Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
მამა დიონისე კოლიცოდან, უსინათლო ბერი (1) | PEMPTOUSIA

მამა დიონისე კოლიცოდან, უსინათლო ბერი (1)

16 April 2013

მამა დიონისე კოლიცოდან

უსინათლო, ჭაღარა ბერი და მისი ნათელი სიტყვა

წარმოშობით რუმინელი ბერი დიონისე ათონის წმიდა მთაზე 1926 წელს, 17 წლისა მოვიდა და აი, უკვე რვა წელია, რაც თვალისჩინდაკარგულია. მისი ინტერვიუ ასახავს პირველი წლების სიძნელეებს, დამქანცველ ფიზიკურ მუშაობას და, ასევე, სულიერი ცხოვრების ნაყოფს. იგი პირდაპირი, ნათელი, გამოცდილი სიტყვის მეშვეობით გვაძლევს პასუხს მართლმადიდებლობის დღევანდელი სამსახურის შესახებ, თანამედროვე ოჯახის პრობლემებზე, ათონის მთაზე კელიებში ცხოვრებასა და წმიდა მთის მომლოცველთა განცდებზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ბერი ღმრთისმშობლის ბაღში ცხოვრობს, არ შეუწყვეტია ღმრთისმშობლისა და უფალი იესო ქრისტეს მიმართ მადლიერების გამოხატვა მათი ლოცვა-კურთხევისა და მის ცხოვრებაში ღმრთაებრივი ჩარევის გამო.

მოძღვარო, რამ გიბიძგათ იმისათვის, რომ რუმინეთიდან ამ დალოცვილ ადგილას მოსულიყავით? იცოდით წმიდა მთის შესახებ? რაიმე კონკრეტული გქონდათ გაგებული თუ ეს ძიების შემთხვევითი გადაწყვეტილება იყო?

ათონის მთას ათას წელზე დიდი ხნის ისტორია აქვს. სამყაროში არ არსებობს სხვა ათონის წმიდა მთა, მთაწმიდა. იგი ერთადერთია. გაგონილი გვაქვს, რომ ღმრთისმშობლის ბაღსაც ათონის მთა ეწოდება. და ყველა მამა, ვინც აქ მოდის, ყველა ის მართლმადიდებელი, ვინც აქ მოდის, რათა მონაზვნად აღიკვეცოს, მოდის მხოლოდ ერთადერთი მიზნით, მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ შეძლოს უსაფრთხოდ დაადგეს ღმრთის გზას. და ჩვენც, ადამიანების ერთმა ჯგუფმა, როდესაც გავიგეთ ამ ადგილის შესახებ ეს ამბავი, სწორედ ამ მიზნით შევეცადეთ, რომ ამ წმიდა მთაზე მოვსულიყავით. იმ წლებში სხვაგვარად იყო საქმე.

და თქვენ რომელ წელს მოხვედით ათონის მთაზე? მარტო იყავით?

ჩვენ, ოთხი ახალგაზრდა ერთად, ათონზე 1926 წელს მოვედით. ერთ-ერთი ჩვენგანი დიაკონი იყო მოლდოვის (რუმინეთი) მაგურას სკიტში, საიდანაც დავიწყეთ სვლა. დანარჩენი ორი კი ხორციელი ძმები იყვნენ. მე ყველაზე უმცროსი ვიყავი,¬-17 წლის. ასე მოვედით მთაწმიდაზე. როგორც კი ფეხი დავდგით წმიდა მიწაზე, ვიგრძენით, თითქოს, სამოთხეში შემოვაბიჯეთ: სიწყნარე, ყველა მამა სიკეთით აღსავსე, ყველა სიყვარულს ასხივებს. იმ წლებში, აქ ბევრი რუმინელი იყო. არსებობდა ასევე რუმინული კალივები და კელიები. გვსურდა რომელიმე კელიის საძმოში (სინოდია) მივეღეთ. მაგრამ, უმეტესობას უკვე ჰქონდა საძმო და რთული იყო. იმისათვის, რომ პურის ერთი ნაჭერი მიგვეღო, მძიმე მუშაობა გვმართებდა. გვეუბნებოდნენ, რომ კარგი ახალგაზრდები ვართ, რადგან მონასტრული ცხოვრების შესახებ ჩვენც ვიცოდით რაღაც-რაღაცები რუმინული სკიტიდან, „მაგრამ სამწუხაროდ“, როგორც გვეუბნებოდნენ „უკვე გვაქვს საძმო“.

monaxos

მოძღვარო დიონისე, როგორი იყო თქვენი პირველი წლები ათონის მთაზე? როდესაც აქ მოხვედით, სად დაბინავდით და როგორია თქვენი მოგონებები იმ დროის შესახებ, რომელიც საკმაოდ რთული უნდა ყოფილიყო თქვენთვის?

თავდაპირველად, პანდოკრატორის რუსული მონასტრის ერთ სენაკში მივედით. მამები გარდაიცვალნენ და სენაკი მონასტერს დარჩა. მას ღმრთისმშობლის ხარების სახელობის ძალიან მშვენიერი ეკლესია ჰქონდა. ვიყიდეთ ეს სენაკი იმ მამებისგან, რომლებიც იქ იყვნენ და ხუთი წლის განმავლობაში დავრჩით იქ. მაგრამ, ჩვენ ხომ რუმინეთის სკიტიდან ვიყავით მოსული და ჩვენი საკუთარი ფული არ გაგვაჩნდა. დიდი სირთულეებით შევაკოწიწეთ თანხა გემით მოგზაურობისათვის. იმისათვის, რომ გვეყიდა ის სენაკი, ათი ათასი დრაქმა უნდა გადაგვეხადა. ვინ მოგვცემდა ათი ათას დრაქმას? არავინ გვაძლევდა ამდენ თანხას. იყო ერთი რუმინელი ვაჭარი. უწინ იერუსალიმში მუშაობდა, რაღაც ფული მოეგროვებინა. მას ერთი მაღაზია ჰქონდა კარიესში. მიქაელი ერქვა. სწორედ მას ვთხოვეთ, რათა ჩვენთვის ათი ათასი დრაქმა მოეცა. გვკითხა: „ვინ არის თქვენი მოძღვარი?“. მივუგეთ: „მამა ანტიპა“. და გვიპასუხა: „თუკი, იგი თავდებად დაგიდგებათ, მაშინ მოგცემთ ფულს. სხვაგვარად – არა“. და მანამ, სანამ არ დარწმუნდა, არ მოგვცა თანხა. ჩვენც ველოდებოდით ბერ ანტიპას. ბოლოს, სწორედ მისი თხოვნის შედეგად მოგვცა ვაჭარმა ფული. ათი ათასი დრაქმა მაშინ დიდი ფული იყო. როგორ უნდა გაგვესტუმრებინა? სენაკში ხუთი მამა ვიყავით. ორნი ივერთა მონასტერში წავედით, რათა იქ მუშებად გვემუშავა. რა თქმა უნდა, იქ მხოლოდ ჩვენ არ ვიყავით. იმ წლებში მცირე აზიიდან მრავალი დევნილი მოსულიყო და ხალხი მრავლად იყო. მივედით მონასტრის წინამძღვართან და მან გვითხრა: „კარგი, დასხედით“. მანამდე მუშახელს დღიურად 18 დრაქმას უხდიდნენ, მაგრამ სწორედ იმ დღეს, როდესაც ჩვენ მივედით, მონასტერმა გადაწყვიტა მუშებისთვის დღიურად 20 დრაქმა გადაეხადა. 20 დრაქმა და საკვები, თუმცა, მძიმე მუშაობა გვმართებდა. როგორც კი მზე ამოვიდოდა, მონასტრის ჭიშკართან უნდა ვმდგარიყავით, რათა იკონომოსს ჩვენთვის ის სამუშაო მოეცა, რისი გაკეთებაც გვმართებდა. ვმუშაობდით მთელი დღის განმავლობაში. იმ წლებში არ არსებობდა „რვასაათიანი“ სამუშაო რეჟიმი.

ანუ, დილიდან მოყოლებული მზის ჩასვლამდე?

დიახ, მზის ჩასვლამდე. თუმცა, ზოგჯერ, როდესაც იკონომოსი კეთილი იყო, ნებას გვრთავდა ცოტა ადრე წავსულიყავით სენაკში, სადაც ვცხოვრობდით. საკვები ლობიო იყო. დილით ლობიო და საღამოს ლობიო. გვაძლევდნენ ასევე დამარილებულ სარდინებს და ნახევარ ოყა (წონის ერთეული, რომელიც 1280 გრამს უდრის) ღვინოს. ეს იყო მხოლოდ შეღავათი. და ეს ერთი დღის განმავლობაში არ გრძელდებოდა. შეიძლებოდა ასე გაგვეტარებინა მთელი თვე ან წელი. თუმცა, ახალგაზრდები ვიყავით. ვმუშაობდით, რათა ვალი დაგვეფარა. და რისი ყიდვა შეიძლებოდა მაშინ ოცი დრაქმით? პური რვა დრაქმა ღირდა. მთელი დღის მუშაობის შედეგად მხოლოდ ორ-ნახევარ პურს იყიდდი. მაგრამ ახალგაზრდები ვიყავით და ასე მკაცრად ვმუშაობდით, ისე რომ ნელ-ნელა აუცილებელი ხელფასი აგვეღო, აქ, წმიდა მთაზე. სამ წელიწადში ვალი გავისტუმრეთ. მონასტერი 20 დრაქმას გვაძლევდა, მაგრამ მათაც ხომ სჭირდებოდათ საკვები, ვინც სენაკში იყო. ჩვენ კი ორნი ვმუშაობდით, თუმცა ამ ყოველივემ გაიარა.

შემდეგ კი პირდაპირ აქ, კოლიცოში მოხვედით, წმიდა გიორგის კელიაში? როგორი იყო თქვენი გზა, როგორ მოხვდით აქ?

იქ, გავიცანით კიდევ ერთი, ძალიან კარგი, წმიდა ბერი, რომელმაც გვითხრა: „ნუ იტანჯებით აქ“. მას „წმიდა ტიხონის“ კალივი ჰქონდა უფრო ზევით, კარიესში. იქ გავემგზავრეთ და დანარჩენი ხუთი წელი იქ გავატარეთ. 1937 წელს კი კოლიცოში ჩამოვედით. წმიდა გიორგის ამ კელიას მაშინ მხოლოდ ეკლესია ჰქონდა. ეს სახლი არ არსებობდა. ეკლესია განცალკევებით მდებარეობდა. და იქ, სადაც ახლა სამზარეულოა, უწინაც ამზადებდნენ საკვებს და როგორც სატრაპეზო, ისე გამოიყენებოდა. აქ, სადაც ახლა სახლი დგას, მთა იყო. ჩვენ ექვსი-შვიდი ახალგაზრდა ვიყავით. ალბათ, სწორედ იმიტომ, რომ ახალგაზრდები ვიყავით, ენთუსიაზმით ვმუშაობდით, გავათანაბრეთ ადგილი. პირველად, აი, ეს ტერასები გავაკეთეთ. ნელ-ნელა სახლიც ავაშენეთ. თუმცა, რთულად, ძალიან რთულად.

სწორედ იმ დროს დაემთხვა გერმანული ოკუპაციის ხანა, რაც მეტად მძიმე წლები იყო ჩვენი მხარისთვის, თუმცა, ვატოპედის მონასტრიდან უნდა გქონოდათ დახმარება.

დიახ, დიახ… თუმცა, ჩვენ უფალი გვეხმარებოდა. ვატოპედელები ვალდებულნი იყვნენ, რომ ჩვენ დაგვხმარებოდნენ. მოეცათ, მაგალითად, რამდენიც გვჭირდებოდა იმდენი ხე. მაგრამ, იმ ხანებში, მამები უფრო მკაცრნი იყვნენ და ასე გვეუბნებოდნენ: „თუკი, შეგიძლიათ ააშენოთ სახლი, მაშინ როგორც გინდათ ისე ააშენეთ. მონასტერს არ შეუძლია თქვენი დახმარება“. ჩვენ ვითხოვეთ თუნდაც რამდენიმე წაბლის ხის მოჭრის ნებართვა მოეცათ. „არა, თქვენ არ იცით. შეიძლება ზიანი მოგადგეთ“, ასე გვიპასუხეს. იმ პერიოდში გერმანელები იყვნენ და სწორედ ამიტომ არ ჰყავდათ მონასტერში ოსტატები. ჩვენც არ გვყვავდა ოსტატები და ძალიან ვიწვალეთ. მთელი ხის მასალა, რაც კი გვჭირდებოდა, ფილოთეოსისა და კარაკალის მონასტრებიდან მოვზიდეთ იმ ნავით, რომელიც მეზობელმა გვათხოვა. თუმცა, იმ წლებში ნიჩბებიანი ნავები იყო, არ არსებობდა ძრავიანი ნავები…

გერმანელებმა აქამდეც, კოლიცომდეც მოაღწიეს თუ მხოლოდ ვატოპედის მონასტრამდე?

მხოლოდ ვატოპედის მონასტრამდე. გერმანელებს კოლიცოში ფეხიც არ დაუდგამთ. ხოლო, როდესაც პატრიზანული მოძრაობა დაიწყო, მაშინ მხოლოდ პატრიზანებმა მოაღწიეს. თუმცა, მადლობა უფალს, ამანაც გადაიარა.

სავარაუდოდ, დღესდღეობით ვატოპედის მონასტერთან და ბერ იოსებთან უკეთესი სულიერი კავშირები უნდა გქონდეთ?

რას ამბობ, სამოთხეა. როგორც კი აქ, ახალი სკიტიდან მოვიდნენ მამები და განხორციელდა მონასტრის კინოვიურ (საერთო საცხოვრისის ცხოვრების წესის მიმდევარი სამონასტრო დაფუძვნება) სისტემაზე გადასვლა, შეიცვალა ვითარება. თუმცა, არც სხვები იყვნენ ცუდი ადამიანები. ისინიც სულიერნი, თუმცა, უფრო მკაცრნი იყვნენ. თავიანთ რიცხვში არ გვთვლიდნენ. „ა, მოვიდა კელიაში მცხოვრები ესა და ეს მონაზონი“, ასე ამბობდნენ. არ მიიჩნევდნენ, რომ ჩვენც ვატოპედელები ვიყავით. სწორედ იმ ხატთან ვასრულებთ ჩვენც მეტანიებს, რომელ ხატთანაც მონასტრის მამები ასრულებენ. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენც ვატოპედელები ვართ. ყველაფერს, რასაც აქ ხედავთ ვატოპედის საკუთრებაა. თუკი, არ იქნები მორჩილი, შენი სულიერება ხელიდან გამოგეცლება, რადგან ვატოპედისაა. სწორედ ამიტომ ვალდებულნი ვართ, როგორ ვთქვათ, რომ ვიყოთ მორჩილნი, რადგან ჩვენი მონაზვნური ცხოვრებაც ხომ სწორედ ამას გვავალდებულებს. იმისათვის, რომ მონაზონმა საფუძველი შექმნას, მორჩილი უნდა იყოს და საკუთარი სურვილები ჩაახშოს. მხოლოდ ასე, მცირედ ან უფრო მეტად, ვიქნებით რა მორჩილნი და ჩავიკლავთ რა ჩვენს სურვილებს, გვხედავს უფალი და მისი მადლი თავმდაბლობით აგვავსებს. თუკი გვექნება ეს სამი რამ ანუ, მორჩიელება, სურვილის ჩახშობის უნარი და თავმდაბლობა, მაშინ შევძლებთ უფრო იოლად შევებრძოლოთ უწმინდურ სულებს. რადგან ჩვენ არ გვაქვს ხორციელი ბრძოლა, არამედ გვაქვს სულიერი ბრძოლა – და რა თქმა უნდა ასევე მთელს სამყაროს, უპირელეს ყოვლისა კი, ჩვენ მონაზვნებს – არაწმინდა სულებთან. ეშმაკი სულია და იგი არ იღლება. გამუდმებით ჩვენს შიგნით ყრის სხვადასხვა, ათასობით ბოროტ სნეულებას. ისევე, როგორც ადამიანი თესავს თესლს, ამგვარად ისვრის ჩვენს გულსა და გონებაში თავის ბოროტებებს. თუკი, მის თესლს მივიღებთ, მაშინ იგი გაიზრდება. და თუკი, გაიზრდება და დაფესვიანდება, მაშინ, ვაი, ჩვენს თავს. ძნელად აღმოიფხვრება. და ეს ვრცელდება ყველა სნეულებაზე. ხედავთ, რომ ადამიანი სრულიადაც არ არის ცუდი როდესაც იწყებს მოწევას მაგრამ გადის დრო და ამბობს: „არ შემიძლია, შეწყვეტა (ანუ მოჭრა და თავის დანებება)“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყოველგვარი სნეულება, რომელიც აქვს ადამიანს, თუკი, თავიდანვე არ მოჭრის, შემდეგ უკვე კედელივით იქცევა. სად? იჭრება ეს? სწორედ ამიტომ, ყველა მონაზონს და ბერსაც უნდა ჰყავდეს კარგი მოძღვარი, რათა თავის სულიერ მამას ყველა ის აზრი უთხრას, რასაც მის გონებაში ცბიერი თესავს და მაშინ მონაზვნურ ცხოვრებაში წინსვლა ადვილად მიიღწევა.

 [ *  შენიშვნა:
სიტყვა ბერი ბერძნულ ენაში მოხსენიებული არის როგორც  ”ღერონდას” γέροντας რაც  შემდეგს ნიშნავს   – ο γέροντας – იგივეა რაც ბერიстарец, 1) სასულიერო პირებისადმი მიმართვის ზრდილობიანი ფორმა; 2) გამოცდილი, ჩვეულებრივ ასაკოვანი მონაზონი; 3) სხვა მონაზვნის ან მონაზვნური საძმოს უფროსი, ღვაწლმოსილი  მოძღვარი]. 

შინაარსი
სანიშნეები