Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
მთაწმინდის მონაზვნობის მოკლე ისტორიული მიმოხილვა II ნაწილი | PEMPTOUSIA

მთაწმინდის მონაზვნობის მოკლე ისტორიული მიმოხილვა II ნაწილი

1 March 2013

მე-10 საუკუნის დასაწყისში, მიუხედავად  ქალკედონის მთელ ნახევარკუნძულზე გავრცელებისა, მონაზვნებს უკვე აქვთ ორგანიზებული ცენტრალური მმართველობის ზოგიერთი ინსტიტუტი. 908 წელს პირველად მოიხსენიება მთაწმიდის თავკაცი (ე.წ. პროტოსი), რომელიც კარიესში იმყოფება და ერის სულიერი წინამძღვარი, მოსამართლე და ერთობის წარმომადგენელია. ამასთან, საერთო საქმის მოგვარების მიზნით, წელიწადში სამჯერ დაწესებულია ყველა მონაზვნის შეკრება: შობის, აღდგომისა და ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულებზე. იმავე პერიოდში თავს იჩენს ისეთი უდიდესი მონასტრული ახალშენები, როგორიცაა წმიდა პავლე ქსიროპოტამელის სავანე, კლიმენტის მონასტერი (რომელიც მოგვიანებით ივერთა (ივერონის) მონასტერს შეერწყა) და წმიდა ანას დღევანდელ სკიტთან ახლოს მდებარე ბულევტირიას მონასტერი.

Agios Athanasios Atonitis

წმიდა ათანასე ათონელი

მიუხედავად იმისა, რომ განდეგილთა მეუდაბნოე, განმარტოებითი და უსახსრო ცხოვრება მეტად მკაცრი და რთულია, ის მეტწილად გრძელდება, როგორც ეს იმ ეპოქის წყაროებიდან ჩანს.  ისინი დროებით თავშესაფრებში ცხოვრობენ და თავს ძირითადად ტყის ნობათით ირჩენენ. ეს მდგომარეობა მომდევნო საუკუნის შუა ხანებამდე არ იცვლება, მაშინაც კი, როდესაც იქ  წმიდა ათანასე მიდის და მთელ ათონს შემოივლის. წმიდანის ცხოვრებაში მოცემულია აღწერა იმისა, თუ როგორ ცხოვრობდნენ მონაზვნები: „და ჰქონდათ მათ ყოველივე, როგორც იტყვიან, ყოველივე დაუთესველი და მოუხვნელი: ისინი არ ხნავდნენ, არ გაჰქონდათ კვლები, არ ჰყავდათ არც ხარები, არც – დამხმარე საქონელი, არანაირი სხვა სასაპალნე საქონელი, არც ლეკვი და არც ძაღლი, გააჩნდათ მხოლოდ ქოხები, შეკრული წვრილი წნელებით, რომელთაც ბალახის სახურავი ჰქონდა. აი, ასე მოთმინებით იტანენ ზაფხულსაც და ზამთარსაც, იგერიებენ შემხვედრი ქარის ქროლვას […] სულიერის შემდეგ სხეულებრივი საკვები მათ ჭურჭლის, და ყოველგვარი ზედმეტობის გარეშე აქვთ, იქ არაფერია ადამიანის ხელით შექმნილი. […] აგროვებენ გარეული ხის ნაყოფს და მას ტრაპეზისას უმად გამოიყენებენ […]”.

მთაწმიდაზე ათანასეს მისვლამ და იქ უდიდესი ლავრის მშენებლობამ  დაარღვია თავმდაბალი განდეგილების მყუდროება. ახალი მონასტრის შიგა აგებულება და მის მიერ განვითარებული ფართო სამშენებლო და სამეურნეო საქმიანობა იყო მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ფეხს იკიდებდა  წმიდა მთაზე. სწორედ ამ პერიოდში იქ პირველად დაარსდა დიდი კინოვია (საერთო საცხოვრისის ცხოვრების წესის მიმდევარი სამონასტრო დაფუძნება) ცენტრალიზებული შიგა წყობილებით.

Megisti-Lavra 101

წმიდა და დიდი ლავრა

მონასტრის ქტიტორი თავად იმპერატორია, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ სავანე კვლავ თავისუფალ, დამოუკიდებელ და თვითმმართველ მონასტრად რჩება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იგი ხდება კერძო უფლების დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომელიც საიმპერატორო მფარველობის ქვეშ იმყოფება. მონასტრის მმართველობაში მონაწილეობს მხოლოდ იღუმენი, რომელიც ავტორიტეტული მონაზვნების დახმარებით  გარდაცვალებამდე განსაზღვრავს თავის მემკვიდრეს.

ჩანს, რომ ლავრას მონასტრის დაარსებისთვის თავიდანვე დიდი ფინანსური საშუალებები იქნა გამოყოფილი. ჯერ კიდევ სამუშაოების დასაწყისისთვის ნიკიფორე ფოკამ ოქროს ექვსი ლივრა[1] გაიღო, ხოლო თავად ათანასემ თავისი კერძო ქონების დიდი ნაწილი გამოყო.

მნიშვნელოვან ფაქტს, რომელიც მონასტრული დაწესებულების ამ ახალ ტიპს ახასიათებს და რომელიც შემდგომში მოდელის ფუნქციას შეასრულებს ათონის წმიდა მთაზე მოკლე დროში დაარსებული სხვა მონასტრებისათვის, წარმოადგენს ათანასეს მიერ განხორციელებული მონასტრის ეკონომიკური გაძლიერებისა და მიწის გამოყენების პოლიტიკა. ნოვატორი მონაზონი, გარდა დიდი არქიტექტურული ანსამბლის მშენებლობისა, რომელიც წამოიწყო, ცდილობს ათონზე ყამირი და უნაყოფო მიწების მოხვნასა და დამუშავებას, იწყებს მიტოვებული მცირე მონასტრების ქონების ათვისებას. მიწათმოქმედებაში იგი ახალ ტექნოლოგიებს ავითარებს. წმიდა მთაზე შემოჰყავს ხართა წყვილები, რომელთაც იყენებს მიწის დასამუშავებლად, რაც მანამდე უცნობი იყო, აგებს წყალგაყვანილობის სისტემას. თავისი ეპოქისათვის ამ სრულიად თანამედროვე ტექნოლოგიას იყენებს წყლის წისქვილებისა და პურის მოსამზადებლად საჭირო მოწყობილობების ასამუშავებლად. აგებს ან ყიდულობს ხომალდებს, აშენებს სავაჭრო საქონლისთვის საწყობებს, ასევე –  მეზღვაურთა საცხოვრებელ სახლებს.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი მონასტერი, როგორც მოდელი, ძალიან სწრაფად იქცევა მნიშვნელოვანი სამიწათმოქმედო და სახელოსნო წარმოების ცენტრად, აქ მონასტრული ცხოვრების პრინციპები შეუცვლელი რჩება. მისი დამაარსებლის განზრახვა არ უშვებდა გზიდან გადახვევას. წმიდა ათანასე კვლავ რჩებოდა მკაცრ განდეგილად, რომელიც ცხოვრების მკაცრ წესებს უძღოდა და თავისი მონაზვნებისგან პარალელურად სისტემატურ შრომას მოითხოვდა.

მიუხედავად ამისა, ათონის მთის თანდათანობით მეუდაბნოეთა და განდეგილთა თავშესაფარი ადგილიდან კინოვიური ბერმონაზვნობის ცენტრად გარდასახვამ, უთანხმოება და განხეთქილება გამოიწვია. უწინდელ მონაზვნებს, როგორც ჩანს, იმდენად არ აწუხებდათ მათთვის ახალი ასკეტური იდეალის ცხოვრების წესის დამკვიდრება. ორგანიზებული დიდი კინოვიები საუკუნეების მანძილზე არსებობდა, როგორც კონსტანტინოპოლში, ისე მთელი იმპერიის ტერიტორიაზე, ხოლო კინოვიური თანაცხოვრება ამ ეპოქის მონასტრული ცხოვრების უმთავრესი მეთოდი იყო. წინააღმდეგობა გამოწვეული იყო მათ შორის გავრცელებული შიშით, რომ ახალი და ენერგიული დაწესებულებების დომინირების შედეგად არ მომხდარიყო მცირე ზომის მონასტრების შერწყმა და გაქრობა.

წარმოშობილი პრობლემების გადაჭრის ხვედრი ფოკას მემკვიდრეს – იმპერატორ იოანე ციმისკის ერგო. სწორედ ამ მიზნით მან მთაწმიდაზე მიავლინა სტუდიის მონასტრის მონაზონი ექვთიმე. მას დაავალა, რომ შეესწავლა მდგომარეობა და კინოვიელებსა და განდეგილებთან თანამშრომლობის შედეგად შეედგინა მონასტრული გაერთიანების ლიტურგიული  ტიპიკონი.

ამ თანამშრომლობას შედეგად მოჰყვა წმიდა მთის პირველი ტიპიკონის შედგენა, რომელიც ხელმოწერილი იყო მაშინდელი პროტოსის (პირველი მმართველის) ლავრის იღუმენის ათანასეს, წმიდა ათანასეს თანამოსახელისა, და ათონის მცირე ზომის მონასტრების ორმოცდაექვსი სხვა იღუმენის მიერ. 972 წელს იმპერატორმა ტიპიკონი დაამტკიცა. ამ იშვიათი დოკუმენტის ორიგინალი, რომელსაც ასევე „ტრაგოსი“ ეწოდება, რადგან მსხვილ პერგამენტზეა დაწერილი, ხელმოწერილია თავად იმპერატორ იოანე ციმისკის ხელით და მთაწმიდის პირველი ტიპიკონია, დღემდეა შემონახული და როგორც წმიდა მთის ძვირფასი საარქივო რელიკვია, დაცულია  წმიდა კინოტში.

972 წლის ტიპიკონი არეგულირებს წმიდა მთის ცენტრალური მმართველობის ფუნქციონირებასა და უფლებამოსილებას, კერძოდ კი პროტოსის, პროტატონისა და კარიესის სინაქსის (კრების) სხვა წარჩინებულების უფლებამოსილებას, განსაზღვრავს სხვა მონაზვნებთან მათი ურთიერთობის საკითხს და ასევე აწესებს სხვადასხვა კატეგორიის მონაზვნების ერთმანეთთან ურთიერთობას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ტიპიკონი იცავს განდეგილთა ძველი ცხოვრების წესს, ნათლად ჩანს, რომ იგი უპირატესობას ანიჭებს კინოვიურ სისტემას, როგორც ათონის წმიდა მთის ასკეტური ცხოვრების  მეთოდს.

ციმისკის ტიპიკონი შეივსო და მოერგო ახალ რეალობას, რომელიც წამოიჭრა 1045 წელს გამოცემული ტიპიკონით, კონსტანტინე მონომაქოსის მეფობის დროს. კიდევ ერთი ახალი ანუ მესამე ტიპიკონი, რომელიც  გვიანბიზანტიურ პერიოდს მიეკუთვნება, 1406 წლით თარიღდება და ძირითადად შეეხება მონასტერთა შიგა მმართველობისა და მონაზვნების თავიანთ წინამძღვრებთან ურთიერთობის საკითხებს, გამოიცა იმპერატორ მანუელ VIII პალეოლოგის მიერ.

Agios Athanasios, Nikolaos Antonios Ktitori I.M.M.Vatopaidiou

წმიდანნი ათანასე, ნიკოლოზი და ანტონი ვატოპედის სავანის ქტიტორნი, წმიდა საბა საკურთხევლის მცველი

ლავრის დაარსებამ და ათანასეს მრავალმხრივმა მოღვაწეობამ ბიძგი მისცა სხვა კინოვიების დაარსების საქმეს სხვადასხვა სახელგანთქმული მამის ინიციატივით, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად მასთან იყვნენ დაკავშირებულნი. 979-980 წლებში ივერიელი (ქართველი) წარჩინებულები იოანე, მისი ვაჟი ექვთიმე და იოანე-თორნიკე, რომლებიც მეფური პრივილეგიებითა და შემოწირულობებით იყვნენ აღჭურვილნი, აგებენ ივერთა მონასტერს. ოდნავ მოგვიანებით კი, სამი მდიდარი დიდებული ადრიანოპოლისიდან – ათანასე, ნიკოლოზი და ანტონი აარსებენ ვატოპედის მონასტერს.

Oi Agioi Ioannis, Efthimios, Georgios, eteros Ioannis kai Gavriil tis Monis Iveron Agiou Orous 01

წმიდანნი იოანე, ექვთიმე, იოანე-თორნიკე, გაბრიელი და გიორგი ივერთა მონასტრის ქტიტორნი

[1]  ლივრა – წონისა და ტევადობის საზომი ერთეული.


 

შინაარსი
სანიშნეები