მამა დიონისე კოლიცოდან, უსინათლო ბერი (2)

13 May 2013

მოძღვარო, აქ, თქვენს კელიაში ყოველდღიური ცხოვრება ისეთივეა, როგორიც უწინ იყო?

დიახ. იმის გამო, რომ მცირე ხანი ჩვენს სამშობლოში, მანგურას სკიტეში დავყავით, ვისწავლეთ ტიპიკონი. მას შემდეგ იგი არ შეგვიცვლია. დღისით ძალიან ვიღლებოდით, რადგან ძალიან ბევრს ვმუშაობდით. მიუხედავად ამისა, ღამით ვამბობდით: „ჩვენს სამშობლოში ჩვენს კანონსა და მსახურებას ვასრულებდით. აქ, ღმრთისმშობლის ბაღში კი გვეძინოს?“. და თუმცა, მთელი დღის განმავლობაში ვმუშაობდით, ღამით მაინც ვდგებოდით და ჩვენს მოვალეობებს ვასრულებდით. მას ჩვენ ისევე ვიცავთ, როგორც მონასტერში. იმისათვის, რომ გახდე მონაზონი, სხვა გზა არ არსებობს. და ეს არის ტიპიკონი. რომ შეასრულო შენი კანონი და მსახურება. სწორედ მისი მეშვეობით გვაქვს იმედი, რომ ჩვენი მიზნის მიღწევაში ღმრთიური მადლი დაგვეხმარება. ხოლო, ჩვენი მიზანი არასოდეს ყოფილა და არც ახლა არის რაიმე გარდა იმისა, რომ მოვიპოვოთ ცათა სასუფეველი. და ჩვენ ამისათვის, რაც უნდა უძლურნი ვიყოთ, ღმრთისმშობელი, რომელიც თავისი სიყვარულით მთელ ქვეყნიერებას იფარავს, დაგვეხმარება, მოგვინახულებს და არასოდეს დაგვშორდება. მაშინ, როდესაც ღმრთისმშობელთან ესოდენ ახლოს ვართ, როგორ შეიძლება, რომ მან მიგვატოვოს? თუმცა, ამას ძალისხმევა და ბრძოლა სჭირდება.

და დღეს როგორია ყოველდღიური ცხოვრება კელიაში?

ამჟამად, იმ საძმოსთან (სინოდიასთან) ერთად, რომელიც უფალმა გვიბოძა, ყოველივე ისევ ისე გვაქვს, როგორც ეს თავდაპირველად იყო და რაც ჩვენი მამებისგან გვქონდა დანატოვარი. ღამის 1:30 საათიდან 2:00 საათამდე უნდა ავდგეთ. თავდაპირველად, კელიაში ვასრულებთ ჩვენს კანონს. შემდეგ, ღამის 3:00 საათზე, ჩვენი ერთ-ერთი ძმა კანკურაზე (ხის ან მეტალის სარეკელა, რომელიც მონასტრებში გამოიყენება იმისათვის, რომ  მორწმუნეებს ტაძარში ღმრთისმსახურებაზე უხმონ) სცემს და ჩავდივართ ეკლესიაში. შაბათ-კვირასა და დღესასწაულებზე მონასტერი გვეხმარება და სამსახურებლად გვყვავს  მღვდელი, დიაკონი, ასევე სხვა მამებიც, ხუთი ახალგაზრდა და ოთხი ხანდაზმული, ესაა მთელი საძმო. მადლობა ღმერთს. კარგად, კარგად ვართ.

ძლიერ გაგვიმართლა, რომ ვატოპედის სავანის მამებს ძალიან ვუყვარვართ. კეთილნი და სამართლიანნი არიან. ჩვენ არაფერი გაგვაჩნია. გვყავს უფალი, ღმრთისმშობელი და მონასტერი. თუკი, რაიმე გვჭირდება, ისინი არიან ჩვენი სულიერი მამები. თუკი, რაიმე გასაჭირი გვაქვს, ისინი გვეხმარებიან. სხვაგან სად წავიდეთ? როდესაც რაიმე გვიჭირს, სად გავიქცეთ? მონასტერში. ჩვენი მამები არიან და გვეხმარებიან. სიმართლე ვთქვათ, რაც კი გვჭირდება, გვეხმარებიან. უფალი, რა თქმა უნდა, ბოლო წლების განმავლობაში, ჩემი თვალების საშუალებით მცდის. სრულიად ვერაფერს ვხედავ. გლაუკომის შედეგად დავბრმავდი. რაც დრო გადის, სხეულით მით უფრო მეტად ვუძლურდები. მადლობა ღმერთს. დიდება უფალს.

pater Simon kai Papa Dionisios

ახლა, როდესაც ამ ასაკში იმყოფებით და ხართ უსინათლო, როგორ ახერხებთ თქვენი სულიერი მოვალეობების, თქვენი კანონის შესრულებას?

მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით ძალიან კარგად.

მოძღვარო, ჩადიხართ ეკლესიაში ღმრთისმსახურებისთვის?

რა თქმა უნდა. დღემდე არასოდეს გამიცდენია. ღმერთი მაძლევს ძალას და ჯერჯერობით ეკლესიას არ მოვკლებულვარ. მადლობა უფალს.

შეიძლება ვინმემ ივარაუდოს, რომ ამ წლების განმავლობაში, რაც აქ გაატარეთ, გამოიარეთ კარგი, თუმცა, ასევე რთული წამები. ეს იყო სულიერი ბრძოლა, თუმცა ასევე ბრძოლა გადარჩენისთვის. როგორ აფსებთ დღევანდლამდე თქვენ მიერ განვლილ ცხოვრებას?

სულიერად კარგად, სასიამოვნოდ განვვლეთ დრო. გვყავდნენ ძველი სულიერი მოძღვრები, რომლებიც მუდამ ჭეშმარიტ გზას გვირჩევდნენ. და ჩვენც, როგორც თავად გერონდა (ბერი, სატარეც) გვეუბნებოდა, გვწამდა, რომ მისი პირით თვით უფალი გვესაუბრებოდა. გამონაკლისის გარეშე ვმორჩილებდით და დროც კარგად გადიოდა. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, გვქონდა, როგორც კარგი, ისე ცუდი წამები. ხან პარტიზანებთან დაკავშირებით, ხანაც – გერმანელებთან. მაშინ მეტად გვიჭირდა, პური არ გვქონდა, რომ გვეჭამა. მახსოვს, ერთმა მოხუცმა ორი ლირა მოგვცა და რადგან საერთოდ არ გვქონდა პური, ივერთა მონასტრის ერთ სენაკში მივედით, სადაც ერთი ოქროს ლირით ათი ოყა (წონის ერთეული, რომელიც1280 გრამს უდრის) სიმინდი ვიყიდეთ. აი, ასეთი გაჭირვება იყო. გარეთ მრავალი ადამიანი შიმშილით კვდებოდა. ერთხელ გერმანელთა მიერ ოკუპირებულ თესალონიკში მომიხდა გავლა. იქ, ერთი ბავშვი პურს თხოულობდა. ხალხი, დახმარების მიზნით, მის ირგვლივ გერმანულ მარკებს ყრიდა. თუმცა, პური არსად იყო. სანამ ნავებით პური მოიტანეს, საბრალო გარდაიცვალა. ძალიან, ძალიან დავმწუხრდი! როგორც ამბობენ, ბევრი ადამიანი გამოესალმა სიცოცხლეს. მაგრამ ათონის წმიდა მთას ღმრთისმშობელი იცავდა. ხან ბალახ-ბულახით, ხანაც სხვა რამეთი ვიკვებებოდით, არავინ გარდაცვლილა შიმშილით. თუმცა, რთული იყო, ძალიან რთული. მაგრამ ღმრთისმშობელი გვეხმარებოდა და კვლავაც გვეხმარება.

ამ რთულ წლებში, რომლებიც გამოიარეთ, რაღაც მომენტებში თუ გიფიქრიათ  თქვენს სამშობლოზე?

ხედავ, რამდენმა წელმა განვლო და ხშირად ვიხსენებ, თუ როგორ მოვედით, რას ვაკეთებდით. ყოველთვის უფალს მადლობას ვწირავდით. იმ წუთებშიც კი, როცა ძალიან გვიჭირდა, როცა არაფერი გაგვაჩნდა, კვლავ მადლიერნი ვიყავით და ვადიდებდით უფალს. არასოდეს გვითქვამს: „ოხ, ეს რა გავაკეთეთ, რომ წამოვედით ჩვენი სამშობლოდან“. რადგან იმ წლებში რუმინეთი ძალიან კარგად იყო, ძალიან, ძალიან კარგად. ახლა ყოველ წელს უფრო და უფრო ცუდადაა საქმე. საჭმელიც კი არა აქვთ, ხალხი უცხოეთში მიდის, რადგან თავიანთ ქვეყანაში ვერ ახერხებს ცხოვრებას. ეჰ, რას იზამ…

მრავალი მომლოცველი სტუმრობს ათონის წმიდა მთას, ისინი აქ, თქვენთანაც მოდიან. როგორ გგონიათ, რა იზიდავმათ ამ შორეულ სკიტში? რა არის მათი წუხილი და  თქვენამდე რა შეტყობინებები მოაქვთ  სამყაროდან?

იცი, იმის გამო, რომ ბოლო ჟამის ეპოქაში ვცხოვრობთ, ხალხი შეშფოთებული და მწყურვალია, ხალხს ჭეშმარიტების, ქრისტეს ჭეშმარიტების წყურვილი ახრჩობს. ვხედავთ, რომ კაცობრიობა კარგად ვერ ვითარდება. კაცობრიობამ დაღმართისკენ მიმავალი გზა აირჩია. ქვეყნების მმართველები მაშინ, როდესაც მათ ღმრთიური სიცოცხლის მაგალითად ყოფნა ჰმართებთ, მრავალ არასწორ ქმედებას სჩადიან და რადგან ყველა ჩვენგანს, ვინც კი ქრისტიანია, თავის თავში ნათლობის შედეგად მიღებული ღმრთიური მადლი აქვს, ხოლო ქრისტეს ხორცი და სისხლი კი – ან ახლა, ან უწინ ზიარების შედეგად, მას საკუთარი სინდისი მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევს, როდესაც ხედავს, რომ კაცობრიობა დაღმა მიემართება. ასევე სწყურია ყოველივე სულიერი. სწორედ ამის გამო მოდიან ათონის მთაზე, რათა ყური დაუგდონ საუბარს. როგორ მოიქცნენ. აცნობიერებენ, რომ ვკვდებით, მომავალი კი მარადიულია ან ჯოჯოხეთში დავიტანჯებით, ან გადავრჩებით, და კითხულობენ: „როგორ გადავირჩინოთ თავი იმ საზოგადოების წიაღში, რომელშიც ვცხოვრობთ?“.

მოძღვარო, როგორ უყურებთ მართლმადიდებლობის კურსს და სამსახურს თანამედროვე სამყაროში, იმის გათვალისწინებით, რომ დღეს მას სხვადასხვა საშუალებით თავს ესხმიან, ხოლო მისი აშკარა თუ ფარული მტრები კი მრავლდებიან. თქვენი აზრით, როგორ უნდა იცხოვრო მართლმადიდებელმა ქრისტიანმა მესამე ათასწლეულში, რომელი სულიერი იარაღითა და საშუალებებით?

როგორც წმიდა წერილი გვაუწყებს, მართლმადიდებლობის მტრები გამრავლდნენ. ვცხოვრობთ ბოლო ჟამის ეპოქაში. ანტიქრისტეს „მოციქულებს“ სურთ მისი გზა ისეთი „სუფთა“ გახადონ, როგორიც მათ სურთ. მაგრამ, როგორც  ჩვენი ეკლესიის მამები ამბობენ, რამდენ ხანსაც მართლმადიდებლობა თავის სიმაღლეზე იქნება, იმდენ ხანს ისინი ჩვენ დამარცხებას ვერ მოახერხებენ. მათ სურთ დააჩოქონ მართლმადიდებლობა, რათა მოამზადონ  „საძაგელი იგი მოოხრებისაის“ (მათე, 24.15) მეფობა. სანამ მართლმადიდებლობა გვაძლევს თავის ჯვრებს (რომლებსაც ნათლიები ნათლობისას გასცემენ), მანამ საწინააღმდეგო ძალები, ქრისტეს მტრები, ვერანაირი ხერხით ვერ მოახერხებენ გამარჯვებას. ამის გამო, მართლმადიდებლობის მტრები სხვადასხვა საშუალებით ცდილობენ ჩვენ გატეხვასა და ნაწილებად დაშლას. უფალმა ღირსნი გაგვხადა იმისა, რომ ჩვენი ხსნისათვის, ღმრთის სასუფევლის მოპოვებისთვის ჭეშმარიტი გზა შეგვეცნო, სწორედ ამიტომ ვალდებულნი ვართ არ მივიღოთ მათი ბრძანებები, რადგან კარგად ვიცით, რომ ისინი არა ჩვენი სარგებლობისთვის, არამედ ჩვენი განადგურებისთვის არიან. თუმცა, მოთმინება და კეთილგონიერება გვმართებს. ნუ ვიტყვით: არ გეზარება ეს ან არ გეზარება ის? მაშინ არა ქრიასტიანები, არამედ ცრუ ქრისტიანები ვყოფილვართ. შევევედროთ უფალს, რომ გაგვანათოს, რათა მთელ სამყაროს ვაჩვენოთ, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ. სწორედ ეს არის ის მიმართულება, რომელიც წმიდა მოციქულებმა და წმიდა მამებმა აკურთხეს, იმედი გვაქვს, რომ ჩვენც მას ვადგავართ და ბოლომდე მივყვებით. თუმცა, მოთმინება სჭირდება. რადგან  სარწმუნოების ათასობით გმირმა დაადასტურა უფლის ჭეშმარიტი გზა, ჩვენც მათგან ვიღებთ მაგალითს და მოთმინებას ვიჩენთ. როდესაც ვიჩოქებით, მეტანიებს ვასრულებთ და უფლისადმი ჩვენს ლოცვას არ ვწყვეტთ, შეუძლებელია, რომ არ გვეხმარებოდეს. უფალი ყოველ ჩვენგანზე ზრუნავს. იგი ჩვენ ხსნაზე უფრო მეტად ზრუნავს, ვიდრე – თავად ჩვენ. ჩვენ კი, ხშირ შემთხვევაში, დაბნელებულნი ვართ. ჩვენ უწმინდურ სულს შეცდომაში შევყავართ და ჩვენში (სულში) ბოროტი ავადმყოფობები გვიჩნდება. ამიტომ, ხშირად გვავიწყდება, რომ უფლისაკენ გადავდგათ ნაბიჯი, რომელიც ყოველ წუთსა და წამს გვიხმობს. და გვეუბნება: „მოდით, მოდით ჩემთან. რაც უნდა დაღლილი იყოთ, რაც უნდა შორს იყოთ ჩემგან, მაინც აქ იპოვით ხსნასა და შვებას“. ვიზრუნოთ ჩვენს ხსნაზე და დაე, უფალი იყოს ჩვენი მეოხი.

შეგიძლიათ მოგვითხროთ ისეთ შემთხვევებზე, როდესაც აქ, მთაწმიდაზე ცხოვრებისას გიგრძვნიათ  ღმრთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობა და უფლის შემწეობა?

აქ, ღმრთისმშობლის ბაღში, ჩვენი ცხოვრების ყოველ წამს გვაქვს წმინდა ქალწულის შემწეობა. მე ოთხჯერ დავეცი. ერთხელ, ექიმი, რომ მოვიდა, ასე თქვა: „შეუძლებელია, ჯერ კიდევ ცოცხალია?“. სხვა დროს, კაფსალადან ნივთები გადაგვქონდა ხუთი ვირით ერთ მაღალ აღმართზე. უეცრად ხაფანგში ჩავვარდი. არ ვიცი, როგორ მოხდა ეს. საბედნიეროდ, ფეხსაცმელი მეცვა. უფალმა მაკურთხა და ხაფანგი არ გაიხსნა, არ მუშაობდა. რომ გახსნილიყო, ფეხს მომაჭრიდა. განა, ეს არ იყო უფლის დახმარება? ეს ღმრთისმშობლისა და წმიდა გიორგის სასწაული იყო. სხვა მრავალი სასწაული მაქვს ნანახი, რაც მხოლოდ ღმრთისმშობელს შეუძლია მოახდინოს.

  [ *  შენიშვნა:
სიტყვა ბერი ბერძნულ ენაში მოხსენიებული არის როგორც  ”ღერონდას” γέροντας რაც  შემდეგს ნიშნავს   – ο γέροντας – იგივეა რაც ბერიстарец, 1) სასულიერო პირებისადმი მიმართვის ზრდილობიანი ფორმა; 2) გამოცდილიჩვეულებრივ ასაკოვანი მონაზონი; 3) სხვა მონაზვნის ან მონაზვნური საძმოს უფროსიღვაწლმოსილი  მოძღვარი]. 

შინაარსი
სანიშნეები