ბერი იოსებ ისიქასტი & ათონის წმიდა მთის აღორძინება – 1

29 January 2015

ჩვენ ვაქვეყნებთ  ნეტარი ბერის – იოსებ ისიქასტის ხსოვნისადმი (1898 წლის 2 ნოემბერი – 1959 წლის 28 აგვისტო) მიძღვნილ,  არისტოტელეს უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პროფესორის გ. მანძარიდისის მეტად მნიშვნელოვანი სტატიის პირველ ნაწილს, რომელიც შეეხება თანამედროვე ბერ-მონაზვნობის წარმომადგენლის, ამ წმიდა პიროვნების იმ განსაკუთრებულ ღვაწლს, რომელიც მან წმიდა მთაზე მონაზვნების შემცირების შეჩერების საქმეში შეიტანა და რაც დამახასიათებელი იყო ათონის საზოგადოებისათვის მის მოღვაწეობამდე.

ათონის წმიდა მთის ბერ-მონაზვნობის სტაბილური ზრდა, რაც შეინიშნება დღესაც, სტატისტიკურად შესამჩნევი გახდა 70-იანი წლების დასაწყისში. კონკრეტულად კი, ეს ფაქტი იმ სტატისტიკური კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომელიც 1972 წლის ივლისში განხორციელდა და რომლის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ათონის წმიდა მთის მონაზონთა რიცხვი 1 146-მდე გაიზარდა. ეს რიცხვი ერთჯერ აღემატებოდა მონაზონთა იმ რაოდენობას, რომელიც წინა წელს (კერძოდ კი 1971 წელს) გამოაქვეყნა ჟურნალმა „ირენიკონმა“ [1], რომელიც დროთა განმავლობაში გამოსცემდა ხოლმე მთაწმიდელი მონაზვნების სტატისტიკურ მონაცემებს. სწორედ მას შემდეგ, რაც ათონის საზოგადოების ბერ-მონაზონთა რიცხვის საგრძნობლად შემცირებას მოჰყვა მისი სტაბილური ზრდა, რაც მეტად შთამბეჭდავი მოვლენა იყო.

Geronda Iosif Isixastis 1

რა თქმა უნდა, ეს აღორძინება (მონაზონთა რიცხვის ზრდა) მრავალი ფაქტორით იყო განპირობებული.  მათ შორის ერთ-ერთი არის ასევე ათონის მთის გარეთ არსებული სხვადასხვა უკვე არსებული საძმოს (სინოდია, ბერძ.) ჯგუფური გადმოსახლება. თუმცა, ამას გარდა, აღნიშნული სინოდიების გადმოსახლებამდე ათონის მთაზე აღინიშნება ძლიერი პიროვნებების არსებობა, რომლებიც გამოირჩეოდნენ ძლიერი სულიერი და მორალური ბრწყინვალებით, რამაც ათონის წმიდა მთის აღმავლობას ნიადაგი მოუმზადა და გაამყარა. ამ გამორჩეულ პიროვნებებს შორის ყველაზე აღმატებულ ადგილს ბერი იოსებ ისიქასტი იკავებს. ამ უკანასკნელს დღეს მთაწმიდაზე არსებული ოცი წმინდა მონასტრიდან ექვსი მონასტერი მიიჩნევს თავის სულიერ მამად [2].

ბერი იოსებ ისიქასტი დაიბადა, გაიზარდა და მოვიდა ბერ-მონაზვნობაში სწორედ იმ პერიოდში, როდესაც მიმდინარეობდა ბერ-მონაზვნობისა და ზოგადად ეკლესიური ცხოვრების სეკულარიზაცია და დაცემა. მისი დაბადებიდან დაახლოებით ათი წლის შემდეგ, 1907 წელს, არქიმანდრიტმა ევსევიოს პატთოპულოსმა დააარსა თეოლოგთა ძმობა „Η Ζωή“ (სიცოცხლე), რომელიც შედგებოდა სასულიერო და საერო პირებისაგან, მის წევრებს მონაზვნური ცხოვრების ვალდებულება ჰქონდათ აღებული, ძმობა ცდილობდა ამოევსო ეკლესიის მოძღვრული საქმიანობის მნიშვნელოვანი სიცარიელე. ამ ძმობის დაარსებით აღდგა ერთგვარი ერში არსებული ბერმონაზვნობა, რომელიც გადამწყვეტ გავლენას ახდენდა, როგორც საბერძნეთის, ისე მისი მიმდებარე ტერიტორიების საეკლესიო და საზოგადოებრივი ცხოვრების სვლაზე.

ამასთან ერთად, საკმაოდ დიდი რაოდენობის მღვდელმონაზონმა და მონაზონმა, რომელიც სეკულარიზაციის პროცესის გავლენის ქვეშ მოექცა, მიატოვა ის თავისი მონასტერი, რომელიც საერო ცხოვრებისგან მოშორებით მდებარეობდა და საეკლესიო მსახურებების განხორციელება ერში წამოიწყო. და ბოლოს, ამ პერიოდის განმავლობაში, საკმაო რაოდენობის მღვდელმთავარი, რომლებსაც მიუთითეს ეკლესიის მოძღვრული საქმიანობის სასიცოცხლოდ აუცილებელ სიცარიელეზე, უარყოფითად იქნა განწყობილი  განდეგილური ბერმონაზვნობის მიმართ, მაშინ როდესაც საბერძნეთის ეკლესიის წმიდა სინოდი „ბერმონაზვნური ცხოვრების ორგანიზაციაში“, რომელიც  გამოიცა 1932 წელს ბერმონაზვნობის აღორძინების მიზნით, განსაზღვრავს მონაზვნობის მიზანს, რაც შემდეგში მდგომარეობს: „ღმრთის სიტყვის ქადაგების, საეკლესიო სკოლების, წმიდა აღსარების, სხვადასხვა ხელობის სწავლების… და ქველმოქმედების გაწევის მეშვეობით ერის განათლება“ [3].

რა თქმა უნდა, არ შეწყვეტილა ფილოკალიური ტრადიციის არსებობა. მან დატოვა თავისი ძლიერი კვალი, არა მხოლოდ ათონის წმიდა მთაზე, არამედ ასევე – საბერძნეთის სხვა ადგილებშიც. გარდა ამისა, „ზოის“ (სიცოცხლის) მოძრაობამ, ისევე როგორც სხვა ქრისტიანულმა მოძრაობებმა, მისგან მემკვიდრეობით საკმაოდ მრავალი ელემენტი მიიღეს [4].  განსაკუთრებულად ცოცხალი იყო ეს ტრადიცია კუნძულ პაროსზე, სადაც თავისი ბავშვობისა და სიჭაბუკის წლები გაატარა ახალგაზრდა ფრანცისკომ (Φραγκίσκος), რაც ბერი იოსების ერისკაცობის სახელი იყო. ის ფაქტი, რომ მან მონაზვნად აღკვეცის  გადაწყვეტილება მიიღო, გამოწვეული იყო იქიდან, რომ იოსები წმიდანთა ცხოვრებას სწავლობდა და ასევე – მეტად შთამბეჭდავი სიმბოლური სიზმრიდან, რომელიც მას სამეფო სასახლეებში სამსახურისთვის უხმობდა. ამგვარად, მან გადაწყვიტა უკაცრილსა და მშვიდ ადგილებში განმარტოება ასკეტური ცხოვრებისა და ლოცვისათვის, ცდილობდა მიებაძა ყველანაირი სახის წვალებაში, რომელთაც წმინდანთა ცხოვრებაში კითხულობდა. მაშინ იოსები ათონის წმიდა მთაზეც ფიქრობდა, სადაც დაახლოებით 1921 წლისათვის გაემგზავრა, როდესაც იგი ოცდასამი წლისა იყო.

იოსები ელოდებოდა, რომ სწორედ მთაწმიდაზე იპოვნიდა ისეთ სულიერ მამებს, რომლებიც ზუსტად იმ წმიდანთა სიმაღლეებს იქნებოდნენ მიახლოებულნი, რომლებზეც თავად კითხულობდა, თუმცა ვერ დაკმაყოფილდა: „როდესაც ათონის წმიდა მთაზე მოვედი“, წერს ბერი იოსები, „ვტიროდი დღე და ღამე, თუ რატომ ვერ ვიპოვნე ის, რასაც წმიდანები მოიცავდნენ ათონის წმიდა მთაში“[5]. მიუხედავად იმისა, რომ მისი სულიერი მოლოდინი საკმაოდ მაღალი იყო, ჩანს ისიც, რომ იმედგაცრუება, რაც მან მთაწმიდაზე განიცადა ობიექტურად გაუმართლებელი არ უნდა ყოფილიყო. ის ზოგადი სურათი, რომელიც ჩვენ იმ პერიოდის ათონის წმიდა მთის სულიერი მდგომარეობის შესახებ გაგვაჩნია, თუმცაღა იგი არ არის საკმარისად შესწავლილი, ნებისმიერ შემთხვევაში, არ არის დადებითი. აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბერი სოფრონი, როგორც წმიდა პანტელეიმონის მონასტრის მონაზონი, ბერი იოსების ათონის წმიდა მთაზე მისვლიდან დაახლოებით ათი წლის შემდეგ წერდა, რომ „გონებრივი საქმიანობა, რაც წარმოადგენს ნამდვილი მონაზვნური ცხოვრების ბირთვს, ამჟამად დეგრადაციის ზღვარზე იმყოფება“ [6].

თუმცაღა, დაახლოებით იმავე პერიოდში, წმიდა პანტელეიმონის მონასტერში იწყებს მოღვაწეობას წმიდა სილუანე, ისევე როგორც თავად ბერი სოფრონი, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს, ამ წმიდა ბერთან ერთად, რომლის ცხოვრებაც მან თავადვე აღწერა, არა მხოლოდ მთაწმიდის მონაზვნობის აღორძინების საქმეში, არამედ სრულიად მართლმადიდებლური ბერმონაზვნობის აღზევების საქმეში. ამ პერიოდის ცნობილი მღვიძარე მამები, როგორც კინოვიური ცხოვრების მიმდევარნი, ისე განდეგილები არიან იერონიმე სიმონოპეტრელი, ათანასე გრიგოლის მონასტრელი, პაპა-საბა მოძღვარი, პაპა-ტიხონი, ბერი კოზმა პანდოკრატორელი, ბერი ავგუსტინე ფილოთეოსელი და ა.შ. [7]. ამასთანავე, თავად ბერი იოსებ ისიქასტი თავის ტექსტებში ასახელებს იმ ღრმადპატივცემულ ასკეტებს, რომელთაც ათონის წმიდა მთაზე გადასვლის შემდეგ შეხვდა. მაგალითად, კატუნაკში, სადაც იგი მთაწმიდაზე მოსვლის შემდეგ პირველად გაჩერდა, მან გაიცნო ყველაზე მეტად გამორჩეული ბერი დანიელი და მისი საძმოს წევრები. ამ ადგილის სხვა მნიშვნელოვანი ასკეტები იყვნენ ასევე ბერი კალინიკე ისიქასტი, რომელმაც უცნობი მიზეზების გამო უარი თქვა ბერი იოსებისთვის გაენდო „დუმილისა და ლოცვის საიდუმლოებანი“ [8], შემდგომ ამისა, ბერი დანიელისა და ექვთიმეს სულიერი მოძღვრები და სხვა მრავალი სათნო მამა. საბოლოოდ, ბერმა იოსებმა დიდი ძალისხმევის შედეგად მიაღწია განუწყვეტელ ლოცვას, რამაც უზრუნველყო მასზე ღმრთიური მადლის გადმოდინება [9].

საღმრთო მადლით უხვად დაჯილდოებული ბერი იოსებ ისიქასტი მიანიშნებს ათონის წმიდა მთის ბერმონაზვნობის აღორძინების დასაწყისზე, რომელიც სტატისტიკურად დადასტურებულია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 70-იანი წლების დასაწყისში. მისი საძმოდან, რომელიც 1953 წლიდან მისი სიცოცხლის დასასრულამდე (1959 წლამდე) ახალ სკიტიში იმყოფებოდა, გამოვიდნენ ისეთი სულიერი მამები, რომლებიც უკვე თავიანთი საძმოებით (სინოდიით) მთელ წმინდა მთაზე გაიფანტნენ.

სულისჩამდგმელი ამ მეტად სასარგებლო გაბნევისა, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ათონის მთის აღორძინების საქმეში, თავად ბერი იოსები იყო.  გამოიყენა რა მეტად უჩვეულო ტაქტიკა, მან თითოეულ თავის სულიერ შვილს მისცა კურთხევა, რათა მათ თავიანთი საძმოს (სინოდიის) დაარსება შესძლებოდათ. ბერი იოსების ეს უცნაური გადაწყვეტილება არ შეიძლება არ უკავშირდებოდეს იმ პერსპექტივას, რომელიც გააჩნდა მის ნათლითმოსილ ცნობიერებას თავისი საძმოს მომავლის შესახებ. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მრავალი წლის წინ, როდესაც ერთხელ, მას ერთ-ერთმა ნაცნობმა, იოანე მბიციოსმა ჰკითხა, თუ ვინ იყო ის სამი მონაზონი, რომლებიც მის ახლოს დაინახა, იყვნენ თუ არა ისინი მისი სინოდიის წევრები, მან მიუგო: „კი, ნამდვილად ასეა“, შემდეგ კი განაგრძო: „ხედავ ამ ბერებს, იანი? ე! მოვა დრო, როდესაც ისინი მონაზვნებით აავსებენ ათონის მთას“ [10]. ამგვარად, მის გარდაცვალებამდე რვა თვით ადრე, 1958 წლის დეკემბერში, ახალი სკიტის კალივებში (კალივა – ქოხი, მცირე სამონაზვნო საცხოვრებელი, რომელთაგან შედგება სკიტეები) წარმოიშვა ოთხი საძმო, რომლებიც ახალ მონაზონთა მოზიდვის პოლუსად იქცა. პარალელურად, ამ ისიქასტი მამების სახელი ახლომდებარე მონასტრებში გავრცელდა, რომელთაგან ორი, როგორც სულიერი მოძღვარი, ისე მოიხმო [11].

ათონის წმიდა მთის ბერმონაზვნობის აღორძინება არსებითად უდაბნოს სიმშვიდეში მომზადდა. გარდა ამისა, ამ პერიოდში წმიდა მონასტრების არასასურველი მდგომარეობა ხელს უწყობდა იმას, რომ როდესაც დამწყებნი მოდიოდნენ მონაზვნობაში, ისინი უპირატესობას არა მონასტრებს, არამედ პატარა სინოდიებს ანიჭებდნენ, რომელთაც სულიერი ბერები ედგნენ სათავეში და მონასტრების დანამატს წარმოადგენდნენ. თუმცაღა, ამ სინოდიების წევრთა ზრდა, რაც ამავდროულად ნიშნავდა მათ საბინაო მოთხოვნილებების ზრდას, პრობლემას უქმნიდა მათ ცხოვრებას ამ პატარა თავშესაფრებში. წინ წამოიჭრა შესაფერისი საცხოვრებელი ადგილის ძიების საჭიროება. ხოლო ასეთ ადგილებს კი დიდი სკიტები და თავად მონასტრები წარმოადგენდნენ, რომლებმაც დროთა განმავლობაში, მონაზვნებისგან დაცარიელება დაიწყეს, თუმცაღა ჰქონდათ უამრავი სივრცე საძმოთა გაზრდილი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

[გაგრძელდება]

  1. Βλ. Irénikon 44 (1971), σ. 529-30.
  2. Αναλυτικότερα για τα αίτια της ανακάµψεως του µοναχισµού του Αγίου Όρους βλ. Γ. Μαντζαρίδη, Κοινωνιολογία του Χριστιανισµού, Θεσσαλονίκη 51999, σ. 409-10.
  3. Ιερά Σύνοδος της Εκκλησίας της Ελλάδος (εκδ.), Αι Συνοδικαί Εγκύκλιοι, τοµ. Α΄ (1901-1933), Αθήναι 1955, σ. 590. Πρβλ. Α. Γουσίδη, Οι χριστιανικές οργανώσεις, Θεσσαλονίκη 31996, σ. 21 κ.ε.
  4. Βλ. Αρχιµ. Ηλία Μαστρογιαννοπούλου, Αναγεννητικό κίνηµα. Παραφυάδες των Κολλυβάδων, Αθήναι 21987, σ. 79-80.
  5. Γέροντος Ιωσήφ, Έκφρασις Μοναχικής Εµπειρίας, Επιστολή 37, Ιερά Μονή Φιλοθέου, Άγιον Όρος 62003, σ. 220.
  6. Βλ. Αρχιµ. Σωφρονίου, Αγώνας θεογνωσίας, Η αλληλογραφία Γέροντος Σωφρονίου µέ τον Δ. Μπάλφουρ, µετάφρ. Αρχιµ. Ζαχαρία, Έσσεξ Αγγλίας 2004, σ. 135.
  7. Βλ. Μοναχού Παϊσίου Αγιορείτου, Αγιορείται Πατέρες και Αγιορείτικα, Σουρωτή Θεσσαλονίκης 31994.
  8. Γέροντος Ιωσήφ Βατοπαιδινού, Ο Γέροντας Ιωσήφ ο Ησυχαστής, Ιερά Μεγίστη Μονή Βατοπαιδίου, Άγιον Όρος 62004, σ. 41.
  9. Γέροντος Ιωσήφ, Έκφρασις Μοναχικής Εµπειρίας, Επιστολή 9, σ. 90-92 και Επιστολή 37, σ. 221 κ.ε.
  10. Γέροντος Ιωσήφ Βατοπαιδινού, Ο Γέροντας Ιωσήφ ο Ησυχαστής, σ. 12.
  11. Βλ. Ιωσήφ Μ. Δ., Ο Γέρων Αρσένιος ο Σπηλαιώτης (1886-1983), Θεσσαλονίκη 2001, σ. 91.

შინაარსი
სანიშნეები