Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ბერმონაზვნობის დაბადება | PEMPTOUSIA

ბერმონაზვნობის დაბადება

6 January 2015

მონაზვნობის ფენომენი

monaxismos

ბერმონაზვნობა არ წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანულ ფენომენს, იგი ზოგადად რელიგიური მოვლენაა. მანამ სანამ ქრისტიანობა ისტორიის ავანსცენაზე გამოჩნდებოდა, მონაზვნური ცხოვრება უკვე ცნობილი გახლდათ იმ რეგიონებში, სადაც აღმოსავლური რელიგიები იყო გავრცელებული. გარდა ამისა, ქრისტიანობის წარმოშობის პერიოდისთვის ასევე იუდაიზმის სივრცეშიც არსებობდა რელიგიური გაერთიანებები: ესეები პალესტინასა და მკურნალნი ეგვიპტეში, რომლებსაც გარდა თავიანთი ასკეტური ხასიათისა, ჩამოყალიბებული ჰქონდათ მონაზვნური ცხოვრების გარკვეული წესი. მაშინ როდესაც აღმოსავლურ რელიგიებში, სადაც დომინირებდა ამქვეყნიური ცხოვრებიდან გასვლის ტენდენცია, ასკეტური ცხოვრება და ბერმონაზვნობა წარმოადგენდა უპირველეს რელიგიურ მოვლენას, იუდაიზმში, ისევე როგორც სხვა მესიანური და წინასწარმეტყველური ხასიათის სხვა რელიგიებში, ასკეტური ცხოვრება და ბერმონაზვნობა რელიგიური ცხოვრების გამოხატვის ერთგავრი საშუალება იყო. მეორე მხრივ, ასკეტური ცხოვრება, რომელიც წარმოადგენს ამქვეყნიური ცხოვრებიდან გაქცევისა და ბერმონაზვნობის განვითარების წინაპირობას, არც ელინისტური სამყაროსთვის ყოფილა უცხო.

ქრისტიანული ასკეტიზმი

ქრისტიანობის ფარგლებში ასკეტიზმი, რომელსაც მოგვიანებით დაეფუძნა კიდეც ბერმონაზვნობა, არ წარმოჩენილა, როგორც გადმოღებული ელემენტი, არამედ ის წარმოადგენდა ქრისტიანული რწმენის მნიშვნელოვან ასპექტს და ახალი ქრისტესმიერი ადამიანის განათლების ძირითად შედეგს. ყველაფრისათვის უარის თქმა, რაც ქრისტიანულ რელიგიაში ასკეტური და მონაზვნური ცხოვრების საფუძველს წარმოადგენს, თავად იესო ქრისტეს მიერ იქნა განხორციელებული, როგორც  ყველა იმ ადამიანის მიმართ წამოყენებული წინაპირობა, ვისაც კი სურს მისდიოს უფლის გზას: „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უვარყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“ (მათე 16, 24). რადგან „რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და ცოლი და შვილნი და ძმანი და დანი და მერმე კუალად სულიცა თჳსი, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა“ (ლუკა 14, 26). ქრისტიანი ცხოვრობს ამქვეყნად, როგორც „მწირი და წარმავალი“ უფლის მარადიული სასუფევლის იმედით. გარდა ამისა, ცათა სასუფევლის სახელით, ქორწინებასთან შედარებით, ქალწულობისა ან დაუქორწინებლობისათვის უფრო მეტი უპირატესობის მინიჭების ტენდენცია, აშკარად ჩანს ახალ აღთქმაში. მე-2 საუკუნის პირველ ათწლეულში, მრავალი ქრისტიანი, როგორც ქალი, ისე კაცი, აღნიშნავს აპოლოგეტი იუსტინე, ინახავს ქალწულობას სამოცი და სამოცდაათი წლის ასაკში. ოდნავ მოგვიანებით კი, აპოლოგეტი ათენაგორა შემდეგს ამბობს: მრავალი ქალი და კაცი დაუქორწინებელი რჩებოდა უფალთან შეხვედრის იმედით. და ბოლოს, ლოცვა, მარხვა, მორჩილება და სათნოების დანერგვა წარმოადგენდა ქრისტიანულად ცხოვრების ძირითად ელემენტებს მისი წარმოშობის პირველივე წლებიდან.

უკიდურესი ტენდენციები

უკიდურეს ასკეტურ ტენდენციებს უკვე მეორე საუკუნიდან წარმოადგენენ გნოსტიკოსები თავიანთი მეტაფიზიკური დუალიზმითა და ამქვეყნიური ცხოვრების სრული იგნორირებით. გნოსტიკოსებისათვის ამქვეყნიურ სამყაროს, ისევე როგორც ყოველივეს მასთან დაკავშირებულს, არ  გააჩნია დადებითი მნიშვნელობა. გნოსტიკოსებისათვის ებრაელთა ღმერთი არის ქვედა საფეხურზე მდგომი ღმერთი, რომელიც ამასთანავე არის სამყაროს შემოქმედი. კეთილი ღმერთი არ არის დაკავშირებული სამყაროს შექმნასთან. სწორედ ამის გამო, მათთვის კეთილი ღმერთის, ანუ უმაღლესი ღმერთის განკაცება იესო ქრისტეს სახეში ზედაპირულად არის მიჩნეული. გნოსტიკოსები, ანუ ისინი, ვინც განაგებენ  სიკეთის ნაპერწკალს, გათავისუფლებულნი არიან შემოქმედი ღმერთის საქმეებისაგან სწორედ იმიტომ, რომ მათ სძულთ ამქვეყნიური სამყარო. ამგვარად ჩამოყალიბდა უკიდურესი ტენდენციები, რომლებიც ქორწინების სრულ უარყოფამდე მივიდა, თუმცაღა ამავდროულად მას, როგორც საფუძველს დაემყარა ერთგვარი უსაზღვრო ლიბერალიზმი, რომელიც ყოველგვარი მორალური საწყისის სიძულვილამდე მივიდა (ანტინომიზმი). თითქმის ამავე პერიოდში, გნოსტიკოსების არისტოკრატიული გამორჩეულობის უგულებელყოფით, მარკიონმა რელიგიური დაჯგუფებები შექმნა, რომლის წევრებს საზოგადოების ყველაზე ღარიბი ხალხი წარმოადგენდა. ამგვარ გაერთიანებებს არა მხოლოდ ძლიერი ასკეტური ტენდენციები, არამედ თითქმის მონასტრული მახასიათებლები გააჩნდა. და ბოლოს, აღსანიშნავია მონტანიზმი, რომელიც თავდაპირველად ფრიგიაში მცხოვრებ უბრალო ხალხს შორის, მოგვიანებით კი ჩრდილოეთ აფრიკაში გავრცელდა. ეს მიმდინარეობაც გარდა აშკარად გამოხატული ასკეტიზმისა, გამოირჩეოდა ასევე ამქვეყნიური ცხოვრებიდან გაქცევის ტენდენციით. როგორც ცნობილია, მონტანოსს (ამ ერესის დამაარსებელ მღვდელს) სურდა, რომ მის ყველა მიმდევარს ფრიგიის პეპუზაში მოეყარა თავი.

A kosnichyov-a-monk-2006-e12697008748831-920x1024 sml

ასკეტიზმი და ბერმონაზვნობა

აღსანიშნავია რომ, მიუხედავად იმისა, ასკეტიზმის არსებობა აშკარად გამოხატული იყო, ეკლესიის ისტორიის პირველი სამი საუკუნის განმავლობაში არ გვხვდება ორგანიზებული ბერმონაზვნობა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ, მრავალი ქრისტიანი ამქვეყნიურ სამყაროში ცხოვრობდა ისე, როგორც მონაზონი და გარდა ამისა, ადრეული ქრისტიანობის საერთო ორიენტაცია თავის თავში მოიცავდა ყველა იმ პირობას, რომლებმაც მოგვიანებით წარმოშვა ბერმონაზვნობა, ამქვეყნიური ცხოვრებისათვის თავის დასაღწევად შორეულ ადგილებში განმარტოებისა და უდაბნოში ცხოვრების ფენომენი  მესამე საუკუნის შუა ხანებში გაჩნდა და მეოთხე საუკუნეში გამყარდა.  სწორედ ამ გზით ასკეტიზმმა,  რომელიც თავიდანვე ქრისტიანული ცხოვრების დამახასიათებელ ნიშან-თვისებას წარმოადგენდა, თავისი სპეციალიზებული და ინსტიტუციური გამოხატულება ბერმონაზვნობაში ჰპოვა.

კითხვა

სწორედ აქ იჩენს თავს შემდეგი კითხვა: თუ რატომ წარმოიშვა ეკლესიის ისტორიაში ბერმონაზვნობა დაგვიანებით? თუ რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი იმას, რომ ასკეტიზმს, რომელიც ქრისტიანული ცხოვრების დასაწყისიდანვე არსებობდა, მიეღო ბერმონაზვნური ცხოვრების სპეციალიზებული ფორმა სწორედ ამ პერიოდისათვის? რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ ჩვენ აქ არ განვიხილავთ ბერმონაზვნობას მის თეოლოგიურ ასპექტში და არც იმის მცდელობა გვაქვს, რომ მოვახდინოთ მისი ინტერპრეტაცია უფლის მოხმობის ან თუნდაც ადამიანის მოხმობის თვალსაზრისით, არამედ ვცდილობთ ამ ფენომენს ისე მივუდგეთ, როგორც საეკლესიო დაფუძვნებას. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია ბერმონაზვნობის წარმოშობა განვიხილოთ საზოგადოების განვითარებისა და ცვლილებების ფარგლებში.

სოციალური მონაცემები

ამგვარად, ის ძირითადი ცვლილებები, რაც ამ პერიოდის ქრისტიანთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში აღინიშნა, არის შემდეგი: მესამე საუკუნის შუა წლებიდან გახშირდა ქრისტიანთა წინააღმდეგ განხორციელებული დევნა, მეოთხე საუკუნეში კი უკვე საბოლოოდ წყდება მათი დევნა, ამასთან ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად იქნა აღიარებული, რასაც თან მოჰყვა სხვადასხვა ეთნიკურობის წარმომადგენელთა მასიური გაწევრიანება ქრისტიანულ ეკლესიაში და საეკლესიო ინსტიტუტის გაძლიერება. სწორედ ამ მოვლენებმა, იმ ეპოქაში არსებულ საყოველთაო სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისთან ერთად, როგორც ჩანს, ხელი შეუწყო ბერმონაზვნობის წარმოშობას. სწორედ ამ მიზეზით, აუცილებლად მიგვაჩნია წინ გადავდგათ ნაბიჯი და განვიხილოთ ის ურთიერთობები, რომლებსაც, შესაძლოა, რაიმე კავშირი ჰქონდეს ბერმონაზვნობის აღმოცენებასთან.

პირველი ვარაუდი

ამ ფენომენთან დაკავშირებული პირველი ვარაუდი შესაძლოა შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს: მესამე საუკუნის შუა წლებიდან, ქრისტიანთა წინააღმდეგ განხორციელებული დევნის გახშირებამ გამოიწვია დასახლებული ადგილებიდან მორწმუნეთა გადახვეწა და მათი გადააგილება ისეთ უკაცრიელ ადგილებში, სადაც სახელმწიფო კონტროლს არ შეეძლო ჩაღწევა.

ისტორიული წყაროების მეშვეობით ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ მრავალი ქრისტიანი იძულებული გახდა, ან ჯგუფთან ერთად, ან კი მარტოს, მიეტოვებინა თავისი საცხოვრებელი ადგილი და გადასახლებულიყო უდაბნოში, რათა ამ გზით თავი დაეღწია დაპატიმრებისათვის. ისტორიკოსი სოზომენოსი აღნიშნავს, რომ იმ ეპოქაში, როდესაც ის თავად ცხოვრობდა, მრავალი მიიჩნევდა, რომ ბერმონაზვნობის გაჩენის მიზეზი სწორედ ქრისტიანთა ამგვარი გადასახლებანი იყო.

თუმცა, მხოლოდ ამ მოსაზრების მეშვეობით ვერ ხერხდება ბერმონაზვნობის მთლიანი ფენომენის გააზრება. რეალურად დევნას შესაძლოა ხელი შეეწყო ქრისტიანთა უკაცრიელ ადგილებში გაქცევის ტენდენციისათვის და ამ გზით ბიძგი მიეცა მონაზვნური ცხოვრების აღმოცენებისათვის, თუმცაღა ეს პროცესი არ შეუწყობდა ხელს მის დაცვასა და დაკანონებას. დევნის შეწყვეტისთანავე, უკაცრიელ ადგილებში წასვლის ტენდენციაც უნდა გამქრალიყო ან მინიმუმ მნიშვნელოვნად მაინც უნდა შემცირებულიყო.  სინამდვილეში კი პირიქით მოხდა. ქრისტიანთა დევნის შეწყვეტის შემდეგ გაქცევის ტენდენცია არა თუ შემცირდა, არამედ, ამ მხრივ, სწორედ აღნიშნულ პერიოდში, დიდი აღმავლობა იქნა დაფიქსირებული.

მეორე ვარაუდი

მეორე ვარაუდი შემდეგში მდგომარეობს: ქრისტიანთა დევნის შეწყვეტამ და ქრისტიანობის, როგორც დამოუკიდებელი რელიგიის აღიარებამ, ხელი შეუწყო ქრისტიანთა ცხოვრების სეკულარიზაციას და გამოიწვია მრავალი მორწმუნის წინააღმდეგობა, რაც გამოიხატა უკაცრიელ ადგილებში მათი მასობრივი გადასახლებითა და შესაბამისად, მონაზვნური ცხოვრების  განვითარებით.

ცნობილია, რომ მეოთხე საუკუნის მეორე ათწლეულიდან, არა თუ თავს იჩენს რაიმე სახის გარეგნული დაბრკოლებანი, არამედ ქრისტიანობის მიღებასთან დაკავშირებით, არსებობს მიზანმიმართული მიზეზები და ინტერესები.  და რეალურად, მრავალი ადამიანი მიისწაფვის ეკლესიაში, იმისათვის რომ მოიპოვოს საზოგადოებრივი თუ ეკონომიკური სარგებელი. ამ ფენომენს შედეგად მოჰყვა ქრისტიანთა რიცხვის მკვეთრი ზრდა და მათი ცხოვრების სეკულარიზაცია. თუმცა, ამ გარემოებას შედეგად მოჰყვა ქრისტიანთა საერთო ძალის შემცირება და დაიწყო ერთგვარი არასამართლებრივი მდგომარეობის ჩამოყალიბება. და როგორც ეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ხდება ხოლმე, როდესაც არასამართლებრივი მდგომარეობა ხელს უწყობს საზოგადოებიდან გაქცევის ტენდენციას, რომელიც ზოგჯერ გამოხატულია უსამართლო  თვითმკვლელობის ფორმით, სწორედ ამგვარადვე, რელიგიურ ცხოვრებაში ამ არასამართლებრივმა მდგომარეობამ ბიძგი მისცა ამქვეყნიური სამყაროდან გაქცევის სურვილს, რაც გამოხატულ იქნა ბერმონაზვნობის ჩამოყალიბებით. ამქვეყნიური სამყაროდან გაქცევა, რომელიც წარმოადგენს თვითმკვლელობის ერთ-ერთ ფორმას ჰორიზონტალური თანაზიარობის (კომუნიკაბელურობის) დონეზე, არის როგორც აღდგომა ვერტიკალური თანაზიარობის, ანუ ღმერთთან ურთიერთობის ჭრილში, სადაც ასევე, ერთგვარ ახალ დონეზე გადაინაცვლებს მისი ურთიერთობა მოყვასთან. მონაზონი თავის ახლობლებს არ ტოვებს მათ მიმართ წინააღმდეგობის არსებობის გამო, არამედ ტოვებს იმის გამო, რომ მას მათთან ახლოს არ ძალუძს იცხოვროს იმ რელიგიური ცხოვრებით, რომელიც მას სურს.  ამგვარად, ბერმონაზვნობა ჩნდება როგორც ერთგვარი სახის „ანტისაზოგადოებრიობა“, რომელსაც არ გააჩნია ამქვეყნიური საზოგადოებისათვის წინააღმდეგობის გაწევის სურვილი, არამედ იგი ქმნის პირობებს უფრო თანმიმდევრული ქრისტიანული ცხოვრებისთვის, რომელსაც უნივერსალურობის თვალსაწიერი გააჩნია.

monaxismos 02

მესამე ვარაუდი

ქრისტიანული ბერმონაზვნობის განვითარების კვლევასთან დაკავშირებული მესამე თეორია ამ ფენომენს იმ პერიოდის ეკონომიკურ და საზოგადოებრივ კრიზისს უკავშირებს.  რა თქმა უნდა, მხარდაჭერილია ისიც, რომ ბერმონაზვნობის დაბადება შეიძლება დიდწილად განიხილებოდეს, როგორც საზოგადოებრივი პრობლემის ისტორიის განსაკუთრებული თავი და რომ იგი გამოვლენილ იქნა ქრისტიანთა ასკეტური განწყობილებისა და ეპოქის სოციალური სიღარიბის შერწყმის შედეგად.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ არსებობს კავშირი ადამიანის ეკონომიკურ და რელიგიურ ცხოვრებას შორის. სიღატაკე, გადასახადების ზრდა, სავალუტო კრიზისი, ადმინისტრაციული კორუფცია და ზოგადად არსებული სოციალური უწესრიგობა, რომელიც დიოკლიტიანეს მმართველობის პერიოდში აღინიშნებოდა, ბუნებრივია ხელს უწყობდა ქრისტიანთა უკაცრიელ ადგილებში გაქცევასა და ბერმონაზვნობის განვითარებას. უდაბნოში წასვლისას ქრისტიანები არა მხოლოდ ასკეტური ცხოვრებისათვის საჭირო საუკეთესო პირობებს ეძებდნენ, არამედ ასევე ცდილობდნენ გათავისუფლებულიყვნენ მძიმე ეკონომიკური და სოციალური ტვირთისაგან. შემთხვევითი არ იყო ის ფაქტი, რომ ბერმონაზვნობა უმეტესად ეგვიპტის რეგიონში გავრცელდა, განსაკუთრებით კი – თებაიდაში, რომელიც, როგორც სასოფლო-სამეურნეო რეგიონი, უფრო მეტად განიცდიდა ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისს.

უდაბნოში გაქცევის დაკავშირება ეკონომიკურ და სოციალურ მიზეზებთან გამყარებულია თავად მონასტრული ტრადიციებით. მაგალითად, მამათა გამონათქვამებში არსებობს თხრობა ამბა ოლიმპიოსისა და ასევე ერთი სხვა მონაზვნის შესახებ, რომელიც ცხოვრობდა ამბა პაფნუტისთან ერთად, სადაც მონასტრულ ცხოვრებაში მოსვლა ან დაბრუნება უკავშირდებოდა სოციალურ და ეკონომიკურ მიზეზებს. თუმცა, ამ სიტყვების მნიშვნელობა არ უნდა იყოს გადაჭარბებულად აღქმული. მსგავსი გამოთქმები არსებობდა ასევე ქრისტიანთა ცხოვრებაში, თუმცა ისინი საერო ცხოვრებიდან მათ წასვლას არ უკავშირებდნენ მსგავს მიზეზებს. გარდა ამისა, ქრისტიანობის შემდეგდროინდელი ისტორიის მეშვეობით შეიძლება იოლად დავრწმუნდეთ იმაში, რომ ბერმონაზვნობის აყვავება ყოველთვის არ ემთხვეოდა ეკონომიკური და სოციალური კრიზისის პერიოდს. ამასთან ისინი, ვინც მონაზვნურ ცხოვრებას ირჩევდნენ, ყოველთვის როდი იყვნენ საზოგადოების ღარიბი და დაბალი ფენებიდან.

მეოთხე ვარაუდი

მეოთხე და საბოლოო ვარაუდი შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს: ეკლესიის ინსტიტუციური ფორმის გაძლიერებამ შეზღუდა მისი ქარიზმატული მასშტაბები და ბიძგი მისცა იმის აუცილებლობას, რომ ქარიზმატული ცხოვრების განვითარებისათვის ახალი შესაძლებლობები ჩამოყალიბებულიყო. სწორედ ამ აუცილებლობამ  შეუწყო ხელი ბერმონაზვნობის აღმოცენებას.

საეკლესიო ინსტიტუტის განვითარებასთან ერთად თავი იჩინა, როგორც ეს ჩვენთვის უკვე ცნობილია, სხვადასხვა ქრისტიანული დაჯგუფებების აღმოცენებამ, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ეკლესიას, იმოწმებდნენ რა ქარიზმატული ხასიათის მქონე ერთგვარ უტყუარ რელიგიურ ცხოვრებას (მაგალითად, მონტანის მიმდევრები, ნოვატიანისტები, დონატისტები). თუმცა, ამასთან ერთად, თავად ეკლესიის წიაღში მყოფი მრავალი მორწმუნე, რომელსაც ეკლესიის ინსტიტუტთან დაკავშირებით არ გააჩნდა რაიმე სახის ეჭვი, ესწრაფვოდა ქრისტიანული რწმენის ქარიზმატული შინაარსის უფრო სრულ განცდას. ეს ტენდენცია კიდევ უფრო მეტად აშკარა გახდა მესამე საუკუნიდან, სწორედ იმ დროიდან, როდესაც უფრო მეტად გამყარდა საეკლესიო ინსტიტუტი. სწორედ ამგვარად გაჩნდა ახალი, სიცოცხლისუნარიანი სივრცე მორწმუნეთა სიცოცხლეში – უდაბნო. წასვლა უკაცრიელ ადგილას არ განიხილება, როგორც ეკლესიიდან წასვლა, არამედ – როგორც წასვლა საერო ცხოვრებიდან. მონაზონი მიდის უდაბნოში იმისათვის, რომ საკუთარი თავი უფრო მეტად მიუძღვნას იმ ახალ ცხოვრებას, რომელსაც მას ეკლესია სთავაზობს. რა თქმა უნდა, საერო ცხოვრებიდან ამგვარი წასვლა შეიძლება აღქმულიყოს, როგორც ერთგვარი სახის პროტესტი ერში მცხოვრები ქრისტიანების მიმართ. თუმცა, ამგვარი მოსაზრება, საერთო ჯამში, არ არის სწორი. მონაზვნები და ერში მოღვაწე ქრისტიანები არ ყოფილან და არც შემდეგში ჩამოყალიბებულან ერთმანეთის მოწინააღმდეგე კატეგორიებად. მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში, ასევე თანამედროვე წლებში, არა თუ მჭიდრო კავშირები არსებობდა მონაზვნურსა და ერში მოღვაწე ქრისტიანულ გაერთიანებებს შორის, არამედ, ბერმონაზვნობა წარმოადგენდა ძირითად იდეალს ერში მცხოვრები მორწმუნეების საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის. ეს განსაკუთრებით ეხება შუასაუკუნეების აღმოსავლეთის ქრისტიანულ სამყაროს, სადაც მორწმუნეთა საზოგადოებრივ ცხოვრებას აშკარად აჩნდა მონაზვნური იდეალის ნიშანი.

Ε. Τroeltsch-ის მიხედვით, ეკლესიის განვითარებასთან ერთად წარმოიშვა დიდი უფსკრული ეკლესიასა და საზოგადოებას შორის, ეს უკანასკნელი, ამის შემდეგ, იძულებული იყო ან შორს დაეჭირა თავი ეკლესიისაგან, ანდა გამხდარიყო მისი ერთობის ნაწილი. ამგვარად, ბერმონაზვნობამ აირჩია პირველი გზა, მაშინ როცა ქრისტიანთა ფართო მასებმა უპირატესობა მიანიჭა მეორეს. თუმცა, ეს მოსაზრება, რომელიც ასევე გულისხმობს მონაზვნებსა და საერო ქრისტიანებს შორის არსებულ დაპირისპირებას, არ შეესაბამება ისტორიულ რეალობას. ბერმონაზვნობა არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც განხეთქილება, რადგან ის წარმოადგენს ქრისტიანული ცხოვრების ინტენსიფიკაციას. ხოლო ინტენსიფიკაცია არ მოიცავს საპირისპიროთა მნიშვნელობას.

და ბოლოს, დასკვნის სახით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ქრისტიანული ბერმონაზვნობა, როგორც მორწმუნე ადამიანთა ასკეტური ცხოვრების ინსტიტუციონალიზაცია, ჩნდება ყველა ზემოთხსენებული ფაქტორის შერწყმის შედეგად. ყველა ამ ფაქტორმა, რომელიც ტექსტში იქნა ჩამოთვლილი, ანუ თავდაპირველად ქრისტიანთა დევნის გახშირებამ, რამაც მრავალი ქრისტიანი აიძულა უკაცრიელი ადგილებისათვის შეეფარებინა თავი, ასევე ზოგადმა სოციალურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა, შემდგომ ამისა კი, ერში ქრისტიანთა ცხოვრების სეკულარიზაციამ, რამაც შეასუსტა საეკლესიო დაჯგუფებების ერთიანი ძალა, ასევე ეკლესიის ინსტიტუციური ფორმის გაძლიერებამ, რამაც ბიძგი მისცა ქარიზმატული ცხოვრების განვითარებისთვის ახალი სივრცის ძიების პროცესს, ხელი შეუწყო ქრისტიანული ბერმონაზვნობის წარმოქმნისა და ფორმირების პროცესს.

წყარო: გეორგიოს ი. მანძარიდისი, „ქრისტიანობის სოციოლოგია“, გამომცემლობა პ. პურნარა – თესალონიკი, გვ. 101-110.

შინაარსი
სანიშნეები