Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
საკითხები სულიერი ბრძოლის შესახებ II ნაწილი | PEMPTOUSIA

საკითხები სულიერი ბრძოლის შესახებ II ნაწილი

12 September 2014

რა არის გონისმიერი და გულისმიერი ლოცვა?

უფლის ხსოვნა ადამიანში ღმერთთან ურთიერთობას აყალიბებს და, მაშასადამე, ის ლოცვას ჰგავს. ქრისტეს წმიდა სახელის მუდმივი მოწოდება ლოცვით „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი“ ადამიანში მუდმივად განაახლებს უფლის ხსოვნას და კავშირს უფალთან. ამიტომაც მისწერა მოციქულმა პავლემ თესალონიკელთ: „მოუკლებელად ილოცევდით“.

უფლის ხსოვნითა და ლოცვით, რაც ხილულ და უხილავ სამყაროს შორის საზღვარს წარმოადგენს, ადამიანი თავისი ბუნების ჭეშმარიტ კეთილშობილებას ავლენს, ხდება „ცხოველი განღმრთობილი“, დასძლევს მატერიალურ საჭიროებებს, აფართოებს საკუთარ არსებობას ღმერთამდე, გრძნობს თავისუფლებას ყოველივე იმისგან, რისი მძევალიცაა დედამიწაზე.

მაგრამ, ლოცვა რომ ჭეშმარიტი იყოს, იგი ადამიანმა მთელი თავისი შეგრძნებით უნდა წარმოთქვას, და არა მხოლოდ ბაგეებით, გონებით ან გულით.

 Mysteries of the Jesus Prayer

სრულყოფილი ლოცვა არის გონისმიერი და იმავდროულად გულისმიერი ლოცვა. გონება გულში ლოცულობს, რომელიც ჩვენი არსების ცენტრია. მაშასადამე, ადამიანი მთელი შეგრძნებით, მთელი სიღრმითა და უმთავრესად გულით უნდა ლოცულობდეს და აღასრულებდეს უფლის მოწოდებას: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა … და შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი“ (მარკოზი 12,30). ადამიანმა თავი მთლიანად უნდა მიუძღვნას უფალს.

ასე რომ, ვილოცოთ. ჩვენ ვიყენებთ მცირე ლოცვას: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“, რომელიც თავისი სიმოკლით გონების მოკრეფასა და გონების გულში ჩაღრმავებაში გვეხმარება.

მღვიძარედ წოდებულმა წმიდა მამებმა ლოცვის მეთოდებისა და საშუალებების შესახებ თავიანთი გამოცდილება წერილობით დაგვიტოვეს. არსებობს მათი ნაშრომების კრებული, რომელსაც „სათნოებათმოყვარეობა“ („ფილოკალია“) ეწოდება. სიტყვა „სათნოებათმოყვარეობა“ სახასიათოა. გონისმიერი და გულისმიერი ლოცვით მორწმუნე უფალს უერთდება, იხილავს იმას, ვინც ყველა არსებაზე უმშვენიერესია, რომელიც უზენაესი სიკეთე და სათნოებაა.

გულისმიერი ლოცვა მედიტაციებისა და ლოცვის იმ სხვა სახეობებში რომ არ აგვერიოს, რომლებიც აღმოსავლეთ რელიგიებშია დანერგილი, საჭიროდ მიმაჩნია განვმარტო რამდენიმე საკითხი:

არა მხოლოდ მცირე ლოცვა „უფალო იესო ქრისტე…“, არამედ ეკლესიის ყოველი სხვა ლოცვა, ისევე როგორც ფუნდამენტური ღმრთივდადგენილი საუფლო ლოცვა „მამაო ჩვენო“, უნდა იყოს გონისმიერი და გულისმიერი, ესე იგი ეს ლოცვები ჩვენი გულის სიღრმიდან უნდა ამოდიოდეს.

უწყვეტი გონისმიერი და გულისმიერი ლოცვის მადლის მოსაპოვებლად ჩვენთვის ქრისტიანებისთვის არ არის მთავარი მისი მეთოდებისა თუ ხერხების საკითხი, არამედ საქმე ეხება გულის შემუსვრილებას, მაშასადამე ისეთ გულს, რომელიც სინანულშია, სტკივა საკუთარი ცოდვები და დამდაბლებულია. თუ არ გვექნება ასეთი გული, ლოცვის ვერანაირი მეთოდითა თუ ხერხით, როგორიცაა, მაგალითად, ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის გამოყენება, ვერ შევძლებთ ჭეშმარიტ ლოცვას.

გულისმიერი და გონისმიერი ლოცვა ჩვენს ეკლესიურ ცხოვრებას, საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობას, უფლის მცნებების დაცვასა და სულიერი მოძღვრისადმი მორჩილებას გულისხმობს. მაშასადამე, ეს არ არის პირადი, ინდივიდუალური მიახლოება ღმერთთან. თავმდაბალი ქრისტიანი ეკლესიაში ღმრთის მადლს ღებულობს, რაც, რა თქმა უნდა, ადამიანის სურვილთან და ღვაწლთან ერთად, მასში ჭეშმარიტ ლოცვას ბადებს.

ლოცვის შესახებ საუბრის დასასრულს, მსურს ვთქვა, რომ დღევანდელ ადამიანს ლოცვა განსაკუთრებით სჭირდება, რათა იგი უფსკრულივით ღრმა მატერიალისტურ ყოფაში არ ჩაიძიროს და არ დაავიწყდეს ღმრთისადმი საკუთარი მსგავსება, მაშასადამე საკუთარი ღმრთიური წარმოშობა და ღმრთიური დანიშნულების ადგილი. ასევე იმისათვის, რომ ადამიანმა შეძლოს შინაგანი წონასწორობისა და სიმშვიდის შენარჩუნება თანამედროვე სამყაროს ამ საშინელ, განხეთქილებებით აღსავსე, გაუწონასწორებელ და ექსტრავერტულ გარემოში. ასევე იმისათვის, რომ ადამიანმა შეძლოს უფლის მასთან მუდმივად მყოფობისა და მის ცხოვრებაზე ზრუნვის გრძნობა შეინარჩუნოს, არ „ჩავარდეს დეპრესიაში“, არ დაკარგოს იმედი და არ იცხოვროს ცარიელ და „უაზრო“ სამყაროში.

ქრისტეს უტკბესი და წმიდა სახელის მუდმივი მოხმობით ადამიანი ქრისტეს საკუთარ გულში შეიგრძნობს, განერიდება ცოდვას, უფლისა და ადამიანისადმი სიყვარულის გრძნობას გამოიმუშავებს, თავადაც მოიპოვებს სიმშვიდეს და მის გარშემო მყოფი ადამიანებიც.

ნება მომეცით ათონური სულიერი ტრადიციებიდან ერთი ძმური რჩევა მოგცეთ: „დღის განმავლობაში რამდენადაც ხშირად ვიტყვით ლოცვას „უფალო იესო ქრისტე…“, იმდენად ახლოს ვიქნებით უფალთან და იმდენად უფრო მეტი მადლი და ძალა მოგვეცემა ცხოვრებისეულ სირთულეებთან და განსაცდელებთან გასამკლავებლად.

განდგომილების დღევანდელ ეპოქაში, როგორ გესახებათ ბერძნებისა და მართლმადიდებლობის მომავალი?

(შესაძლებელია ბევრი პარალელის დანახვა დღევანდელ ქართულ რეალობასთან მიმართებაში. რედაქტორის შენიშვნა)

დიდი ტკივილით უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი ბერძნების ნაწილი მართლაც რომ დაშორებულია ჩვენი მამების ღმერთისგან. ანტიქრისტიანული და ანტიეკლესიური სული ზოგჯერ ძალზე ცხადად თუ ვერაგულად, ორგანიზებულად, წინასწარ დაგეგმილად და თავგამოდებულად დევნის ეკლესიას.

ათეიზმი და ანტიქრისტიანობა ჩვენს ქვეყანაში ადგილს იმკვიდრებს, რაც ბერძნების ანტიქრისტიანებად ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. ამისათვის განათლებას, სასკოლო წიგნებს, რადიოს, ტელევიზიას, პრესას იყენებენ. ამისათვის იყენებენ ასევე ირონიას და შეზღუდულებს უწოდებენ მათ, ვინც ჯერ კიდევ ბედავს საკუთარი რწმენისა და ეკლესიისადმი თავიანთი სიყვარულის გამოხატვას. ჩვენ ისეთ დემონურ მდგომარეობაში ჩავვარდით, რომ უღმერთო თეოლოგები სკოლებში ასწავლიან და ეწევიან ათეიზმის პროპაგანდას. თუ ყოველივე ამას დავუმატებთ იმ შედეგებს, რაც ჩვენს ქვეყანაში ტურიზმისა და დასავლური მატერიალისტური ცხოვრების სტილის დანერგვას და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის მრავალეთნიკურ ერთობაში შესვლას ჩვენი ხალხის ზნეობისა და რწმენისათვის მოჰყვება, მაშინ მივხვდებით, რომ ძალიან დიდი სულიერი საშიშროების წინაშე ვიმყოფებით, რომლის მსგავსის წინაშეც არასდროს ყოფილა მართლმადიდებელი ბერძენი ერი.

საშინელება ის არის, რომ ჩვენ ეს საშიშროება არ გაგვიცნობიერებია, არ არსებობს სათანადო სულიერი სიფხიზლე და წინააღმდეგობის გრძნობა, არ არსებობებენ იმედისმომცემი თამამი პიროვნებები – გამონაკლისების გარდა – რომლებიც თავგანწირვითა და გულახდილობით ამხელენ ანტიქრისტეს სხვადასხვა ორგანიზაციებს, მოუწოდებენ მორწმუნე ხალხს სულიერი მობილიზაციისაკენ, ეტყვიან მართლმადიდებელი ბერძნების ახალ „არას“ ახალ და უარეს სულიერ ტყვეობას, რომელიც ჩვენს ერს ემუქრება.

მჯერა, რომ ჩვენი მტრების მცდელობა, რომ ბერძნებს ქრისტიანობა დააკარგვინონ მიზნად ისახავს ბერძნული თვითშეგნების დაკარგვასაც, იმისათვის რომ ბერძნები სულიერად და ეროვნულად დამონებულნი საერთაშორისო ინტერესებისა და ტოტალიტარული იდეოლოგიების მიერ ადვილად მოსანადირებელი გავხდეთ.

ეკლესიის მტრები თავგამოდებულად ცდილობენ, რომ ზოგადად ახალგაზრდობის და იმ ბერძენთა თვალში, რომლებიც არ არიან გამყარებულნი რწმენაში დააკნინონ ჩვენამდე მოღწეული ქრისტიანული სარწმუნოება და გამოიყვანონ ისინი ეკლესიის წიაღიდან .

60MINUTESmountathos

თუ დღევანდელი ბერძნები დავკარგავთ ქრისტეს ან მას ჩვენგან გავრიყავთ, დავკარგავთ ჩვენს სულიერ თავისუფლებასაც და შესაძლობლობას ამ ქვეყანაში ნაყოფის გამოღება გააგრძელოს ცხოველმა მართლმადიდებლურმა ტრადიციამ.

ამიტომ ყველა ჩვენთაგანისთვის დამდგარია ჟამი ბრძოლისა, სულიერი წინააღმდეგობისა, ჩვენი სარწმუნოების აღმსარებლობისა და დამოწმებისა, რა ფასდაც უნდა დაგვიჯდეს ეს.

მჯერა, რომ ჩვენი ბრძოლა დღესაც რწმენისა და სამშობლოსათვისაა ანუ, როგორც ამას 1821 წლის აჯანყების მებრძოლნი იტყოდნენ: „ქრისტესადმი სარწმუნოებისათვის და სამშობლოს თავისუფლებისათვის“, სულიერი თავისუფლებისათვის, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობისათვის! ჩვენ დღესაც მოვუწოდებთ ახალგაზრდებს ერთობისკენ და ქრისტიანული ტრადიციების მტკიცედ და ერთგულად დაცვისაკენ, როგორც უმეტესმა ჩვენმა წინაპრებმა იმ სისხლიანი ბრძოლით თავი გასწირეს, შემოგვინახეს და შეინარჩუნეს ის ღირებულებები და ტრადიციები.

ანტიქრისტიანული ათეიზმი უცხოტომელთა მიერ ჩვენი მამაპაპისეული მიწის ხელყოფაზე უფრო მეტად საშიშია, რადგან ის კლავს ჩვენს სულებს, ცვლის ჩვენს შეგნებას და აზროვნებას.

ჩვენი ისტორიის კრიტიკულ პერიოდებში ღმერთი განათლებულ მამებს გამოაჩენდა ხოლმე, ისეთებს როგორებიც იყვნენ კოზმა ეტოლიელი და მაკრიიანისი, რომლებმაც ხალხი გამოაფხიზლეს, მათში მართლმადიდებლური სარწმუნოება გაამყარეს და ეროვნული თვითშეგნება აამაღლეს.

მჯერა, რომ დღეს უფლის მადლი და ჩვენი ერის „ზესთამბრძოლის“ წყალობა ჩვენს ერს გადაარჩენს და ეს იქნება იმ ადამიანთა ბრძოლის, ტკივილის, სინანულის, ცრემლების საპასუხოდ, რომელთაც მუხლი არ მოიდრიკეს განდგომილების თანამედროვე საცდურების წინაშე.

თვალწინ გვაქვს ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მაგალითი, სადაც ეკლესიის 70-წლიანი დევნის მიუხედავად, ვერ მოახერხეს ჭეშმარიტი რწმენის ჩაქრობა მორწმუნე ქრისტიანების ფართო წრეებში. პირიქით, უფრო მეტად გამყარდა და გაბრწყინდა მათი რწმენა.

ისტორიაში საბოლოო სიტყვას არა ეშმაკი, არამედ ღმერთკაცი, ჯვარცმული და მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე ამბობს, ამიტომაც როგორც არ უნდა მოიღრუბლოს ცა, ჩვენ მაინც იმედით აღსავსენი ვართ ყოველთვის.

 («მთაწმინდური მოწმობა», ტომი. 2, გვ. 70-75)

შინაარსი
სანიშნეები