ღირსი ეფრემ ასური, ღმრთისმოშიშების მასწავლებელი & ღმრთაებრივი მადლის მფლობელი (II ნაწილი)

17 February 2014

მომდევნო წლებში, ეფრემი მოსეს ხუთწიგნეულის განმარტებას შეუდგება. სირიულ ენაზე ძველი აღთქმის განმარტების ამ ნაშრომმა ეფრემთან მრავალი ედესელი მიიზიდა, რის გამოც ღირსი მამა იძულებული შეიქნა, ადამიანებს განშორებოდა. მისი სირიელი ბიოგრაფის გადმოცემით, მას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და ჰკითხა: „ეფრემ, საით მიდიხარ?“ – „მსურს სიწყნარეში ცხოვრება და ადამიანთა ცბიერებასა და ხმაურს გავურბივარ“ – მიუგო ეფრემმა. მაშინ ანგელოზმა უთხრა მას: „გეშინოდეს, რათა არ აღსრულდეს შენზე წმიდა წერილის სიტყვა: ეფრემი არის კუროს მსგავსი, რომელსაც სურს ქედიდან უღლის გადაგდება.“ ამ ხილვის შემდეგ ეფრემი თავის სამყოფელს დაუბრუნდა, სადაც მას უფალმა მოუწოდა მოღვაწეობისათვის და მისთვის სათნოყოფისათვის.

Osios efraim o siros 02

წყარო: www.saint.gr

იგი ზეპირად და წერილობით ასწავლიდა ხალხს რწმენასა და ღმრთისმოსაობას. თავისი მოღვაწეობის შესამსუბუქებლად მან ედესაში სასწავლებელი გახსნა, სადაც მრავალი ედესელი სწავლობდა და სადაც ასურეთის ეკლესიის მნიშვნელოვანი მოძღვრები აღიზარდნენ. მათ შორის აღსანიშნავია მისი მოწაფეები: აბრაამი, სვიმეონი, მარასი და ზინობი, რომლებსაც ღირსი მამა თავის ანდერძში იხსენიებს.

ის გადმოცემა, რომ ეფრემი ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდანვე საკმაო ხნის მანძილზე მოღვაწეობდა ეგვიპტის დიდ სამონასტრო ცენტრებში არ ჰპოვებს მხარდაჭერას იმ ინფორმაციების მხრივ, რომლებსაც მისი ბიოგრაფები გვაწვდიან. ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ უკვე სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი ღირსი მამა მოისურვებს ეგვიპტის მონახულებას უდაბნოში მცხოვრებ დაყუდებულ, სახელგანთქმულ და დიდ მამებთან შეხვედრის მიზნით. იგი ბერძნული ენის მცოდნე თავის ერთ მოწაფეს წაიყვანს თან, მიაღწევს ხმელთაშუაზღვის ნაპირებს და გემით იმოგზაურებს ეგვიპტეში გადასასვლელად. ნიტრიის მთაზე, მას ძვირფასი სტუმრის დარად მიიღებენ.

მისი სირიელი ბიოგრაფი აღნიშნავს, რომ ნიტრიის მთაზე იგი პაისი დიდს შეხვდება. პაისი დიდის ცხოვრების ავტორი ამბა იოანე კოლოვოსი გადმოგვცემს პაისი დიდის საუბრებს „ასურთა შორის დიდ ასკეტ მამასთან“. „იგი იყო იმ დროის ადამიანთა შორის ღმრთის კაცი, ასური, დიდი მამა მამათა შორის, განათლებული გონებითა და გულით“ ამბობს ამბა იოანე კოლოვოსი. ღირსი ეფრემი ეგვიპტის სხვა სახელგანთქმულ მამებსა და ასკეტებსაც ეწვევა და მათ შორის „სულისაგან წმიდისა განათლებული ადამიანის“ სახელს დატოვებს. იგი ეგვიპტელი მამებისათვის რჩევა-დარიგებებს წერს, თუმცა თავადაც მრავალ სიბრძნეს სწავლობს მათგან. ღირსი მამის სტუმრობა ეგვიპტეში იქაურობისთვის ჭეშმარიტი სარწმუნოების მასწავლებლის ჩასვლის დარი იყო. ასურელი მამა არიანელთა სწავლებას ებრძოდა და სუსტებს რწმენაში განამტკიცებდა.

ეგვიპტიდან დაბრუნების შემდგომ იგი კაპადოკიის კესარიაში მიემგაზვრება (დაახლოებით 370 წელს) ბასილი დიდთან შესახვედრად. დიდ იერარქთან მის შეხდვედრას თავად ღირსი ეფრემი დეტალურად აღწერს ბასილი დიდის საქებარ სიტყვაში. მათი შეხვედრა ტაძარში, ევქარისტიული კანონის შემდეგ მოხდა. ბასილი დიდთან ღირსი ეფრემის შეხვედრის ისტორია, რომელიც თავად ღირსმა მამამ შემოგვინახა, ცხადყოფს, თუ რა დიდი სულიერი სიმაღლისათვის მიეღწია ამ ორ მამას.

ღირსი ეფრემის უცნობი ბიოგრაფის მიერ შემონახულია ასეთი ისტორია: ბასილი დიდმა ღირს ეფრემს ჰკითხა, ტაძარში შემოსვლის დროს თუ რატომ დაიწყო მისი სახელის ქება და რატომ უწოდა მას „დიდი ხმა“. და ღირსმა მამამ უპასუხა: „ამასვე გიწოდებ და კვლავ ამგვარად გიხმობ შენ, ვინაიდან დავინახე შენს მარჯვენა მხარზე მჯდომი თეთრი მტრედი, რომელიც შენ ყურში გიგალობდა“.

ღირსი მამის სირიელი ბიოგრაფი და მასთან ერთად სოზომენოსი გვამცნობენ ეფრემის ეპისკოპოსად გამორჩევის შესახებ. ღირსი ეფრემი თავიდანვე უარს იტყვის ამ პატივზე და როცა მიხვდება, რომ მას ძალით უპირებენ ეპისკოპოსად კურთხევას, სალოსობას დაიწყებს. ასე, რომ აღარ მოხდება მისი ეპისკოპოსად კურთხევა: „ამგვარად მოიგებს დროს, თავს აარიდებს ამ ყოველივეს და ვიდრე სხვას არ აკურთხებენ, იგი ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს“. სოზომენოსი, ზოგადად აღწერს ამ ფაქტს იმისათვის, რომ დაგვანახოს, თუ როგორ ებრძოდა ღირსი ეფრემი პატივმოყვარეობის ვნებას.

ეპისკოპოსი თეოდორიტე კვირელი თავის ეკლესიის ისტორიაში ღირს ეფრემ ასურს ახსენებს და ხაზგასმით აღნიშნავს, თუ როგორ გამოირჩეოდა იგი ერეტიკოსთა სწავლებების წინააღმდეგ მიმართული ქადაგებებით. შუამდინარეთში სხვა ერესების პარალელურად ბარდესანისა და არიოზის ერესები გავრცელდა, ამიტომ ედესელთა ეკლესია გამოცდის წინაშე დადგა. ამ ქალაქის სიდიდისა და მასში საეპისკოპოსო ტახტის არსებობის გამო, აქედან მთელს შუამდინარეთზე შეიძლებოდა გავლენის მოხდენა. ეფრემი ამ ვითარებამ სიმართლისათვის მებრძოლად და მის დამცველად გამოაჩინა.

[გაგრძელება იქნება]

შინაარსი
სანიშნეები