მამა დიონისე კოლიცოდან, უსინათლო ბერი (3)

21 May 2013

იმ წლების განმავლობაში, რაც მთაწმიდაზე იმყოფებით, გაიცანით უამრავი კურთხეული ადამიანი. დღეს რა მიგაჩნიათ სულიერი ცხოვრების საფუძვლად, მაშინ, როდესაც ცოდვა ყველგან იჩენს თავს, ადამიანებს თავგზას უბნევს და ჩიხში შეჰყავს? რას უნდა მიაქციოს ყურადღება ადამიანმა, რომელსაც სურს სულიერი ცხოვრება განვლოს და ღმერთთან ახლოს იყოს?

რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები არსებობდნენ ჩემს ცხოვრებაში, საშუალება მქონდა გამეცნო მრავალი წმიდა მამა. მაგრამ, ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ რაც უნდა სიმაღლეს მიაღწიო, ეშმაკი მუდამ შენი სიამაყით გებრძვის. და თუკი, იტყვი: „რაღაცას წარმოვადგენ“, სწორედ იმ წამს, სულიერად ეცემი. უკეთესია, ერთი თავმდაბალი და ცოდვილი ადამიანი იყო, ვიდრე „წმიდანი“, რომელსაც, თითქოსდა, ყოველივე წესრიგში აქვს, მაგრამ ამაყია. რადგან, მისთვის ყოველ წამს არსებობს სულიერად დაცემის საფრთხე, რასაც შემდგომ, ძალიან ძნელად თუ მოინანიებს. ხოლო, ცოდვილსა და თავმდაბალ ადამიანს კი ნებისმიერ დროს შეუძლია თავისი ცოდვების მონანიება. ათასზე უფრო მეტი მაგალითი გვაქვს, როდესაც ცოდვილი ადამიანები წმიდანებად იქცნენ. ამიტომ, რაც უნდა დიდ სიმაღლეს მივაღწიოთ სულიერ ცხოვრებაში, უნდა ვეცადოთ, რომ ყოველთვის თავმდაბალნი ვიყოთ. თუკი თავმდაბლობა არ გაგვაჩნია, მაშინ, ყოველივე ძალიან რთულდება. ვერ შევძლებთ ზეციური საზვერეების გავლას, რომელიც ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა გაიაროს. წმიდა მამები წერდნენ, რომ ყოველი საზვერეს გავლისას დემონები წმიდა ანტონს ასე ეუბნებოდნენ: „შენ ჩვენ დაგვამარცხე, ანტონ, ჩვენ დაგვამარცხე“, ხოლო წმიდანი კი ამგვარად მიუგებდა მათ: „ჯერ კიდევ არა, ჯერ კიდევ არა“. და ყოველ საზვერეზე ასე მეორდებოდა. დემონებს ხომ იმის ძალა ჰქონდათ, რომ იგი სიამაყის საშუალებით ზეციდანაც კი ქვევით ჩამოეგდოთ. ხედავ? სწორედ ამის გამო, წმიდა მამების გადმოცემის თანახმად, წმიდა ანტონმა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავის ზეციურ მამასთან მიაღწია, შემობრუნდა და ეშმაკებს უთხრა: „ახლა კი, უფლის დახმარებით, დაგამარცხეთ“. სიამაყე ყველაზე უფრო საშინელი ცოდვაა. რაც უნდა წინ წასული იყო სულიერებაში, თუკი, შეცდები და ამას იტყვი: „მე რაღაცას მივაღწიე და ისეთი არ ვარ, როგორც სხვები“, სწორედ მაშინ დაეცემი. ტყუილად ირჯები და ხარჯავ ძალას. თუკი კეთილი საქმეები არ ემყარება თავმდაბლობის საძირკველს, მაშინ სულიერ ცხოვრებაში ვერანაირად ვერ შევძლებთ წინ წასვლას.

და როგორ უნდა მოიპოვოს ადამიანმა თავმდაბლობის სათნოება?

ადამიანი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მის ყოველ ქმედებას თავმდაბლობა სჭირდება. ადამიანმა, რაც არ უნდა გააკეთოს და რაც არ უნდა შესთხოვოს ჩვენს უფალს, თუკი, თავმდაბლობით არ ითხოვს, ღმერთი მას არაფერს მისცემს. იგი ვერ შეძლებს უფალთან მიახლოებასა და მასთან გაერთიანებას. გულით უნდა შეიცნო, რომ უღირსი ხარ და არა მხოლოდ სიტყვებით. საკუთარი გულის სიღრმეში უნდა თქვა, რომ უღირსი ვარ. თქვა და ამისი გწამდეს…

Geron dionisios tiflos 02

მოძღვარო, დღეს, ქვეყნად არსებობენ კურთხეული ოჯახები, თუმცა, ასევე არსებობენ ისეთი ოჯახებიც, რომელთაც უამრავი სერიოზული პრობლემა აქვთ შინ თუ გარეთ. როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები ბავშვებთან დამოკიდებულებაში და როგორი პოზიცია უნდა დაიკავონ მათ?

ამისათვის აუცილებელია შეეცადონ და არ დაშორდნენ ეკლესიის რჩევებს. არ თქვან ასე: „ნეტავი ერთი, დაე, იჯდეს ბავშვი ტელევიზორთან. ჯერ კიდევ პატარაა“. ხედავ, ტელევიზორი ეშმაკის ერთ-ერთი ხაფანგთაგანია, რათა კაცთა მოდგმა პატარაობიდანვე გარყვნას. მშობლები ასე ამბობენ: „ნეტავი ერთი, დაანებე თავი, დაე, უყუროს“. თუმცა, რას ხედავს იქ ბავშვი. ამა ქვეყნის მმართველები ჭეშმარიტი ქრისტიანები რომ ყოფილიყვნენ, შეეძლოთ ეჩვენებინათ კარგი საქმეები, ზნეობრივი მაგალითები, რათა, ასე ვთქვათ, ქვეყნიერებისთვის სარგებელი მოეტანათ. თუმცა, როგორც ჩანს, ძლიერთა ამა ქვეყნისათა სურთ, რომ ჩვენ გაგვრყვნან, ჯერ კიდევ ბავშვობიდანვე დაღუპონ კაცთა მოდგმა, აჩვენებენ რა ბავშვებს ამორალურ სცენებს და პატარების უცოდველ გულებში ბოროტებას თესენ, ნაცვლად იმისა, რომ სიკეთე დათესონ და მათ კარგი მაგალითები მისცენ. ჩვენს დროში, ძნელია, შეხვდე ისეთ ადამიანს, ვინც ეკლესიაში დადის. ეკლესიის მსახურნი, როგორც მღვდლები ისე დიაკვნებიც უმწიკვლობის მაგალითს უნდა წარმოადგენდნენ. მაგრამ, განა როგორ იქნები შენ უმწიკვლო, თუკი, პატარაობიდანვე ცუდ სცენებს უყურებ? დიდი ძალისხმევა გვმართებს. რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ ვიხსნათ თავი (ან როგორ გადავირჩინოთ სული) ძალიან ადვილია, ძალიან ადვილი. მაგრამ ჩვენ ხომ ჩვენ თავში ვატარებთ ცუდ ვნებებს, რომლებიც ძლიერდება, როგორც ამქვეყნიური ყოფით, ისე ტელევიზორით. სწორედ ისინი გვიშლიან ხელს, რათა ღმრთის გზა შევიცნოთ და მას გავყვეთ. დაე, ვეცადოთ… თქვენ მშობლებო, ვალდებულნი ხართ ახლავე, როდესაც თქვენი შვილები ჯერ კიდევ პატარები არიან, დაიწყოთ ზრუნვა მათი სულიერი ცხოვრების მომავალზე. იმისათვის, რომ შეუდგნენ ხსნის გზას, მართლმადიდებლობა და ეკლესიის რჩევა-დარიგებანი უნდა შეიყვარონ. ნუ მისცემთ ნებას, რომ ცუდ მაგალითებს უყურონ ტელევიზორში. რადგან ბავშვი ყოველივე იმას, რასაც პატარაობაში ხედავს, გულში იბეჭდავს და მას არასოდეს ივიწყებს. აი, რა არის ცუდი. ძალისხმევას ნუ დაიშურებთ და მომავალში უფალი უხვად მოგანიჭებთ წყალობას. და მაშინ, როდესაც უფალი თავისთან გვიხმობს ანუ, როდესაც ჩვენს ზეციურ მამასთან აღმოვჩნდებით, შეგეძლებათ თქვათ: „აჰა, მე და ეს ბავშვები, უფალმა რომ მომცა„ (ესაია წინასწარმეტყველი, 8.18). ხედავ? თუმცა, ეს მაშინ, თუკი კარგი ბავშვები იქნებიან. ხოლო, თუკი, ამას ამბობ: „ნეტავი ერთი, რატომ უნდა წავიდე ეკლესიაში, მღვდელმა რაც უნდა ის თქვას“… ხოლო, მაშინ კი, როდესაც ცდილობ, რომ ბავშვს პატარაობიდანვე ასწავლო, უფლისგან წყალობას მიიღებ. რა თქმა უნდა, რთულია. ბავშვები ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე არასწორ გარემოცვაში, ისე, რომ ამას თავად ვერც კი აცნობიერებენ. საჭიროა მოთმინება. მოდით, ვეცადოთ, რადგან ჩვენთვის ცნობილია, თუ როგორ უნდა ვიაროთ. როდესაც არ იცი, ეს უკვე სხვაა. მაგრამ, ჩვენთვის მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ჭეშმარიტი გზა ცნობილია, ჩვენ ხომ ყველანაირი სიკეთე გვაქვს მონიჭებული.

მოძღვარო, როგორია თქვენი მოსაზრება საღმრთო მსახურებაში ბიზანტიური გალობის შესახებ?

ბიზანტიური გალობა ჭეშმარიტად სულიერმა მამამ, მამა იაკობმა მასწავლა. თავად მისი მასწავლებელი კი საყოველთაოდ ცნობილი ბერი – ნექტარიოს ვლახოსი ყოფილა. საეკლესიო მელოდია ეს ანგელოზთა გალობაა. ხედავთ, რომ მრავალი წმიდანნი დიდებით იქნენ შემოსილნი უფლის მიერ, თუმცა, მხოლოდ მეფსალმუნენი აკურთხა ღმრთისმშობელმა და მათ თითო-თითო მონეტა უბოძა, როგორც ეს არის აღწერილი წმიდა იოანე კუკუზელისა და წმიდა გრიგოლ დომესტიკის ცხოვრებაში. ზეცაში კი ანგელოზები გალობენ. მართლმადიდებლები და მთელი ქრისტიანები ღმრთის სადიდებლად გალობენ. და ეს უფალსაც სურს. რადგან გალობამ, ხედავ, თუკი, მნიშვნელობას ანიჭებ სიტყვებს, როდესაც მას მეფსალმუნე ისე გალობს, როგორც ეს დაწერილია, არ შეიძლება არ აამოს შენს გულს და ზე არ აღმართოს შენი გონება უფლისაკენ. რუმინეთშიც, მაშინ, როდესაც ის დავტოვე, 1926 წელს, ყოველ მონასტერში ბიზანტიურ საგალობლებს გალობდნენ. ახლა, როგორც გაგონილი მაქვს, ვითარება შეცვლილია. მრავალხმოვანმა გუნდებმა იწყეს გამოჩენა. თუმცა, ზოგიერთ მონასტერში კვლავ ბიზანტიური საგალობლები სრულდება.

ეშმაკი ჩვენში ათასობით ბოროტ ვნებას თესავს. როგორც ადამიანი თესავს მარცვალს, ისე თესავს იგი ჩვენს გულებსა და გონებაში თავის ბოროტებებს. და თუკი, ამ მარცვალს მივიღებთ, მაშინ ის იზრდება და თუკი, გაიზრდება, მაშინ, ჩვენდა სამწუხაროდ, ფესვებსაც გაიდგამს. ძნელია მისი აღმოფხვრა. და ეს ყველა ვნებას შეეხება.

შინაარსი
სანიშნეები