Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
სულიერი ბრძოლა და მოთმინება | PEMPTOUSIA

სულიერი ბრძოლა და მოთმინება

28 June 2013

[ძვირფასო მკითხველო, ქვემოთ წარმოდგენილი საუბარი შედგა კვიპროსში, ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასეს მიერ, მსმენელები ძირითადად არიან სტუდენტები და მართლმადიდებლური სულისკვეთებით განმსჭვალული ახალგაზრდები. ჩაწერილია აუდიო ფორმატში, მოხდა მისი თარგმნა და შესაბამისი ბეჭდური ტექსტის სახით წარმოდგენა. მიმდინარეობს კითხვა-პასუხის რეჟიმში, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობასთან დასმული კითხვები ძირითადად არ ისმის და შენდობას გთხოვთ ამისთვის, პასუხები არის საკმაოდ საინტერესო და შესაბამისად გთავაზობთ მოცემული სახით.  ესეთი შეხვედრები იმართება გარკვეული პერიოდულობით, შევეცდებით შემოგთავაზოთ სხვა შეხვედრის თარგმანიც.]

ქრისტე აღდგა მკუდრეთით სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მომნიჭებელი.

ქრისტე აღდგა!

დღეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა, რადგან სწავლა წყდება უნივერსიტეტებში და იწყება გამოცდები. ამიტომ გადავწყვიტე დღეს თავისუფალი შეხვედრა გვქონდეს, რათა არ მოგაწყინოთ თავი ჩემი მოსაზრებებით. თუკი, გაქვთ რაიმე საკითხი, რაზეც გსურთ ვისაუბროთ, ან იმ თემებზე, რაზეც უკვე გვქონდა საუბარი, ოჯახურ ატმოსფეროში ვიმსჯელოთ.

კითხვა: რატომ არის რომ ადამიანი ავადმყოფობს, იმიტომ რომ ცოდვილია, იმიტომ რომ წინაპარმა შესცოდა, იქნებ მცირედ განგვიმარტოთ?

პასუხი: მადლობთ კითხვისთვის. მართლაც ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი თემაა. ფაქტია, რომ ქრისტემ უთხრა პარალიზებულ ადამიანს, წადი სახლში ან დაწექი შენს ლოგინში და მეტი აღარ შესცოდო? რა არის ჩვენი ავადმყოფობის მიზეზი, ზოგადად, ჩვენი სიძნელეების მიზეზი. ადამიანი იმის გამოა ავად, რომ ცოდვილია?! და ჩვენ კი იმიტომ ვართ კარგად, რომ პატიოსანნი და მაღალი ზნეობის მქონენი ვართ?! რა არის სინამდვილე. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი, რომელიც სიკვდილსა და სნეულებებს არ ემორჩილებოდა. სიკვდილის, ხრწნისა და სნეულების ფენომენი, არის ის მოვლენა, რაც ჩვენს ცხოვრებაში ადამიანის დაცემის შემდეგ შემოვიდა. ეს არის ჩვენი დაცემის შედეგი. ამ თვალთახედვით, დიახ, ადამიანი არის სიკვდილისა და სნეულების მიზეზი, მაგრამ ადამიანი ზოგადად, და არა ყოველი ჩვენგანი ცალ-ცალკე. ადამიანის მიერ აღთქმის დარღვევამ და ღმრთის ნება-სურვილის უგულებელყოფამ მოიტანა ავადმყოფობა და სიკვდილი, როგორც ადამიანის ღმრთისგან დაშორებისა და უფლის ხატის დამხობის შედეგი. აქედან მოყოლებული, ადამიანი აღარ არის ბუნების მეფე. სიკვდილი და სნეულება ჩვენს ცხოვრებაში შემოვიდა, მათთან ერთად კი – ყოველივე ცუდი, რაც დღეს გვაქვს. ყველა ეს მოვლენა დაცემის შედეგად გაჩნდა. ღმერთი არ არის ჩვენი სირთულეების მიზეზი. ყოველივე ეს დაცემის თანამდევი ბუნებრივი მოვლენებია. ავადმყოფობა ბუნებრივი მოვლენაა, რაც ყოველ ადამიანზე ვრცელდება, ცოდვილსა თუ უცოდველზე, პატიოსანსა თუ უწესოზე. ყოველი ჩვენგანი ჩვენი ხრწნისაკენ მივაბიჯებთ. რაც უნდა მოვიმოქმედოთ, მაინც არ არსებობს ისეთი შემთხვევა, რომ ამქვეყნიურ ცხოვრებაში უკვდავნი დავრჩეთ.

თუმცა, უფალი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ეს უარყოფითი მოვლენები – ხრწნა და სიკვდილი, სასარგებლოდ გამოვიყენოთ, იმისათვის, რომ ჩვენს სულზე ვიზრუნოთ. სნეულება არ არის კარგი, ეს არ არის ის, რაც ჩვენ მოგვწონს, სიამოვნებას გვანიჭებს, არამედ გვტანჯავს და გვაწვალებს, თუმცა, თუ ავადმყოფობას ჩვენი სულის სასარგებლოდ გამოვიყენებთ, მას სახეს შევუცვლით, ლოცვით, მეტანიებით და მოთმინებით სულიერ წვრთნად გარდავქმნით, მაშინ იგი, რეალურად, ჩვენთვის  წყალობად იქცევა.

არ ვამბობ, რომ სნეულება ვინმესთვის კარგია, ვამბობ იმას, რომ ღმერთს ძალუძს ცუდი კარგად გარდაქმნას, თუკი ჩვენ სწორად მივუდგებით ამა თუ იმ მოვლენას და მას ჩვენი სულის საცხონებლად გამოვიყენებთ, როგორც, მაგალითად, სიკვდილს. მოწამეები ფიქრობდნენ, რადგან მაინც უნდა მოვკვდეთ, დაე, მოვკვდეთ ქრისტესთვის. ამ შემთხვევაში სიკვდილი ჩვენი ნეტარების მიზეზადაა გამოყენებული. თუკი, ახლა არ ვეწამებით, ოცი წლის შემდეგ მაინც მოვკვდებით. რადგან ეს გარდაუვალია, მაშინ სიკვდილს დიდსულოვნებით გამოვიყენებთ და მოწამეობრივ გვირგვინს მოვიპოვებთ. მაშასადამე, წმიდანები რთულ, უარყოფით და ხრწნად მოვლენებს, რაც კი ჩვენს ყოფაში არსებობს, თავიანთი სულის სასარგებლოდ იყენებდნენ მათ მიმართ სწორი მიდგომის გზით.

არსებობს სერიოზული მკვლევრების სხვა ინტერპრეტაციაც. საქმე ეხება ეკლესიის გადმოცემას, რომ ეს პარალიზებული (საუბარია სახარებაში ნახსენებ პარალიზებულზე), რომელიც 38 წლის განმავლობაში იტანჯებოდა თავისი ავადმყოფობით, არის ის, ვინც ჰნერწყვიდა  ქრისტეს სასამართლოში. გახსოვთ, როდესაც ქრისტე პილატეს წინ იმყოფებოდა, სადაც მას კითხვებს უსვამდნენ, იქ, ერთმა მონამ უფალს გაარტყა სახეში და უთხრა: – ხელი არ აგებს პასუხს? რაც სახარებაშია აღწერილი. მაშასადამე, ეკლესიის გადმოცემა ამბობს, რომ ის, ვინც ქრისტეს გაარტყა სახეში არის ის პარალიზებული, რომელიც მაცხოვარმა განკურნა. სწორედ ამის გამო უთხრა მას ქრისტემ: – ყურადღებით იყავი, რათა ცოდვები არ ჩაიდინო ანუ იგი გააფრთხილა, რომ უარესი არ დაგემართოსო. ეს არის ერთი ძალიან ძველი გადმოცემის მიხედვით, რომელიც სახარებაში არ არის აღწერილი, თუმცა, იგი გვხვდება ჩვენი ეკლესიის მკვლევართა გადმოცემებში. და თუნდაც ეს ასე არ ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ მეტად დამაჯერებლად ჩანს, თვითონ ცოდვა არსებითად ჩვენი სულის ავადმყოფობაა. როდესაც სხეულით ხარ ავად, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ავადმყოფი ადამიანი ეწინააღმდეგება თავის სენს და ღმრთის წინაშე დიდი იმედი აქვს, რადგან ის ამქვეყნიურ ცხოვრებაში დაჩაგრულია. ხოლო ვინაიდან ის ამქვეყნიურ ცხოვრებაში დაჩაგრულია, თავის სირთულეს ლოცვით, მოთმინებით და ღმრთის დიდებით ეწინააღმდეგება, მას ეს ჩაგვრა საუკუნოვანი სამართლიანობის იმედს აძლევს. მისი დროებით ტანჯვა, ამქვეყნიური მცირე ტანჯვა, რაც დროებითია, შეიცვლება ისეთი ნეტარებით, რომ ეს ტანჯვა არაფერია მის წინაშე.

ადამიანი, ვინც ამ ცხოვრებაში უსამართლობას აწყდება,  წვალობს, მრავალი ცხოვრებისეული თავგადასავალი გადახდენია, თუმცა, მათ სწორად უმკლავდება, საბოლოოდ დიდებას მოიპოვებს. ყოველივე ეს ნიშნავს, რომ ღმერთი არ არის ჩვენი ცუდად ყოფნის მიზეზი, ღმერთს ადამიანში არ შეუქმნია ცუდი, არამედ ადამიანმა თავისი დაცემის შედეგად დაუშვა თავის თავზე ბოროტება.

ახლა რას ნიშნავს და ვისზეა ნათქვამი შემდეგი: მშობლების ცოდვების გამო გზააბნეული შვილი. ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ მე პასუხს ვაგებ ჩემი მშობლების ცოდვებზე, ხოლო ჩემი ცოდვები კი ჩემს შვილებს მოეკითხებათ. არა. ყოველი ადამიანი ღმერთთან პასუხს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე აგებს. თუმცა, ფაქტია, რომ ჩვენ ვატარებთ მემკვიდრეობას, რომელიც ჩვენი სურვილის გარეშე გადმოგვეცემა. ჩვენში რეალურად არსებობს გარკვეული წინასწარგანწყობა, რომელიც ზოგჯერ ჩვენში კარგ პირობებს ქმნის, ზოგჯერ კი – უარყოფითს. მაგალითად, დავუშვათ, რომ მშობლები შეუწყალებელნი იყვნენ, ანდა – ბრაზიანები, არსებობს იმის ალბათობა, რომ მათი შვილებიც ამგვარი თვისებებით იქნებიან აღჭურვილნი. რა თქმა უნდა, ეს არ განსაზღვრავს ადამიანის თავისუფლებას და მის მცდელობას, რომ დაამარცხოს ცდუნება და ცოდვა, თუმცა ფაქტია, რომ მას ბრძოლის ველი ელოდება.

მემკვიდრეობა, რაც თანამედროვე მეცნიერებამაც დაადასტურა, თუმცა, ამას საკუთარი გამოცდილებითაც ვხედავთ, რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი ადამიანისათვის, ჩვენი პიროვნებისთვის. სწორედ ამის გამო, თუმცა არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ცოდვები ჩვენს შვილებს გადაეცემათ, მაგრამ ჩვენ მაინც დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რათა ჩვენს შვილებს მემკვიდრეობით რაც შეიძლება კარგი თვისებები გადავცეთ.

აქ, შეიძლება დავინახოთ ისიც, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ეკლესია ადამიანის აღზრდას ჯერ კიდევ მშობლების მუცლად ყოფნისას ანუ იმ დროიდან, როცა არა თავად ბავშვი, არამედ მისი მშობლები ემბრიონები არიან. მოსიყვარულე მშობლების მიერ, კეთილგანწყობილ პირობებში ბავშვს მემკვიდრეობით გადაეცემა სათნო განწყობა, სათნო თესლი, რომელიც თავად ამ ადამიანის დახმარებითა და თანამონაწილეობით გამრავლდება და სიკეთეს გამოიღებს და პირიქით. ამას ყოველი ჩვენთაგანი ხედავს და თუკი ცალ-ცალკე გავაანალიზებთ მას, ჩვენს თავში აღმოვაჩენთ  ჩვენი დედის, ბებიის, ბაბუის, მამის თვისებებს. თუმცა, ხშირად ამბობენ, რაც კი კარგი თვისება აქვს ჩემს შვილს ჩემგანა აქვს აღებული, ხოლო რაც ცუდი – ჩემი მეუღლისგან, ან დედამთილისგან (ეს ხუმრობით).

ღმრთის წინაშე ყოველი ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ საქმეებზე აგებს პასუხს. არ დაგვავიწყდეს, რომ საბოლოოდ, როცა ღმრთის წინაშე წარვდგებით, არც ერთ ადამიანს არ შეეძლება თქვას, რომ უფალო, იცი, მე ჩემს ცხოვრებაში არასწორად ვიქცეოდი. საბოლოო ჟამს ვნახავთ, რომ ღმერთი არც ერთ ადამიანს არ მოექცევა უსამართლოდ. უფალი, რომელიც ყოვლის შემძლეა, ყველა დროის ყოველ ადამიანს, ნებისმიერ ვითარებასა და პირობებში მისცემს გადარჩენის შესაძლებლობას, ქრისტეს მსგავს აღსასრულს. თუნდაც, ყველაზე უკანასკნელი ადამიანი იყოს, უფალი მასაც მისცემს ყველანაირ შესაძლებლობასა და ალბათობას, რომ მიაღწიოს ღმრთიურ დონემდე. ამის გამო ჩვენი წვალებაც შეიძლება ჩვენი გადარჩენისთვის იყოს. სწორედ მაშინ მივხვდებით, რომ სწორედ ჩვენ ვართ ჩვენი უბედურების მიზეზი და არა ღმერთი, ან მისი მცნებები. ბოლო ჟამს არავის შეეძლება იმის თქმა, რომ ღმერთო, სიცოცხლეში არასწორად ვიქცეოდი. ან რომ არ ვყოფილიყავი ამგვარი მშობლების შვილი, რომ არ მომხვდარიყავი ასეთ გარემოებაში, რომ არ მეცხოვრა ამ დროში, რომ არ მემუშავა ასეთ სამსახურში, რომ არ მყოლოდა ასეთი მეუღლე, რომ არ მქონოდა ამგვარი სენი, მაშინ სხვაგვარი ვიქნებოდი. არაფერს ექნება ძალა ზემოთ ჩამოთვლილთაგან. თუკი, ჩვენ ყველა ამ გარემოებისგან გავთავისუფლდებით და ისე დავდგებით პირისპირ ჩვენი პასუხისმგებლობის გრძნობასთან ერთად ღმრთის წინაშე, რომელიც არ მოგვაგებს ჩვენი საქმეების მიხედვით, არამედ ჩვენი სინანულის მიხედვით. შეიძლება არ გიქმნია კარგი საქმეები, მაგრამ ხომ შესაძლებელია, რომ მოინანიო. ხოლო, როცა ღმრთის წინაშე წარდგები, თავმდაბალი უნდა იყო და ითხოვო, რომ დაე, პასუხი მოგეთხოვოს შენი კეთილი საქმეების სიმცირის გამო. თავად საქმეებსაც, თუკი არა აქვთ სწორი მიმართულება ღმრთის წინაშე, იქცევიან ჩვენს წინააღმდეგ. ფარისევლებსაც ჰქონდათ საქმე, თუმცა, მათ საქმეებს თავმდაბლობა აკლდა. თავმდაბალი ადამიანი აკეთებს იმას, რაც შეუძლია, და თუნდაც არაფრის კეთება არ შეეძლოს, მხოლოდ თავმდაბლობა, რასაც სინანული შობს, გადაარჩენს მას.

კითხვა:  ?

პასუხი: რაც შეეხება პირველ კითხვას, ჩვენ არ უნდა გამოგვრჩეს ზოგიერთი მნიშვნელოვანი რამ. ძველ აღთქმაში, რადგან ის მაგალითი, რომელიც მოიტანეთ, ძველ აღთქმაშია მოცემული, საქმე გვაქვს დაუმთავრებელ (არასრულყოფილ) რჯულის კანონთან. კანონი მასში არ არის ისეთი სრულყოფილი, როგორიცაა სახარებაში. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთიც არასრულყოფილია. უფალმა ხომ თავად დაუწესა რჯულის კანონი მოსეს. მაგრამ იმ დროს ადამიანებს არ შეეძლოთ რაიმე უფრო მეტის მიღება, რადგან ისინი არასრულყოფილი ადამიანები იყვნენ. ვსაუბრობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენამდე 4-5 ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ. ამ არასრულყოფილი ადამიანებისთვის რჯულის კანონი იგივე აღზრდა იყო, რათა მათ ნელ-ნელა სრულყოფილებისთვის მიეღწიათ და შეძლებოდათ სახარების მიღება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაშინდელი ადამიანები საბავშვო ბაღში იმყოფებოდნენ. საბავშვო ბაღის გაკვეთილები რომ მოასმენინო უნივერსიტეტის სტუდენტს, მას, რა თქმა უნდა, გაეცინება. ჩვენ არ ვიღებთ პირველი კლასის გაკვეთილებს, როგორც საზომს, არამედ – უნივერსიტეტის გაკვეთილებს. სახარება გამოხატავს ღმერთს და არა – ძველი აღთქმა. შეიძლება ანეკდოტივით გავიხსენოთ შემდეგი: რატომაა ნათქვამი ძველ აღთქმაში: კბილი კბილის წილ და თვალი თვალის წილ. იმიტომ, რომ თუკი ებრაელს ამოუღებდი ერთ კბილს, მაშინ ისიც ამოგაძრობდა ერთს და არ განისჯებოდა. ერთი კბილი ამოგიღო? ერთ კბილს ამოუღებ. ამოგითხარა თვალი, მაშინ შეგიძლია მხოლოდ თვალი ამოთხარო და არა თავი მოაჭრა. დიდი მოთმინებაა საჭირო, რომ მხოლოდ თვალი ამოუღო (ეს ხუმრობით). მაშასადამე, ძველი აღთქმის რჯული იყო აღზრდა. ჩვენ არ შეგვიძლია მისი, როგორც საზომის მიღება, თუმცა ეს რჯული მათ ღმერთმა დაუწესა. იმ ეპოქის ადამიანები, რომლებიც ჩვენამდე 4-5 ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ, ღმერთისგან და სახარებისგან შორს, ნელ-ნელა უნდა მომწიფებულიყვნენ, რათა შეძლებოდათ სახარების მოსმენა.

რაც შეეხება მეორე შეკითხვას, რომელიც  ბერებს – სულიერ მოძღვრებს (ბერი – გერონდა- ბერძ. „სტარეც“ – რუს.) შეეხება, არ იფიქროთ, რომ სულიერ მოძღვრებს ან წმიდანებს, როდესაც განსაცდელი ჰქონდათ (განსაცდელი იგივე ავადმყოფობაა), მას სიმღერითა და ცეკვით ხვდებოდნენ. ასე არ იყო. ისინი ითმენდნენ და იტანჯებოდნენ უკანასკნელ წუთამდე, ისევე, როგორც უფალი ჯვარცმისას.

ქრისტე არა ფანტაზიებით, არამედ რეალურად ეწამა და განიცადა ტანჯვა ისე, როგორც ნებისმიერ ადამიანურ სხეულს შეეძლო განეცადა. თუმცა, მისი წამება რატომ იყო ყველაზე უფრო აღმატებული?! იმიტომ რომ ქრისტეს ჰქონდა აღუწერელი ღმრთიური, სული წმიდის შთაგონება. წმიდანებიც, ავადმყოფობის დროს, რეალურად ეწამებოდნენ. ბერი იოსებ ისიქასტი დაყუდებული ამბობს: -ადამიანის ამომწურავი მოთმინების ყველაზე შორეული წერტილის ბოლოს (უკანასკნელი ზღვარის დასასრულს) ჩნდება ღმერთი. უფალი გვაძლევს საშუალებას მივაღწიოთ უკანასკნელ ზღვარს. წმიდანებმა გრძელი გზა გაიარეს. შესაძლოა, როდესაც წიგნებში ვკითხულობთ, თუ როგორ ეწამენ, ვერ აღვიქვამთ იმას, თუ რეალურად რა განიცადეს. წმიდანები ეწამენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მათ მთელი თავისი ძალები გაიღეს, არ ჰქონდათ არც ერთი წვეთით მეტი მოთმინება და ძალა. უფალმა ისინი თავიანთი მოთმინების უკანასკნელ ზღვარამდე მიიყვანა და სწორედ ამის შემდეგ განადიდა და არა მანამდე.

ქრისტე მართლაც ეწამა და ადამიანური ყოფის ბოლო ზღვრამდე მიიტანა თავისი ჯვარი. როგორც სიკვდილი, რომელიც რეალური მოვლენაა, ასევე რეალურია წამებაც. ის, რაც თქვა ქრისტემ: „შეწუხებულ არს სული ჩემი, ვიდრე სიკუდილადმდე“ (მათეს სახარება, 26, 38), რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი სული სიკვდილის წინ დამწუხრებულიაო, ფაქტი იყო. უფალი ერთადერთია, ვინც სისხლის ოფლით დაიცვარა. არც ერთ ადამიანს არ მიუღწევია ამ დონემდე და ვერც ვერასოდეს მიაღწევს. მოახლოებული წამების ამაღელვებელი განცდით და დაძაბულობით იგი სისხლის ოფლით დაიცვარა. ეს გამოხატავს იმ განცდას, რაც უფალმა, როგორც ადამიანმა დაითმინა. ამიტომ, ნუ გვეგონება, რომ წამებულები იოლად ეწამებოდნენ, ჩვენ კი ვიტანჯებით.

კითხვა: ?

პასუხი: თეორიულად შეგვიძლია. ყოველთვის ნეტარ არიან რომელთა არა უხილავთ და რწმენენ. ასე არაა? ის, ვისაც აქვს რწმენა უფლის მიმართ, ძლიერნი არიან და გადარჩებიან. ქრისტემ თქვა: ნეტარ არიან წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ. ღვაწლის ტვირთვისას, რა თქმა უნდა, გვაქვს ადამიანური სიძნელეები. უფალმა გვითხრა, რომ არასოდეს მიგვატოვებს, რომ იმაზე მეტს არ მოგვცემს, რისი აწევის ძალაც შეგვწევს. ჩვენი ძალა მანამდე უნდა გამოვიყენოთ, სანამ შეგვიძლია. ღმერთი დასაღუპავად არ გაგვწირავს. საკმარისია, რომ ჩვენც მოვინდომოთ, რაც მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენს მოთმინებასა და ნებისყოფით აღსავსე მოლოდინზე. სხვა დანარჩენს კი, რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია, უფალი გააკეთებს. თუმცა, მანამდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რისი ძალაც შეგვწევს, ნუ დაველოდებით ყველაფერს უფლისგან. ყველაფერს სხვა მხრიდან, რომ შევხედოთ, ადამიანს თავის თავში მოთმინების უშველებელი შესაძლებლობა აქვს.

კითხვა: ?

პასუხი: მათ, რა თქმა უნდა, ჰქონდათ უფლის წყალობა, რაც ყოველ ადამიანს აქვს მომადლებული, ვინც კი უფალს აღმოაჩენს. მათ ასევე ჰქონდათ რწმენის გამოცდილება, მაგრამ ძალიან რთულია, როდესაც დგება გამოცდის ჟამი. შეიძლება ბავშვებს უჭირთ ამის გაგება, მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ წმიდანებს მშვენიერი ცხოვრება ჰქონდათ. მათი სიცოცხლე სავსე იყო მწუხარებით, ნამდვილი მწუხარებით. ბერძნული სიტყვა მწუხარება ნიშნავს დნობას, რომ დნები რაღაც სხვასთან მიმართებაში .

კითხვა: ?

პასუხი: ახლა, რაც შეეხება ომს, ასევე იმას, რომ არასოდეს არ უნდა მოვკლათ ადამიანი, არც უსამართლოდ უნდა მოვექცეთ ვინმეს, ეს სახარებაშიც წერია. ამის გამო, ეკლესია მას, ვისაც ომში მოუხდა ვინმეს მოკვლა ან რაიმე ცუდი შეემთხვა, მიუხედავად იმისა, რომ აქვს თავისი ახსნა, მიზეზი რომ ომში იყო, ვერ მიიღებს ასეთი ადამიანი სამღვდელო ხარისხს. რა თქმა უნდა, სხვა ადამიანის ომში მოკვლა ითვლება ცოდვად, რომლის მისატევებლად სინანულის გრძელი გზა უნდა გაიარო. სწორედ ამის გამო, ეკლესია ლოცულობს, რათა სამყაროში არ იყოს ომი და ადამიანებმა ერთმანეთი არ მოკლან. როდესაც ეკლესია ჯარს ლოცავს, ეს იმისთვის კი არ ხდება, რომ ჯარისკაცებმა თავიანთი მოწინააღმდეგეები დახოცონ, არამედ იმისათვის, რომ დედამიწაზე მშვიდობამ დაისადგუროს, რათა აღარავის დასჭირდეს ჯარი ან იარაღი. სამყაროში მშვიდობა გაბატონდეს, რომ აღარავინ იყოს მოკლული. სახარებაში წერია, რომ უსამართლოდ არც ერთ ადამიანს არ უნდა მოვექცეთ.

კითხვა: ?

პასუხი: იმისათვის არ ლოცულობდნენ, რომ მათი მოწინააღმდეგეები დაესაჯა. არამედ იმისათვის, რომ ღმრთისმშობელს მტრების მახვილისგან დაეფარა ისინი. არ შეგიძლია ღმრთისმშობელს ამგვარად შეევედრო: – დაახრჩე, ღმრთისმშობელო, ჩემი მტრები ზღვაში. დედა ღმრთისას ევედრებოდნენ მხოლოდ იმისათვის, რომ მათთვის განსაცდელი აერიდებინა. ჩვენ არ შეგვიძლია სხვა ადამიანის ცუდის სურვილით ვილოცოთ. ამგვარად ვამბობთ: – იესო ქრისტე, გადამარჩინე ამ ბოროტებისაგან. და არა გაანადგურე ის ადამიანი. შეიძლება, უფალმა იმ სხვა ადამიანს გონება გაუნათოს, რათა მიხვდეს თავის შეცდომას, მიხვდეს, რომ ცუდი აქვს განზრახული.

ახლა მოვუსმინოთ ჩვენს სტუმარს – მამა იოაკიმეს. იგი ჩემზე უკეთესად გესაუბრებათ, ყოველ ჯერზე ხომ ჩემი მოსმენა გიხდებათ. მამა იოაკიმე ათონის წმიდა მთიდანაა. იგი კარიესში მდებარე წმიდა ნიკოლოზის სახელობის კელიის ბერია („გერონდა“- ბერძ. „სტარეც“- რუს.). ჩვენ თითქმის ერთდროულად დავიწყეთ მოღვაწეობა. მამა იოაკიმე ათენის უნივერსიტეტში ასწავლიდა, საიდანაც ათონის წმიდა მთაზე მოვიდა. ასაკით მე უფრო პატარა ვიყავი მასზე, მაგრამ თითქმის ერთი დრო დავყავით მთაწმიდაზე, რაღაც პერიოდის განმავლობაში ერთ მონასტერში ვცხოვრობდით და ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, ქრისტესმიერი სიყვარული და მეგობრობა გვაკავშირებდა. ამ დღეებში დაგეგმილი ლექციების გამო კვიპროსზე იმყოფება. ვთხოვე, რომ ჩვენთანაც გამოევლო და ჩვენთვის რამდენიმე სიტყვა ეთქვა.

მამა იოაკიმე: ქრისტე აღსდგა! როდესაც მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ დამპატიჟა, საშუალება მომეცა, რომ ლიმასოლში მოვსულიყავი. დღეს, როგორც კი შემოვედი ამ ეკლესიაში და თქვენ დაგინახეთ, ვიგრძენი რომ აქ ძალიან კარგია, რადგან არსებობს ქრისტე, რომელიც ყოველივეს ამშვენიერებს. მოვდივარ იმ ადგილიდან, რომელიც ასევე ძალიან მშვენიერია, რადგან იქ ღმრთისმშობელია, რომელიც ყოველივეს მშვენიერს ხდის. იქ, დედაღმრთისა ჩვენთან ერთად დადის, ჩვენ შორისაა. ჩვენ ყოველდღიურად ვკითხულობთ დაუჯდომელს, ღმრთისმშობლის პარაკლისს. როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, ასე ვამბობთ: -ღმრთისმშობელო, შეგვეწიე. წყალს ვსვამთ და ვამბობთ: – ღმრთისმშობელო, შეგვეწიე. ხოლო, დედაღმრთისა კი ყოველივეს ამშვენიერებს, როგორც ჩვენს ირგვლივ, ისე – ჩვენში. ამის გამო ძალა შეგვწევს, რომ გავუსწროთ, გადავაბიჯოთ ჩვენს თავს, რომელიც ამ ცხოვრებაში ჩვენი დაბრკოლებაა. ხოლო ღმრთისმშობელი კი არის ის, ვინც გვაძლევს ძალას, მოთმინებას, უკეთესის იმედს.  მონაზონისთვის საუკეთესო შემთხვევაა, როდესაც იგი თავის თავში ღრმად შედის, რათა დაძლიოს,  თავისი უკანასკნელი ძვალიც კი გატეხოს.

ვუსმენდი მის მაღალყოვლადუსამღვდელოესებას, როდესაც გესაუბრებოდათ ბრძოლაზე, პიროვნულ დაძაბულობაზე ჩვენს რეალურ ცხოვრებაში. იცით, როდესაც მონაზონს ჰკითხავთ, თუ რას აკეთებს ათონის წმიდა მთაზე? გიპასუხებთ, რომ არაფერს აკეთებს, იცავს ადგილს. მონაზონი არაფერს აკეთებს, ის იმისათვის არ წასულა, რომ რაიმე გააკეთოს, არამედ იმისათვის წავიდა, რომ გააგრძელოს დანატოვარი, რომელიც უკვე ათასი წლისაა და სწორედ ეს დანატოვარია, რაც ჩვენ ყველას ერთად გვაერთიანებს. ჩვენი ერთობა იმ რეალური ცხოვრებიდან გამოდის, რასაც ვაკეთებთ.

ძალიან კარგია, რომ ასეთ შეკრებებს აწყობთ, რადგან აქ არის ქრისტე, ღმრთისმშობელი, მთელი ზეცა და სამოთხე დღეს აქ არის, ჩვენთან ერთად, რადგან აქ არის ეპისკოპოსი და სადაც ეპისკოპოსია, იქაა ეკლესიაც. ჩვენი ცხოვრება ხომ უფრო მშვენიერი ხდება, როდესაც მას ეკლესიის წიაღში ვათავსებთ. არა მხოლოდ ამგვარი საუბრით, როგორიც ჩვენ დღეს გვაქვს, არამედ, როცა ყოველ ღამე, ისევე როგორც მონაზონი უსმენს ხელის კანკურას (სამხარე ხის სარეკი თავისი ჩაქუჩით), რომელიც ისე რეკს, თითქოსდა, ქრისტე ამბობს: -ადამ, სადა ხარ . . . ადამ, სადა ხარ? ეს თითქმის იგივე ხმაა, რაც უფლის ხმა, როდესაც იგი დაცემის შემდეგ უხმობდა ადამს. უფალი ყველგან ეძებდა ადამს. მას ეძახდა და უეცრად, ხედავს სრულიად სხვაგვარ ადამს: მას ტანისამოსი აცვია, მოტეხილია, დამალული და დატანჯული. ეკითხება: -რა მოხდა, რატომ ხარ ასე? ადამი კი ამბობს: -ევაა დამნაშავე. უფალი ეუბნება: -ევაა დამნაშავე?! ევა შენ ხარ, რატომ ამბობ სხვაზე? მამების თქმით, ადამს შენდობა, რომ ეთხოვა, უფალი მას სამოთხიდან არ განდევნიდა. სწორედ ადამის ძებნის მსგავსად გვეძებს ჩვენ ყველას უფალი. გვეძებს ყველგან, სადაც კი ვართ და თავისთან ახლოს გვიხმობს. ჩვენ მონაზვნებს ღამის კანკურის ხმით გვეძახის. მონასტერში, როგორც კი გავიგებთ ხელის კანკურას ხმას, ესე იგი უფალი ეკლესიაში გვიხმობს. ხოლო თქვენ კი კვირა დღეს ზარების რეკვით გიხმობთ ეკლესიაში წასასვლელად. გიხმობთ, რათა თავისთან ახლოს მიგიყვანოთ, რათა თავისი სიცოცხლე და სული გიბოძოთ, რათა სხვა ადამიანებად ვიქცეთ, განახლებულ ადამიანებად.

აი, უკვე ათასი წლის განმავლობაში დაარსებიდან მოყოლებული დღემდე, ათონის წმიდა მთაზე, ყოველ დღე შეუწყვეტლივ სრულდება 300-ზე მეტი ღვთისმსახურება კათოლიკონებში, (მონასტრის მთავარი, საკრებულო ტაძარი), კირიაკონებში (სკიტის ცენტრალური ტაძარი) კელიებში, ეკვდერებსა თუ სამრეკლოებში. ყოველი მათგანი ერთიანდება ქრისტეს სხეულში და ხდება ქრისტე. ათასი წელია რაც იქ ქრისტე და ღვთისმშობელი მყოფობს. თუკი, სახლები იშლება, მხოლოდ იმის გამო, რომ იქ არ არის ქრისტე. ვიშლებით ჩვენც, იმიტომ რომ არ ვცხოვრობთ ქრისტეთი. იშლება მეგობრობა, ოჯახი, ძმა ძმას ეყრება, მხოლოდ იმიტომ, რომ არ გვაქვს ქრისტეს სისხლი. სწორედ ეს არის, რაც საბოლოოდ გვშლის. მთაწმიდაზე კი ათასი წელია, რაც მონაზვნები იმავე მიწაზე იმყოფებიან და იცავენ ადგილს. სხვას არაფერს აკეთებენ, მხოლოდ იცავენ იმ ადგილს, რომელიც ღმრთისმშობელმა აქცია წმიდად თავისი იქ მყოფობითა და სიარულით. ეს ის ადგილია, რომელიც დედაღმრთისამ აღგვითქვა, რომ გვაჩუქებდა და გვაჩუქა კიდეც. ამ ადგილას ღმრთისმშობელი ჩვენს გვერდითაა და ჩვენი სიცოცხლის ბოლომდე გვიცავს. ამიტომაა, რომ როდესაც მონაზონი ამ ცხოვრებიდან მიდის, ღმრთისმშობელი, ჩვენი დედა, ჩვენზე ტკბილ სიტყვებს ამბობს, ამბობს ყოველივე იმას, რაც კი კარგი გვიქმნია ამ ცხოვრებაში. რაც ცუდი გვიკეთებია, იმას უგულებელყოფს და ქრისტეს ჩვენზე მხოლოდ იმას ეუბნება, რაც კი ყველაზე საუკეთესო გაგვიკეთებია. ამას აკეთებს დედაც, როდესაც მამა ბრუნდება სახლში, თავისი შვილების ცუდს მალავს და ეუნება, რომ შვილებს ცუდი არაფერი ჩაუდენიათ. სწორედ ამას აკეთებს ღმრთისმშობელი ჩვენთვის, თავის კალთას გვაფარებს და ჩვენზე ზრუნავს. და იმ ძნელ წუთებში, როდესაც ჩვენი სული სხეულს ეყრება და უფალთან ახლოს მიდის, დედაღმრთისა ჩვენ გვერდითაა. ღმრთისმშობელი ჩვენი იმედია. ცხოვრებაში მასზე უფრო საიმედო სხვა არაფერი გაგვაჩნია. ამის გამო მიდიან მონაზვნები ათონის წმიდა მთაზე, რათა უფრო ახლოს იყვნენ თავიანთ დედასთან, „ღირს არსთან“, „მანუგეშებელთან“, კარიბჭის ღმრთისმშობელთან“, „წარმოუდგენელ მფარველობასთან“, „ოდიგიტრიასთან“, „გერონდისასთან“, ყოვლადწმიდა ღმრთისმშბელი აქ ყველას დედაა, რომელსაც თავისთან ახლოს ჰყავს ყველა შვილი, უფალთან აახლოებს და საბოლოოდ მიჰყავს კიდეც მასთან.

სწორედ ეს დანატოვარია მნიშვნელოვანი, ჩემო კარგებო. დღეს თქვენ ამ წუთში, აქ ხართ, ჩვენთან ერთად, მაშინ როდესაც სხვა ადამიანები ეკლესიის გარეთ სხვა საქმეებით არიან დაკავებულნი. ჩვენ დალოცვილები ვართ, რადგან აქ ვიმყოფებით. ჩვენს შორის ის ერთიანობაა, რომელიც ეკლესიაშია დაცული. ეკლესია ჩვენი უსაფრთხოებაა, ჩვენი კიდობანია, არის ის, რაც კი უსაფრთხო შეიძლება გვქონდეს ჩვენს სიცოცხლეში. სწორედ ეკლესიამ შეგვკრიბა დღეს აქ. თქვენ ეკლესიის მიღმა ტოვებთ ამქვეყნიურ საზრუნავს და აქედან განახლებულნი გადიხართ, რათა განაგრძოთ თქვენი ცხოვრების სვლა იმ საბოლოო წერტილამდე, სადაც ყოველ ჩვენგანს უფალი ელოდება. ჩვენ ამ ქვეყნად, სწორედ ამ მშვენიერი წუთების გამო მოვევლინეთ, რათა მოვიპოვოთ სამოთხე, დავტკბეთ ღმერთით და ღმრთისმშობლით, წმინდანებით, ანგელოზთა დასით. დღეს ყველა ჩვენთან ერთადაა. ამის გამო აღვნიშნე, რომ ცუდად ვგრძნობდი თავს, მაგრამ როდესაც აქ, ამ მხარეში მოვედი, დავინახე ეკლესიის გუმბათები ჯვრებით და აქ შემოვედი, განწყობილება შემეცვალა, თავი მშვენივრად ვიგრძენი. ქრისტე და ჯვარი ალამაზებენ ყოველივეს. ალამაზებენ ჩვენს ოჯახებსა და ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს შვილებს, ჩვენს სულებს, ყოველივეს ძალიან მშვენიერად აქცევენ.

როდესაც ვეზიარებით ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ვიღებთ სინათლეს. ეს სინათლე გვაქვს ჩვენ ახლა და ეს არის აღდგომის სინათლე. სწორედ ეს სინათლეა მთაწმიდაზე, სადაც ყოველივე ნათელია დღეც და ღამეც. იცით, აღდგომის ღამეს ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეში 12 საათი გრძელდებოდა ღვთისმსახურება. საღამოს 9 საათიდან დილის 9 საათამდე. მთელი ღამის განმავლობაში, მონაზვნებს დღესასწაული ჰქონდათ. ეს რაღაც ფანტასტიკური იყო. ვამბობდით და კვლავ ვამბობდით, რომ ქრისტე აღსდგა, რათა შინაგანად შეგვეგრძნო. აღდგომას არ არსებობს ტკივილი, მწუხარება, მხოლოდ – სიხარულია, სიცოცხლე და იმედი. ჩვენი სიცოცხლე მხოლოდ სინათლეა. დასრულდა ორმოცდღიანი მარხვა, მაგრამ კვლავ დაიწყება სხვა ორმოცდღიანი მარხვა. დასრულდა წითელი პარასკევი, მაგრამ კვლავ დადგება წითელი პარასკევი. წითელი პარასკევი და აღდგომა ჩვენს ცხოვრებაშია. ჩვენი ცხოვრებიდან არ გაქრება ტკივილი და სევდა, უბრალოდ მათ მოთმინებით ავიტანთ.

ერთ შემთხვევაზე გიამბობთ. ერთხელ რუმინეთში გავემგზავრე, რათა ნეტარი კლეოპა, რუმინელი ბერი  (გერონდა – ბერძ. „სტარეც“ – რუს.) მენახა. როდესაც შევხვდი, უკვე ღრმად მოხუცებული იყო.  ხელზე ვემთხვიე, ისიც მემთხვია. მაშინ 87 წლის იქნებოდა. ეს მოხდა მის გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე. ვთხოვე, რაიმე ეთქვა ჩემთვის. მითხრა, იცი ჩვენი ცხოვრება საცალფეხო გზაა (გზა მხოლოდ ერთ მხარეს მიმავალი), გზის ბოლოს უფალია. ჩვენი ცხოვრება, იგივე ეს გზა, ორი რამით შეიძლება იყოს დაცული: უფლის შიშითა და სიკვდილის არდავიწყებით. მაგრამ იმისათვის, რომ ბოლომდე მიაღწიო, საჭიროა ძალიან დიდი მოთმინება. რუმინულ ენაზე მოთმინება არის სიტყვა „რაბდარი“. როგორც დაუჯდომელის კითხვისას იმ რითმში მან მუხლზე ხელის რტყმა დაიწყო და ასე ამბობდა: -რაბდარი, რაბდარი, რაბდარი, რაბდარი… ეს სიტყვა ძალიან ბევრჯერ გაიმეორა. იმეორებდა და იმეორებდა. მას შევცქეროდი. თავიდან მეღიმებოდა, მერე დავიბენი, ვერ გავერკვიე, თუ რა ხდებოდა. ბოლოს კი ხმამაღლა წამოიძახა: -რა ბდა რი, დაე, სამოთხემ გშთანთქოს!- და დაასრულა. ვთხოვე ჩემთვის ელოცა. ცარიელი ძვალი და ტყავი იყო. უკან-უკან წავიდა და მისი სახით ჩემ წინ მოთმინების ხატი დავინახე. ის, რაც ჩვენ გადაგვარჩენს არის მოთმინება. ათონის წმიდა მთაზე ბერები ასე ვეუბნებით ერთმანეთს: – კარგი მოთმინება გქონოდეს (კალი იპომონი – ბერძ.). ჩვენი ცხოვრება ხომ მოთმინებით სამოთხედ იქცევა, რადგან სწორედ ასე გავტეხთ ჩვენს უკანასკნელ ძვალსაც და იმ მანტიაში გახვეულები, რომელსაც მონაზვნად აღკვეცისას ვატარებდით, ჩვენ საფლავებში შევალთ. ამ მანტიით მიწაში დაგვფლავენ, რადგან ჩვენი ამქვეყნიური მცდელობა უკვე დასრულებულია. მონაზონი, როდესაც გარდაიცვლება, მას მანტიაში კერავენ და ხელში იყვანენ. მისი სხეული ჯერ კიდევ თბილია. ღმრთისმშობლის დაპირებისამებრ ჩვენ მიწაში თბილს გვფლავენ გარდაცვალებიდან 24 საათის განმავლობაში. მიწა სხეულს ფარავს. ამ დროს, საფლავის ირგვლივ ყველას ხელში ასიანი სკვნილი გვიჭირავს. ერთ-ერთი ჩვენგანი ამბობს: – უფალო იესო ქრისტე, განუსვენე სულსა გარდაცვალებულისა მონისა შენისა მონაზონისა. ირგვლივ ყველა გულში ვიმეორებთ ლოცვას და ასე სრულდება გარდაცვალებულისთვის აღვლენილი ღმრთისმსახურება. მიწა ჩადის მიწაში, ხოლო სული კი მიფრინავს, მას ანგელოზი იჭერს და უფალთან მიჰყავს. ეს არის, ჩემო საყვარელნო, ჩვენი ხვედრი. და როდესაც ვსწავლობთ, ვქორწინდებით, ვქმნით ოჯახებს, გვყავს შვილები, ეს ყოველივე იმისათვისაა, რომ წმიდანებად ვიქცეთ. ჩვენი მიზანია, რომ აღსასრულს ღმერთთან გაერთიანებულებმა მივაღწიოთ.

ახლა აღდგომაა, ახლა ყოველივე ბრწყინავს და ხარობს. ახლა ყველაფერი ზეცაა და სამოთხე. ილოცეთ, რომ ღმერთმა მოგვცეს ძალა იმისათვის, რომ სამოთხე დედამიწაზე მოვიპოვოთ. რათა იმის იმედი გვქონდეს, რომ ამ ცხოვრებიდან, რომელსაც დასასრული აქვს, გადავალთ იმ ცხოვრებაში, რომელიც დაუსრულებელია, სადაც ყოველივე დასაწყისია და უფლის გარშემოა გაერთიანებული. ამ სიტყვებს მე გულით გეუბნებით. ასევე მინდა გითხრათ, რომ ღმრთისმშობელი, რომელიც ელოდება ჩემს დაბრუნებას, ელოდება ასევე, რომ მას თქვენს ოხვრაზე, ტკივილზე, მწუხარებასა და განსაცდელზე მოვუყვები. და მე მას ყოველივეს მოვუყვები, რადგან ყველაფერს თქვენს თვალებში ვკითხულობ. დედაღმრთისა კი თქვენთვის ილოცებს, სიხარულს, მოთმინებასა და სიცოცხლეს მოგანიჭებთ. ქრისტე აღსდგა!

მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა,  ამინ!

შინაარსი
სანიშნეები