რთული ბიოეთიკური საკითხები და მოძღვრის მითითებანი

8 December 2014

ძვირფასო მკითხველო, გთავაზობთ მესოგიისა და ლავრეოტიკის მიტროპოლიტ ნიკოლაოს ხაძინიკოლაოს სტატიას თანამედროვეობის მეტად საჭირბოროტო საკითხზე, ხელოვნურ განაყოფიერებაზე. შესავალში მოთხრობილია იმ მაგალითებზე, რომლებზეც ნამდვილად ღირს დაფიქრება, დასასრულს კი მოძღვრის რჩევა-დარიგებანზეა საუბარი.

მაგალითები – რთული შემთხვევები

(ა) სიკვდილის შემდეგ ხელოვნური განაყოფიერებისა და სუროგატი დედის ურთიერთშეთავსება

მამაკაცი სათესლე ჯირკვლების სიმსივნით იყო დაავადებული. სანამ იგი ქიმიოთერაპიით მკურნალობას დაიწყებდა, მან სურვილი გამოთქვა, რომ მისი სპერმა შეენახათ, ისე რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში, ამ სპერმის საშუალებით  განაყოფიერების შესაძლებლობა ჰქონოდათ. ავადმყოფის მეუღლე ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო, რადგან მას უკვე ჰყავდა სამი შვილი. თავის დედასთან და დასთან შეთანხმების შემდეგ, მამაკაცმა მოახერხა, რომ მისი სპერმა გენეტიკური მასალის შესაბამის ბანკში შეენახათ. საბოლოოდ, ავადმყოფი დაიღუპა. გარდაცვლილის მეუღლემ უარი განაცხადა განაყოფიერებასა და შვილის გაჩენაზე და შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით,  ბანკს სპერმის განადგურება მოსთხოვა. მაგრამ ბანკმა მის ამ მოთხოვნაზე უარი განაცხადა, რადგანაც მეუღლე არ იყო შენახული გენეტიკური მასალის მემკვიდრე. მასზე უფლება ჰქონდა მხოლოდ გარდაცვლილის დედასა და დას, რომლებმაც, მას შემდეგ, რაც გარდაცვლილის მეუღლეზე განხორციელებული ზეწოლისას წარმატებას ვერ მიაღწიეს, სუროგატი დედის ძიება დაიწყეს. იმ შემთხვევაში, თუკი ისინი მოახერხებენ და ამ გზით მიაღწევენ საწადელს, მაშინ ბავშვის გაჩენა სხვა დანარჩენ პრობლემასთან ერთად წარმოშობს მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ პრობლემასაც [25].

Mitropolitis Nikolaos Xatzinikolaou 01(ბ) შემთხვევა სუროგატ დედაზე

ათენის პირველი ინსტანციის სასამართლომ ქ.მ.-ს მიანიჭა უფლება, რომ მას ჰყოლოდა ბავშვი სუროგატული ორსულობის მეთოდით. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, დაიბადა ტყუპი, ბიჭი და გოგო, რომელთა მამაა თავად ქ.მ. იგი პოლიტიკური ქორწინებით დაოჯახდა 60 წელს გადაცილებულ ქალზე, რომელმაც სასამართლოს მიმართა თხოვნით, რომ მისთვის ნება დაერთოთ ეშვილა თავისი ქმრის შვილები (ტყუპი).   ადვოკატმა გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ მიეცათ სუროგატული მშობლის უფლება მ.ქ.-სთვის. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატის მოთხოვნა, რადგან ჩათვალა, რომ სუროგატული ორსულობის შესახებ სასამართლოს ნებართვა ვრცელდებოდა მხოლოდ ქალზე და არა მამაკაცზე. ამის შემდეგ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მ.ქ., მიუხედავად იმისა, რომ მან მოითხოვა და ჰქონდა კიდეც კანონიერი უფლება სუროგატი დედის მეშვეობით ჰყოლოდა ბავშვი, არ არის მიჩნეული ახალშობილთა კანონიერ მამად, ხოლო ბავშვების დედად კი ითვლება სუროგატი დედა. ახლა კი, თუკი სუროგატ დედას ჰყავს ქმარი, რომელთანაც კანონიერ ქორწინებაში იმყოფება, მაშინ ბავშვების კანონიერ მამად მისი მეუღლე ჩაითვლება. თუკი იგი ქორწინებაში არ იმყოფება, ამ შემთხვევაში ბავშვების მამად მ.ქ. იქნება მიჩნეული, რომელმაც მოითხოვა კიდეც მათი დაბადება, ხოლო დედად კი – სუროგატი დედა, ანუ ბავშვების მშობლებად მიჩნეულია „ორი ისეთი პიროვნება, რომელსაც არ გაჩნია არანაირი იურიდიული ან ფსიქოსოციოლოგიური კავშირი ერთმანეთთან და არც ერთად ცხოვრობენ“[26]. საბოლოოდ პრობლემა არც უზენაეს სასამართლოში მოგვარებულა. ბავშვები კვლავ მამის გარეშე რჩებიან…

(გ) შემთხვევა ჰეტეროლოგიურ განაყოფიერებაზე

1984 წელს ქორწინებაში მყოფი მანდილოსანი ეწვია განაყოფიერების კერძო კლინიკას, მას  ბავშვის გაჩენა სურდა. კლინიკაში მისი პირველი ვიზიტიდან 5 თვის შემდეგ, მას უთანხმოება მოსდის ქმართან, რომელსაც 1989 წელს ოფიციალურად ეყრება. ამასობაში იგი ურთიერთობას ამყარებს თავის ექიმთან, რომელსაც ასევე უთანხმოება აქვს მეუღლესთან. მათი ურთიერთობაც 1989 წელს ოფიციალური გაყრით სრულდება.  ექიმთან დამყარებული მჭიდრო ურთიერთობის მანძილზე, 5 წლის განმავლობაში, ქალი ცდილობს ხელოვნური განაყოფიერების გზით დაორსულებას, რასაც 1989 წელს წარმატებით ახორციელებს კიდეც სხვისი სპერმისა და კვერცხუჯრედის გამოყენებით, რომლის შედეგადაც მას ტყუპი შეეძინება. ბავშვების დაბადებისთანავე წყვილი  ერთმანეთს სცილდება.

სასამართლოში დედამ მოითხოვა, რომ ბავშვების მამად ექიმი ყოფილიყო მიჩნეული, რადგანაც, ჯერ ერთი, ისინი ერთად თავიანთი ურთიერთობის ქორწინებით დაგვირგვინების სურვილით ცხოვრობდნენ და მეორეც, ბავშვების დაბადება სწორედ მისი თანხმობის შედეგად მოხდა. სასამართლოს პირველმა ინსტანციამ დააკმაყოფილა დედის თხოვნა და ექიმს დააკისრა ყოველთვიური ალიმენტის გადახდა 120.000 დრახმის ოდენობით. თუმცა, ამის საპირისპიროდ, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ექიმი არ არის ბავშვების მამა, რადგანაც იგი არც დედის კანონიერი ქმარია და არც გენეტიკური კავშირი აქვს ბავშვებთან. საქმე უზენაეს სასამართლოს გადაეცა განსახილველად, თუმცა პრობლემა არც იქ მოგვარდა [27].

(დ)კიდევ ერთი შემთხვევა ჰეტეროლოგიურ განაყოფიერებაზე

ახალგაზრდა წყვილი სამი წლის მანძილზე უნაყოფო თანაცხოვრების შემდეგ დახმარებისათვის ექიმებს მიმართავს, რომლებიც მეუღლეს სპერმატოზოიდურ სისუსტეს დაუდგენენ და დონორი სპერმატოზოიდის გამოყენებით ინ ვიტრო განაყოფიერებას შესთავაზებენ. 1992 წელს წყვილს გოგონა შეეძინება. თუმცა, ორი წლის შემდეგ, განქორწინებას გადაწყვეტენ. სასამართლოს წინაშე მამა ბავშვის მონახულების უფლებას მოითხოვს, რასაც შეეწინააღმდეგება დედა, რომელიც განაცხადებს, რომ ეს უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა მას, თუკი ბავშვთან გენეტიკური ნათესაობა ექნებოდა. გარდა ამისა, დედამ ყველას გასაკვირად აღნიშნა, რომ მისი ყოფილი ქმარი ვალდებულია ყოველთვიურად უხადოს ბავშვს ალიმენტი, რადგან სწორედ მისი გადაწყვეტილების შედეგად განხორციელდა ბავშვის ჩასახვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი თქმით, ყოფილი ქმარი არ არის ბავშვის მამა და შესაბამისად, მას ბავშვის სიყვარულის უფლება არ გააჩნია, მაგრამ იგი ბავშვის მამაა მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ მას ფული გადაუხადოს [28].

(ე) დაობლებული ემბრიონების პრობლემა. რიოსის ოჯახის შემთხვევა

1981 წლის ივნისია. ლოს ანჯელესის მცხოვრებთ 54 წლის ბატონ მარიო რიოსსა და მის 37 წლის მეუღლეს ელზას სიძნელეები აქვთ ბავშვის გაჩენასთან დაკავშირებით, რის გამოც ისინი ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდს (IVF) მიმართავენ. ასაკის გამო ქალბატონი რიოსი ვერ ჩაჯდა ამერიკის შეერთებული შტატების პროგრამაში და  გაემგზავრა ავსტრალიაში, მელბურნის დედოფალ ვიქტორიას სახელობის სამედიცინო ცენტრში (Queen Victoria Medical Center). ბატონ რიოსს წინა ქორწინებიდან ჰყავდა სრულწლოვანი ვაჟი, ხოლო მის მეუღლეს კი – ქალიშვილი, რომელიც სამწუხაროდ 1978 წელს ავტოსაგზაო შემთხვევისას ხელიდან გამოეცალა. ინ ვიტრო განაყოფიერების დროს ქალბატონი რიოსის სამი კვერცხუჯრედი იქნა გამოყენებული, ხოლო რადგანაც ბატონ რიოსს სპერმატოზოიდთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, განაყოფიერება მელვურნიდან დონორი სპერმის მეშვეობით განახორციელეს. სამი ემბრიონიდან ერთის იმპლანტირება მოახდინეს ქალბატონი რიოსის საშვილოსნოში, ხოლო დანარჩენი ორი ემბრიონი კი გაყინეს  შესაძლო მომავალი იმპლანტირებისთვის.

10 დღის შემდეგ, ემბრიონი საშვილოსნოს მოსწყდა, ხოლო წყვილი ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე, თუ რა ჩანაფიქრი ან მიზნები გააჩნდა დანარჩენი ორი ემბრიონის მომავალთან დაკავშირებით, გაემგზავრა სამხრეთ ამერიკაში, სადაც ბავშვი იშვილა. სამწუხაროდ, 1983 წლის აპრილში, ავიაკატასტროფის დროს მთელი ოჯახი დაიღუპა.

იმის გამო, რომ ცოლ-ქმარი ძალიან დიდ სიმდიდრეს ფლობდა, დაიწყო მათი ქონების მემკვიდრეობითი გზით ხელში ჩაგდებისთვის პაექრობა. მას შემდეგ, რაც წყვილის ერთ-ერთმა ნათესავმა გაიაზრა, რომ იგი კარგავდა მემკვიდრეობის მიღების შანსს, მან გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავლის ძიებაში გაამჟღავნა ორი დაობლებული ემბრიონის არსებობა, რომლებიც ავსტრალიაში გაყინულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

უამრავი კითხვა გაჩნდა. კანონმდებლობა მათზე პასუხის გასაცემად არ იყო მომზადებული. მოდით განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

  1. რომელი ქვეყნის კანონმდებლობისათვის უნდა მიემართათ საკითხის გადასაწყვეტად: ამერიკული (რადგანაც ცოლ-ქმარი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები იყვნენ), ავსტრალიური (რადგან ემბრიონთა განაყოფიერება და შენახვა სწორედ ავსტრალიაში განხორციელდა), თუ სამხრეთ ამერიკული, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა და სადაც ცხოვრობდა ოჯახი?
  2. ზემოთ მოხმობილი სამი ქვეყნიდან რომელი ქვეყნის კანონმდებლობა იყო მზად იმისათვის, რომ გადაეწყვიტა ეს მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პრობლემა?
  3. კალიფორნიის კანონი შეეხება ბავშვს მხოლოდ მისი დაბადების შემდეგ და მამობის უფლებამოსილებას ანიჭებს მხოლოდ იმ პირს, რომელიც გადაწყვეტს ბავშვის დაბადებას ჰეტეროლოგიური განაყოფიერების გზით და არა სპერმატოზოიდის დონორს. თუმცა იგი არ მოიცავს რაიმე დებულებას, რომელიც ემბრიონის მამობასთან იქნება დაკავშირებული.
  4. არც ერთი მაშინდელი კანონმდებლობა არ შეეხებოდა ემბრიონის სტატუსს და არც დედის მემკვიდრეობით როლს, რომელიც ემბრიონს მუცლით ატარებს.
  5. ავსტრალიის კანონმდებლობა ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში ემბრიონების მომავლის შესახებ კომპეტენტურობას იმ საავადმყოფოს უთმობდა, რომელიც მათი გაყინვის საქმეში იყო პასუხისმგებელი. საინტერესოა, თუ რა შედეგი გამოიღო ამ კომპეტენტურობამ?

საბოლოოდ, ვიქტორიას საავადმყოფოს საზოგადოებამ მოიწვია Waller Committee, რომლის მითითებით გადაწყდა ემბრიონების განადგურება, პარლამენტის სამოქალაქო კომიტეტმა მხარი დაუჭირა მოსაზრებას, რომ მომხდარიყო ემბრიონთა ინპლანტირება სუროგატი დედის საშვილოსნოში, თუმცა ყოველგვარი მემკვიდრეობითი უფლებების მინიჭების გარეშე. წლების განმავლობაში ინახებოდა გაყინული ემბრიონები მელბურნის დედოფალი ვიქტორიას სახელობის სამედიცინო ცენტრში, ხოლო რიოსების ქონება კი ხელშეუხებელი რჩებოდა ლოს ანჯელესში. პრობლემის მოგვარება ვერ ხერხდებოდა სასამართლოების, საკანონმდებლო ორგანოებისა და კომიტეტების მიერ. ისევ დაისმის კითხვა, თუ რატომ რჩება ეს ყოველივე პასუხგაუცემელი ყოველი კეთილგონიერი და მგრძნობიარე ადამიანის გონებასა და შეგნებაში.

მოძღვრის მითითებები

აღსანიშნავია, რომ იმ უამრავი თემების მოძღვრულ მართვასა და საქმეთა მორალურ ხედვაში შეგვიძლია დავინახოთ ერთგვარი გრადაცია. არსებობს რაღაც, რასაც ეკლესია აკურთხებს, რაღაც, რასაც ეკლესია მხარს უჭერს და რაღაც, რასაც ის კრძალავს.

ა. რაც შეეხება ადამიანის გამრავლების თემას, სწორედ ის, რასაც ეკლესია აკურთხებს არის ქორწინება, როგორც უდიდესი საიდუმლო, რომელიც აღწერილია საეკლესიო მსახურებასა და თეოლოგიაში. ქორწინება არის გზა მეუღლეების ბუნებრივი კავშირისა, რომლის ნაყოფი უნდა იყოს ახალი ადამიანის დაბადება, რომელიც იქნება ფსიქოსომატური პიროვნება და რომელსაც ექნება მარადიული ცხოვრების პერსპექტივა. გამრავლების სხვა არც ერთ გზას არ შეიძლება ჰქონდეს ჩვენი ლოცვა-კურთხევა.

თანამედროვე რეპროდუქციული ტექნოლოგია მნიშვნელოვნად ერევა ამ წმიდა კავშირის სივრცეში. ბავშვის ყოლის სურვილი, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ნებადართულია და ეჭვგარეშეა, რომ კურთხეულია, იგი ადამიანის ერთგვარი გამოხმაურებაა უფლის მცნებაზე, რომელიც ამბობს: „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ“ (დაბადება, თავი პირველი, 22). განაყოფიერების პროცესზე ტექნოლოგიური ჩარევის ყველა შედეგი ზემოთ აღნიშნული შემთხვევებიდანაც კარგად ჩანს. ტექნოლოგიურ შესაძლებლობათა უმეტესობა კი არ მკურნალობს ადამიანის შესაძლო ხარვეზს, არამედ ხშირად მათ თავს ახვევს ბუნებისა და ღმრთის კანონისათვის უცხო პირობებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ადამიანურ სურვილს აკმაყოფილებენ [29].

ის, რასაც ეკლესია აკურთხებს და რომლისკენაც ადამიანებს მოუწოდებს არის  ღმრთის ნების რწმენა. ძველად ადამიანებს, როდესაც ეკითხებოდნენ, თუ რამდენი შვილი ჰყავდათ მათ, ისინი ასახელებდნენ ბავშვების რიცხვს და შემდეგ კი აუცილებლად ამ სიტყვებს ამატებდნენ: „ღმრთის ნებით“. საკითხავი არის ის, შეგვიძლია თუ არა ჩვენ მთელი ჩვენი ძლიერი შეგნებით ამის თქმა. საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი შვილები უფლის ქმნილებებად კი არა, არამედ ჩვენს საკუთარ ანდა სამედიცინო ტექნოლოგიის ნაყოფად მივიჩნიოთ. სამედიცინო ტექნოლოგიის ამგვარმა მცდარმა გამოყენებამ ადამიანთა გამრავლებისათვის დახმარების გაწევის ნაცვლად შეიძლება უფლის განდევნა გამოიწვიოს. და იქნებ, სწორედ ეს არის ის, რაც სულიერმა მოძღვრებმა ყურად უნდა იღონ.

მაშასადამე, მანამ სანამ კონკრეტული პრობლემების რაციონალურ მოგვარებაზე დავფიქრდებოდეთ და მანამ სანამ ემოციურად დავნებდებოდეთ იმ მშობლების სურვილის ზეწოლას, რომლებიც ჩვენთან მოდიან, აუცილებელია მათ არ წავართვათ შესაძლებლობა იმისა, რომ შეეძინოთ ბავშვი, როგორც ნიშანი ღმრთის სიყვარულისა, ღმრთისმოსაობის, რწმენისა და ღმრთის ნების მეშვეობით შვიდ გზის ზეთისცხებით, ორმოცი დღიანი წირვით, აღთქმის დადებით, ლოცვაში განმარტოებითა და ა.შ. აუცილებელია, რომ ჩვენ, როგორც მოძღვრებმა, დავიჯეროთ რომ „სულიერი“ განაყოფიერების წილი შეიძლება გაცილებით უფრო დიდი იყოს, ვიდრე ხელოვნურისა.

ბ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ეკლესიას შეუძლია ამგვარი ხელშეწყობის სწორი გამოყენება იმ შემთხვევების დროს, როდესაც ადამიანები არ არიან მზად მიიღონ მისი სიზუსტე. ასეთ დროს, მას შეუძლია „ნება დართოს“, ანუ ხელშეწყობის მიზნით დაუშვას ხელოვნური განაყოფიერება, როგორც თერაპიული დახმარების გაწევა ისეთი შემთხვევებისას, როდესაც არსებობს რეპროდუქციული უკმარისობა.  და ეს მხოლოდ და მხოლოდ შემდეგი პირობებით: ცოლ-ქმარი კანონიერად და ეკლესიურად უნდა იყოს შეუღლებული, მათ განაყოფიერებისას უნდა გამოყენონ მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი და არა – მესამე პირისა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს განაყოფიერებული სხვა ემბრიონები მათი მომავალი განადგურების მიზნით და მხოლოდ ის ემბრიონი უნდა განაყოფიერდეს, რომელიც მომავალში იმპლანტირებულ იქნება დედის წიაღში.

 [გაგრძელდება]

 

შინაარსი
სანიშნეები