Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ღირსი ანთიმოზი, ქრისტესთვის სალოსი († 9/12/1867) | PEMPTOUSIA

ღირსი ანთიმოზი, ქრისტესთვის სალოსი († 9/12/1867)

27 December 2014

I.M.Panteleimona 115

1

ღირსი ანთიმოზი დაიბადა ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში, სადაც რამოდენიმე წელიწადი ცხოვრობდა დიდ ღმრთისმოსაობასა და ეკლესიის წმიდა საიდუმლოთა ერთგულებაში. ჯერ კიდევ ახალგაზრდა დაქორწინდა, რის შემდეგაც მღვდლად აკურთხეს. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ათონის წმიდა მთაზე მივიდა დაახლოებით 1830 წელს და სიმონოპეტრას მონასტერში  ბერად აღიკვეცა.

1841 წელს მან წმიდანობის მეტად რთული გზა – ქრისტესთვის სალოსობა აირჩია და  ათონის უდაბნოში გაემგზავრა. ხშირად მიდიოდა წმიდა პანტელეიმონის მონასტერში, მას ძლიერ მოსწონდა მსახურების მოსმენა ტაძრის სტოადან, რათა, როგორც სალოსს, საკუთარი თავი დაემდაბლებინა. როგორც კი მას შეამჩნევდნენ, მაშინვე ათონის მთის გამოქვაბულებისკენ, ტყეებისა და ხევებისაკენ მიეშურებოდა. ტანზე ანაფორის ნაცვლად გაცვეთილი ტილო ემოსა, თვითგვემისა და თვითუარყოფის მიზნით ყინვასა და პაპანაქებაში მოთმინებითა და იმედით ცხოვრობდა. უფალის ყოვლისმჭვრეტელი მადლის მეშვეობით, იგი ზოგიერთის ფარულ ფიქრებსაც კი სწვდებოდა და მათი გამჟღავნებით მხილებულებში სინანულს ბადებდა. ზოგიერთი მას ჭეშმარიტ სალოსად მიიჩნევდა. ბერი ანთიმოზი იცავდა მიწის საკუთრების არქონის, მარხვისა და ლოცვის მკაცრ კანონს და ეზიზღებოდა თავისი თავის მიმართ გამოხატული პატივისცემა და ხოტბა. საცხოვრებლად კლდეებს, ხეობებსა და ხის ფუღუროებს იყენებდა. დახეტიალობდა მთელ მთაწმიდაზე და მრავალს თავისი უკიდურესად ასკეტური ცხოვრებით განანათლებდა.

მისი აღსასრული, რაც წინასწარვე იცოდა, ზოღრაფის წმიდა მონასტრის საავადმყოფოში 1867 წლის 9 დეკემბერს დადგა. მისი ხსოვნა სვინაქსარის ავტორებისთვის უცნობია. ბერ ანთიმოზს პატივს  9 დეკემბერს მიაგებენ.

წყარო: მონაზონი მოსე მთაწმიდელი, ათონის მთის წმიდანები, მიღდონიას გამომცემლობა, თესალონიკი 2007.

2

მამა ანთიმოზი დაიბადა სოფიაში. ერში ყოფნისას მრევლში მღვდლად მსახურობდა. ფოფოდიის გარდაცვალების შემდეგ, დაახლოებით 1830 წელს, ათონის წმიდა მთაზე  წავიდა, სადაც თავდაპირველად სიმონოპეტრას წმიდა მონასტერში მოღვაწეობდა. ამავე მონასტერში მიიღო მან მონაზვნის დიდი სქემა.

1841 წლიდან ქრისტესათვის სალოსობა დაიწყო, თუმცა უცნობია, თუ რამ უბიძგა მას, რომ სულიერი ცხოვრების ესოდენ ძნელსა და მოწამეობრივ გზას დასდგომოდა. მამა ანთიმოზს ძალიან უყვარდა წმიდა პანტელეიმონის რუსული მონასტერი, ძალიან მოსწონდა ძველ სლავურ ენაზე აღვლენილ ღმრთისმსახურებებზე დასწრება, რის გამოც ხშირად მიდიოდა იქ, ზოგჯერ კი, ერთ კვირას ან შეიძლება უფრო მეტ ხანსაც რჩებოდა.

მამა ანთიმოზი ყოველთვის ცდილობდა თავისი შინაგანი ცხოვრების დაფარვას, რის გამოც თავს იგიჟიანებდა ხოლმე, ხშირად უაზროდ და უცნაურად საუბრობდა, ხანდახან მისი საქციელიც უცნაური იყო. როდესაც ხვდებოდა, რომ ადამიანები იწყებდნენ მისი სულიერი და აზრითი ღვაწლის აღქმას და მის მიმართ პატივისცემას ამჟღავნებდნენ, განგებ მოძებნიდა და რაიმე უგუნურს გააკეთებდა, იმისათვის რომ უკუეგდო მისი პიროვნების მიმართ გამოხატული პატივისცემა ან უდაბნოში მიეშურებოდა, რათა  ორი ან სამი თვით დამშვიდებულიყო, ანდა ისევ გამოქვაბულებებსა და ათონის მთის შორეულ ადგილებში გარბოდა, შემდეგ კი ისევ მონასტერში ბრუნდებოდა.

სალოსობის დასაწყისში, დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში, მას ჩვეულებრივი ანაფორა და კაბა ემოსა, ჭამდა საერთო სატრაპეზოში და დიდი ხნის განმავლობაში უდაბნოში არ მარტოვდებოდა. ასე ნელ-ნელა ცდილობდა, რომ უფრო თავმდაბალი გამხდარიყო, როგორც საკვებთან, ისე სამოსთან დაკავშირებით, ხოლო მას შემდეგ, რაც მისი ფეხსაცმელი გაცვდა, ხოლო ტანსაცმელი კი დაიხა, მან მიაღწია იმას, რომ ჩამოგლეჯილ-ჩამოკონკილს ეცხოვრა.  მრავალი ადამიანი, როდესაც ხედავდა მის ასეთ არაბუნებრივ ქცევას, სულიერად ძლიერდებოდა, თუმცა ზოგიერთი უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდა, რადგანაც მას უგუნურად თვლიდა. იგი რჩევა-დარიგებებით აუმჯობესებდა და აძლიერებდა ძმათა სულებს, სარგებლობდა რა ყველა ხელსაყრელი შემთხვევით, თუმცა თავის შინაგან სამყაროს გულმოდგინედ მალავდა. მცირენი იყვნენ ისინი, ვისაც მისი შეცნობის მადლი გააჩნდა, მაგრამ უმრავლესობისთვის ცნობილი იყო ის, რომ იგი წინასწარმეტყველური ნიჭით იყო დასაჩუქრებული.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ძალიან ხშირად მიდიოდა რუსულ მონასტერში, თუმცა შიგნით ყოველთვის არ შედიოდა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მას სასწრაფოდ არ დაუძახებდნენ. ხშირად ცხოვრობდა მონასტრის უკან, სამზარეულოსა და მუშათა სასადილოსთან ახლოს, სადაც იმ პერიოდში, როდესაც ძალიან ციოდა, მიდიოდა, რათა გამთბარიყო და საკვები მიეღო. მონასტრის იღუმენს გაფრთხილებული ჰყავდა მზარეული, რომ მიეღო ბერი და პატივი ეცა მისთვის. მზარეულიც გულიანად ასრულებდა იღუმენის კურთხევას, რის შედეგადაც მან იმას მიაღწია, რომ მამა ანთიმოზის განსაკუთრებული ნდობა მოიპოვა, სწორედ ამ გზით შეიტყო მან ბერის სულიერი ღვაწლის საიდუმლოს შესახებ.

მამა ანთიმოზს ღმრთისგან დიდი მადლი ჰქონდა ბოძებული, მას შეეძლო საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ემარხულა, თან ცდილობდა რომ ეს სხვებისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო, მაგრამ ხანდახან, რაც განზრახ არ ხდებოდა ხოლმე, შინაურულ გარემოში ის ამჟღავნებდა იმ ნიჭს, რაც მისთვის უფალს ჰქონდა მიმადლებული. ერთხელ, წმინდა პეტრე-პავლობის მარხვის დროს, ბერი რუსულ მონასტერში ძალიან დაღლილი მივიდა. მონაზონმა, რომელმაც ის მიიღო, სიხარულით გაუმასპინძლდა და მაგიდასთან მიიპატიჟა. როდესაც მამა ანთიმოზმა ჭამა დაიწყო, მონაზონი ცოტა ხნით გავიდა სასადილოდან, თუმცა შორიდან მაინც ადევნებდა ბერს თვალყურს. მამა ანთიმოზმა, რომელმაც არ იცოდა რომ მას უყურებდნენ, სწრაფად და ხარბად დაიწყო ჭამა. ამან ძალიან გააკვირვა მზარეული და მან გულში ბერის დადანაშაულება დაიწყო, უკვირდა, თუ რატომ ჭამდა ესოდენ გამხდარი მონაზონი ამდენ საკვებს. ამგვარი ფიქრებით გავიდა იგი სასადილო ოთახიდან. როდესაც ბერმა დაასრულა ჭამა, ისიც გარეთ გავიდა და კართან ახლოს ჩამოჯდა. დაინახა რა მეგობარი მონაზონი, რომელიც მას გაუმასპინძლდა, თავისთან იხმო, გვერდით მოისვა, ხელი ხელზე დაადო და ჰკითხა:

– ჭეშმარიტად იცი შენ, ძმაო ჩემო, თუ რა არის თავმდაბლობა?

მონაზონმაც თავმდაბლობით მიუგო:

– არ ვიცი.

– თავმდაბლობა ნიშნავს, რომ არავინ გაკიცხო და შენი თავი ყველაზე უარესად მიიჩნიო. ნახე, ცოტა ხნის წინ შენ გაოგნებული დარჩი და მე განმიკითხე, თუ რატომ ვჭამე ამდენი საჭმელი, თუმცა არ იცი, თუ რამდენი დღეა, რაც არაფერი მიჭამია… გახსოვს უკანასკნელად აქ რომ ვჭამე?

– მახსოვს მამაო, ბზობის კვირას იყავი აქ, მას მერე აღარ მინახიხარ,

– მაშ, ხედავ, თუ რამდენი დღეა, რაც არაფერი მიჭამია? და შენ კი, ძმაო, განმიკითხავ, თუ რატომ ვჭამე ასე ბევრი. უფალი სხვადასხვა უნარით გვასაჩუქრებს, ყოველი ჩვენგანისთვის რაღაც განსაკუთრებული აქვს მინიჭებული. მაგალითად ღმერთმა მე მომცა იმის ძალა, რომ დავითმინო შიმშილი და წყურვილი. მაგრამ განა კი შეძლებ  შენ ისეთივე მომთმენი იყო, როგორც მე ვარ? აბა ერთი სცადე, გაიხადე ფეხსაცმელები და ფეხშიშველი წამომყევი, თუნდაც უახლოეს მონასტრამდე მაინც გამომყევი. შენ მგალობელი ხარ, როგორ უგალობებ ღმერთს? შენი გულისთქმანი ხომ ყველა მიმართულებით დარბის, ახლა მომისმინე, თუ როგორ ვიგალობებ მე.

ბერმა ზეცისკენ აღაპყრო ხელები და მეტად ამაღელვებელი ხმით დაიწყო გალობა:

–  ალილუია…

ცრემლებმა იწყეს მის თვალთაგან დენა. მზარეული მეტად დამწუხრდა და მანაც ტირილი დაიწყო. მაშინ ბერმა უთხრა მას:

– მაშ, ჩემო ძმაო, ნურავის განიკითხავ, რადგან არ იცი, თუ რა უნარის მფლობელნი შეიძლება იყვნენ სხვები. ყურადღება მიაქციე მხოლოდ შენი სულის ნაკლოვანებებს.

მაშინ ძმამ ბერის წინაშე მეტანია გააკეთა და შეევედრა მას, რომ ეპატიებინა დანაშაული. მას შემდეგ, მათ შორის სულიერი მეგობრობა წარმოიშვა.

სხვა დროს, ერთი სხვა მონაზონი გაკვირვებული დარჩენილა ბერის უცნაური მოქმედებების გამო და მას მის შესახებ ასეთი ფიქრი გასჩენია: ნუთუ შესაძლებელია, რომ იგი გამჭრიახი გონების იყოს, რადგან ძალიან ბევრი ჭამა?

ბერი მიხვდა, რომ მონაზონს ამგვარი ფიქრი დაებადა და იგი თავისთან ახლოს იხმო, შემდეგ კი ასეთი რამ უთხრა:

– შენ, ძმაო ჩემო, გსურს რომ კარგი მონაზონი გახდე, თუმცა შენი ფიქრები კი რუსეთში იმყოფება. წახვალ იქ, შეასრულებ შენს სურვილს და როდესაც ისევ აქ დაბრუნდები, მაშინ შენი სულიერი მოძღვარი დიდ ანგელოზებრივ სქემას მოგანიჭებს.

ბერის სიტყვები ზუსტად ისე ახდა, როგორც ეს მან იწინასწარმეტყველა. მართლაც ამ ძმას უამრავი გულისთქმანი ჰქონდა, სწორედ ამის გამო დატოვა მან კინოვია და თავის სამშობლოში – რუსეთში გაემგზავრა, თუმცა როდესაც ერთი წლის შემდეგ ისევ დაბრუნდა ათონის წმიდა მთაზე, დიდი სქემის ღირსი გახდა.

მონაზონი, რომელიც მამა ანთიმოზს ემსახურებოდა, მას, როგორც წმიდანს, ისეთ  პატივს მიაგებდა, თუმცა ამავდროულად ეშინოდა ამის გამჟღავნება, რადგან იცოდა რომ ბერს არ უყვარდა მის მიმართ გამოხატული ქება-დიდება. ერთხელ, მზარეული ელოდებოდა ბერს, შემდეგ სასადილოში შეიყვანა იგი, თუმცა თვითონ, მის მიმართ არსებული რიდის გამო, მის გვერდით არ დაჯდა და მოიმიზეზა, რომ რაღაც საკანონო ჰქონდა. ბერი გაჭირვებით და უხმაუოდ ჭამდა და ხედავდა ძმას, რომელიც აქეთ-იქით მიმოდიოდა. როდესაც მამა ანთიმოზმა სადილობა დაასრულა, სკამიდან წამოდგა და ეს სიტყვები უთხრა მას:

– კარგი, კარგი, ძმაო, გაჩერდი ახლა. დაე უფალი შეგეწიოს და გაგაძლიეროს.

ერთხელ, ერთმა მღვდელ-მონაზონმა მამა ანთიმოზს უთხრა, რომ მზარეულს ძალიან ენატრებოდა თავისი სამშობლო და მთაწმიდის მიტოვებაზე ფიქრობდა. სწორედაც იმ დროს, როდესაც ეს მონაზონი ისევ იგივე ფიქრებით იყო დაკავებული, უეცრად მის კელიაში მამა ანთიმოზი შევიდა, რაც მანამდე არასდროს მომხდარა და მას უთხრა:

– დედა ღმრთისა მეჩვენა, იმისათვის რომ შენთვის მეთქვა, ნუ წახვალ რუსეთში, რადგან თუკი ისევ ერში დაბრუნდები, იცოდე რომ დიდ ცოდვებში ჩავარდები.

ოდესღაც, ბერი ანთიმოზი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ათონის მთის მწვერვალებზე სალოცავად. მზარეული, რომელსაც დიდი ხანია რაც ბერი არ ჰყავდა ნანახი, ნერვიულობდა მის გამო და უფალს ევედრებოდა, რომ ბერს უკან მონასტერში გამოძღოლოდა. ფიქრობდა, რომ იქნებ ბერს უდაბნოში ასკეტურად ცხოვრების გამო ძალა გამოეცალა და საჭირო იყო, რომ ვიღაცას  მისთვის საკვები და ჩაი წაეღო. მეორე დღეს, დილით, ბერი მონასტერში დაბრუნდა და როდესაც თავის მეგობარ მზარეულს შეხვდა, მსუბუქი ღიმილით შეხედა მას და ასე უთხრა:

– აი, გეთაყვა, შენი სურვილით ჩამოვედი ათონიდან, გატანჯული ვარ, ხოლო ფეხები კი დაჭრილი მაქვს ქვებზე სიარულით. მოკლედ ესოდენი დაღლილობის შემდეგ  შენი ჩაი მჭირდება.

ძმა გაოგნებული დარჩა მისი წინასწარმეტყველური ნიჭით და პატიება სთხოვა წვალებისათვის.

ერთხელ, ოქტომბრის დასაწყისში, როდესაც რუსულ მონასტერში ღამისთევის მსახურება სრულდებოდა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის პატიოსანი სარტყლის პატივსაცემად, მონასტერში მამა ანთიმოზმა შემოაბიჯა, ძალიან დაღლილი იყო და სუნთქვა უჭირდა. როდესაც იგი  თავის ნაცნობ მონაზონს შეხვდა, მას შემდეგი ამბავი მოუთხრო:

– ამ ღამით ზოგრაფის წმიდა მონასტერთან ახლოს მდებარე ერთ ადგილას ვიმყოფებოდი და ქვაზე ვლოცულობდი. ლოცვის დროს დავინახე დედაღმრთისა, რომელიც ზეციდან თქვენს მონასტერში ჩამოდიოდა. ამ გამოცხადებით ძალიან გავიხარე და მაშინვე აქეთ გამოვეშურე, რათა მომესწრო, რომ მეც თქვენთან ერთად მისი საფარველის ქვეშ მოვქცეულიყავი. მაგრამ, როდესაც სირბილი დავიწყე, უეცრად საიდანღაც გველი გამოჩნდა, აღტკინებული ზედ შემომახტა და ძლიერად მიკბინა ფეხზე. თუმცა მივხვდი, რომ ეს ცდუნება იყო, რომელიც უფალმა  ჩემზე იმისათვის დაუშვა, რომ მე  სულიერი სარგებელი და ღამისთევა დამევიწყებინა, სწორედ ამიტომაც არ მივაქციე მას ყურადღება და მონასტრამდე სირბილით მოვედი.

ძმამ დახედა ბერის ფეხს: ტერფი ტრავმირებული ჰქონდა და სისხლი მოსდიოდა ჭრილობებიდან. ბერს უფლის მიმართ არსებულმა დიდმა სიყვარულმა მისცა იმის ძალა, რომ არ ეგრძნო ხორციელი ტკივილი.

1862 წლის ზამთარი ძალიან ცივი და თოვლიანი იყო. მამა ანთიმოზი მაშინ უდაბნოში ცხოვრობდა, ათონის მთის ძირში არსებულ ერთ გამოქვაბულში. იმ ადგილას ისეთი დიდი თოვლი მოვიდა, რომ გამოქვაბულში შესასვლელი ჩაკეტა. ამგვარად ბერი გამოქვაბულში ლუკმაპურის გარეშე 46 დღის განმავლობაში იყო ჩაკეტილი. იმის გამო, რომ მამა ანთიმოზი ზამთარს მონასტერში ატარებდა, რუსული მონასტრის მონაზვნებმა ნერვიულობა დაიწყეს, რადგან ხედავდნენ რომ ასეთ ძლიერ სიცივეში ბერი არ მოდიოდა, ფიქრობდნენ უდაბნოში რამე ხომ არ შეემთხვაო. ერთ დღესაც ბერი მონასტერში მოვიდა გატანჯული, გაყინული სახითა და ხელებით. ძმამ, რომელიც მის მიმართ ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენდა, მოულოდნელად დაინახა რა ბერი, გახარებულმა შესძახა:

– მამაო, შენ ხარ? ჩვენ ვღელავდით, რომ აღარასოდეს გნახავდით. სად იყავი მთელი ამ ხნის განმავლობაში?

– გამოქვაბულში ვიჯექი,-

– და რას ჭამდი იქ, მამაო?-

– ძმაო ჩემო, მამა ვიქტორ, რაც მე იქ დავითმინე სიცივისა და ეშმაკისაგან მხოლოდ ღმერთმა იცის. ვფიქრობდი, რომ ჩემი ცხოვრების დასასრული დამდგარიყო, მაგრამ წმიდა იოანე ნათლისმცემელი მოვიდა და სიკვდილისაგან მიხსნა.

ასეთი შემთხვევა სხვა დროსაც განმეორდა, როდესაც ბერი მონასტერში ხუთი თვე არ გამოჩნდა. მონაზვნებმა ნერვიულობა დაიწყეს, იქნება და მას რაიმე ცუდი შეემთხვაო. სულიერი მოძღვარი იერონიმოსი იცნობდა ერთ ისიქასტს, რომელსაც მამა ანთიმოზი ენდობოდა და მას სთხოვა, რომ მოეძებნა ბერი და შეეტყო იმის მიზეზი, თუ ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ გამოჩნდა იგი მონასტერში. როდესაც ამ გერონდამ ნახა მამა ანთიმოზი, მას ჰკითხა, თუ რატომ აღარ მიდიოდა იგი რუსულ მონასტერში. ბერმა კი უპასუხა:

– მანამ სანამ ხოტბას არ მასხამდნენ და წმიდანად არ მთვლიდნენ, მივდიოდი, მაგრამ ახლა, არა თუ სარგებელს მივიღებ იქ წასვლით, ამით შეიძლება ვავნო კიდეც ჩემს სულს. როდესაც ბოლოს ვიყავი იქ, ერთი მღვდელ-მონაზონი დაეცა ჩემს ფეხებთან და ასე მითხრა: წმიდა მამაო, ილოცე ჩემთვის ცოდვილისათვის. როდესაც ის წავიდა, კიდევ ერთი სხვა მღვდელ-მონაზონი მოვიდა და იგივე მითხრა. როგორც ხედავ, განა კი შემიძლია ისევ მივიდე მათთან? თუმცა ძალიან მიყვარს ეს მონასტერი, ამიტომაც იშვიათად მივდივარ მათთან.

მიუხედავად ამისა, მამა ანთიმოზი მაინც მიდიოდა ხოლმე რუსულ მონასტერში, მაგრამ შიგნით არ შედიოდა, მონასტრის გარეთ ხშირად სტუმრობდა ხოლმე თავის მეგობარ მონაზონს. სწორედ მას ესაუბრებოდა სხვადასხვა თემების შესახებ და მასვე გაუმხილა სასწაულებრივ ნიშნებზე. ერთხელ, ბერი ტრაპეზის დროს მისულა რუსულ მონასტერში, როდესაც იგი მიპატიჟეს, მას შემდეგი რამ უთქვამს:

– გუშინ, კვირა დღეს, წმიდა იოანე მოწყალე ეწვია თქვენს მონასტერს, რადგანაც ტრაპეზზე მრავალი მეუდაბნოე მიგიპატიჟებიათ.

მამა ანთიმოზს არ ჰქონია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, თუმცა მთელი ათონის წმიდა მთა იყო მისი („მოხეტიალე“ – ასე უხმობენ იმ მონაზვნებს, რომლებიც არც ერთ მონასტერს არ მიეკუთვნებიან, ანუ არ არიან გაერთიანებულნი რომელიმე მონაქოლოგიონში, იგივე მონასტრულ მეტრულ წიგნში). იგი ყველა მონასტერსა თუ სკიტში, ყველა ადგილას მიდიოდა, თუმცა ყველაზე ხშირად პანტელეიმონის რუსულ მონასტერს სტუმრობდა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ზოგრაფის მონასტრის მახლობლად ცხოვრობდა და ახალი მონასტრის მშენებლობაში იღებდა მონაწილეობას – ზიდავდა ქვებსა და წყალს.

1867 წლის აგვისტოში, დიდი ასკეტი უკანასკნელად ეწვევია რუსულ მონასტერს, მაშინვე არქონდარიკში (მომლოცველთა სასტუმრო) წასულა და დიდხანს უსაუბრია თავის მეგობარ მონაზონთან. მისთვის რჩევა-დარიგებანი მიუცია, თუ როგორ უნდა დაემარცხებინა გულისთქმანი და ვნებები, ბოლოს კი ასეთი რამ უთქვამს:

– ამის შემდეგ მე უკვე აღარ მოვალ თქვენთან, რადგან მალე გარდავიცვლები.

იმავე წლის ნოემბრის მიწურულს, მამა ანთიმოზი ზოგრაფის წმიდა მონასტერში წავიდა და იქ ავად გახდა. ბერი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც თორმეტი დღე იწვა. 1867 წლის ცხრა დეკემბერს კი გარდაიცვალა და მშვიდობიანად მიაბარა სული უფალს.

წყარო: ღვთისმშობლის ბაღიდან, გამომც. მართლმადიდებლური სკა.

შინაარსი
სანიშნეები