Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
სიკვდილის ხსოვნა & მომავალი სამსჯავროსათვის მზადება (I ნაწილი) | PEMPTOUSIA

სიკვდილის ხსოვნა & მომავალი სამსჯავროსათვის მზადება (I ნაწილი)

28 January 2014

როგორ დავიცვათ ჩვენს გულში სიკვდილის ხსოვნა და უფლის მოსალოდნელი საშინელი სამსჯავრო.

moni-varlaam-meteora_04

წმიდა მამების თქმით, ჩვენს მიერ წამოწყებულ სულიერ ბრძოლაში მეტად საჭირო და სასარგებლოა რომ, ყოველ მიზეზ გარეშე, გვახსოვდეს სიკვდილი და უფლის მოსალოდნელი სამსჯავრო. აბბა ფილოთეოს სინელი ამ სულიერი წვრთნისათვის სასარგებლო ერთგვარ ტაქტიკაზე მიუთითებს. იგი შემდეგს აღნიშნავს: „დილის საათებიდან მოყოლებული, ვიდრე სადილობის დრომდე, დაე, შენი გონება უფალზე ფიქრით იყოს დაკავებული, ანუ ლოცვითა და გულის დაცვით დაკავდი, ხოლო მას შემდეგ რაც უფალს მადლობას გადაუხდი, სიკვდილზე და უფლის სამსჯავროზე დაფიქრდი“. როდესაც გონების ამგვარი ფიქრებით ვარჯიშს შევუდგებით, ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გარდა, დაე, ჩვენი უფლის სიტყვებიც გავიხსენოთ: „უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან“ (ლუკა, 12, 20).

და გვახსოვდეს, რომ უფლის მიერ ჩვენი განსჯის დღეს, ჩვენ მიერ წარმოთქმულ ყოველ ამაო სიტყვას მნიშვნელობა ექნება მინიჭებული. რადგანაც ნათქვამია: „ხოლო გამომავალი პირით გულისაგან გამოვალს და იგი შეაგინებს კაცსა“ (მათე, 15, 18). გავიხსენოთ ასევე წმიდა მოციქულთა სიტყვებიც, რომ დასასრული მოახლოებულია და რომ უფლის დღე ისე მოგვიახლოვდება, როგორც ღამეში ქურდი. მოვა დრო, როდესაც ყოველი ჩვენთაგანი ქრისტეს განსჯის ტახტისა და უფლის სიტყვის წინ წარვდგებით, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი საქმეებისთვისა და ჩვენი სიტყვებისათვის განგვსჯის, არამედ ასევე – ჩვენს გულში ნაფიქრალისთვისაც. წმიდა ანტონი დიდი, მამათა მამა ასე ამბობს: ყოველთვის ვიფიქროთ იმაზე, რომ „ვერ მოვასწრებთ ამჟამინდელი დღის დასრულებასაც კი“.

გავიხსენოთ ასევე წმიდა იოანე კიბისაღმწერელის სიტყვები: დაე, იფიქრე შენი ცხოვრების დასასრულზე და საუკუნეც რომ იცოცხლო, ცოდვას არ ჩაიდენ. იგივე წმიდანი სხვაგან ამგვარად ამბობს: „ხსოვნა სიკვდილზე მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული შენს ცხოვრებასთან“. ხოლო, წმინდა ისააკ ასურის სიტყვებით კი: „ადამიანო, ყოველთვის გახსოვდეს შენს გონებასა და გულში, რომ დადგება ჟამი, როდესაც აქედან უნდა წახვიდე“! თუმცა, არა მხოლოდ ზემოთ აღნიშნული წმიდანები, არამედ თითქმის ყოველი წმიდანი გამუდმებით იყო დაკავებული ამ სათნო წრთვნით. რა თქმა უნდა გამოსაყოფია, რომ კლასიკოსი ფილოსოფოსებიც ასევე საუბრობდნენ სიკვდილის არ დავიწყების აუცილებლობაზე.

მაგრამ, რას ვიზამთ ჩვენ, ცოდვისადმი მიდრეკილი და სუსტი არსებანი? როგორ შევისწავლით ამ წრთვნას, და როგორ შევძლებთ, რომ თუნდაც მცირე ხნით, ეს ფიქრი ჩვენს გულში შევუშვათ? რადგან, როგორც წმიდა ისააკი ამბობს, იმისათვის, რომ ვინმემ სრულყოფილ დონეს მიაღწიოს, გულის სიღრმეში უნდა მოიპოვოს უფალზე ფიქრის მადლი, რაც ღმრთის უდიდესი და ერთ-ერთი შესანიშნავი საჩუქარია. თუმცაღა, ჩვენი გონების გაფანტულობა და თავდავიწყების სიბნელე არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს ყოველივე შევიგრძნოთ. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვფიქრობთ და ერთმანეთში ვსაუბრობთ კიდეც სიკვდილზე, მაინც არ შეგვწევს იმის ძალა, რომ ეს სიტყვები ჩვენი გულების სიღრმეებში ჩავიწეროთ. მიუხედავად ამისა, მაინც ნუ დავკარგავთ იმედს, ნურც სრულიად მივანებებთ თავს ამ მცდელობას, რადგან დროთა განმავლობაში, უფლის შემწეობითა და ჩვენივე მონდომებით ამის მიღწევას შევძლებთ.

თუკი, ვინმე დაფიქრდება იმაზე, რაც კი აქამდე იყო დაწერილი, მიხვდება, რომ ამ სახის წრთვნა ძალიან აუცილებელი და მეტად სასარგებლოა. რადგან, როგორც პური, რომელიც სხვა დანარჩენი საკვებიდან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ასევე ფიქრი სიკვდილზე სხვა სულიერ წვრთნათა შორის უპირველეს ვარჯიშს წარმოადგენს. და როგორც შეუძლებელია, რომ მშიერმა კაცმა სხვა რაიმე საკვები მოითხოვოს და არა პური, ზუსტად ამის მსგავსად ის ადამიანი, ვისაც სურს რომ გადარჩეს, წმიდა მამების თქმით, ამას ვერ მოახერხებს, თუ არ იფიქრებს სიკვდილზე.

ყოველივე ამის შემდეგ, ჩვენს გონებაში გავიაზროთ ის, რაც წმიდანებმა სიკვდილის სხვადასხვა საშინელ შემთხვევათა შესახებ დაწერეს. მაგალითად, როგორც ეს დაწერა წმიდა გრიგოლ დიოლოღოსმა და სხვა უამრავმა მამამ. მე საჭიროდ მიმაჩნია გავიხსენოთ სიკვდილის ის სხვადასხვა შემთხვევა, რომელსაც შევესწარით ან რომლის შესახებაც გვსმენია და რომელიც ხშირად ხდება ჩვენს დღეებში. ძალიან ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ვინმე ერისკაცს, ან თუნდაც მონაზონს, რომელიც უზრუნველად ცხოვრობდა, ტკბებოდა ამქვეყნიური ცხოვრებით და დიდ იმედებს ამყარებდა თავის დღეგრძელობაზე, მოულოდნელად ეწვია სიკვდილი, თუმცაღა მას ჯერ კიდევ არ მიეღწია მოხუცებულობის ასაკამდე. მათგან მრავალმა აღსასრულის დადგომამდე ერთი სიტყვის თქმაც კი ვერ მოახერხა, რადგან სიკვდილი სრულიად მოულოდნელად ეწვია მათ: ზოგს ჭამის, ზოგს კი სმის დროს. სხვებს ის ქუჩაში სიარულისას უეცრად დაატყდათ თავს, სხვებს – თავიანთ საწოლში, სადაც ცოტა ხნით ფიზიკური დასვენების გამო დასაძინებლად წამოწვნენ, თუმცაღა მარადიული ძილით დაიძინეს.

ზოგიერთებს უკანასკნელი ჟამის დადგომისას საშინელი კითხვები ჩაესმათ და შემაძრწუნებელი ფიგურები იხილეს. შეიძლება, სწორედ აქედან გამომდინარე, სიკვდილზე ფიქრმა ცოტათი მაინც შეგვაშინოს. როდესაც ყოველივე ზემოთ აღნიშნულზე დავფიქრდებით, ჩავეკითხოთ ჩვენს საკუთარ თავს, თუ სად არიან ჩვენი მეგობრები და ნაცნობები და რა მოიგეს მათ ამ ცხოვრებაში? შეიძლება, ზოგიერთი მათგანი ამქვეყნიურ ყოფაში სახელგანთქმული და დიდებით მოცული იყო, შეიძლება, ზოგიერთი მათგანი დიდ სიმდიდრესა და უხვ მატერიალურ ფასეულობებს ფლობდა, თუმცა, განა ყოველივე ეს არ გაიხრწნა და ფერფლად არ გადაიქცა?

გავიხსენოთ ასევე ჩვენი ეკლესიის ჰიმნოგრაფიც, რომელიც ამგვარად ამბობს: „ცხოვრებისეული სიამოვნებათაგან რომელი მათგანი რჩება ისე, რომ მწუხარებაში არ მიიღოს მონაწილეობა? რომელი დიდებაა ამქვეყნად შეურყეველი? იგი ყოველთვის მკრთალი ჩრდილის მქონე და მუდამ მატყუარა ოცნებების დაღმართია, რომელსაც ყოველთვის სიკვდილი ცვლის…„ (წმიდა იოანე დამასკელი).

ჭეშმარიტად, ყოველივე ამქვეყნიური ამაოებაა, რადგანაც არაფერი არ რჩება ჩვენი სიკვდილის შემდეგ. ჩვენ თან არ წავიღებთ ჩვენს წარმავალ სიმდიდრეს, თან არც ამქვეყნიური დიდება გაგვყვება. მაშ, რატომ უნდა ვწუხდეთ ამაოდ? რატომ ვართ ასე ძალიან დაკავებულნი ამქვეყნიური საზრუნავით? გზა, რომელსაც ჩვენ ვადგავართ, მოკლეა, მივდივართ ამქვეყნიური ცხოვრებიდან, რომელიც არაფერია თუ არა კვამლი, ორთქლი, მიწა და ნაცარი. მოკლეა ჩვენი ამქვეყნიური სიცოცხლე და სწრაფად გადის. წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ იგი ამქვეყნიური ცხოვრების გზაზე ერთ-ერთი მოგზაურია, რომელსაც საითკენაც სურს იქითკენ მიემართება.

როდესაც იგი მიაღწევს ერთ რომელიმე ქალაქს, სასტუმროში ჩერდება და იცის, თუ როდის მივიდა იქ და როდის წავა. ან საღამო ხანზე მივა და ან დილით და როდესაც მოუნდება წასვლა, მაშინ წავა. თუკი იქ დაყოვნება მოუნდება, მაშინ შეუძლია იოლად გააკეთოს ეს. თუმცა, როდესაც ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრებიდან წასვლის დრო დგება, ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვთქვათ ამ გამოწვევაზე, არც იმის შესაძლებლობა გვაქვს რომ აქ უფრო მეტ ხანს გავჩერდეთ, თუნდაც ეს ძალიან გვინდოდეს. სიმართლეა ის, რომ სიკვდილის საშინელი საიდუმლო მოულოდნელად გვატყდება თავს, რომელიც ძალდატანებით განაშორებს სხეულსა და სულს ერთმანეთისგან, სულს განშორებული სხეული მიწას უბრუნდება და ღმრთის ნების თანახმად იხრწნება.

მაშ, რას გავაკეთებთ მერე, თუკი აქედანვე უკანასკნელი წამის მიმართ გულგრილად ვიქნებით განწყობილნი და მოუმზადებელნი შევხვდებით სიკვდილს? სწორედ იმ დროს მივხვდებით, თუ რაოდენი ბრძოლა ექნება სულს, როდესაც ის სხეულს განშორდება. სამწუხაროდ, ძალიან ბევრს იტირებს მაშინ ადამიანი, თუმცა არავინ დაეხმარება მას! იგი თავის თვალებს ანგელოზებს მიაპყრობს და ამაოდ შეევედრება. ადამიანებისკენაც გაიწვდენს დასახმარებლად ხელებს, თუმცა არავინ დაეხმარება მას გარდა უფლისა და თავისი კეთილი საქმეებისა. სწორედ ამის გამო, მართებული იქნებოდა, რომ დავფიქრებულიყავით ამქვეყნიური ცხოვრების წარმავალობაზე, გვეზრუნა ჩვენი სულის მომზადებაზე და ნუ დავუთმობდით მთელს ჩვენს ყურადღებას ამქვეყნიურ საზრუნავსა და ფუჭ საქმიანობას. თუნდაც, მთელი სამყაროს ხელში ჩაგდება შევძლოთ, სამარეში ხომ მაინც მარტოდმარტო ჩავალთ და აქედან ვერაფრის წაღებას შევძლებთ: ვერც სილამაზის, ვერც დიდების, ვერც ძალაუფლების, ვერც პატივის და ვერც რაიმე სხვა ამ საუკუნეში სიამოვნების მომნიჭებელი ნივთის. როდესაც სამარეს ვუცქერით, ჩვენს მშვენიერებას მეტად უპატიოს, ცრუსა და უსახურს ვხედავთ.

შინაარსი
სანიშნეები