კლაუს კენეფის კომენტარები ნეტარი ბერის – სოფრონ ესექსელის პიროვნების შესახებ

7 August 2013

ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე, რომ უფრო მეტი, ვიდრე, დაახლოებით, ოცდახუთი ქრისტიანული კონფესია – რომელთა რიცხვს ჩემი უამრავი მეგობარი მიეკუთვნება – დიდი ძალისხმევით იბრძოდა იმისათვის, რომ თავიანთ ბანაკში ჩემი გადაბირება მოეხერხებინა. მათ სწამდათ, რომ ამ გზით, მე მათ „რეკლამას“ გავუკეთებდი. სინამდვილეში, თავს ყველგან თავისუფლად ვგრძნობდი, თუმცაღა, ხშირად მქონდა იმის შეგრძნება, რომ ამა თუ იმ გაერთიანებაში, შეუძლებელი იყო იმაზე უფრო მეტი რამ მეპოვნა, ვიდრე ჩვენი მაცხოვრის სწავლების ერთი მცირე ნაწილი. და ეს იმიტომ, რომ ყოველი ამგვარი გაერთიანება, წმიდა წერილის განმარტებასთან დაკავშირებით, ეფუძნებოდა თავის საკუთარ მიდგომას.

1_22

მაგალითად, ზოგიერთი გაერთიანებისათვის ნათლობის საიდუმლო ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო, მაშინ როდესაც სხვა გაერთიანებისათვის უდიდესი ღირებულების მოვლენას სახარების გავრცელება წარმოადგენდა. მართლაც, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი მათგანი ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ვატიკანს. ხოლო, სხვა გაერთიანებებში, ცენტრალურ თემას კვლავ მეორედ მოსვლა წარმოადგენდა. კათოლიკეებისათვის მონათლული რომაელი კათოლიკე ვიყავი და მათ ეკლესიას მივეკუთვნებოდი, ევანგელისტების მოსაზრებით, მათი ეკლესიის წყალობით, ჭეშმარიტ ქრისტიანად ვიქეცი, ხოლო პროტესტანტები კი გამუდმებით მომიწოდებდნენ, რომ მათი ეკლესიის დოგმები მიმეღო… მენონისტები, დარვინისტები, ადვენტისტები და ყოველი სხვა, დაახლოებით ოცამდე ქრისტიანული კონფესიის წარმომადგენელი, მზად იყო მივეღე მათი ეკლესიის წიაღში, თუმცა, საკითხი მდგომარეობდა შემდეგში, თუ რომელ ეკლესიას მივეკუთვნებოდი მე. ხშირად, რაც მესმოდა მისი ძირითადი ნაწილი უბრალოდ ინტელექტუალურ კონსტრუქციას წარმოადგენდა. მხოლოდ მცირე რამ თუ საზრდოობდა გულიდან. ერთ დღეს კი, ვიფიქრე ჩემი თავისთვის ასეთი რჩევა მიმეცა:

„ილოცე და ევედრე უფალს, რათა გზა გიჩვენოს იქ, სადაც ღმრთის ნებაა და არა იქ, სადაც შენ გსურს“.

ჩემი ლოცვები შესმენილ იქნა. სხვაგვარად განა შეიძლებოდა მომხდარიყო, მე ხომ გადაწყვეტილი მქონდა, რომ მთელი ჩემი სიცოცხლე უფლისთვის მიმეძღვნა: თავად უფალი იესო ქრისტე გააღებდა კარიბჭეებს, იმისათვის, რომ თავისთან ახლოს მივეყვანე! ერთ დღეს, ერთი ბერი („გერონდა“ – ბერძ; „სტარეც“ – რუს;) გავიცანი, უფრო სწორად, ერთი წმიდა სახება. შთაბეჭდილება, რომელიც ამ შეხვედრიდან მივიღე – როგორც ეს მოხდა დედა ტერეზასთან შეხვედრისას – მეტად ამაღელვებელი იყო. ამ ადამიანმა ჩემი გულის დაყოლიება მოახერხა არა მხოლოდ ძალიან რთული თეორიებისა და მაღალი თეოლოგიური იდეების განვრცობის გარეშე, არამედ ასევე თავისი სამღვდელო ხარისხის დახმარების გარეშეც. ამის საპირისპიროდ, მან ჩემი გული თავისი იუმორით, მისგან მომდინარე უსაზღვრო სითბოთი, გულწრფელობითა და პატიოსნებით დაიყოლია, თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, მან ჩემი პიროვნების მიმართ გამოხატული უზომო სიყვარულითა და პატივისცემით მოახერხა ჩემი გულის მოგება. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, სწორედ ამგვარ ადამიანს ვეძებდი. ვფიქრობდი, რომ მისნაირი ადამიანები მხოლოდ ფილმებში ან წიგნებში არსებობდნენ და არა რეალურ ცხოვრებაში. ჩემთვის იგი, ოთხმოცდაშვიდი წლის მოხუცი, განასახიერებდა სრულყოფილებას, იგი ყველაზე უფრო სრულყოფილი იყო, რაც კი ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს – ქრისტეს ცოცხალი განსახიერება. იგი იყო ერთ-ერთი იმ მემკვიდრეობის მცირერიცხოვან გამგრძელებელთაგანი, რომლებიც აი, უკვე ორი ათასი წლის განმავლობაში იცავენ დანატოვარს. იგი იყო მოციქული, რომელიც იესო ქრისტეს სწავლებას ისე ასრულებს, რომ მასში არაფერს უგულებელყოფს. მისი თავისუფალი სული, უბრალოება და თავმდაბლობა, გარდა ამისა, ასევე მისი შინაგანი სიმშვიდე, ხელით შესაგრძნობი გახლდათ. მაშინ კი, როდესაც მის გვერდით იყავი, გრძნობდი, თუ როგორ ეხვეოდი შენც სიცოცხლის იმავე საიდუმლოებაში. ჩვენი გაცნობის პირველივე წამიდან ჩემი გულის კარიბჭენი ფართოდ გაიღო. სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ ვიპოვე ის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის ვეძებდი. დიახ, ჩემი მცდელობა ჭეშმარიტ გზას დაადგა. მიუხედავად იმისა, რომ უწინ მრავალ ეკლესიასა და რელიგიურ გაერთიანებებს ვიცნობდი, ყოველივე ის, რაც იმ დრომდე მქონდა ნანახი, პაზლის პაწაწინა ნაწილებს წარმოადგენდა. ახლა კი, ამ ნაწილებმა ერთად მოიყარეს თავი და ჰარმონიულად გაერთიანდნენ არქიმანდრიტი სოფრონის პიროვნებაში. სწორედ ეს წმიდა სახება განასახიერებდა „ჭეშმარიტ ეკლესიას“, ზუსტად იმგვარად, როგორც ეს მის დამაარსებელს, ჩვენს უფალს – იესო ქრისტეს სურდა: ეკლესია წყვეტილობის, ინტრიგებისა და განხეთქილებების, შუღლისა და პროზელიტიზმის გარეშე. მართლაც, ბერი სოფრონი ქრისტეს ეკლესიის ნამდვილი წარმომადგენელი იყო, მის ყველა წმიდანთან და მამებთან ერთად. იგი ერთგული მცველი გახლდათ იმ მემკვიდრეობისა, რომელიც შეუწყვეტლივ გრძელდება ჩვენს თანამედროვეობამდე. ჩემი გული სიხარულისაგან ათრთოლდა და აღელვებისაგან ტირილი დავიწყე. ეს შეხვედრა სარგებლობით ვერ შეედრებოდა იმ შეხვედრას, რაც წლების წინ, დედა ტერეზასთან მქონდა. ღმრთიურმა განგებამ გზა მიჩვენა ჩემი სულიერი მამისაკენ!

მართლაც, ჩემი დიდი აღტაცების გამოხატვა არ დამიყოვნებია. შეიძლება სხვები მომიწოდებდნენ, რომ მათი ეკლესიის წევრი გავმხდარიყავი, თუმცა, არა მამა სოფრონი! მან წაიკითხა რა ჩემი ცხოვრების ისტორია, ასე მითხრა:

„კლაუს, ქრისტე შენთან ერთად არის. ეს საკმარისია. რად გინდა შუბლზე იარლიყი მიიწებო? რატომ გაქვს სურვილი, რომ ჩვენი ეკლესიის წევრი გახდე? უკან გაბრუნდი და გააგრძელე შენი მოგზაურობა, დაე, მეგზურად ქრისტე ღმერთი გყავდეს“.

თავდაპირველად იმ მდგომარეობამ, რაც მან დაიკავა, ამაღელვა. მანამდე არასოდეს შევხვედრივარ ამგვარ წინააღმდეგობას და ამან ბიძგი მომცა, რათა „უარყოფის“ მიზეზებს ჩავწვდომოდი. პირველ ჯერზე, მართლაც უკან დავბრუნდი. თუმცა, ჩემი სული ენით აღუწერელმა საიდუმლომ მოიცვა და იმედი მქონდა, რომ დროთა განმავლობაში იგი ჩემთვისაც გაცხადდებოდა. ვაგრძელებდი შეხვედრებზე სიარულს, ბიბლიური თემების ირგვლივ მიმდინარე მსჯელობებში მონაწილეობის მიღებას, წმიდა მსახურებებზე დასწრებას, წმიდა წერილისა და სხვა სულიერი წიგნების კითხვას, ასევე რეგულარულად სიტყვით გამოვდიოდი სხვადასხვა ქრისტიანულ გაერთიანებაში, სადაც ქრისტესკენ ჩემს მოგზაურობაზე ვყვებოდი. მიუხედავად ამისა, გამუდმებით ვგრძნობდი შინაგან ძრწოლას. აშკარად ვგრძნობდი, რომ ჩემში მიმდინარეობდა ცვლილება საღმრთო განგების წყალობით. ამგვარად, ერთი წლის შემდეგ კვლავ შევხვდი არქიმანდრიტ სოფრონს, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ჩემი სულიერი მამა გამხდარიყო, თუნდაც მისი წიგნების გაცნობის საშუალებით. მსურდა გამეგო დაუპატიჟებლობის მიზეზები…

თუმცა, არც ჩემს მეორე შეხვედრას მასთან არ ჰქონია განსხვავებული დასასრული.

„ჭეშმარიტი რწმენა, კლაუს, ნიშნავს, რომ მიჰყვე ქრისტეს. მაშასადამე უნდა უარყო შენი თავი, და არა მხოლოდ უარყო, შეიძულო კიდეც. საკვები, რაც გვაქვს, რომ შემოგთავაზოთ, არ არის ადვილად მოსანელებელი. ადრე თუ გვიან „ძველი ადამი“ გამარჯვებული დაბრუნდება და მაშინ, შენს გადაწყვეტილებაზე ინანებ. და მეც, ძალიან დავმწუხრდები, რადგან ჩემი რჩევის წყალობით გექნება გაბედული ეს რთული მოგზაურობა. ყურადღებით მისმინე: მიჰყევი შენს გულსა და ქრისტეს, როგორც ეს უკვე გააკეთე ბოლო დროს. ეს საკმარისი იქნება. ახლა კი დაბრუნდი უკან შვეიცარიაში“.

ასე რომ, არც ამჯერად მიმიღო!

რომელი ჩვენგანი იყო უფრო შეუპოვარი? ბერი სოფრონი თუ მე? იგი 1896 წელს იყო დაბადებული და მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში იბრძოდა, რათა რწმენაში გაძლიერებულიყო. მრავალი წლის განმავლობაში მას წინამძღვრად ჰყავდა მისივე სულიერი მამა, შემდგომში უკვე წმიდა სილუან ათონელი, რომელიც ასევე იბრძოდა იმისათვის რომ რწმენაში გამყარებულიყო. რა თქმა უნდა, ისეთი გულმოდგინებით, რომ როდესაც ის მონასტრული ცხოვრების პირველ ნაბიჯებს დგამდა, მას უფალი გამოეცხადა, ხოლო სიტყვები, რაც მან მოგვიანებით გაუგზავნა, შეიძლებოდა განსაკუთრებულად საჭირო გამხდარიყო მთლიანი ადამიანური მოდგმისათვის:

agios-sofronios-tou-essex-porto-lagos

„შენი გონება კარგად დაიჭირე და ნუ დაკარგავ იმედს“

ეს ნიშნავს, რომ უნდა მოაქციო შენი თავი კედელს მიღმა და შეიცნო შენი ცოდვები. მაშინ მხოლოდ ღმერთი განგსჯის. უნდა ივარჯიშო თავმდაბლობაში და არ მისცე სიამაყეს საშუალება, რათა არეგულიროს შენი ცხოვრება. თუმცა, უნდა იცოდე, რომ ღმერთი ყოველთვის შენს მხარეზე იქნება. მრავალი წლის განმავლობაში ბერი სოფრონი, როგორც განდეგილი, ისე ცხოვრობდა, რათა ასკეტურად ეღვაწა. სიტყვებით არ შემიძლია აღვწერო ის ზეციური სიყვარული, რომელიც ბერს გულში ქრისტეს წყალობით და ქრისტესთვის ჰქონდა. ეს სიყვარული ახლოდან უნდა შეგეგრძნოთ!

დარწმუნებული ვიყავი, რომ მას სრული წარმოდგენა ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რასაც ამბობდა, როდესაც მირჩია ნუ „მივიწებებდი ეტიკეტს“, როგორც, თუნდაც მე მივიღებდი მხედველობაში. ყოველთვის, როცა მის გვერდით ვიყავი, ვგრძობდი რაღაც გამოუთქმელ საიდუმლოს – ეს სიყვარული მისი იუმორის მიღმაც კი ჩანდა. როდესაც იცინოდა – და ეს ხშირად ხდებოდა, მაშინ როცა ერთად ვიყავით – მთელი სხეულით ძაგძაგებდა და გეგონებოდათ, თითქოს, ღრუბელს ზევით აჰყავდა იგი. რადგან ჯერ არ იყო მზად მისი ეკლესიის წიაღში მივეღე, ერთხელ, სხვა დროს, კიდევ მითხრა, რომ უკან დავბრუნებულიყავი.

დამშვიდობებისას მითხრა ის, რაც სურდა უკან დაბრუნების მგზავრობის დროს ჩემს ფიქრებს თან მიჰყოლოდა. დარწმუნებული იყო, რომ ეს სიტყვები სულიერ სარგებელს მომიტანდა: „ადამიანები იბადებიან დაფარული შესაძლებლობით, რომ მიაღწიონ „იპოსტასის“ დონეს. ლოცვის ძალით შესაძლებელია პირობითი არსის რეალურად შეცვლა. ამგვარად, ადამიანი იქცევა ღმერთის ხატად და მსგავსად, როგორც იგი მისი შემოქმედის მიერ იქნა შექმნილი“. შემდეგ კი დაუმატა:

„კლაუს, გირჩევ გულით ილოცო. აი, ეს სიტყვებია: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი“. თუკი, ამ „გულის ლოცვას“ გამუდმებით იმეორებ, ნახავ, თუ როგორ კარგ ცვლილებას მოგანიჭებს უფალი“.

ამ სიტყვებით დამემშვიდობა. გზაში, როდესაც უკან ვბრუნდებოდი, ვფიქრობდი, თუ რა ხშირად მქონია ლოცვის ძალის დამამტკიცებელი მაგალითები. თუმცა, ეს უკავშირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ სხვებს, მაშინ მე საკუთარ თავზე ჯერჯერობით არ მქონდა განცდილი ლოცვის მადლი. მანამდე ვფიქრობდი, რომ ვიღებდი „წყალობას“, რომლებიც ჩემს სვლას ყოვლად უმაღლესისკენ ნათელს ჰფენდნენ და აძლიერებდნენ უფლისადმი ჩემს რწმენას. და თუმცა, იესო ქრისტე არ იყო ის, ვინც თქვა: „ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე“ (იოვანე, 20, 29)? როგორ შევძლებდი, რომ ამისთვის მიმეღწია? იქნებ, სწორედ აქ იყო დამალული იმ წინააღმდეგობის გასაღები, რომელსაც მე არქიმანდრიტი სოფრონი მიწევდა? იქნებ, სწორედ ეს იყო ჩემ მიმართ არსებული სიყვარულის გამომჟღავნება? ვგრძნობდი და დარწმუნებული ვიყავი ამაში, რომ მას მე ვუყვარდი უფრო მეტად, ვიდრე ვინმე სხვა ნებისმიერ ადამიანს, რომლებსაც ჩემს ცხოვრებაში შევხვედრივარ. სწორედ ეს მიმაჩნდა მისი სიწმიდის მანიშნებლად: ვგულისხმობ იმ სიყვარულს, რომელიც მთელი სამყაროს მიმართ, ყოველი ადამიანის, თავისი მტრების მიმართაც კი გააჩნდა. არ შემეძლო არ მეფიქრა, რომ მისი მამობრივი ინტერესი ღმრთიური ჩარევის ნაყოფი იყო, რადგან მანამდე, ასეთი სიყვარული არასოდეს მიმიღია. სულიერ მოძღვართან ჩემი შეხვედრების დროს, იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა მასთან დალაპარაკება არ იყო საჭირო. უბრალოდ, მხოლოდ მის სიახლოვეში ჯდომაც კი იყო „სიყვარულის მოქცევა“, რომელიც სიხარულით ავსებდა ჩემს გულს.

თუმცა, რა სურდა ჩემთვის დაემალა ან უფრო სწორად, რისგან სურდა ჩემი დაცვა? მიძნელდებოდა პასუხის პოვნა და ასე დავიწყე ჩემ თავში მისი ძებნა. მას შემდეგ, რაც შევიცვალე, ვერანაირი სახის შიშს ვერ ვგრძნობდი. როდესაც ყველაზე საშინელი კოშმარებიდან მეღვიძებოდა, უბრალოდ ვიცინოდი. მაშინაც კი, როცა მეძინა, ვიცოდი, თუ როგორ დაამარცხა უფალმა სიკვდილი. ჩემი რწმენა იესო ქრისტეს მიმართ შეურყეველი იყო. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ერთი მოულოდნელი შემთხვევის წყალობით, თავად განვიცადე ჩემი სხეულით ქრისტეს, როგორც „მკურნალი ექიმის“ არსებობა. სუროჟის მიტროპოლიტმა ანტონ ბლუმმა, ხელის შეხებითა და მოკლე ლოცვით, გამათავისუფლა საშინელი ტკივილისაგან, რომელიც ბეჭში მქონდა. აი, უკვე მრავალი წლის განმავლობაში ვფლობდი შინაგან სიმშვიდეს, რომელიც არც ერთი წამით არ შერყეულა. რადგან მპატიობდნენ სხვები, მეც ვისწავლე პატიება. მაშინ რაღა მაკლდა? მწამდა. ღმრთის ნებას ვასრულებდი. ჩემს სიკეთეს მოყვასს ვუნაწილებდი. ვლოცულობდი. თავს თავისუფლად ვგრძნობდი. თუმცა, ვიყავი კი თავისუფალი? რისთვის მამზადებდა სულიერი მოძღვარი სოფრონი? ეს უნდა მცოდნოდა. და აი, ახლოვდებოდა ის წამი, როდესაც მართლაც ყველაზე საოცარ აღმოჩენას გავაკეთებდი! მაგრამ უფალმა იცოდა, რომ იმ მომენტში მე ჯერჯერობით არ ვიყავი ამისთვის მზად.

მიმაჩნია, რომ დღეს ქრისტიანთა უმრავლესობა იმავე სიგანის ტალღაზე ირყევა: ღმრთის სიტყვას იმისათვის იყენებენ, რათა თავიანთი თავი გაამართლონ. თუმცა, ასე თავს იბრმავებენ და არ ძალუძთ იმ ვნებებისა და ცოდვის დანახვა, რომელიც მათშია დამალული. რაც კი შეუძლიათ ყველაფერს აკეთებენ, იმისათვის, რომ თავიანთი სულის სიღრმეებსა და გულში ჩაყვინთვის ამ სიძნელეს აარიდონ თავი. მთელი ძალით იბრძვიან, რათა იპოვონ მკურნალობა იმ ავადმყოფობებისგან, რომელნიც მათ სხეულს სტანჯავენ, მაშინ როდესაც, იმავე წამს უგულებელყოფენ ღმრთის სახებას, რაც ყოველივე ამის უკან არსებობს. თუმცა, აქ მდგომარეობს პარადოქსი: რაც უფრო მეტს დავითმენთ ჩვენი შეცდომებისა და ცოდვების გამო, მით უფრო მეტად მოგვანიჭებს უფალი თავის მადლს და მით უფრო მეტად შესაგრძნობი გახდება ჩვენს ცხოვრებაში სული წმიდის არსებობა. ხოლო ვერანაირ სარგებელს მივიღებთ ჩვენი ცოდვების დამალვით…

წყარო: კლაუს კენეფი, ათასი მილი გულის ადგილამდე, გამოცემები „ენ პლო“, მე-3 გამოცემა, ათენი, აპრილი, 2010 წელი.

Σχετικά άρθρα ბერი სოფრონი ესექსელი
კლაუს კენეფის კომენტარები ნეტარი ბერის – სოფრონ ესექსელის პიროვნების შესახებ Αλέξανδρος Χριστοδούλου 24 May 2015 ძვირფასო მკითხველო, გთავაზობთ მცირე ნაწყვეტს კლაუს კენეფის წიგნიდან "ათასი მილი გულის ადგილამდე". ავტორი უბრალო ენით აღწერს იმ დიად ურთიერთობებზე და სიხარულზე რომელიც თანამედრეოების ბუმბერაზ ბერს, არქიმანდრიტ სოფრონ ესექსელსა და მის შორის წარმოიშვა. ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე, რომ უფრო მეტი, ვიდრე, დაახლოებით, ოცდახუთი ქრისტიანული კონფესია - რომე...
ესექსის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის წმიდა მონასტრის წინამძღვრის ბერი სოფრონის უკანასკნელი დღეები (+11/7/1993) Αλέξανδρος Χριστοδούλου 17 September 2014 ბერმა სოფრონმა გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე დახუჭა თვალები და ჩვენთან საუბარი აღარ მოისურვა. მას სახე მოწყენილი კი არა, გაცისკროვნებული და დაძაბული ჰქონდა. დაახლოებით იგივე გამომეტყველება აღბეჭდოდა, როგორც საღმრთო ლიტურგიის აღსრულების ჟამს. თვალებს აღარ ახელდა და არც სიტყვებს წარმოთქვამდა, მაგრამ ხელს ზევით სწევდა და გვლოცავდა. სიტყვების გარეშე გ...
დედობა, როგორც ღირსება ქალისა Αλέξανδρος Χριστοδούλου 29 April 2013 გასული საუკუნეების განმავლობაში, ქალის ადგილი განსაკუთრებით რთული იყო, და ახლაც, ჩვენს თანამედროვეობაშიც, იგი არაა სრულად განსაზღვრული. ცხოვრების ყოველ საფეხურზე ეს პრობლემა ძალიან ბუნდოვნადაა წარმოდგენილი, როგორც სახელმწიფო კანონმდებლობისა და საზოგადოების წყობის დონეზე, ისე შრომის განაწილების, აღზრდა-განათლებისა და, საეკლესიო ცხოვრების დონეზეც. უკ...
შინაარსი
სანიშნეები