ღირსი პატაპი ეგვიპტელი – სიმსივნითა და წყალმანკით დაავადებულთა მფარველი

15 December 2014

ჩვენი ღირსი და ღმრთივშემოსილი მამა პატაპი ზემო ეგვიპტეში, ქალაქ თებეში დაიბადა. მისი მშობლები მდიდარი და ღმრთისმოშიში ადამიანები იყვნენ, რომელთაც თავიანთი შვილი ქრისტიანულად აღზარდეს და მას შესანიშნავი განათლება მისცეს. რამდენადაც ღირსი პატაპის პატარაობიდანვე ქრისტეს სიყვარული სწვავდა, იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში უდაბნოში გაემგზავრა, იმისათვის რომ ასკეტურად ეცხოვრა, იგი  ღმერთთან კავშირისაკენ მიისწრაფვოდა. განუწყვეტელმა ლოცვამ და წმიდა წერილის შესწავლამ მისი ასკეტური პტაქტიკა გაამდიდრა, რასაც დუხჭირი ყოფა, მკაცრი მარხვა, ხორციელი სურვილების მოკვდინება ახასიათებდა. სწორედ ამგვარად იქცა იგი უფლის ჭეშმარიტ ადამიანად და მოიპოვა ზეციური ჯილდო და მკურნალობის ძალა, რამაც ის ღმრთის ხალხის საყვარელ და საჭირო წმიდანად აქცია.

Osios Patapios 01

სულიერ გზაზე მიმავალ ღირს პატაპს დაბრკოლება შეხვდა ხალხის ქება-დიდების სახით, ამიტომ წმიდა მამამ ყველასაგან შეუმჩნევლად მიატოვა თავისი საყვარელი ადგილი, სადაც ასკეტურად ცხოვრობდა, და გაემგზავრა კონსტანტინოპოლში.  სწორედ იქ ნახა მან ახალი ადგილი სულიერი სიმშვიდისათვის, რათა თავისუფლად გაეგრძელებინა სულიერი საქმიანობა. თუმცაღა, მალე იგი სულიერად დაუკავშირდა ორ სათნო ასკეტს, ვარასსა და რავულასს. სამივე ასკეტის ერთიანი გადაწყვეტილებით, ისინი საცხოვრებლად დედაქალაქის გალავანს მიღმა გადავიდნენ. მათ სურდათ, რომ სამივეს ლოცვისა და ასკეტურად ცხოვრების ერთი საერთო პროგრამა ჰქონოდათ, თუმცა ისინი სხვადასხვა ადგილზე უნდა დასახლებულიყვნენ. ღირსმა პატაპმა ჩრდილოეთი მხარე აირჩია ვლაქერნასთან ახლოს. წმიდა რავულასი წმინდა რომანოზის კარიბჭესთან ახლოს დასახლდა, ხოლო წმიდა ვარასმა კი ააშენა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი პეტრაში, თავისი ორი მეგობრის ასკეტური საცხოვრებლის შუაში.

დროთა განმავლობაში, ბიზანტიურ საზოგადოებაში წმიდა პატაპი ცნობილი გახდა, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ უამრავმა მონაზონმა მოიყარა თავი მის გარშემო. სწორედ ამ მიზეზით, მან აღმართა ეგვიპტეში იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი, რომლის არა მარტო დამაარსებელი იყო, არამედ – მისი უშეცდომო წინამძღვარიც. წმიდანის სათნოებისა და ნიჭის გამო მონასტერში უამრავი ხალხი იყრიდა თავს, იმისათვის რომ მათ წმიდანის ლოცვა-კურთხევა, რჩევა-დარიგება, სულიერი და ხორციელი მკურნალობა მიეღოთ. ქრისტეს შობიდან მე-6 საუკუნეში წმიდა პატაპმა სწორედ ამ მონასტერში – უამრავი კეთილი საქმით დატვირთულმა – მშვიდად მიიძინა. ქრისტეს ეკლესიაში მისი სხეულის წმიდა ნაწილების ამობრძანების შემდეგ ზეციური საჩუქარი გამოვლინდა: პატაპის უხრწნელი და სასწაულთმოქმედი სხეულის წმიდა ნეშტი, რომელიც კეთილსურნელებას აფრქვევდა.

რამდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც ეგვიპტეში არსებული მონასტერი იქ გაჩენილი ხანძრის შედეგად (ქრისტეს შობიდან 536 წელს) განადგურდა, წმიდა ვარასმა პატაპის წმიდა ნეშტი თავის მონასტერში – პეტრას იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში გადააბრძანა. ამ მონასტერმაც სწორედ იმ განსაკუთრებული მიზეზის გამო, რომ იქ დიდი ასკეტის წმიდა ნაწილები ინახებოდა, მრავალი იმპერატორისა და დიდებულის პატივისცემა და მფარველობა მოიპოვა.

ღირსი პატაპის ცხოვრება და სასწაულები ჩვენი ეკლესიის ორი დიდი  წმიდანის მიერ იქნა დაწერილი: წმიდა სიმეონ მეტაფრასტისა (ხსენების დღეა 9 ნოემბერი) და წმიდა ანდრია იერუსალიმელის (ხსენების დღეა 4 ივლისი), კრეტის მთავარეპისკოპოსისა და დიდი კანონის შემთხზველის  მიერ.

Osios Patapios 02

მრავალი საუკუნის შემდეგ, პეტრას მონასტერს წილად ხვდა იმპერატორის მეუღლის – ელენე პალეოლოგოსის მფარველობა, რადგანაც მან იქ დააარსა მოხუცთა თავშესაფარი სახელწოდებით „უიმედოთა იმედი“. იმპერატორის მეუღლე ღმრთისმოსავი და ადამიანთა მოყვარული იყო, ფილოსოფოსის გიორგიო პლითონას იგივე გემისტოს მიხედვით, ელენე გონიერებითა და სამართლიანობით გამოირჩეოდა. იგი შეუღლებისათვის შესაფერის ასაკში დაქორწინდა ბიზანტიის იმპერატორ მანუელ მეორე პალეოლოგოსზე. მათ ექვსი შვილი ჰყავდათ, რომელთაგანაც ორი იმპერატორის ტახტზე ავიდა: იოანე მერვე პალეოლოგოსი და კონსტანტინე მეთერთმეტე პალეოლოგოსი, ბიზანტიის უკანასკნელი მოწამეობრივი აღსასრულის მქონე იმპერატორი.

ელენეს მეუღლემ – იმპერატორმა მანუელმა უფალს 1425 წელს მიაბარა სული, როგორც მონაზონმა მათემ. იმპერატორის მონაზვნად აღკვეცა მის სიკვდილამდე ორი წლით ადრე მოხდა. მეუღლის სიკვდილის შემდეგ ელენე ვასილევუსაში, კირა-მართას მონასტერში გადავიდა, სადაც იპომონის სახელით მონაზვნად აღიკვეცა. მან ამ მონასტერში 25 წელიწადი გაატარა და 1450 წლის 13 მარტს მშვიდობიანად მიაბარა სული უფალს. კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, 1453 წლის 29 მაისს, ანგელის ნოტარასი – იმპერიის უკანასკნელი პრემიერმინისტრისა და ეროვნული გმირის ლუკა ნოტარასის ძმა, მონაზონი იპომონის ნათესავი – მეტად მორწმუნე და ღმრთისმოსავი ადამიანი, თავის ოჯახთან ერთად საბერძნეთში გაემგზავრა. იგი პელოპონისოში თავის ბიძაშვილთან თომა პალეოლოგოსთან, მისტრას ბრძანებელთან ჩავიდა, რომელმაც მას უამრავი მამული აჩუქა კორინთიაში, საბოლოოდ იგი ტრიკალაში დამკვიდრდა. ანგელისი ღირსი იპომონის დისწული და გეორგიოს ნოტარასის პაპა იყო, რომელიც მოგვიანებით წმიდა გერასიმედ – კეფალონიის ახალ ასკეტად იქცა. რა თქმა უნდა, ამ უკანასკნელის შემწე და ასკეტური ცხოვრების მაგალითი წმინდა პატაპი გახლდათ, რომლის მიმართ იგი გერანიონის გამოქვაბულში ლოცულობდა.

Osios Patapios 03

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანგელის ნოტარასი თავის ოჯახთან და მოძრავ ქონებასთან ერთად საბერძნეთში გაემგზავრა, მან პეტრას მონასტრიდან (მონასტერი ქრისტეს შობიდან 1640 წლის შემდეგ დაინგრა) საბერძნეთში, როგორც უძვირფასესი განძი, ჩამოაბრძანა ღირსი პატაპის წმიდა ნეშტი, აგრეთვე – თავისი დეიდის წმიდა იპომონის პატიოსანი თავი. ეს წმიდა განძი მან პატივით დააბრძანა ასკეტთა გამოქვაბულში გერანიას მთებში, რომელიც მეთოთხმეტე საუკუნემდე არის დათარიღებული და უკვე რამდენიმე ასეული წელია, რაც ეკლესიად არის გადაკეთებული. ტაძრის ქვის კანკელზე მარჯვნივ გამოსახულია ვედრების , ხოლო მარცხნივ კი – კონსტანტინოპოლის ეკლესიის სამი წმინდანი: წმიდა იპომონი, ღირსი პატაპი და წმიდა ნიკონ ახალი (ეს უკანასკნელი წარმოშობით რუსი იყო).  მამაკაცთა გამოსახულებებს თან ახლავს შემდეგი წარწერა: “ο εν τω Ξηρώ όρει ασκήσας“, რაც ზუსტად მიგვანიშნებს იმ ადგილების უკაცრიელებასა და მიუწვდომელობაზე, სადაც ეს წმიდანები ასკეტურად მოღვაწეობდნენ: პატაპი ვლაქერნას მახლობლად, ხოლო ნიკონ ახალი კი პეტრას მონასტერში. მარცხენა მხარეზე არსებულ გამოსახულებებს ავსებს წმიდა იპატი განგრელის სახე, რომელიც კონსტანტინოპოლის  მშრალმთაზე აწამეს. ეს ფრესკები ანგელის ნოტარასის მეოხებით შესრულდა, მისივე ბრძანებით განხორციელდა წმიდა ნაწილების იქ დასვენება. რასაც მხოლოდ კედლის საერთო ხედზე არსებული პატარა გამოქვაბულის მსგავსი ტაძრის გამოსახულება მიანიშნებდა, როგორც ერთი ძნელად ამოსაცნობი თავსატეხი.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საუკუნეების წინ, ეს პატარა გამოქვაბულის მსგავსი ტაძარი ავსებდა უცნობი ასკეტების სულიერ მოთხოვნილებას და წარმოადგენდა ეგრედ წოდებული „პარალავრიელი“ ასკეტების ნაწილს, რომელთაც წმიდა მელეტი ახალი (ხსენების დღე – 1 სექტემბერი) წინამძღვრობდა. მანამდე იგი უკვე ხელმძღვანელობდა სამ ათას მონაზონს, რომლებიც ასკეტურად ცხოვრობდნენ კითერონიდან და მეგარის რეგიონიდან დაწყებული გერანიის მთებამდე.

Osios Patapios 04

კედელზე გამოსახული ფრესკის თავსატეხი 1904 წელს გადაიჭრა, მას შემდეგ რაც აღმოჩენილ იქნა პატაპის წმინდა ნეშტი. ამის მიზეზი გამხდარა მაღალი ტანის მქონე მღვდელი კონსტანტინე სუსანი, რომელსაც უყვარდა ეს გამოქვაბული და ხშირად მიდიოდა იქ თანხმლებ პირებთან ერთად ღმრთისმსახურების ჩასატარებლად. თუმცა, იმის გამო, რომ ძალიან ტანმაღალი იყო, უძნელდებოდა ტაძარში ყოფნა და უხდებოდა ხშირად მოხრა. მისი სურვილით, ლუტრაკელმა მარმარილოს ხელოსანმა დეკანოზმა ვასილიმ გახსნა მთავარი ტაძრის საკურთეველი და კედლის დასავლეთი მხარე. მაგრამ, როგორც კი ჩამოანგრია დასავლეთის მხრის კედელი, მიწა, რომელზეც ეს კედელი იდგა, ჩაინგრა და მისი წერაქვი თან ჩაიტანა. როდესაც მიწაში ჩაჭედილი წერაქვის ამოძრობას ცდილობდნენ, სწორედ მაშინ გამოჩნდა ღირსი პატაპის კეთილსურნელოვანი და უხრწნელი სხეული. კედრის საყრდენი იჭერდა თავს, ხოლო მარმარილოსი კი – ფეხებს, ნეშტი დაფარული იყო  ფილებით. საფლავში აღმოჩნდა ასევე ერთი პატარა რუსული სტილით შესრულებული ხის ჯვარი, სხვადასხვა ეპოქის ბიზანტიური მონეტები და ტყავის პერგამენტი ზედ წმიდანის სახელით. მოგვიანებით აღმოაჩინეს ასევე წმიდა იპომონის თავის ქალა, ხოლო უფრო გვიან კი, როდესაც რესტავრაციას უკეთებდნენ პატარა ტაძრის ჩრდილოეთ კედელს – გამოქვაბულის ასკეტების კეთილსურნელოვანი ძვლები. 1904 წლის აღდგომის მესამე კვირაში წმინდა პატაპის ნეშტის აღმოჩენა მოასწავებდა ახალი მონასტრის აშენების დასაწყისს, რომლის მშენებლობაც 1945 წელს არქიმანდრიტ ნექტარიოს მარმარინოსის თაოსნობით დაიწყო, ხოლო 1952 წელს კი აქ პირველი მონაზონი დასახლდა. ძველი და ახალი სასწაულების მიხედვით, ღირსი პატაპიოსი კიბოთი და წყალმანკით დაავადებულების შემწეა.

ბიბლიოგრაფიული წყარო:

Συμεών Μαγίστρου και Μεταφραστού, «Βίος του Οσίου Παταπίου», εις Migne, Patr. Gr., τόμος 116, σελ. 368.

Ανδρέου Κρήτης, «Λόγος ΙΘ’ εις τον μακάριον Πατάπιον και μερική των θαυμάτων αυτού διήγησις».

Καψάσκη Σπυρίδωνος, μουσουργου, «Προσκυνητάριον της εν Γερανείοις όρεσι παρά το Λουτράκιον Κορινθίας Μονής του Οσίου Παταπίου», Αθήνα 1964.

Κουκουλά Αντωνίου, «Στ’ αχνάρια του τόπου μου», Λουτράκι 1990.

Μακρυστάθη Σωτηρίου, πρωτοπρεσβυτέρου, «Πρόκλησις γνωριμίας με τον Όσιον Πατάπιον και το μοναστήρι του», Αθηναι 1991.

Μπούσια Χαραλάμπους, «Δέλτος θαυμάτων του Οσίου και Θεοφόρου πατρός ημών Παταπίου του θαυματουργού», Αθήναι 2002.

Του ιδίου, «Όσιος Πατάπιος ο θαυματουργός-βίος, θαύματα και ακολουθίαι του χαριτοβρύτου κλέους των Γερανείων», Άθηνα 2004.

Του ιδίου, «Βίος, Ακολουθία, Παρακλητικός Κανών και Εγκώμια εις την οσίαν Μητέρα ημών Υπομονήν», Αθήναι 2000.

Του ιδίου, (Επιμέλεια), «Γεράνειος Αυρα-Συμβουλευτικές Ομιλίες του Γέροντος Νεκταρίου Μαρμαρινου, κτίτορος Ιεράς Μονης Οσίου Παταπίου, Λουτρακίου», Αθήναι 2007.

Του ιδίου, (Επιμέλεια), «Παραινέσεις, και διδαχές του Γέροντος Νεκταρίου Μαρμαρινου κτίτορος Ιερας Μονης Οσίου Παταπίου, Λουτρακίου», Αθήναι 2010.

Τσακουμάκα Προκοπίου, Αρχιμανδρίτου, «Η Μονή του Οσίου Παταπίου», Αθήναι 1973.

შინაარსი
სანიშნეები