Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
გულისმიერი ლოცვის ნაყოფნი (II ნაწილი) | PEMPTOUSIA

გულისმიერი ლოცვის ნაყოფნი (II ნაწილი)

2 June 2014

ძვირფასო მკითხველო, ვაგრძელებთ წინა წერილში დაწყებულ თემას (იხ: www.pemptousia.ge/2014/05/16/გულისმიერი-ლოცვის-ნაყოფნ/)

გულისმიერი ლოცვის მეთხუთმეტე ნაყოფი იბადება გონებითი ლოცვის შედეგად და შემდეგ მოვლენას წარმოადგენს: გონების გულში დაბრუნების, მასში მისი დაჟინებული მყოფობის, სიფხიზლისა და აზრებზე თვალყურის დევნების შედეგად ადამიანის შინაგანი სამყარო სუფთა სარკეს ემსგავსება, წმიდა კალისტო ქსანთოპულოსის მიხედვით, მასში გონება თვალნათლივ ხედავს საკუთარი გულის ბოროტ განწყობილებებს, უწმიდური სულების მხრიდან თავდასხმებსა და მათ მიერ დაგებულ მახეებს. ზემოთქმულის მოკლედ აღსანიშნავად ვამბობთ, რომ გონება იწყებს ყველა თავისი შეცდომის, მათ შორის ყველაზე უკანასკნელის, აშკარად ჭვრეტას, რის გამოც იგი დიდი ტკივილით უხმობს დახმარებისთვის იესო ქრისტეს, ითხოვს პატიებას, ინანიებს ცოდვებს, ტირის, მუხლს იყრის უფლის წინაშე და ცრემლთა ღვრას იწყებს, თავმდაბლობის საფუძველზე კი უფრო მეტი თავმდაბლობა ჩნდება, იგი ყოველივეს აკეთებს, რაც კი შეუძლია, იმისათვის რომ გამოსწორდეს და მეტი აღარ შესცოდოს. სწორედ ამის გამო თქვა ლოცვის შესახებ წმიდა იოანე კიბისაღმწერელმა, რომ ის შენ გიჩვენებს, თუ როგორ მდგომარეობაში იმყოფები, რადგან ლოცვა ღმრთისმეტყველი მონაზვნის ამსახველია, იგი ნათლად აჩვენებს მის შინაგან მდგომარეობას (28-ე სიტყვა).

Pareklisi 01

მეთექვსმეტე ნაყოფი, რაც ასევე არის გონების გულში დაბრუნების ნაყოფი, არის ჩვენი ბუნების მიმსგავსება უფლის სიწმიდესთან, რაც სულიწმიდის ზებუნებრივი ენერგიის მეშვეობით ხდება. რადგან, როგორც ღმრთაებრივმა მამებმა მიაკვლიეს რამდენიმე ხერხს და ბუნებრივ მეთოდებს, იმისათვის რომ გაეწმინდათ ადამიანური ბუნება არაბუნერივი ვნებებისაგან, რომლებმაც მასში შეაღწიეს, ისეთი საშუალებებით, როგორიცაა მაგალითად მარხვა, ფხიზლად მყოფობა, მღვიძარება, მუხლთმოყრა, დიდი მეტანიები, თავშეკავება და სხეულის სხვა წვრთნები, ზუსტად ასევე იგივე ხერხით მიაგნეს მათ გონების გულში დაბრუნების ხელოვნებას, იმისათვის რომ უფრო სრულად და უფრო სწრაფად განწმენდილიყო, როგორც გონება, ისე – გული.

ადამიანის არსებობაში სწორედ ეს ორი რამ – გონება და გული – არის ყველაზე ნაზი, ისინი ბოროტების გავლენის ქვეშ ადვილად ექცევიან, ხოლო მათში ცოდვის შეღწევა იმავდროულად გავლენას ახდენს სხეულის სხვა ნაწილებზეც. რადგან უპირველეს ყოვლისა, სწორედ სხეულის ნაზი ნაწილები ზიანდებიან, შემდეგ კი – დანარჩენები. ამიტომ, თუკი განვწმენდთ პირველს, მაშინ მთელი ჩვენი ბუნება განიწმინდება ვნებებისაგან და ამ გზით, ჩვენ საკუთარ თავს გავუადვილებთ სულიწმიდის მადლისა და ენერგიის მიღებას. ეს ხერხი სხვა ნებისმიერ საქმიანობაზე უფრო მეტად გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ უფრო ადვილად განვიწმინდოთ, რადგან ის მიზნად ისახავს ყოველი სხვა სათნოებიდან ყველაზე უფრო დიდ, უმთავრეს და ტევად საქმეს – რომ ადამიანმა მთელი თავისი სულით, გულით, ძალით და ცნობიერებით შეიყვაროს ღმერთი (იხ. მათეს სახარება 22, 37). განსაკუთრებით ამ მცნების შესრულებისთვის, თუმცა ასევე სხვა მცნებების შესრულებისთვის, ადამიანს ეძლევა ღმრთის ზებუნებრივი მადლი ზებუნებრივი ცხოვრებისათვის.

გონებითი და გულისმიერი ლოცვის მეჩვიდმეტე ნაყოფს წარმოადგენს შემდეგი: როდესაც გონება ეჩვევა გულის წიაღში შეღწევას და დაფარულ ლოგოსთან საუბარს, იგი ხედავს თავის საკუთარ თავსა და ყველა თავის ძალას.  გულის წიაღში გონების სწორედ ამგვარი ჩაძირვა არ რჩება ბედნიერებისა და სულიერი სიხარულის გარეშე. როგორც ღირსი ნიკიფორე მონაზონი ამბობს, ეს ჰგავს იმას, როდესაც ვინმე ცოტა ხნით სწყდება თავის სახლს, მერე კი როცა უკან ბრუნდება, ხარობს და ბედნიერია იმის გამო, რომ კვლავ ღირსი გახდა თავისი მეუღლისა და შვილების ხილვისა, სწორედ ასე ემართება გონებასაც. გულის წიაღიდან ამგვარი გონებითი ლოცვის მეშვეობით ადამიანს საშუალება ეძლევა, რომ დაიცვას თავისი გონება და თავისი გული, თუკი მას ჯერ კიდევ არ მიუღწევია სრულყოფილ სიწმინდემდე და უცოდველობამდე, სავარაუდოდ ამის მიღწევა ძალიან რთულია ერში ცხოვრებისას, რა თქმა უნდა, რთულია ასევე უდაბნოსა და სიმშვიდეში ცხოვრების დროსაც, როგორც ღმრთიური მამა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს, ამის მიზეზი ჩვენი მოდგმის ეგოიზმი და გზააბნეულობაა.

მიუხედავად ამისა, ჩვენ რაც ძალი და ღონე შეგვწევს უნდა ვიბრძოლოთ საკუთარი ვნებებისაგან გასათავისუფლებლად, რადგან უფალმა ადამიანს უბრძანა დაეცვა თავისი გული ვნებებისა და ბოროტი აზრებისაგან, როდესაც შემდეგი სიტყვები თქვა: „ფრთხილად იყავი, გულში არ შეგეპაროს უგვანი ფიქრი“ (მეორე სჯული 15, 9). ამ მცნების შესახებ წმიდა ბასილი დიდმა მთელი განმარტებითი სამეცნიერო ნაშრომი დაწერა. ამასთან ერთად ასევე სოლომონიც შემდეგს ამბობს: „და ყოველი საცოჲ დაიმარხე გულსა შინა, რომლისაგან არიან გამოსავალნი ცხორებისანი“ (იგავნი 4, 23).

ლოცვის მეთვრამეტე და ყველაზე უდიდესი ნაყოფია ღმრთის სიყვარულის მიღება, რომელიც ყველა სათნოების დედაა, რადგან იგი არის ყოველი სათნო საქმით აღვსება, ხოლო უფლის სიყვარული კი, მოციქული იოვანეს უწყებით, მოიცავს ასევე მოყვასის სიყვარულს, მახარებელი შემდეგს ამბობს: „რაჲთა რომელსა უყუარდეს ღმერთი, უყუარდეს ძმაჲცა თჳსი“ (I იოვანე 4, 21). და სწორედ ამ ორ მცნებაზე,  ანუ უფლისა და მოყვასის მიმართ სიყვარულის აუცილებლობაზე, დამოკიდებულნი არიან ყოველი სჯული და წინასწარმეტყველნი (მათე 22, 40). იმავეს გადმოგვცემს დიდი მოციქული პავლე, როდესაც წერს რომაელთა მიმართ, იგი ამბობს, რომ სიყვარული არის სჯულის აღსრულება: „რამეთუ რომელსა უყუარდეს მოყუასი თჳსი, მან შჯული აღასრულა“  (რომაელთა მიმართ, 13. 8).

სწორედ ეს ყოველივე და სხვა უამრავი რამ არის გულისმიერი ლოცვის ნაყოფი. ამიტომაც, ნეტარი და სამგზის ნეტარია ის სული, რომელიც ფარულად მუშაობს ამ წმიდა ლოცვაზე. ის, ვინც ფარულად და ჭეშმარიტად ლოცულობს თავისი გულის კუნჭულში და იქ ესაუბრება ზეციურ სიძეს – ქრისტეს, რადგან იგი ფარულად იღწვოდა დედამიწაზე, ღიად დაჯილდოვდება ზეციური მამის მიერ მოსალოდნელი განსჯის დღეს, სადაც გაცხადებული იქნება ადამიანთა ყველა ფარული საქმე.

მწამს, რომ დღევანდოლობაში არა მარტო წმიდა მონასტრებში, არამედ იმ ქრისტიანებს შორისაც, რომლებიც ერში ცხოვრობენ, მრავლად არიან ისეთი ადამიანები, ვინც ამ წმიდა ლოცვით არიან დაკავებულნი, რომლის მეშვეობით მათ გააჩნიათ უფლის შიში, თავმდაბლობა და მდუმარება ამ წმიდა საქმიანობაში. მათ შორის უმრავლესობა საკუთარ თავს იმ წარუშლელი ცრემლებით წმენდს, რომელიც სათავეს მათი გულებიდან იღებს უფლის შიშისა და, უპირველეს ყოვლისა კი, უფლის სიყვარულის მიზეზით. მცირე არ არის იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ვნებებისა და უხამსი გულისთქმებისგან საკუთარი გულების განწმენდისათვის იბრძვიან, რადგან მათ მხედველობაში აქვთ ის, რასაც წმიდა წერილი ამბობს: „და ესემცა უწყით, რამეთუ ყოველსა მეძავსა და არაწმიდასა და ანგაჰრსა, რომელ არს კერპთ-მსახური, არა აქუს მკჳდრობა სასუფეველსა ქრისტესსა და ღმრთისასა“ (ეფესელთა მიმართ 5,5). მეც მათ ვევედრები, რომ ჩემი ცოდვილი სულისთვისაც ილოცონ.

ჩვენი მოწყალე ღმრთის წყალობა და თანაგრძნობა და მისი დედის – ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მადლი დაეხმარება ყველა იმ ადამიანს, ვისაც მთელი თავისი გულით, მთელი თავისი ცნობიერებითა და ძალით უყვარს ღმერთი, ვინც დახმარებისათვის მის ყოვლადწმიდა სახელს უხმობს და ვისაც გამუდმებით ახსოვს უფალი. ამინ!

წყარო: „ღირსი გრიგოლი“, ათონის წმიდა მთის ღირსი გრიგოლის წმინდა კინოვიური მონასტრის ყოველწლიური გამოცემა, მე-2 პერიოდი, 1984 წელი, #9.

შინაარსი
სანიშნეები