ესექსის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის წმიდა მონასტრის წინამძღვრის ბერი სოფრონის უკანასკნელი დღეები (+11/7/1993)

17 September 2014

ბერმა სოფრონმა გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე დახუჭა თვალები და ჩვენთან საუბარი აღარ მოისურვა. მას სახე მოწყენილი კი არა, გაცისკროვნებული და დაძაბული ჰქონდა. დაახლოებით იგივე გამომეტყველება აღბეჭდოდა, როგორც საღმრთო ლიტურგიის აღსრულების ჟამს. თვალებს აღარ ახელდა და არც სიტყვებს წარმოთქვამდა, მაგრამ ხელს ზევით სწევდა და გვლოცავდა. სიტყვების გარეშე გვლოცავდა და მეც ვხვდებოდი, რომ იგი ჩვენგან მიდიოდა. ამიტომაც არ მინდოდა მისი შეწუხება.  ჩვეულებისამებრ, უწინ ღმერთს მისი სიბერის გაგრძელებას ვევედრებოდი, როგორც წმიდა ბასილი დიდის ღმრთისმსახურებისას ვამბობთ ხოლმე: „სიბერე შეუნარჩუნე“ მაგრამ იმ დღეების განმავლობაში მივხვდი რა რომ იგი ჩვენგან მიდიოდა, ამგვარად ლოცვა დავიწყე: „უფალო, მდიდრად წარემართოს მონასა შენსა შესავალი იგი საუკუნესა მას სასუფეველსა უფლისა ჩუენისა და მაცხოვრისა იესუ ქრისტესსა“. ვლოცულობდი პეტრე მოციქულის სიტყვების მოშველიებით, რომელთაც ჩვენ წმინდა მახარებლის მეორე ეპისტოლეში ვკითხულობთ (პეტრე II ეპისტ. 1, 11).

Sofronios Saxarof 01

ჯიუტად ვიმეორებდი ამ სიტყვებს: „უფალო ღმერთო ჩემო, მდიდრად წარემართოს მონასა შენსა შესავალი იგი საუკუნესა მას სასუფეველსა შენსა და მის სულს მიუჩინე ადგილი წმინდა მამების გვერდით“ და ვასახელებდი  ყველა მის თანამოაზრე ასკეტს, რომლებიც, როგორც ვიცოდი,  მას ათონის წმიდა მთაზე ჰყავდა, ვიწყებდი წმიდა სილუანით და შემდეგ კი ყველა დანარჩენს ჩამოვთვლიდი.

უკანასკნელ დღეს დილის ექვს საათზე მივედი მის სანახავად. კვირა დღე იყო და დილის მსახურებას ვატარებდი, მამა კირილეს კი დანარჩენ ღმრთისმსახურებთან ერთად მეორე ლიტურგია უნდა აღესრულებინა. მივხვდი, რომ სწორედ იმ დღეს დაგვტოვებდა მამა სოფრონი. წავედი და დავიწყე კვეთა, შვიდი საათი რომ დაიწყო, ამას მოჰყვა საღმრთო ლიტურგიის დაწყებაც. მხოლოდ ღმრთაებრივი ევქარისტიის ლოცვები წარმოვთქვი, რადგან ჩვენს მონასტერში ჩვეულებად გვაქვს ის ხმამაღლა წარმოვთქვათ. დანარჩენისათვის ჩემი ლოცვა გამუდმებულად იყო: „უფალო ღმერთო ჩემო, მდიდრად წარემართოს მონასა შენსა შესავალი იგი საუკუნესა მას სასუფეველსა შენსა“. ეს ღმრთისმსახურება სრულიად განსხვავდებოდა დანარჩენი მსახურებებისგან. იმ წამს, როდესაც წარმოვთქვი „წმიდათა წმიდა“ მამა კირილე შემოვიდა საკურთხეველში. ერთმანეთს შევხედეთ და მან ტირილი დაიწყო. ვიგრძენი, რომ მამა სოფრონი უკვე ჩვენგან წასულიყო. როდესაც ვიკითხე, თუ რომელ საათზე გარდაიცვალა, შევიტყვე რომ ზუსტად იმ დროს, როდესაც სახარებას ვკითხულობდი.

მამა კირილემ განზე გამიხმო, რადგან ჩემთან საუბარი სურდა და მითხრა: „მორწმუნეები აზიარე, შემდეგ კი აცნობე მათ მამა სოფრონის გარდაცვალება და გადაიხადე პირველი პანაშვიდი, იგივეს გავაკეთებ მეც მეორე ლიტურგიისას“. ასე რომ დავანაწევრე კრავი (სიმბოლურად იესო ქრისტე) და ვეზიარე. მორწმუნეებიც ვაზიარე ღმრთიურ საიდუმლოს და დავასრულე წმიდა ლიტურგია. არ ვიცი, როგორ მოვახერხე ყოველივე ეს. შემდეგ გამოვედი საკურთხევლიდან და ხალხს მივმართე:

„ჩემო საყვარელო ძმებო, იესო ქრისტე, ღმერთი ჩვენი ამ ეპოქის ყველა თაობისათვის უფლის ნიშანია, რადგანაც მის სიტყვებში ჩვენ ხსნას და ყოველი ადამიანური პრობლემიდან გამოსავალს ვპოულობთ. სწორედ ახლა ჩვენ ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ამას ლიტურგია გვასწავლის, ანუ უფალს მადლობა გადავუხადოთ, ვილოცოთ და შევევედროთ. მაშ, მოდით მადლობა ვუთხრათ ღმერთს, რათა მან ჩვენ ასეთი სულიერი მამა გვიბოძა და დაე, ვილოცოთ მისი სულის ცხონებისათვის“. „კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი…“, და დავიწყე პანაშვიდის გადახდა. მამა სოფრონის ნეშტი ოთხი დღის განმავლობაში ეკლესიაში იყო დასვენებული, რადგან აკლდამა (კრიპტი) ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული და არც საფლავი იყო აშენებული. იგი ოთხი დღის განმავლობაში დაუფარავად დავტოვეთ ეკლესიაში და გამუდმებით ვუკითხავდით წმინდა სახარებას დასაწყისიდან დასასრულამდე, კვლავ და კვლავ, წესისამებრ, როგორც ეს მღვდელთმსახურთათვის ხდება ხოლმე. ვკითხულობდით წმინდა სახარებასა და ფსალმუნებს ასევე – სხვა ლოცვებს. ვასრულებდით მსახურებებსა და ლიტურგიას და მისი ნეშტიც იქ იყო, ოთხი დღის განმავლობაში, ეკლესიის შუა გულში დასვენებული.

აღდგომის დღესასწაულის მსგავსი, მშვენიერი და ღმრთივკურთხეული ატმოსფერო იყო! არავის არ გამოუმჟღავნებია რაიმე სახის ისტერია, ყველა შთაგონებით ლოცულობდა. ერთი მეგობარი გვყვავდა არქიმანდრიტი იეროთეოზ ვლახოსი, რომელსაც ჩვეულებად ჰქონდა ყოველ წელიწადს მონასტერში მოსვლა და ზაფხულის განმავლობაში რამდენიმე კვირის ჩვენთან გატარება, სწორედ მან დაწერა წიგნი „ერთი ღამე ათონის მთის უდაბნოში“. ახლა იგი ნავპაკტის მიტროპოლიტია. როგორც კი გაიგო მამა სოფრონის გარდაცვალების ამბავი, მაშინვე ჩვენთან მოვიდა. მან იგრძნო იქ არსებული ატმოსფერო და ასე მითხრა: „თუკი, მამა სოფრონი არ არის წმიდანი, მაშინ წმიდანები არ არსებობენ“. ისე მოხდა, რომ ათონის წმიდა მთიდან რამდენიმე მონაზონი გვსტუმრობდა, ისინი ჩვენთან მამა სოფრონის სანახავად ჩამოვიდნენ, მაგრამ მას ცოცხალს ვეღარ მოუსწრეს. მამა ტიხონი სიმონოპეტრას მონასტრიდან ერთ-ერთი მათგანი იყო. ყოველთვის როცა ბერძნები ინგლისში სამკურნალოდ ჩამოდიოდნენ, ჩვეულებად ჰქონდათ ჩვენს მოსნასტერში მოსვლა, რათა მამა სოფრონს მათთვის ერთი ლოცვა წაეკითხა, რადგან მრავალი ადამიანი იყო ასე განკურნებული.

მამა სოფრონის გარდაცვალებიდან მესამე თუ მეოთხე დღეს, ერთი ოჯახი მოვიდა, რომელთაც ცამეტი წლის ბავშვი ჰყავდათ თან.  ბავშვს თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა და ოპერაცია მეორე დღეს იყო დაგეგმილი. მამა ტიხონ სიმონოპეტრელი მომიახლოვდა და მითხრა: „ეს ადამიანები ძალიან დამწუხრებულნი არიან, მოვიდნენ, მაგრამ ცოცხალი ვეღარ ნახეს მამა სოფრონი. იქნებ შენ წაიკითხო რამდენიმე ლოცვა ამ ბავშვისთვის?“. მაშინ ასე ვუთხარი მას: „მოდი ერთად წავიდეთ. შენც წამოდი და მედავითნეობა გამიწიედა ერთად წავიკითხოთ ლოცვები სხვა სამლოცველოში“. მართლაც, წავედით და ამ ბავშვისთვის ვილოცეთ, დასასრულს კი მამა ტიხონმა მითხრა: „იცი რას ვფიქრობ, იქნებ ბავშვი მამა სოფრონის ლუსკუმის ქვეშ გაატაროთ? იგი განიკურნება. დროის შეგრძნება დავკარგეთ, როდესაც ლოცვებს ვკითხულობდით“. მას ვუპასუხე, რომ არ შემეძლო ამის გაკეთება, რადგან ხალხს ამის მერე შეეძლო ეთქვა, რომ მამა სოფრონი სულ ახლახანს გარდაიცვალა და უკვე მის წმინდანად აღიარებას ვცდილობთ.

„შენ გააკეთე ეს“, ვუთხარი მამა ტიხონს, „მთაწმიდელი მონაზონი ხარ. არავინ არაფერს იტყვის“. მაშინ, მამა ტიხონმა ბავშვს ხელი ხელში ჩასჭიდა და ლუსკუმის ქვეშ გაატარა. მომდევნო დღეს ბავშვს ოპერაცია გაუკეთეს და ვეღარაფერი იპოვნეს. დახურეს თავის ქალა და ასე თქვეს: „არასწორი დიაგნოზია. ალბათ ანთება იყო“. ბავშვს თან ახლდა ექიმი საბერძნეთიდან, რომელმაც ფირფიტაზე Χ-ით აღნიშნა ის ადგილი, სადაც სიმსივნე ჩანდა და მათ უთხრა: „ძალიან კარგად იცით, თუ რას ნიშნავს ეს „არასწორი დიაგნოზი“. ბავშვი გაიზარდა. ახლა იგი 27 წლისაა და ძალიან კარგად გრძნობს თავს.

წყარო: არქიმანდრიტი ზაქარია – თარგმანი თ. კირიაკუსი, მამა სოფრონის უკანასკნელი დღეები (+11 ივლისი, 1993 წ.), ჟურნალი „პარა ტინ ლიმნინ“, პარალიმნის წმინდა დიმიტრის სახელობის ეკლესიის ყოველთვიური გამოცემა,  მე-7 ნომერი, ივლისი, 2008 წელი. 

Σχετικά άρθρα ბერი სოფრონი ესექსელი
კლაუს კენეფის კომენტარები ნეტარი ბერის – სოფრონ ესექსელის პიროვნების შესახებ Αλέξανδρος Χριστοδούλου 24 May 2015 ძვირფასო მკითხველო, გთავაზობთ მცირე ნაწყვეტს კლაუს კენეფის წიგნიდან "ათასი მილი გულის ადგილამდე". ავტორი უბრალო ენით აღწერს იმ დიად ურთიერთობებზე და სიხარულზე რომელიც თანამედრეოების ბუმბერაზ ბერს, არქიმანდრიტ სოფრონ ესექსელსა და მის შორის წარმოიშვა. ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე, რომ უფრო მეტი, ვიდრე, დაახლოებით, ოცდახუთი ქრისტიანული კონფესია - რომე...
კლაუს კენეფის კომენტარები ნეტარი ბერის – სოფრონ ესექსელის პიროვნების შესახებ Αλέξανδρος Χριστοδούλου 7 August 2013 ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე, რომ უფრო მეტი, ვიდრე, დაახლოებით, ოცდახუთი ქრისტიანული კონფესია - რომელთა რიცხვს ჩემი უამრავი მეგობარი მიეკუთვნება - დიდი ძალისხმევით იბრძოდა იმისათვის, რომ თავიანთ ბანაკში ჩემი გადაბირება მოეხერხებინა. მათ სწამდათ, რომ ამ გზით, მე მათ „რეკლამას“ გავუკეთებდი. სინამდვილეში, თავს ყველგან თავისუფლად ვგრძნობდი, თუმცაღა, ხში...
დედობა, როგორც ღირსება ქალისა Αλέξανδρος Χριστοδούλου 29 April 2013 გასული საუკუნეების განმავლობაში, ქალის ადგილი განსაკუთრებით რთული იყო, და ახლაც, ჩვენს თანამედროვეობაშიც, იგი არაა სრულად განსაზღვრული. ცხოვრების ყოველ საფეხურზე ეს პრობლემა ძალიან ბუნდოვნადაა წარმოდგენილი, როგორც სახელმწიფო კანონმდებლობისა და საზოგადოების წყობის დონეზე, ისე შრომის განაწილების, აღზრდა-განათლებისა და, საეკლესიო ცხოვრების დონეზეც. უკ...
შინაარსი
სანიშნეები