Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
მღვდელმონაზონი სერაფიმე დიმოპულოსი – ერთი ღირსი მამის ცხოვრება | PEMPTOUSIA

მღვდელმონაზონი სერაფიმე დიმოპულოსი – ერთი ღირსი მამის ცხოვრება

2 February 2015

მღვდელმონაზონი სერაფიმე დიმოპულოსი [1]

ბიოგრაფიული ცნობები

მამა სერაფიმე დიმოპულოსი 1937 წელს კუნძულ კრეტაზე, ქ. ირაკლიოში დაიბადა. მისი მშობლები კონსტატინე და ირინე დიმოპულოსები იყვნენ. შვიდი შვილიდან იგი რიგით მეორე ყოფილა. ნათლობის დროს მისთვის ქრისტო დაურქმევიათ. მამამისი წარმოშობით ქალაქ სმირნიდან იყო და სმირნელი მღვდელმოწამის და ეროვნული გმირის წმიდა ქრისოსტომოსის შორეული ნათესავი ყოფილა. მამა სერაფიმე ქრისტიანული ღირებულებებით აღუზრდიათ. მას ადრეული ასაკიდანვე გამოუმჟღავნებია ეკლესიისადმი სიყვარული. ნათელი იყო, რომ იგი მღვდლობისათვის იყო მოწოდებული და უპირატესობას ასკეტურ ცხოვრებას ანიჭებდა.

პატარაობიდანვე მშობლებისგან ცალკე ოთახი მოუთხოვია. დედამისს ცალკე ოთახი გამოუყვია, მაგრამ იმავე ოთახში დაძინება გადაუწყვეტია. მაშინ მას გამოცხადებია დედა ღმრთისმშობელი და მისთვის უთქვამს: „მიუშვი იგი საბრძოლველად“. ასე რომ, ამის შემდეგ პატარა ქრისტოს განმარტოებით შეეძლო თურმე საღამოობით ლოცვა.

სწავლაში – ბეჯითი და ცხოვრებაში დაკვირვებული დღესასწაულებსა და კვირა დღეებში ეკლესიაში არ დააკლდებოდა თურმე და არც კატექიზმოს გააცდენდა. მან თეოლოგიაც შეისწავლა, რათა ეკლესიაში სასულიერო პირად მსახურება შეძლებოდა.

სტუდენტობის დროს ხშირად სტუმრობდა მონასტრებს. ლივადიის [ქალაქი ცენტრალურ საბერძნეთში] დომბუს მთის წმიდა სერაფიმეს სახელობის მონასტერს, ლონგოვარდას [კუნძ.პაროსი] მონასტერს, რომლის იღუმენს, თავის თანამოსახელეს, მამა ფილოთეოს ზერვაკოსს განსაკუთრებით დაახლოებია

Pater Serafim Dimopoulos 01

მამა სერაფიმე დიმოპულოსი

კავშირები ათონის წმიდა მთასთან და მამა პაისისთან.

მამა სერაფიმემ თეოლოგიის დიპლომის აღებისთანავე სამხედრო სამსახურიც გაიარა. გარკვეული დროის მანძილზე იგი ათონის მთაზე მდებარე წმიდა პანტელეიმონის სავანის ერთ ძველ სკიტში მოღვაწე სერბი ასკეტი ბერის, მამა გიორგის ახლოს ცხოვრობდა. მამა გიორგის გონიერი ლოცვის ნიჭი ჰქონდა. მამა სერაფიმე ბერად არ აღკვეცილა. მას არც ათონის მთაზე მუდმივად დარჩენა სურდა. ღმერთს სხვა გეგმები ჰქონდა, სხვაგან მიჰყავდა მისი გზები.

მამა სერაფიმე დიდ პატივს სცემდა „ღმრთისმშობლის ბაღს“ – ათონის წმიდა მთას და ამბობდა: „რასაც ჩვენ აქ ვქადაგებთ, კეთილ საქმეებს ვაკეთებთ… ეს ბაგა-ბაღის დონეა. ათონის მთა უნივერსიტეტია. იქ ბერები ვნებებს კი არ იკვეთენ, არამედ იციან ის მეთოდები, თუ როგორ ამოძირკვონ ისინი ერთხელ და სამუდამოდ. მონაზონი თავის კელიაში უნდა იჯდეს, თუნდაც ბევრ სულიერ საქმეს ვერ აკეთებდეს. თუკი მონაზონი ერში გავა, იგი სულიერად წინ ვერ წავა“.

ერთხელ მას ათონის მთის შესახებ ერთი წიგნი მიუტანეს. მამა სერაფიმეს იგი ხელში აუღია, სათითაოდ მოუძებნია მთაწმინდელი მამების სურათები, დაუკოცნია ისინი, გულში ჩაუხუტებია და მერე კი პატრონისთვის დაუბრუნებია და უთქვამს „გამომართვი ახლა“-ო.

ერთხელ მას ჰკითხეს, პირადად თუ იცნობდა მამა პაისი მთაწმინდელს. მან უპასუხა:

– დიახ, ვიცნობ, 2-3-ჯერ შევხვედრივარ მას. როცა მამა პაისი გიცქერს, თვალებით განგჭვრეტს და „გკითხულობს“. როდესაც ჩემთან მძიმე ავადმყოფები მოდიოდნენ, განსაკუთრებით კი სიმსივნით დაავადებულნი, მას წერილს ვუგზავნიდი და ყველა მათგანი კარგად ხდებოდა, არც ერთი არ გარდაცვლილა.

– მამაო, როგორ მოიპოვა მამა პაისიმ ამხელა მადლი?

– იცი, როგორი ლოცვა შეეძლო მამა პაისის? ეჰ, ჩვენ არაფრის გამკეთებელნი არა ვართ. ყევლაფერი ლოცვით ხდება.

– როგორ ხდება, მამაო, რომ ადამიანი, როდესაც მამა პაისის შესახებ წიგნს გადაშლის, მაგნიტივით იზიდავს მას და იმ წიგნის წაკითხვა უნდება, მაშინ როცა სხვა წიგნებისადმი გულგრილი რჩება?

– მამა პაისის დიდი მადლი ჰქონდა, რაც მის წიგნებში აშკარად იგრძნობა. ვინც ამ წიგნებს კითხულობს, ამას გრძნობს და მის სულსაც უხარია. მას იმდენად დიდი მადლი ჰქონდა, რომ ყველა წიგნი, რომელიც მის შესახებ დაწერილა, მაგნიტივით გვიზიდავს. ჩვენ სინამდვილეში ბევრი არაფერი ვიცით მამა პაისის შესახებ. ის, რაც გვგონია, რომ ვიცით, ძალზედ ცოტაა. მან ისეთი რაღაცეები გადაიტანა, რაც არავისთვის უთქვამს. ეჰ!.. ეს ადვილი სათქმელი არ არის“.

მამა პაისი დიდ პატივს სცემდა მამა სერაფიმეს. პანაგუდაში (კელია მთაწმიდაზე, სადაც წმიდა ბერი ცხოვრობდა) ქალაქ ლარისიდან მის სანახავად ჩასული ახალგაზრდების ერთი ჯგუფისთვის ასეთი რამ უთქვამს: „რატომ მოდიხართ ჩემთან? იქ, ლარისაში, თქვენ ერთი წმიდა ადამიანი გყავთ, მამა სერაფიმე“. შემდგომ ჯერზე, როდესაც ამ ახალგაზრდებმა პანაგუდაში მამა პაისი ინახულეს, უთხრეს, რომ ლარისაში არც ერთ სამრევლოში არანაირი მამა სერაფიმე არ მსახურობდა. მამა სერაფიმეს მართლაც არ ჰყავდა საკუთარი მრევლი, ვინაიდან იგი სოფელ-სოფელ დადიოდა და მსახურებას აღავლენდა იქ, სადაც ლარისის მიტროპოლიტი გააგზავნიდა მას, რადგან იგი მქადაგებელი მღვდელი იყო. ამაზე მამა პაისიმ უპასუხა: „იგი იქ არის, მაგრამ კურდღელივით ბუჩქებს მიღმა იმალება, მოძებნეთ და იპოვით“.

ერთი ცნობილი ლარისელი თეოლოგი (კონსტანტინე ათანასოპულოსი, ლარისის სასულიერო აკადემიის ყოფილი რექტორი) ხშირად სტუმრობდა ხოლმე მამა პაისის. იგი ყოველთვის ეკითხებოდა ხოლმე მას მამა სერაფიმეს ამბებს და წასვლისას მასთან მოკითხვებს აბარებდა.

ერთხელ მამა სერაფიმეს უთხრეს, რომ ერთი მთაწმიდელი მამა თავის საუბრებში მამა პაისის ამცირებდა, ამბობდა რომ „არ ვიცით წმიდანია თუ არა იგი“-ო. ამის გაგონებაზე მამა სერაფიმე დამწუხრებულა და ბავშვური სპონტანურობით უპასუხია: „რა ვქნათ? ის მაინც წმიდანია!“ საწოლის თავთან, კედელზე, ჯვარცმის, ღმრთისმშობლის ხატისა და გარდამოხსნის ხატების გვერდით განსაკუთრებული ღმრთისმოსაობის მაგალითის, მამა პაისის ფოტოსურათი ჰქონია გაკრული.

ასკეტი

მამა სერაფიმემ ქალაქ ლარისის შემოგარენში, ციხეებთან ახლოს, ერთი მიწის ნაკვეთი იყიდა და იქ თავისი ასკეტური თავშესაფარი აიშენა. იმ გაშლილ ველზე მამა სერაფიმემ კონკრეტულად ეს ადგილი აირჩია საცხოვრებლად, რადგან იქ ტკივილის სამკუთხედი იქმნებოდა: ერთი მხრიდან მას ციხეები ესაზღვრებოდა, მეორე მხრიდან – საუნივერსიტეტო საავადმყოფო და მესამე მხრიდან – სასაფლაო.

წლების მანძილზე მამა სერაფიმეს სახლში წყალი არ ჰქონდა და მას დიდი მანძილიდან ეზიდებოდა. გასათბობად შეშის ღუმელი ჰქონდა, რომელსაც იშვიათად ანთებდა. მისი მნახველები ზამთარში ყინვისგან კანკალებდნენ მაშინ, როცა იგი სიცივესაც კი არ იმჩნევდა. სიცივეში აივნის კარებსა და ფანჯრებს ხშირად ღიას ტოვებდა.

მისი სახლი მიტოვებულს ჰგავდა, ნივთები აქეთ-იქით იყო მიმობნეული. ეზო ნაგვით იყო სავსე და ბალახი ბიბინებდა და თაგვები უშიშრად დასეირნობდნენ.

ერთხელ მასთან მისი ერთი ნაცნობი დურგალი მივიდა სახლის ზედა სართულის კარის შესაკეთებლად და აღმოაჩინა, რომ მამა სერაფიმეს საწოლი არ ჰქონია: იატაკზე გაეშალა ძველი გადასაფარებლები, ერთ ძველ პალტოს – საბნად, ხოლო რგოლად დახვეულ კოსტიუმს კი თავის დასადებად იყენებდა თურმე, გვერდით კი წიგნები ეწყო. სამზარეულოში კონსერვის ქილაში წიწაკას ხარშავდა. ეს იყო მისი დღიური საზრდო.

მინიშნება: გამოიცა მამა სერაფიმე დიმოპულოსის (1937-2008) ბიოგრაფია უცნობი ავტორის მიერ „წმიდა იოანე ნათლისმცემლის“ საზოგადოებიდან, რომელიც თავად მამა სერაფიმემ დააარსა. „მოღვაწე თანამედროვე სამყაროში“, ლარისა 2011. წიგნი შესანიშნავია, სრულყოფილია და მამა სერაფიმეს სულიერ სამყაროს გადმოგვცემს. ამ სტატიაში მოყვანილია ზოგიერთი უცნობი დეტალი.

[გაგრძელება იქნება]

შინაარსი
სანიშნეები