Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ჩვენსა და ჩვენი ძმების წიაღში ღმრთის ტაძრის შენების გზაზე | PEMPTOUSIA

ჩვენსა და ჩვენი ძმების წიაღში ღმრთის ტაძრის შენების გზაზე

30 April 2014

არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი), ჩვენსა და ჩვენი ძმების წიაღში ღვთის ტაძრის შენების გზაზე, ტომი I, II და III, იოანე ნათლისმცემლის წმიდა მონასტერი, ესექსი, ინგლისი, 2013-2014 წლები.

ინგლისის ესექსის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საპატრიარქო წმინდა მონასტრის დამაარსებლისა და აღმშენებლის – ბერი სოფრონის მიძინებიდან ოცი წლის იუბილესთან დაკავშირებით, დასრულდა იმ წერილობითი და ზეპირი საუბრების გამოცემა, რომელიც სულიერმა მოძღვარმა თავის მონასტერს უანდერძა. კერძოდ კი, ის საუბრები, რომლებიც ბერმა სოფრონმა თავისი საძმოს წევრებს მიუძღვნა და რომლებიც მაგნიტური ლენტების მეშვეობით იქნა შენარჩუნებული, სულ ცოტა ხნის წინ, მისი მონასტრის მიერ სამ ტომად გამოიცა, თითოეული ტომი სამასზე მეტ გვერდს მოიცავს.

Osios Sofronios tou Eseqs 01

ბერი სოფრონი, რომელმაც თავისი მონუმენტური ნაშრომებით თანამედროვე მართლმადიდებლური თეოლოგია გაამდიდრა, დღეს, სწორედ ამ ტომების საშუალებით, როგორც მოძღვარი და თავისი ძმობის მეთაური, ჩვენ წინაშე უფრო პირდაპირი და სპონტანური გზით წარდგება. როდესაც ვუსმენთ მის საუბრებს, ვხედავთ რომ ბერი სოფრონი ნელა, თვალდახუჭული სრულიად მისტიკურ ატმოსფეროში საუბრობს, ისე თითქოსდა იგი ევქარისტიის ლოცვებს წარმოთქვამს.

რამდენიმე წლის განმავლობაში თავად სოფრონი იყო წინააღმდეგი იმისა, რომ მისი საუბრები მაგნიტოფონით ჩაეწერათ. სწორედ ამიტომ, მათი საკმაოდ დიდი ნაწილი დაკარგულია. ბერი სოფრონის ცხოვრების უკანასკნელი წლების განმავლობაში, როდესაც მისი ფიზიკური ძალები ძალიან სუსტი იყო, მას აუტანელი ტკივილები ტანჯავდა და ამავე დროს, თითქმის დაკარგული ჰქონდა თვალის ჩინი. მისი საუბრები, რომლებიც სულ ახლახანს გამოიცა, რუსულ და ფრანგულ ენებზე იქნა გახმოვანებული.

სულიერი მოძღვარი გრძნობდა რა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულის მოახლოებას, ჩქარობდა რომ თავისი საძმოს წევრებისთვის გადაეცა ყოველივე ის, რაც მისი აზრით, მათ აუცილებლად უნდა ცოდნოდათ და თავისი ცხოვრების განმავლობაში დაეცვათ. უკვე დიდი ხნით ადრე ბერს დატოვებული ჰქონდა ანდერძი და საძმოს ერთიანობისათვის ლოცვა. საბოლოოდ, თავად სოფრონმა მოითხოვა თავისი საუბრების მაგნიტოფონით ჩაწერა იმ ძმების სულიერი აღმშენებლობისათვის, წინსვლისათვის, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ იყვნენ მოსული მონასტერში და საკმარისად არ იცნობდნენ მის სწავლებას.

რუსულ ენაზე უკვე გამოცემულია ბერი სოფრონის საუბრების ორტომეული, რომელიც თავად ამ ენაზე იყო შესრულებული. ბერძნულ ენაზე გამოცემული სამტომეული კი მოიცავს რუსულ ენაზე გამოცემული საუბრების ორტომეულს და გარდა ამისა – ფრანგულ ენაზე წარმოთქმულ საუბრებსაც. ბერძნულ გამოცემაში ბერი სოფრონის საუბრები ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა წარმოდგენილი. ამასთანავე, მესამე ტომი მოიცავს სამივე ტომის შინაარსის სხვადასხვა თემებისა და სახელების ანალიტიკურ ინდექსს.

ზემოთმოხსენიებულ სამტომეულში ანალიტიკური ხერხით წარმოდგენილია ბერი სოფრონის სწავლების ძირითადი თეზისები. ამგვარად, მკითხველს საშუალება ეძლევა, უფრო კარგად ჩასწვდეს მის ფიქრსა და უფრო ღრმად შეაღწიოს მის სულში. მკითხველს ასევე შეუძლია უფრო უკეთესად გაეცნოს იმ მონასტრის კლიმატს, რომელიც ბერი სოფრონის მეოხებით დაარსდა. თავად სოფრონმა, გაითვალისწინა რა თავისი მონასტრის სპეციფიკა, ლიტურგიების შესრულება ტიპიკონის გარეშე დაიწყო. ტიპიკონის ნაცვლად მას ჰქონდა სახარება და იესო ქრისტეს მცნებები. იგი ამგვარად ამბობდა: იქნება და ჩვენი მონასტერი კიდევ უფრო გაიზარდოს, მაშინ იღუმენი და სხვა მამები იძულებულნი იქნებიან იპოვონ სხვა მოდელი, რომელიც ჩვენს მდგომარეობაზე იქნება მორგებული, და ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ტიპიკონის ამოქმედება.

საუბართა უმრავლესობა, როგორც თავად ბერი სოფრონი აღნიშნავდა, წინასწარი მომზადების გარეშე მიმდინარეობდა და შენარჩუნებული ჰქონდა ინტენსიური და სპონტანური ხასიათი. ერთ-ერთ მათგანში სულიერი მოძღვარი ამბობს: „მე არ ვკითხულობ წინასწარ დაწერილ ტექსტს, არამედ ლოცვის მეშვეობით ვითხოვ იმას, რაც ჩემს გულში წარმოიშობა“ (ტომი მე-3, გვ. 143). მაგრამ მაშინაც კი, როდესაც წინასწარ ხდებოდა საუბრის ტექსტის მომზადება, მასაც განსაკუთრებული ხასიათი გააჩნდა. „ისე ვემზადები თქვენთვის ამ სიტყვების სათქმელად“, ამგვარად იწყებს ბერი სოფრონი თავის ერთ-ერთ საუბარს, „როგორც ღმრთაებრივი ლიტურგიისათვის ვემზადები ხოლმე“ (ტომი მე-2, გვ. 28). მის საუბრებში არის ზოგიერთი ისეთიც, რომლებსაც მოკლე სამეცნიერო ნაშრომის ხასიათი გააჩნია და რომლებიც წინ წამოსწევენ სულიერი ცხოვრების ძირითად თემებს, თუმცა ამავე დროს, ისინი მონასტრის ორგანიზებასა და ასკეტურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება.

თეოლოგიის ძირითადი ცნებები, რომლებიც მოცემულია ბერი სოფრონის ამჟამად უკვე გამოცემულ წიგნებში, როგორიცაა მაგალითად მორწმუნეთა ერთიანობა, მარადიულობა, სიკვდილის ხსოვნა, უზრუნველობა, ქრისტიანობის იპერეთნიკური და მსოფლიო ხასიათი, წარმოდგენილია ძირითადად მეტად მარტივი ფორმით და მსმენელთა სულიერი წინსვლისკენაა მიმართული.

ბერი სოფრონის მიხედვით, ბერ-მონაზვნობა მარადიულ ცხოვრებასთან შესათვისებელ წინასწარ მომზადებას წარმოადგენს. იგი უფლის უდიდესი საჩუქარია და არა „უღიმღამო და უსიხარულო სიცოცხლე“ (ტომი I, გვ. 57). მონასტერი ცხოვრების სკოლაა. ხოლო ბერ-მონაზვნური ცხოვრების სიდიადე კი თავმდაბლობაში მდგომარეობს. ბერ-მონაზვნობა ეს არ არის რწმენა სიკვდილისა, არამედ – სიცოცხლისა. ამის საუკეთესო მაგალითია მონასტრის მამა, წმიდა სილუანე ათონელი, რომელსაც ძალიან ხშირად მოიხსენიებს თავის საუბრებში ბერი სოფრონი.

როგორც ჰიპოსტასური საწყისის, სახების საწყისის თეოლოგი, ბერი სოფრონი არ წყვეტს თავის საუბრებში სახების ხშირ მოხსენიებას. „სახების მქონე (პიროვნულ) ღმერთში არაფერია უსახო (უპიროვნო). მაშ, ჩვენი ცხოვრების მანძილზე ჩვენც გვმართებს ვიქცეთ ისეთ პიროვნებებად, რომელიც ღმრთის სახის სადარი იქნება, რომელიც ჩვენში ყოველივეს დატევის შესაძლებლობას მოგვანიჭებს, როგორც – სამყაროს სიცოცხლის, ისე – ღმრთის მადლის, ანუ მარადიული სიცოცხლის“. შემდეგ კი ამას დასძენს: „დაე, ვიცხოვროთ, როგორც პიროვნებებმა, რომელნიც ყოველ ჩვენს მოქმედებასა და თითოეულ ჩვენს ფიქრზე პასუხისმგებელნი იქნებიან“ (ტომი მე-2, გვ. 325).

იღუმენი, როგორც ამას ბერი სოფრონი აღნიშნავს, არასდროს წყვეტს მსახურად ყოფნას. „იგი სწორედ ის არის, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, თავმდაბლობითაა გამორჩეული“ (ტომი მე-2, გვ. 25). თავმდაბლობით ადამიანი უკავშირდება მარადიულ მყოფობას – ღმერთს, რომლისათვისაც შეუძლებელია ლოგიკის გამოყენებით საუბარი. სულიერი მოძღვრის 44-ე საუბარი უშუალოდ მონასტრის სტრუქტურას შეეხება (ტომი მე-2, გვ.43 და მომდევნო).

თავდაპირველად, მონაზონი სხვა არაფრით უნდა იყოს დაკავებული, გარდა იმით, რომ მთელი დღე ცოდვის გარეშე გაატაროს. სწორედ ამ გზით მასში თავისუფალი ადგილი წარმოიშობა, იმისათვის რომ მასში სული წმიდის მადლმა დაივანოს. განყენებული თეოლოგიით შეუძლებელია ვინმემ სრულყოფილებას მიაღწიოს. არ გვმართებს იმის წარმოდგენა, რომ ღმერთი ჩვენთან ერთადაა და რომ მას ვხედავთ. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ღმერთი გვხედავს ჩვენ. სწორედ ამგვარად გვეძლევა შეცდომის თავიდან აცილების შესაძლებლობა (ტომი მე-2, გვ. 84). სწორედ ამ გზით მონაზონი თავს არიდებს თვითგანდიდების, ან უფრო ზუსტად რომ გამოვთქვათ, თვითგანღმრთობის „რელიგიურ“ მოძრაობას და მიჰყვება განწმენდისა და თავმდაბლობის ქრისტიანულ გზას, რომლიდანაც ყველა სათნოება მომდინარეობს. რაც უფრო მეტად წმენდს ადამიანი თავის „სახეს“, მით უფრო მეტად შეუძლია მას თავისი არქეტიპის გამჟღავნება თავის არსებობასა და სიცოცხლეში.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ეკისრება თეოლოგიის კვლევას. განყენებულ თეოლოგიას არ ძალუძს ადამიანის გადარჩენა. საჭიროა ჭეშმარიტი თეოლოგია, რომელიც ლოცვის შინაარსად და ადამიანის ცხოვრების მდგომარეობად იქცევა. თეოლოგიის, როგორც ლოცვის მაგალითად ბერ სოფრონს მოჰყავს წმიდა ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგია, ხოლო თეოლოგიის, როგორც ცხოვრების მდგომარეობის მაგალითად კი – იოანეს სახარება. ამ უკანასკნელ სახეობას ასევე თავად ბერი სოფრონის შრომებიც მიეკუთვნება. როგორც თავადვე აღნიშნავს: „ჩემს წიგნებში აღვწერ მხოლოდ იმას, რაც კი ღმრთის ნებით განმიცდია, როდესაც მივენდე ამ ნებას. ხედავთ, როგორი სიტყვათშეთანხმება გამოვიდა: როდესაც მივენდე მე ამ ნებას“ (ტომი მე-2, გვ. 416).

ბერი სოფრონი აღნიშნავს, რომ საჭიროა თეოლოგია „ჩვენი ცხოვრების შინაარსად იქცეს“. შემდეგ კი კვლავ დასძენს, რომ უფრო მეტად კი საჭიროა, რომ „ღვაწლის დასასრულს, ღმრთის მადლის შემწეობით იქცეს ჩვენი მდგომარეობა“ (ტომი მე-3, გვ. 44). უფლის შეცნობა ადამიანის მასთან მყოფობით მიიღწევა, ასეთ შემთხვევაში „თეოლოგია თხრობის ხასიათს იძენს. თუმცა, წიგნიერი თეოლოგიაც თხრობას წარმოადგენს“ (ტომი მე-3, გვ. 65)

განსაკუთრებული მნიშვნელობა მინიჭებული აქვს ლიტურგიულ ცხოვრებას. თუმცა, აღსანიშნავია რომ ბერი სოფრონისათვის ლიტურგიული ცხოვრება არ შემოიფარგლება საღმრთო ლიტურგიის ხანგრძლივობით. ლიტურგიული ცხოვრება ეს ქრისტიანი ადამიანის მთლიანი ცხოვრებაა, რომლის ცენტრალურ ღერძს ყოველთვის საღმრთო ლიტურგია წარმოადგენს. მთელი ჩვენი ცხოვრება, ამბობს სულიერი მოძღვარი, „ერთი უწყვეტი ლიტურგიაა“ (ტომი მე-3, გვ. 38).

ბერი სოფრონის სწავლებაში ცენტრალური ადგილი ვნებებისა და ბოროტ გულისთქმათა წინააღმდეგ ბრძოლას უჭირავს. ამ უკანასკნელთ არა მარტო ცოდვების დაბადება შეუძლია, არამედ ისინი ადამიანთა შორის გულგრილობასა და მტრობას წარმოშობენ, მიუხედავად იმისა რომ გარეგნულად არ გამოიხატებიან. ადამიანებმა, ამბობს ბერი, „არ უწყიან რომ როდესაც რაიმე ბოროტს გაიფიქრებენ თავიანთი სახლების რომელიმე კუთხეში, თავიანთ „ბუდეებში“, ამით ისინი მთელი კაცობრიობის დიდ სხეულს ანადგურებენ. ადამიანი მოყვასის მიმართ ბოროტი გულისთქმებითა და უარყოფითი განწყობილებით საკუთარ თავს აყენებს ზიანს, რის შედეგადაც იგი თავადვე გრძნობს თავს უბედურად“ (ტომი მე-3, გვ. 98).

ვისაც კი ექნება სურვილი უკეთესად გაეცნოს ბერ სოფრონს და უფრო ანალიტიკურად შეისწავლოს მისი სწავლებანი, იგი უხვად იქნება დაჯილდოვებული მისი საუბრების გაცნობით.

შინაარსი
სანიშნეები