მიზანი ცხოვრებისა

1 April 2014

 „და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ შობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა“ (იოვანე 1, 14).  „რამეთუ შე-ვე მისა-ჰგვანდა, რომლისათჳს არს ყოველი და რომლისაგან არს ყოველი, რომელმან მრავალნი შვილნი დიდებად მოიყვანნა, და წინამძღუარი იგი ცხორებისა ჩუენისაჲ ვნებითა სრულ ყოფად“ (ებრაელთა მიმართ 2, 10).

I.M.M.Vatopaidiou 104

რადგანაც ხატი ძირს დაეცა და ნაწილებად იქცა, არვის ძალუძდა მისი აღდგენისათვის შუამდგომლობა გარდა, მხოლოდ და მხოლოდ, პირველი შემოქმედისა, რომელმაც „თქუა და იქმნნეს, თავადმან ამცნო და დაებადნეს“ (ფსალმუნი 32, 9). „ხოლო ოდეს მოიწია აღსასრული ჟამთაჲ“, ჩვენი გადარჩენისათვის აბსოლუტური ღმრთაებრივი ნების ჟამი,  „მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი, შობილი დედაკაცისაგან, და იქმნა იგი შჯულსა ქუეშე, რაჲთა შჯულსა ქუეშე მყოფნი გამოიჴსნნეს, და რაჲთა შვილებაჲ იგი მოვიღოთ“ (გალატელთა მიმართ 4, 4-5).

სწორედ იმ დღეს, როდესაც  სამყაროს გადარჩენისათვის უფლის მიერ დასახულ გეგმას – შობას ვზეიმობთ, უფალი მოევლინა ხალხს და „სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის“ (იოვანე 1, 14). მანამდე, მსოფლიო ისტორიის განმავლობაში, არასოდეს სმენიათ უფრო მეტი სიხარულის მომგვრელი უწყება, ვიდრე ეს, რომ „სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა“. მარადიული გზავნილი ზეცასა და დედამიწაზე და მის ქვემოთაც კი, არის მხოლოდ ის, რომ „სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა“. ქმნილება, რომელიც ხრწნასა და სიკვდილს ემორჩილებოდა, სხვას ვის დაელოდებოდა, თუ არა პირველ არქიტექტორს იმისათვის, რომ კვლავ დაებრუნებინა წონასწორობა? მთელი ქმნადობა, რომელიც ხრწნადობას ემორჩილებოდა, ამგვარად ღაღადებდა: „ღმერთო მომაქციენ ჩუენ და გამოაჩინე პირი შენი, და ვცხონდეთ“ (ფსალმუნი 79, 3). „უფალო ღმერთო ძალთაო, ვიდრემდის განჰრისხნე ლოცვასა ზედა მონათა შენთასა?“. და კვლავ: „ნუ მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა პირველთა; მსთუად მეწინენ ჩუენ წყალობანი შენნი, უფალო, რამეთუ დავგლახაკენით ჩუენ ფრიად“ (ფსალმუნი 78, 8).

და მას შემდეგ, რაც დატოვა ზეცა „სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა“. ამ ოთხ სიტყვაში თავმოყრილია მთელი სახარება, კეთილი უწყება ზეცასა და დედამიწაზე, მთელს შემოქმედებაზე. რადგანაც უფალი განკაცებულ სიტყვად იქცა, ეს ნიშნავს რომ იგი ჰიპოსტასურად გაერთიანდა ადამიანში, რომელიც სწორედ ამიერიდან იქცა ადამიანად, „ღმრთის სხეულად“. ლოგოსის ადამიანური სხეული ღმერთთან მის, როგორც საიდუმლო, ისე რეალურ გაერთიანებაში, ცოცხლობს და სხივს ჰფენს ყოველ ღმრთაებრივ სრულყოფილებას. ღმრთის სიტყვა არ ქცეულა მხოლოდ და მხოლოდ სხეულად, როდესაც მან ჩვენი ბუნება მიიღო, არამედ იგი ასევე იქცა სულად, „ღმრთიურ სულად“. მაგრამ მათი გაერთიანების შემდეგაც კი, ორივე მათგანი ისევ მკაფიოდ განირჩევა ერთიმეორისაგან. უფალი რჩება ღმერთად, ხოლო სული კი – სულად. იმ განსხვავებით, რომ რადგან სულმა მიიღო ღმრთაებრივი თვისებები, იგი უკვე მადლით იღებს მონაწილეობას სიხარულის მომნიჭებელ ღმრთაებრივ საიდუმლოებებში. ჰიპოსტასური მონაწილეობით, ღმრთაებრივი თვითსიცოცხლითა და უკვდავებით სული ამიერიდან იქცა ქრისტესმიერი მარადიული სიცოცხლისა და უკვდავების, ასევე ღმრთის დანარჩენი თვისებების, მოქმედ წევრად სამყაროს გადარჩენის ღმრთაებრივ ჩანაფიქრში, ანუ ადამიანის ხსნისა და გადარჩენისათვის ღმრთაებრივ ჩანაფიქრში მონაწილეობის მიღების გზით.

ლოგოსმა თავისი განკაცებით ადამიანურ ბუნებას სხვა თვისებებიც მიანიჭა. ადამიანის მთლიან ფსიქოსომატურ არსებობას მან თავისი ღმრთაებრივი თვისებების ნაწილი უბოძა და სწორედ ამ გზით, ყოველივე გარდაიქმნა „ღმრთიურ სახედ“, როგორც ეს იყო ადამიანის ცოდვით დაცემამდე. ახლა კი, იმ ადამიანმა, ვინც ქრისტეს შესდგომია, მოიპოვა ქრისტეს შეგრძნება, ქრისტეს ცნობიერება, ქრისტეს ნება, ქრისტეს ხსოვნა და საერთოდ მთელი ჩვენი ბუნება დაემყნო ქრისტეს სხეულს და ქრისტეში გაერთიანდა. რადგანაც უფლის სიტყვა არის მთელი შექმნილი სამყაროს შემოქმედი, იგი ასევე არის მთელი მსოფლიო შენობის საფუძველი. ცოდვითა და ბოროტებით ადამიანი ცდილობს, რომ ყოველივეს შემოქმედი – უფლის სიტყვა სამყაროს საფუძველს დააშოროს. ღმრთის მხოლოდშობილი ძე და სიტყვა განკაცდა, რათა მას მონაწილეობა მიეღო თავის შემოქმედებაში და იგი უკან დაებრუნებინა მისივე შემოქმედისათვის, რომელსაც იგი მცნების დარღვევისა და დაცემის მიზეზით ჩამოშორდა.

ამავდროულად, იგი არის მისი უპირველესი საფუძველი. „რომელი-იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ, პირმშოჲ ყოველთა დაბადებულთაჲ. რამეთუ მის მიერ დაებადა ყოველივე ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ხილულნი და არა-ხილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ჴელმწიფებანი, – ყოველივე მის მიერ და მისსა მიმართ დაებადა“ (კოლასელთა მიმართ 1, 15-16). სხვაგან კი ნათქვამია: „რამეთუ საფუძველი სხუაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დადებად გარეშე მისსა, რომელი-იგი, დადებულ არს, რომელ არს იესუ ქრისტე“ (კორინთელთა მიმართ I  ეპ. 3, 11). ის, ვინც ბინას დაიდებს სამყაროს ამ მყარსა და შეურყეველ ქვასა ზედა, არის კეთილგონიერი ადამიანი და მისი პიროვნება ღმრთის სიტყვის ყველა თვისებას შეიძენს, იგი თავად იქნება ღმრთიურის შემოქმედი, რათა შეურყეველი დარჩეს მსოფლიო მიწისძვებისა და გაურკვევლობების ქარიშხალის დროს.

ლოგოსის განკაცებამ ცხადყო, რომ გონივრულობა არის ჩვენი ბუნების არსი და მთელი ჩვენი მყოფობის საფუძველი და საყრდენი. მისი არქეტიპისა და ბუნების მიხედვით, მთელი ქმნადობა, როგორც გრძნობითი ისე  წარმოსახვითი, მომდინარეობს ღმრთის სიტყვიდან და არის სიტყვისთვის – ლოგოსისათვის. სწორედ ამის გააზრების მეშვეობით, ყოველივე ისევ უბრუნდება თავის გონივრულ წარმომავლობასა და მყოფობას. და რადგანაც ჩვენი წარმომავლობა უფლისგან არის და უფლისთვისაა, შესაბამისად ჩვენი სიცოცხლე და მყოფობა მთლიანად მასზეა დამოკიდებული. განა ამასვე არ გვაუწყებს ჩვენი უფლის სიტყვები: „რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი“ (იოვანე 15, 5).

(ბერი იოსები, სიკვდილიდან სიცოცხლეში, ვატოპედური სულის საცხოვნებებლი 3, გვ. 31-34, თარგმნილი ახალ ბერძნულ ენაზე).

შინაარსი
სანიშნეები