Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ვნების შვიდეულში შესვლა | PEMPTOUSIA

ვნების შვიდეულში შესვლა

14 April 2014

ა) უფლის მიერ ნებაყოფლობითი ვნების, ამ უდიდესი და მსოფლიო მასშტაბის მოვლენასთან დაკავშირებით, ვნების კვირაში მოხსენებულ წმიდანთა ქოროს წინ ყოვლადმშვენიერი ბიბლიური იოსების ხსენება უძღვის. მის პიროვნებაში ასახვას პოულობენ სახარებისეული მოვლენები შერიგებისა და მიმტევებლობის, სიბრძნისა და გულისმიერი სისუფთავის სახით. მას შესაძლოა არ მოუსმენია ტკბილხმოვანი ქადაგება მტრების სიყვარულის შესახებ, შესაძლოა მას ახლოდან არ უნახავს ეკლესიის სიძის, იესო ქრისტეს ნათელი სახე, რომელიც ყველას მსახურებას, მსხვერპლშეწირვასა და პატიოსნებას შთააგონებს. მან შესაძლოა მასზე ასობით წლებით ადრე იცხოვრა, ოღონდ ამ ყოველივეს მისთვის ხელი არ შეუშლია ყოფილიყო ღმრთის ადამიანი, სახარებამდელი მახარებელი, ბრძენი განუსჯელობის ჟამს, მორჩილი მოსწავლე მასწავლებლის გამოჩენამდე.

Osios Iosif pakgalos 01

ბ) იოსები ძველ აღთქმაში იესო ქრისტეს სახე, წინასახე და განსახიერებაა.  „და მშვენიერი იყო იოსები თვალად და ტანად“, ასე აღწერს მას ძველ აღთქმაში „დაბადების“ ავტორი (39,6). იგი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომლის პიროვნებაშიც გარეგნული სილამაზე სულიერი სამყაროს ბრწყინვალებასთან საუცხოოდ შერწყმულა. როდესაც იოსებზე ვსაუბრობთ, ეკლესიის საყვარელი სასიძო გვაგონდება, რომელიც ყოველ ადამიანზე უმშვენიერესია და რომელიც ყველა მოწყურებული და დამშეული სულის ყურადღებას იპრყობს. და მართლაც, ვნების დიდი შვიდეული სულიერ ნადიმს წარმოადგენს, რომელზეც ყველა ადამიანია მოწვეული. სულიერი საკვებით ამ ნადიმზე კი მხოლოდ ის გაძღება, ვისაც „საქორწინე სამოსელი“, სინანულის ცრემლები და უფლის შიში ექნება.

გ) უფალ იესო ქრისტეს მსგავსად, რომელმაც „ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა“ (პეტრე მოციქ. პირველი ეპისტოლე 2,22), იოსებიც მისი მამების ღმერთისა და მოყვასის წინაშე პატიოსნებით დადიოდა. მაშინ, როცა ვნებებისა და შურისძიების დიდი საცდური არსებობდა, მან როგორც სიბრძნით შემოსილმა, არც უფალი შეურაცხყო და არც თავის ძმებზე იძია შური, რომლებმაც იგი მონასავით გაყიდეს.   ფარაონის კარისკაცის, ქონდაქართუხუცეს ფოტიფარის ეგვიპტელ მეუღლეს მისდამი ვნებებით აღევსო გული, თუმცა იოსები არ მიეცა ამ საცდურს. აზრის შეუცვლელად განეშორა იგი ცოდვას, შიშველი, ვითარცა პირველქმნილი  პირველი მცნების დარღვევამდე.

დ) ოღონდ ეს პატიოსნება მას ძვირად დაუჯდა, ვინაიდან ამის გამო მან საპყრობილეში ამოყო თავი. მაგრამ უფლის მადლს იგი იქაც არ მიუტოვებია. პირიქით, როგორც ღირსი ნიკოდიმოსი წერს, ციხეში სამეფო კარის პატიმართა სიზმრების ახსნა მისი საპყრობილიდან გამოყვანის, ფარაონის წინაშე წარდგენისა და მთელი ეგვიპტის გამგებლად დადგინების მიზეზი გახდა. იოსები არახელსაყრელი გარეგნული ფაქტორების მიუხედავად ერთგულად ემორჩილებოდა ღმრთის ნებასა და თავის სუფთა სინდისის ხმას. მიუხედავად იმისა, რომ მისმა ძმებმა იგი გაყიდეს, რადგან მათი მამის იოსებისადმი სიყვარულის გამო შური ამოძრავებდათ, იოსებმა, როგორც „ეგვიპტის გამგებელმა“, ისინი არა მხოლოდ მიიღო და მხარში ამოუდგა გასაჭირში, არამედ მისი ისმაიტელებისადმი მიყიდვაც კი ღმრთის ნებად ჩათვალა.

ე) მშვენიერი იოსების ხსენებას სულიერ ქოროში ბრძენი ქალწულების ხსენება მოსდევს, რომელთაც ხელში ლამპრები უჭირავთ.  ამ ლამპრებს ისინი ზეთით, ღმრთიური სიკეთეებით, მუდმივად ავსებენ. მათ ხსენებას მენელსაცხებლე დედათა, მეძავი დედაკაცისა და კეთილგონიერი ავაზაკის ხსენება მოსდევს. მორწმუნე ადამიანი იკითხავს: ვნების შვიდეულში ამ წმინდა ქოროდან უფრო მეტად რომლის მაგალითით უნდა აღფრთოვანდეს? ხუთი ბრძენი ქალწულის მუდმივი სიფხიზლით? მეძავი დედაკაცის ცრემლებითა და ოხვრით? ავაზაკის სინანულით? მენელსაცხებლე დედათა გულწრფელობითა თუ გამბედაობით? ყოველი მათგანით შეიძლება აღფრთოვანება, რადგან ყველანი სულიერი ცხოვრების ყლორტის მატარებელნი არიან.

ვ) იმ ადამიანების მრავალრიცხოვან რიგებს, რომლებიც თან ახლდნენ იესო ქრისტეს ნებაყოფლობითი ვნების ჟამს, ავსებდნენ შეშინებული, შეძრწუნებული და სკეპტიკური მოწაფეებიც, რომლებიც მიუხედავად იმისა რომ მონაწილეობას იღებდნენ უფლის ჯვრის მისტერიაში, მოვლენებმა ისინი დასჯაბნეს და თავზარი დასცეს. იუდამ თავისი მასწავლებელი გასცა და სატანისეულ მარტოობაში და ვერცხლისმოყვარების ვნებაში დაიკარგა. პეტრემ  უარყო უფალი, სხვა მოწაფეებმა გულგრილობა გამოიჩინეს, სხვანი კი მიმოიფანტნენ „ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი“ (მათე 9,36). საჭირო გახდა სინანულის ცრემლები, ღმრთიური სიყვარულის ლამპრები და აღდგომის სასწაულის გამოცდილება, რომ მოწაფეები ცხოვრებისმომცემელ ქრისტესთან უკვე სრული ზიარებით მოციქულებად აღმდგარიყვნენ.

ზ) არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც კეთილისმოქმედს ბოროტმოქმედებაში ადანაშაულებენ, კანონმდებელს – კანონების დარღვევაში, მსჯავრს დებენ მას „ყოველთა მეუფეს, როგორც ბრალდებულს“. ეს ადამიანები არ არიან მხოლოდ მწიგნობარნი და ფარისეველნი, ესენი არიან მისი უარმყოფელნი და ყველა დროის ფანატიკოსები, რომლებიც განსჯიან და განიკითხავენ ყველა სხვა ადამიანს, მაშინ როცა თავად არ ცდილობენ ღმრთის სასუფეველში შესვლას. გულქვაობისა და ამპარტავნების გამო ისინი უძლურნი არიან შეიყვარონ უფალი და მოყვასი და რჩებიან „სიძის, მაცხოვარ იესო ქრისტეს“ მიღმა.

შინაარსი
სანიშნეები