სიკვდილის ხსოვნა & მომავალი სამსჯავროსათვის მზადება (II ნაწილი)

29 January 2014

როდესაც ვუყურებთ შიშველ ძვლებს, მაშინ ვფიქრობთ შემდეგზე: თუ რომელი მათგანი იყო მეფე და რომელი ღატაკი, რომელი იყო სახელოვანი და რომელი – შეუმჩნეველი? სად არის ამ სამყაროს სიმშვენიერე და სიამენი? განა ეს ყოველივე ამაზრზენი წარმოსახვანი და მოჩვენებითი სახეები არ არის? რადგან, ამ სამყაროში არსებული ყოველივე მნიშვნელოვანი და სასურველი განადგურებულია, მათ სწრაფად ჩაიარეს ისევე, როგორც ჩაივლის ჩრდილი, ანდა ყვავილი, რომელიც ჭკნება. ასე იხრწნება თავად ადამიანიც! ჩვენ კი ჩვენი ხრწნადობის გამო განცვიფრებულნი ასე ვიტყვით: ოჰ, რა საოცრებაა! რა საიდუმლოა ეს, რომელიც ჩვენ თავს ხდება! როგორ დავემორჩილეთ ხრწნას, როგორ დავუკავშირდით სიკვდილს? და მართლაც, სამყაროში ხომ მცნების დარღვევის გამო, ადამისა და ევას მიერ აკრძალული ნაყოფის გასინჯვის შედეგად გაჩნდა ტკივილი. ამგვარადვე გაჩნდა ამქვეყნად სიკვდილიც, რომელიც ადამიანთა მოდგმას ტანჯავს. თუმცა, ჩვენმა ბრძანებელმა უფალმა იესო ქრისტემ, თავისი ენით აღუწერელი კაცთმოყვარეობის გამო, გაანადგურა გველი ეშმაკი და თავისი აღდგომით ჩვენ სხვა სიცოცხლე გვიწყალობა. სწორედ ამ გზით, იესო ქრისტემ განადიდა და პატივი მიაგო თავის მონებს.

Mnimi Thanatou 01

გავიხსენოთ ასევე მეორედ მოსვლის შესახებ, ჩვენ მკვდრეთით აღდგომასა და იმ დროს განხორციელებულ საშინელ სამსჯავროზე, რომელიც სახარებისეული სიტყვებია, უფლის მიერაა ნაკარნახევი და წმინდა მოციქული და მახარებელი მათეს მიერაა დაწერილი, რომელიც შემდეგს ამბობს: „ხოლო მეყსეულად შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი, და ვარსკულავნი დამოცჳვენ ზეცით, და ძალნი ცათანი შეიძრნენ. და მაშინ გამოჩნდეს სასწაული ძისა კაცისაჲ ცათა შინა, და მაშინ იტყებდნენ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და იხილონ ძე კაცისაჲ მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა. და წარავლინნეს ანგელოზნი თჳსნი საყჳრითა ჴმისა დიდისაჲთა და შეკრიბნეს რჩეულნი მისნი ოთხთაგან ქართა კიდითგან ცასაჲთ, ვიდრე კიდედმდე მათა“ (მათე. 24, 29-31). თითქმის იგივეს გვაუწყებს ჩვენ იოანე, იესო ქრისტეს საყვარელი მოწაფე: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკუდართა ისმინნენ სიტყუანი ძისა ღმრთისანი; და გამოვიდოდიან კეთილის-მოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა, ხოლო ბოროტის-მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა“ (იოანე. 5. 25, 29).

და კვლავ ამგვარად ამბობს მათე მახარებელი: „ხოლო რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თჳსითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისა თჳსისათა; და შეკრბენ წინაშე მისა ყოველნი ნათესავნი, და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაჲ განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან. და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისა და თიკანნი – მარცხენით. მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯუენითთა მათ მისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ… მაშინ ჰრქუას მარცხენითთა მათცა: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს… და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი – ცხორებასა საუკუნესა“ (მათე. 25. 31-46).

და განა რა არის უფრო სამწუხარო და უფრო საშინელი, ჩემო ძმებო, ვიდრე ეს შემაძრწუნებელი სურათი და სამაგიეროს განურჩეველი მიგება, როდესაც ვიხილავთ ყველა მათგანს, ვინც კი შესცოდა და არ მოინანია, რომლებსაც უფლის სამართლიანი სამსჯავროს შემდეგ, გულისგანმგმირავი ყვირილითა და ყოველგვარ შედეგს მოკლებული ცრემლებით მარადიულ სატანჯველში წარგზავნიან? როგორ არ ვტირივართ და არ ვოხრავთ, როდესაც ჯოჯოხეთის საშინელ სატანჯველზე ვფიქრობთ, სადაც, როგორც ეს წმიდა წერილშია ნათქვამი, მარადიული ცეცხლი და ქვესკნელის სიბნელე, უკიდეგანო სიღრმე და საშინელი მატლები, რომლებიც არასდროს იძინებენ, კბილთა ღრჭენა და სხვა უამრავი ენით აღუწერელი სატანჯველი გააწამებს იმ ადამიანებს, რომელთაც თავიანთი ცოდვები არ მოუნანიებიათ, რომლებმაც თავიანთი ბოროტი ჩვევებით განარისხეს უფალი, ამ ადამიანთა შორის კი, უპირველესი, მე უბადრუკიც ვარ.

მაშინ რა დიდი შიში დაგვეუფლება, ჩემო ძმანო, როდესაც ტახტი მომზადებული იქნება, წიგნები კი თავისთავად გადაიშლებიან და უფალი დიდი სამსჯავროსათვის დაჯდება, ხოლო ანგელოზები შიშით აღვსილნი იდგებიან უფლის წინაშე! და რას გავაკეთებთ ამ დროს ჩვენ, ტანჯული ადამიანები, რომლებსაც უამრავ ცოდვაში გვექნება წილი ნაყარი, როდესაც გავიგებთ, რომ უფალი მამისა მისისა მიერ კურთხეულთ უხმობს ცათა სასუფეველში, ხოლო ცოდვილებს კი საუკუნოვან სატანჯველში აგზავნის, რათა ისინი რჩეულთაგან განაშოროს! ან რას ვუპასუხებთ ან რას ვიტყვით მაშინ, როდესაც ყოველი ჩვენს მიერ ქმნილი საქმე ჩვენ წინაშე შემოწმდება და ყოველი დაფარული გამჟღავნდება, რაც კი დღისით თუ ღამით, სიტყვებით, საქმეებითა თუ ფიქრებით ჩაგვიდენია!

როგორი შიში დაგვეუფლება მაშინ, როდესაც უკვე ვეღარავინ მოახერხებს უარყოს ის ცოდვები, რომელიც ჩაუდენია, რადგანაც ის, უფლის სამსჯავროს საშინელ წამს, ჭეშმარიტების მიერ იქნება შემოწმებული! მაშინ, როდესაც მართალნი ზეციურ პალატებში, სიხარულსა და დიდ ზეიმში შევლენ და თავიანთი კეთილი საქმეების საფასურით ტკბობას მიეცემიან. ვის ექნება იმის ძალა, ჩემო ძმებო, რომ აღწეროს ის შიში და ძრწოლა, რომელიც ჩვენი უფლის მეორედ მოსვლისა და განურჩეველი განსჯის ჟამს მოიცავს ადამიანებს, როგორც ამას ამბობს ერთ-ერთი მამა: „იმ დროს, რომ სიკვდილის მოსვლის შესაძლებლობა ყოფილიყო, მაშინ მთელი სამყარო სიკვდილს ისურვებდა, ვიდრე ამ საშინელი მოვლენების მომსწრე გამხდარიყო“.

სწორედ ამიტომ, ეს ყოველივე უნდა შევიგრძნოთ და გვახსოვდეს. ხოლო, როდესაც ამ ყოველივეს შეგრძნება ჩვენს გულს არ სურს, მაშინ შემდეგი სიტყვებით უნდა ვაიძულოთ ის, რომ ამაზე იფიქროს: ჩემდა სამწუხაროდ, ჩემო უბადრუკო სულო, მოახლოვდა ჩვენი სხეულისგან განშორების ჟამი, განა ახლაც არ შეწყვეტ სიბოროტეს, როდემდე დარჩები სიზარმაცეში? რატომ არ ფიქრობ სიკვდილის საშინელ ჟამზე? რატომ არ გეშინია უფლის მოსალოდნელი სამსჯავროსი? რით გაიმართლებ თავს, როდესაც, ცოტა ხანში, შენივე საქმეები შენ წინაშე წარმოჩნდებიან იმისათვის, რომ შეგამოწმონ და გაგასამართლონ? თუმცაღა გევედრები, სულოვ ჩემო, რაც კი დრო დაგრჩენია განეშორე შენს უსარგებლო საქმეებსა და მიჰყევი სათნო ცხოვრებას.

ირბინე, რათა შეხვდე ჩვენს უფალს – იესო ქრისტეს და მხურვალე რწმენით უხმო მას შემდეგი სიტყვებით: დამნაშავე ვარ უფალო, დამნაშავე ვარ შენ წინაშე, თუმცაღა ვიცი შენი კაცთმოყვარეობის სიდიდე და სწორედ ამის გამო, უფალო, მუხლმოყრილი ვევედრები შეწყალებას შენს სიკეთეს, რათა ჩემი სული შემკრთალია და ასე იქნება მანამ სანამ ის ჩემს უბადრუკ სხეულს არ განშორდება. რადგან შესაძლოა, ცხოვრების მანძილზე ჩემს მიერ ჩადენილი ჩემთვის ცნობილი თუ უცნობი ცოდვების მიზეზით ჩემი სული მოწინააღმდეგე ეშმაკის რჩევით ჯოჯოხეთისკენ მიემართება. შემიწყალე მე, უფალო, თვალი აარიდე ჩემი სულის საცოდავ სახეს, რომელიც მას ეშმაკმა დემონებმა მიანიჭეს, და გევედრები, რომ იგი მისმა უდიდებულესობა ანგელოზებმა ჩაიბარონ.

შენ, ვისაც გაქვს ძალა იმისა, რომ შეგვინდო ჩვენი შეცოდებანი, სიმსუბუქე შესძინე ჩემს სულს და სრულიად აღმოფხვერი მასში ჩემი ცოდვები, რომლებიც სიტყვებით, საქმეებით, ფიქრებით, განზრახ თუ გაუფრთხილებლობით, ჩემი ბუნების უძლურების მიზეზით ჩავიდინე, რათა ჩემს სხეულთან განშორების შემდეგ შენს წინაშე სუფთა და უმწიკვლო წარვდგე. დაე, ნუ მომიტაცებს ამ საუკუნის მბრძანებლის ხელი და ნუ ჩამაგდებენ მე უბადრუკს ჯოჯოხეთის ქვესკნელში. არამედ დამეხმარე და ყოველთვის ჩემი მხსნელი და მფარველი იყავი. შეიწყალე, უფალო, ჩემი სული, რომელიც დასნეულებულია ამქვეყნიური ცხოვრების ვნებებით და განწმინდე ის სინანულის, აღსარებისა და შენი შემწეობის გზით, გადაარჩინე ის მოსალოდნელ საღმრთო სამსჯავროზე.

და როდესაც, შენ უფალო, დედამიწაზე მოხვალ და დიდებით დაბრძანდები, ჩვენო მწყალობელო, შენი დიდების ტახტზე, რათა სამართლიანად განსაჯო, მაშინ ყველა ჩვენთაგანი, მართალნიც და ცოდვილნიც, შენი მოუსყიდველი საკურთხევლის წინაშე წარვდგებით, შიშველნი, როგორც მსჯავრდებულნი, შენ კი დაიწყებ ჩვენი ცოდვების შესახებ კითხვების დასმას, რომლებიც სხვადასხვა გზით ჩავიდინეთ, მაშინ, ყოველივე სიკეთით აღსავსევ, ნუ განსჯი ჩემს დამალულ საქმეებს, ნუ დამაყენებ ანგელოზებისა და ადამიანების წინაშე, არამედ შემიბრალე, ჩემო ღმერთო, და შემიწყალე. ვფიქრობ საშინელ სამსჯავროზე და შიშისაგან ვკანკალებ იმ დღის გამო, კაცთმოყვარე უფალო, როდესაც მე განმსჯი, ვამოწმებ ჩემს ცნობიერებას და ძალიან ვწუხვარ იმ ეშმაკობების გამო, რომელიც ჩამიდენია და არ ვიცი, თუ რას გიპასუხებ განკითხვის დღეს, უკვდავო მეუფევ, მე, რომელმაც ასე ძლიერ განგარისხე! როგორ გავბედავ და შენგან ვითხოვ შეწყალებას, სამართლიანო მსაჯულო, ჩემო უფალო, მე მყრალი და გარყვნილი? მაგრამ, დიდებულო, კეთილო და შემბრალებელო უფალო, მამავ, მხოლოდშობილო ძევ და სულო წმიდავ, შემიწყალე მე და გადამარჩინე ჩაუქრობელი ცეცხლისაგან და ღირს მყავ, სამართლიანო მსაჯულო, რათა შენს მარჯვენა მხარეს დავდგე!

(წმიდა ნილოს სორსკი, გულისთქმათა წრთვნის შესახებ, გამოც. „მართლმადიდებლური სკა“, გვ. 83-91)

შინაარსი
სანიშნეები