წმიდა მაქსიმე ბერძნის ცხოვრება (ნაწილი II) [იტალიიდან ათონის წმიდა მთაზე]

24 December 2013

იერონიმე სავონაროლა და ეპოქის საზოგადოებრივი მღელვარებები

მიქაელ ტრივოლისის სწავლის პერიოდი, სამწუხაროდ, კერპთაყვანისმცემლური აზროვნების მქონე ბრძენთა „ფსევდოკლასიკური ისტერიის აყვავების“ [1] ხანას ემთხვევა. იმ ეპოქაში, კონკრეტულად XV საუკუნის ბოლოს, იტალია ურწმუნოებისა და ცრუმორწმუნეობის ავადმყოფობით იტანჯებოდა. სამწუხაროდ, უძველესი დროის კლასიკური ხანის მიმბაძველობით მეცნიერებათა განვითარების შედეგად კერპთაყვანსიმცემლობის ყველა ის ელემენტი დამკვიდრდა, რომლებიც უარსაყოფი იყო, მაგრამ საზოგადოებრივ ცხოვრებაში საბოლოოდ დაინერგა.

Ag.-Maximos-Vatopaidinos-Graikos-05

წმიდა მაქსიმეს თანამედროვე, იტალიელი დომინიკე ბენივენი ამასთან დაკავშირებით წერს: „იტალიაში ცოდვა და დანაშაული გამრავლდა, ვინაიდან ქვეყანამ ქრისტეს რწმენა დაკარგა“ [2]. იმ დროს სწამდათ, რომ ყველაფერი ამ სამყაროში, განსაკუთრებით კი ადამიანის ბედ-იღბალი, ბედისწერის თამაშების შედეგი იყო. ხალხი მომავალ საიქიო ცხოვრებას უარყოფდა და სარწმუნეობას დასცინოდა. ფილოსოფოსები რელიგიას ზედმეტად მარტივად მიიჩნევდნენ და მას მხოლოდ ხანში შესული ქალებისა და გაუნათლებლებისათვის შესაფერად თვლიდნენ. სხვანი კი მას როგორც სიცრუესა და ადამიანთა ფანტაზიის ნაყოფს უყურებდნენ. მთელს იტალიაში და განსაკუთრებით ფლორენციაში ამგვარი მდგომარეობა იყო. ქალი თუ კაცი, თითქმის ყველა კერპთაყვანისმცემლური ჩვეულებებით ცხოვრობდა, მოსწონდათ გამომწვევი სახის პოეზია, ასტროლოგია და სხვადასხვა სახის ცრურწმენები. დასავლეთში ეკლესიის წარმომადგენლებშიც კი დაკარგულიყო ჭეშმარიტი რწმენა.

ეკლესიის წევრებსა თუ საეკლესიო ინსტიტუტებს – ყველას გაეყალბებინა, გაეამქვეყნიურებინა და გაეუკუღმართებინა სახარების ჭეშმარიტი აზრი. შემთხვევითი არ არის, რომ რომაული კათოლიციზმის ეს დაცემა რეფორმის გატარების მიზეზი გახდა, რომელიც ცოტა მოგვიანებით ლუთერის, კალვინისა და ცვინგლის პროტესტანტური განშტოებების გამოჩენის შედეგად გატარდა. სქოლასტიკას რენესასნის ხანა ჩაენაცვლა, რომელმაც თავის მხრივ ესტაფეტა რეფორმას გადასცა. დასავლეთში ამ საზოგადოებრივი და თეოლოგიური მიმდინარეობების არსებობას, რა თქმა უნდა, მკაცრი ქრონოლოგიური ჩარჩოები არ გააჩნია. მაგალითად, დასავლეთში თეოლოგია ჯერაც არ გასცდენია სქოლასტიკურ ხასიათს.

ურწმუნოების ავადმყოფობას და რწმენის დამახინჯებას შეეძლო მაქსიმეზეც მოეხდინა ზეგავლენა, რომელიც მაშინ ძალზე ახალგაზრდა იყო. მაგრამ უფლის მადლმა იგი არ მიატოვა და მისი ღრმა რწმენის გამო, რომელიც მან მემკვიდრეობად მშობლებისაგან მიიღო, განსაკუთრებული მისტიური მადლისმიერი შეწევნის ღირსი შეიქნა. უფლისმიერმა მადლმა იგი უვნებლად დაიცვა ურწმუნოების ტალღებში დანთქმისაგან. მართლაც, იმ დროს შეუძლებელი იყო, მხოლოდ ერთი ახალგაზრდა აღდგომოდა წინ ურწმუნოებით საყოველთაო ავადმყოფობას უფლის განსაკუთრებული შემწეობის გარეშე. ეს ის დრო იყო, როცა თავად მაქსიმეს მასწავლებლებიც კი ამ არასწორი მიმართულებით მიდიოდნენ, რადგან „კეპთაყვანისმცემლურ ჩვეულებათა“ [3] ტალღა მათზეც დიდ ზეგავლენას ახდენდა.

იტალიური რენესესანის ხანის ჰუმანიზმი აშკარად ანტიქრისტიანული იყო. ქრისტიანული რწმენის უარყოფა უპირატესობის ნიშანი იყო. ის, ვინც ქრისტიანულ თვისებებს გამოამჟღავნებდა ჩამორჩენილად ითვლებოდა. მსუბუქ და ირონიულ ატმოსფეროში განიხილავდნენ იმ უმნიშვნელოვანესი და უწმინდესი საკითხებს, რომლებიც ქრისტიანულ დოგმებს, საეკლესიო საიდუმლოებებსა და წმინდა წერილს ეხებოდა. ყოველივე კლასიკურით მანიაკალურმა გატაცებამ ხალხი ზნეობრივ თავაშვებულობამდე, ზნეობის დაცემამდე და სრულ უზნეობამდე მიიყვანა. ზოგიერთი პაპი საჯაროდ დასცინოდა კიდეც ყველა ზნეობრივ ნორმას. სასულიერო პირი, რომელსაც ანტიქრისტიანული აზროვნება არ ჰქონდა, განვითარებულად არ ითვლებოდა. წმიდა საკურთხეველშიც კი იყო სკანდალური შინაარსის მხატვრული ნაწარმოებები შიშველი ქალების გამოსახულებით. მღვდლები საიდუმლოებების აღსრულების დროს ლოცვის მაგივრად მკრეხელობებს ამბობდნენ. მძარცველები, მკრეხელები და მკვლელები კარდინალების სასახლეებში იმალებოდნენ. პაპები დამნაშავეებს ფულის სანაცვლოდ ინდულგენციებით ამარაგებდნენ და არგუმენტად მოჰქონდათ სიტყვები, რომ ღმერთს „არ სურს წარწყმედა ცოდვილისა“.

ზნეობრივი პარალიზების პარალელურად საშიშ დონეზე განვითარდა ასტროლოგიის ვნება. ეს ცრუმორწმუნეობა ჩვენი წელთაღრიცხვის მე-12-ე საუკუნიდან მოყოლებული მკვიდრდებოდა მმართველების სასახლეებში. ყველა მთავარ-გამგებელს თავისი ასტროლოგი ჰყავდა, რომლისგანაც რჩევა-დარიგებებს იღებდა ყოველი გადაწყვეტილების მიღების დროს. ასტროლოგს ვარსკვლავების საშუალებით უნდა განესაზღვრა მისთვის ყოველი საქმის დაწყების ზუსტი დღე და საათი. მე-14-ე საუკუნიდან მე-16-ე საუკუნემდე არისტოკრატებს და ყველაზე ღარიბ ადამიანებსაც კი საკუთარი ასტროლოგი ჰყავდათ. გასაკვირი არც არის, რომ უნივერსიტეტებში ასტრონომიის მეცნიერებისა და მეცნიერებად ჩამოყალიბებული ასტროლოგიის შემსწავლელი კურსები ჰქონდათ. ყველაფერს ასტროლოგები განაგებდნენ. ყველა კეთილშობილი წარმოშობის გვარის ბავშვს მისი სიცოცხლის ბოლომდე ჰქონდა გაწერილი ასტროლოგიური პროგნოზი. პაპებიც კი ღებულობდნენ მას, იყენებდნენ და იქადოდენ კიდეც ასტროლოგიის აყვავების გამო.

ქალაქი ფლორენცია იტალიის ყველა ქალაქს უსწრებდა უწესობასა და გახრწნილებაში. ზნეობრიობის კუთხით იმდენად დიდი ცვლილება მოხდა, რომ ეს ქალაქი ნამდვილ ჯოჯოხეთს დაემსგავსა. ოჯახის ინსტიტუტი დაირღვა. იშვიათად ქორწინდებოდნენ. იმდენად იშვიათი იყო ქორწინება, რომ ქალაქის მმართველობა ასაჩუქრებდა მათ, ვინც იქორწინებდა. მეუღლეები ერთმანეთს ღალატობდნენ. მასშტაბურად იმატა არაბუნებრივმა ხორციელმა ცოდვებმა. სინდერმიხი თავის სრულტანიან წიგნში წერს, რომ რენესანსის ხანა იტალიაში „სიბნელის ხანა“ [4] იყო.

მალე უნივერსიტეტებში ამბოხება დაიწყო და საჯარო ქადაგებები მიმდინარეობდა არა მხოლოდ ტაძრებში, არამედ ფლორენციის მოედნებზეც. იერონიმე სავონაროლა (1452-1498) შესძლებს საზოგადოებრივი მდგომარეობის შეცვლას თავისი მქუხარე ზნეობრივი ქადაგებით. მისი პიროვნების სიძლიერემ, ცხოველმა ფანტაზიამ, აზროვნების სიმახვილემ, ხასიათის პირდაპირობამ, მისმა ასკეტურობამ, გულწრფელობამ და ღმრთიურმა მოშურნეობამ ხალხის მასებზე დიდი ზეგავლენა მოახდინა და მან მსმენელების გულებში ცეცხლი დაანთო. მისი მგზნებარე მოშურნეობით გადაკეთდა წმიდა მარკოზის კარტუსიანების მონასტერი, რომლის იღუმენიც გახდა შემდგომში.

სავონაროლას რწმენით ხსნა მხოლოდ ქრისტიანობის გაძლიერებაში იყო. პიროვნული და საზოგადოებრივი გარყვნილება ფსევდოკლასიციზმის შედეგი იყო, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო იესო ქრისტესთან. იგი ყველას სინანულისკენ მოუწოდებდა. აკონტროლებდა სამღვდელოებას და პაპსაც. „ეკლესია გაუჩინარდება. ეკლესია მეთაურის გარეშეა დარჩენილი. პაპი ქრისტიანიც კი არ არის“ [5]. ანტიკური ხანის ფილოსოფოსთა მიმართ არაკეთილგანწყობილი იყო და მოუწოდებდა ყველას დაეწვათ მათი წიგნები, რადგან ისინი გამოუსადეგარი იყო. იგი მეცნიერებას ზიანის მომტანად მიიჩნევდა და თვლიდა, რომ მეცნიერებით მხოლოდ ცოტანი უნდა დაკავებულიყვნენ, რათა ხალხში ადამიანური ცოდნა არ დაკარგულიყო. ფილოსოფიიდან მხოლოდ იმას ღებულობდა, რაც ერესების უარყოფაში დაეხმარებოდა. იგი მთელი სიმძაფრით სახალხოდ კიცხავდა უღმერთო ასტროლოგებს და ამხელდა ბერ-მონაზვნებს, რომლებიც პირად ქონებას იძენდნენ. „მთელი თქვენი ცხოვრება ძილი, სეირნობა და ღამისეული ორგიებია. ეს არის უწმინდური ცხოველების ცხოვრება“ [6], მიმართავდა იგი ფლორენციის მცხოვრებლებს.

სავონაროლას ქადაგებებს მაშინვე მოჰყვა შედეგი. მისი მოღვაწეობის პერიოდში ხალხი ზნეობრივად შეიცვალა. ფლორენცია და მისი შემოგარენი ერთი დიდი მონასტერი იყო. მაგრამ სავონაროლას ამ მამაცი რეფორმის ბოლო ჩვენთვის ცნობილია. პაპ ალექსანდრეს წინააღმდეგ მიმართული მისი გამოწვევა უპასუხოდ არ დარჩენილა. 1498 წლის 23 მაისს მას სიკვდილი მიუსაჯეს. იგი ჩამოახრჩვეს და მისი სხეული ცეცხლში დაწვეს.

სავონაროლას ცხოვრებისეული დრამა მისი ყველა დეტალით იცოდა მიქაელმა, რამაც შემდგომ გადამწყვეტი როლი ითამაშა მის ცხოვრებაში [7]. ბერად აღკვეცილი მაქსიმე რამდენიმე წლის შემდეგ სავონაროლას და იმ ორი ბერის შესახებ წერს, რომლებიც მასთან ერთად გასამართლდნენ: „მათ, ვინც იტანჯა, ლათინური დოგმის აღმსარებელნი რომ არ ყოფილიყვნენ, სიხარულით მივაკუთვნებდი ღმრთისმოშიშების ძველ დამცველთა რიგებს, ვინაიდან ამ ღირსი მონაზვნების ცხოვრებიდან ნათლად ჩანს მხურვალე მოშურნეობა ქრისტეს სახელის სადიდებლად, სულის საცხოვნებლად და მორწმუნეთა გამოსასწორებლად. ეს ყოველივე მე სხვათაგან არ მომისმენია. მე თავად ვარ ამის თვითმხილველი. მე ძალიან ხშირად ვისმენდი მათ ქადაგებებს და მათ სახეებში, არა მხოლოდ ღმრთისმოშიშების მოშურნეობა ამოვიკითხე, არამედ სიბრძნე და წმიდა წერილის უფლისაგან შთაგონებული ცოდნა… ამას იმიტომ კი არ ვწერ, რომ ლათინთა სარწმუნოება წარმოვაჩინო როგორც სუფთა და ყველაფერში მართალი – ნუ გამკიცხავთ ამ სისულელის გამო, არამედ იმიტომ ვწერ, რომ მართლმადიდებლებს დავანახო, რომ ლათინებიც კი, რომელთაც მცდარი რწმენა აქვთ, დიდად ზრუნავენ, ბეჯითობენ და მოშურნეობენ „არა მეცნიერებით“ [8] [რომაელთა მიმართ 10:2], როგორც პავლე მოციქული ამბობს, მაცხოვნებელი მცნებების შესრულებისა და ქრისტეს რწმენისათვის“ [9].

მიქაელ ტრივოლისი წმიდა მარკოზის მონასტერში

ფლორენციაში ყოფნის დროს, როდესაც მიქაელი ჯანფრანჩესკო პიკოსთან მუშაობდა, თავის ძმასთან შუღლში იყო, რომელმაც დაამარცხა [10]. მიქაელს საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ დახმარება ჯანფრანჩესკოს ნათესავს, კარდინალ ოლივიერო კარაფას (Oliviero Carafa) სთხოვა. მან კი მიქაელი წმიდა მარკოზის მონასტრის ბიბლიოთეკარ, ზინობი აცაიოლისთან გაგზავნა. ამგვარად მას კვლავ ექნებოდა მთარგმნელობითი მუშაობის, ბერძნულიდან იტალიურ ენაზე თარგმნის და პატერიკულ ნაშრომებზე სქოლიოთა დართვის შესაძლებლობა.

წმიდა მარკოზის მონასტერში მიქაელის მისვლის შესახებ პირველად 1943 წელს დენისოვმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ თითქოსდა კარტუსიანელთა მონასტერში მოღვაწე სავონაროლას მდივნის ულბალინის (Ulbalini) ქრონიკაში შემდეგი სახით იყო ეს ფაქტი აღწერილი: „ძმა მიქაელმა ემანუელის ძემ, წარმოშობით ქალაქ არტადან, რომელსაც იგივე სახელი ეწოდებოდა მანამდე ერშიც, მიიღო სქემა მონასტრის ძმის მათე მარჩის ხელთაგან, ივნისის თვის თოთხმეტ რიცხვში, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, ქრისტეს შობიდან 1502 წელს“ [11]. ამ მოწმობაში მოთხრობილი ამბის თანახმად მიქაელი, რომელიც ბერად აღკვეცილა, რომაულ-კათოლიკურ მონასტერში მკვიდრდება.

საზოგადოებისათვის ახალი დეტალები ხდება ცნობილი, რომლებიც ამ ფაქტის გამორკვევას უწყობს ხელს. დენისოვმა, მაშინ როცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თავად მოინახულა წმიდა მარკოზის მონასტერი და ამ ხელნაწერის ნახვა მოისურვა (ვინაიდან 1943 წელს მას ეს ხელნაწერი თვითონ არ ენახა, უბრალოდ ინფორმაცია ჰქონდა მისი არსებობის შესახებ), 1948 წელს გამოქვეყნებულ მომდევნო სტატიაში თავად აღიარა, რომ კონკრეტულ ქრონიკაში ვერსად ვერ მიაკვლია ამ ფაქტს. მას აჩვენეს სხვა ხელნაწერი (სახელწოდებით „ ლიბერ ვესტიციონუმ“ („Liber vestitionum“)), რომელშიც ეს ფაქტი იყო აღწერილი. საბოლოოდ, ნინა სინიცინა, რომელმაც 2003 წლის აპრილში ფლორენციაში წმიდა მარკოზის მონასტრის არქივში კვლევა ჩაატარა, აღმოაჩენს ვითომდა ნამდვილ წმიდანთა ცხოვრებას (სათაურით „სპოლიო ჯენერატე“ („Spoglio generate“), 1911 წლის ხელნაწერს), რომელშიც წმიდა მაქსიმე როგორც მონასტრის ბერი კი არ არის მოხსენებული, არამედ როგორც მორჩილი. ამ ხელნაწერის თანახმად წმიდა მაქსიმე მონასტერში 1502 წლის 14 ივნისიდან 1503 წლის აპრილის თვემდე დარჩენილა, ე.ი. სულ ათი თვის განმავლობაში ყოფილა იგი ამ მონასტერში [12].

მაშასადამე, ამ მომენტამდე წმიდა მარკოზის მონასტერი წმიდა მაქსიმესთან დაკავშირებით სამ ქრონიკას – წმიდანთა ცხოვრებას წარმოგვიდგენს: პირველი ქრონიკა, ყველაზე ძველი, რომელიც სავონაროლას და იმავდროულად წმიდა მაქსიმეს მდივანმა ულბალინიმ (Ulbalini) დაწერა, საერთოდ არანაირ ინფორმაციას არ შეიცავს მიქაელ ტრივოლისის შესახებ. მეორე ქრონიკაში, სახელწოდებით „Liber vestitionum“, არსებობს ჩანაწერი მიქაელ ტრივოლისის შესახებ, სადაც იგი მოხსენიებულია როგორც დომინიკანელთა მონასტრის ბერი. მესამე ხელნაწერში, სახელწოდებით „Spoglio generate“, რომელიც 1911 წლის ხელნაწერია, წმიდა მაქსიმე მოხსენიებულია როგორც მონასტრის ერთ-ერთი მორჩილი. ისმის შეკითხვა, საბოლოოდ ამ სამი ხელნაწერიდან რომელია კარტუსიანელთა მონასტრის ნამდვილი ქრონიკა – წმიდანთა ცხოვრება? რატომ არ უნდა დავუჯეროთ იმ მოსაზრებას, რომ სწორედაც რომ პირველი ხელნაწერი – რომელიც ყველაზე ძველია ამ სამ ხელნაწერთაგან და რომელშიც საერთოდ არ მოიხსენიება მიქაელ ტრივოლისი – არის ნამდვილი?

მრავალი ქრონიკის – წმიდანთა ცხოვრების არსებობა მსგავსი სცენარით ჩვეული ფენომენია რომაულ-კათოლიკური ეკლესიის პროპაგანდის ისტორიაში. ლათინთა ერთ-ერთი მტკიცე ტაქტიკაა სწორედ ხელნაწერთა ფალსიფიკაცია და გაყალბება ისეთ დონეზე, რომ მართლმადიდებლები როგორც ყოველივე ლათინურისადმი დადებითად განწყობილნი და მათთან ერთობაში მყოფნი წარმოჩნდნენ. მსგავს ფაქტებს განსაკუთრებით მასშტაბური სახე ფერარა – ფლორენციის კრების შემდგომ (1493 წ.) მიეცა [13].

ახლა კი წმიდა მაქსიმეს ცხოვრების სანდო მკვლევართა ლოგიკურ მსჯელობას მივყვეთ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.

ვლასიოს ფიდასი წერს: „როგორც ჩვენ ზოგადად გვგონია ამ ვითარებაში ფაქტები სავსებითაც არ არის ნათლით მოფენილი, ვინაიდან თავად მიქაელი თავს არ აარიდებდა მოხსენიებულიყო მისი ცხოვრების ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენის აღწერისას… მიქაელის სრული სიჩუმე ამ მოვლენასთან დაკავშირებით მიგვანიშნებს, რომ მას თავად სინდისი არ ჰქონდა დამძიმებული წმიდა მარკოზის მონასტერში ყოფნის გამო. როგორც ჩანს ეს ფაქტი მას არასდროს ჩაუთვლია მონაზონთა რიგებში შერაცხვის დარად… ეს ფაქტი კი შესაძლებელია განიმარტოს, როგორც სამონასტრო შესამოსელის უბრალოდ ჩაცმის ფაქტი მიქაელის ამ განსაკუთრებულ მონასტერში სხვადასხვა მიზეზით ხანგრძლივად დარჩენის გამო“ [14].

კონსტანტინოს ცილიანისს მიაჩნია, რომ მიქაელის სახელის, როგორც მონაზვნის, დაფიქსირება მონასტრის ქრონიკაში არის „ტყუილი და ფარული ჩანაფიქრის შემცველი“ და „პაპების პროპაგანდას“ უკავშირდება“ [15].

ისმის შეკითხვა, როგორ გახდებოდა მიქაელი მონაზონი ორი წლის მანძილზე მორჩილებაში წინასწარ გამოსაცდელი პერიოდის გავლის გარეშე? ან რატომ არ შეიცვალა მაშინ საერო სახელი, როგორც ეს ჩვეულებისამებრ იყო მიღებული? ან მისმა მტრებმა რატომ არ გამოიყენეს ეს ფაქტი მის საწინააღმდეგოდ მართლმადიდებლური რწმენისადმი მისი ღალატის არგუმენტად და არ მოუწოდეს მას ამის გამო თავი ემართლებინა? იგი რომ ასეთ სარწმუნოებრივ დათმობაზე წასულიყო, ნუთუ ეს ფაქტი არ გამოააშკარავდებოდა მართლმადიდებლობის ბურჯ ათონის წმიდა მთაზე? „ყოველ შემთხვევაში, ლათინიზმთან მისი ზიარება არც მის ცნობილ ანტილათინისტურ და არც მის ფილოპატერიკულ სულთან არ არის თავსებადი“ [16]. თავად წმიდა მაქსიმე თავის ერთ-ერთ სიტყვაში აღიარებს: „და შენ, კაცთმოყვარეო უფალო, ვევედრები შენს გამოუთქმელ სიკეთეს, ნუ მომივლენ ჩემს წინააღმდეგ ასეთ რამეს, არამედ წყალობისამებრ შენისა, ვითარცა დამიცევ მე დღევანდლამდე, ხელთა შენთა უმადური ქმნილება, მართლმადიდებლური ქრისტიანობის რწმენის წიაღში, ამგვარადვე ინებე, ყოვლადსახიერო უფალო და უკანასკნელ წუთამდე დამიცევ მე ურყევად გულსა შინა მქონებელი სარწმუნოების დიდი საიდუმლოსი. შენ უწყი უფალო, რამეთუ სიყრმიდანვე შევიყვარე იგი და აწ მიყვარს იგი მთელი სულითა და გულით და არა შეცდომილ ვარ ჩემს სურვილში, არამედ უსაზღვრო კაცთმოყვარებითა და მადლითა შენითა ღირს ვიქმენ ბერ-მონაზონთა ღმრთივსათნო კრებულს შევრთვოდი“ [17].

წმიდა მაქსიმე მართლაც რომ გამხდარიყო დომინიკანელი მონაზონი, იგი აუცილებლად დაწერდა რაიმე ნაშრომს, რომ აეხსნა ის მიზეზები, რის გამოც გადადგა ეს ნაბიჯი და სინანულით მოითხოვდა პატიებას მისი ამ შეცოდების გამო. ამის მსგავს ფაქტს კი ჩვენ ვერსად ვერ ვხედავთ. არც რომაელ-კათოლიკები, რომლებიც მაშინ მოსკოვში იმყოფებოდნენ, არ სდებენ ბრალს წმიდა მაქსიმეს დიდი გამგებლისა და პატრიარქის წინაშე იმ ფაქტის გამო, რომ იგი ოდესმე მათი საწმუნოების ბერ-მონაზონი ყოფილიყოს. ამგვარი რამ სინამდვილეში რომ მომხდარიყო, ეს ფაქტი მისი მტრების ხელში მის წინააღმდეგ მიმართულ იარაღად იქნებოდა გამოყენებული. არც 1525 და 1531 წლების კრებებზე გაჟღერებულა მსგავსი ბრალდება წმიდა მაქსიმეს წინააღმდეგ, მაშინ როცა უსირცხვილოდ ძალიან ბევრ ტყუილ ბრალს სდებდნენ მას.

ზოგიერთნი ამტკიცებენ, რომ მიზეზი, რის გამოც წმიდა მაქსიმემ ათონის წმიდა მთაზე ვერ მიიღო საეკლესიო წოდებები, მისი რომაული კათოლიციზმის დოგმის აღიარება იყო. მათ, ვინც ამდაგვარად ფიქრობენ, არ იციან მთაწმინდური ტრადიცია, განსაკუთრებით კი იმ ეპოქისა. მთაწმიდის მონასტრებში ასეთი ტრადიცია იყო, რომ თითოეულ მონასტერს მხოლოდ ერთი ან ყველაზე ბევრი ორი მღვდელმონაზონი ჰყავდა, რომლებიც ლიტურგიას აღასრულებდნენ. ღირსი ათანასე ათონელი, მიუხედავად იმისა, რომ იღუმენი იყო, არ იყო მღვდლად ხელდასხმული. მღვდლის მოვალეობების შესასრულებლად მას მხოლოდ ერთი მღვდელმონაზონი ჰყავდა მონასტერში. ათონის წმიდა მთის მონასტრებში 1821 წლის ბერძნული აჯანყების შემგომ მალევე იმკვიდრებს ფეხს იღუმენის წოდების მღვდელმონაზვნის ხარისხთან და ასევე ერთი ბერ-მონაზვნის პრესვიტერად ხელდასხმასთან გაიგივების ტრადიცია. წინამძღვრის წოდებასთან დაკავშირებით არსებობს ტრადიცია, რომელიც დღესაც გრძელდება. ამ ტრადიციის თანახმად წინამძღვრის მუდმივ წოდებას მონასტერში არა ნაკლებ 10 წლის ცხოვრების შემდეგ ღებულობდნენ. წმიდა მაქსიმემ ათონის წმიდა მთაზე სწორედ 10 წელი იცხოვრა და რა თქმა უნდა არ ვიცით, რა მოხდებოდა მისი ათონის წმიდა მთაზე დარჩენის შემთხვევაში. თუკი წინამღვრის ადგილი თავისუფალი იქნებოდა ვფიქრობთ, რომ იგი აუცილებლად დაიკავებდა მას. ასევე მიგვაჩნია, რომ თუკი თავმდაბალ მაქსიმეს დაავალებდნენ, მორჩილების გამო, მღვდლობის ხარისხსაც მიიღებდა. მონასტრის მამების კრებულის წინაშე იგი იმდენად თავმდაბალი იყო, რომ, როგორც თავად ამბობს, თურქთა მიერ დაპყრობილ საბერძნეთში მოგზაურობდა და შემოწირულობებს აგროვებდა.

ამგვარად, საქმე ძალიან მარტივად არის. მაშასადამე, მიქაელი წმიდა მარკოზის მონასტერში მხოლოდ და მხოლოდ სტუმარი იყო. იქ იგი მუშაობდა და საზღაურსაც იღებდა ტექსტების თარგმნაში. ამ მონასტერში მან ერთი წელი გაატარა, „ოღონდ მას არაფრის გულისთვის არ უარუყვია მართლმადიდებლობა. იმ დროს, ეკლესიათა გაერთიანების (ფერარა-ფლორენციის კრება, 1439 წელი) მრავალი წარუმატებელი ცდის მიუხედავად მაინც ფიქსირდებოდა ეკლესიათა გაერთიანების ცალკეული შემთხვევები“ [18]. მონასტრიდან წასვლის შემდეგ იგი თავის ერთ-ერთ მეგობარს, სკიპიონას კარტერომაქოსს ეპისტოლეში შემდეგს წერდა: „მივატოვე მონასტრული ცხოვრება“ [19]. იგი გულისხმობდა მონასტრიდან წამოსვლის ფაქტს, ყოველგვარი პროცედურის გავლის გარეშე. მონასტერში მისი ყოფნის პერიოდი დასრულდა იმ საქმის დასრულებისთანავე, რაც მას ჰქონდა დაკისრებული. იგი უკვე თავისუფალი იყო და ფიქრობდა თუ რა გაეკეთებინა მომავალში.

მიქაელ ტრივოლისი გრძნობდა, რომ რომაულ-კათოლიკური მონასტრის დატოვების შემდეგ მასში მომკვდარიყო იტალიური აღორძინების ხანის ჰუმანიზმის ტრფიალი და მისი რწმენა მეცნიერების ღირებულებისადმი. „ძველი მიქაელი ქრისტიანული ჰუმანიზმის მიქაელმა ჩაანაცვლა“ [20]. მიუხედავად იმისა, რომ მან თავად იცხოვრა იტალიაში ჰუმანიზმის აყვავების დროს, იგი თავისი წინაპრების იდეებით იყო მოხიბლული და სხვა მის თანამედროვეთა მსგავსად არ გამხდარა ლათინი ჰუმანისტი. მის ჰუმანიზმს დენისოვი „ქრისტიანულს“ უწოდებს [21]. მამა გიორგი ფლოროვსკი წერს: „მიუხედავად იმისა, რომ იგი არ იყო ჰუმანისტი ამ სიტყვის დასავლური გაგებით, წმიდა მაქსიმე შეიძლება დახასიათდეს, როგორც ბიზანტიელი ჰუმანისტი… წმიდა მაქსიმეს რელიგიური ტონი ბიზანტიური იყო“ [22].

იგი ეკლესიის დიდ მამათა ნაშრომებში ფორმულირებულ ეკლექტიკას მისდევდა, რაც პირველი საუკუნეების საეკლესიო ტრადიციის თანახმად კლასიკური ბერძნული აზროვნების დაბალანსებულ და ჰარმონიულ გამოყენებას წარმოადგენს [23]. მიქაელი კლასიკურ ბერძნულ ფილოლოგიას სწავლობდა მართლმადიდებლური ტრადიციის კრიტერიუმებით. ამას გარდა იგი პიკოსთან (Pico) მუშაობდა, თარგმნიდა რა და სქოლიოებს ურთავდა მამათა ნაშრომებს [24]. ამგვარი კვლევით იგი ჰუმანისტთა ყველა შიდა წინააღმდეგობებსა და კერპთაყვანისმცემლურ და წარმართულ მიმდინარეობებს ემპირიულად გაეცნო. მან აღორძინების ხანის სული და აღმსარებლობა სრულიად უარყო და იტალია 35 წლის ასაკში დატოვა, მყარად დარჩა რა მართლმადიდებლური სარწმუნოების ერთგული. ცხადია, რომ მან იმ ადამიანთა სიშიშვლე დაინახა, რომლებიც უფლის მადლისგან შორს იყვნენ. იგი დიდად ცდილობდა, რომ მუდამ ქრისტიანული ცხოვრების ავთენტური გზით ევლო.

ღირსი გრიგოლის წმიდა მონასტრის იღუმენი, მამა გიორგი წერს: „როგორც ჩანს, იტალიაში მისი ყოფნის მთელი ამ პერიოდის მანძილზე მასში სულიერი დუღილი ხდება, შესაძლოა ბრძოლაც კი იყო ეს ცხოვრების ორ სხვადასხვა სტილსა და დასავლეთისა და ჰუმანისტურ – ანთროპოცენტრულ და მართლმადიდებლურ და თეო-ანთროპოცენტრულ თეოლოგიებს შორის“ [25]. მან ცხოვრების მეორე სტილი აირჩია. მას ძლიერ სწადდა ადამიანის უზენაესი დანიშნულებისათვის – განღმრთობისთვის მიეღწია და გადაწყვიტა სულიერი სიმშვიდე, რაც მას ასე ძლიერ სწყუროდა, ათონის წმიდა მთაზე – ვატოპედის სავანეში ეპოვა.

იტალიიდან ათონის წმიდა მთაზე – მაქსიმე ტრივოლისი, როგორც ვატოპედელი მონაზონი

მან ამქვეყნიური ამაოებისა და მღელვარების მიტოვება გადაწყვიტა და მონაზვნური ცხოვრება აირჩია. ამ ნაბიჯის გადადგმისას, რა თქმა უნდა, მას პატიოსანი და მკაცრი მონაზვნის, სავონაროლას პირადი მაგალითი და ეკლესიის მამათა ნაშრომების კვლევა – შესწავლა დაეხმარა [26]. თავად იგი უფლის განგებას უმადლის: „ყოველი ადამიანის გადარჩენაზე მზრუნველ ღმერთს რომ სასწრაფოდ არ გამოეჩინა ჩემდამი მოწყალება და არ მსტუმრებოდა თავისი მადლით და არ გაენათებინა ჩემი გონება თავისი ნათლით [27], უკვე კარგა ხნის დაღუპული ვიქნებოდი უღმერთოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად (იტალიაში)“ [28]. უფალი მიქაელს სიკვდილის ხსოვნის მადლით ესტუმრა და მას ყოველივე ამსოფლიურის, მიწიერისა და საეროს მოკვდინების მადლი მიანიჭა. ეს გამოცდილება მისი მონაზვნობისკენ მოწოდების ნიშანი იყო [29]. იმ დროს მიქაელი ვერ აცნობიერებდა, თუ რა ხდებოდა მის თავს, ვინაიდან არ ჰყავდა სულიერი წინამძღოლი, ვისგანაც რჩევა – დარიგებას მიიღებდა. აი ამიტომაც წერს 1504 წელს სკიპიონას კარტერომაქოსისადმი მიწერილ წერილში მისთვის უჩვეულო გრძნობების შესახებ [30].

1505 წლის გაზაფხულზე იგი არტაში ბრუნდება, სადაც ერთი წელი დაჰყოფს. ათონის წმიდა მთაზე მისი დამკვიდრება 1506 წლის გაზაფხულზე ახალგაზრდულ ენთუზიაზმზე არ იყო დაყრდნობილი. ეს ნაბიჯი მან დიდ ხნიანი ფიქრის შედეგად გადადგა. მას შეგნებული ჰქონდა უფლისგან მისი მოწოდება მონაზვნური ცხოვრებისაკენ. იგი უკვე სულიერად მომწიფებული იყო მართლმადიდებლური ასკეტური იდეალებისათვის ცხოვრებისათვის მიეძღვნა თავი, შორს ამა ქვეყნის პირობითი კრიტერიუმებისგან [31].

რატომ აირჩია სწორედ ათონის წმიდა მთა და განსაკუთრებით კი ვატოპედის წმიდა და დიდი სავანე?

უმთავრეს მიზეზს, რის გამოც მან ვატოპედის სავანე აირჩია, იმ დროს მონასტერში წმიდა ნიფონის ყოფნა წარმოადგენს და არა ის ფაქტი, რომ ვატოპედს მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა, როგორც ამას წმიდა მაქსიმეს ცხოვრების ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს.

წმიდა ნიფონი, მეცნიერი და კონსტანტინეპოლის ყოფილი მსოფლიო პატრიარქი, მანუელ ტრივოლისის ოჯახის (წმიდა მაქსიმეს მამა) საყვარელი მეგობარი იყო. იგი ვატოპედის მონასტერში თავის ორ მოწაფესთან, ღირსმოწამე მაკარისთან და იოასაფთან ერთად იმყოფებოდა [32]. წმიდა ნიფონი ბერდიაკვნობის დროს ბერ ზაქარიას მორჩილი იყო. მამა ზაქარია ვატოპედელი მისიონერი და შემდგომში ოჰრიდის ეპისკოპოსი იყო. წმიდა ნიფონმა მისგან აიღო კურთხევა და ასე მოვიდა ათონის წმიდა მთაზე. პირველი მონასტერი, რომელშიც იგი გაჩერდა ვატოპედი იყო. მონაზონმა მაქსიმემ წმიდა ნიფონთან საუბრებიდან გაიგო „მართლმადიდებლური ბერ-მონაზვნობის მწვავე ანტილათინური აზროვნების ღრმა შინაარსი“ [33]. სავარაუდოა, რომ მეცნიერების მოყვარული პატრიარქი მას უფლის მიერ მონიჭებულ თავის სიბრძნესა და გამოცდილებას გადასცემდა. მიქაელი მონაზვნობის დიდ და ანგელოზებრივ სქემას ღებულობს და სახელად მაქსიმე დაერქმევა. იგი საკუთარი თავის სრული უარყოფისა და გაუცხოების მიზნით თავისი გვარის – „ტრივოლისის“ – მართლწერისას ომეგას (ω) ომიკრონით (ο) ცვლის. ჩვენთვის უცნობია თუ ვინ იყო წმიდა მაქსიმეს სულიერი მოძღვარი. მისი სულიერი მოძღვარი შესაძლებელია სამი დიდი მოძღვრიდან – კირილე, ნეოფიტე, სვიმეონი – ერთ-ერთი ყოფილიყო [34]. შესაძლებელია, მისი მონაზვნად აღკვეცა თავად წმიდა ნიფონის ხელით მომხდარიყო.

ჩვენის აზრით, მისი ბერობის სახელი მაქსიმე მონასტერში მიძინებულ კონსტანტინეპოლის ყოფილი პატრიარქის მაქსიმე IV-ის სახელს უნდა უკავშირდებოდეს. წმიდა ნიფონი სწორედ მის შემდეგ იქნა არჩეული პატრიარქად მეორედ [35]. შესაძლებელია, რომ წმიდა მაკარის წამებას ქ. თესალონიკში 1507 წელს დიდი ზეგავლენა მოეხდინა წმიდა მაქსიმეზე და მისი მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში მისი გული გაეთბო მოშურნეობით, რომელიც მუდამ იზრდებოდა მისი ცხოვრების ბოლომდე [36].

ცხოვრებისეული ტალღების ხმაურისგან შორს იგი მონასტრის ტიპიკონის მიხედვით იწყებს ცხოვრებას. იგი უჩინო მონაზონივით ცხოვრობს. მოშურნეობით იცავს მონაზვნური უქონლობის, თავშეკავებისა და მორჩილების აღთქმებს გაურბის რა „ძველი ადამიანის“ ყველანაირ ვნებას [37]. იღწვის საკუთარი სურვილების, ყოველი ნატვრისა და გაუმაძღრობის ცოდვის მოკვეთისათვის. მოღვაწეობს სიჩუმეში დღე და ღამ უწყვეტი ლოცვით. როგორც ნამდვილ მთაწმიდელ მამას მღვიძარებაში ყოფნა დაუსახავს მიზნად. მისი ნაშრომებიდან კარგად ჩანს, რომ იგი ათონის წმიდა მთის მღვიძარებისა და ისიქასტური ცხოვრების ტრადიციის ნამდვილი მატარებელია. მას სათნოებების შეძენის დაუცხრომელი სურვილი ჰქონდა. ამიტომ იგი შესაშური შრომისმოყვარეობით იღწვოდა, რის გამოც ღირსი შეიქნა უფლისგან სიმდაბლისა და სიყვარულის სათნოებებით შემოსილიყო და სული წმიდის ჭურჭელი გამხდარიყო.

წმიდა მაქსიმეს მოღვაწეობის დროს ვატოპედის სავანეს ნახევრად კინოვიური ცხოვრების წესი ჰქონდა [38]. იღუმენი, რომელიც პირველი იყო მონასტრის მართვა-გამგეობაში და საღმრთო ლიტურგიის აღსრულების დროს, ამავე დროს ბერ-მონაზვნების სულიერი წინამძღოლიც იყო [39]. სამწუხაროდ მონასტრის არქივებში არ შემორჩენილა ინფორმაცია წმიდა მაქსიმეს ცოხვრების შესახებ [40]. როგორც მისი ნაწერებიდან ჩანს, მონასტერში მისი ათწლიანი ცხოვრების პერიოდში იგი სისტემატურად იკვლევდა წმიდა მამათა ნაშრომებს. მისი „წინამძღოლი“ თეოლოგიის შესწავლისას იოანე დამასკელი იყო. იგი მას „ფილოსოფიაზე მაღლა“ მდგომად მიიჩნევდა და უბრძნეს და დიდ თეოლოგად, თეოლოგიის მამად თვლიდა. სავარაუდოა, რომ იგი კვლევების დროს ცალკე ჩანიშვნებს აკეთებდა, რასაც რუსეთში წაიღებდა თან. ამ დასკვნამდე მის ნაშრომებში ეკლესიის მამათა მრავალი ტექსტის მოხმობის ფაქტებს მივყავართ, რომელთა ზეპირად დამახსოვრებაც შეუძლებელია.. იმავდროულად საყურადღებოა, რომ ამ ტექსტებს იგი რუსეთში ვერასგზით ვერ ნახავდა. წმიდა მაქსიმეს საეკლესიო და ძველი ბერძნული ლიტერატურის ღრმა ცოდნა ჰქონდა. მამა გიორგი ფლოროვსკის შენიშვნის თანახმად, იგი მისი დროის თანამედროვე სალაპარაკო ენაზე არ წერდა. მისი ენა არქაული და რთული ფილოლოგიური ენაა, რომელიც ბიბლიის ენის მსგავსია [41].

წმიდა მაქსიმეს ვატოპედის მონასტერში სხვა ნასწავლ და წმიდა მონაზვნებთანაც ჰქონდა ურთიერთობა. მათ შორის იყვნენ იობი, „კაცი უსაზღვროდ განსწავლული საღმრთო წერილში…“ [42], მეცნიერი მღვდელმონაზონი საბა, რომელიც მოსკოვის მთავარმა ვასილი III ივანეს ძემ თავდაპირველად მიიწვია რუსეთში საეკლესიო წიგნების სათარგმნად, ვერიის (ცენტრალური მაკედონიის ოლქის ქალაქი) ყოფილი მიტროპოლიტი მეთოდე [43] და ათონის წმიდა მთის პროტოსი (წმიდა მთის უმაღლესი სასულიერო მმართველი) ბერი სვიმეონი [44].

დროის იმავე პერიოდში ვატოპედის მონასტერში ქრისტეს ეკლესიის ნოტარიუსი და ეგზარქოსი, წმიდა თეოფილე მირონმდინარე ცხოვრობდა. იგი „სრული მზაობითა და მორჩილებით“ [45] დაემოწაფა მეთიმნას ეპისკოპოს მალაქიას [46]. წმიდა თეოფილე რამდენიმე წლით ვატოპედის მონასტერში გაჩერდა [47] და შესაძლებელია, რომ ურთიერთობა ჰქონოდა წმიდა მაქსიმესთან. მათ საერთო ინტერესები ჰქონდათ. მონაზვნური ცხოვრებისა და პატერიკული ტრადიციების სიყვარულის გარდა მათ წიგნების სიყვარულიც აერთიანებდა. ისინი, ორივე, წიგნის კითხვის მოყვარული, ბიბლიოგრაფები და ხელნაწერთა გადამწერები იყვნენ. ვატოპედის სავანის ბიბლიოთეკის 1134-ე კოდექსში თავად წმიდა მაქსიმეს ხელით ნაწერი შენიშვნებია შემონახული [48].

უფლის განგებით ვატოპედის სავანე წმიდა მაქსიმეს იქ ცხოვრების პერიოდში გამოჩენილი სულიერი პიროვნებებისა და დიდი საეკლესიო ფიგურების ურთიერთშეხვედრის ადგილი გახდა. ჩვენი ვარაუდით, წმიდა მაქსიმე ამ პიროვნებებთან ურთიერთობით ძალზე დიდ სარგებელს მიიღებდა და გაძლიერდებოდა მაღალი სულიერი მდგომარეობის ჩამოყალიბებისა და მიღწევისათვის. ამ ადამიანთაგან რამდენიმე პიროვნებამ ის თანამდებობები და წოდებები მიატოვეს რაც ეპყრათ და სამოღვაწეოდ ვატოპედის სავანე აირჩიეს. მაგალითისათვის, მაკარიოს პაპაგეორგოპულოსი, რომელიც ჯერ ქალაქ კორინთოს, ხოლო შემდეგ კი ქალაქ თესალონიკის მიტროპოლიტი იყო, გადადგა თავისი ტახტიდან, მოვიდა ვატოპედის მონასტერში, დიდსქემოსანი მონაზონი გახდა და იქ ცხოვრების ბოლომდე დარჩა [49].

წმიდა მაქსიმემ განსაკუთრებით დიდი სარგებელი ღირსმოწამე იაკობის (†1519) ვიზიტების შედეგად მიიღო. იგი იმ პერიოდში რეგულარულად სტუმრობდა ვატოპედის სავანეს, ვინაიდან მისი პირველი მორჩილი მარკიანეც ვატოპედელი იყო [50]. წმიდა იაკობი ვატოპედელი მამების მიპატიჟებით ჩადიოდა იქ და თუმცა უბრალო მონაზონი იყო და არ ჰქონდა სამღვდელო ხარისხი, რჩევა-დარიგებებს აძლევდა მონასტრის მამებს და აღსარებებს იღებდა მათგან. მას მღვდლობა, რიგი მიზეზების გამო, ჭეშმარიტი ქარიზმატური ბერ-მონაზვნური ცხოვრების დროს შემაფერხებლ გარემოებად მიაჩნდა უფლის წინაშე დიდი პასუხისმგებლობის გამო [51]. სავარაუდოა, რომ წმიდა მაქსიმეზე იაკობის მაგალითმა იქონია ზეგავლენა, რომ არ მიეღო სამღვდელო ხარისხი. მან წმიდა იაკობის მიბაძვით იცხოვრა რუსეთში. ძალიან ბევრი ადამიანი, ყველა საზოგადოებრივი ფენიდან, მას ეკითხებოდა რჩევა – დარიგებას მიუხედავად იმისა, რომ იგი უბრალოდ მონაზონი იყო და არა მღვდელმონაზონი, რომელსაც აღსარებების მიღება შეუძლია.

წმიდა მაქსიმემ მანუელ რიტორიც გაიცნო, როდესაც იგი ვატოპედის სავანეს ესტუმრა მისთვის ძალზე საყვარელ პატრიარქ ნიფონ II-სთან შეხვედრის მიზნით. რიტორი და ფილოსოფოსი მანუელი (1481-1531) ქალაქ კორინთოში დაიბადა და კონსტანტინეპოლში ცხოვრობდა. იგი მისი ქვეყნის დიდი სკოლის მასწავლებელი იყო, შემდგომში კი მსოფლიო პატრიარქის მდივანი გახდა. მანუელმა ყოფილი პატრიარქისგან მიიღო ინფორმაცია დიდი განათლების მქონე და პოეტ მაქსიმეს შესახებ და მას თავისი ლექსები გადასცა შესაფასებლად ან შესაძლოა შესასწორებლადაც კი. წმიდა მაქსიმე დიდად აღფრთოვანებულა მანეულის პოეზიით და საქებარი ეპიგრამაც კი გაუკეთებია მისთვის [52].

წმიდა მაქსიმე მჭიდრო ურთიერთობით დაუკავშირდა მღვდელომონაზონ გაბრიელს, რომელიც ათონის მთაზე პროტოსის წოდების მქონე გახლდათ. იგი სლავური წარმოშობის იყო ოჰრიდის რაიონიდან. იგი ათონის წმიდა მთის დედაქალაქ კარიესში მთავარანგელოზთა სახელობის კელიაში ცხოვრობდა, რომელიც ასევე ღირსი მარკოზ ყრუს სახელს ატარებდა. „XVI საუკუნის პირველ ნახევარში იგი ათონის მთის გამორჩეული პიროვნება იყო და მცირე შუალედებით პროტოსი ხუთჯერ გახდა. როდესაც იგი ამ მოვალეობას არ ასრულებდა, მაშინ მაინც რჩებოდა ყურადღების ცენტრში როგორც ყოფილი პროტოსის წოდების მქონე ბერი. მას ხშირად უმოგზაურია მოლდავეთის სამთავროებში“ [53]. სავარაუდოა, რომ ამ მოგზაურობების დროს მას წმიდა მაქსიმეც ახლდა ხოლმე თან.

მან პირველმა დაწერა წმიდა ნიფონის ბიოგრაფია და სხვა ჰაგიოგრაფიული შინაარსის ნაწარმოებები. გაბრიელი, შემდგომში დიდსქემოსანი სერაფიმე, იყო პირველი, რომელმაც მთავარანგელოზ გაბრიელის სასწაულის ისტორია ჩაიწერა, რომელიც „ღირს არსის“ საგალობელსა და ათონის წმიდა მთის ძვირფას სასწაულმოქმედ ხატს უკავშირდება. ამ ისტორიის ჩაწერა დაახლოებით 1516 წლამდე მოხდებოდა [54], ვინაიდან ამ დროს წმიდა მაქსიმე უკვე იცნობს ამ ისტორიას და თარგმნის მას მისი რუსეთში ყოფნის დროს.

პროტოს გაბრიელთან და ვატოპედელ პროტოს სვიმეონთან ურთიერთობების ქონას ასევე მისი ათონის მთაზე პროტატის [პროტატი გახლავთ წმიდა მთის სასულიერო მმართველობის ორგანო; პროტატონი ეწოდება ათონის მთის დედაქალაქ კარიესში მდებარე კათედრალურ ტაძარს, რომელიც ყევლაზე ძველი ნაგებობაა მთაწმიდაზე. იგი ღვთისმშობლის მიძინების სახელზეა აგებული და მასში ინახება ღვთისმშობლის ცნობილი ხატი „ღირს არსი“,] ნოტარიუსად და კანცელარიის მოხელედ მუშაობაც ადასტურებს. პროტოს გაბრიელის სურვილით წმიდა მაქსიმე წმიდა ერასმუსის საღმრთო მსახურებას შეადგენს [56]. კონსტამონიტის წმიდა მონასტერში შემორჩენილია პროტოს თეოფილაქტეს ძნელად გასარჩევი ნაშრომის ტრანსკრიპცია, რომელიც წმიდა მაქსიმეს კალამს ეკუთვნის [57].

კარიესში ბუნებრივია, იგი შეხვდებოდა წმიდა დიონისე ულუმბოელს, გაბრიელ პროტოსის მორჩილს, რომლის აღკვეცაც დაახლოებით 1512 წელს უნდა მომხდარიყო.

წმიდა მაქსიმემ წმიდა მთწმინდელ მამათაგან ბევრი რამ ისწავლა და მრავალი სულიერი სარგებელიც ჰპოვა. ამგვარად შეიძინა მან ჭეშმარიტი მონაზვნისათვის დამახასიათებელი აზროვნება და ავთენტური მთაწმიდური შეგნება.

მონასტერს იმ დროს ძალზე რთული ეკონომიკური მდგომარეობა ჰქონდა. შეაფასეს და აწონ-დაწონეს რა წმიდა მაქსიმეს თვისებები, მას დააკისრეს ათონის წმიდა მთის გარეთ მოგზაურობა შემოწირულობების შეგროვების მიზნით [58]. ამ მისიის დაკისრება მაქსიმეზე მისი პიროვნებისადმი ყველა მონაზვნის კეთილგანწყობას ცხადყოფს [59]. როგორც თავად წერს, იგი „მამათა მითითებით“ მოგზაურობდა თურქთა მიერ დაპყრობილ მაკედონიაში და ეგეოსის ზღვის ბერძნულ კუნძულებზე, რომლებიც ვენეციელთა ბატონობის ქვეშ იყვნენ. უქადაგებდა მათ მცხოვრებლებს და განამტკიცებდა მართლმადიდებელ ბერძნებს მათ სარწმუნოებაში. მისი მოღვაწეობა სახიფათოც იყო, ვინაიდან თურქთა ბატონობის პირველ ათწლეულებში ბერძნები ძალიან რთულ პირობებში ცხოვრობდნენ. ერთხელ იგი წამების ფაქტის თვითმხილველიც აღმოჩნდა, როდესაც თურქებმა ერთი ახალმოწამე ჩამოახრჩვეს [60]. წმიდა მაქსიმე წერს: „ყოველთვის ღიად და შეურყევლად ვქადაგებდი ჩვენს მართლმადიდებლურ სარწმუნოებას მთავრების, სულიწმიდის მადლით განათლებული თუ გაუნათლებელი ხალხის წინაშე. მოკლედ რომ ვთქვა, ყველგან, სადაც კი მაგზავნიდნენ, ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის მამათა სურვილით, სულიწმიდის მადლით განათლებული ვქადაგებდი წმიდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. ისინი კი საკადრისი პატივით მისტუმრებდნენ ათონის წმიდა მთაზე“ [61].

წმიდა მაქსიმე შემოწირულობების შეგროვების მიზნით მოლდავეთის სამთავროებსა და ოჰრიდისა და მელენიკოსის რაიონში მოგზაურობდა, სადაც სავანეს უკვე დაეარსებინა მეტოქები. სავარაუდოდ მონაზონი საბა და გაბრიელი მისთვის ბალკანეთის ნახევარკუნძულის სლავების დიალექტის პირველი მასწავლებლები იქნებოდნენ. ამიტომ, როგორც ჩვენ შემდგომში ვნახავთ, სწორედ წმიდა მაქსიმემ აიღო საკუთარ თავზე რუსეთში გამგზავრების მისია მამათა ნაშრომებისა და ნაწერების გადათარგმნის მიზნით. მას ადვილად შეეძლო შეესწავლა რუსული და საეკლესიო სლავური ენა, რათა ბოლომდე მიეყვანა დაწყებული საქმე.

ბუნებრივია, რომ წმიდა მაქსიმეს ძლიერ ამწუხრებდა მონასტრის ხშირად დატოვება, ვინაიდან ამ დროს იგი მის საყვარელ უზრუნველობასა და სიმშვიდეს კარგავდა. როგორც ნამდვილი მორჩილი საკუთარ თავზე მაღლა იგი მისი ძმების – მონაზვნების სიყვარულს აყენებდა, რომლებიც დიდ სიღარიბესა და გაჭირვებაში ცხოვრობდნენ და საკუთარ თავზე იღებდა სხვადასხვა მოგზაურობების სიმძიმეს. იგი ყოველთვის უხვი შემოწირულობით ბრუნდებოდა უკან, რომელთაც კეთილი შემომწირველებისაგან იღებდა საკუთარი სიბრძნის დაუშრეტელი წყაროდან მომდინარე ქადაგების სიტყვების სანაცვლოდ.

როგორც დენისოვი ადასტურებს, წმიდა მაქსიმეს უმნიშვნელოვანესი მისია იყო რუსეთში გამგზავრება, რომელმაც მას მოციქულის სახელი მოუტანა და იგი გამოაჩინა როგორც XVI საუკუნის მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში სიდიდით პირველი ადამიანი [62].

წყარო: წმინდა მაქსიმე ბერძნის ნაშრომთა სრული კრებული, წმინდა მაქსიმე ბერძნის სიტყვები, ტომი I, თარგმანი: მაქსიმ ციმბენკო – ტიმოთეოს გიმონი, ვატოპედის წმინდა და დიდი სავანის გამომცემლობა, მთაწმიდა, 2011 წ.

Σχετικά άρθρα პემპტუსიას სვინაქსარი
ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ათონის წმიდა მთაზე გაბრწყინებულთა Αλέξανδρος Χριστοδούλου 10 June 2018 სულთმოფენობიდან მეორე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს ყოველთა ღირსთა და ღმერთშემოსილთა ათონის წმიდა მთაზე გაბრწყინებულ მამათა ხსენების დღეს. ...
მართალი ლაზარეს აღდგინება Αλέξανδρος Χριστοδούλου 31 March 2018 მართლმადიდებელი ეკლესია დიდი მარხვის მეექვსე კვირის შაბათს ზეიმობს მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებას. ყოველსა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთჳსცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათჳს ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანნა მაღალთა...
ღირსი იოანე კლემაქსი Αλέξανδρος Χριστοδούλου 18 March 2018 მართლმადიდებელი ეკლკესია დიდი მარხვის მეოთხე კვირის კვირა დღეს აღნიშნავს ღირსი იოანე კიბისაღმწერელის - კლემაქსისი ხსენების დღეს. უდაბნოსა მოქალაქედ და ხორცითა ანგელოზად და სასწაულთა მოქმედთა გამოჩნდი, ღმერთშემოსილო წმიდაო მამაო იოანე: მარხვისა, მღვიძარებისა და ლოცვისა მადლი ზეცით მოიგე, და ჰკურნებ უძლურთა სენთა და სულთა რომლნი სარმუნოებით შენდა მო...
წმიდა დიდმოწამე, საქართველოს მნათობი კახეთის დედოფალი ქეთევანი (+1624) Αλέξανδρος Χριστοδούλου 26 September 2017 მართლმადიდებელი ეკლესია 13/26 სექტემბერს აღნიშნავს წმიდა დიდმოწამე საქართველოს მნათობის კახეთის დედოფალი ქეთევანის ხსენების დღეს. მოწყლულმან სურვილითა საღმრთოჲთა, წყლულებანი მრავალი თავს ისხენ და ტანჯვათა ფერადობანი ახოვნად დაითმინენ, ვინაცა წარმავალისა დედოფლობისა წილ სუფევაჲ ზეცისა დაიმკვიდრე, სამგზის სანატრელო ქეთევან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა...
წმიდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა Αλέξανδρος Χριστοδούλου 28 July 2017 მართლმადიდებელი ეკლესია 15/28 ივლისს აღნიშნავს წმიდა მოწამეთა კვირიკეს და მისი დედის ივლიტას ხსენების დღეს. მკლავთა ზედა ეტვირთა ქრისტეს მოწამე კვირიკე ივლიტას და განხმობილნი სტადიონსა შინა ხმობდა სიხარულით: ქრისტე არს ჭეშმარიტად სიქადულ მოწამეთა. წმიდაო მოწამენო კვირიკე და ივლიტა ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის! ამინ!...
შინაარსი
სანიშნეები