Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ათენის მფარველი წმიდა ფილოთეა (I ნაწილი) | PEMPTOUSIA

ათენის მფარველი წმიდა ფილოთეა (I ნაწილი)

24 March 2014

წმიდა ფილოთეა ათენში დაიბადა დიდგვაროვანთა ოჯახში, იგი ანგელოს ბენიზელოსისა და სირიღას ერთადერთი ქალიშვილი იყო. მას ფილოთეა მას შემდეგ ეწოდა, რაც მონაზვნად აღიკვეცა, მისი საერო სახელი კი რევულა გახლდათ. დედამისი უნაყოფობის გამო უფალს ევედრებოდა, რომ მისთვის შვილი ებოძებინა. ერთ ღამეს კი მან იხილა, თუ როგორ გადმოვიდა ღმრთისმშობლის ხატიდან თვალისმომჭრელი სინათლე და როგორ შევიდა მის მუცელში. და მართლაც, ეს სინათლე მისი ქალიშვილის წმიდა სული იყო, რომელიც ცხრა თვის შემდეგ დაიბადა.

Agia Filothei 01

ყოველგვარი სათნოებით შემკული რევულა ბავშვობიდანვე თავისი ქცევებითა და გრძნობებით ამჟღავნებდა, თუ ვინ იქნებოდა მომავალში. ღმრთისმოსაობაში მისი გზამკვლევი დედა იყო, რომელიც ძალიან ღმრთისმოშიში  გახლდათ. როდესაც თორმეტი წლისა გახდა, რევულას ხელი ცოლად ადგილობრივმა დიდგვაროვანმა ითხოვა, მაგრამ თავად ქალიშვილს გათხოვება არ უნდოდა. მიუხედავად ამისა, მშობლები მისგან მოითხოვდნენ რომ ეს ნაბიჯი გადაედგა, მისმა სათუთმა სულმა ვერ გაბედა მათი წყენინება და მათი სურვილის უგულებელყოფა, ამიტომაც ბოლოს დათანხმდა და ცოლად გაჰყვა ამ მდიდარ ადამიანს, რომელიც, სამწუხაროდ, სულით ძალიან ღარიბი, უზნეო და ბოროტი აღმოჩნდა. რევულამ სამი წლის განმავლობაში იცხოვრა ამ კაცთან, მოთმინებით იტანდა მის უხეშ ქცევებს, შემდეგ კი იგი გარდაიცვალა და რევულა დაქვრივდა. მშობლებს სურდათ მისი ხელახლა გათხოვება, თუმცა გოგონამ მათ გარკვევით აუხსნა, რომ მონაზვნად აღკვეცა ჰქონდა გადაწყვეტილი.

როგორც კი მშობლები გარდაიცვალნენ, დაქვრივებიდან ათი წლის შემდეგ, რევულა მარხვით, ლოცვით, ფხიზლად მყოფობით, მღვიძარებითა და მოწყალების გაცემით თავისუფლად მიეცა სულიერ წრთვნას. სარწმუნოებისაკენ მოაქცია თავისი მსახურები და ისინი სული წმიდის ჭურჭლად აქცია. წმიდა ანდრიას სურვილით, რომელიც მას სიზმრად გამოეცხადა, ააგო წმიდანის სახელზე მონასტერი თავისი ეკლესიით. ეს ის ეკლესიაა, რომელიც დღესაც კი დგას მთავარეპისკოპოსის სასახლის გვერდით წმიდა ფილოთეას ქუჩაზე. როგორც კი დაასრულა მონასტრის მშენებლობა, რევულა ფილოთეას სახელით მონაზვნად აღიკვეცა. პირველი დედები, რომლებიც მასთან ერთად ცხოვრობდნენ, სწორედ ის მსახურები იყვნენ, რომლებიც მას მამისეულ სახლში ჰყავდა. დროთა განმავლობაში მათ რიცხვს სხვა ქალწულებიც შეემატნენ, რომლებიც მონაზვნის სქემებით შეიმოსნენ, მათგან ზოგიერთი დიდგვაროვანი ოჯახებიდანაც კი იყო. ასე ცხოვრობდნენ კეთილ ბრძოლაში მებრძოლნი ღირსი წინამძღვრის მეთაურობით, რომელიც მათ სულიერ გზაზე წინ მიუძღვოდა, მსგავსად წმიდა სვინკლიტიკიასი. ფილოთეას ღმრთივკურთხეული სიტყვები მათ გულებში როგორც ცვარ-ნამი ისე აღწევდა და მათ წიაღში სათნოების სურნელოვანი ყვავილების აყვავებას უწყობდა ხელს. წმიდა დედა თავის სიტყვებს თავისივე საქმით ადასტურებდა მსგავსად იესო ქრისტეს სიტყვებისა, რომელიც ამბობს: „უკუეთუ ვინმე დაჰჴსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაჲ და ასწავოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა“ (მათე 5, 19).

ფილოთეა როგორც კი შეიტყობდა, რომ სადმე ვინმე ღარიბი, ტანჯული, სნეული ახლობელი ადამიანის სიკვდილით დამწუხრებული იყო, მაშინვე მათ დასახმარებლად მიეშურებოდა… წმიდა ფილოთეამ თავის მონასტერთან ახლოს საავადმყოფოები და მოხუცთა თავშესაფარები ააგო და იგი არა მხოლოდ მათ განკურნებაზე და ხორციელ საკვებზე, არამედ მათ სულიერ საკვებზეც ზრუნავდა. დროთა განმავლობაში, იმდენად გაიზარდა იმ დედათა რიცხვი, რომლებიც მის მონასტერში ცხოვრობდნენ, რომ გართულდა მათი უზრუნველყოფა, რადგან წინამძღვარს არ შეეძლო გამკლავებოდა დიდ ხარჯებს, ამის გამო ხშირად მონაზვნები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. თუმცა, წმიდანი მათ მოთმინებით ამხნევებდა და ღმერთიც თავის დახმარებას ხან ერთი გზით აგზავნიდა და ხან – მეორეთი, და ამასობაში მწუხარებაც გადაივლიდა.

გარდა ადგილობრივი გოგონებისა, რომლებიც მან თავის მონასტერში შემოიფარა, წმიდა ფილოთეა მფარველობას უწევდა ასევე უცხო ქალებს, რომლებიც ათენში თურქების მიერ დამონებული სხვადასხვა ადგილიდან მოეშურებოდნენ. ამ მოკლე სტატიაში შეუძლებელია დეტალურად გადმოვცეთ, თუ რა საფრთხეებისა და ტანჯვის შედეგად უხდებოდა წმიდანს მათი მფარველობა.  ამ დამონებულ ქალბატონთაგან ოთხს გაუგია წმიდა ფილოთეის შესახებ და რადგანაც მათი ბატონები მათ სარწმუნოების უარყოფის მიზნით აწამებდნენ, მალულად გამოჰპარვიან მათ და თავი მონასტრისთვის შეუფარებიათ. წმიდანს ისინი მონასტერში შეუყვანია და მათ რწმენაში განმტკიცებას შესდგომია. ამის შემდეგ კი, იმ ხელსაყრელ დროს ელოდა, როცა მათი უკან დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემოდა.

მაგრამ თურქებმა შეიტყვეს, რომ მათი ქვეშევრდომობის ქვეშ მყოფი ქალები ფილოთეას ჰყავდა შეფარებული და როგორც გარეული მხეცები ისე შეიჭრნენ იმ კელიაში, სადაც ავადმყოფი წმიდანი იმყოფებოდა. ფილოთეა შეიპყრეს და ფაშას მიჰგვარეს. ამ უკანასკნელმა კი მისი საპყრობილეში გამოკეტვის ბრძანება გასცა. წმიდანი არ შეშინებულა, თუმცაღა მზად ყოფნაში იყო იმისათვის, რომ მისი სისხლი ქრისტეს რწმენისათვის დაღვრილიყო. მეორე დღეს, მრავალმა თურქმა მოიყარა თავი, რომლებიც წმიდა ფილოთეას სიკვდილს ითხოვდნენ. ფაშამ ბრძანა, რომ ქალი საპყრობილედან გამოეყვანათ და მის წინაშე მიეყვანათ. როდესაც ფილოთეა მოიყვანეს, ფაშამ მას ორიდან ერთი რამის არჩევა უბრძანა: ან მას უარი უნდა ეთქვა თავის სარწმუნოებაზე და ან კიდევ მისთვის თავი უნდა მოეკვეთათ. ამაზე წმიდანმა შიშის გარეშე უპასუხა, რომ იგი მზად იყო ქრისტესათვის წამებულიყო. ფაშამ მიიღო იმის გადაწყვეტილება, რომ თავი მოეკვეთა წმიდანისათვის, მაგრამ ამ დროს, მოასწრეს და მასთან მოვიდნენ ვინმე სახელოვანი ქრისტიანები, რომელთაც თავიანთი ხვეწნა-მუდარით მოახერხეს ფაშას გადაწყვეტილების შეცვლა. ფაშამ ფილოთეას საპყრობილედან გამოყვანის ბრძანება გასცა.

მონასტერში დაბრუნებულ წმიდანს არ შეუწყვეტია უწინდებურად ქრისტეს გზაზე სიარული. და რამდენადაც მისი მოწაფეების რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, კიდევ ერთი მონასტერი აუგია პატისიას ტერიტორიაზე, რომელიც ასევე წმიდა ანდრიას სახელობის იყო. მან ასევე ააგო მეტოქები დძიასა (კიკლადების ერთ-ერთი კუნძული ეგეოსის ზღვაში, მას ასევე კეასაც უწოდებენ) და ეგინაზე, სადაც ის დედები წარგზავნა, რომლებსაც რაიმე მიზეზის გამო ათენიდან შორს ყოფნა ესაჭიროებოდათ. ასკეტური ცხოვრებისათვის განკუთვნილ ყოველ ასეთ ადგილას მონაზვნები საქსოვ დაზგებზე ქსოვდნენ და სხვადასხვა ხელსაქმით იყვნენ დაკავებულნი, მსგავსად  შრომისმოყვარე ფუტკრებისა თავიანთ სკებში. ღარიბმა და ობოლმა გოგონებმა თავშესაფარი და თავიანთი საქმე სწორედ ასეთ თავშესაფრებში იპოვნეს. რაც კი რამ მამული ჰქონდა წმიდანს თავისი მშობლების დანატოვარი, ყველგან მონასტრები და ღარიბთა თავშესაფრები ააგო. იგი დიდძალი ქონების პატრონი იყო.

მის ერთ დიდ პაპას ცოლად ჰყავდა „ათენის ბატონის ქალიშვილი და მას მზითში მიეღო მთელი კივისია და ახლადოკამპოსი, რომელიც ხალიანდრამდე მდებარეობს“. მამულში, რომელიც პერისოში ჰქონდა, ააგო კიდევ ერთი მონასტერი სწორედ იმ ადგილას, რომელსაც დღეს კალოღრეზას უწოდებენ. ღარიბებს იგი მზრუნველ დედასავით ჰყავდათ. წმიდანი მთელი თავისი ძალ-ღონით ცდილობდა შეემსუბუქებინა გაჭირვებულთა მდგომარეობა, მათ კვებავდა, ჭებს უკეთებდა, რათა წყალი ჰქონოდათ, მკურნალობდა, მათთვის სამსახურებს პოულობდა. ხალხი მას „ქალბატონ მასწავლებელს“ ეძახდა.

წმიდა დიონისეს დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე, 1589 წელს, წმიდა ფილოთეა პატისიაში მის მიერვე აგებულ მონასტერში იმყოფებოდა. საღამო ხანს ღამისთევისთვის შეიკრიბნენ დედები. ვიღაც აგარიანელები, რომლებიც უკვე კარგა ხანია ემტერებოდნენ წმიდანს, გალავანს გადმოახტნენ, შეიპყრეს წმიდანი, უმოწყალოდ ცემა დაუწყეს მას და ნახევრად მკვდარი მიატოვეს. მეორე დღეს დედებმა ფეხზე წამოაყენეს იგი და პერისოში მდებარე მეტოქში წაიყვანეს. როგორც კი გონზე მოვიდა წმიდანი, მაშინვე ლოცვა დაიწყო, ჰმადლობდა უფალს იმისათვის, რომ იგი ღირსი გახადა მიმსგავსებოდა ქრისტეს, რადგან როგორც თავად უფალს მასაც იმ სიკეთისათვის, რაც ადამიანებს გაუკეთა,  ბოროტებით უპასუხეს, მოციქული პეტრეს სიტყვების შესაბამისად, რომელიც ამბობს: „არამედ რაოდენ-ეგე ეზიარებით ვნებათა ქრისტესთა, გიხაროდენ, რაჲთა გამოჩინებასაცა დიდებისა მისისასა გიხაროდის და მხიარულ იყვნეთ“ (I პეტრე, 4.13). 1589 წლის 19 თებერვალს წმიდანმა თავისი უმწიკვლო სული უფალს მიაბარა, რომლის სიყვარულისთვისაც მან ამდენი ტანჯვა დაითმინა. მისი წმინდა ნეშტი დაკრძალულ იქნა კალოღრეზას მონასტერში, საიდანაც განხორციელდა მისი წმიდა ნაწილების დღევანდელი მთავარეპისკოპოსის რეზიდენციაში მდებარე წმიდა ანდრიას სახელობის ეკლესიაში გადასვენება.

[გაგრძელება იქნება]

შინაარსი
სანიშნეები