Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ღირსი იოანე სინელი – სინანულისათვის | PEMPTOUSIA

ღირსი იოანე სინელი – სინანულისათვის

15 April 2013

სინანულისათვის

1. სინანული იმედის ასული და სასოწარკვეთის დაძლევის ნაყოფია.

2. მონანული შეურცხვენელი მსჯავრდებულია.

3. სინანული უფალთან შერიგებაა, იმ კეთილ საქმეთა აღსრულების საშუალებით, რომლებიც ჩვენს წარსულ ცოდვებს უპირისპირდება.

4. სინანული სინდისის განწმენდაა.

5. სინანული ნუგეშისცემის კარია – პირადი ნების დამარცხებითა და უარყოფით.

6. სინანული ყოველგვარი ტანჯვის ნებით დათმენაა.

7. მონანული ისაა, ვინც საკუთარ სასჯელს თვითონვე მოიპოვებს.

8. სინანული სტომაქის მკაცრი მოზღუდვაა და სულის ღრმა გრძნობით დაწყლულება.

9. სინანული ღმერთთან დამაახლოვებელი და ცოდვათაგან განმაშორებელია.

10. შეიკრიბეთ, უფლის განმარისხებელნო, და მოდექით, მოდით და ისმინეთ, რასაც გადმოგცემთ: ერთად შეიყარენით და იხილეთ, რაც უფალმა ჩემი სულის განსასწავლად მიჩვენა. პატივი მივაგოთ და მოვათავსოთ ამ სიტყვაში პირველ რიგში დამცირებული, მაგრამ პატივსაცემი მოღვაწეების ამბები. ყველა, ვინც რაიმე მოულოდნელი ცოდვით ვართ დაცემული, ვისმინოთ, დავიმარხოთ და აღვასრულოთ ის, რასაც შევიტყობთ. წამოდექით და განმტკიცდით, დაცემით მოანანულნო. ყურად იღეთ, ძმანო ჩემნო, ეს სიტყვები; ყური მომაპყარით ყველამ, ვისაც გსურთ, ჭეშმარიტი მოქცევით შეურიგდეთ უფალს.

Agios Ioannis tis Klimakos

11. შევიტყვე მე, უძლურმა, იმ თავმდაბალ მსჯავრდებულთა სასწაულებრივი და არაჩვეულებრივი მდგომარეობის და სიმდაბლის შესახებ, რომლებიც იმყოფებიან განსაკუთრებულ სავანეში, რომელსაც დილეგი ეწოდება. დილეგი ზემოხსენებულ მამას, მნათობთა მნათობს ექვემდებარებოდა. ამიტომ, როდესაც ჯერ კიდევ მის სავანეში ვიმყოფებოდი, ვითხოვე იმ ადგილის ხილვის ნება მოეცა. დიდმა მამამ დაუთმო ამ თხოვნას, რადგან ჩემი დამწუხრება არ სურდა. ამგვარად, როდესაც მონანულთა სავანეში მივედი – ამ ჭეშმარიტად მტირალთა ქვეყანაში, ვნახე ის, რაც ჭეშმარიტად, თუ კადნიერი ნათქვამი არ იქნება, თავკერძა ადამიანის თვალს არ უხილავს და უძლურ ყურს არ უსმენია, ის რაც ზარმაცის გულში ადგილს ვერ იპოვის – ე.ი. ისეთი საქმეები და სტიყვები, რომელთაც ღმრთის სათნოყოფის ძალა შესწევთ: ისეთი ვარჯიში და ღვაწლი, რომელსაც შეუძლია, მისი კაცთმოყვარება მოსდრიკოს. ვნახე, რომ ზოგიერთი იმ უდანაშაულო მსჯავრდებულთაგანი დილიდან ღამემდე ღია ცის ქვეშ იდგნენ და ფეხის შეუძვრელად საცოდავად ირყეოდნენ, რადგან ბუნება ძილს ითხოვდა მათგან, მაგრამ ისინი თავს მოსვენების ნებას არ აძლევდნენ, არამედ საკუთარ თავს აყვედრიდნენ და უპატიობითა და ლანძღვით ავსებდნენ. სხვები ლმობიერად იცქირებოდნენ ცისკენ და იქიდან მოთქმითა და ტირილით შეწევნას ითხოვდნენ. სხვები ლოცვად იდგნენ და საკუთარი ხელები ავაზაკებივით უკან გაეკრათ. მათი მწუხარე სახეები მიწისკენ იყო დადრეკილი. თავი უღირსად მიაჩნდათ, რომ ცისთვის ეცქირათ. აზრთა უღირსების და სინდისის ქენჯნის გამო არ იცოდნენ, რა ეთქვათ და სიტყვა როგორ დაეძრათ. ღმრთისადმი რომელი ლოცვა აღევლინათ, და, საერთოდ, როგორ და საიდან დაეწყოთ ლოცვა. ამიტომ სული და გონება უსიტყვოდ წარედგინათ უფლისთვის და თითქოს წყვდიდითა და მწარე უიმედობით იყვნენ აღსავსენი. სხვები მიწაზე, ძაძაზე და ნაცარზე ისხდნენ, სახეს მუხლებს შორის მალავდნენ და შუბლს მიწას ურტყამდნენ. სხვები განუწყვეტლივ იცემდნენ მკერდში, საკუთარი სულის ძველ მდგომარეობასა და ცხოვრების ბიწიერებაზე მოუხმობდნენ. ზოგიერთი მათგანი ცრემლით ალტობდა მიწას. ხოლო ისინი, ვისაც ცრემლი არ ჰქონდათ, თავს იგვემდნენ. ზოგი დასტიროდა საკუთარ სულს – როგორც მიცვალებულს, რადგან სულიერი დაძაბულობის გადატანა არ შეეძლო. ზოგი გულში მოსთქვამდა და ხმას ბაგეებიდან არ უშვებდა. ზოგჯერ კი, როცა თმენა შეუძლებელი ხდებოდა, მოულოდნელად ამოიქვითინებდა. იქ ვნახე, რომ ზოგიერთი მათგანი ძლიერი მწუხარებისგან გაშმაგებულიყო. მრავალს მოთქმისგან ხმა წართმეოდა, სრულ წყვდიადში ჩაძირულიყვნენ და თითქოს სრულად უგრძნობელნი გამხდარიყვნენ – ნებისმიერი მიწიერი მოვლენის მიმართ. გონებით სიმდაბლის სიღრმისათვის მიეღწიათ და მწუხარების ცრემლით იშრობდნენ თვალებიდან გარდამომდინარე ცრემლებს. სხვები ჩაფიქრებულნი ისხდნენ, მიწაზე მიკრულები და ლომების მსგავსად აქნევდნენ თავებს, გულსა და სტომაქის სიღრმიდან ღრიალებდნენ და გოდებდნენ. ზოგი მათგანი ღმრთივსასოებით ცოდვათა სრულ მიტევებას ითხოვდა და ამისთვის ლოცულობდა. ხოლო სხვები გამოუთმელი მორჩილებით თავს მიტევებისათვის უღირსად თვლიდნენ და ამბობდნენ, რომ ღმრთის წინაშე რაიმე გასამართლებელი არ ჰქონდათ. სხვები ღმერთს ევედრებოდნენ, რომ ტანჯვა აქ – მიწაზე დაეთმინათ და შეწყალებულნი იქ ყოფილიყვნენ, კიდევ სხვები, სინდისის ქენჯნით მონანულნი, ოღონდაც ტანჯვას არ მისცემოდნენ და არც სასუფეველს ითხოვდნენ. მათივე თქმით, მათთვის ესეც საკმარისი იქნებოდა. მე იქ დამდაბლებული, შემუსვრილი და ცოდვის ტვირთის სიმძიმით იმდენად დაბეჩავებული სულები ვნახე, რომლებიც თავიანთი სიტყვებითა და მოთქმით ღმრთისადმი ქვასაც კი მოალმობდნენ. – ვიცით – ამბობდნენ მიწაზე გართხმულნი – ვიცით, რომ ჭეშმარიტად ყოველგვარი ტანჯვისა და წამების ღირსნი ვართ, რადგან არ შეგვიძლია, ჩვენი აურაცხელი ვალი გადავიხადოთ, თუნდაც ჩვენთვის სატირლად მთელ სამყაროს მოვუხმოთ. ამიტომ, მხოლოდ იმას ვითხოვთ, იმას გევედრებით და იმ წყალობას ვეძებთ, რომ ნუ გულისწყრომით შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხვითა შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხვითა შენითა მასწავლი მე. (ფს. 6.2) ნუ დაგვსჯი შენი მართალი მსჯავრით, არამედ – მოწყალებით. ჩვენთვის საკმარისია, უფალო, რომ შენი სასტიკი სასჯელისგან და უცნაური მიტევების თხოვნას ვერც გაგიბედავთ. ან როგორ გავბედავთ, როცა აღთქმა უმანკოდვე შევინახეთ, არამედ შევბილწეთ იგი მაშინ, როცა შენი კაცთმოყვარება უკვე გამოცდილი გვქონდა და ცოდვათა მიტევება მივიღეთ! – აქ შეიძლება, გვენახა სრული აღსრულება დავითის სიტყვებისა, როდესაც ვნახავდით იმ ტანჯულებს, რომლებიც „მარადღე მწუხარე“ ვიდოდნე და „თეძონი“ მათნი „აღივსეს ნაგვემთაგან“ და არც განკურნების იმედი ჰქონდათ (ფს. 37, 6-7); დავიწყე მე ჭამად პური ჩემი… სასუმელი ჩემი ტირილითა განვზავი… ნაცარი ვითარცა პური ვჭამე… შეჰხმნეს ხორცნი ძვალთა ჩემთა და მე ვითარცა თივა განვხემ (ფს. 101, 4-11). ამ სიტყვების გარდა მათგან ვერაფერს ისმენდით: – ვაი ჩვენდა, ვაი ჩვენდა, სამართლიანად დავისაჯეთ, შეგვიწყალე, მეუფეო! – ზოგიერთი ამბობდა: – შეგვიწყალე, შეგვიწყალე, – ხოლო ზოგი საბრალოდ იძახდა: – გვაპატიე, გვაპატიე, მეუფეო, თუკი ეს შესაძლებელია. ზოგიერთს ენა ალმოდებული ჰქონდა და ძაღლივით პირიდან გადმოვარდნოდა, ზოგი პაპანაქებაში იხრუკავდა თავს, ზოგი კი სიცივეში იყინებოდა. ზოგი მცირეოდენ წყალს იღებდა და მერე აღარ სვამდა, რათა წყურვილისგან არ მომკვდარიყო. ზოგი ცოტაოდენ პურს მიიღებდა და მერე შორს გაწევდა. ამბობდა, რომ ადამიანური საჭმლის ღირსი არ იყო, რადგან პირუტყვივით მოიქცა. სად შეამჩნევდი მათ ბაგეზე ღიმილის კვალს? სად იყო აქ ამაოდმეტყველება? მათ ისიც კი არ იცოდნენ, თუ იყო მრისხანება კაცთა შორის, რადგან ცრემლმა მათში ყოველგვარი მრისხანება დააცხრო. სად იყო იქ შეპასუხება და დღესასწაული? ან კადნიერება, ან სხეულის სიამოვნება, ან პატივმოყვარეობის კვალი? სად არის რამენაირი ტკბობის იმედი, ან – ფიქრი ღვინოზე, ან ხილი, ან მოხარშული საკვები? ან პირის დატკბობა. ამ ცხოვრებაში ყოველივე ამის იმედი მათი უკვე გამქრალიყო. სად იყო ზრუნვა მათი რაიმე მიწიერზე? სად იყო განკითხვა ადამიანთა ცხოვრებისა? არსად ჩანდა! ასეთი იყო ყოველთვის მათი საუბარი უფალთან, მათი ხმობა: ერთნი მკერდში ხელს იცემდნენ, თითქოს ზეციური კარბჭის წინაშე იდგნენ და ღმერთს ესიტყვებოდნენ: – განგვიღე ჩვენ, მსაჯულო, განგვიღე ჩვენ! – ჩვენი ცოდვებით დავგმანეთ ეს კარი, განგვიღე ჩვენ. – ამბობდნენ სხვები, განხდა-მეა სული ჩვენი წყალსა მას წინადაუდგრომელსა (ფს. 123,5)? სხვა ამბობდა: შეგვიწყალებს კი უფალი, ბოლოსდაბოლოს? მოაღწევს კი როდისმე მისი ხმა ჩვენთან, გამომწყვდეულებთან და ბნელში მყოფებთან (ეს. 49,9), ვინც სინანულის ჯოჯოხეთში ვიტანჯებით? შეწყალებულნი ვართ, მიაღწია ჩვენმა გოდებამ უფლის ყურთასმენას? ყოველ მათგანს თვალწინ გამუდმებით ჰქონდა სიკვდილი და ამბობდა: – რა გველის? როგორი სასჯელი გველოდება? როგორი იქნება ჩვენი აღსასრული? ამ ბნელი და დამცირებული დამნაშავეებისათვის არსებობს შენდობა? განა შესაძლებელია, რომ ჩვენი ლოცვა უფალთან მივიდეს? თუ ის ღმრთის მართლმსაჯულების მიერ შეურაცხყოფილი და შერცხვენილი დარჩება. და თუ მაინც მიაღწია იქამდე, რამდენად შეიწყნარებს მას ღმერთი? რა წარმატებას მიაღწევს? რა სარგებლობას მოიტანს? რამდენად გასჭრის? რადგან ის უწმიდური ბაგით – უწმიდური სხეულისგანაა ამოთქმული და დიდი სიმტკიცე არა აქვს. მთლიანად შეარიგებს უფალთან, თუ მხოლოდ – ნაწილობრივ. ჩვენი სულიერი წყლულების ნახევარი თუ მაინც განიკურნა? ნამდვილად მძიმეა ეს წყლულები და მათი მკურნალობა დიდ შრომასა და ოფლს მოითხოვს? ჩვენი მფარველი ანგელოზები მოგვიახლოვდნენ თუ ისევ შორს არიან ჩვენგან? ვიდრე ისინი არ მოგვეახლებიან, მთელი გარჯა უანყოფოა და წარუმატებელი. რადგან ჩვენს ლოცვას არც კადნიერების ძალა შესწევს, არც სიწმინდის ფრთები აქვს და უფალთან ვერ მიგვიყვანს, თუ თვით მფარველი ანგელოზები არ მოგვიახლოვდებიან, აიღებენ მას და უფალს არ მიართმევენ. ამ სიტყვებს ხშირად იმეორებდნენ და გაურკვევლობაში მყოფნი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: – „იქნებ“ – ამბობდნენ ჩვენი ძმები ნინევიელები – კიდევ შეინანოს ღმერთმა. (იონა. 3,9) განა ამ უდიდესი სატანჯველისგან მაინც არ გვიხსნის იგი? ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული და თუ იგი გაგვიღებს ზეციური სასუფევლის კარს, კარგია და კეთილი, მაგრამ, თუ არა – მაშინ კურთხეულია ღმერთი ჩვენი, რომელმაც ის სამართლიანად დაგვიხშო. მაგრამ ჩვენ რეკას სიცოცხლის ბოლომდე არ შევწყვეტთ. შეიძლება, სწორედ ჩვენი ამგვარი დაჟინების გამო გაგვიღოს იგი. შემდეგ ისინი კვლავ აფხიზლებდნენ ერთმანეთს: – ვისწრაფოთ, ძმებო, ვისწრაფოთ, რადგან ჩვენ უძლიერესი მოსწრაფება გვმართებს, რადგანაც ჩვენს კეთილ ძმებს ჩამოვრჩით, ვისწრაფოთ და არ დავინდოთ ეს ბილწი, ბოროტად ვნებული ხორცი ჩვენი. მოვაკვდინოთ ის, როგორც თვითონ მოგვაკვდინა. ასეც იქცეოდნენ ეს ნეტარი მსჯავრდებულები. მათი მუხლები მოდრეკისგან სრულიად გადაყვლეფილი იყო, თვალები – ცრემლით დამწვარი და ჩაცვენილი, წამწამები დასცვევნოდათ, ხოლო ღაწვები დაწყლულებული და ცრემლის სიმრავლით წამონთებული, სახე – მილეული და ფერმკრთალი – მკვდრისგან რომ ვერ განასხვავებდით. მჯიღები სტკიოდათ და დასველებოდათ სისხლის წყაროთი, დარტყმებისას მკერდიდადნ რომ გადმოდიოდა. სად იყო იქ გამზადებული სარეცელი? სად იყო სუფთა და ახალი შესამოსელი? თითოეულის სამოსელი ძველი, დახეული და მკბენარით სავსე იყო. სად მოვიდოდა მათ მწუხარებასთან ეშმაკეულის ბოროტი ტანჯვა ან მიცვალებულის ჭირისუფლის, ან ტუსაღთა, ან კაცის კვლისთვის მსჯავრდებულთა მოთქმა-ტირილი? ჭეშმარიტად, მათი უნებური ტანჯვა-წამება არაფერია იმ ნებსით სასჯელთან, ისინი რომ ითმენდნენ, ძმანო, გევედრებით, არ იფიქროთ, რომ ჩემი მონათხრობი – იგავებია. ისინი ხშირად ამ დიდ მსაჯულს ევედრებოდნენ, ე.ი. თავის მწყემსს, ამ საოცარ ანგელოზს კაცთა შორის და არწმუნებდნენ, რომ მათთვის ხელებზე და ქედზე რკინა და ჯაჭვი დაედო, ხოლო ფეხებზე მისჯილთა მსგავსად ბორკილები ჩაეცვათ და კუბოს კარამდე არ მოეხსნათ ისინი. მაგრამ ზოგჯერ ისინი თვითონვე ამბობდნენ უარს კუბოზე. მე არ შემიძლია, მათი ეს ჭეშმარიტად გულისამაჩუყებელი სიმდაბლე და ღმრთისადმი სიყვარული, გულისშემუსვრილება და სინანული დავფარო. როდესაც ეს კეთილი მოქალაქენი უფალთან მიდიოდნენ ამ ქვეყნიდან, რათა მართლმსაჯულის წინაშე წარმდგარიყვნენ, მაშინ სიკვდილის წინაშე მყოფი ბევრი მათგანი მამასახლისის საშუალებით ევედრებოდა და სთხოვდა ამბას, რომ ის ადამიანის მსგავსად, ჩვეულებრივ კი არ დაეკრძალა, არამედ, როგორც პირუტყვი ან მდინარის დინებისთვის გაეტანებინა, ან მინდვრად მხეცების საჭმელად დაეგდო, რასაც ეს გონიერი მნათობი ხშირად ასრულებდა კიდეც და ყოველგვარი პატივის ფსალმუნთა გალობის გარეშე ბრძანებდა მათ გარე განგდებას. მაგრამ რა საშინელი და გულისამაჩუყებელი იყო მათი უკანასკნელი წუთების ხილვა. როცა მსჯავრდებულნი დაინახავდნენ, რომ რომელიმე მათგანს სიკვდილი მიუახლოვდა, გარს შემოერტყმოდნენ, ვიდრე ჯერ კიდევ გონზე იყო და წყურვილით, ტირილითა და სურვილით მეტად საწყალობელი სახეებით და საბრალო ხმით ეკითხებოდნენ: – რაო, ძმაო და თანამპყრობელო? როგორ ხარ? რას იტყვი? მიაღწიე თუ არა იმას, რასაც ამგვარი შრომით ეძებდი? განგეღო კარი მოწყალებისა, თუ კვლავ სამსჯავროში ხარ მიცემული? მიემთხვიე თუ არა სასურველ მიზანს? გეუწყა რაიმე გადარჩენის შესახებ, თუ ჯერ კიდევ არა გაქვს მყარი იმედი? მოიპოვე თავისუფლება, თუ შენი ზრახვები ჯერაც ირყევა და ეჭვქვეშ ხარ? შენი გული სულ ცოტათი მაინც განათლდა თუ სიბნელითა და სირცხვილით არის ისევ დაფარული? გაისმა შენს არსებაში ხმა: ცოცხალ იქმენ (იოან. 5,14), ან მიგეტევებენ შენ ცოდვანი შენნი (მათ. 9,2) ან სარწმუნეობამან შენმან გაცხოვნა შენ? ხომ არ გესმა ეს სტიყვები: მიიქცენ ცოდვილნი ჯოჯოხეთს (ფს. 9,17), ან შეუკრენით მაგას ხელნი და ფეხნი (მათ. 22,13), ან კიდევ: ბოროტეული… უფლის დიდებას არად ჩააგდებს (ეს. 26,10)? რას გვეტყვი, ძმაო, გევედრები, მოკლედ გვითხრა, გევედრებით, რომ ჩვენც შევიტყოთ, თუ რა მდგომარეობაში ვიქნებით, რადგანაც შენი დრო ამოიწურა და ამქვეყნად აღარასოდეს დაბრუნდები. ამაზე ზოგიერთი მომაკვდავი პასუხობდა: კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან არა განიშორა ლოცვა ჩემი და არცა წყალობა მისი ჩემგან (ფს. 65,20). სხვები ამბობდნენ: კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან არა მიმცნა ჩვენ ნადირად კბილთა მათთა (ფს. 123,6); სხვები კი მწუხარებით წარმოსთქვამდნენ: წყალთამცა ვიდრე დამნთქესა ჩვენ, სანამ ჰაერის საზვერეებს გავივლიდეთ (ფს. 123,3)? „მოიხსენე, უფალო“ შრომანი „მონათა შენთაი“ (ფს. 88.50). მეორე ამბობდა: „ნეტავი ისე ვიყო, როგორც იმ წარსულ თვეებში, როცა ღმერთი მფარავდა მე, როცა მისი ლამპარი მინათებდა“ გულს (იობ. 29,2-3)! ასე იმიტომ ამბობდნენ, რომ კადნიერება ჯერაც არ ჰქონდათ, არამედ შორიდან ხედავდნენ, თუ რა ხდებოდა იმ სატანჯველში. სხვები უფრო მწარედაც ამბობდნენ: – ვაი სულს, რომელმაც არ დაიცვა აღთქმა წმინდად, ის მხოლოდ ახლაღა შეიცნობს, თუ რა არის გამზადებული მისთვის. – ყოველივე ეს რომ ვისმინე და ვნახე მათგან, ლამის სასო წარმეკვეთა. ვიცოდი ჩემი უგულისხმობა და მათ ტანჯვას ვადარებდი. როგორი იყო მთელი ეს ადგილი და ან მათი საცხოვრებელი!.. მყრალი, ბინძური და ჭაობიანი. სამართლიანად ეწოდებოდა მას დილეგი და მსჯავდებულთა საპყრობილე. ამ სამყოფელის შეხედვაც კი ტირილს მოგანდომებდა და სინანულს აღგიძრავდა. მაგრამ ის, რაც ვიღაცისთვის უსიამოვნო და არასასურველია, სასიამოვნო და მისაღებია მათთვის, ვინც სათნოებათა სიმაღლიდან დაეცა და სულიერ სიმდიდრეს მოაკლდა. რადგან, როდესაც სულმა ღმრთის წინაშე თავდაპირველად კადნიერება დაკარგა, უვნებლობის იმედი წაერთვა და სიწმიდის ბეჭედი შემუსრა, როდესაც ნება მისცა ნიჭთა საუნჯე მიეტაცებინათ მისგან, ღმრთაებრივი ნუგეშინისცემისგან გაუცხოვდა და უფლის მცნება განაგდო და სულიერ ცრემლთა კეთილი ცეცხლი დაშრიტა, მაშინ, ამის მოგონებით განგმირული და მოწყლული, მან არა მხოლოდ ზემოაღწერილ შრომას იდებს თავს საკუთარი თავის მოკვდინებასაც ესწრაფის, თუკი მასში ღმრთისადმი სიყვარულისა და შიშის თუნდაც მცირედია შემორჩენილი. ჭეშმარიტად ასეთნი იყვნენ ეს ნეტარნი, რადგან როცა ამაზე მსჯელობდნენ და იმ სიმაღლეს უმზერდნენ, საიდანაც დაეცნენ, ისინი ამბობდნენ: სადა არს წყალობანი შენნი პირველნი, უფალო, რომელნი იგი უჩვენენ სულსა ჩვენსა ჭეშმარიტებითა შენითა. (ფს. 88,49). ამგვარად იხსენებდნენ ისინი საკუთარ წარსულ სათნოებებს, ტიროდნენ მათზე – როგორც გარდაცვლილ ყრმებზე და ამბობდნენ: – სად არის ლოცვის სიწმინდე, სადაა მისი კადნიერება, სადაა ტკბილი ცრემლები – ამ მწარე ცრემლების ნაცვლად, სად არის ყოვლად სრულყოფილი სისუფთავისა და განწმენდის იმედი, სადაა ლოცვის კეთილი მოქმედების იმედი ჩვენში? ყოველივე ეს დაიღუპა და გაუჩინარდა, თითქოს არასოდეს ყოფილიყოს – წავიდა და გაქრა“. ზოგიერთი მათგანი ცრემლისღვრით წარმოთქვამდა ამ სიტყვებს და ლოცულობდა იმისთვის, რომ დაბრმავებულიყვნენ და ყველასათვის საბრალონი ყოფილიყვნენ. ზოგი სიმახინჯეს ითხოვდა, რომ მომავალ სასჯელს განშორებოდა. ჰოი, ძმებო, მე, როდესაც მათ ტირილს ვუმზერდი, თავი მავიწყდებოდა და გონება აღტაცებაში მოდიოდა. უკვე აღარ შემეძლო, თავი შემეკავებინა. მაგრამ დავუბრუნდეთ საგანს. დილეგში 30 დღე დავყავი და დიდ სავანეში ამ დიდებულ მოძღვართან დავბრუნდი. მან შეამჩნია, რომ თავს აღარ ვეკუთვნოდი და უდიდესი სიბრძნით მიხვდა კიდეც ჩემი შეცვლის მიზეზს. მან მითხრა: – რაო, მამა იოანე, ნახე იმ მოღვაწეთა შრომანი? – მე მივუგე: – ვნახე, მამაო და გავოცდი და მოვიხიბლე ამ დაცემული და მოტირალი ადამიანებით უფრო მეტად, ვიდრე მათით, ვინც არ დაცემულა და არც თავს დასტირის, რადგან ისინი დაცემის შემდეგ განმტკიცებული აღდგომით აღდგებიან. – ჭეშმარიტად ასეა. – თქვა მან. შემდეგ მისმა ბაგემ, რომელმაც სიცრუე არ იცოდა, ამგვარი რამ მიამბო: – ათიოდე წლის წინ – თქვა მან – მე აქ მეტად მოშურნე და მოღვაწე ძმა მყავდა, როდესაც მის სულიერ მხურვალებას ვხედავდი, ვძრწოდი და ეშმაკის შურისა და მეშინოდა, რათა მას სწრაფი მდინარეების გამო ფეხი არ წაეკრა ქვისთვის, რაც ხშირად ემართებათ სწრაფად მავალთ. ასეც მოხდა. გვიან საღამოს იგი ჩემთან მოვიდა და გაშიშვლებული ჭრილობა მიჩვენა. ითხოვდა კურნებას და სულის უდიდეს შფოთს გამოხატავდა. მაგრამ, როდესაც ნახა, რომ ექიმი უმკაცრესი კანონის დადებას არ აპირებდა (რადგან იგი ნამდვილად წყალობას იმსახურებდა), მიწაზე დაემხო, მკურნალის ფეხებს მისწვდა, მხურვალე ცრემლით მორწყო და დილეგში წასვლა ითხოვა. იგი მოსთქვამდა: – იქ წაუსვლელობა შეუძლებელია! ბოლოს დაარწმუნა მკურნალი, რომ გულმოწყალება სიმკაცრით შეეცვალა, რაც სნეულთა შორის მეტად იშვიათი და განსაცვიფრებელია. დაუყოვნებლივ მონანულებთან გაემგზავრა და მათი თანამზრახველი და თანამოწმე გახდა. იგი ღმრთის სიყვარულით მოწყლული გულით მერვე დღეს მიიცვალა და ითხოვა, რომ არ დაეკრძალათ. მაგრამ მე იგი აქ გადმოვასვენე და – როგორც ღირსეული – მამათა შორის დავფალი, რადგან შვიდდღიანი მონობის შემდეგ, მერვე დღეს იგი გამოიხსნა და თავისუფლება მოიპოვა. ერთ ადამიანს ეუწყა, რომ ჩემი – ცოდვილის – ფეხთა ქვეშ განრთხმულმა ვიდრე წამოდგებოდა, მან ცოდვათა მიტევება უკვე მიიღო. გასაოცარი არაფერია, რადგან გულში სახარებისეული მეძავის სარწმუნოება დაიდო და მასავით მტკიცე სასოებით ალტობდა იგი ფეხთა ჩემთა. უფალი ამბობს, რომ მორწმუნეებისათვის ყველაფერი შესაძლებელია (მათ. 9,23).

Ag. Ioannis Sinaitis (Klimakos).

12. მინახავს უწმინდური სულები, რომლებიც ხორციელი სიყვარულის ვნებით იწვოდნენ, მაგრამ შემდეგ სინანული მოიპოვეს და რადგან სიყვარულის გამოცდილება ჰქონდათ, მთელი ტრფობა ღმრთისკენ მიმართეს. ყოველგვარი შიში უკუაგდეს და ღმრთის სიყვარულს მისწვდნენ. ამიტომ მახარებელი კი არ ამბობს, შეეშინდა ფრიადო, არამედ – შეიყვარაო ფრიად (ლუკ. 7, 47) და შეძლო, რომ ბოროტი და უწმინდური სიყვარული საღმრთო და წმიდა სიყვარულით განედევნა.

13. ვიცი, საყვარელო ძმებო, რომ იმ ტანჯულთა შესახებ ჩემს მიერ მონათხრობი ამბები ზოგს დაუჯერებლად მოეჩვენება, სხვებს იმედის დაკარგვად, კიდევ სხვებს – სასოწარკვეთილების მომასწავებლად, მაგრამ მამაცი კაცი ამ სიტყვების მიერ ცეცხლოვან ისრებს მიიღებს და გულში საღმრთო შურს დაიდებს, ხოლო უძლური საკუთარ უძლურებას შეიცნობს და თვითგანქიქების საშუალებით მორჩილებას მოიხვეჭს და პირველის კვალს შეუდგება. მაგრამ არ ვიცი, შესძლებს თუ არა, წამოეწიოს მას. დაუდევარს კი ჩემი ნათქვამის მოსმენა საერთოდ არ სჭირდება, რათა იგი სასოწარკვეთილებას არ მიეცეს და ისიც არ დაიღუპოს, რასაც აკეთებს. და მაშინ ახდება სიტყვა სახარებისა: რომელსა არ აქუნდეს გულმოდგინება, რომელიღა იგი აქუნდეს, მოვეეღოს მისგან (მათ. 25,29).

14. როცა ჩვენ უსჯულოების უფსკრულში ჩავცვივდებით, იქიდან გამოსვლას ვეღარ შევძლებთ, თუ მონანულის სიმდაბლის სიღრმეს არ გამოვცდით.

15. სხვაა მონანულის სიმდაბლე, რომელიც მწუხარებითაა სავსე და სხვაა სინდისის ქენჯნა მათი, ვინც ჯერ კიდევ ცოდვაშია და სულ სხვაა, ნეტარი და მდიდარი სიმდაბლე, რომელიც ღმრთის განსაკუთრებული განგებულებებით მკვიდრდება სრულქმნილებაში.

16. ამ მესამე სახის სიმდაბლის დამატებით ახსნას აღარ შევუდგები, რადგან ჩვენი გარჯა ამაო იქნება. პირველის ნიშანი უპატიობის დათმენაა.

17. ხშირად ძველი ჩვევები მასაც აწამებს, ვინც საკუთარ ცოდვებს გლოვობს და ამაში საოცარი არაფერია.

18. ხოლო მათ ბედი და დაცემა, ვინც უდებებაში იმყოფება, ჩვენთვის დაფარული და გონებისთვის მიუწვდომელია, თუ დაუდევრობისგან რაგვარი ცოდვები შეიძლება შეგვემთხვეს, რომელი – აზრების მეშვეობით, ხოლო რომელი – ღმრთის დაშვებით.

19. თუმც ვიღაცამ მითხრა მე: რომ, თუ ჩვენ ღმრთის დაშვებით ვვარდებით ცოდვაში, მაშინ სწრაფადვე წამოვდგებით და ცოდვას ზურგს შევაქცევთ. რადგან ის, ვინც დაცემას უშვებს, არ ინებებს, რომ მწუხარების ეშმაკი დიდხანს გვტანჯავდეს. თუ ჩვენ დავეცემით, მაშინ პირველ ყოვლისა ამ ეშმაკის წინააღმდეგ უნდა შევიჭურვოთ; რადგან იგი ლოცვის დროს წარმოსდგება ჩვენ გვერდით და ღმრთისადმი ჩვენი ძველი კადნიერების გახსენებით ცდილობს, ლოცვას მოგვწყვიტოს.

20. ნუ შეძრწუნდები, თუნდაც ყოველდღიურად ეცემოდე და ღმრთის გზას ზურგს ნუ შეაქცევ, არამედ მამაცურად იდექი და შენი მფარველი ანგელოზი შენს ამ მოთმინებას უეჭველად დააფასებს.

21. როდესაც ჭრილობა ჯერ კიდევ ახალი და ცხელია, განკურნება უფრო ადვილია; ხოლო ძველი უყურადღებოდ მიტოვებული და მიშვებული ჭრილობების განკურნება ძნელია. რადგან ისინი კურნებისათვის უმეტეს შრომას ითხოვენ.

22. ზოგიერთი ჭრილობა დამყაყების გამო სრულიად განუკურნებულია, მაგრამ ღმრთისა მიერ ყოველდღე შესაძლებელ არს (მათე. 19,26).

23. ჩვენს დაცემამდე ეშმაკები ღმერთს კაცთმოყვარედ წარმოგვიდგენენ. დაცემის შემდეგ კი – სასტიკად.

24. როდესაც დაეცემი, ნუ მოუსმენ მათ, ვინც ამბობს: მთავარია, დიდად არ შევცოდო, ეს კი არაფერი. ხშირად მცირე ძღვენი მსაჯულის დიდ გულისწყრომას დააცხრობს.

25. ვინც ჭეშმარიტად თავისი ხსნისთვის ზრუნავს, იგი ყოველ დღეს, როდესაც საკუთარ ცოდვებს არ გლოვობს, დაკარგულად მიიჩნევს, თუნდაც ამ დღეს რაიმე კეთილი საქმე აღასრულოს.

26. ვინც საკუთარ ცოდვებს არ გლოვობს, არ უნდა ელოდოს, რომ ამ ქვეყნიდან განსვლისას თავისი შეწყალების შესახებ ეუწყება რაიმე.

27. ერში და (ერის სულით) მცხოვრებნი ამგვარი უწყებისგან უცხონი არიან; განსაკუთრებით კი – პირველნი; თუმცა ზოგიერთნი, რომელნიც მოწყალების საქმეს აღასრულებენ, ამქვეყნიდან განსვლისას შეიტყობენ თავის ხვედრს.

28. იცოდე, ძმაო, ვისთანაც სულიწმიდაა, ცოდვათა ბორკილებისგან თავისუფალია.

29. ვისთანაც სრული სიმდაბლეა, მან ცოდვის წყევლა დაამარცხა, ვინც შორსაა სიმდაბლისგან, თავს ნუ მოიტყუებს, თითქოს ცოდვას დასძლია.

30. ვინც თავის ცოდვებს გლოვობს, სხვას ნუ განიკითხავს და დაცემას ნუ აბრალებს.

31. ძაღლი, რომელსაც ნადირი დაკბენს, კიდევ უფრო მწარდება მის მიმართ და ტკივილი შეუჩერებლად აყეფებს მას.

32. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ სინდისმა ჩვენი მხილება არ შეწყვიტოს, რადგან თუკი იგი აღარ გვამხელს – არა იმიტომ, რომ მობეზრდა მხილება.

33. ცოდვათა მიტევების ნიშანი ისაა, რომ ადამიანი გამუდმებულად თავს ღმრთის მოვალედ გრძნობს. ვინც საკუთარ ცოდვებს დასტირის, მან არ იცის ტირის თუ არა, ან დაეცა თუ არა სხვა, ამიტომ იგი სხვათა განსჯას არ შეუდგება.

34. არაფერია, ღმრთის მოწყალების სადარი, არაფერია მასზე დიდებული. ამიტომ სასოწარკვეთილებაში მყოფი თავს ნებით იღუპავს.

35. ვისაც სიმდაბლე აქვს და ცოდვათა გამო ტირის, მას სიკვდილამდე ვერ დასძლევს სიზარმაცე. ამ ორის გარეშე კი თავს ნურავინ მოიტყუებს.

36. ჯეროვანი სინანულის ნიშანი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი საკუთარ თავს თვლის ყოველგვარი ხილული და უხილავი მწუხარების ღირსად, რაც მას შემთხვევია და – კიდევ უფრო მეტისაც.

37. მოსე, მას შემდეგ, რაც მაყვლოვანში ღმერთი იხილა, კვლავ ეგვიპტეში დაბრუნდა – ანუ წყვდიადში, სადაც გონიერი ფარაონის (ანუ ბოროტი ძალის) თიხა იზილებოდა. მაგრამ შემდეგ ის კვლავ მაყვლოვანში შემობრუნდა და – არა მხოლოდ მაყვლოვანში, არამედ ღმრთისმხილველობის მთაზე ავიდა. ვისაც ეს იგავი ესმის, სასოწარკვეთა არასოდეს მოიცავს.

38. სრულად გაღატაკდა მართალი იობი, მაგრამ შემდეგ უმეტესი სიმდიდრე შეიძინა.

39. ზარმაცებს მონაზვნობაში შესვლისას დიდი დაცემანი შეხვდებათ ხოლმე. ბოროტი გადარჩენის ყოველგვარ იმდეს სტაცებს მათ და აიძულებს იფიქრონ, რომ უფსკრულიდან მხოლოდ ამოსვლაც კი საკმარისია ნეტარების მისაღწევად.

40. იცოდე, რომ ამის შემდეგ იმ გზით კი არ უნდა ხვიდოდე, რომელზეც დაეცი, არამედ – სხვა, უფრო მოკლე გზით.

41. მე ვნახე ორნი – ერთნაირი გზით მავალნი, ისინი ერთდროულად მიდიოდნენ უფლისკენ, ერთი მოხუცი იყო და ღვაწლით აღმატებული, მეორე კი – მოწაფე. წინა რბიოდა უადრეს მოხუცებულისა, და მოვიდა პირველად საფლავად სიმდაბლისა. (იოანე 20,4).

42. ყველა, განსაკუთრებით კი დაცემულნი, უნდა ფრთხილობდნენ, რომ საკუთარ გულში უღმერთო ორიგენეს სნეულება არ შეეპაროთ, რადგან მისი საძაგელი სწავლება, რომელიც ღმრთის კაცთმოყვარებას ქადაგებს, ტკბობისმოყვარე ადამიანებისთვის მეტად საამურია.

43. „ზრახვასა შინა“ და უფრო მეტად სინანულში იშვება ცეცხლი – ლოცვა, რომელიც შეწვავს ნივთიერება (ცოდვას).

49. სახედ, მაგალითად, წესად და სინანულის ხატად შენთვის ზემონახსენები მსჯავრდებულები იყვნენ; და მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში არ დაჭირდება სხვა წიგნი, ვიდრე არ გამობრწყინდება ქრისტე – ძე ღმრთისა და უფალი, სინანულით აღდგომის ჟამს.

წყარო: ღირსი იოანე სინელი ”კიბე ანუ კლემაქსი” სიტყვა 5 ჭეშმარიტი სინანულის შესახებ, ასევე იმ წმიდა მსჭავრდებულთა ცხოვრება, რომლებიც დილეგში იყვნენ წარგზავნილნი

შინაარსი
სანიშნეები