დედობა, როგორც ღირსება ქალისა

29 April 2013

გასული საუკუნეების განმავლობაში, ქალის ადგილი განსაკუთრებით რთული იყო, და ახლაც, ჩვენს თანამედროვეობაშიც, იგი არაა სრულად განსაზღვრული. ცხოვრების ყოველ საფეხურზე ეს პრობლემა ძალიან ბუნდოვნადაა წარმოდგენილი, როგორც სახელმწიფო კანონმდებლობისა და საზოგადოების წყობის დონეზე, ისე შრომის განაწილების, აღზრდა-განათლებისა და, საეკლესიო ცხოვრების დონეზეც. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მრავალი რამ შეიცვალა. მრავალი მოსაზრების თანახმად, ქალმა წინანდელ წლებთან შედარებით, გაცილებით უკეთესი ადგილი მოიპოვა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მას ჯერ კიდევ არ უპოვია თავისი ადგილი საზოგადოებაში. სინამდვილეში, ჯერჯერობით მაინც არ ხდება ქალის სწორად შეფასება. წინა საუკუნეების განმავლობაში მამაკაცი იყო კანონმდებელი და ბატონი. ხოლო ქალი, ხშირად, ზედმეტად იყო დამცირებული. ამგვარად, სიმართლისა და სამართლიანობის მოთხოვნისას ყველას, ვისაც კი სურდა ქალის მდგომარეობის გაუმჯობესება, ასეთი აზრი ჰქონდა: ქალის უფლებები ყველა დონეზე უნდა გათანაბრებოდა მამაკაცის უფლებებს. ამ გზამ მშვენიერი ნაყოფი გამოიღო. მრავალმა ქალმა დიდი განათლება მიიღო, მრავალი მათგანი საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დაინიშნა, ხოლო მთავრობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების გზით, ქალებმა ისტორიული როლის შესრულებაც დაიწყეს. ქალის მდგომარეობა მის სასარგებლოდ შეიცვალა ოჯახშიც.

Mitera 100

მაგრამ ჩნდება კითხვა, შეგვიძლია თუ არა პრობლემები მოგვარებულად ჩავთვალოთ   არა მხოლოდ ქალის სამსახურის შესახებ, არამედ მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებაც? ისტორიის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ კაცობრიობის უზარმაზარი სხეული უჯრედებისაგან შედგება, და სწორედ ოჯახია ერთ-ერთი ამგვარი უჯრედი. ბუნებრივია, თუკი უჯრედი ჯანმრთელია, სხეულიც ჯანსაღი იქნება.

მაშასადამე,  კაცობრიობის უზარმაზარი სხეულის ჯანმრთელობა დამოკიდებულია ამ სხეულის  უჯრედის ანუ ოჯახის, სიჯანსაღეზე. საინტერესოა, შეგვიძლია თუ არა ქალის თანამედროვე მდგომარეობა ბედნიერად ჩავთვალოთ? სწორედ იმის გამო, რომ ქალი ეკონომიკურად სრულიად დამოუკიდებელია და იგი ისე მუშაობს, როგორც ნებისმიერი მამაკაცი, გახშირდა ოჯახების რღვევა ანუ ცოლ-ქმრის გაყრა. და იმ შემთხვევაშიც კი, როცა ადგილი არა აქვს ოჯახურ რღვევას, ვინაიდან ქალი იძულებულია სახლის გარეთ იმუშაოს, ოჯახს მაინც ადგება ზიანი, რადგან ბავშვები სახლში ვერ ხედავენ ახლა უკვე არსებითად ვერც დედას და ვერც მამას. ისინი საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში რჩებიან მარტონი ან კიდევ ნათესავებისა და უცხო ადამიანების ხელით იზრდებიან. ხშირად, სკოლებს ევალება მათი აღზრდა. საბოლოო ჯამში კი, ბავშვები დედობრივ სითბოს (სიყვარულს) მოკლებულნი რჩებიან. თუკი, ქალი ისევე მუშაობს, როგორც მამაკაცი, მაშინ სამართლიანობა მაინც დარღვეულია, რადგან ქალს ოჯახში, სამსახურის პარალელურად, სხვა ჯაფაც ადგება, მას დამატებითი საზრუნავი აქვს, რადგან სწორედ ის არის ბავშვების დედა. ვიღაც იფიქრებს, რომ, რადგან ქალი უფრო მეტი პასუხისმგებლობითაა დატვირთული და ძალიან რთულ როლს ასრულებს, მას უნდა ჰქონდეს ასევე ოჯახის მართვის პრივილეგია. რა თქმა უნდა, ოჯახი, ყოველი ადამიანური დაწესებულების მსგავსად, ვინმემ უნდა მართოს. ამგვარად, მრავალ ოჯახში თავს იჩენს ხოლმე ძალაუფლებისათვის ბრძოლა, რასაც ძალიან ხშირად ოჯახისთვის კატასტროფული შედეგები მოაქვს. მაშ ასე, საითკენაც არ უნდა მივაპყროთ ჩვენი ყურადღება, ყველგან ძალიან რთულ პრობლემებს ვხედავთ, რომელთა გადაჭრას ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ.

მხოლოდ ეს მცირე შედარებები მოვიტანე, იმისათვის, რომ ისე დამენახა მოვლენები, როგორც მათ ადამიანთა უმრავლესობა ხედავს. ვფიქრობ, ჩვენ, როგორც ქრისტიანები, ვხედავთ იმასაც, რასაც სხვები ყურადღებას არ აქცევენ. მიგვაჩნია, რომ ზოგადად ყოველი ადამიანისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა შემდეგი კითხვები: რა არის ადამიანი? რა არის მისი მისია (დანიშნულება)? რატომ და რა მიზეზით გაჩნდა იგი ამქვეყნად? რა მიზანი არსებობს მის წინ? რა არის მისი არსებობის აზრი? თუ ამ კითხვებს არ ვუპასუხებთ, მაშინ ვერასდროს შევძლებთ გადავჭრათ ის პრობლემები, რომლებსაც პირისპირ შევხვდებით. ერთ დონეზეც კი ვერა. მაგალითად, შეუძლებელია მივაღწიოთ საზოგადოების ჭეშმარიტ სამართლიან წყობილებას, მისი შეცნობის გარეშე. ვერ შევძლებთ გადავჭრათ სახელმწიფო ორგანიზაციის პრობლემა, თუკი არ გაგვაჩნია პასუხი ამ მთავარ კითხვაზე. კაცობრიობის მთელი ისტორია დაწერილია ფუჭ ბრუნვაზე, უგუნურ ომებზე, ძლიერის მიერ სუსტზე განხორციელებულ უსამართლო ჩაგვრაზე, როგორც ეს ცხოველთა სამყაროში ხდება. მაშასადამე, რა არის ადამიანი? ამ კითხვაზე პასუხს წმინდა წერილიდან მოვიტანთ: „შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი“ (დაბ. 1, 27). და ოდნავ უფრო ქვევით ვკითხულობთ: „გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად“ (დაბ. 2, 7).

მაშ, თუკი ღმერთმა მამაკაცი და ქალი შექმნა, როგორც მთლიანი კაცობრიობა, მაშინ ბუნებრივია, რომ მამაკაცისა და ქალის ურთიერთობის საკითხი იყო და ყოველთვის იქნება ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ცხოვრებისეულ საკითხებს შორის. თუკი, ჩვენს ყურადღებას ქალის ბუნებრივ უნარებს მივაპყრობთ და მათ შევადარებთ მამაკაცის ანალოგიურ უნარებთან, ხანგრძლივ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვნახავთ, რომ ეს უნარები ერთმანეთისგან განსხვავდება. ზოგჯერ, ისინი ერთმანეთს ემთხვევა, ხოლო ზოგჯერ ერთი ავსებს მეორეს.  ჩვენთვის, როგორც ისტორიიდან, ისე წმიდა წერილიდან, ცნობილია, რომ აღმოსავლეთში, სადაც წარმოიშვა ყველა უდიდესი  რელიგია, მამაკაცის ძლაუფლება ქალზე უფრო ძლიერი იყო. ქალი, აღმოსავლური ცნობიერების თანახმად, მამაკაცზე რამდენადმე უფრო დამცრობილი ქმნილება იყო. სახარებაშიც კი ვხვდებით მსგავს პასაჟებს, როგორც მაგალითად: „ხოლო იყვნეს, რომელთა-იგი ჭამეს, მამანი ხოლო ხუთ ათას, თვინიერ ყრმებისა და დედებისა“ (მათე, 14, 21). მხედველობაში ჰყავდათ მხოლოდ მამაკაცები, ხოლო ქალებს სათვალავშიც კი არა თვლიდნენ. ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ აღმოსავლეთში არ გვხვდება.

Mucladgeba 100

როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, შემთხვევით წასაკითხად ხელში ჩამივარდა ცივილიზაციის ისტორიაში, როგორც ქალის, ისე მამაკაცის როლზე დამუშავებული სტატისტიკური მონაცემები, რომელიც გერმანელი სწავლულების მიერ იყო მომზადებული. ამ მრავლისმცოდნე გერმანელებმა აღმოაჩინეს, რომ მამაკაცის მიღწევები უაღრესად მნიშვნელოვანია (ისინი მაღალ მთებთანაა გათანაბრებული), ქალის მიღწევებიდან კი მათ მხოლოდ რამდენიმე აღნიშნეს, რომელიც ასე თუ ისე ჩაიწერა ცივილიზაციის ისტორიაში.

მეჩვენება, რომ ეს გაუგებრობა წარმოიშვა იმ ცნობიერების დაკარგვის შედეგად, რომელსაც წმიდა წერილი შეიცავს: „შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი“ (დაბ. 1, 27). სწორედ ამას ივიწყებენ არა მხოლოდ მამაკაცები, არამედ თავად ქალებიც. მაშ ასე, იმისათვის, რომ გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება მის ყოველ დონეზე, დავიწყოთ ოჯახით, ქალებს სულით ამაღლება მართებთ, მათ უნდა აჩვენონ სამყაროს ქალის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და მისი დიადი როლი. ქრისტიანული ეკლესიისათვის საკითხი, რომელიც ქალის როლს შეეხება, ყოველწლიურად უფრო და უფრო მწვავდება.

ვხედავთ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ათეისტურმა კომუნიზმმა ყველანაირი ზეწოლის გამოყენებით, ღია ბრძოლა გააჩაღა ეკლესიის წინააღმდეგ, ეკლესიას სწორედ ქალების მამაცობა, მათი თვითშეწირვა და ყოველგვარი უბედურების დროს, მათი მზადყოფნა გადაარჩენს. ყველგან ვამჩნევთ, რომ ეკლესიაში ქალები მნიშვნელოვან რაოდენობას შეადგენენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკლესიებში, საღმრთო მსახურებებისას, ქალები უმრავლესობას წარმოადგენენ, ზოგჯერ – სამ მეოთხედს, ზოგჯერ კი – უფრო მეტსაც. თუკი ახლა, ყველა ქალი ჩამოშორდება ეკლესიას, მაშინ ის საერთოდ ვერ შეძლებს არსებობას, რადგან მამაკაცები, რომელნიც მაღალ მოძღვრულ წოდებებს ატარებენ და  უმაღლეს იერარქიულ ადგილებს იკავებენ, უმცირესობა შეიქმნებოდა. უბრალო სიტყვებით, რომ ვთქვათ, მათთვის მატერიალური თვალსაზრისითაც  შეუძლებელი იქნებოდა ეკლესიის შენახვა.

მაშ ასე, დიდია ეკლესიაში ქალის როლი და ყოველ ჩვენგანს მართებს ამ ფენომენზე დაფიქრება. როდესაც ჩვენ ქრისტიანულ სწავლებაში ადამიანზე თეოლოგიური თვალსაზრისით ვმსჯელობთ, ქალი, როგორც ადამიანი, წარმოდგენილია ზუსტად იმავე საზომით, როგორითაც – მამაკაცი. განუსაზღვრელია მისი ღირსების შესაძლებლობები ისტორიის წიაღში. თავისთავად ის მოვლენა, რომ ღმერთი, ლოგოსი, განკაცდა ქალის მეშვეობით, გვიჩვენებს, რომ ქალი სრულებითაც არ არის დამცირებული ღმრთის წინაშე.

თუმცა, აქ მინდა ხაზი გავუსვა ჩემი საუბრის ძირითად მნიშვნელობას. ყოველივე, რაც კი აქამდე ვთქვი, მხოლოდ შესავალს წარმოადგენდა, რათა ყველა ჩვენგანი აზრთა ნათელ დინებაზე დავმდგარიყო. თუკი ვსაუბრობთ ქალის დიდ მნიშვნელობაზე, მაშინ თავად ქალებიც ვალდებულნი არიან გაამართლონ მათი ეს დიდი მნიშვნელობა, რათა შეძლონ საკუთარი თავის გამართლება კაცობრიობის ცხოვრების ყველა დონეზე. თუმცა, ქალის ყველაზე არსებითი მოვალეობა, მისი ყველაზე  მნიშვნელოვანი თანამდებობა, არის დედობა: „უწოდა ადამმა თავის დედაკაცს ევა, რადგან იგი გახდა ყოველი ცოცხალის დედა“ (დაბ. 3, 20). იმისათვის, რომ ზე აღმართონ კაცობრიობა, ქალებმა სამყაროს უნდა მოუვლინონ ბავშვები იმ გზით, რომელსაც ჩვენ ღმრთის სიტყვა გვასწავლის. თუმცა, არსებობს დაბადების ორი სახე, ერთი ხორციელი, ხოლო მეორე სულიერი. ქრისტემ უთხრა ნიკოდიმოსს: „შობილი იგი ხორცთაგან ხორცი არს, და შობილი იგი სულისაგან სული არს. ნუ გიკვირნ, რამეთუ გარქუ შენ ესე: ჯერ-არს თქუენდა მეორედ შობაი“ (იოვანეს სახარება, 3, 6-7). სწორედ იმ მიზეზით, რომ ჩვენი ეპოქის ქალებმა დაკარგეს ეს უმაღლესი შეგნება, დაიწყეს, უპირველეს ყოვლისა, შვილების ხორციელად შობა, ჩვენი ბავშვები რწმენისათვის უუნარონი გახდნენ. ისინი ხშირად უძლურნი არიან იმ რწმენისათვისაც კი, რომ საუკუნოვანი ღმერთის ხატად არიან შექმნილნი. ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს ცოდვას სწორედ ის წარმოადგენს, რომ ადამიანები სასოწარკვეთილებაში არიან ჩავარდნილნი და უკვე აღარ სწამთ აღდგომის. ადამიანის გარდაცვალება მათ მიერ აღიქმება, როგორც საბოლოო სიკვდილი, როგორც განადგურება, მაშინ როდესაც იგი მიჩნეული უნდა იყოს ჩვენი ყოფიერების ფორმის შეცვლის ჟამად, ზე სიცოცხლეში დაბადების დღედ, რომელიც ახლა უკვე სიცოცხლის მთელი სისავსითაა წარმოდგენილი და ეკუთვნის ღმერთს.  ჭეშმარიტებას სახარება ამბობს: „რომელსა ჰრწმენეს ძე, აქუნდეს ცხორებაი საუკუნოი, ხოლო რომელი ურჩ იყოს ძისა, არა იხილოს ცხორებაი, არამედ რისხვაი ღმრთისაი დადგრომილ არს მის ზედა“ (იოვანე, 3, 36). „ამენ, ამენ გეტყვი თქუენ, რამეთუ რომელმან . . . ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი, და სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკუდილისაგან ცხორებად“ (იოვანე, 5, 24). „ამენ, ამენ გეტყვი თქუენ: უკუეთუ ვინმე სიტყუაი ჩემი დაიმარხოს, სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე“ (იოვანე, 8, 51). მსგავსი ფრაზების მოტანა უხვად შეგვიძლია.

ხშირად გვესმის ადამიანებისგან: როგორ და რატომ ხდება ყოველივე ეს? რატომ დაუკარგავს ადამიანთა უმრავლესობას რწმენის უნარი? იქნებ, ეს ახალი ურწმუნოება ფართო განათლების შედეგია, რადგან ის, რასაც წმიდა წერილი გვამცნობს, მითად და აუხდენელ ოცნებადაა აღქმული?

Mitera 101

რწმენა,  უნარი იმისა, რომ გვწამდეს, უპირველეს ყოვლისა, არ არის დამოკიდებული ადამიანის განათლების დონეზე. რეალურად ვხედავთ, რომ ჩვენს ეპოქაში, რომლის დროსაც განათლება ფართოდ ვრცელდება, რწმენა კლებულობს, მაშინ როდესაც, სინამდვილეში პირიქით უნდა იყოს. მაშასადამე, რაც უფრო მეტად ფართოვდება ადამიანის ცოდნა, მით უფრო მეტი ხელსაყრელი შემთხვევა აქვს მას, რათა შეიცნოს სამყაროს შექმნის დიდი სიბრძნე. მაშ რაში მდგომარეობს ურწმუნოების ფესვი?

უპირველეს ყოვლისა, გვმართებს აღვნიშნოთ, რომ ეს საკითხი, პირველ რიგში, მშობლების, მამებისა და დედების მოვალეობაა. თუკი, მშობლები ახალი ადამიანის დაბადების მოვლენას მთელი სერიოზულობით უდგებიან, იმ შეგნებით, რომ ახლად დაბადებული ჩვილი შეიძლება იყოს ჭეშმარიტად „ძე კაცისა“ კაცის ძის ანუ ქრისტეს ხატად შექმნილი, მაშინ, წინასწარ მოემზადებიან ამ მოვლენისთვის და არა ისე, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. აი, ერთი მშვენიერი მაგალითი. ზაქარია და ელისაბედი მრავალი ჟამის განმავლობაში ლოცულობდნენ, რათა ღმერთს მათთვის შვილი ებოძებინა. . . და მაშ, რა ხდება? „და ეჩუენა მას (ზაქარიას) ანგელოზი უფლისაი, მდგომარე მარჯუენით საკურთხეველისა მის საკუმეველთაისა. და შეძრწუნდა ზაქარია, იხილა რაი იგი, და შიში დაეცა მას ზედა. ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, ზაქარია, რამეთუ შეისმნეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და უწოდი სახელი მისი იოვანე. და იყოს შენდა სიხარულ და მხიარულება, და მრავალთა შობასა მისსა განიხარონ. რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა . . . და სულითა წმიდითა აღივსოს მიერვე დედის მუცლით მისითგან. და მრავალნი ძეთა ისრაელისათაგანნი მოაქცინეს უფლისა, ღმრთისა მათისა “ (ლუკას სახარება, 1, 11-16).

მართლაც, ამის შემდგომ, ვხედავთ, რომ იოანემ, ჯერ კიდევ დედის მუცლად ყოფნისას, შეიცნო ქრისტეს დედის სტუმრობა, სიხარულისგან  შეხტა და მისი სიხარული მის დედასაც გადაეცა. მაშინ, ეს უკანასკნელი წინასწარმეტყველური სულით აღივსო (იხ., ლუკას სახარება, 1, 40-41). სხვა მაგალითია წინასწარმეტყველი ანა (იხ., ლუკას სახარება, 2, 36).

ამგვარადაა ახლაც. თუკი მამები და დედები ბავშვების შობისას მთელი სიგრძე-სიგანით შეიგრძნობენ ამ მოვლენის მნიშვნელობას, მაშინ მათი შვილებიც დედის მუცლიდან სული წმიდის მადლით აღივსებიან და ღმრთისადმი, როგორც ყოველივეს შემოქმედისა და მათი მამის, რწმენა მათთვის ბუნებრივი გახდება. ამ რწმენის შერყევას ვერანაირი მეცნიერება ვერ მოახერხებს, რადგან „შობილი იგი სულისაგან სული არს“.  მაშ ასე, ღმერთის არსებობა და ჩვენთან მისი სიახლოვე არის მოვლენა, რომლის გაცხადება მხოლოდ სულის მიერ ხდება. მრავალსწავლულთა თუ უსწავლელთა ურწმუნოებაც ღმრთის ამგვარი შვილების თვალში მხოლოდ და მხოლოდ დასტური იქნება იმისა, რომ ამ ადამიანებს ჯერ არ განუცდიათ „მეორედ შობაი“ და სწორედ ამ მოვლენის გამო, მათ არ სწამთ ღმერთის, რადგანაც ისინი მთლიან ხორცს წარმოადგენენ, ხორცთაგან არიან შობილნი.

თუმცა, რაც ეკლესიისათვის რეალურ პრობლემასა და მის მისიას წარმოადგენს, არის ის, თუ როგორ დაარწმუნოს ადამიანები, რომ ისინი მარადიული მამის ჭეშმარიტი ვაჟები და ასულები არიან. თუ როგორ აჩვენოს ქვეყანას სხვა ცხოვრების შესაძლებლობა, რომელიც იგივეა, რაც თავად ქრისტეს ცხოვრება ან კიდევ წინასწარმეტყველთა და წმინდანთა ცხოვრება. ეკლესია ვალდებულია სამყაროს არა მხოლოდ აღდგომის რწმენა მოუტანოს, არამედ მის შესახებ ჭეშმარიტება მოჰგვაროს. სწორედ მაშინ მოთხოვნა სხვა რაიმე მორალური სწავლების შესახებ, ფუჭი აღმოჩნდება.

(არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი) „ქრისტიანული ცხოვრების საიდუმლო“, გვ. 180-189. იოანე ნათლისმცემლის წმიდა მონასტერი ესექსი, ინგლისი).

Σχετικά άρθρα ბერი სოფრონი ესექსელი
კლაუს კენეფის კომენტარები ნეტარი ბერის – სოფრონ ესექსელის პიროვნების შესახებ Αλέξανδρος Χριστοδούλου 24 May 2015 ძვირფასო მკითხველო, გთავაზობთ მცირე ნაწყვეტს კლაუს კენეფის წიგნიდან "ათასი მილი გულის ადგილამდე". ავტორი უბრალო ენით აღწერს იმ დიად ურთიერთობებზე და სიხარულზე რომელიც თანამედრეოების ბუმბერაზ ბერს, არქიმანდრიტ სოფრონ ესექსელსა და მის შორის წარმოიშვა. ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე, რომ უფრო მეტი, ვიდრე, დაახლოებით, ოცდახუთი ქრისტიანული კონფესია - რომე...
ესექსის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის წმიდა მონასტრის წინამძღვრის ბერი სოფრონის უკანასკნელი დღეები (+11/7/1993) Αλέξανδρος Χριστοδούλου 17 September 2014 ბერმა სოფრონმა გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე დახუჭა თვალები და ჩვენთან საუბარი აღარ მოისურვა. მას სახე მოწყენილი კი არა, გაცისკროვნებული და დაძაბული ჰქონდა. დაახლოებით იგივე გამომეტყველება აღბეჭდოდა, როგორც საღმრთო ლიტურგიის აღსრულების ჟამს. თვალებს აღარ ახელდა და არც სიტყვებს წარმოთქვამდა, მაგრამ ხელს ზევით სწევდა და გვლოცავდა. სიტყვების გარეშე გ...
კლაუს კენეფის კომენტარები ნეტარი ბერის – სოფრონ ესექსელის პიროვნების შესახებ Αλέξανδρος Χριστοδούλου 7 August 2013 ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე, რომ უფრო მეტი, ვიდრე, დაახლოებით, ოცდახუთი ქრისტიანული კონფესია - რომელთა რიცხვს ჩემი უამრავი მეგობარი მიეკუთვნება - დიდი ძალისხმევით იბრძოდა იმისათვის, რომ თავიანთ ბანაკში ჩემი გადაბირება მოეხერხებინა. მათ სწამდათ, რომ ამ გზით, მე მათ „რეკლამას“ გავუკეთებდი. სინამდვილეში, თავს ყველგან თავისუფლად ვგრძნობდი, თუმცაღა, ხში...
შინაარსი
სანიშნეები