Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
უფლის, იესო ქრისტეს მირქმა | PEMPTOUSIA

უფლის, იესო ქრისტეს მირქმა

16 February 2014

Ypapanti 012

„აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა მშჳდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაჱლისა“ (ლუკა 2.29-32).

წმიდა სვიმეონის ეს სიტყვები იმ დიდხნიანი პერიოდის დასასრულზე მიგვანიშნებს, ათასობით წლის მანძილზე უფლის გარეშე, რომ ცხოვრობდნენ ადამიანები. ათასობით წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ადამმა პირველად დაიწყო გლოვა და პირველი ცრემლი დაღვარა მიწაზე, რომელზეც ვეღარ პოულობდა ღმერთს მის ქმნილებებს შორის.

მთელი დედამიწა, ადამიანთა მთელი მოდგმა ელოდა იმ დღეს, როდესაც საბოლოოდ, კიდევ ერთხელ, პირისპირ შეხვდებოდა თავის ღმერთს. და აი ეს დღეც დადგა: ღმერთი ადამიანად იშვა ბეთლემის ერთ ბაგაში. მარადიული შემოვიდა დროში. დაუტევნელი და უსასრულო დაემორჩილა ჩვენი ქმნილი ბუნების შეზღუდულობას.

ის, ვინც თავად არის სიწმინდე ცოდვის სამყაროში თავისი, ნათლობის დღეს იორდანეს საშიშ წყლებში შთაფლვით შემოვიდა, რომელშიც ადამიანები თავიანთი ცოდვებისგან განიბანებოდნენ. შთაეფლა მდინარის წყალში, როგორც მითოლოგიურ და ზღაპრულ მკვდარ წყალში და გამოვიდა სიკვდილშემოსილი, ადამიანთა მოკვდაობით დამძიმებული, რომელთა ხსნისთვისაც მოევლინა ქვეყანას.

დღეს ვიხსენიებთ უფლის მირქმას, უფლისა და იმ ადამიანის შეხვედრას, რომელმაც სულიწმიდის შეწევნით, ღმრთისმშობლის შემდეგ, პირველმა შეიცნო იგი ღმერთად. დასრულდა უფლის ნაკლებობით განცდილი ტრაგედია, რომელსაც ძველ აღთქმაში და წარმართულ სამყაროში ვხვდებით. უფალი თავის ხალხთან არის. უფლის მთელი სისავსე ჩვენს მიწაზე ბინადრობს ახლა.

თუმცა ახალი ტრაგედია იწყება: ღმერთკაცის მსვლელობა ჯვრისაკენ. იესო ქრისტე სიკვდილის ქვეყანაში იშვა, იმ დიდი მიზნით რომ მოკვდეს. იშვა იმ მიზნით, რომ მოკვდეს ჩვენი გულისთვის. თუ ყურადღებას მიაქცევთ ძველი აღთქმის საკითხავებს, რომლებიც ამ დღესასწაულზე იკითხება, სავარაუდოდ მიხვდებით იმ მიზეზებს, რის გამოც იგი დაწესდა იგი.

გამოსვლის მეცამეტე თავში ვკითხულობთ, თუ როგორ მოთხოვა ღმერთმა მოსეს, რომ მისთვის წმიდა ეყოთ ყოველი პირველშობილი ვაჟი, მისთვის მსხვერპლად გაეღოთ პირმშო იმ მოვლენის სახსოვრად, რომ ისრაელი ეგვიპტელთა მონობას ეგვიპტის ყველა პირმშოს სიკვდილით გადაურჩა.

ყოველი პირველშობილი ვაჟის ტაძარში წარდგენა არ ნიშნავდა უფლისადმი მათ სრულიად მიძღვნას: ეს ბავშვები შემდგომში ყოველდღიურ საერო ცხოვრებას უბრუნდებოდნენ. ჩვილების ამგვარი წარდგენა გამოხატავდა უფლის ნებისადმი მათ მინდობას, რაც ნიშნავდა, რომ უფალს მათზე სიცოცხლისა და სიკვდილის მიცემის უფლება ჰქონდა. ამ ფაქტის გამოხატულება იყო ის შესაწირი, რომელსაც მშობლები ბავშვის გამოსასყიდად გაიღებდნენ ხოლმე ბატკნის ან ერთი წყვილი მტრედების სახით.

პირველშობილი ვაჟის მიძღვნა მართლაც რომ სისხლიანი მსხვერპლშეწირვა იყო, რომელიც საუკუნეების მანძილზე გადაიდებოდა იმ დღემდე, ვიდრე უფლის მხოლოდშობილი ძე, ქალწულისაგან შობილი, „ძე კაცისა“ არ წარადგინეს ტაძარში. პირველად კაცობრიობის ისტორიაში ამ სისხლიან მსხვერპლშეწირვას უფალი ღებულობს, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ამ მსხვერპლშეწირვის ჩასანაცვლებელი საშუალება შემოთავაზებული იყო. მხოლოდ ამ ერთადერთ შემთხვევაში მამა ღმერთი ეთანხმება ყრმის სიკვდილს.

ეს მსხვერპლშეწირვა თავის დროს უნდა დალოდებოდა. დაახლოებით ოცდაათი წელი გავა ყრმის წარდგინებიდან ზრდასრული იესოს სიკვდილამდე. მსხვერპლი გაღებულია და, როდესაც დრო მოდის, ყრმა, რომელიც ქალწულისაგან მარიამისა იშვა, გოლგოთაზე ჯვარზე გაკრული კვდება.

მაშინ როცა წმიდა სვიმეონი უფლისგან მრავალსაუკუნოვანი გაუცხოებისაგან სამყაროს ხსნას ქადაგებდა, იმავდროულად დედა ღმრთისმშობელს უწინასწარმეტყველებდა, რომ მახვილი გაივლიდა მის გულში და მსხვერპლი, რომელიც იმ დროს უნდა გაღებულიყო, ერთ დღეს ღმრთის ნებით აღსრულდებოდა და ქრისტესთვის და მისთვისაც ტრაგიკული შინაარსის მქონე გზა შეიქნებოდა (ლუკა 2. 34-35).

იესო ქრისტე მართლაც და ამ ტრაგიკულ გზას დაადგება, ბილიკს ადამიანებისა და საღმრთო მიტოვების, გეთსიმანიის ბაღისკენ და გოლგოთაზე სიკვდილისათვის მიმავალ გზას დააგება. მისი სიკვდილით დაითრგუნა სიკვდილი, ვინაიდან იგი საფლავიდან ცოცხალი გამოვიდა – აღსდგა მკვდრეთით. ამის შემდეგ იგი ამაღლდა დიდებით და ჩვენ მოგვცა სულიწმიდა და მაშინაც კი არ წაშლილა ჯვრის ადგილი და სამყაროს ტრაგედია არ დასრულებულა.

აღმდგარ ქრისტეს ხელებსა და ფეხებზე ნალურსმნევი ამჩნევია, ფერდზე მახვილისაგან მიყენებული ჭრილობა აქვს, შუბლზე კი იმ გვირგვინის ნაიარევი ემჩნევა, რომელიც მას დასამცირებლად დაადგეს თავზე და რომელიც იმის მაგივრად რომ სამეუფო ყოფილიყო, ეკლისაგან დაუწნეს.

ჩვენც ამ ჯვრის ტვირთვის მონაწილეები ვხდებით: ყოველი ჩვენგანი ეკლესიაში საკუთარი ნათლობის შემდეგ წარსდგება, მაშინ ჩვენ და ჩვენს დედებს ლოცვებს გვიკითხავენ და მოწყალებისა და შეწევნის თხოვნით ეკლესია უფალს, ჩვილთა მფარველს მოუხმობს, რომელიც თავადაც ჩვილად ყოფნის დროს წმიდა სვიმეონის მკლავებმა მიირქვეს.

ეს ყველაფერი ქრისტეს მაგალითზე მოხდა: მანამდე ჩვენ მოვინათლეთ და ნათლობით, მოციქულ პავლეს (რომ.6.3-11) და ეკლესიის რწმენის თანახმად ქრისტეს სიკვდილში თანა-დავეფლენით და ჩვენც, ვინაიდან მასსავით მოვკვდით, მისი აღდგომაც ანალოგიურად ჩვენი აღდომა ხდება.

მაშასადამე, ვინაიდან ჩვენ ქრისტეს სიკვდილით მომკვდარნი და მასთან ერთად აღმდგარნი ვართ, წარვდგებით ტაძარში, ისევე როგორც იგი წარადგინეს. ჩვენ, ცოცხლები, მაგრამ განწირულნი სიკვდილისათვის, ვემორჩილებით დროის ტრაგედიას. იესო ქრისტე ცოცხალი იყო მის მარადიულ ღმრთაებრიობაში და მის უკვდავ ადამიანურ სხეულში, თუმცა მან სხეულის სიკვდილი მიიღო, რათა ყველაფერს ჩვენი ცოდვილი ხორციელი ბუნებით ზიარებოდა. ამგვარად, ქრისტესთან ერთად თანააღდგომის შემდეგ იგი ჩვენ – ისევე როგორც მამა ღმერთმა გამოგზავნა იგი – ცოდვის სფეროზე გვგზავნის, რათა სხეულებით, სულებითა და მთელი ჩვენი არსებით იმ სამყაროს ჯვარი ვატაროთ, რომელიც დაეცა, გამოსყიდულ იქნა, მაგრამ ჯერ არ გათავისუფლებულა.

პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად, ჩვენ მოწოდებულნი ვართ ჩვენი სხეულით აღვასრულოთ ქრისტეს მწუხარებათა ნაკლულოვანება (კოლ.1:24) – და ვინაიდან ჩვენ ქრისტეს სხეული ვართ, ვინაიდან ერთნი ვართ მასთან, ტრაგედია, რომელიც ქრისტეს ქვეყნად მოსვლით ამოიშალა ძველი აღთქმიდან და ძველი სამყაროდან, რომელიც ამის შემდგომ მისი პირადი ტრაგედია ხდება, ჩვენში გრძელდება საუკუნეების მანძილზე.

პატრიარქ ალექსის (1877-1970 წწ, რომელიც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად 1945 წელს იქნა არჩეული) უთქვამს, რომ ეკლესია ქრისტეს სხეულს წარმოადგენს, რომელსაც ადამიანები მუდმივად უარყოფენ, რომელიც ჯვარს ეცმის საუკუნეების მანძილზე სამყაროს ცხონებისათვის. ეს არის ეკლესიის გზა, ეს არის ჩვენი გზაც, ეს არის ის, რასაც ამ დიდებულ და საშიშ უფლის მირქმის დღესასწაულზე მართალი სვიმეონი გვამცნობს.

გვიახლოვდება ის კვირები, როდესაც მორწმუნეები დიდი მარხვისათვის ემზადებიან, რომლებსაც ისინი ვნების კვირამდე და აღდგომის დღესასწაულამდე მიჰყავს. ჩვენ უკვე ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის თანამოზიარენი ვართ და ამიტომ კვლავ გვმართებს ქრისტეს და ეკლესიის გზით სიარული და მისი ჩვენი ცხოვრების სტილად ქცევა ეკლესიის გარეთ, ყველგან, სადაც არ უნდა მოვხვდეთ: ჩვენ ქრისტეს ჯვარცმული სხეული ვართ, რომელიც ღმრთისაგან მოგვეცა, და უფრო მეტიც: ქრისტეს მსგავსად, საკუთარ თავსაც უნდა მივცემდეთ სამყაროს სახსნელად.

წყარო: (†) ანტონ ბლუმი, უფლის დღე, გამომც. აკრიტასი

შინაარსი
სანიშნეები