოდი, როდესაც თვითმყოფადობა დაეკარგოს ან დაევიწყებინოს თუ რა მისია აკისრია ეკლესიის წიაღში და ქვეყნიერების წინაშე.

მისი მისიაა ღმრთის ხატების მქონე ჭეშმარიტი ადამიანის, მაშასადამე, განწმენდილი, სიწმინდის მქონე ადამიანების ჩამოყალიბება და, პარალელურად, მისი როლია გააძლიეროს და გადასცეს ხალხს განღმრთობის ცოცხალი ტრადიცია.

მთაწმინდის ყოფა უნიკალურია, მასში იმალება ის საიდუმლო და ცხოველმყოფელი ძალა, რომელიც სასუფევლისკენ მიემართება. ამიტომ წმინდა მთის ყველა ის მომლოცველი, რომელიც მას სტუმრობს ან ყველა ის ადამიანი, რომელიც მასთან რაიმეთია დაკავშირებული, პოულობს  სულიერ სიმშვიდეს.

მთაწმინდის სამონასტრო ცხოვრებაში მნიშვნელოანი ადგილი უჭირავს მომლოცველთა გამასპინძლების საკითხს. მათ გარეშე არ მოიაზრება წმინდა მთის არც ერთი მონასტერი. არსებითად  სამონასტრო კომპლექსები ხომ მომლოცველებს – ღმრთის ხალხს ეკუთვნის.

ბერმონაზვნები კი გარკვეული დროის განმავლობაში მონასტრის წარმავალი განმკარგავები არიან, რომლებიც არსებულ სივრცეს და სულიერ გარემოს მონაზონთა მომდევნო თაობებს გადასცემენ, როგორც წმინდათაწმინდა ”ანაბარს”. ისინიც იცავენ და აგრძელებენ სამონასტრო ტრადიციებს, რათა მორწმუნეებმა დაუბრკოლებლად იარონ და სულიერი სიმშვიდე პოვონ. მიუხედავად იმისა, რომ მთაწმინდა საბერძნეთის სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია, სულიერ მფარველობას კი უწევს მსოფლიო (კონსტანტინოპოლის) საპარტიარქო, ზოგადსაკაცობრივო მნიშვნელობისაა. მისთვის დამახასისთებელია მრავალეროვნული ერთობა, რადგან აქ მოღვაწე ბერმონაზვნები სხვადასხვა ქვეყნის შვილები არიან.

რა თქმა უნდა, მთაწმინდაზე მომლოცველი არ არის დამთვალიერებელი, რომლებიც გართობის მიზნით მოგზაურობს, არამედ ის არის მორწმუნე, რომელთაც სურს მოილოცოს წმინდა ადგილები. აქ ჩამოდიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან განსხვავებული სულიერი,  კულტურული და რელიგიური ტრადიციების წარმომადგენლები.

გასულ 2010 წელს ჩვენს მონასტერში დაახლოებით 40 000 მომლოცველი მივიღეთ ღამის გასათევად. წმინდა მთის მამები მათში არა უბრალო ადამიანებს, არამედ ღმრთის ხატებას, თავად უფალს ხედავენ. ამბა აპოლოსი მოყვასთან შეხვედრის წესს გვამცნობს: ”მოვლენ თუ არა ძმები პატივი უნდა ვცეთ თაყვანისცემით. ამ დროს თაყვანს ვცემთ ღმერთს, რადგანაც ნათქვამია: ” ხედავ შენს ძმას, ხედავ ღმერთს”. მონაზვნები მოყვასის სახეში უფალს ხედავენ, ამიტომაც ემსახურებიან მას სიხარულით, თავმდაბლობითა და სიყვარულით. ეს სიყვარული უანგაროა და მსხვერპლშეწირვის ხასიათი აქვს, საპასუხოდ კია არაფერს მოელიან. მომლოცველი არაფერს იხდის მისი გამასპინძლებისათვის. მონაზონს, რომლის მორჩილების საქმეა სტუმრის გამასპინძლება (მესტუმრე), არაფერს უხდიან და არ აქვს არანაირი შეხება ფულთან. მთაწმინდის მონასტრები უფასოდ და უსასყიდლოდ სთავაზობენ ყველა სტუმარს გულთბილ მიღებას, რადგან ასეთია ნება წმინდა მთის დიასახლისისა და იღუმენიასი – ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელისა.

ყოველივე, ესოდენ ადამიანური და ჩვეულებრივი, თითქმის უცხოა დღევანდელი საერო საზოგადოებისათვის. უანგარო სიყვარული, სინამდვილეში ის ჭეშმარიტი სიყვარულია, რომელიც ქრისტემ განუცხადა ხალხს  და რომელმაც არა მხოლოდ შეწყვიტა არსებობა, არამედ, სამწუხაროდ დღეს მას  უგუნურებადაც კი თვლიან. ფული, ტენდენციურობა, ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლუატაცია თანამედროვე საზოგადოებისათვის ყველაზე ამაღლებული და იდეალური მიზნებია. ამიტომ წმინდა მთის სული და სახე, როგორც უანგარო სიყვარულის სახიერება, უხვი სულიერი სიოა საზოგადოების უფრო ჰუმანური ყოფიერებისათვის.

მონასტრის მიზანი და სრულყოფილი იდეალი –  უანგარო სიყვარული, ქრისტეს სიყვარულია. ამ გზიდან გადახვევა ცოდვად ითვლება. მონასტერი ადამიანთა გაერთიანებისაკენ ისწრაფვის, ხოლო ანგარება და მოყვასის სარგებელისათვის გამოყენება კი ისაა, რაც ხელს უწყობს ამ ერთობის განბნევას.

დიდი პატივია, რომ მთაწმინდაზე მოსულს შესაძლებლობა აქვს მოილოცოს წმინდა ნაწილები და საწაულთმოქმედი ხატები, რომლებიც ძირითადად მონასტრის კათოლიკონშია (მონასტრის მთავარი, საკრებულო ტაძარი) დაცული. არ არსებობს უფრო ძვირფასი და მნიშვნელოვანი რამ დედამიწაზე, ვიდრე წმინდანებისა და მათი წმინდა ნაწილების არსებობა. ეკლესიის მიზანიც ხომ ადამიანის სრულყოფისა და განწმენდისაკენ სწრაფვაა, წმინდანთა ნაწილებში უფლის მადლი და ძლევამოსილება ბინადრობს, მომლოცველი მისი თაყვანისცემით ღვთის წყალობას ღებულობს, წმინდა მთაზე მოსულ ყველა მომლოცველს აქვს კურთხევა შეხვდეს ეკლესიის ბევრ და დიდ წმინდანს.

ჩვენს წმინდა სავანეში დაცულია ორასზე მეტი წმინდა ნაწილი, მათ შორის წმინდა იოანე ოქროპირის, გრიგოლი ღმრთისმეტყველის, იოანე ნათლისმცემლის, მოციქულთა ანდრიასი და ბართლომესი, დიდმოწამეთა პანტელეიმონისა და იაკობ სპარსისა, ასევე აქ ინახება უმნიშვნელოვანესი სიწმინდე ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის პატიოსანი სარტყელი.

ერთ-ერთი მომლოცველი, რომელსაც ხელები ჰქონდა პარალიზებული და არ შეეძლო მათი ამოძრავება, ღმრთისმშობლის პატიოსანი სარტყელის თაყვანისცემის შემდეგ განიკურნა. სხა ადამიანს, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, წელი აწუხებდა, უეცრად ლოცვის დროს დენისმაგვარმა ენერგიამ დაუარა და მაშინვე გამოჯანმრთელდა. იგი ამ დროს ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის საწაულთმოქმედ ხატთან ”მანუგეშებელთან”  ლოცულობდა, ის ერთ-ერთია იმ შვიდი სასწაულთმოქმედ ხატთაგან, რომელნიც დაბრძანებულნი არიან ჩვენს სავანეში.

ბევრი მორწმუნე წინდა ნაწილებთან თაყვანისცემისას კეთილსურნელებას შეიგრძნობს. ეს სურნელი არ არის ფიზიკური წარმონაქმნი, ჩვენ ამას ხელოვნურად არ ვაკეთებთ, არ ვუსვამთ სუნამოებს წმინდა ნაწილებს. ეს ზებუნებრივი სურნელია და სულიწმინდის მადლით მოედინება.

ეკლესიაში მორწმუნეთა კრებული ისმენს ქადაგებას, ჩვეულებრივ ამ მსახურებას მონასტრის ბერი* კისრულობს, ზოგჯერ კი რომელიმე გამოცდილი ძმა, რომელსაც ყოველთვის ბერი  ადგენს. ძირითადად საუბარია პრაქტიკულ თემებზე, რომელთაც კავშირი აქვთ სულიერ აღმშენებლობასთან, მომლოცველთათვის იმ საჭირბოროტო საკითხებზე, რომლებიც მათთვის მნიშვენელოვანია და პასუხობენ  დასმულ შეკითხვებს.

*გერონდა  – ბერი, старец, 1) სასულიერო პირებისადმი მიმართვის ზრდილობიანი ფორმა; 2) გამოცდილი, ჩვეულებრივ ასაკოვანი მონაზონი; 3) სხვა მონაზვნის ან მონაზვნური საძმოს უფროსი, ღვაწლმოსილი  მოძღვარი.

საღმრთისმეტყველო საუბარი სხვადასხვა საფეხურს მოიცავს, განვსაზღვროთ მათი სახეები. პირველი საფეხურის სიტყვა დამრიგებლურია, რომელიც შესაძლოა თეოლოგიური განათლების მქონე ადამიანმა შესთავაზოს მსმენელს, თუნდაც აკლდეს შესასბამისი პრაქტიკული გამოცდილება. შესაძლებელია კი, რომ ამ სიტყვამ სარგებელი მოუტანოს მსმენელებს, თანახმად ქრისტეს სწავლებისა ”ყოველსა უკუე რაოდენსა გეტყოდიან თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ”.

მეორე საფეხურად შეგვიძლია ჩავთვალოთ ისეთი გამოცდილების სიტყვა, რომელიც იმ გონების მიერაა ჩამოყალიბებული და ფორმირებული, რომელიც ან ქმედითად ან გამოცდილებით უერთდება და ეზიარება უფლის ”სიტყვას” – ”რამეთუ ცხოველ არს სიტყუაჲ ღმრითსაჲ და ძლიერ და უმკუეთელეს უფროჲს ყოვლისა მახჳლისა ორპირისა: და მისწუდების იგი ვიდრე განსაყოფელადმდე”. ამ ”სიტყვას” შესაძლებლობა აქვს განკურნოს და აღადგინოს ადამიანთა სნეული და დამსხვრეული გულები.

ეკლესიის მამათა სიტყვა უმთავრესად გამოცდილებას ემყარება, რომელსაც დიდი სულიერი ძალა და შეუფასებელი ღირებულება აქვს. მაგრამ არსებობს უფრო მაღალი საფეხური სიტყვისა, რომელიც გამორჩევითია. სუბარია განსაკუთრებულ, გამოცხადებით სიტყვაზე, რომლითაც რომელიმე მადლმოსილი ბერი (გერონდა ბერძ.) პირდაპირ ქრისტიანებს მიმართავს. ამ გამოცხადებითი, განჭვრეტითი სიტყვის მაგალითია ერთი ეპიზოდი მამათა ცხოვრებიდან, როცა მორწმუნე მწუხარებითა და დაჟინებით ამბა ევპრეპის ეკითხება: ”მამაო, მითხარი როგორ გადავრჩე?” მამათა ღმრთივგაბრძნობილ სიტყვას შეუძლია გახდეს ჭეშმარიტი შთაგონებისა და  სულიერი სიმტკიცის წყარო. შევხვდი ერთ საერო პირს წმინდა მთის გარეთ, რომელმაც მითხრა, რომ უკვე სამი წელიწადია რაც მთაწმინდაზე არ ყოფილა, მაგრამ ამ სამ წელიწადს მას სულიერად განამტკიცებდა ის დარიგება, რომელიც ერთი მთაწმინდელი მონაზონისაგან მიიღო.

აღსარების საიდუმლოება სრულყოფილი და იდეალურია, როცა აღმსარებელი მორჩილად ღებულობს მოძღვრის მიერ მიცემულ დარიგებებს. აქვე ავღნიშნავ, რომ ბევრი ქრისტიანი თავის პირველ აღსარებას სწორედ წმინდა მთაზე, მონასტერში ამბობს. რამდენი მომლოცველი დაბრუნებულა შინ სხვა სახებით, განახლებული და შეცვლილი უფლის წყალობით! რამდენ წყვილს აუცილებია თავიდან განქორწინება და რამდენ დაშლილ ოჯახს უპოვია სანუკვარი კავშირი და ოჯახური სითბო, რომელიმე მთაწმინდელი სულიერი ბერის დარიგებების შედეგად! რამდენ მათგანს უპოვია გამოსავალი რომელიმე მადლმოსილ სულიერ მოძღვართან ურთიერთობის შემდეგ იმ გამოუვალი ჩიხიდან და იმ პრობლემებიდან, რომლებიც მას ტანჯავდნენ და აჩანაგებდნენ!

კინოვია (საერთო საცხოვრისის ცხოვრების წესის მიმდევარი) ქმნის სრულყოფილ სახარებისეულ საზოგადოებას, სამოციქულო ქოროს მსგავსს, მოწამეობისათვის მზად მყოფი პირველქრისტიანების, ღმრთის მოშიში მხედრების საზოგადოებას, რომლისთვისაც უმთავრესი საზრუნავია ქრისტესთან თანაცხოვრების დამოუკიდებლად, დაუხმაებლად მიღწევა!

როგორც ჩვენი ნეტარი ბერი იოსები ამბობდა მისთვის დამახასიათებელი მანერით ” კინოვიური (საერთო საცხოვრისის ცხოვრების წესის მიმდევარი) მონასტერი მიწიერი ზეცაა მოქცეული დროისა და სივრცის ჩარჩოში, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაზეა, ის არ არის ამა ქვეყნის!”

სამყაროში, რომელიც გარშემორტყმულია წარმავლობით და სავსეა ყოველდღიური სირთულეებით, სტრესით, აგონიითა და გამოუვალი მდგომარეობებით,  წარმოუდგენელია იმაზე ფიქრიც, რომ შესაძლებელია არსებობდეს რაღაც სხვა ყოველდღიურობისაგან განსხვავებული რამ, რომელსაც შეუძლია მოგვცეს ხსნა ყოველგვარი ტანჯვა-წამებისაგან, სწორედ მთაწმინდა იძლევა ასეთი ცხოვრების პერსპექტივებს.

ცხოვრების ერთგანზომილებიანი ჰორიზონტი არის ვერტიკალი და მრავალგანზომილებიანი ერთობა ღმერთთან და მის წმინდანებთან. ეს გამოხატულია სრულიად განსხვავებული და ხშირად საგნების აღქმის ამქვეყნიური წესების საწინააღმდეგო საშუალებებით. ის ჭეშმარიტად ანათებს ბუნდოვან და გამოუვალ საერო ყოფიერებას. ასე რომ, საბოლოოდ ადამიანი შეძლებს არა მარტო შეითვისოს ცხოვრების დადებითი და სასიკეთო მოვლენები, არამედ გაუმკლავდეს სირთულეებს, წარუმატებლობას, უბედურებას და თვით სიკვდილსაც კი. მონასტერი გვთავაზობს ცხოვრების წესს, რომელიც ადამიანს ათავისუფლებს სულიერი ტკივილის გამომწვევი სიკვდილის შიშისაგან, რაც რეალურად თავისუფალს ხდის მასს!

მთაწმინდაზე, როგორც ზოგადად ყველა მართლმადიდებლურ მონასტერში, მოდიან ადამიანები, რომლებიც ტოვებენ ამქვეყნიურობასა და ამა სოფლის ცხოვრების წესს. ეს ფენომენი შესაძლებელია ჩაითვალოს, და მავანთა შეხედულებებისამებრ, არის კიდეც, როგორც ანტისაზოგადოებრივი. მაგრამ მონასტერი არსებითად განსხვავდება სხვათაგან. ის, რაც განასხვავებს მას ანტისაზოგადოებრივი ფენომენისაგან შემდეგში მდგომარეობს: მონაზონი არ ტოვებს ამ ქვეყანას მასთან მტრობის გამო, არამედ ამ ნაბიჯს ქრისტეს სიყვარულისთვის, ღმერთთან აბსოლუტური ზიარებისთვის და ამით მთელ სამყაროსთან ერთობისათვის დგამს. ის არ უარყოფს ხალხს, საზოგადოებას, იგი უარყოფს ამქვეყნიურ აზროვნებას და ამიტომ დაჟინებით დაეძებს ჭეშმარიტ ერთობას უფალთან.

ასე რომ, მონასტერი, განსაკუთრებით კი წმინდა მთის კინოვიური (საერთო საცხოვრისის ცხოვრების წესის მიმდევარი) ცხოვრების წესი, ის ”ანტისაზოგადოებრივი” ფორმაა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საერო საზოგადოებას და წინაპირობას წმნის ქრისტიანული ცხოვრებისათვის. იქ, სადაც ადამიანი თავისი ურთიერთობებით ცხოვრობს სრულყოფილად და გაწონასწორებულად, თავის ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ განზომილებაში.

ბერმონაზნობა ცხოვრების მაგალითს გვთავაზობს, განსაკუთრებით კი კინოვიური სამონასტერო ყოფა გამოხატავს მართლმადიდებლობის მეხუტე ელემენტს  ”პემპტუსიას”. შეიძლება ითქვას, რომ მორწმუნეთა კრებული როგორც მიუთითებს ღირსი თეოდორე სტუდიელი ”ერთი საერთო საცხოვრისის ტიპის ეკლესიაა”.

საერთო საცხოვრისის ტიპის სამონასტრო ყოფა მისი ისტორიული განხორციელების მცდელობაა. ამიტომაც ხდებოდნენ ბიზანტიის იმპერატორები წმინდა მთის მონასტრების აღმშენებლები, შემომწირველები, ქველმოქმედები, ვინაიდან იცოდნენ, თუ რა სარგებლის მომტანი იქნებოდა საზოგადოებისათვის მონასტრების დაარსება. სულიერ საზრდოს, რომელსაც მონასტერი ხალხს სთავაზობს, შეუძლია მთელ საზოგადოებაში სიკეთის გაღვივება. როგორ შეუძლია საზოგადოებას ავნოს მან, ვისაც მიღებული აქვს ქრისტეს მცნება ”გიყვარდეს მტერი შენი”? ან როგორ არის შესაძლებელი ის, რომ ვისაც გათავისებული აქვს მცნება, რომ ”გახდეს წმინდანი”, მიაღწიოს განღმრთობას და შეიქმნას ”ზეციურ მოქალაქედ”, ის იმავდროულად არ იყოს ამქვეყნიური საზოგადოების ღირსეული წევრი.

კინოვიური (საერთო საცხოვრისის ცხოვრების წესის მიმდევარი) მონასტერი სამჭედლოა გადარჩენისა და განწმენდისა. ნეტარ ბერ იოსებ ისიხასტის განმარტებით ”ჭეშმარიტი მონაზონი სულიწმინდის ნაყოფია”. ის ვინც ჭეშმარიტ მეს აღმოაჩენს საკუთარ გულში, პოულობს ღმერთს და მასთან ერთად მთელ სამყაროს. ამჟამად წმინდა მთაზე არიან მონაზვნები, რომელთაც დაივიწყეს საკუთარი თავი და საათობით ლოცულობენ ამა ქვეყნისათვის. მათი ყველაზე მნიშველოვანი შესაწირი მშვიდობისა და სამყაროს ხსნისათვის აღვლენილი ლოცვაა. მორწმუნე ადამიანი მხოლოდ მათთან ყოფნით, საუბრის გარეშეც კი ღებულობს მადლს. მამათა ცხოვრებაში წერია, რომ წმინდა ანტონი დიდს ხშირად სტუმრობდა სამი ძმა იმ სულიერ საკითხებზე სასაუბროდ, რაც მათ აწუხებდათ. ერთ-ერთი მათგანი მუდამ მდუმარედ იყო და არასოდეს სვამდა შეკითხვებს. ერთხელაც თვით წმინდა ანტონმა ჰკითხა: ”ამდენი წელია აქ დადიხარ და რატომ არაფერს მეკითხები?” მან კი უპასუხა” ”საკმარისია რომ გხედავთ, მამაო”.

მომლოცველი, რომელიც იცავს მონასტრის განრიგს, ესწრება წმინდა მსახურებებსაც, მთაწმინდის მონასტრის კათოლიკონში (მონასტრის მთავარი, საკრებულო ტაძარი) მონაწილეობას ღებულობს სიტყვიერ და გონებრივ ღმრთისმსახურებაში, რომელიც ”ერთითა პირითა და ერთითა გულითა” აღევლინება ღმრთის წინაშე.

უფლის თაყვანისცემა არის ადამიანის შემოქმედება, ის საიდუმლო, რომელიც აღემატება ადამიანურ ლოგიკას. ეს ეკლესიის წიაღში მყოფი სულიწმინდის ენერგიაა, სადაც არა მარტო მონაზვნები, ღმრთისმსახურები და მრევლი იმყოფება, არამედ იქ წმინდანები, ანგელოზები, ღმრთისმშობელი და თვით უფალი იესო ქრისტე მყოფობს. ეს მღვდელმსახურება ამაღლებს და ცვლის ადამიანს.

რამოდენიმე წლის წინ, ოთხიოდე წლის ბავშვმა მონასტრის კათოლიკონის (მონასტრის მთავარი, საკრებულო ტაძარი)  საკურთხეველში ანგელოზთა გუნდი დაინახა, რაც სხვა იქ მყოფთათვის ბუნებრივია უხილავი იყო. ესეთი ხილვის გამოცდილება ბევრ წმინდა მღვდელმსახურს ჰქონია, რომელიც თავისი „დამტეობისა“ და სიწმინდის შესაბამისად ღებულობს ამ ჯილდოს.

რამდენი შემოსულა წმინდა ტაძარში გონებადაბინდული, სულიერად არეული, სასოწარკვეთილი, ჩიხში მოქცეული და წასულა კი გონებაგანათებული, მშვიდი და ბედნიერი.

მთაწმინდა სულიერ კურნებას ემსახურება, სამკურნალო ცენტრი და სულიერი ოაზისია ამქვეყნიურ, გზააბნეულ და უღმრთო უდაბნოში. იგი არის  მაჩვენებელი, რომელიც მიმართულებას აძლევს ზეცისაკენ სვლას და უზრუნველყოფს დინებას მამა ღმერთისაკენ. ნეტარი ბერი პაისი ამბობდა: ”ხალხი უფრო ხშირად რომ დადიოდეს მონასტერში და ქონდეს სულიერი კავშირი მონაზვნებთან, მაშინ ბევრი ფსიქიატრიული საავადმყოფო დაიკეტებოდაო”. მონასტერში ხდება მონაზვნების განწმენდა, იგი მოწოდებულია სამსახუროდ, რომ იყოს სულიერი საფუარი წინსვლისა და სამყაროს გადარჩენისათვის.

ადამიანისათვის არ არსებობს სულის ცხონებაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ. ყველა ეპოქის ადამიანი, განსაკუთრებით კი თანამედროვე ადამიანი სულიერად დაცემული და დამსხვრეულია, არის გაუცხოებული საკუთარ თავთან, საჭიროებს აღდგენას, გზაზე დაყენებას, გადარჩენას. მისთვის აუცილებელია გახდეს მთლიანი, სრულყოფილი და საკუთარ თავში აღმოაჩინოს ჭეშმარიტი ადამიანი.

დღეს გადარჩენა აუცილებელი მოთხოვნილებაა და პიროვნებას შეუძლია მიიღოს და შეიმეცნოს გზა ხსნისა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის წმინდა და კურთხეულ ბაღში, მთაწმინდაზე.

წყაროhttp://romfea.gr

შინაარსი
სანიშნეები