Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
გულისმიერი ლოცვის ნაყოფნი (I ნაწილი) | PEMPTOUSIA

გულისმიერი ლოცვის ნაყოფნი (I ნაწილი)

16 May 2014

სიტყვა გულისმიერი ლოცვის ნაყოფთა შესახებ

„ყოველი სათნოება ეხმარება გონებას, რათა მან ღმრთაებრივი სიყვარული შეიძინოს, თუმცა სათნოებათაგან ყველაზე მეტად მას გულწრფელი ლოცვა შეეწევა. რადგანაც სწორედ მისი მეშვეობით ღმერთამდე აღმაფრენის საშუალება გვეძლევა, თავს ვაღწევთ რა ამქვეყნიური სამყაროს ყოველგვარ შეგრძნებას“ (წმიდა მაქსიმე აღმსარებელი, ნაწყვეტი სიყვარულის შესახებ ქვეთავებიდან).

ძმანო და მამანო,

ერთ-ერთი წმიდა მამათაგანი ჩვენ შემდეგს გვირჩევს: „დადუმდი შენ და შენი საქმეები ალაპარაკდებიან“. თუმცაღა მე, ყოვლად ზარმაცი და ცოდვილი ადამიანი, ჩემი გულგრილობის მიზეზით, სრულიად საწინააღმდეგოს ჩავდივარ. და თქვენთან – ჩემს წმიდა ძმებთან და მამებთან, სწორედ ისეთ რამეებზე ვიწყებ საუბარს, რაშიც თავად მე ჩემი საქმეებითა და ჩემი ცხოვრებით არასდროს დავხელოვნებულვარ. მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ არ იქნება გამართლებული, თუკი დავდუმდები და არ წარმოვაჩენ სულის გადარჩენის შესახებ წმიდა მამების სწავლებებს, რამდენადაც სწორედ ამ სულიერ საქმეებში ვარ ეგოისტი და შრომისუუნარო. რამეთუ სახარებაში მოცემული შემდეგი სიტყვების თანახმად „დღითგან იოვანე ნათლის-მცემელისაჲთ ვიდრე აქამომდე სასუფეველი ცათაჲ იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი“ (მათე 11, 12).

GABRIEL-PHILOTHEITIS 03

და რა თქმა უნდა, ამგვარი მორწმუნეები არა ისეთი ცარიელი სიტყვებით, როგორიც ჩემია, არამედ ოფლითა და დღე-ღამის განმავლობაში განუწყვეტელი გარჯით იბრძვიან იმისათვის, რომ განახორციელონ უფლის მცნებები. სწორედ ამის გამო, დავხუჭავ თვალებს, ანუ გვერდს ავუვლი, სათნოებათა შესახებ ჩემს სისუსტეებსა და ჩემს სიზარმაცეს და შემდეგს აღვნიშნავ:

წმიდა მამებისა და ლოცვაში ფრიად ღვაწლმოსილთა სწავლებების მიხედვით, გულისმიერი ლოცვის პირველი ნაყოფი გახლავთ ყურადღება და მოკრძალება. სწორედ ეს ორი ნაყოფი, რაც არ უნდა მცირედ მოგეჩვენოთ ისინი, სხვებზე უფრო ადრე იჩენს ხოლმე თავს წმიდა ლოცვისათვის მებრძოლებში. ნებისმიერი სახის ლოცვითი მოთმინებითი ვარჯიშის საშუალებით, მათი მოპოვება შესაძლებელია. თუმცა განსაკუთრებით თვალსაჩინოდ მიიღწევა იესო ქრისტეს გონივრული ხსოვნის ვარჯიშით, რომელიც უფრო აღმატებული საქმეა, ვიდრე ფსალმუნთა კითხვა, გალობა და სხვა ზეპირი ლოცვების წარმოთქმა.

ამ გონივრული ლოცვის მესამე ნაყოფი არის თავმდაბლობა, რომელიც ზემოთ მოხსენიებული ორი ნაყოფის დახმარებით თანმიმდევრულად იბადება. ყოველი ამ ნაყოფთაგანი, როგორც თავად გულწრფელი ლოცვა, უფლის საჩუქარს წარმოადგენს. მეოთხე ნაყოფი ჩვენი ფიქრების თავმოყრაში მდგომარეობს, მეხუთე გახლავთ მოწიწება, მეექვსეა უფლის შიში, მეშვიდე – სიკვდილის ხსოვნა, მერვე – ფიქრთა მშვიდობიანობა, მეცხრე – სითბო გულისა, მეათე – ყურადღების გულში თავმოყრა, მეთერთმეტე – ჩვენს  შეცდომებსა და ჩვენს ცოდვებზე გამუდმებული თვალყურის დევნება, რომელთა ხსომებითაც ჩვენს გულში თავმდაბლობის შეგრძნება იზრდება, რაც შემდგომ უკვე გლოვად გარდაიქმნება. მეთორმეტე ნაყოფი გახლავთ ღმრთის მყოფობის, სიკვდილისა და მომავალი განსჯის შეგრძნება და ფიქრები ჯოჯოხეთის ტანჯვა-წამებაზე.

გულითადი ლოცვის მეცამეტე ნაყოფი გახლავთ ყოველგვარი ამქვეყნიური ტკბობისგან ჩვენი გონების ჩამოცილება და სიძულვილი მათ მიმართ, ასევე გონების ჩვენს გულში მყოფადობა. რადგანაც გონების გულში ჩაძირვისა და მასში მყოფობის სწორედ ამ ჩვეულების მეშვეობით, თავად გულიც უარს აცხადებს და განიცდის ზიზღს ყოველი შეგრძნებადი სიამოვნებისა და  ადამიანების მტრული საქმეების მიმართ. ამ მოვლენას  თვით წმიდა დიადოხოსიც, ფოტიკის ეპისკოპოსიც, ადასტურებს, როდესაც შემდეგს აღნიშნავს: „გონება, რომელიც ყოველთვის აღწევს გულში, უგულებელყოფს ცხოვრების ყველა სიამოვნებას. და ეს იმიტომ ხდება, რომ იგი უფლის სულითაა დაჩრდილული და უკვე აღარ ძალუძს სომატური სიამოვნებების სიყვარული“ (ნაწყვეტი მისი გნოსტიკური ქვეთავებიდან).

გარდა ამისა, იგი თავისუფლდება ფანტაზიების შეცდომებისგან, ბოროტ გულისთქმათაგან და სძულს ყოველივე ფანტასტიკური და მოჩვენებითი. ამგვარად, როდესაც შინაგანი სიმშვიდით მოცული და ბოროტ აზრთაგან გათავისუფლებული გონება ეფლობა გულში, იმისათვის რომ იგი შეუერთდეს იდუმალ ლოგოსს, გული, რომელიც მსგავსად გველისა, რომელიც იცვლის კანს როდესაც რაიმე ვიწრო ხვრელში უხდება გაძრომა, გამოდევნის ყოველგვარ წარმოდგენას, ცოდვილ სახებასა და ფანტასტიკურ სურათს, რომელთა ადგილსამყოფელი სწორედ გულია.

ისეთ ადამიანს, რომელიც გონების გულთან დაკავშირებას ეჩვევა, ყოველთვის უჩნდება თავისი კელიის კარის გამოკეტვისა და სიმშვიდის სურვილი.  მას ასევე უჩნდება თავისი ბაგეების მოკუმვისა და დუმილის სურვილი, იგი კეტავს გულის იდუმალი ლოგოსის შინაგან კარს, რათა ხელი შეუშალოს სხვადასხვა ბოროტ ფიქრთა იქ შესვლას, რომელთა მიზეზით ადამიანი უწმინდური ხდება უფლის წინაშე, უფლისა, რომელიც განიკითხავს „გულსა და თირკუმელთა“ (გამოცხადება 2, 23). სწორედ ამ ყოველივეს გამო, წმიდა იოანე კიბისაღმწერელი შემდეგს გვირჩევს: „დაკეტე შენი კელიის კარი, შენი პირის კარი, რომ სხვა ადამიანებს არ დაელაპარაკო და შინაგანი კარი იმისათვის, რომ ბოროტი სულების მოგერიება მოახერხო“.

მეთოთხმეტე ნაყოფი, რომელიც იესო ქრისტეს ლოცვის ვარჯიშის შედეგად ჩნდება, შემდეგში მდგომარეობს: როდესაც გონება ეფლობა გულში და გონების თვალი ხედავს ცოდვის საშინელ სახეს, რომელიც, როგორც წმიდა გრიგოლი თესალონიკელი ამბობს, თავს საშინელი წარმოდგენების მეშვეობით აჩენს, მაშინ გული იწყებს  მწუხარებასა და ცრემლთა ღვრას, გული იძენს თავმდაბლობას. და როგორ არ უნდა დაიმდაბლოს თავი ცოდვილმა სულმა, როდესაც ხედავს, რომ მისი საცოდავი გული ღრმა წყვდიადითაა მოცული, წყვდიადით, რომელიც მისი ცოდვების შედეგად წარმოიშვა, რომელიც მისი ფიქრებით, სიტყვითა და საქმეებით შეიქმნა? რადგან, როგორც წმიდა მარკოზ ასკეტი ამბობს: „ის, ვისაც ბოროტი გულისთქმანი აბრმავებენ, როგორღა დაინახავს თავის ცოდვებს? რადგან ის ადამიანი, ვინც სხვადასხვა ფიქრებს მოუცავს, თავისი სულის კარს გმანავს. და სწორედ ეს სიბნელე წარმოადგენს ბოროტ ცნებათა და საქმეთა საწყისს“. განა არ უნდა იტიროს და არ უნდა დამწუხრდეს ქრისტიანი ადამიანი, როდესაც ხედავს, რომ მისი სულის გონებრივი მხარე სავსეა ქედმაღლობის გულისთქმებით, უწმინდური სურვილებით, ღმრთის მგმობი აზრებით და ეშმაკური განზრახვებით? განა არ უნდა იგლოვოს მწუხარე სულმა, როდესაც ხედავს, რომ მისი სულის სასურველი ნაწილი  ღმრთის მგმობი გულისთქმების მიერაა დატყვევებული, როდესაც ხედავს, რომ მის სულზე გაბატონებულია დემონური აზრები, რაც მას მოყვასის მიმართ მტრულად განაწყობს? ერთი სიტყვით, როგორ არ დაიმდაბლებს თავს და არ დაღვრის სისხლის ცრემლებს, განა კი არ შეჰღაღადებს იგი იესო ქრისტეს, რომ გადაარჩინოს და განკურნოს, როდესაც ხედავს, რომ მისი გული ამდენი ვნებითაა დაბმული, უგრძნობლობითაა დაბრმავებული, მკაცრია და დასახიჩრებულია ამდენი ჭრილობით?

და ბოლოს, როდესაც ადამიანი ხედავს, რომ მის წიაღში უკვე არა უფლისა და სული წმიდის ტაძარია, არამედ  – მძარცველებისა და ცოდვის უფსკრულთა გამოქვაბულია, დემონთა სამკვიდრებელია, მაშინ მას შეუძლია თავი დაიმდაბლოს, მწუხარებითა და ცრემლებით ითხოვოს ღმრთისგან შეწყალება, გათავისუფლდეს ვნებებისაგან და ღმრთიური სინერგიის მეშვეობით თავი დააღწიოს ბოროტ გულისთქმათა შემოტევებს.

შინაარსი
სანიშნეები