Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატების „მანუგეშებელისა“ და „ყოველთა დედოფალის“ სასწაულები | PEMPTOUSIA

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატების „მანუგეშებელისა“ და „ყოველთა დედოფალის“ სასწაულები

4 February 2015
Panagia Paramithia 01

ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი მანუგეშებელი – პარამითია

წინასიტყვობა

ტკივილი მოულოდნელი და დაუპატიჟებელი სტუმარია. „არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამქვეყნიურ ცხოვრებას მწუხარების გარეშე გაივლის. თუკი, განსაცდელი დღეს არ გწვევია, მაშინ ის ხვალ შეგემთხვევა, მწუხარება მომავალში გესტუმრება“, ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი. როგორც შეუძლებელია, რომ ვინმე ადამიანთაგან იყოს უკვდავი, ისე შეუძლებელია, რომ რომელიმე მათგანმა ცხოვრების გზა მწუხარების გარეშე გაიაროს.  განსხვავება მხოლოდ ამ მწუხარების მოცულობაშია. ოდესმე, მიწიერი ცხოვრების დროს, ჩვენ ეს შემაწუხებელი სტუმარი გვეწვევა. თუმცა, შესაძლებელია, რომ ტკივილი სხვადასხვა სიძლიერის იყოს: რთულად ან იოლად გადასატანი, პატარა ან დიდი, ძლიერი და დამქანცველი.

ტკივილი, მწუხარება და სხვადასხვა ავადმყოფობა, რომელიც ადამიანის ხორცსა და სულს ტანჯავს, სამოთხეში ადამიანის მიერ უფლის მცნების დარღვევისა და მისი დაუმორჩილებლობის შემდეგ გაჩნდა. პირველქმნილმა ადამიანებმა ცხოვრება ტკივილისა და მწუხარების გარეშე საკუთარი ნებითვე შეწყვიტეს. დაცემის შემდგომი მდგომარეობა დაუკავშირდა ხრწნასა და სიკვდილს. ავადმყოფობამ არსებობა დაიწყო პირველივე ადამიანიდან და უკვე აქედან მოყოლებული იგი ადამიანთა მთელ მოდგმაზე ბატონობს, წერს წმიდა ნიკოლოზ კავასილა. ცოდვით დაცემის შემდეგ „ტკივილი, მწუხარება და სულიერი ტანჯვა მისგან განუყრელნი არიან“. მწუხარება, ოხვრა, ტირილი, ცრემლები, სევდა და სიკვდილი იმქვეყნიურ ცხოვრებაში ქრება.

ძველ აღთქმაში ჩანს, რომ სნეულება არის ღმრთის სასჯელი, რომელიც ადამიანს თავს უფლის მცნებების დარღვევის გამო ატყდება. ხოლო მას, ვინც  ღმრთის მცნებებს იცავს, არ ემუქრება დაავადების საშიშროება  (გამ. 15, 26). თუკი, ღმერთი იხილავს რომ მცნების დარღვევის შემდეგ ადამიანი  თავის შეცდომას ინანიებს, მაშინ უფალი, როგორც ექიმი ისე  ერთვება, რათა განკურნოს და გაამხნევოს იგი.

Panagia Paramithia 02

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი მანუგეშებელი. ხატი დაწერილია ვატოპედის წმინდა და დიდ სავანის ხატწერის სახელოსნოში

ადამიანი, რომელიც არღვევს უფლის მცნებებს, არსებითად თავისი ბუნების საწინააღმდეგოდ ცხოვრებას, ანუ იმ ბუნების საწინააღმდეგოდ როგორადაც ის ღმერთმა შექმნა, სწორედ მას ანიჭებს უპირატესობას. ღმრთის მცნებები ხომ იმ საზღვრებს აწესებენ, რომელთა შორისაც ადამიანმა უნდა იმოქმედოს. და თუკი, როგორც თავისუფალი არსება, იგი მათ გადაუხვევს, მაშინ ამ საქციელის შედეგსაც მოიმკის. „ის, ვინც ცოდავს თავისი შემოქმედის წინაშე, ექიმების ხელში აღმოჩნდება“. თუმცა, უფალი არ სჯის, რადგან იგი სიყვარულია. თავად ადამიანი სჯის თავისივე საკუთარ თავს, როდესაც ის არღვევს იმ წესრიგს, რაც მას უფალმა სამყაროს შექმნის დროს დაუდგინა.

ყოველივე ეს კარგად ჩანს თანამედროვე საზოგადოებაში, რომელიც გამოირჩევა სიკეთეთა სიმრავლითა და სიამოვნების მიმღები საშუალებების ზღვარსგადასული გამოყენებით. დაავადებები, რომლებიც ადამიანს ტანჯავს და რომლებიც მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, მისი ცხოვრების წესითა და კვებითაა განპირობებული.  „არანორმალური და გაუწონასწორებელი დიეტა ძალიან ხშირად მრავალთათვის დაავადებათა გამომწვევი მიზეზი ხდება“. წმიდა მამების სწავლებაში სომატური დაავადებანი სულიერ დაავადებებს უკავშირდება. მაგალითად ნაყროვანება, რომელიც სულიერი ვნებაა, ადამიანს საკვების ჭარბი მიღებისკენ უბიძგებს, რაც ასევე სომატური დაავადებაა. უფალი ჩვენს ავადმყოფ სულს ცოდვისგან ათავისუფლებს და ამავდროულად კურნავს ჩვენს სხეულსაც. ზოგიერთი ადამიანი სხეულით იტანჯება მისი სულიერი უზნეობის გამო.

ძველ აღთქმაში ავადმყოფობა აღმზრდელობითი საშუალებაა, რომელსაც უფალი ადამიანის ცოდვისგან გადასარჩენად მიმართავს. ტკივილი და სნეულება ადამიანს ღმრთიური მადლის თანამონაწილედ აქცევს. სწორედ ამის გამო,  მოციქული პავლე შემდეგს ღაღადებს: „უმჯობესღა უკუე და უფროჲს ვიქადი უძლურებათა შინა ჩემთა, რაჲთა დაიმკჳდროს ჩემ თანა ძალმან ქრისტესმან“ (კორინთელთა მიმართ II ეპ. 12, 9). ბასილი დიდის სწავლებით, წმიდანები იმიტომ ავადდებიან, რათა არ იქნას გამჟღავნებული, რომ ისინი კაცთა ბუნების ზღვარს აღემატებიან. ანდა იმიტომ, რომ ისინი თავისი ბუნებით სხვა ადამიანებისგან განსხვავდებიან.

როდესაც ადამიანი ავადდება, იგი სამედიცინო მეცნიერებას მიმართავს, რაც სასარგებლო და აუცილებელია. ღმერთმა „ადამიანებს უბოძა სამედიცინო მეცნიერება, რათა ისინი უფლის სასწაულებით განდიდნენ, სწორედ ამ გზით უფალი ავადმყოფს კურნავს და მას ტკივილებს უმსუბუქებს“. ბასილი დიდი, რომელიც მისი ეპოქის მედიცინას სწავლობდა, წერს, რომ ღმერთმა იმისათვის რომ დახმარებოდა ჩვენს სნეულებებით აღსავსე ბუნებას, სხვადასხვა პროფესია, მათ შორის კი მედიცინა, გაავრცელა.  „თუმცა, არასწორი იქნება, რომ ზრუნვა ჩვენს ჯანმრთელობაზე მხოლოდ ექიმების ხელთ მივანდოთ, რაც ვხედავთ, რომ ზოგიერთ უბედურ ადამიანს ხშირად ემართება, ასეთი ადამიანები ექიმებს ჯიუტად უწოდებენ მხსნელებს. ის რომ სრულიად გავურბივართ იმ სარგებელს, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ჩვენს სიჯიუტეზე მიუთითებს“.

აუცილებელია, როგორც მეცნიერება, ასევე – უფლის შემწეობა. სწორედ ამას ეხმიანება ყოვლადღირსი ბერი იოსებ ისიქასტი, როდესაც იგი შემდეგზე წერს თავის ერთ-ერთ წერილში: „მე ერთი განსაკუთრებული თვისებების წამალი გამომიგზავნეს, და მან, უფლის შემდეგ, განმკურნა. ორმოცი დღის განმავლობაში უნდა დამელია ის. როდესაც წამალი მივიღე შევჭამე, დავიძინე და უკეთესად გავხდი. დიდება შენდა ღმერთო! თითქოს მოძრაობა და წერა დავიწყე …

მრავალი ადამიანი მოსულა ჩემთან, რომლებიც ლოცვითა და მარხვით განმიკურნებია. თუმცა, ახლა უფალი არ მისმენს, ალბათ იმიტომ, რომ  წამლებისა და ექიმების შესახებ შევიტყო. რათა ყველას მიმართ თავმდაბალი გავხდე.

წმიდა ნექტარიოსის წერილებიც წავიკითხე და ვნახე, თუ როგორ უყურებდა ასეთი დიდი წმიდანი ექიმებსა და წამლებს! მე, ერთ უბადრუკ ასკეტს კი, რომელმაც უკაცრიელ ადგილას განვლე ჩემი ცხოვრება, მსურდა ყოველივე მხოლოდ რწმენით განმეკურნა.  ახლა კი ვისწავლე, რომ აუცილებელია, როგორც წამლები, ისე – ღმრთის მადლი. მაშ, ახლა მეც ასევე ვიტყვი, როგორც ამას წმიდანი ამბობდა: „იზრუნე, რომ კარგად გახდე. რა ხერხითაცაა შესაძლებელი გააუმჯობესე შენი ნერვები, და კვლავ მოიპოვებ შენს ლოცვასა და სიმშვიდეს“.

ასე რომ, ავადმყოფობა მსოფლიო ფენომენია. ყოველი ჩვენთაგანი ოდესღაც ავადდება. ავადდებიან როგორც ცოდვილი, ისე – მართალი ადამიანები, როგორც მოციქულები, ასევე – წმიდანები. ყველაზე მეტად ჩვენზე უფალი იესო ქრისტე წუხდა, რომელმაც თავის თავზე ნებაყოფლობითი ჯვარცმის მტკივნეული ტანჯვა იტვირთა. თუმცა, შეეძლო ის თავიდან აეცილებინა. შეეძლო ასევე თავისი ღმრთაებრივი ძალის გამოყენებით არ ეგრძნო საშინელი ტკივილები. მაგრამ მან ეს არ გააკეთა და სიკვდილის მწარე ხვედრი მიიღო. სწორედ იქიდან მოყოლებული, უფალი იესო ქრისტე ჩვენ გვერდით დგას, როგორც ღმერთი გულითადი თხოვნისა და ნუგეშისა.

Panagia Pantanasas 01

ღმრთისმშობლის ხატი ყოველთა დედოფალი – პანტანასა

ენით აღუწერელი მწუხარება დაითმინა ასევე ყოვლადწმიდა ღრმთისმშობელმა, რომელიც თავის საყვარელ შვილსა და ღმერთს ჯვარცმულს ხედავდა. როგორც ეს სიმეონმა იწინასწარმეტყველა, მის სულში უზარმაზარმა მახვილმა, ანუ ბასრმა დანამ გაიარა. ტკივილს მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში დაითმენდა, რადგან ხედავდა თუ როგორ აბუჩად იგდებდნენ და ამცირებდნენ უფალს. წმიდა მამების მიერ წარმოთქმულ სიტყვებსა და ეკლესიის ჰიმნოლოგიაში აღწერილია ყოვლადწმიდა ქალწულის გოდება. სტავროთეოტოკიონში (ტროპართა კრებული, რომელიც ეძღვნება ღვთისმშობელსა და ჯვარს), რომელიც ბიზანტიის იმპერატორმა ლეონ მეექვსემ დაწერა, ჩანს წმიდა ქალწულის მწუხარება იესო ქრისტეს უსამართლო სიკვდილის გამო. მაშინ როდესაც ყოველი ქმნილება ხარობს იმ ხსნისათვის, რასაც ადამიანებს მისი ჯვარცმული ვაჟი მოუტანს, თავად ღმრთისმშობელი მას მიმართავს და „სულიერი ტკივილით გატანჯული“ ეუბნება, რომ „საშინელ ტკივილს მაყენებს მწუხარების მახვილი“, „შიგნეულობა მითთრთის“. სამსჭვალთა, რომლითაც  იესო ქრისტეს ხელები მიამსჭვალეს, მისი გულიც განგმირეს. ყოვლადწმიდა ქალწული ჯვართან ახლოს „ცრემლებად იღვრებოდა“ „მრავალ ტანჯვათა დამთმენი… ტიროდა და ოხრავდა“.

ღმრთიური ხალხი ხედავდა რა ღმრთისმშობლის ამ დიდ ტკივილს, მიიჩნევდა რომ ყოვლადწმიდა ქალწული მათი თავშესაფარი, ჭერი, იმედი და შემწე იყო ყოველგვარი მწუხარებისა და განსაცდელის ჟამს. ხალხი გულწრფელად მიმართავს ღმრთისმშობლის უსაზღვრო თანაგრძნობასა და თანადგომას, „ძლიერ აღქმასა“ და მხურვალე მფარველობას.

ჩვენს თანამედროვე ეპოქაში, სადაც ადამიანმა თავისი რწმენა და იმედი დაკარგა და  უნუგეშო მარტოობაში ცხოვრობს, მისთვის აუცილებელია მხარდაჭერა და ნუგეში. ავადმყოფობას სჭირდება მოთმინება და იმედი. თუკი, ეს უკანასკნელნი ავადმყოფს არ გააჩნია, მას უმძაფრდება ტკივილები. მომთმენი ადამიანი უფლის მიერ დიდად დაჯილდოვდება, თუკი ის უდრტვინველად დაითმენს ავადმყოფობის  მძიმე ტანჯვას. განსაკუთრებით არ უნდა დაკარგონ იმედი და სიმამაცე მათ, ვინც ქრონიკული დაავადებებით იტანჯებიან, რასაც თან ძლიერი ტკივილიც ახლავს. როგორც ნეტარი ბერი პაისი ამბობდა: „როდესაც ადამიანი სრულიად ჯანმრთელია, ის არ არის კარგად. უმჯობესია მას რაიმე აწუხებდეს. მე იმდენად დიდი სარგებელი მივიღე ჩემი ავადმყოფობისგან, რაც მთელი ჩემი ღვაწლის განმავლობაში, რაც კი მანამდე მქონდა, არ მიმიღია“.

ყოველ თქვენგანს, ვინც კი რაიმე სენით ხართ დაავადებულნი და სუსტად გრძნობთ თავს,  საიმედო თავშესაფარი – ჩვენი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი გყავთ და მისი იმედი გქონდეთ. ითხოვეთ მისი შუამავლობა. პასუხს ძალიან სწრაფად მიიღებთ. ამას ის სასწაულები მოწმობენ, რაც ამ პატარა წიგნშია აღწერილი. აქ გადმოცემულია ის სასწაულები, რაც ღმრთისმშობლის წმიდა ხატების მანუგეშებელისა (პარამითია) და ყოველთა დედოფალის (პანტანასას) მეოხებით აღსრულდა.

იმედი გვაქვს, რომ ჩვენი წმიდა სავანის ეს გამოცემა დაეხმარება მორწმუნე ქრისტიანებს და განსაკუთრებით კი, რა თქმა უნდა, მათ, ვინც ტკივილებითა და მწუხარებითაა დატანჯული, ასევე მათ, ვინც კი ასეთ ადამიანებს გვერდში უდგას,  არა მხოლოდ იმისათვის, რომ მათ იპოვონ ნუგეში და ძალა, არამედ იმისათვის, რომ ადიდონ ადამიანთა მოდგმის ქომაგი ყოვლადკურთხეული ღმრთისმშობელი.

ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის წინამძღვარი

წყარო: ვატოპედის წმიდა და დიდი სავანე, ღმრთისმშობლის ხატების მანუგეშებლისა და ყოველთა დედოფალის სასწაულები, ათონის წმიდა მთა.

შინაარსი
სანიშნეები