არ დავრჩეთ ქრისტეს საქორწინო სარეცელს მიღმა

29 October 2014

„წმიდასა და დიდ სამშაბათს, ათი ქალწულის შესახებ სახარებაში მოხმობილი იგავი გავიხსენოთ“. ეს არის ვნების კვირის მეორე დღის სინაქსარი. ეკლესიისა და ჩვენი სულების სიძე – უფალი იესო ქრისტე „უხმობს ყველა მოკვდავს“, მათ თავისი ნებაყოფლობითი ვნებისკენ მიუძღვის და ყველა ჩვენგანს – მის ერთგულ მორწმუნეებს, თავისთან ახლოს გვიხმობს, რათა ჩვენც გავხდეთ მისი ნეტარების მომნიჭებელი ვნებისა და ბრწყინვალე აღდგომის თანამონაწილენი.

Deka Pathenoi 10

წმიდა მამების მითითებით, სწორედ ამ დღეს ვიხსენებთ ჩვენი უფლის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ხატოვან და დიდაქტიკურ იგავს: მოძღვრებას ათი ქალწულის შესახებ. წმიდა მამებს ამისათვის გარკვეული მიზანი გააჩნდათ: ღმრთიური ვნებისაკენ ქრისტესთან ერთად ჩვენი სვლა არ უნდა იყოს ფორმალური და უბრალოდ ემოციური, არამედ ის უნდა იყოს ჩვენი სრული მონაწილეობა ქრისტესთან ერთად სვლაში, რასაც თან უნდა ახლდეს ასევე ჩვენი ონტოლოგიური ცვლილება. ათი ქალწულის იგავის გახსენება საუკეთესო სულიერი წრთვნაა იმისათვის, რომ გონებიდან არ გამოგვეპაროს მომავალი დიდი და ბრწყინვალე, თუმცა ამავე დროს, საშინელი დღე ჩვენი უფლის მეორედ მოსვლისა.

იგავს ათი ქალწულის შესახებ მოგვითხრობს მოციქული მათე თავისი სახარების 25-ე თავში. ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ შესანიშნავი ესქატოლოგიური სიტყვის მეშვეობით შემდეგი რამ იქადაგა: ზეციური სასუფეველი ათ ქალწულს ჰგავს, რომლებმაც წაიღეს რა თან თავიანთი ლამპრები, გაემართნენ სიძის შესახვედრად. მათგან ხუთნი კეთილგონიერნი იყვნენ და იზრუნეს, რომ თან ჰქონოდათ თავიანთი ლამპრებისათვის ზეთის მარაგი, თუმცა დანარჩენი ხუთი ქალწული კი სულელნი იყვნენ და მათ არ იზრუნეს იმისათვის, რომ თან ჰქონოდათ საჭირო ზეთის მარაგი. სიძე იგვიანებდა, ხოლო ამასობაში დაღამება დაიწყო, ამიტომაც ქალწულნი დასაძინებლად დაწვნენ. შუაღამისას მწუხარე ხმა გაისმა, რომელიც სიძის მოახლოებას აუწყებდა მათ. ქალწულები ფეხზე წამოდგნენ, რათა სიძეს შეჰგებებოდნენ. ბრძენმა ქალწულებმა, რომელთაც ზეთის მარაგი ჰქონდათ, თავიანთი ლამპრები აანთეს, უიმედოდ დარჩენილმა სულელებმა კი ბრძენ ქალწულთ სთხოვეს, რათა მათ მათთვის მცირეოდენი ზეთი მიეცათ. თუმცა, ბრძენმა ქალწულებმა მათ უპასუხეს, რომ ზეთი მხოლოდ იმდენი ჰქონდათ, რამდენიც მათი ლამპრებისთვის იყო საკმარისი, ამიტომ უმჯობესი იქნებოდა წასულიყვნენ და თავიანთთვის ეყიდათ ზეთი. სულელი ქალწულები ზეთის საყიდლად გაეშურნენ, თუმცა ამასობაში სიძე მოვიდა, „გამზადებულნი იგი შევიდეს სიძისა თანა ქორწილსა მას და დაეხშა კარი“. შემდგომად ამისა, მოვიდნენ სულელი ქალწულები და დაიწყეს ძახილი: უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ კარი. ხოლო უფალმა უპასუხა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ არ გიცნობთ. და ისინი სამუდამოდ საქორწილო სარეცელს მიღმა დარჩნენ. ამ ხატოვან იგავს უფალი შემდეგი დარიგებით ასრულებს: „იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისაჲ მოვიდეს“ (მათე 25, 13) და „იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, ოდეს-იგი უფალი სახლისაჲ მის მოვიდეს: მწუხრი ანუ შუვა-ღამეს, ანუ ქათმისა ჴმობასა. ანუ განთიად“ (მარკოზი 13, 35).

ეს იგავი მიზნად ისახავს გაახსენოს მორწმუნეებს, რომ ჩვენი უფლის მეორე და დიდებული მოსვლა მოულედნელი იქნება, „რამეთუ დღე იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, ეგრეთ მოიწევის“ (1 თესალონიკელთა მიმართ 5, 2). სწორედ ამის გამო, მორწმუნეებს მართებთ ყოველთვის, ნებისმიერ წამს, მზად იყვნენ სიძის შესაგებებლად, თუ არა და ღმრთიური სამეფოს კარს მიღმა დარჩებიან და დაიღუპებიან. ამის გამო, წმიდა მამებმა გამიზნულად გადაწყვიტეს, რომ ვნების წმიდა კვირის ერთი დღე ათი ქალწულის ამ ესქატოლოგიური იგავის გახსენებისათვის მიეძღვნათ. ამ წმინდა დღეების ეს ფრიად ამაღლებული და ამაღელვებელი განწყობილება, მართლაც რომ საუკეთესო დროა იმისათვის, რომ ჩვენმა წმიდა ეკლესიამ მორწმუნეებს ჩვენი უფლის საშინელი და მოულოდნელი მეორედ მოსვლის შესახებ შეახსენოს. ამასთანავე, ფხიზლად მყოფობა განკაცებული ღმერთის ვნებასთან განუყოფლადაა დაკავშირებული. თავად უფალი იესო ქრისტე გეთსიმანიის ბაღში მისი შეპყრობის იმ დრამატულ ღამეს ყურადღებას უმახვილებს თავის მოწაფეებს და ასე ასწავლის: „იღჳძებდით და ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა“ (მარკოზი 14, 38).

ვნების კვირის ამაღელვებელ ატმოსფეროში მართლაც რომ აუცილებელია მეორედ მოსვლისა და ამ საშინელი დღისათვის გამუდმებული მზადების საჭიროების გახსენება. სწორედ ჩვენი მიწიერი ცხოვრება განსაზღვრავს ჩვენს მარადიულ ზეციურ სამკვიდრებელს. ბრძენმა ქალწულებმა იზრუნეს იმისათვის, რომ მზადყოფნაში მიგებებოდნენ სიძეს. ამის საპირისპიროდ, სულელმა და არაკეთილგონიერმა ქალწულებმა თავიანთი ყურადღება სხვა ნაკლებ მნიშვნელოვან ცნებებს მიანიჭეს და წინასწარ არ იზრუნეს რომ სიძესთან შესაგებებლად აუცილებელი ზეთი ჰქონოდათ, რათა უზრუნველეყოთ თავიანთი შესვლა ბრწყინვალე საქორწილო სიხარულში.

ქალწულები ჩვენი სულებია, ხოლო ლამპრისთვის ზეთის მარაგი კი – ამქვეყნიური გამუდმებული ბრძოლა იმისათვის, რომ ყოველივე უფლის ნების შესაბამისად ვქმნათ, რომ ქველი საქმეები ვაკეთოთ, რომ მუდმივად ჩვენი ყოფიერებიდან უკუვაგდოთ ყველა ის შემადგენელი ელემენტი, რომელიც არ შეესამება ჩვენს ბუნებასა და ხელს უშლის ჩვენ სულიერ წინსვლასა და სრულყოფილებას. ლამპარი ღმრთის წინაშე ჩვენი გულწრფელობაა. ბრძენი ქალწულები სიმბოლურად  კეთილი ნების სულებს ასახავენ, რომლებიც განუწყვეტლივ  ეკლესიის სიძესთან – ჩვენს მხსნელ უფალ იესო ქრისტესთან კავშირის წრფელი სურვილით ცხოვრობენ. ამიტომაც მუდმივად იბრძვიან, რათა მოიპოვონ სათნოებანი, სულიერი წინსვლა და თავიანთ თავში აღმოფხვრან ყველა ის ნაწილი, რომელიც ხელს უშლის უფალთან კავშირს. სულელი ქალწულები სიმბოლურად წარმოადგენენ ზარმაც, გულგრილ და დიდწილად ქრისტეს მიმართ მტრულად განწყობილ სულებს. ეს ის სულები არიან, რომლებიც მატერიალური კეთილდღეობით არიან დაბრმავებულნი, უგულებელყოფენ სულიერ წინსვლასა და ქრისტეს მიერ ნეტარებას.

ჩვენი უფლის შიშისმომგვრელი მეორედ მოსვლა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოულოდნელად მოხდება, ისეთ დროს, როდესაც მას არ დაველოდებით.  იგი ენით აღუწერელ სიხარულს მოუტანს ბრძენ და სათნო სულებს, ხოლო შიშსა და შფოთს მოჰგვრის სულელთა სულებს. პირველნი თავიანთი გონივრული დამოკიდებულების გამო დაჯილდოვდებიან და უფლის მარადიულ სასუფეველში დაიმკვიდრებენ ადგილს, ხოლო მეორენი თავიანთი გულგრილობის მიზეზით უფლის სამეფოდან განდევნილ იქნებიან და საუკუნო მწუხარებისა და სასჯელის მდგომარეობაში ჩაიძირებიან, „ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს“ (მათე 25, 41).

მივუყვებით რა უფლის ვნებებს, აუცილებელია რომ გონება გამუდმებით იქითკენ გვქონდეს მიმართული, თუ როგორ დავუკავშიროთ ჩვენი სულები სიძეს, ანუ – ქრისტეს. უბრალო და ეფემერული მიზნები გვერდზე უნდა გადავდოთ, თუკი გვსურს რომ უფლის მეორედ მოსვლის ჟამს, ჩვენც ბრძენ ქალწულთა რიგებში აღმოვჩნდეთ. უფლის ვნებების გზა ჩვენ საკუთარ გზას გვიჩვენებს, რომელიც წამების გზაა, თუმცა მას ქრისტესმიერი ხსნისა და მარადიული სიცოცხლისაკენ მივყავართ.

 

 

 

 

 

შინაარსი
სანიშნეები