Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ვასილიკი კუზარი | PEMPTOUSIA

ვასილიკი კუზარი

13 October 2014

იგი 1891 წელს დაიბადა ვარუსიში კვიპროსის კუნძულ ფამაგუსტაზე, რომელიც ამჟამად  ოკუპირებული ტერიტორიაა. მისი ოჯახი ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდა. ვასილიკის ოთხი და-ძმა ჰყავდა. მათ შორის თავად ყველაზე უმცროსი იყო. ძალიან პატარა ყოფილა, როცა დედით დაობლებულა.

Βασηληκη Κουζαρη 1

კონსტანტინე ფსარასმა, ორშვილიანმა ქვრივმა, ცოლად ითხოვა ვასილიკის და – მილია. მილიამ საქმროს პირობა წამოუყენა, რომ ათი წლის ვასილიკისაც  წაიყვანდა თან, რაზეც კონსტანტინეს უარი არ უთქვამს.

ვასილიკი გაიზარდა ორ ობოლთან და სხვა შვიდ ბავშვთან ერთად, რომლებიც მის დასა და კონსტანტინეს შეეძინათ. თითოეულ ბავშვს იგი დედაზე მეტად უყვარდა, რადგან თავად ვასილიკისაც ძალიან უყვარდა ისინი.

კონსტანტინემ თავისი შვილებისა და ოჯახისადმი ასეთი თავგანწირვისთვის მადლობის ნიშნად ვასილიკის ქალაქის ცენტრში სახლი უყიდა. იგი არ განურჩევია საკუთარი შვილებისაგან და ასევე მის მზითებზეც იზრუნა.

ვასილიკი მაღალი  და წარმოსადეგიიყო, ძალიან გრძელი ჟღალი ნაწნავები ჰქონია და – თეთრი სახის კანი, ზედ უამრავი ჭორფლით.

ვასილიკი ლაპითოელ ყმაწვილზე – პოლივიო პარასკევაზე დაქორწინდა, რომელიც მასზე 13 წლით უმცროსი იყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მათთვის, რომ ცხოვრება სიყვარულით გაეტარებინათ.

ბუნებით ვასილიკი ძალიან უმწიკვლო, გულუბრყვილო და წყნარი ყოფილა.  ხელმოკლედ ცხოვრობდა, თუმცაღა ძალიან გულმოწყალე გახლდათ. რაც კი ხელში მოხვდებოდა, ყველაფერს გაცემდა. უფლის ღრმა რწმენა და მისი წყალობისადმი შეურყეველი ნდობა გააჩნდა. ქორწინებამდე და ასევე ქორწინების შემდეგ, უყვარდა ეკლესიაში დიდხანს ყოფნა. ალაგებდა, ანთებდა კანდელებს და ლოცულობდა. მის ოჯახსა და მშობლიურ სოფელში ასე ამბობდნენ: „ვასილუ წმიდანია“. არ აცდენდა წირვა-ლოცვას და ინახავდა ყველა მარხვას წესიების მიხედვით. თავმდაბალი იყო და ყველაფერს მღვდელმსახურთ ეკითხებოდა. ისინი რასაც ურჩევდნენ, მას ასრულებდა და იცავდა, როგორც უფლის ნებას.

არასდროს გაბრაზებულა და არც ვინმესთან უჩხუბია. არ ყავდა მტრები. ყველას სიყვარულით ეპყრობოდა. მზად იყო დახმარების გასაწევად, იმის მისაცემად, რასაც მისგან ითხოვდნენ და თუნდაც ამას ზიანი მიეყენებინა მისი ოჯახისათვის. როდესაც ხედავდა ვინმეს მოჩხუბარსა და მოყვირალს, ძალიან წუხდა. ამგვარად იტყოდა ხოლმე: „საბრალო! რა დაემართა? იქნებ არ არის კარგად?“.

ძალიან თავმდაბალი იყო. არ სურდა, რომ ვინმეს სცნობოდა ან მასზე ელაპარაკა. რაც კი სიკეთეს აკეთებდა, ყველაფერს გულმოდგინედ მალავდა. ყოველთვის სიმართლეს ამბობდა. მის ენას არ შეეძლო ტყუილის თქმა, თუნდაც ხშირად ტვირთი ყოფილიყო ეს მისთვის.

ვასილიკიმ გარდა კონსტანტინეს ცხრა შვილისა, თავისი ორიც გაზარდა, მოგვიანებით კი – შვილიშვილები. ჩანდა, რომ იგი დაბადებული იყო იმისათვის, რათა ბავშვები აღეზარდა. მათ ძალიან კარგად ეწყობოდა, ყველას მშვენივრად უგებდა.

ვასილიკის ამდენ სიკეთესთან ერთად ერთი ბუნებრივი ნაკლიც გააჩნდა  – ბევრი ლაპარაკი სჩვეოდა. იმდენად ბევრს ლაპარაკობდა, რომ მისი უხვსიტყვაობა ანდაზად იქცა. როდესაც ვინმე ბევრს ლაპარაკობდა, ასე ამბობდნენ: „აი, ვასილუ“. ლაპარაკში ხშირად ისე გართულა, რომ სადილიც კი დასწვია. როდესაც მისი ქმარი შუადღისას სამუშაოდან  დაღლილი ბრუნდებოდა, რათა შინ ესადილა, ვასილიკი მომხიბვლავი ხერხით ეუბნებოდა: „ჩემო პოლივაკი, დავწვი სადილი. ორი კვერცხი შეგიწვა?“.  და მეუღლეც არ უჩიოდა, რაიმე ნაუცბათევად მომზადებულს შეჭამდა და ისევ სამუშაოდ მიდიოდა.

თუმცა ვასილიკი ძალიან ბევრს ლაპარაკობდა, მაგრამ მხოლოდ – ქრისტეზე, ღმრთისმშობელზე, წმიდანებზე და თავის ოჯახზე. არასდროს არავის განიკითხავდა. განკითხვასთან მიმართებაში ძალიან მკაცრი იყო, მას დიდ ცოდვად მიიჩნევდა და არასდროს არ განსჯიდა ადამიანთა საქმეებს. თავის გოგონას ასე ეუბნებოდა: „ანდრულა, არასოდეს გცემ (და მართლაც, არასდროს სცემდა თავის შვილებს), მაგრამ თუკი გავიგებ რომ რომელიმე ადამიანზე ცუდს ამბობ, მაშინ ტუჩებზე მოგარტყამ“.

მის ვაჟიშვილს ქალი შეუყვარდა, რომელსაც სამი შვილი ჰყავდა და ათი წლით უფროსი იყო ბიჭზე. ვასილიკიმ ის დიდი სიყვარულით მიიღო და დალოცა კიდეც, რამაც ისინი გააძლიერა და გაამრავლა. თავის რძალზე ასე ამბობდა: „ის ჩვენ ღმერთმა გამოგვიგზავნა, რაც ძალიან კარგია“.

მის ცხოვრებაში უფლის მყოფობა ძლიერი და ცოცხალი იყო. უკვე ასაკოვანი ყოფილა, როცა როგორც მომლოცველი იერუსალიმში წავიდა. რომელიღაც ადგილის მოლოცვისას დანარჩენებმა უკან ჩამოიტოვეს, რადგან ასაკოვანი იყო. მან მარტომ გააგრძელა გზა დიდი სიძნელის მიუხედავად და დანარჩენების გასაკვირად თქვა, რომ ღმრთისმშობელს ეჭირა იგი. მის ნათქვამს არ დაუჯერეს, თუმცა ვასილიკი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ გრძნობდა ხელს, რომელსაც ის ეჭირა და რომელსაც ეყრდნობოდა, რის გამოც ნაბიჯების გადადგმა უადვილდებოდა.

არასდროს წასულა ექიმთან. მისი ექიმი  დედა ღმრთისმშობელი იყო. ავად რომ გახდებოდა, თავის ვაჟს ასე ეტყოდა: „პანაღიოტი, ექიმთან არა. ღმრთისმშობელთან წამიყვანე“. ვაჟიშვილს ვაროსიში წმიდა სარტყლის სახელობის ტაძარში მიჰყავდა დედა. იქ, ვასილიკი ილოცებდა, ზეთს იცხებდა და გამოჯანმრთელებული თავისი ფეხით ბრუნდებოდა უკან.

1974 წლის დევნის შემდეგ, ვასილიკი თავის მეუღლესთან და ვაჟის ოჯახთან ერთად, ლემესოსის გარეუბანში – პოლემიდიაში დასახლდა. იქ იცხოვრა ოთხი წელი და 1978 წელს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ყველა ბავშვი, ვინც კი მან გაზარდა, ერთად შეიკრიბა და დიდი სიყვარულით მიაბარეს მიწას. გასცეს ფულიც, რადგანაც მაშინ, დევნილობის გამო დიდი სიღარიბე იყო.

ხუთი წლის შემდეგ, გარდაიცვალა მისი მეუღლე. როდესაც გახსნეს ვასილიკის საფლავი, რათა მისი ქმარი  მის გვერდით დაეკრძალათ, ყველა განცვიფრებული დარჩა. ვასილიკის კაბა და თმა უხრწნელი იყო, ხოლო მისი ნაწილები სურნელებას აფრქვევდა. ამას ადასტურებდა ყველა, ვინც კი ესწრებოდა საფლავის გახსნას. ვასილიკის ვაჟი ასე ეუბნებოდა თავსი დას: „ანდრულა, არ ვარ ძალიან ეკლესიური, მაგრამ რა გითხრა! როდესაც დედას საფლავი გავხსენით, სურნელება იფრქვეოდა იქიდან“.

საუკუნოდ იყოს ხსენება მისი, ამინ.

წყარო: ერში მცხოვრები ასკეტები, მე-2 ტომი, წმინდა მონასტრის „წმინდა იოანე ნათლისმცემლის“ გამოცემა, გვ. 103-107, ხალკიდიკის მეტამორფოსი, 2012.

შინაარსი
სანიშნეები