Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ფერხთა ბანის ცერემონია პატმოსის წმიდა კუნძულზე | PEMPTOUSIA

ფერხთა ბანის ცერემონია პატმოსის წმიდა კუნძულზე

1 May 2013

ღმრთიური ოცნებების, სიგრილით დაჯილდოებულ კუნძულზე, პატარა და წმიდა პატმოსზე, აი, უკვე ოთხასი წელიწადია, რაც ტრადიციულად, ყოველ წელს, განსახიერებულია დიდი ხუთშაბათი, საიდუმლო სერობის ღმრთაებრივი დრამა, რომლის ჩაქრობა ვერ მოახერხა ვერც დრომ და ვერც თურქების, იტალიელებისა თუ გერმანელების მიერ ჩვენი კუნძულის ხანგრძლივმა მონობამ.  ეს ცერემონია წმიდანთა მიერ ფეხდადგმული და დოდეკანესის კუნძულებიდან ყველაზე უფრო ჩრდილოეთით მდებარე ჩვენი კუნძულის ეროვნულ-ქრისტიანული ერთიანობის, როგორც ყველაზე ძლიერი და უწყვეტი რელიგიური რგოლი, მრავალი საუკუნის განმავლობაში, კაშკაშა შუქურასავით და საოცარი სულიერი აკროპოლისივით იდგა დოდეკანესის კუნძულთა წნულს შორის…

ეს განსახიერება, წარმოსახული სცენა, არის ცერემონია, რომელიც თავისთავად მოიცავს დიდ სიდიადეს,  რელიგიურობასა და ამასთან ერთად, მხატვრულობას. მას, დღესაც კი, ასრულებენ იერუსალიმის წმიდა ქალაქში და ანტიოქიაში.

ეს ცერემონია ვნების კვირის წმიდა დღეებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა და არა მხოლოდ კუნძული პატმოსისათვის, არამედ მის გარშემო მდებარე დანარჩენი კუნძულებისთვისაც – სამოსის, იკარიას, ლეროსის, კალიმნოსისათვის. უწინ, მნიშვნელოვანი იყო ასევე მოპირდაპირე სანაპიროზე მდებარე მცირე აზიის  ქალაქებისთვისაც.

იტალიის ბატონობის ხანაში მნიშვნელოვნად შემცირდა იმ მომლოცველთა რიცხვი, რომელნიც ღმრთისმოშიშობით მოეშურებოდნენ ჩვენს კუნძულზე, რათა დასწრებოდნენ ამ ბრწყინვალე ცერემონიას. ახლა, გათავისუფლების შემდეგ, ფერხთა ბანის ცერემონიამ კვლავ დაიბრუნა თავისი ძველი სიდიადე, ისე რომ, იგი წარმოადგენს, ჩვენი მშვიდობიანი კუნძულის წყნარ ცხოვრებაში, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რელიგიურ მოვლენას.

***

ცნობა ფერხთა ბანის ამ წმინდა რელიგიურ ცერემოანიაზე  მეოთხე საუკუნიდან მოგვეპოვება. კონკტერულად კი, ელვირას კრებიდან მოყოლებული,  ქრისტეს შობიდან, დაახლოებით, 300 წლიდან. იგი მრავალ მონასტერში სრულდებოდა,  განსაკუთრებით კი, შუა საუკუნეებში, ეპისკოპოსების ეპარქიებში.  თავად ბიზანტიის იმპერატორები, კეთილი ნაზარეველის  დიადი მაგალითის მიბაძვით, თავიანთ „პალატებში“ (სასახლეებში) თორმეტ ღარიბ მოქალაქეს ფეხებს ბანდნენ, ბოლოს კი, უხვადაც ასაჩუქრებდნენ.

მთელი ეს ცერემონია, უკეთესად, რომ ვთქვათ, წარმოსახვითი განმეორება, უფლის ჭეშმარიტი სწავლების გახსენებასა და მიბაძვას წარმოადგენს, რომელმაც დაბანა რა თავის მოწაფეებს ფეხები, ისურვა ასე უბრალოდ, თავისი ამ სიმბოლური მაგალითით, ჩვენი პლანეტის სიმრავლისთვის, ადამიანებისთვის, ესწავლებინა მოკრძალებული თავმდაბლობა.

***

დიდ ოთხშაბათს, კუნძულის მთავარი ქალაქის ორი ცენტრალური მოედნიდან ერთ-ერთზე, ან ქსანთოსის, ან კი პატრიარქ თეოფილე მეორის მოედანზე, რიგ-რიგობით, საღამო ჟამს, ადგილობრივ უხუცესთა სამსახურის სახელოსნოს მიერ ეწყობა თითქმის კვადრატული ფორმის დიდი ფიცარნაგი. ჩვენი კუნძულის ენაზე მას „ნიხტირასი“ ეწოდება. ასე უწოდებენ მას, როგორც უფროსები, ისე პატარები.  მის ირგვლივ ბავშვები ტრიალებენ და ისევე როგორც უწინ, თამაშობენ თავიანთ ყველაზე უფრო ცელქ  ბავშვურ თამაშს – დაჭერობანას. ფიცარნაგის გაფორმება დიდი ხუთშაბათის ადრეული გარიჟრაჟიდან იწყება: შორი მანძილიდან ამკობენ მას ბაირაღებითა და ვერცხლის ჯვრებით, მის თაღებს  ფინიკისა (ბზის, დაფნის) და მურტის რტოებით რთავენ, იატაკზე კი ძვირფას ხალიჩებს აგებენ და ამგვარად შესანიშნავ იერს აძლევენ.

შემოსასვლელი, მთავარი თაღი, შემკულია კუნძულის უმშვენიერესი გაზაფხულის ყვავილებით, მათ შორის გამოირჩევა ნარდის (ვალერიანას), „მბრწყინავის“, როგორც მას კუნძულზე უწოდებენ, იისფერი ყვავილებით მთლიანად დაფარული რტოები, რომელსაც ყველაზე თავბრუდამხვევი სურნელი აქვს.  ზევით, ფიცარნაგზე, დაწყობილია თორმეტი დასაჯდომი. ექვსი მარჯვნივ და ექვსიც მარცხნივ. მათ შუაში, შესასვლელის წინ, დგას ერთი სავარძელი იღუმენისთვის. შუა ადგილას მოთავსებულია პატარა მაგიდა, რომელზეც დევს ვერცხლის საბანელი.

ქსანთოსის მოედნის ირგვლივ აშოლტილი უსასრულო ხეები თავიანთი ხასხასა მწვანე ფოთლებით მსუბუქ, ჰაეროვანსა და დამცავ ჩრდილს ჰფენს გაზაფხულის მწველი მზის გულზე შეკრებილ ხალხს, რომელიც სრული მდუმარებითა და ამაღელვებელი, ღმრთისმოსავი განწყობით ესწრება  და თვალყურს ადევნებს ამ რელიგიურ ცერემონიას, რომელიც იმეორებს საიდუმლო სერობის ღმრთაებრივ დრამას, სადაც მოწაფეთა როლს მონასტრის მონაზონი მამები ასრულებენ.

***

დიდი ხუთშაბათი. დილის თერთმეტი საათია. მონასტერში უკვე დასრულებულია ბასილი დიდის  წირვა, სპეციალური სეფისკვერით (შესაწირავით), „მარგალიტებით“, რომელიც მთელ კუნძულზე ინახება  მოსალოდნელი განსაცდელისა თუ თუნდაც, სიკვდილის ჟამისთვის. მონასტრის მონაზვნები, იღუმენის თაოსნობით, ძველი ჩვეულებისამებრ მიემართებიან დიდი-ღმრთისმშობლის (მეგალი-პანაგიას) საყოველთაო ეკლესიაში. თითქმის ყველა სასულიერო პირი შემოსილია ერთნაირი,  ძვირფასი, მეწამული და მოოქროვილი ბიზანტიური სამოსით, რომელიც მონასტრისთვის გაღებულ ბიზანტიური ეპოქის ძღვენს წარმოადგენს და იმ დროიდან მოყოლებული დღემდე, სასწაულებრივადაა ხელუხლებლად შემონახული.

ჩვენი მონასტრის დიდი ზარები  მძიმედ და ნელა რეკენ. მთელ  კუნძულზე, მათი მძიმე ხმის გამო, ჰაერი ტკბილად ირხევა. გაზაფხულის მშვიდი ბუნების წიაღში ყოველივე ჯადოსნურია. კუნძული რელიგიურ საბურველშია  გახვეული, მეტად ღმრთაებრივი და ამაღლებული განწყობით, მთელი ამ კვირის განმავლობაში, განმარტოებით ცხოვრობს და განსაკუთრებული მადლით განიცდის უფლის სათაყვანებელ ვნებას.

დიდი ღმრთისმშობლის (მეგალი პანაგიას) ეკლესიიდან წყვილ-წყვილად დაწყობილი სასულიერო პირები, მიემართებიან ზემოთაღნიშნული მოედნისაკენ. ყოველ მათგანს იესოს თითო მოწაფის სახელი აქვს დარქმეული. მათ უკან მოჰყვება იღუმენი, რომელიც ალუბლისფერი მოსასხამითაა შემოსილი, ხელთ უპყრია, როგორც პატრიარქის ეგზარქოსს,  თავისი საეპისკოპოსო კვერთხი და ერთი პატარა მოოქრული სახარება. იღუმენი ოთხი დიაკონისაგან შემდგარი მწკრივის შუაში დგას.  ყველა მათგანი – მღვდლებიც და იღუმენიც – მონაზვნის მოსასხამებით არიან შემოსილნი, რათა  თავიანთ ხანგრძლივ მსვლელობას სერიოზულობა და მხატვრულობა შესძინონ. მათ წინ მიუძღვის უბრალო ბერი (მონაზონი), რომელსაც  უზარმაზარი ვერცხლის სასანთლე და ვერცხლის ჭურჭლით „ფერხთა საბანი წყალი“ მოაქვს. მათ შორის ყველაზე ბოლოს მოდის ეკლესიარქი, რომელსაც, ამასთან ერთად, ყოველთვის ყველაზე უფრო ტკბილი ხმა აქვს, როგორც მონასტრის პირველ მგალობელს. იგი გალობს ფსალმუნს „მოწყალე ღმერთო, შემიწყალე მე…“. მოწაფეები და მათი მასწავლებელი უკვე მივიდნენ ორი ეკვტერიდან ერთ-ერთში, წმიდა ფოტინეს ან კიდევ წმიდა გიორგის სახელობის სამრეკლოში,  გამომდინარე იქიდან, თუ რომელი მოედანი იქნა ამჯერად არჩეული ფერხთა ბანის ცერემონიის ჩასატარებლად. უპირველეს ყოვლისა, ფიცარნაგის მოპირდაპირე მხარეს, ადგილს ეკლესიარქი იკავებს, რათა ყოველი მხრიდან კარგად ჩანდეს. იგი წაიკითხავს ანალოგიურ ნაწყვეტებს ოთხივე სახარებიდან.

ოთხი დიაკონი თავიანთი დიდი საცეცხლურებით, რომლებიც შეუმჩნეველ ხმას გამოსცემენ, საკმეველს აკმევს და წყვილ-წყვილად წინ მიუძღვის  მღვდელ-მოწაფეებს ფიცარნაგისკენ, სადაც ავლენ თუ არა, ერთმანეთის თაყვანისცემის შემდეგ, თავ-თავიანთ ადგილებზე დასხდებიან, ორივე მხრიდან, გარედან და შიგნიდან, და ელიან თავიანთ რიგს, როგორც იესოს მოწაფეები. რიგში პირველნი ზებედეს ვაჟები არიან, ასე გრძელდება, სანამ თორმეტივეს ჯერი არ დადგება. უკანასკნელი რიგში არის იუდა.

უწინ იუდას როლის განსახიერება უბრალო მოქალაქეს, ერისკაცს, ევალებოდა, რათა იგი სასულიერო პირებთან დაპირისპირებული  ყოფილიყო. მას აჯილდოებდნენ ორმოცდაათი გროშითა და ხაჭოთი. თუმცა, მოგვიანებით, იუდას როლს განასახიერებდა  მონაზონი, როგორიც იყო, მაგალითად, პოლიკარპე ან ისიდორე. ბოლოს, მოდის იღუმენი და მის გვერდით მდგარ ოთხ დიაკონთან ერთად ადის ფიცარნაგზე. შუალედებში, ეკლესიარქი  ნელა გალობს მიუწვდომელ ბიზანტიურ საგალობელს, მისი ტროპარია: „მაშინ დიდებით შემოსილი მოწაფეები სერობის დროს ფერხთა ბანისას განათლდნენ“, ხოლო კატავასია კი: „სიყვარულის ძალით დაკავშირებული მოციქულები“. როგორც კი ყოველი მათგანი ფიცარნაგზე თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებს, მაშინ იწყება წმიდა საიდუმლო სერობის მთელი დრამა, ისევე როგორც ეს თავდაპირველად  იყო, მოქმედება ჯერ დიალოგის ფორმით ვითარდება, შემდეგ კი სრულდება ორი სიმბოლური სცენა.

მის პირველ ნაწილში – იგი სამ ნაწილადაა დაყოფილი – წარმოდგენებითა და ღმრთივშთაგონებული მინიშნებებით მდიდარსა და მოკლე დიალოგში სრულდება სიყვარულის დიდი მასწავლებლის ძირითადი სწავლება „იყვარებოდეთ ურთიერთარსს“. ამას მოსდევს, როგორც მეორე ნაწილი, მოწაფეთა  ფერხთა ბანა, რაც იესოს თავმდაბლობის საქმით გაცხადებულ დასტურს წარმოადგენს.  მესამე ნაწილში წარმოდგენილია უფლის ბრძოლა, რაც ზეთისხილის მთაზე მისი ლოცვითაა გამოხატული, სადაც იესო, როგორც ადამიანი, ისე გამოიცდება, იმისათვის, რომ მან ადამიანური ბუნება დასძლიოს და საბოლოოდ, ტრიუმფალურად გაიმარჯვოს, როგორც ღმერთმა!

***

ევანგელისტი, იმ ადგილიდან, რომელიც ყოველი მხრიდან კარგად ჩანს,  მელოდიურად და ნელა კითხულობს იოანეს, მათეს და მარკოზის სახარებიდან ადგილებს, იმ დიალოგებს, რომელიც იმართება მასწავლებელსა და მის მოწაფეებს შორის, თუმცა იგი, ყოველი კითხვისა და ყოველი პასუხის წინ სტერეოტიპულად  იმეორებს: „იესუ ჰრქუა მათ“ და „თქუეს მათ იესოს“. პირველად იკითხება მარკოზის სახარება: „და წარმოიყვანნა კუალად ათორმეტნი იგი და იწყო თხრობად მათა მერმისა მისთვის, რომელი შემთუევად იყო მისა“, რასაც მაშინვე მოჰყვება ოთხივე სახარებიდან იმავე დიალოგების კითხვა: იოანეს სახარება, მე-4 თავი,(10-11), მათეს სახარება, მე-20 თავი (22-29)  და მარკოზის სახარება, მე-10 თავი (32-45), რომლებშიც საუბარია იმ მერმისზე, რაც მას ელოდება, იესო თბილად ურჩევს თავის მოწაფეებს, რომ ერთმანეთის მიმართ სიყვარული ჰქონდეთ.

ამ დიალოგის შემდეგ იწყება ცერემონიის მეორე ნაწილი, მოწაფეთა ფერხთა ბანა. ევანგელისტი კითხულობს იოვანეს სახარებას: „იცოდა იესუ, რამეთუ ყოველივე მოსცა მას მამამან ხელთა მისთა, და რამეთუ ღმრთისაგან გამოვიდა და ღმრთისა მივალს, აღდგა სერობისა მისაგან და დადვა სამოსელი თვისი და მოიღო არდაგი და მოირტყა იგი. და მოიღო წყალი და შთაასხა საბანელსა მას და იწყო ბანად ფერხთა მოწაფეთა თვისთა და წარჰხოცდა  არდაგითა მით, რომელი მოერტყა“. ამ დროს იღუმენი წელზე ირტყამს ხავერდის, ალუბლისფერ, ოთხკუთხა შესამოსელს, ეგრედ წოდებულ „არდაგს“ და წყალს ვერცხლის ჭურჭლიდან საბანელაში ასხამს. მოწაფეთა ფერხთა ბანა იუდადან იწყება. ეს ცერემონია სხვა არაფერს წარმოადგენს, გარდა აიაზმის სასხურებელით მონაზვნების გაშიშვლებულ წვივებზე ყვავილების ესენციის სიმბოლურად პკურებას, რომელიც ჩვენს კუნძულზე  „ვარდის წყლის“ სახელითაა ცნობილი. ეს სცენა ცერემონიის ყველაზე მეტად შთამბეჭდავი ნაწილია პეტრეს უარყოფის სცენასთან ერთად, დაუვიწყარია ამ როლში მარად სახსოვარი მონაზონი ბაკრატაკისი. პეტრე თავდაპირველად უარზეა, რომ იესომ დაბანოს ფერხნი. მასწავლებლის დაგმობის შემდეგ კი თანახმაა „ნუ ხოლო ფერხნი, არამედ ხელნიცა და თავიცა“ დაბანოს უფალმა.

***

„მაშინ მოვიდა იესუ მათ თანა ადგილსა, რომელსა ჰრქვიან გეთსიმანია, და ჰრქუა მათ: დასხედით მანდა, ვიდრემდე მივიდე იქი და ვილოცო. და წარიყვანნა პეტრე და ორნი ძენი ზებედესნი და იწყო მწუხარებად და ურვად“,  კითხულობს ევანგელისტი. სწორედ ამ დროს, იღუმენი სამ ზემონახსენებ მოწაფესთან ერთად ჩამოდის ფიცარნაგიდან და მიემართება მოედნის ბოლოსკენ, მოწაფენი კი, იესოს ბრძანებისამებრ: „დაადგერით აქა და იღვიძებდით ჩემ თანა…“, ფიცარნაგის წინ რჩებიან და მთავარი შესასვლელის გვერდით, ბალიშებზე მუხლს იდრეკენ.

აქ, ტარდება საიდუმლო სერობის მესამე ნაწილის განსახიერება. ამ სცენიდან იწყება ნაზარეველის გამოცდა, რომლის სული სიკვდილამდე მწუხარებითაა სავსე, იმისათვის, რომ საბოლოოდ წარმოთქვას: „არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ…“. ამავე დროს გამოიცდება მოწაფეთა ერთგულება  იესოს წინაშე მისი დრამის ყველაძე უფრო ძნელ მომენტში. იღუმენი ლოცულობს მოედნის ერთ კიდეში, საითკენაც იგი გაეშურა, „ერხომენოსის“ ხატის წინ. ეს არის დიდი და უძველესი, იშვიათი ბიზანტიური ხელოვნებით დაწერილი, კანკელის ხატი, რომელიც ჩვენი მონასტრის რელიკვიას წარმოადგენს. მასზე  ზეთისხილის მთაზე მლოცველი იესოა გამოსახული.

-„მამაო ჩემო, უკუეთუ ვერ შესაძლებელ არს სასუმელი ესე თანა-წარსვლად ჩემდა…“. და კვლავ „რაითამცა არა შევსვი იგი, იყავნ ნებაი შენი“ (მათე, 26, 40-42). და კვლავ ბრუნდება ლოცვის ადგილზე. მღელვარებისა და მწუხარების გამო დანაღვლიანებულია. ამის შემდეგ, ისეო კვლავ წარმოთქვამს: „უკუეთუ შესაძლებელ არს, თანაწარმხედინ ჩემგან სასუმელი ესე“. როდესაც მეორედ დაბრუნდება, ნახავს, რომ მის მოწაფეებს „თუალნი დამძიმებულ იყვნეს“. ბრუნდება და მესამედ მიდის, რათა ილოცოს თავისი ზეციური მამის მიმართ, ახლა უკვე მტკიცედ არის, რათა შეასრულოს ის როლი, რაც მას ადამიანთა ხსნისათვის დაეკისრა, მტკიცე გადაწყვეტილებით მიუგებს თავის მოწაფეებს, რომლებიც ღრმა ძილიდან  მაშინვე გამოფხიზლდებიან, როგორც კი იესო მესამეჯერ მიუახლოვდება: „აჰა ესერა მოახლებულ არს ჟამი, და ძე კაცისაი მიეცემის ხელთა ცოდვილთასა. აღდეგით, წარვიდეთ ამიერ. აჰა ესერა მოიწია მიმცემელი ჩემი“ (მათე, 26, 44-46).

მუხლმოყრილი სამი მღვდელი ფეხზე წამოდგება. ისინი იღუმენთან ერთად კვლავ ფიცარნაგზე ადიან. სწორედ აქ სრულდება საიდუმლო სერობის სიმბოლური განსახიერება. იგუმენი თავის ადგილს იკავებს ფიცარნაგის შესასვლელთან. ხელში უჭირავს სახარება და „მაიორანის“, როგორც მას ადგილობრივი დიალექტით უხმობენ, პატარა თაიგული,  რათა ასხუროს ფერხთა ბანის ნაკურთხი წყალი ხალხს, რომელიც მის წინ გაივლის, ემთხვევა წმიდა სახარებას და ერთმანეთს დღეგრძელობას და ასევე ჩვენი მხარის მოსახლეობის დღეგრძელობას უსურვებს.

ბოლოს,  კვლავ რეკავენ გამაყრუებლად ჩვენი მონასტრის ზარები, ხოლო მონაზვნები კი, იმავე რიგით, დაუბრუნდებიან თავიანთ საუკუნოვან თავშესაფარს,  ბიზანტიურ ნაცრისფერ ციხეს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დგას, როგორც ერისა და სარწმუნოების ყველაზე უფრო დიდი შენაძენის  წმიდა კიდობანი.

ის ხალხი კი, რომელმაც ღმრთიურ მღვდელმსახურებაში მიიღო მონაწილეობა, ამაღლებული სულიერი განწყობით თავ-თავიანთ სახლებში იფანტება. შეიძლება ვინმემ თქვას მათზე, რომ მშვიდნი და შთაგონებულნი არიან, იმისათვის, რომ გააგრძელონ ვნების კვირის დანარჩენი განსაკუთრებული რელიგიური მსახურებებით  გამორჩეული დღეები, იმავე ამაღლებული განწყობილებითა და რელიგიური მღელვარებით, ყველაზე ტკბილი ბუნების წიაღში, ჩვენი პატარა სათაყვანებელი კუნძულის – პატმოსის – მშვიდ სავანეში, რომელიც ღმრთივშთაგონებულ ზმანებებს იწვევს.

თ. გ. აქსელოსი

წყარო: მირიობიბლოს

შინაარსი
სანიშნეები