Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი | PEMPTOUSIA

დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი

20 February 2013

ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის „მანუგეშებელის“ სასწაულთმოქმედი ხატისა და მაქსიმე ბერძენის (გრეკი) ხსენების დღესასწაული დიდი ზეიმით აღინიშნა ვატოპედის წმინდა და დიდ სავანეში. ამ დღეს ასევე უფლის მადლით აღსრულდა კურთხევის საიდუმლო რიტუალი, – იეროდიაკვნად იკურთხა ვატოპედის სავანის სქემმონაზონი თეოდოხე. ეს საიდუმლო აღასრულა  ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ.

xeirotonia 11

ქრონოლოგიურად გთავაზობთ საზეიმო წირვის დროს მეუფე გერასიმეს და არქიმანდრიტ ეფრემის ქადაგებას.

ბერ ეფრემის სიტყვა

უფლის დიდი წყალობაა ყოვლადუსამღვდელოესი დიდი მეუფის, გერასიმეს ჩამობრძანება ჩვენთან. ცხოვრობს რა ადამიანი მთაწმინდაზე, ხედავს რომ ეს არის ადგილი რომელიც ინახავს და ინარჩუნებს წმინდა გადმოცემების მიმართ ერთგულებას. ერთხელ, როდესაც ბერი ეფრემ კატუნაკელი აქ, ჩვენთან მობრძანდა, წავიდა „მანუგეშებელი“ ღმრთისმშობლის ხატთან თაყვანისსაცემად. დიდის თავმდაბლობითა და მოწიწებით წარმოთქვა ასეთი რამ: „ღმრთისმშობელო, მთაწმინდა შენი ბაღია, ხოლო ვატოპედის სავანე – შენი ტახტი“. ჩვენ გვხიბლავს ის რომ, ყველა მონასტერს ამშვენებს ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატები, მათ შორის კი განსაკუთრებულია ეს მონასტერი, სადაც ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის წმინდა სარტყელი და შვიდი სასწაულთმოქმედი ხატია. ასევე გვესმის, რომ მთაწმინდა მარადის ქალწულის უპირველესი სამყოფელია მსოფლიოში. ალბათ იკითხავთ, სხვაგან არ არსებობს მსოფლიოში ღმრთისმშობლის ადგილი ან სასულიერო ცენტრი? რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ღმრთისმშობლის მადლი განსაკუთრებით უხვადაა მთაწმინდაზე. უფლის შემდგომ სწორედ ღმრთისმშობელმა შეძლო სულიერი კანონის სიღრმეების და მწვერვალების დაძლევა. მას უწოდებენ პირველს უპირველესის შემდეგ. როგორც გრიგოლ პალამა ამბობდა ის იყო პირველი მონაზონი და შემთხვევითი არაა, რომ წმიდა მთა არის ერთადერთი მონაზვნური სახელმწიფო, რომელიც არსებობს მსოფლიოში და ყველა მართლმადიდებელს იზიდავს, მიუხედავად ეროვნებისა და წარმომავლობისა, ასევე – ყველა იმ ადამიანს, რომელიც თაყვანს სცემს და ემსახურება უფალს. წორედ აქ პოულობს ის თავშესაფარს, აქ ივსება იმ ძალ-ღონით რომელიც მათ სწორი ცხოვრებისათვის სჭირდება. მთაწმინდა ადამიანებს სხვა ენერგიით და სხვა გრძნობებით აჯილდოებს. ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი არის ამ ადგილის იღუმენია. როცა კი ჩნდებოდა ამ ბაღში ყოველთვის – მონაზვნური შესამოსლით. დღეს აგრეთვე არის წმინდა მაქსიმე ბერძენის ხსენების დღე. იგი დაგვანახებს მთაწმინდის სხვა მხარეს. კერძოდ წმინდა მთა იზიდავს არამარტო  მართლმადიდებელ მორწმუნეებს, არამედ აკეთებს კიდევ რაღაც განსაკუთრებულს. გუშინ ჩემთან მოვიდნენ ადამიანები და მითხრეს, რომ ჩვენ რაიმე როლი უნდა შევასრულოთ დღევანდელი ბერძენი ადამიანის გამოღვიძებაში. ვუპასუხე, რომ ჩვენ არ ვეწევით მისიონერობას ერში იმ სახით, რა სახითაც საერო ადამიანები ეწევიან. ჩვენ მისიონერობის სხვა სახე გვაქვს იმიტომ, რომ ჩვენი ადგილი განსაკუთრებულია და მოვუყევი მათ ერთი შემთხვევა. ცოტა ხნის წინ ერთი სტუდენტი გვესტუმრა. უფრო ადრე კი მირეკავს მისი ღმრთისმეტყველების მასწავლებელი და მთხოვს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო ამ ახალგაზრდას იმიტომ, რომ ის იყო ძალიან ჭკვიანი, ნიჭიერი, მაგრამ უღმერთო. ექვსი წელი დაჭირდა, რადგან მისი საყვარლი მოწაფე იყო და ძლივს დაარწმუნა და დაითანხმა, რომ მთაწმინდა მოენახულებინა. ერთ-ერთ ძმას დავავალე მასთან ესაუბრა. იგი ჩვენთან დღენახევარი დარჩა და აქედან წავიდა მონანიებული და განახლებული ადამიანი, რომელსაც სურდა ღმერთის პოვნა. ეს შემთხვევა იყო ჩემი პასუხი იმ ადამიანისთვის, რომელიც ითხოვდა ჩვენი ერში გასვლას და მისიონერობის დაწყებას. ექვსწლიანმა საღმრთისმეტყველო საუბრებმა არაფერი მისცა ახალგაზრდა კაცს, ხოლო მთაწმინდაზე დღენახევარში გახდა მორწმუნე ადამიანი. წმინდა მაქსიმე ბერძენიც მობრძანდა მთაწმინდაზე დასარჩენად. იგი არ მოსულა იმისთვის, რომ შემდეგ წასულიყო. მონაზონი რომელიც გეგმავს იცხოვროს მონასტერში ცოტა ხანს, ხოლო შემდეგ წავიდეს, თავიდანვე კრახს განიცდის. მონაზონს ცხოვრების პროგრამა და გეგმა არა აქვს. მოდის აქ რომ მოისმინოს. მე მრავალჯერ დავინტერესდი, თუ რატომ მოვიდა წმინდა მაქსიმე ბერძენი ვატოპედის სავანეში, რომელიც მაშინ იდიორითმული (განმარტოებითი ცხოვრების წესის მიმდევარი) იყო. როგორც კვლევებმა აჩვენა, ის მობრძანდა წმინდა ნიფონის, კონტანტინოპოლის ყოფილი პატრიარქის გამო, რომელიც აქ ცხოვრობდა და იყო მართლმადიდებლური სიწმინდის შუქურა. წმინდა მაქსიმეს სურდა გამქრალიყო საერო ცხოვრებიდან, მაგრამ მორჩილებამ ის რუსეთში წაიყვანა და გახდა იმდროინდელი რუსეთის განმანათლებელი. მართალია, ის თავისი ნებითა და გეგმით არ წასულა – მაგრამ ჰქონდა წარმატება. ეს იმის მაჩვენებელია, რომ მთაწმინდა მართლმადიდებლური სულიერების ცენტრია და უგზავნის სულიერ საკაზმს იმ ადგილობრივ ეკლესიებს რომლებსაც ესაჭიროება. როგორც ჩვენი ნეტარი ბერი იოსები ამბობდა, მისიონერობაში წარმატებას ის კი არ აღწევს, ვისაც კარგი ადგილი უჭირავს და მონაცემები აქვს ამისთვის, არამედ ის, ვისაც არ უნდა ერში ხალხთან ყოფნა, მაგრამ მიდის იქ, ეხმარება ხალხს მორჩილებით და აქვს შესაძლებლობა დროდადრო მათგან დამალვისა. დიახაც, რაც დიდია ამ უკანასკნელის სურვილი, მით მეტია წარმატება მისიონერობაში. წმინდა მაქსიმე თხოვდა იმდროინდელ მოსკოვის მიტროპოლიტ მაკარს მიეცა საშუალება მთაწმინდაზე მონასტერში დაბრუნებისა, რათა თავისი ძვლები აქ დაეტოვებინა, მაგრამ ამის საშუალება მას არ მისცეს. პირიქით აწამებდნენ, სცემდნენ და თვრამეტი წელი არ აზიარებდნენ. დაახლოებით 26 წელი გაატარა მან ციხეში, როგორც საზოგადოებისთვის საშიშმა, ერეტიკოსმა, როგორც ადამიანმა რომელთან მიახლოებითაც ზიანს იღებდნენ. ხედავთ, რომ მთაწმინდა არის სრულიად მსოფლიოს მისიონერობის ადგილი და იზიდავს ადამიანებს ყველა მხრიდან.

xeirotonia 13

ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატი „მანუგეშებელი“ სასწაულთმოქმედია. მის დღესასწაულს აღვნიშნავთ, უამრავი სასწაული ხდება მისი წყალობით. დაგვლოცე მეუფეო რათა ამ მძიმე პერიოდში მისი მფარველობით გვქონდეს მოთმინება, სიმშვიდე, თავმდაბლობა და დაგვეხმაროს მისი ძის მცნებების დაცვაში. ამინ.

საქართველოში ეკლესიის დიდი განსაცდელების მიუხედავად დღეს მის წიაღში 1000 მონაზონია. თურქების, ირანელების, არაბების შემოსევების მიუხედავად, და კიდევ, ცოტა ხნის წინანდელი კომუნიზმის ქარიშხალი მიწასთან ასწორებდა ქვეყანას. და როგორც ახლა ანტიოქიაში აირჩიეს ძალიან დიდი სულიერების წინამძღოლი პატრიარქი იოანე და მისი არჩევა რაღაც სასწაულია, საქართველოშიც ასე აირჩიეს 35 წლის წინ ახლანდელი პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც თავისი სიწმინდით აღამაღლა და შეაყვარა ეკლესია მოსახლეობას. მისი არჩევის დროს 5 ეპისკოპოსი იყო ქვეყანაში, ახლა ოცდაცხრამეტია. აღზევებულია სულიერი მუშაობა. როდესაც ჩვენ ვიყავით საქართველოში, დავინახე მართლმადიდებელი ხალხის მონდომება და სურვილი ღმრთისადმი მსახურებისა. სულ უფრო მრავლდება ქართველი მომლოცველების რიცხვი მთაწმინდაზე. ასევე ქართველი მღვდელმთავრების კურთხევით, მთაწმინდაზე მონასტრებში ქართველი მამები იღვწიან და სწავლობენ მონაზვნურ წეს-ჩვეულებებს, რათა შემდგომ დაუბრუნდნენ თავის მონასტრებს. აგრეთვე საბერძნეთში ჩამოდიან დედები, რომლებიც შემდეგ ურთიერთობენ დედათა მონასტრებთან. 2011 წელს ვიმყოფებოდი საქართველოში. მაშინ მეუფე გერასიმე გვმასპინძლობდა და მხოლოდ საუკეთესო მოგონებები დაგვრჩა. როდესაც უკან ვბრუნდებოდი, აეროპორტში ასეულობით მორწმუნე გვაცილებდა. მათ აინტერესებდათ, თუ რას ვუპასუხებდი მე, მთაწმინდაზე როდესაც მკითხავდნენ, რა ვნახე ყველაზე საუკეთესო საქართველოში? ჩემი პასუხი იქნება – საქართველოს პატრიარქი. ჩვენ გაგვაოცა ამ ადამიანმა თავისი სიწმინდით და სულიერებით. ვილოცოთ ყველამ და ღმერთს შევვედროთ მისი დღეგრძელობა. ის არის საქართველოს ეკლესიის იერარქიის ერთიანობის სიმბოლო, მთელი მოსახლეობის ერთიანობის სიმბოლო. თუკი საერთოდ არსებობს, ძალიან ცოტაა მოსახლეობის ესეთი მხარდაჭერის მქონე ეკლესიის წარმომადგენელი. მას მოსახლეობის 95% უცხადებს ნდობას და უჭერს მხარს. იგი ყველაფერს მხოლოდ სულიერების თვალით უყურებს. როდესაც საქართველოში უნდა ყოფილიყო არჩევნები და იყო დაძაბულობა პარტიებს შორის, იყო საშიშროება სამოქალაქო დაპირისპირებისა, მან მოუწოდა, რომ ქვეყანაში გაძლიერებულიყო წირვა-ლოცვა და მარხვა. სწორედ ამიტომ არჩევნების დროსაც და შემდგომაც ქვეყანაში არსებული მშვიდობა ბრწყინვალე და ძვირფასი პატრიარქის დამსახურებითაა. მეუფევ, გთხოვთ გადასცეთ მის უწმინდესობას ჩვენი პატივისცემა და სიყვარული. ჩვენ ყოველდღიურად ვიხსენებ მის სიყვარულს ჩვენდამი.

მეუფე გერასიმეს  სიტყვა

მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა იყავ თქვენ ყოველთა თანა, ამინ.

თქვენო მაღალღირსებავ, ღირსნო და ღმერთშემოსილნო მამანო, მამანო და ძმანნო, ბერი ეფრემის ლოცვა-კურთხევით ორიოდე სიტყვით მოგმართავთ. დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი.

როგორც მოგეხსენებათ, ქართველები, ივერიელები ათანასე ათონელის დროიდან მოღვაწეობდნენ წმიდა მთაზე, წმიდა ექვთიმე, წმ. ათანასე, წმ. იოანე-თორნიკე, რომლებიც ღმრთისმშობლის ლოცვა-კურთხევით ამ წმიდა მიწაზე ასრულებდნენ იმ დიდ მოვალეობას, რომელიც მათ უფალმა დააკისრა და ღირსეულად ატარებდნენ ამ ჯვარს. ივერონის მონასტერი ერთ-ერთი განსაკუთრებული იყო იმ მონასტრებს შორის, რომელიც წმიდა მთაზე იმყოფება, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ ათეისტური პერიოდის დროს სიმძიმე შეეხო არა მხოლოდ ივერიას (საქართველოს), არამედ ივერონის მონასტერსაც. მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში დატოვეს ეს მონასტერი უკანასკნელმა ქართველმა მონაზვნებმა  და თითქმის ნახევარი საუკუნე დასჭირდათ ქართველებს, რომ ისევ დაბრუნებულიყვნენ ამ წმიდა მიწაზე როგორც მორჩილები, როგორც ბერები, როგორც ღმრთისმშობლის მსახურნი და ღმრთის სადიდებლად მოღვაწე ადამიანები.

მე მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ბერ ეფრემს, რამეთუ პირველი მონასტერი რომელმაც მიიღო ქართველი ძმები, ქრისტესმიერი საყვარელი ადამიანები, ღმრთისმშობლის კურთხეული წილხვედრი ქვეყნიდან, იყო ვატოპედის მონასტერი. რომელთანაც საუკუნეების მანძილზე გვაკავშირებდა უდიდესი სულიერი მეგობრობა, თანადგომა და ხვალინდელი დღე არის განსაკუთრებული თითოეული ქართველისათვის, ჩვენი ეკლესიისათვის, რამეთუ თქვენი მონასტრის ერთ-ერთი განსაკუთრებული სიწმინდის, ”მანუგეშებელის” ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის დღესასწაულზე თქვენი ლოცვა-კურთხევით და ჩემი უღირსების ხელით იკურთხება მამა თეოდოხე იეროდიაკონის ხარისხში.

xeirotonia 14

მე ვფიქრობ, რომ ეს არის დღესასწაული მართლმადიდებლობისა, სადაც ესწრებიან ბერძნები, ქართველები, რუსები. ეს არის თითოეული ჩვენთაგანის სულიერი სიხარული, რამეთუ დედა ღმრთისმშობელმა აღადგინა ის დიდი მემკვიდრეობითი კავშირი, რომელიც წმიდა მთასთან საუკუნეების მანძილზე ყოველთვის ჰქონდა საქართველოს. ერთადერთი, რაც შეიძლება ვთქვათ, გავიმეოროთ სიტყვები წმიდა იოანესი „დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის“ და როგორც გვჩვევია ქართველებს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიმართ ძალიან მცირე, მოკრძალებული ლოცვა ვთქვა: „ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩვენ“. დედაღმრთისმშობელმა დაგიფაროთ, დაგლოცოთ, გაკურთხოთ თქვენო მაღალღირსებავ. თქვენ, საძმო წმიდისა ამის მონასტრისა, მამანი და ძმანნი ამ მთაზე მოღვაწენი და ვითხოვ თქვენ ლოცვა-კურთხევას ილოცოთ ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობლისათვის უწმიდნდესისა და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისათვის, საქართველოს სასულიერო დასისა, სამღვდელო და სამონაზვნო წესისა და ქართველი ხალხისათვის. თქვენი ლოცვა-კურთხევით მშვიდობა, კეთილდღეობა სუფევდეს საქართველოში – ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში. ამინ.

შინაარსი
სანიშნეები