მოთმინება, მშვიდობა და სიყვარული

3 December 2014

ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის წინამძღვარ არქიმანდრიტ ეფრემთან ინტერვიუ შედგა მისი საქართველოში სტუმრობისას.

გერონდა, დღევანდელ  მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, განსაკუთრებით კი სულიერი დეგრადაცია ყველას გვაშფოთებს. ყოველი მხრიდან გვესმის „პრობლემა“ და „კრიზისი“. გვებადება კითხვა: რა გვეშველება და რა უნდა ვიღონოთ ჩვენ, ქრისტიანებმა, რომ ცოტათი მაინც გამოსწორდეს მდგომარეობა ქვეყანაშიც და ზოგადად მსოფლიოში?

– ნამდვილად რთულ პერიოდში გვიწევს ცხოვრება. მწვავე ეკონომიკური კრიზისი ტანჯავს ჩვენს ერებს. სამწუხაროდ, ის საკმაო ხანს გასტანს და წარმოადგენს იმ სულიერი კრიზისის შედეგს, რომლის ფესვებიც დასავლეთის მცდარ ჰუმანიზმში უნდა ვეძიოთ.. ჩვენ, მარლმადიდებელ ერებს, დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რადგან სწორედ ჩვენ გადმოგვეცა შეუბღალავი სახით ქრისტეს საღმრთო გამოცხადება. ეს გვავალდებულებს ჩვენი კათოლიკე (საყოველთაო), მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამების სული მოვიპოვოთ და დავიცვათ მათი ავთენტური სულიერი გარდამოცემანი (ტრადიციები). სწორად უნდა ჩავერთოთ ეკლესიურ ცხოვრებაში და აქტიურად ვიმონაწილეოთ მის მისტირიულ (საიდუმლო) ცხოვრებაში. ყოველივე ეს საუკეთესო მზადებაა მოსალოდნელი სირთულეებისათვის.

Agiou Gerasimou Palada 300 xr kimoisi tou 2014.13.11 12

ხშირად საუბრობთ მისტირიულ ცხოვრებაზე და მის მნიშვნელობაზე. რა არის ეს საიდუმლო ცხოვრება? იქნებ უკეთესია მისთვის დაგვერქვა ლიტურგიული ცხოვრება?

– მისტირიული ცხოვრება არის ჩვენი მონაწილეობა ეკლესიის საიდუმლოებში. პირველ რიგში სინანულის (საღმრთო აღსარების) და ევქარისტიის (წმიდა ზიარების) საიდუმლოებში. ჩვენს ეკლესიაში არ არის მხოლოდ შვიდი საიდუმლო. ამგვარი აზრი დასავლური სქოლასტიკის გავლენით ჩამოყალიბდა. ეკლესიის საიდუმლოები ძალიან ბევრია. განა მონაზვნად აღკვეცა არ არის საიდუმლო? წყალკურთხევა არ არის საიდუმლო? ვფიქრობ, რომ ტერმინი „ლიტურგიკული ცხოვრება“ მთლიანად ვერ მოიცავს საიდუმლო ცხოვრებას, რადგან არსებობს საიდუმლონი, რომლებსაც არ აქვს პირდაპირი შეხება საღმრთო ლიტურგიასთან (წირვასთან).

ბრძანეთ, რომ ხშირად უნდა ვთქვათ აღსარება და წელიწადის განმავლობაში ბევრჯერ მივუახლოვდეთ წმიდა ზიარებას. მაგრამ ბევრი ჩვენთაგანი ამას  მხოლოდ ოთხი ხანგრძლივი მარხვის პერიოდში ახერხებს. როგორ ფიქრობთ, სულიერი ცხოვრების ეს რითმი არ არის საკმარისი თანამედროვე ადამიანისათვის?

– რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, რომ ქრისტიანი  წელიწადში მხოლოდ ოთხჯერ ეზიარებოდეს და ასევე იშვიათად აღიარებდეს ცოდვებს! როდესაც ეკლესიის წევრს არ აქვს სასიკვდილო ცოდვები, მას ხშირად შეუძლია მიეახლოს წმიდა ბარძიმს, მაგალითად, ეზიაროს თვეში ორჯერ ან უფრო ხშირად – მისი სულიერი მოთხოვნილებიდან გამომდინარე, ხოლო აღსარება თქვას ყოველ თვე ან როდესაც სინდისს რამე უმძიმებს. როდესაც არ გვაქვს სასიკვდილო ან რაიმე სერიოზული ცოდვა, მაშინ არ არის საჭირო აღსარება ყოველი ზიარების წინ ვთქვათ ხოლმე.

განა ჩვენ ღირსნი ვართ, რომ ასე ხშირად ვეზიაროთ? ხომ არ არსებობს წმიდა ზიარების გაუბრალოების საშიშროება?

– არავინ არ არის წმიდა ზიარების ღირსი! ვეზიარებით, რათა გავხდეთ ღირსნი. როდესაც წმიდა ზიარების წინაპირობანი ზუსტად არის დაცული, მაშინ არ არის გაუბრალოების და არც რუტინის საშიშროება.

რა როლი აქვს მღვდელს თანამედროვე მსოფლიო ქრისტიანულ საზოგადოებაში?

– მღვდელი შუამავალია ხალხსა და ღმერთს შორის. მისი მეშვეობით მორწმუნენი ღმერთს მიმართავენ. ეს არის ადამიანი, რომელიც საიდუმლოს აღვლენის ჟამს, დაკლული კრავის ზეციურ საკურთხეველში გადასცემს ეკლესიის თითოეული წევრის ვედრებას, ლოცვას,  თხოვნას, ტკივილს,  გულისნადებსა და სამადლობელს. იგია თავისი სამწყსოს მზრუნველი, მოსიყვარულე, გულშემატკივარი, მოალერსე მამა, ტანჯული და სასოწარკვეთილი ადამიანების მანუგეშებელი, მსახური წმიდა საიდუმლოებისა, განსაკუთრებით კი საღმრთო ჟამისწირვისა, რომლის დროსაც მისი ხელით ნაკურთხი პური და ღვინო ღმრთის მადლით  ქრისტეს ხორცად და სისხლად გადაიქცევა, შემდეგ კი მის მიერვე სიწმიდე მორწმუნეთ გადაეცემა. ოდითგანვე ეს იყო მღვდლის მოვალეობა და იგივეა დღესაც. მაგრამ, ჩვენს ეპოქაში, ცოდვათა მომრავლების გამო, მღვდელი იძულებულია, დაუპირისპირდეს და გადაჭრას სხვადასხვაგვარი და ჩახლართული პრობლემები და რთული ვითარებანი. ამისთვის მას სჭირდება “ძალი მაღლით” ე.ი. მაღლიდან, ზეციდან გარდამომავალი ძალა და საღმრთო განათლება. ყოველივე ეს მიეცემა, თუ არის კაცი მლოცველი, ფხიზელი და საერთოდ შინაგანი მოღვაწეობისაკენ მიმართული. ასეთი მღვდელი განიცდის ღმრთიურს და გახდება მისაბაძი მთელი იმ ქრისტიანული საზოგადოებისა, რომელსაც მწყემსავს. ამის გარდა, გახდება წმიდა მამათა ღმრთისმეტყველებისა და საეკლესიო ტრადიციების ხორცშესხმა. ჩვენ ვიცნობდით და ვიცნობთ ასეთ სანიმუშო მღვდლებს. კიდევ ერთს დავამატებ: როგორ გავიგოთ ესა თუ ის მღვდელი სწორად მოღვაწეობს თუ არა? გავიგოთ, აქვს თუ არა შეხება-ურთიერთობა “სულიერ ცენტრებთან” ე.ი. მონასტრებთან? განსაკუთრებით კი ათონის წმიდა მთის სავანეებთან? თუ არ აქვს, მაშინ მისი მსახურება ნაკლოვანი და ყალბია.

როგორი უნდა იყოს ერში სულიერ მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის დამოკიდებულება? მორჩილების რა ზღვარი უნდა არსებობდეს მოძღვარსა და ერისკაცს შორის?

– თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ერისკაცი არ არის ვალდებული მაინცდამაინც ამა თუ იმ სულიერ მოძღვართან იაროს. თუ მოძღვარი მას არ აკმაყოფილებს, შეუძლია სხვას მიმართოს. არც ლოცვა-კურთხევის აღებაა საჭირო იმისათვის, რომ ეს გააკეთოს – რადგან ერისკაცია და არა მონაზონი. მხოლოდ მონაზონია ვალდებული, აღკვეცის საიდუმლოს ძალით,  თავისი მოძღვრის სრულ მორჩილებაში იყოს და მისი კურთხევის გარეშე არავისთან არ აღიაროს ცოდვები. ერში ზოგიერთი სულიერი მოძღვარი ისე იქცევა, თითქოს მონასტრის წინამძღვარი ყოფილიყოს და სულიერი შვილებისაგან სრულ მორჩილებას ითხოვს. ამგვარად ისინი მორწმუნეთა პირად თავისუფლებას ზღუდავენ. მათ სურთ, რომ სულიერმა შვილებმა “მოძღვარი” უწოდონ და მათგან ყველა საქმეზე ანგარიშის ჩაბარებას ითხოვენ. თუ მორწმუნეს აქვს სურვილი რამე საქმეზე ან მოქმედებაზე აიღოს კურთხევა, შეუძლია ეს გააკეთოს, მაგრამ როდესაც მას აიძულებენ ასე მოიქცეს – ეს უკვე შეცდომაა. ერთ ოჯახში ქმარმა სთხოვა მეუღლეს, გაჰყოლოდა სადღაც. ცოლმა მიუგო, ჯერ ჩემ მოძღვარს დავეკითხები, ეთანხმება თუ არა შენს ამ გადაწყვეტილებასო. წადი და ცოლად შენს მოძღვარს გაყევიო – მიაძახა ქმარმა. მგონია, ამ შემთხვევაში მისი გამტყუვნება არ შეიძლება.

რაც შეეხება მორჩილებას ოჯახში, როგორი უნდა იყოს ცოლ-ქმარს შორის დამოკიდებულება?

– მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის თავი არის ქმარი, ცოლ-ქმარს შორის მორჩილება უნდა იყოს ორმხრივი. თითოეულმა მოთმინებით, მშვიდობით, სიყვარულითა და რწმენით უნდა იტვირთოს მეორე ნახევრის სისუსტე, უძლურება, გნებავთ, „გადახრა“. განსაცდელის ჟამს უნდა მოიცადოს, სანამ ჩაივლის გაბრაზების, რისხვის და აღშფოთების „ღრუბლები“, და მხოლოდ ამის შემდეგ მიუთითოს შეცდომაზე, ისიც ყოველთვის სიმდაბლითა და სიმშვიდით. ალერსიანი მოქცევა, მშვიდი და ტკბილი სიტყვა არასდროს არ უნდა მოაკლდეს ცოლ-ქმრის ურთიერთობას. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ორმხრივ საკუთარ ნება-სურვილების მოკვეთას, რასაც შედეგად მშვიდობა შემოაქვს სახლში. აგრეთვე, ცოლ-ქმარს შორის უნდა არსებობდეს დიალოგი, შეთანხმება, ახსნა-განმარტება, რათა თავიდან იქნას აცილებული გაუგებრობები და ერთმანეთის “არასწორი გაგება”.

გერონდა, დიდ სირთულეებს უნდა ველოდოთ?

– სამწუხაროდ, რთული და მძიმე დროისათვის უნდა ვემზადოთ. მოსალოდნელია შიმშილი და დიდი გაჭირვება და ეს მრავალი წელი გაგრძელდება. დიდი გულმოდგინებით უნდა ვილოცოთ, რათა მოვიპოვოთ შინაგანი ძალა. მხოლოდ ამგვარად აღჭურვილნი გავუმკვლავდებით იმ სირთულეთა და არეულობათა ქარიშხალს, რომელიც ცხოვრების გზაზე შეგვხვდება.

გთხოვთ, ორიოდე სიტყვით დალოცოთ ჩვენი ხალხი.

– ვლოცულობ, რომ იყოთ წმიდა ეკლესიის გარდმოცემათა მიმდევარნი, იცხოვროთ ჭეშმარიტი მისტირიული ცხოვრებით, ილოცოთ, არასდროს არ დაკარგოთ მხნეობა და გულადობა, სასოწარკვეთას არ მიეცეთ, არამედ, ყოველთვის გქონდეთ იესუ ქრისტეს იმედი, რომელსაც „ძალუძს გვიხსნას“ (შეად. ებრ.5,7) ნებისმიერი განსაცდელისაგან. ხოლო ვინაიდან გვიახლოვდება „სათნოებათა ასპარეზი“, გისურვებთ, რომ კეთილად განვლოთ დიდმარხვა და მრავალი სულიერი ნაყოფით გამდიდრებულები, მარხვის ბოლოს ღირს-იყოთ მიეგებოთ ჩვენს „საფლავიდან აღმდგარ“ მაცხოვარს.

ინტერვიუ ჩაწერილია არქიმანდრიტი ეფრემის საქართველოში სტუმრობისას, 2011 წლის თებერვალი.

შინაარსი
სანიშნეები