საუბარი უფლის ფერისცვალებაზე – 2

23 August 2014

თუმცა, ჩვენი ყურადღება სხვა რამეზეც უნდა გავამახვილოთ. გვმართებს გავიხსენოთ, რომ ის ხალხი, რომელიც უფლის ქადაგებას ეზიარებოდა, ამბობდა, რომ იგი ელია იყო, ზოგიერთი მას იერემიად ან რომელიმე სხვა წინასწარმეტყველად თვლიდა. ქრისტემ იმ მთის მწვერვალზე, სადაც მოხდა მისი ფერისცვალება კორიფეები იხმო, იმისათვის, რომ გამოაშკარავებულიყო თვალსაჩინო განსხვავება მონებსა და ბატონს შორის.

metamorfosi 10

გარდა ამისა, კიდევ ერთ განმარტებაზე გვმართებს ყურადღების გამახვილება. ებრაელები გამუდმებით კიცხავდნენ უფალს იმის გამო, რომ იგი არღვევდა სჯულის კანონს. იესოს ასევე ღმერთის შეურაცხყოფაში და იმ დიდების მითვისებაში ადანაშაულებდნენ, რომელიც მას არ ეკუთვნოდა, არამედ – მამა ღმერთს. ისინი ამგვარად ამბობდნენ: „ესე კაცი არა არს ღმრთისაგან, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს“ (იოვანე 9,16) ან – „კეთილისა საქმისათჳის ქვასა არა დაგკრებთ შენ, არამედ გმობისათჳს, და რამეთუ კაცი ხარ შენ და გიყოფიეს თავი შენი ღმერთ“ (იოვანე 10, 33). მაშასადამე, იესო თავისთან იხმობს მოსესა და ელიას, ორ კაცს, რომელნიც სხვათაგან უფლის ნების დაცვით გამოირჩეოდნენ, სწორედ იმისათვის, რათა ცხადყოს, რომ ორივე დანაშაულის გამო წამოყენებული ბრალდება სათავეს მხოლოდ და მხოლოდ ბოროტი საბაბიდან იღებს. და მიუხედავად იმისა, რომ იესო ორივეგან უდანაშაულოა, რადგან მას ბრალს ვერც სჯულის კანონის დარღვევაში სდებენ და ვერც შეუფერებელი დიდების მითვისებაში, მათ წინაშე ამტკიცებს, რომ იგი მამის თანასწორია. სწორედ ხომ მოსე იყო ის კაცი, ვინც ამ ხალხს სჯულის კანონი მისცა, ხოლო იუდეველები კი ფიქრობდნენ, რომ იესო თითქოსდა არ იცავდა და არღვევდა კანონს. თავად ელიაც, რომელიც ღმრთის დიდების გამარჯვებისთვის იღვწოდა, განა კი დაემორჩილებოდა ან წინააღმდეგობას არ გამოხატავდა იმის გამო, რომ იესო თავს ღმრთის თანაბრად აცხადებდა? მართლაც რომ არ ყოფილიყო იგი ღმრთის თანასწორი, ანდა მას რომ გაეკეთებინა ის, რაც არ შეჰფეროდა?

არსებობს ამ კონტაქტის კიდევ ერთი მიზეზი, რაზეც ყურადღების გამახვილება აუცილებელია. ქრისტემ ფერი იცვალა იმის გამო, რათა ყველასთვის ეუწყებინა, რომ იგი თანაბრად მეუფებს, როგორც სიცოცხლეზე, ისე – სიკვდილზე. ამიტომაც გამოჰყავს მას ცოცხალი ელია, რომელიც ვიცით რომ ცოცლად იქნა აღტაცებული ზეცად, და მიცვალებული მოსე. გარდა ამისა, მთის მწვერვალზე მყოფი მოსე და ელია მოჩვენებების მსგავსად მდუმარენი კი არ არიან, არამედ ერთმანეთში ქრისტეს იერუსალიმში სახელოვან შესვლაზე, ანუ მის წამებაზე, ჯვარზე სიკვდილზე და აღგომაზე საუბრობენ.

როგორც სახარება გადმოგვცემს, იმ დროს, როდესაც ქრისტე ლოცვაში იყო ჩაფლული, ნეტარი მოწაფენი ძილს თავს ვერ ართმევდნენ, ბოლოს კი ჩაეძინათ – ადამიანური მოთხოვნილების მიმართ რაოდენი შეწყნარებაა. თუმცა, მოგვიანებით გამოეღვიძათ და უფლის სათაყვანებელი და სასწაული ფერისცვალება იხილეს. მაშინ ყველასაგან გამორჩეულმა პეტრემ გაიფიქრა, იქნებ დადგაო ღმრთის ბატონობის ზეიმობის ჟამი. და როდესაც იგი აცხადებს თავის წინადადებას, სთავაზობს, რომ დადგან სამი კარავი, ისე რომ თავადაც ვერ აცნობიერებს, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას. მაგრამ ჯერ კიდევ არ იყო დამდგარი საუკუნეთა ციკლის დასრულების ჟამი, და არც შესაბამისი დრო იყო იმისათვის, რომ დამტკბარიყვნენ რჩეულნი აღთქმულ იმედში მონაწილეობით. პავლე ხომ ამგვარად ამბობს: „რომელმან გარდაცვალნეს ჴორცნი ესე სიმდაბლისა ჩუენისანი, რაჲთა იყვნენ იგინი თანა-ჴატ ხორცთა მათ დიდებისა მისისათა შეწევნისაებრ ძლიერებისა მისისა, დამორჩილებად მისა ყოველი“ (ფილიპელთა მიმართ 3, 21), ანუ ქრისტესი. ადამიანთა გამოხსნის მიზნით განხორციელებული ღმრთის კიდევ ერთი ჩანაფიქრი ჯერ კიდევ საწყისს პროცესში იმყოფებოდა და სრულიადაც არ იყო ის დასრულებული. განა კი შესაძლებელი იყო, რომ ქრისტეს, რომელიც დედამიწაზე სამყაროსადმი თავისი სიყვარულის გამო მოვიდა, შეეწყვიტა მისი გულისთვის თავის გაწირვა? სწორედ ამგვარად იხსნა მან კაცთა მთლიანი მოდგმა, რომელიც სხეულებრივ სიკვდილს დაითმენდა და ამასთან ერთად, არც მისი მკვდრეთით აღდგომა ხდებოდა. სრულიად ნათელია, რომ პეტრეს ზუსტად არ ჰქონდა გაცნობიერებული თავისი ნათქვამი.

ამასთანავე, ქრისტეს სასწაული და ენით აღუწერელი დიდების გამოაშკარავებასთან ერთად განხორციელდა ასევე სხვა რამ, რაც როგორც მის მოწაფეებში, ისე ჩვეულებრივ ქრისტიანთა რიგებშიც ქრისტესადმი რწმენის გამყარებისთვის საჭირო და აუცილებელი იყო. ზეციდან მამა ღმერთის ხმა გაისმა, რომელმაც თქვა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ“ (მათე, 17,5). და როგორც კი გაისმა ხმა, ამბობს მახარებელი, მათ ვერავინ იხილეს, გარდა მხოლოდ ქრისტესი. რას იტყოდა ამაზე ჯიუტი იუდეველი, რომელიც ძნელად იგებს და რომელსაც კიდევ უფრო ძნელად სწამს, რადგან მისი გულიდან გამოსული სიმკაცრე ფარავს ჭკუის სწავლების ზღვარს? აი! მაშინ როდესაც იქ იმყოფება მოსე, მამა ღმერთი რჩევას აძლევს წმიდა მოციქულებს, რომ ისინი დაემორჩილონ მას. მაგრამ თუკი, მამა ღმერთის სურვილი იქნებოდა მოსეს მცნებების დაცვა, მაშინ მათ ეტყოდა დამორჩილებოდნენ მოსეს და რჯულის კანონის ერთგულნი დარჩენილიყვნენ. ახლა კი მამა ღმერთი მოსესა და ელია წინასწარმეტყველის წინაშე ამბობს ასეთ რამეს და მათ უბრძანებს, რომ პირიქით, ისინი დაემორჩილონ ქრისტეს. რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ არ წამოჭრილიყო გაუგებრობა ვინმეს მხრიდან, ვინც კი იფიქრებდა, რომ მათ მამა ღმერთმა უბრძანა, რომ დამორჩილებოდნენ მოსეს და არა ჩვენ მხსნელს – ქრისტეს, მოციქული გარკვევით აღნიშნავს, რომ როდესაც გაისმა ღმრთის ხმა, იესო მთის მწვერვალზე მარტოდმარტო იმყოფებოდა. მართლაც, როდესაც მამა ღმერთმა თითქოსდა ღრუბლებიდან უბრძანა წმიდა მოციქულებს, თქვა რა, რომ „მაგისი ისმინეთ“, მოსე უკვე წასული იყო და არც ელია წინასწარმეტყველი იმყოფებოდა იქ. მხოლოდ ქრისტე იყო მათ წინაშე. ამგვარად არ არსებობს არანაირი ეჭვი იმის შესახებ, რომ მათ ქრისტესადმი მორჩილება უბრძანა. ამგვარად, ქრისტეა კანონისა და მოციქულების მიზანი და განსრულება. და ზუსტად ამის გამო, იესო ხმამაღლა იუწყებოდა იუდეველი ხალხის მისამართით: „უკუეთუმცა გრწმენა მოსესი, გრწმენამცა ჩემიცა, რამეთუ მან ჩემთჳს დაწერა“ (იოვანე 5, 46).

ხოლო რადგანაც იუდეველებმა, უგულებელყვეს ყოვლად ბრძენი მოსეს მცნება, ყურადღება არ მიაქციეს ღმრთის სიტყვას, რომელიც მათ წმიდა წინასწარმეტყველების მიერ გადაეცათ, ბოლომდე დარჩნენ მიჯაჭვულნი თავიანთ შეცდომაზე და სამუდამოდ დაცილდნენ იმ მადლს, რომელიც მათ უფალმა მათი შვილებისათვის აღუთქვა. „რამეთუ ფრიად უმჯობეს არს მსხუერპლთა დამორჩილება და სმენად ბრძანება უფლისა უფროს ცმელისა ვერძთასა!” (I მეფეთა 15,22), როგორც ეს არის დაწერილი.

თუმცა, იუდეველებისაგან განსხვავებით, ჩვენ, ვინც ეჭვს გარეშე ვაღიარეთ ღმრთის გაცხადება, ნეტავ ყოველმხრივ დავტკბეთ ყველა იმ მადლით, რაც ამქვეყნად ქრისტეს მოსვლამ გამოიწვია, რომლის გამო და რომელთან ერთადაც დაე იდიდოს და იბატონოს მამა ღმერთმა და სული წმიდამ დაუსრულებელი საუკუნეების მანძილზე. ამინ!

წყარო: „ფერისცვალება“, გამომცემლობა აკრიტა, გვ. 41-47

შინაარსი
სანიშნეები