წმიდა საბა, სერბეთის მთავარეპისკოპოსი და წმიდა სვიმეონ მირონმდინარე

20 March 2014

Agios Savas Simeon mirovlitis 01

ღირსი საბას მამა ღირსი სვიმეონი იყო. ღირსი სვიმეონი კი სერბთა დიდი მთავარი გახლდათ (1165-1196). მისი თანამედროვე ბიოგრაფის, იუსტინე პოპოვიჩის თანახმად იგი „მართლმადიდებლობის დამცველი და მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ერესების წინააღმდეგ მებრძოლი, დიდი რწმენის, სიყვარულისა და სახარებისეული მოშურნოების მქონე ადამიანს“ წარმოადგენდა. ერში სტეფანე ნემანი, 1114 წელს ზეტაში, დღევანდელი ჩერნოგორიის, ქალაქ რიმნიცაში დაიბადა. მტკიცედ იბრძოდა მართლმადიდებლობისათვის და იღწვოდა მის დასანერგად ხალხში, რომელიც ერთ სამეფოდ შეაკავშირა. მან მრავალი ტაძარი ააშენა, ერესებთან გამკლავების მიზნით მოიწვია სინოდის სხდომები, ეწეოდა ფართომასშტაბიან საქველმოქმედო საქმიანობას და ფინანსურად შეეწეოდა მონასტრებსა და მომლოცველობის საქმეს. მას ღმრთისმოშიშ და მყუდროების მოყვარულ მეუღლესთან, ბიზანტიის იმპერატორის ქალიშვილ ანასთან ბევრი შვილი შეეძინა. მისი მეუღლე ცხოვრების მიწურულს მონაზვნად აღიკვეცა  სტუდენიცის მონასტერში და ეწოდა სახელი ანასტასია. მათი შვილებიდან ორი წმიდანად არის შერაცხული: წმიდა საბა, სერბეთის პირველი მთავარეპისკოპოსი და სტეფანე II პირველგვირგვინოსანი, სიცოცხლის ბოლოს მონაზვნად  აღკვეცილი, სახელით სიმონი.

წმიდა საბას ერში რასტკო ერქვა. იგი ლოცვის ნაყოფი იყო. დაიბადა 1169 წელს და ღმრთისმოშიშებით აღიზარდა. როდესაც სრულწლოვანი გახდა მორწმუნე მშობლებს მისი დაქორწინება სურდათ, მაგრამ მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა მონაზვნად აღკვეცილიყო. მას ათონის წმიდა მთაზე სურდა გამგზავრება, რადგან იქ მოღვაწე ასკეტი და ღირსი მამების შესახებ საოცარი ისტორიები სმენოდა. 16 წლის ასაკში, მშობლებისგან მალულად ათონის მთაზე მოღვაწე რუსი ბერის თანხლებით იგი წმიდა მთაზე გაემგზავრა. მისი მშობლები ამ ფაქტის გამო ძლიერ დამწუხრდნენ. იგი ძველ რუსულ, წმიდა პანტელეიმონის სახელობის მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და ეწოდა სახელი საბა. ათონის წმიდა მთაზე მამამისის მიერ გაგზავნილი სამხედრო პირები მის მოსაძებნად და უკან წამოსაყვანად ჩავიდნენ. მშობლებს ზლიერ სურდათ, კვლავ ენახათ საკუთარი ვაჟი, მაგრამ მათ მიერ გაგზავნილი ადამიანები უკან მხოლოდ მეფისწულის ტანსაცმლით და მისი მშობლებისადმი მიწერილი მანუგეშებელი წერილის ამარა დაბრუნდნენ.

მონაზვნად აღკვეციდან რამდენიმე თვის შემდეგ იგი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების ტაძრის დღესასწაულზე ვატოპედის სახელგანთქმულ მონასტერს ეწვია. მონასტრის იღუმენმა მას იქ დარჩენა შესთავაზა. შთაბეჭდილებებში მყოფმა საბამ უარი ვერ თქვა ამ შემოთავაზებაზე და წმინდა პანტელეიმონის მონასტრის იღუმენისგან იქ დარჩენის კურთხევა ითხოვა. იგი ვატოპედის მონასტერში მთელი თორმეტი წლის მანძილზე მოღვაწეობდა. ამ მონასტერში ცხოვრებამ მას დიდი სარგებელი მოუტანა. ბრწყინვალედ შეისწავლა ბერძნული ენა, ბევრს კითხულობდა მონასტრის მდიდარ ბიბლიოთეკაში. ამ მდიდარ და დიდ სავანეში ყოფნისას მიეჩვია წესრიგს, შეითვისა ტრადიციები და შეისწავლა ხელოვნება. ნეტარი ეპისკოპოს ნიკოლოზის  თქმით „სულიერებისა და კულტურის ამგვარ ცენტრში საბას დიდი შესაძლებლობა ჰქონდა გამორჩეულ პიროვნებათა მაგალითზე, რომელთაც იქ შეხვედრია, ასევე საუკეთესო წიგნების კითხვით ჩამოეყალიბებინა საკუთარი ხასიათი“. ნეტარი ბერის იუსტინეს თქმით „ვატოპედის სამონასტრო ცხოვრება და წეს-განგება  სრულიად აკმაყოფილებდა ახალგაზრდა მონაზონ საბას. ის სამაგალითო ბერების წრეში ცხოვრებით, თავმდაბალი და წმიდა მამის, მღვდელმონაზონ მაკარის წინამძღოლობითა და თავისი ახალგაზრდა, ქრისტესმოყვარე სულის მხურვალებით ბერ-მონაზონთათვის ჩვეულ ბრძოლას მიეცა. თავისი მგზნებარე ენთუზიაზმიდან და გულმხურვალე ღმრთისმოსაობიდან გამომდინარე მას სურდა, რომ არაფრით გამოერჩიათ სხვა ბერ-მონაზვნებისგან იმის გამო, რომ ის მეფის ვაჟი იყო. მას სურდა, ყოფილიყო უბრალო, ჩვეულებრივი მონაზონი, თანასწორი და ყველას მსგავსი მარხავში, ლოცვაში, მღვიძარებასა და მონასტრის ყველა მორჩილებაში. ამიტომაც იგი ყოველივეს თავმდაბლად და გულმოდგინედ ასრულებდა“.

Agios Savas Arxiepiskopos Servias 01

იგი მთელს ათონის წმიდა მთაზე მოგზაურობდა ხოლმე პატიოსანი სულიერი მამების სანახავად და მამის მიერ გამოგზავნილი შემოწირულობებიდან მონასტრებისათვის მრავალი ძღვნის შესაწირავად. ყველაზე მეტ ძღვენს კი, სავარაუდოდ, იმ მონასტერს სწირავდა, რომელშიც ცხოვრობდა. მისი ახალი ბიოგრაფი ეპისკოპოსი ნიკოლოზი, წმიდა საბას ძველ ბიოგრაფებზე, მის თანამედროვე დომეტიანოსსა და მის შემდგომ თეოდოსიოსზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ მან მეფის მიერ გამოგზავნილი თანხა ვატოპედის სავანის აღსადგენად დაიტოვა: „მონასტერს ბერ-მონაზვნებისათვის ახალი შენობები ესაჭიროებოდა, რადგან მასში მცხოვრები მონაზვნების რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა. საბამ რამდენიმე ორ და სამსართულიანი შენობა ააგებინა. ერთი შენობა თავისთვის და მამამისისთვისაც ააგო, რის შესახებაც ამბობდა, რომ: „თუ უფლის ნება იქნება, მე და ბატონი მამა აქ საკუთარ სახლში ვიცხოვრებთ“. იგი, რა თქმა უნდა, არ ფიქრობდა, რომ ამ შენობის მთელი საცხოვრებელი ფართი მხოლოდ მათ დასჭირდებოდათ. იგი მას მომავალში სერბი მონაზვნებისთვის სერბულ სახლად მოიაზრებდა. ამის შემდგომ მან სამი ტაძრის ე.წ. სამლოცველოს შენება დაიწყო, სამი ძვირფასი ქვის მსგავსად. პირველი მათგანის შენება მონასტრის მთავარი ტაძრის უკან წამოიწყო. იგი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელზე ააგო, მეორე – წმიდა იოანე ოქროპირის და მესამე – მაცხოვრის ფერისცვალების სახელზე. მესამე ტაძარი ათი კოშკიდან ყველაზე მაღლის თავზე აიგო. სამივე მათგანი ქვითა და ალიზით არის ნაგები და დაფარულია ქვის ფილებით, რომლებიც მრავლად მოიპოვება ათონის წმიდა მთაზე. მონასტრის მთავარი ტაძრის სახურავი ტყვიით დაფარა. ამის შემდგომ განაახლა მრავალი სხვა დამხმარე თუ მეორეხარისხოვანი შენობა-ნაგებობა. „ასევე მონასტრის სხვა იმდენი საჭიროება დააკმაყოფილა, რომ მათი სრულად ჩამოთვლაც კი ძნელია.“ ამის გამო მონასტრის მმართველობამ პატივი მიაგო საბას და მას „ვატოპედის მონასტრის მეორე აღმშენებლის“ ტიტული მიანიჭა.

როგორც მისი ბიოგრაფები აღნიშნავენ, წმიდა საბა ვატოპედის მონასტრის მნიშვნელოვანი საქმეების დასასრულებლად უბრალოდ შემომწირველი არ იყო.  იგი ყველას რჩევებს აძლევდა და თავისი ცოდნითა და  გამჭრიახობით აკონტოლებდა წარმოებული სამუშაოების ხარისხს. არ თაკილობდა რიგითი მუშასავით მუშაობას. იმავდროულად მორჩილებას აღასრულებდა ტაძარში, სატრაპეზოში, პურის საცხობში, ვენახში და სტუმრების მისაღებ ოთახებში. იგი ვატოპედის მონასტერში „ყველასათვის საყვარელი მონაზონი“ გახდა. ყოველი საქმის კეთების დროს მისი თანამგზავრი ლოცვა, თავშკავება და ასკეტური ცხოვრების წესი იყო. „მონასტრის იღუმენსა და მონასტრის საძმოს უკვირდა, რომ ასეთ ახალგაზრდა ასაკში და დროის ასეთ მცირე მონაკვეთში მან შეძლო ისეთი სულიერი საზომების მიღწევა, რომელიც რთული მისაღწევი იყო ხანდაზმული მონაზვნებისთვისაც კი“. ხშირად, მამა მაკარის ლოცვა-კურთხევით, ყოველთვის საკუთარი ფეხით ფეხშიშველი მიდიოდა ხოლმე გაჭირვებაში მცხოვრები ასკეტი ბერების მოსანახულებლად, რომლებთანაც შემოწირულობები და ახალი პური მიჰქონდა. ესფიგმენის და დიდი ლავრის მონასტრებისაკენ მიმავალ გზაზე იგი მძარცველების ხელში ორჯერ ჩავარდა, რომელთაც სასწაულებრივად გადაურჩა.

წმიდა საბას დიდი ხნის მოღვაწეობამ ათონის წმიდა მთაზე და მის მიერ მამისადმი მიწერილმა რჩევა-დარიგებების წერილებმა შედეგი გამოიღო, მამამისმა ტახტიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო და 1196 წლის 25 მარტს მონაზვნად აღიკვეცა სტუდენიცის მონასტერში. საყვარელი ძის, საბას, დაჟინებული თხოვნით 1197 წლის 8 ოქტომბერს, სამუდამოდ დარჩენის გადაწყვეტილებით, იგი ვატოპედის მონასტერში გაემგზავრა, სადაც 1197 წლის 2 ნოემბერს ჩავიდა.

ბერი მეფე დიდი პატივით მიიღეს.

მონასტრის ცენტრალურ ტაძარში შეკრებილმა იღუმენმა და მონასტრის ძმებმა ლოცვით მადლობა შესწირეს უფალს, მუხლი მოიყარეს ბერ სვიმეონის წინაშე და ემთხვივნენ მას ძმური სიყვარულით. ამის შემდეგ მისმა ვაჟმა მიაგო მას პატივი. მათი შეხვედრა ძალზე სულისშემძვრელი იყო. დიდი სიხარულის გამო ხმას ვერ იღებდნენ. ბერი სვიმეონი შეირხა და ძირს დაეცემოდა, რომ არ შეშველებოდნენ. როცა გონს მოვიდა, მისი უსაყვარლესი შვილის თავი ცრემლებით დაალტო, როცა გულზე ჰყავდა მიხუტებული, ეფერებოდა და კოცნიდა. იმ დროს, ღმრთივგანათლებული მისი ვაჟი სულის სიღრმიდან უამრავ სამადლობელს აღავლენდა უფლისადმი, რომ მამამისი სახარების სიტყვას დაემორჩილა! სულშეძრული და სიხარულით აღსავსე სულიერი მამები უფალს ადიდებდნენ. საოცარი სანახაობა იყო ზეცისთვისაც და მიწაზეც.  ორივე მათგანმა, ქრისტეს სიყვარულით გულანთებულებმა დატოვეს ამქვეყნიური დიდება, მოვიდნენ უცხო მიწაზე და მთელი არსებით შეუდგნენ უფალს. ამის გამო მიაღწიეს თავმდაბლობას და სულიწმიდის ჭურჭელნი შეიქმნენ.

როდესაც ათონის წმიდა მთის პროტოსმა [*პროტოსი (ბერძნ. πρώτος = პირველი)  ათონის წმიდა მთის დროებითი მმართველი, რომელსაც რიგრიგობით, წელიწადში ერთხელ, 5 მონასტრის წარმომადგენლებიდან ნიშნავენ] დიდი მთავრის ჩამობრძანება შეიტყო, კარიესიდან ამ გამორჩეული სტუმრისათვის პატივის მისაგებად ჩამოვიდა. სვიმეონმა მის წინაშე თავმდაბლობით მეტანია შეასრულა, პროტოსმა კი მუხლი მოიდრიკა მის წინაშე. ასეთი იყო შეხვედრა, გადაეხვივნენ ერთმანეთს და მოიკითხეს ერთმანეთი. ეს დიდი მოვლენა იყო ათონის წმიდა მთის ისტორიაში, ვინაიდან ამ დრომდე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამფლობელოს მართლმადიდებლური ქვეყნის არცერთი მთავარი არ წვეოდა როგორც ბერი და მასსავით ღარიბი ბერების რიგში არ ჩამდგარა!

ყოფილი დიდი მთავარსარდლისა და მმართველის და ახლა კი მათსავით უბრალო და მათი თანასწორი ბერის სვიმეონის სანახავად სხვა დიდი მონასტრების იღუმენებიც ჩამოვიდნენ. სვიმეონს ძლიერი სურვილი ჰქონდა, შეძლებისდაგვარად სწრაფად ესწავლა მონასტრული ცხოვრების წესები. მან ცხოველი ინტერესი გამოიჩინა სულის ცხონების გზაზე სიარულის გამოცდლების შესაძენად. სტუმართაგან არავინ წასულა სერბეთიდან ჩამოტანილი საჩუქრის მიღების გარეშე. მას თან ჩამოეყვანა ეკლესიისათვის და საძმოსთვის საჭირო ძვირფასი საჩუქრებით დატვირთული ურიცხვი ცხენი და ჯორი. ამ საჩუქრებიდან, უმეტესი ნაწილი – ორი დიდი კასრი ოქრო-ვერცხლი კი ვატოპედის მონასტერს შესწირა.

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი ამის შესახებ წერს: „ხორციელი ძე საბა, სულიერად მამა გახდა სვიმეონისა, თავისი ხორციელი მამისა. და ორივე საკმაო ხნით ვატოპედის მონასტერში გაჩერდნენ… ისინი ყოველდღიურად მარხულობდნენ, ღამით მღვიძარებდნენ და ლოცულობდნენ. მათ დროის მცირე მონაკვეთში შესძლეს ხორციელი ვნებებისგან თავის დაღწევა და სათნოებებით ათონის წმიდა მთაზე მცხოვრებ მრავალ მამაზე მაღლა დადგნენ!“

წმიდა საბამ და სვიმეონმა ათონის მთაზე იმოგზაურეს, კარიესის ცენტრალური ტაძრის  „ღირს არსის“ და ივერთა მონასტრის ღმრთისმშობლის ხატები, ათანასეს ლავრაში ღირსი ათანასეს საფლავი მოილოცეს და სხვადასხვა ასკეტ მოღვაწეებს შეხვდნენ. ისინი ყველგან დიდძალი შესაწირით მიდიოდნენ, ამიტომ როგორც მათი ბიოგრაფი დომეტიანოსი წერს: „სხვა ღმრთისმოსავ მეფეებთან ერთად მათ როგორც ქტიტორებს დღევანდელ დღემდე იხსენიებენ“. იმავე ბიოგრაფის ცნობით, ვატოპედის მონასტრის საძმოსთან ერთად მამა-შვილის ცხოვრება ასკეტური ბრძოლებითა და ლოცვით მიმდინარეობდა. რა თქმა უნდა, საბა მამის მხცოვანების გამო, მის მიერ ვერ შესრულებულ კანონებს თავად აღასრულებდა, რადგან მისი ათონის მთაზე მოწვევის გამო თავს მოვალედ თვლიდა ღმრთის წინაშე.

საბა სულიერ წარმატებებს აღწევდა და მონასტრის წინსვლისათვის დაუღალავად შრომობდა. ასე ააშენა მან განსაკუთრებული დანიშნულების შენობები, აღადგინა ყველა დანგრეული შენობა, მოაწყო მონასტრის გარშემო ტერიტორია, უძღვნა მეტოქები, როგორიცაა პროსფორიონი (დღევანდელი ურანოპოლისი), რომელიც ყაჩაღების მიერ იყო განადგურებული და ამის შემდგომ აღდგენილი. ეს ორი წმიდანი მართლაც რომ, ვატოპედის მონასტრის ახალ და დიდ ქტიტორებად გამოჩნდნენ. შემდგომში მათ სხვა სერბმა მთავრებმაც მიბაძეს. წმიდანთა ცხოვრების პერიოდში მონასტერი აყვავების გზას დაადგა და ბერ-მონაზონთა რაოდენობა 800-მდე გაიზარდა.

წმიდანებმა განადგურებული ხილანდარის მონასტრის შესახებ რომ შეიტყვეს, მისი აღდგენა მოინდომეს. აღდგენილი მონასტერი ღვთისმშობლის სახელზე აკურთხეს და განიზრახეს, იგი თავიანთი ხალხის სულიერი გაძლიერების მიზნით მათი თანამემამულე მონაზვნების მუდმივ ადგილსამყოფელად ექციათ. ხილანდარის მელისომანდრიოს ადგილი მაშინ ვატოპედის მონასტერს ეკუთვნოდა. იღუმენსა და მონასტრის საძმოს არ უნდოდათ ღირსი მამების გაშვება. ბოლოს, იღუმენმა თავის საძმოს მონაზვნებს ამგვარად მიმართა: „ჩვენ მათგან მრავალი ძღვენი მიგვიღია, ახლა კი, ჩვენგან წასვლას ვუკრძალავთ. თუკი მათ ხილანდარის მონასტერს მივცემთ, რომელიც ვატოპედს გამოეყო, ისინი ჩვენი ძმები იქნებიან სამუდამოდ.“ ამგვარად, ვატოპედისა და ხილანდარის მონასტრები დიდი ლავრისა და ივერთა მონასტრების მსგავსად ძმა მონასტრებად ითვლებიან.

ვატოპედის იღუმენმა საბა კონსტანტინეპოლში გაგზავნა ამ და მონასტრის სხვა  საკითხების მოსაგვარებლად. იმპერატორი ალექსი III ანგელოსი საბას ნათესავი იყო, ვინაიდან მისი ქალიშვილი საბას ძმის, სერბთა მთავარ სტეფანოსის ცოლი იყო. ამგვარად, სერბი ბერებისა და იმავდროულად კარიესის სინოდის მეთაურის, პროტოს გერასიმეს საერთო თხოვნის აღსასრულებლად, იმპერატორმა ალექსი III-მ, 1198 წლის ივნისში, ოქროს ბულა გამოსცა, რითაც ხილანდარის მონასტერი ღირს სვიმეონსა და საბას უშუალოდ დაუქვემდებარა…

ხილანდარის მონასტერი „სრულიად სერბი ხალხისთვის სულიერების ცენტრი, განათლების მიღებისა და ხელოვნებასთან ზიარების პირველი სერბული სასწავლებელი გახდა. ამ მონასტრის წიაღიდან გამოვიდა განათლებული სერბი სასულიერო პირების, ეპისკოპოსების, მთავარეპისკოპოსებისა და პატრიარქების, ასევე სხვა ბრძენი სერბი მამების უმეტესობა. ამ მონასტერში ითარგმნა და დაიწერა სასულიერო წიგნები სერბეთის ეკლესიისა და სერბთა ხალხის სულიერი და კულტურული განვითარების მიზნით. ამგვარად, სერბ ხალხსა და ხილანდარის მონასტერს შორის მჭიდრო სულიერი კავშირი ჩამოყალიბდა“.

ხილანდარის მონასტერი დროის მცირე მონაკვეთში, დაახლოებით ორი წლის შრომის შედეგად პირველი იღუმენის მეთოდიოსის მთავარ სტეფანე ნემანიასთან ჩამოსვლის შემდეგ და მისი მნიშვნელოვანი დახმარების შედეგად აღდგა. ბიოგრაფი თეოდოსიოსი წერს, რომ წმიდა საბამ აღადგინა და მოახატინა ტაძარი და ხატებით, საჭირო ნივთებითა და წმიდა ჭურჭლით შეამკობინა იგი. დღემდეა შემონახული ღმრთისმშობლის „ოდიგიტრიას“ მოზაიკური ხატი.

ერთი წელიც არ იყო გასული, რაც წმიდა სვიმეონი ხილანდარის მონასტერში „ღირსი და ღმრთივსათნო“ ცხოვრებით ცხოვრობდა, რომ 1199 წლის 13 თებერვალს გარდაიცვალა. მან წმიდა ზიარება მიიღო, მუხლი მოიყარა ღმრთისმშობლის ხატის წინაშე, დალოცა საძმო, უკანასკნელი ლოცვა-კურთხევა და რჩევები მისცა თავის ვაჟს მისი დაკრძალვის შესახებ და გალობითა და უფლის დიდებით მიაბარა ღმერთს თავისი სული. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „ყოველი სული აქებდით უფალსა“.

თანამოღვაწე მამის გარდაცვალების გამო დამწუხრებულმა საბამ დიდი პატივით დაკრძალა იგი მთავარი ტაძრის მარჯვენა მხარეს. საბას იმავდროულად სიხარულის ცრემლები მოსდიოდა, რადგან მამამისი ღირსეულად აღესრულა და უკვე ზეციურ შემწედ ეგულებოდა იგი. მამის ღირსი მამების დარი მიძინების შემდეგ მან უფრო მეტი ასკეტიზმითა და ლოცვით გააგრძელა მოღვაწეობა. საბამ, ათონის წმიდა მთის დედაქალაქის კარიესის მახლობლად მდებარე  წმიდა საბა განწმენდილის კელიას მიაშურა და დიდ ბრძოლებს მიეცა: „თავშეკავებით, მარხვით, მღვიძარებით, ღამისთევის ლოცვებით და ცრემლის მდინარეების“, ასევე მუდმივი და ჭეშმარიტი თავმდაბლობის თანხლებით. ღმერთმა მას უჩვენა ღირსი სვიმეონის ნეტარი განსასვენებელი ადგილი და მისი სულის სიდიადე. ამგვარად ანუგეშა იგი.

კარაკალის, ქსიროპოტამისა და ფილოთეოსის მინასტრებს იგი საჭიროების ჟამს უხვად ეხმარებოდა. კარიესის კელიაში ცხოვრებისას მან საკუთარი ტიპიკონი შეადგინა, ამიტომაც ეწოდა მას ტიპიკონთშემდგენელი. ამ ტიპიკონის მიხედვით მისი მონასტრის ძმებს ყოველდღიურად მთლიანი ფსალმუნის წაკითხვა ევალებოდათ. ეს ტიპიკონი დღემდეა შენარჩუნებული.

ღირსი სვიმეონის გარდაცვალების წლისთავზე სხვადასხვა ღირსი მამა და ათონის მთის პროტოსი, ნეტარი საბა მოიწვია, რომლებთან ერთადაც მამამისის სულის მოსახსენიებლად ღამისთევის მსახურება აღასრულა. ამ მსახურებაზე, დოქსოლოგიის დროს, წმიდანის საფლავიდან მონასტერს ენითაუწერელი სურნელი მოეფინა და მირონმა იწყო დენა. ყველამ ადიდა ღმერთი, რადგან მან მის მადიდებელთ ესეთი სასწაული მოუვლინა. წმიდა საბა ძალზე გახარებული იყო და მთელი გულით მადლობდა უფალს ამ დიდი სასწაულისათვის. იგი მამის საფლავს ემთხვია და მირონი თასით აავსო, რომელიც თავის ძმას, სერბეთის მთავარ სტეფანეს გაუგზავნა როგორც მამის კურთხევა. შემდეგ დამოძღვრა თავისი საძმო და კვლავ კარიესისკენ, თავის კელიას  მიაშურა.

ამის შემდეგ, წმიდა საბა, პროტოს დომეტიოსის ინიციატივით დიაკვნად იქნა ხელდასხმული, იერისოს ეპისკოპოსმა კი, მღვდლად აკურთხა იგი. როდესაც იგი ქალაქ თესალონიკში წმიდა დიმიტრის ნაწილთა თაყვანსაცემად ჩავიდა, იქაურმა მთავარეპისკოპოსმა კონსტანტინემ მას არქიმანდრიტის წოდება უბოძა. ამ ფაქტს ესწრებოდნენ კასანდრიის ეპისკოპოსი მიქაელი, არდამერის ეპისკოპოსი დიმიტრი და იერისოს ეპისკოპოსი ნიკოლაოსი. არქიმანდრიტის ხარისხში აღყვანილი წმიდა საბა კვლავ დაუბრუნდა ათონის მთის მეგობრულ სიმშვიდეს.

1207 წლის დასაწყისში, წმიდა საბა, თავის ხორციელ ძმებს შორის კონფლიქტის განსამუხტად, მშვიდობის დასამყარებლად და მორწმუნე თანამემამულეების რწმენაში განმტიცების მიზნით გადაწყვეტს მამამისის, ღირსი სვიმეონის წმინდა ნაწილების თავის სამშობლოში გადასვენებას. ამ პერიოდში ხალხი შეშფოთებული იყო, ვინაიდან ლათინთა IV ჯვაროსნული ლაშქრობის და ბიზანტიაზე გალაშქრების შემდეგ მართლმადიდებლებს ლათინურ დოგმებზე მოქცევას უპირებდნენ. წმიდა ნაწილები დიდი პატივითა და სიხარულით მიიღეს და წინასწარ მოკაზმულ და გამზადებულ საფლავში ჩაასვენეს სტუდენიცის მონასტერში, სადაც მონაზვნად აღიკვეცა წმიდა სვიმეონი ვიდრე ვატოპედის სავანეში დამკვიდრდებოდა. სერბ ხალხს უკვე მირონმდინარე წმიდანი ჰყავდა მფარველად, რომელიც მათ აძლიერებდა რწმენაში და მრავალი სასწაულებითად ანუგეშებდა.

ხილანდარის მონასტერში დარჩა წმიდა სვიმეონის პირველი საფლავი, რომლის შესახებაც წერია: „საფლავიდან, ტაძრის კედლის გაყოლებაზე აღმოცენდა ვაზი, რომელიც მრავალი წელია ბრწყინვალე ნაყოფს იძლევა. ყურძენს, რომელსაც ეს ვაზი ისხამს, მონაზვნები აშრობენ (აქიშმიშებენ) და მომლოცველებს ურიგებენ უნაყოფო ქალთა შეწევნისათვის. ამბობენ, რომ ეს ვაზი სასწაულებრივად აღმოცენდა წმიდა სვიმეონის ნაწილების სერბეთში გადასვენების შემდეგ, ამ ფაქტით დამწუხრებული ძმების სანუგეშოდ. ვაზი ტაძრის კედლის გასწვრივ გაიზარდა და ხელოვნურად გაკეთებულ ტალავერზე ავიდა“.

წმიდა საბამ სერბი ხალხის დაჟინებული და გულითადი თხოვნა, რომ სამშობლოში დარჩენილიყო, ღმრთის ნებად ჩათვალა და სამშობლოში დარჩა. სერბეთში იგი სტუდენიცის მონასტრის იღუმენად დანიშნეს. იგი დიდი მოშურნეობით შეუდგა მოციქულებრივ მსახურებას. შორი მოგზაურობებით, ქადაგებებით, რჩევა- დარიგებებით, განსწავლით, ეკლესიების მშენებლობითა და სასწაულთა აღსრულებით განამტკიცებდა და შეეწეოდა ხალხს. მას ყველგან პატივს მიაგებდნენ, აფასებდნენ და უფლის წინასწარმეტყველად მიიჩნევდნენ. წმიდა საბას შუამდგომლობით მისი ორი ძმა შერიგდა და მთელს სამეფოში უსაზღვრო მშვიდობამ დაისადგურა. მის მიერ აღსრულებულმა სასწაულებმა მის მიმართ დიდი პატივისცემა და სიყვარული წარმოშვა. თავად საბა კი, კვლავ ასკეტურად და თავმდაბლად აგრძელებდა ცხოვრებას.

1217 წელს, ათონურ სიმშვიდეს მონატრებული, იგი კვლავ ეწვია წმიდა მთას. 1219 წელს, ხილანდარის მონასტრის საქმეების მოსაგვარებლად მას ნიკეაში მოუწია გამგზავრება, სადაც იმპერატორი და პატრიარქი ლათინი ჯვაროსნების მიერ კონსტანტინეპოლის დაპყრობის შემდეგ იმყოფებოდნენ. მან სერბეთის ეკლესიის პრობლემები გააცნო მათ და თხოვა, რომ ეკლესიის მწყემსმთავრად ვინმე ღირსეულისთვის დაესხათ ხელი. ყველამ ერთად აღიარა, რომ ასეთი თავად საბა იყო, ამიტომ იმპერატორ თეოდორე I ლასკარისის თანდასწრებით (რომელიც საბას ნათესავი იყო) პატრიარქმა ემანუილმა საბა მთავარეპისკოპოსად აკურთხა.

სამშობლოში დაბრუნებამდე, წმიდა საბამ ათონს მიაშურა, სადაც ერთდროულად სახარულითა და მწუხარებით აღბეჭდილი ბერ-მონაზვნების სახეები იხილა. მათ უხაროდათ თავიანთი ძველი თანამოღვაწის, რომლისგანაც კურთხევას იღებდნენ, მთავარეპისკოპოსის ხარისხში ხილვა და აღონებდათ იმაზე ფიქრი, რომ მათგან შორს მოუწევდა მას ყოფნა. წმიდა საბამ ათონის მთის სხვადასხვა მონასტერი, მათ შორის ძველი რუსული და ვატოპედის მონასტრები, კეელიები, სხვადასხვა ასკეტი ბერები და ათონის მთის პროტოსი მოინახულა. მან ხილანდარის ბერ-მონაზვნები დამოძღვრა და წასვლისას რამოდენიმე გამორჩეული ბერი თან გაიყოლა მათი ეპისკოპოსად კურთხევის მიზნით. ათონის მთის დატოვების ჟამს მასაც მწუხარება და სიხარული ერთდროულად დაეუფლა. უხაროდა, რომ სამშობლოში მიემგზავრებოდა თავისი ხალხის მწყემსობისათვის და წუხდა, რომ კარგავდა თავის საყვარელ ათონურ სიმშვიდეს, რითიც მრავალი წლის მანძილზე საზრდოობდა.

თავის სამშობლოში ქ.თესალონიკის გავლით ჩავიდა. თესალონიკში მცირე ხანს შეჩერდა, რათა თაყვანი ეცა ქალაქის სიწმიდეებისათვის, ტაძრებისთვის შეეწირა ხატები და თავისი ეკლესიისთვის საჭირო წიგნები და ჭურჭელი მიეღო და თან საჭირო ადამიანები წამოეყვანა.

წმიდა საბას, როგორც სერბეთის მთავარეპისკოპოსის მოღვაწეობა ძალზე მრავალმხრივია. მან თავის მოსწავლეებს მღვდლად და ეპისკოპოსებად დაასხა ხელი. მწყემსმთავრობდა ეკლესიის წმიდა კანონების დაცვით. დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა მონასტრებში, განსაკუთრებით ხშირად სტუმრობდა სტუდენიცის მონასტერს, სადაც ღამისთევით ასრულებდა მსახურებებს, ხალხს მართლმადიდებლური დოგმების თანახმად რწმენას უქადაგებდა, ხსნიდა და განამშვენებდა ეკლესიებს.

საოცარია ის ფაქტი, რომ როდესაც იგი სტუდენიცის მონასტერში მსახურობდა ხოლმე, მაშინ ღირსი სვიმეონის საფლავიდან მირონი მოედინებოდა. მისი ქადაგება ერესების წინააღმდეგ იყო მიმართული. იგი სინანულს, ხატების, ჯვრისა და წმიდა ნაწილების ჯეროვან თაყვანისცემას, ტრადიციებისადმი ერთგულებას ქადაგებდა. მისი გულმხურვალე ქადაგებების გვირგვინი კი მის მიერ აღსრულებული სასწაულები იყო.

1228 წელს მისი ძმა, სერბეთის მთავარი, სტეფანე პირველგვირგვინოსანი გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე იგი წმიდა საბამ მონაზვნად აღკვეცა და სახელად სიმონი უწოდა და მამის, წმინდა სვიმეონის საფლავის მახლობლად დაკრძალა. ამის შემდგომ იგი წმიდა ადგილების მოსალოცად გაემგზავრა და თან ჩვეულებისამებრ მრავალი შესაწირი წაიღო. ნიკეის გავლით იგი ათონის წმიდა მთაზე გაემგზავრა. ხილანდარის მონასტერს მან წმიდა საბა განწმედილის კვერთხი და ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი „სამხელა – ტრიხერუსა“ უსახსოვრა. 1229 წელს ათონის მთაზე ვიზიტი მისთვის უკანასკნელი იყო. ხილანდარის გარდა იგი ივერთა და ვატოპედის მონასტრებსაც ეწვია. ეს იყო გამოთხოვება მის საყვარელ მთაწმიდასთან. ქ. თესალონიკში იმპერატორ თეოდორე I ანგელოსს შეხვდა. შემდგომ კი მან ფილოკალუს მონასტერი მოინახულა.

ხალხის რწმენაში გასაძლიერებლად მან სერბეთის ყველა ეპარქია მოიარა. მონასტრებში მან ათონური ტიპიკონი დაამკვიდრა. მისი ბიოგრაფის, დომეტიანოსის თანახმად იგი ყველასთვის ღმრთის სიტყვის დაუღალავი მქადაგებელი იყო. იგი ასკეტი ეპისკოპოსი, მოწყალე, ერესების განმაქარვებელი და ღმრთისმოსაობის ნათელი მაგალითი იყო. მისი ბიოგრაფი თეოდოსიოსი წერს: „ყველასთვის, ეპისკოპოსებისათვის, მთავრებისათვის, ბერ-მონაზვნებისათვის, ერისკაცებისათვის, მოხუცისა თუ ახალგაზრდისათვის კანონი იყო ყველაზე დიდი სათნოება. ამგვარი ღმრთივგანბრძნობილი წმიდანის მიერ ნათლდებოდა მაშინ სერბეთის ქვეყანა. იგი ყავდათ ღმრთის წინაშე შემწედ და მისი ლოცვებით ქვეყანა სიმშვიდით ტკბებოდა“. ამის შემდეგ მან სამწყემსთავრო საქმიანობისგან დასვენება ისურვა. იგი ტახტიდან გადაგდა  და თავის ადგილას მისი პატიოსანი მოწაფე არსენი დაადგინა.

იგი ისევ წმიდა ადგილების მოსალოცად გაემგზავრა, ეწვია პატრიარქ ათანასეს და მრავალი შესაწირი გასცა. შემდგომ ალექსანდრიაში გაემგზავრა, მოინახულა იქაური პატრიარქი, ტაძრებში ღმრთისმსახურება აღავლინა  და თებაიდისა და ნიტრიის ასკეტთა სამოღვაწეო უდაბნოებს ესტუმრა. ბოლოს კი სინას მთას ეწვია, სადაც ორი თვე დარჩა. ამის შემდეგ მოინახულა წმინდა ადგილები ბაღდათში, სირიაში, ანტიოქიაში, სომხეთში, ნიკეაში, ბოლოს კი ბულგარეთის ქალაქ ტირნოვოში შეჩერდა. მისთვის საამო იყო მეფე ასენთან და პატრიარქ იოაკიმესთან ხანგრძლივი საუბრები. იქ მრავალჯერ აღავლინა ღმრთისმსახურება და ბულგარელი ხალხი საკუთარი ხალხივით დალოცა. ბოლო მსახურება ნათლისღების დღესასწაულზე ჩაატარა, რის შემდეგაც ავად გახდა და ლოცვით მიაბარა სული უფალს. იგი 1236 წლის 14 იანვარს მიიცვალა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „დიდება უფალს ყველაფრისათვის“.

წმიდანის გარდაცვალებამ მრავალი ადამიანი დაამწუხრა. იგი წმიდა ორმოც მოწამეთა სახელობის ტაძარში პატივით დაკრძალეს. მომდევნო წელს მისი წმიდა ნაწილების გადასვენებისას აღმოჩნდა, რომ მისი ნეშტი უხრწნელი იყო, კეთილსურნელებას აფრქვევდა და სასწაულებს ახდენდა. მისი წმინდა ნაწილები სერბეთში მთავარმა ვლადსლავმა გადაასვენა. პატრიარქი არსენი მთელ სამწყსოსთან ერთად მიეგება მას და მილესოვოს მონასტრის ტაძარში დაასვენა მისი ნეშტი. მას შემდეგ, საუკუნეების მანძილზე, წმიდა საბას საფლავთან სასწაულები აღესრულებოდა. სამწუხაროდ, 1594 წლის წითელ პარასკევს სინან-ფაშამ მილესოვოს მონასტერი დაარბია, წმიდა ნეშტი გაიტაცა და ბელგრადში დაწვა, რომ მორწმუნეებს არ შეძლებოდათ მეტჯერ მისი თაყვანისცემა. მორწმუნეები მაშინაც და დღესაც კი უფრო მეტ პატივს მიაგებენ მის სახელს…

ბერდიაკვან იგნატიოს მონემვასიოტისი (1745), მის მიერ შედგენილ წმიდა საბასა და სვიმეონის სახოტბო სიტყვაში, რომელიც დიდ ლავრაშია დაცული, მათ შემდეგნაირად ახასიათებს: „ნეტარი ორეული, წმიდანთა ოქროს ორეული, უფლის მცნებების გულმხურვალე აღმსრულებელნი, …აპათიის უფსკრულნი, აღმამაღლებელი თავმდაბლობის უმაღლესი და ორმწვერვალიანი მთა, უძვირფასესი სასწაულების წყარო“…

დღემდე შემორჩენილია წმიდა სვიმეონის სამი ძველი შესანიშნავი ბიოგრაფია. პირველი, 1208 წელს დაწერილი ბიოგრაფიის ავტორია მისი ვაჟი, წმიდა საბა. ეს ბიოგრაფიული ნაწარმოები სერბულ მწერლობაში დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება. მეორე ბიოგრაფია მისმა მეორე ვაჟმა და მემკვიდრემ, სტეფანე II პირველგვირგვინოსანმა შეადგინა 1216 წელს. მესამე ბიოგრაფია კი ხილანდარის მონასტრის ბერმა დომეტიანოსმა დაწერა 1242 წელს. კიდევ ორი ბიოგრაფიის თანამედროვე ავტორები არიან ნიკოლოზ (სერბი) ველიმიროვიჩი და არქიმანდრიტი იუსტინე პოპოვიჩი. მის სახელზე დაუჯდომელი ლოცვები წმიდა საბამ, ბერმა თეოდოსიოსმა და ჩვენმა თანამედროვე ბერმა გერასიმე მცირეანასსკიტელმა შეადგინეს.  წმიდა სვიმეონის ფრესკები და ხატები ათონის მთის და სერბეთის მრავალ მონასტრებში გვხვდება. ვატოპედის მონასტრის ცენტრალური ტაძრის შესასვლელში შემონახულია ღირსი მამის, როგორც მონასტრის აღმშენებლის, ერთი შესანიშნავი ფრესკა. მისი ხსენება 13 თებერვალს (ახ. სტილით 26 თებერვალს) არის დადგენილი.

წმიდა საბას ცხოვრების შესახებ სამი ძველი წყაროა შემონახული. პირველის ავტორია მისი სამღვდელმთავრო ტახტის მემკვიდრე არსენი, მეორესი – ხილანდარის მონასტრის ბერი დომეტიანოსი, მესამესი კი – ბერი თეოდოსიოსი, რომელმაც წინა ბიოგრაფია 1296 წელს შეავსო. თანამედროვეთაგან წმინდანის ცხოვრების აღწერაზე ასევე წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი, Mrnavits Ivan, ეპისკოპოსი ნიკოლოზი, არქიმანდრიტი იუსტინე, მონაზონი მათე ვიქტოროსი და სხვები მუშაობდნენ. ყველაზე ახალი დაუჯდომელი წმიდანის სახელზე ბერმა გერასიმე მცირეანასსკიტელმა შეადგინა. სერბულ და ათონის მთის მრავალ მონასტერშია შემონახული მისი ფრესკები, ძველი თუ ახალი ხატები. მისი ხსენება 14 იანვარს არის დადგენილი.

წყარო: ბერი მოსე მთაწმიდელი, ვატოპედის სვინაქსარი ვატოპედის წმიდა და დიდ სავანის გამომცემლობა

Σχετικά άρθρα პემპტუსიას სვინაქსარი
ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ათონის წმიდა მთაზე გაბრწყინებულთა Αλέξανδρος Χριστοδούλου 10 June 2018 სულთმოფენობიდან მეორე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს ყოველთა ღირსთა და ღმერთშემოსილთა ათონის წმიდა მთაზე გაბრწყინებულ მამათა ხსენების დღეს. ...
მართალი ლაზარეს აღდგინება Αλέξανδρος Χριστοδούλου 31 March 2018 მართლმადიდებელი ეკლესია დიდი მარხვის მეექვსე კვირის შაბათს ზეიმობს მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებას. ყოველსა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთჳსცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათჳს ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანნა მაღალთა...
ღირსი იოანე კლემაქსი Αλέξανδρος Χριστοδούλου 18 March 2018 მართლმადიდებელი ეკლკესია დიდი მარხვის მეოთხე კვირის კვირა დღეს აღნიშნავს ღირსი იოანე კიბისაღმწერელის - კლემაქსისი ხსენების დღეს. უდაბნოსა მოქალაქედ და ხორცითა ანგელოზად და სასწაულთა მოქმედთა გამოჩნდი, ღმერთშემოსილო წმიდაო მამაო იოანე: მარხვისა, მღვიძარებისა და ლოცვისა მადლი ზეცით მოიგე, და ჰკურნებ უძლურთა სენთა და სულთა რომლნი სარმუნოებით შენდა მო...
წმიდა დიდმოწამე, საქართველოს მნათობი კახეთის დედოფალი ქეთევანი (+1624) Αλέξανδρος Χριστοδούλου 26 September 2017 მართლმადიდებელი ეკლესია 13/26 სექტემბერს აღნიშნავს წმიდა დიდმოწამე საქართველოს მნათობის კახეთის დედოფალი ქეთევანის ხსენების დღეს. მოწყლულმან სურვილითა საღმრთოჲთა, წყლულებანი მრავალი თავს ისხენ და ტანჯვათა ფერადობანი ახოვნად დაითმინენ, ვინაცა წარმავალისა დედოფლობისა წილ სუფევაჲ ზეცისა დაიმკვიდრე, სამგზის სანატრელო ქეთევან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა...
წმიდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა Αλέξανδρος Χριστοδούλου 28 July 2017 მართლმადიდებელი ეკლესია 15/28 ივლისს აღნიშნავს წმიდა მოწამეთა კვირიკეს და მისი დედის ივლიტას ხსენების დღეს. მკლავთა ზედა ეტვირთა ქრისტეს მოწამე კვირიკე ივლიტას და განხმობილნი სტადიონსა შინა ხმობდა სიხარულით: ქრისტე არს ჭეშმარიტად სიქადულ მოწამეთა. წმიდაო მოწამენო კვირიკე და ივლიტა ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის! ამინ!...
შინაარსი
სანიშნეები