მონაზვნური ცხოვრება – გზა სრულყოფისაკენ

16 December 2014

ის, რომ მონაზვნებს ეკლესიაში ცხოვრების განსაკუთრებული წესი აქვთ, სულაც არ ნიშნავს, რომ ეს რაღაც ახალი ზნეობაა; ეკლესია არ განიხილავს ცალ-ცალკე ზნეობას ერისკაცთა და ზნეობას მონაზონთათვის, თითქოს ერთს მეტი ვალდებულება ჰქონდეს ღმრთის წინაშე, ვიდრე – მეორეს. და საერთოდ, ქრისტიანი ჭეშმარიტად მაშინ არის მართალი, როცა მისი ცხოვრება ქრისტეს მცნებებთან თანხმობაშია, თუმცა ასეთი ცხოვრება ერში რთულზე რთულია.

pateres exo apo to Katholiko tis IMM Vatopaidiou (peri to 1905)

ის, რაც ასე ძნელია ერში, განსაკუთრებული შრომის შედეგად ხელმისაწვდომია მონაზვნურ ცხოვრებაში. მონაზვნური ცხოვრების პრინციპები სარწმუნოებაში იგივეა, რაც ყოველი მორწმუნის პრინციპები. ქრისტიანულ-ეკლესიური ცხოვრების გარიჟრაჟზევე, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა მონაზვნური სქემა, ეკლესიის გამოცდილებით მალევე გახდა ცხადი, რამდენად დიდი უპირატესობა ჰქონდა ქრისტესთვის ქალწულებრივ ცხოვრებას, ოჯახურ ცხოვრებასთან შედარებით.

ეს პოზიცია, რასაკვირველია, არ ეწინააღმდეგება ქორწინებას, რითაც შეიცნობა ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი ”საიდუმლო”, მაგრამ აშკარად მიუთითებს იმ უზარმაზარ სიძნელეებზე, რომელსაც აწყდება ყოველი მორწმუნე საერო ცხოვრებაში. ამიტომ, ბევრი ქრისტიანი ერიდებოდა და დღემდე ერიდება ქორწინებას, როგორც ხელშეკრულებას.

ქრისტემ სარწმუნოების საფუძველშივე ჩადო თავის უარყოფა და თვითშეწირვა: ”რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე” (მარ. 8,34). მაცხოვარი მოითხოვს ადამიანისგან სრულად, უპირობოდ თავის მიძღვნას: ”რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ან ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს” (მათ. 10,37).

დასასრულ, თავის მიცემა თავდავიწყებული და განუწყვეტელი ლოცვისადმი, მორჩილება ეკლესიის მწყემსთა, სიყვარული და დაქვემდებარება მოყვასთა მიმართ, როგორც ძირითადი სათნოებანი მონაზვნობისა, თავიდანვე კულტივირდებოდა ეკლესიის წიაღში.

მართალია, მონაზვნები და ქორწინებაში მყოფნი განსხვავებული ცხოვრებით ცხოვრობენ, მაგრამ ეს არ ცვლის საყოველთაო პასუხისმგებლობას ღმრთისა და მისი მცნებების მიმართ: ”არამედ, კაცად-კაცადსა თჳსი მადლი აქუს ღმრთისგან, რომელსამე ესრეთ და რომელსამე ეგრეთ” (I კორ. 7,7). თითოეული სახე ცხოვრებისა – ოჯახური, ან მონაზვნური – შესაბამისად ექვემდებარება ღმრთის აბსოლუტურ ნებას და ორივე შემთხვევაში გარდაუვალია ასკეზა და საბრძოლო დგომა.

აქ, უპრიანია წმ. იოანე ოქროპირის სწავლება: ”თავს იტყუებ და ცდები, თუ გგონია, რომ სხვა მოეთხოვება ერისკაცს და სხვა მონაზონს, რადგან ხედავ, რომ მათგან ასხვავებს საქორწინო ხელშეკრულება. სინამდვილეში, ორივეს თანაბარი პასუხისმგებლობა აკისრიათ ღმრთის წინაშე, რადგან ორივე მოწოდებულია თანაბრად და თანაბარი საღმრთო გზა აქვთ დასაძლევი. რატომღაც, მსოფლიო განისწავლა ისე, თითქოს მხოლოდ მონაზონს ევალება იცხოვროს სიმართლით, ხოლო დანარჩენთ შეუძლიათ იცხოვრონ უდებება-მცონარებაში”. ეყრდნობა რა, კონკრეტულ სახარებისეულ ციტატებს: ”რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანამდებ არს სასჯელისა” (მათ. 5,22) და ”ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა~ (მათ. 5,28), იქვე დასძენს: რომ ”როცა მაცხოვარი გვამცნობს თავის მცნებებს, ადამიანებს არ ყოფს კატეგორიებად და ეს მცნებები თანაბრად ეხებათ ქორწინებაში მყოფთაც და უქორწინებლებსაც.”

pavlos_chrysost

შესაძლებელია, რომ ეკლესია დახასიათდეს, როგორც საზოგადოება მდგმურთა და წუთისოფლის სტუმართა. ”რამეთუ არა მაქუს ჩუენ აქა საყოფელად ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთ” (ებრ. 13,14).

როგორც ეგვიპტელთა მონობისაგან გათავისუფლებული ისრაელი მიემართებოდა აღთქმული მიწისკენ, განსაცდელითა და ხიფათით სავსე გზით, ისე ცოდვის მონობისგან გათავისუფლებულ ქრისტიანებს წინ უდევთ განსაცდელითა და ხიფათით სავსე გზა სასუფევლისკენ. და, ამ შემთხვევაში ეს ”გამოსვლა” არა გეოგრაფიული, არამედ საშუალებითია. თუ ღმრთისგან განდგომა და მიბრუნება მიწიერი ცხოვრებისკენ, არ გულისხმობს გეოგრაფიული ადგილმდებარეობისკენ სვლას, მაშინ, იგივე ხდება მიწიერი ცხოვრებისგან თავის დაღწევისა და ღმრთისკენ შებრუნებისასაც.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, გამოცდილებამ ცხადყო, რომ საზოგადოებისგან ფიზიკური სიშორე, საგრძნობლად აადვილებს მასთან სულიერ სიშორეს. როგორც ბასილი დიდი შენიშნავს: ”ცხოვრება ადამიანთა შორის, რომლებიც გულგრილებით ეკიდებიან საღმრთო მცნებათა ზუსტ დაცვას, მორწმუნეთათვის საზიანოა. როცა ადამიანი ცხოვრობს უწესო კაცთა შორის, არა მხოლოდ ვერ განიცდის პირად ცოდვებს, არამედ წარმოიდგენს, რომ გამოასწორა, მიაღწია კიდეც რამეს; რადგან ადარებს, პარალელს ავლებს თავის-თავსა და სხვებს შორის. მოგვიანებით კი, ამსოფლიური შფოთი და ზრუნვა აღმოფხვრიან კიდეც მასში ღმრთის ხსოვნასაც”.

ეს ყოველივე, არ ნიშნავს, რომ საზოგადოებისგან განრიდება ადამიანის ცხონების გარანტიაა, მაგრამ ნამდვილად წარმოადგენს ერთგვარ დადებით და დამხმარე საშუალებას. როცა ადამიანი მთელი არსებით მიეჯაჭვება ღმერთსა და მის ნებას, არაფერს ძალუძს შეეწინააღმდეგოს მის ცხონებას. ქრისტიანულ მარტომყოფობას თავიდანვე შეერწყა სიმშვიდე. აქ, იგულისხმება სიმშვიდე, როგორც შინაგანი მდგომარეობა. გარეგანი სიმშვიდე და მყუდროება საშუალებაა, რომ მიღწეულ იქნეს შინაგანი სიმშვიდე, რომელიც სრულიადაც არ გულისხმობს უძრაობასა და უმოქმედობას. გარეგან მყუდროებაში დავანებულ მონაზონს ექმნება პირობები, რათა შეიცნოს საკუთარი თავი, სძლიოს ვნებებს, განიწმინდოს გული და მიუახლოვდეს ღმერთს.

წმ. გრიგოლ პალამას მამა – კონსტანტინე – ცხოვრობდა რა ”ისიქასტური” მოსაგრეობით, იმავდროულად წარმოადგენდა ბიზანტიის საიმპერიო კარის საბჭოს წევრს კონსტანტინოპოლში. თუ, ერთის მხრივ მას, პროფესიულად ევალებოდა, რომ გულდასმით ედევნებინა თვალი იმპერიაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებისათვის, მეორეს მხრივ, როგორც მორწმუნე და ”ისიქასტი”, სრულიად ეკუთვნოდა უფალს. ამიტომ წმ. გრიგოლ პალამა წერს, რომ ცხონება შესაძლებელია ყოველგან და ყველასათვის. ხოლო წმ. ნიკოლოზ კავასილა ამბობს: ”აუცილებლობას არ წარმოადგენს გარემოსა და საქმიანობის შეცვლა, უდაბნოში გასვლა, მიუჩვეველი საკვების ჭამა, ჯანმრთელობის განადგურება, რათა თავი მიუძღვნა უფალს”.

საზოგადოებიდან გასვლა და უდაბნოში განდეგილად ცხოვრება დაიწყო ქრისტეს შობიდან მესამე საუკუნეში. პალესტინის უდაბნოში მორწმუნეთა მასობრივი გასვლა და განმარტოება დაემთხვა, რომაელთა მიერ ქრისტიანთა სასტიკი დევნის პერიოდს.

მონაზვნების განსაკუთრებული მატება შეინიშნება კონსტანტინე დიდის ეპოქაში; ეკლესიაში მანამდე მისთვის უცხო, სიმდიდრე-ფუფუნების მოძალებას ვერ ეგუებოდა უბრალო მორწმუნე საზოგადოება, რომელიც ძველებურად ელტვოდა ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრების სადა და ასკეტურ ტრადიციას. ამ უკმაყოფილებამ ბიძგი მისცა დიდ მონაზვნურ მოძრაობას. მონაზვნური საზოგადოებები თითქმის ერთდროულად ჩნდება ხმელთაშუა ზღვის აუზის სამხრეთ-აღმოსავლეთის სხვადასხვა ადგილებში: ეგვიპტეში, პალესტინაში, სინაის ნახევარკუნძულზე, სირიაში, კვიპროსზე და მოკლე ხანში მცირე აზიასა და ევროპაშიც. ასე მოაღწია მართლმადიდებლურმა მონაზვნობამ ათონის წმიდა მთამდე.

ათონური მონაზვნობის ხასიათში ჭარბად შეინიშნება აღმოსავლური ასკეტურ-მონაზვნური სულის განახლებულ-განვითარებული სახე. დღეს, ეს წმიდა ადგილი ჩვენს წინაშე წარმოდგება მონაზვნური ცხოვრების იმ განდეგილური, საზოგადო თუ საყოველთაო ტიპიკონთა მრავალფეროვნებით, რომელიც შექმნა ქრისტიანულმა მონაზვნობამ თავისი ხანგრძლივი და მძიმე ისტორიის მანძილზე.

მონაზვნური ცხოვრების გამოცდილი და უსაფრთხო ფორმა არის კინოვია (საერთო საცხოვრისის ცხოვრების წესის მიმდევარი სამონასტრო დაფუძვნება). ამ წესით ხელმძღვანელობს ათონის წმიდა მთის ოცივე მონასტერი. კინოვიურ მცხოვრებთა მონასტრებში ყოველივე საერთოა: ჭერი, ტრაპეზი, სამუშაო, ლოცვა, საზრუნავი, სიძნელეები, ბრძოლები და გამარჯვებები. მონაზვნების წინამძღოლი და სულიერი მამა არის იღუმენი. კინოვიური მონასტერი წარმოადგენს იდეალურ ქრისტიანულ საზოგადოებას, სადაც არ არის დავა ”ჩემიასა” და ”შენიას” გამო, არამედ ყველაფერი ემსახურება საერთო მიზანსა და ძმურ სიყვარულს. აქ გამორჩეულად წინ დგას იღუმენისა და საძმოს მიმართ მორჩილება, ძმების ურთიერთსიყვარული, ურთიერთთანადგომა და სტუმართმოყვარეობა.

მიუხედავად იმისა, რომ ოცივე მონასტერი კინოვიურია, ყოველი მათგანი მონასტრის გალავნის გარეთ, მისსავე კუთვნილ მიწებზე, ფლობს მრავალ ნაგებობას, სადაც საძმოს წევრები ცხოვრობენ სხვადასხვა სახის კერძო ტიპიკონებით: კათისმა (καθισμα-დასაჯდომელი), კელია(κελλι), კალივი (καλυβι- თავშესაფარი ქოხივით), სკიტი (σκητη), ისიქასტირიო (ισιχαστηριოν- დასაყუდებელი).

კათისმები უშუალო კავშირში არიან მონასტრებთან, სადაც საძმოს წევრები პერიოდულად განმარტოვდებიან ხოლმე და ეწევიან ისიქასტურ პრაქტიკას.

კელიებსა და კალივებში მოსაგრეობენ მცირე მონაზვნური ჯგუფები, ეწევიან ისიქასტურ ცხოვრებას, სრულყოფენ მორჩილებას მოძღვრის (გამოცდილი სულიერი წინამძღოლის, გერონდა-ბერის) მიმართ, ხოლო თავს ირჩენენ მიწათმოქმედებითა და ხელსაქმით.

მთაწმიდაზე თორმეტი სკიტია. მართალია, ისინი იურიდიულად მონასტრებს ეკუთვნიან, მაგრამ შეიძლება ითქვს, რომ პატივით უძველესი მონასტრების სწორნი არინ. ისინი ფლობენ კირიაკონს (სკიტის მთავარ, საკვირაო ტაძარს), ჰყავთ თვითმმართველობა, რომლის სათავეშიც დგას მსაჯული (ე.წ.დიკეოსი). მსაჯული, სკიტის, კალივებისა და კელიების სახელით უფლებამოსილია მოლაპარაკებები აწარმოოს მონასტრის ადმინისტრაციასთან. სკიტებში სუფევს ისიქასტური ცხოვრება, კოლექტიური სულისკვეთებით. მათგანვე არჩეული მსაჯულის გარდა, სტუმრიანობა ამ სავანეებში იშვიათობაა.

ათონის წმიდა მთაზე ოდითგანვე მოღვაწეობდნენ (და დღემდე იღვწიან) მეუდაბნოენი. ამ წმიდა მთაზე მათ დაანთეს პირველი მონაზვნური ცხოვრების კერები, რომელთა გარშემოც თავს იყრიდნენ პირველი მარტომყოფლების საზოგადოებები. მოგვიანებით ამ კერების საფუძვლებზე დაფუძნდნენ დღევანდელი მონასტრები და სკიტები. შედეგად საყოველთაო და კინოვიური მონასტრები და სკიტები გახდა სამოღვაწეო ადგილები, სადაც მომზადებას გადიან მომავალი მეუდაბნოენი. მთაწმიდაზე მოქმედებს ადგილობრივი სინოდური 410-ე კანონი, რომელიც მეუდაბნოური ცხოვრების მოშურნეებს ავალდებულებს, მინიმუმ სამი წლის განმავლობაში იცხოვრონ მონასტრებში ან კელია-კალივებში, მოძღვართა მორჩილების ქვეშ.

papa Tyhon 01

ბევრი თვლის, რომ უქორწინებლობა მონაზვნური ცხოვრების საფუძველია. სინამდვილეში, უქორწინებლობა საშუალებაა, რითაც ყალიბდება მონაზვნობა.

გეორგიოს ი. მანძარიდისი
თესალონიკის უნივერსიტეტის
თეოლოგიური სკოლის პროფესორი

შინაარსი
სანიშნეები