Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ბერი იოსებ ისიქასტი & ათონის წმიდა მთის აღორძინება – 2 | PEMPTOUSIA

ბერი იოსებ ისიქასტი & ათონის წმიდა მთის აღორძინება – 2

13 February 2015

რა თქმა უნდა, ათონის წმიდა მთის აღდგენა-აღორძინების საქმეს ძალიან შეუწყო ხელი მთაწმიდაზე სხვადასხვა სინოდიების (მონაზონთა საძმო, თავისი წინამძღოლით) ჯგუფურმა დამკვიდრებამ, რომლებიც წმიდა მთაზე მის გარეთ მდებარე მონასტრებიდან მოვიდნენ. ეს საძმოები ათონის მთაზე ძველი მთაწმიდელი მამების მიპატიჟების შედეგად მოდიოდნენ, რომლებიც ტკივილით უცქერდნენ, თუ როგორ უკაცრიელდებოდა მათი მონასტრები. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში, იმისათვის რომ შესაძლებელი გამხდარიყო მათი მონასტრებში დამკვიდრება, აუცილებელი იყო ფორმალული ბარიერების დაძლევაც. მიუხედავად ამისა, ის მონასტერი, რომელიც იწვევდა ამა თუ იმ საძმოს, წმიდა კინოტთან შეთანხმებით, ჯერ კიდევ თავს არიდებდა წესდებაში (სტატუტში) ცვლილებების შეტანას ( 112-ე მუხლი), რაც შეეხებოდა სინოდიის სულიერი მამის წლოვანებასა და მონაზვნად აღკვეცის ადგილს და ეს მას ჩამოსვლისა და იღუმენად აღზევების ნებას აძლევდა. თუმცაღა, ამგვარი სახის პრობლემები არ ჰქონიათ მთაწმიდის იმ საძმოებს, რომლებიც  მონასტრის მფლობელობიდან თანდათანობით მონასტრებად გადაიქცნენ, როგორიც გახლდათ, მაგალითად, ბერი იოსების სულიერი შვილების სინოდიები.

Gerondas Iosif Isixastis 01

ბერი იოსების პირველი თანაასკეტი – ბერი არსენი, 1967 წელს,  პაპა ხარალამპთან (პაპა – სიყვარულით ასე მოიხსენიებდნენ მამა ხარალამპის) და მის სინოდიასთან ერთად  ბურაზერიში გადავიდა, საბოლოოდ 1979 წლის სექტემბერში კი, როგორც ოცდაერთი წევრისგან შემდგარი საძმო დიონისეს წმინა მონასტერში დამკვიდრდა, სადაც პაპა ხარალამპი მონასტრის იღუმენი გახდა [12].

პაპა ეფრემი, ამჟამად ფილოთეოსის წმიდა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, 1967 წელს, თავის სინოდიასთან ერთად პროვატას სკიტის წმიდა არტემის სახელობის კელიაში მივიდა, ხოლო 1973 წელს კი, ოცდაექვსი წევრისგან  შემდგარი საძმოთი გარემოცული ფილოთეოსის წმიდა მონასტრის იღუმენი გახდა, რომელიც იდიორითმული წყობიდან კინოვიურ მონასტრად გადაკეთდა. 1979 წელს, ფილოთეოსის იმხანად გაფართოებული ძმობის თორმეტწევრიანი ჯგუფი დამკვიდრდა კონსტამონიტუს წმიდა მონასტერში. 1980 წელს, პაპა ეფრემის ერთ-ერთი სულიერი შვილი, ამჟამად უკვე ნეტარი მამა ეფრემ უმცროსი, ფილოთეოსის საძმოს ოცწევრიანი გუნდით გარემოცული,  ქსიროპოტამის წმიდა მონასტრის იღუმენი გახდა და ქსიროპოტამის მონასტერიც ასევეე კინოვიურ მონასტრად გადაკეთდა. ხოლო, 1981 წელს კი, საძმოს თორმეტწევრიანი გუნდით დაკომპლექტდა კარაკალის წმიდა მონასტერი. გარდა ამისა, ფილოთეოსის წმიდა მონასტრის ყოფილმა იღუმენმა დააარსა და ხელმძღვანელობა გაუწია დედათა თუ მამათა მრავალ მონასტერს, როგორც საბერძნეთში, ისე მის საზღვრებს გარეთ, მაგალითად, თვრამეტ მონასტერს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში, რომელთა შორის მთავარი არიზონას წმიდა ანტონის სახელობის მონასტერი გახლავთ, სადაც დღესდღეობით თავადვე მოღვაწეობს.

ბერი იოსები, ამჟამად ვატოპედელი, 1975 წელს,  ყუთლუმუშის წმიდა მონასტერში დასახლდა, შემდგომში იგი იმყოფებოდა კვიპროსზე, საიდანაც, 1981 წელს, კაფსალას ხარების კელიაში დაბრუნდა იმისათვის, რომ თავის თავზე აეღო და ოცდასამი წევრისგან შემდგარი საძმოთი საბოლოოდ დაეკომპლექტებინა ვატოპედის წმიდა და დიდი მონასტერი, რომელიც ასევე იდიორითმული იყო და სრული დაშლის პირას იმყოფებოდა. 1990 წელს, მონასტერი კინოვიურად გადაკეთდა და მისი წინამძღვარი კი ბერი ეფრემი გახდა. ამჟამად მონასტერი დაახლოებით ას წევრზე მეტს ითვლის.

2001 წლის ბოლოს, 8 მონაზვნისაგან შემდგარი საძმო, რომელსაც სათავეში ფილოთეოსის წმიდა მონასტრის ყოფილი იღუმენი – ეფრემ უმცროსი ედგა, დასახლდა კარიესში, წმიდა ანდრიას სახელობის ვატოპედის სკიტში, რომელიც ამჟამად უკვე ოცწევრიან ძმობას წარმოადგენს.

ბერი იოსების სულიერ შვილთა რიცხვს მიეკუთვნება ასევე ათონის წმიდა მთის უახლესი ბერმონაზვნობის კიდევ ერთი დიდი წარმომადგენელი – მამა ეფრემ კატუნაკიელი [13]. მიუხედავად იმისა, რომ მონასტრის წესის შესაბამისად, მამა ეფრემი მორჩილებაში მამა ნიკიფორესთან იმყოფებოდა, რომელსაც ზეადამიანური მოთმინებით ემსახურებოდა, მისი სულიერი მამა და მოძღვარი იოსებ ისიქასტი გახლდათ. მცირერიცხოვანი სინოდიის გარდა, რომლის ფორმირება კატუნაკისში საკმაოდ დაგვიანებულად მიმდინარეობდა, მამა ეფრემი თავისი ისიქასტი ბერის სულისკვეთებით ხელმძღვანელობდა, მისმა პიროვნებამ ადამიანთა საკმაოდ დიდი რაოდენობა გააძლიერა და შთააგონა, რომელთაგან მრავალი მონაზვანად კი იქნა აღკვეცილი.

ბერი იოსების კიდევ ერთი სულიერი შვილი გახლდათ განდეგილი გეორგიოს ბიტკოვიჩი [14], რომელიც ექვსი თვის განმავლობაში ბერთან ერთად ცხოვრობდა და მისგან განუწყვეტელ ლოცვას სწავლობდა. შემდგომ ამისა, იგი ძველ სერბეთში გადასახლდა, თუმცა დროთა განმავლობაში სტუმრობდა ხოლმე გერონდა იოსებს. გეორგიოს ბიტკოვიჩი ბერის გვერდით იყო ასევე მისი მიძინების ჟამსაც. სწორედ ამ განდეგილმა წამოსწია წინ თავისი მასწავლებლის გამოცდილება სერბულ ბერმონაზვნობაში.

და ბოლოს, ბერი იოსებ ისიქასტის საკმაოდ მრავალმა სულიერმა შვილმა და მემკვიდრემ დააარსა და წინამძღვრობა გაუწია, როგორც საბერძნეთის სხვადასხვა მხარეში მდებარე, ისე მის საზღვრებს გარეთ არსებულ დედათა და მამათა მონასტრებს. გამოთვლილია, რომ პირდაპირი და არაპირდაპირი გზით, ბერი იოსებ ისიქასტის ფესვიდან მომდინარეობს ათასზე მეტი მონაზონი (როგორც დედები, ასევე მამები) [15].

მონაზონთა რიცხვის ზრდასთან ერთად, ისიქასტური ტრადიცია იესო ქრისტეს მონოლოგური ლოცვის ასკეზით (წარმოთქმით), რომელიც ხელახლა აღსდგა ბერი იოსების მიერ, დამკვიდრდა არა მხოლოდ იმ კინოვიებში, რომლებიც ბერი იოსების სულიერმა მემკვიდრეებმა  ჩამოაყალიბეს, არამედ ფართოდ გავრცელდა საბერძნეთისა და მის საზღვრებს გარეთ არსებულ მართლმადიდებლურ ბერმონაზვნობაში. ამ საქმეში, ისევე როგორც ბერმონაზვნობის აღორძინების მთელ პროცესში, მონაწილეობა მიიღეს ამ პერიოდის ასევე სხვა მნიშვნელოვანმა სულიერმა მამებმა, როგორებიც არიან ბერები – პაისი (აწ უკვე წმიდა პაისი მთაწმიდელი) და სოფრონი, ამჟამად შემოვიფარგლოთ იმ სულიერი მამებით, რომლებიც ამქვეყნიური ცხოვრებიდან წავიდნენ.

ბერმა პაისმა მხარი დაუჭირა ათონის წმიდა მთის მონასტრის აღორძინების პირველ მცდელობას, რომელიც 1968 წელს, სტავრონიკიტას წმიდა მონასტრის მონაზვნებით დაკომპლექტების ჟამს განხორციელდა. თუმცა, ზოგადად მისმა მოღვაწეობამ მრავალ ახალგაზრდას შთააგონა ისიქასტური სული და დაეხმარა კელიების ხელახლა აღდგენის საქმეში, ასევე იმ ისიქასტური კერიების დაარსებაში, რომლებიც დღეს ათონის წმიდა მთაზე არსებობს. გარდა ამისა, მას სწამდა, რომ „ისიქაზმისგან წარმოიშობა ეკლესიის აღორძინება“ [16]. რაც შეეხება ბერ სოფრონს, რომელმაც სილუან ათონელზე შექმნილი თავისი ნაშრომით მრავალ ახალგაზრდას უბიძგა ბერმონაზვნობისკენ, თავისი თეოლოგიით წმიდანების – სიმონ ახალი ღმრთისმეტყველისა და გრიგოლ პალამას ისიქასტური ტრადიციების ბუნებრივი გაგრძელება წარმოადგინა ჩვენს ეპოქაში.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ისიქასტური ტრადიცია წარმოადგენდა კინოვიური ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ელემენტს, ხოლო მეორე მხრივ, კინოვიური ტრადიცია თავისი რეგულარული (ხშირი) მსახურებებით ისიქასტურ ცხოვრებაში დამყარდა. და ბოლოს, ამ სულისკვეთებამ გავლენა ეკლესიის მრევლზეც მოახდინა, რაც აგრეთვე ბერმონაზვნობის აღორძინების ინიციატორებს უკავშირდება.

ათონის მთის ბერმონაზვნობის ამგვარ განვითარებას, რომელიც მომწიფდა საზოგადოებრივი ცხოვრების ძლიერი სეკულარიზაციის პერიოდში და ასევე ეკლესიის ხელმძღვანელობისა და ქრისტიანული ორგანიზაციების მიერ განდეგილური ბერმონაზვნობის პირდაპირი თუ არაპირდაპირი განკიცხვის ჟამს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, თუმცაღა ამასთან ერთად, იგი  სერიოზულ კრიტიკულ ხასიათს ატარებს. მაშასადამე, ერთი მხრივ, იგი ავლენს ისიქასტური ტრადიციის დიაქრონულ ძალას მართლმადიდებლურ სამყაროში, და განსაკუთრებით კი, ათონის წმიდა მთაზე, სადაც ყველაზე უფრო მკაცრი პირობების მიუხედავად, მას შეუძლია გადარჩენა, ხოლო მეორე მხრივ,  წინ წამოსწევს იმ საფრთხეებს, რომლებიც მის ახალ ეპოქასთან შეგუებას გულისხმობს.

ამ მონაცემებიდან გამომდინარე შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ათონის წმიდა მთის ბერმონაზვნობის ბოლო დროს განხორციელებულმა აღორძინებამ სიგნალები  ახალი ისიქასტური რეფორმირების მეშვეობით გამოსცა, რომელიც განხორციელდა ბერი იოსებ ისიქასტისა და სხვა ღვაწლმოსილი ბერების თაოსნობით. ამგვარად, ისიქასტურ განახლება, რომელსაც უკავშირდება ათონის მთის ბერმონაზვნობის აღორძინება, ფლობს უფრო მეტ ფესვებს და ქმნის ფართო პერსპექტივებს.

თუმცა, მეორე მხრივ, ამ აღდგენის გამყარება უნდა მოხდეს სწრაფად ცვალებადი სამყაროს წიაღში. ყველა ახალგაზრდა მონაზონი აღიზარდა ამქვეყნიურ სამყაროში. რა თქმა უნდა, არავინ დაბადებულა ათონის მთაზე. არც ერთ მათგანს შეუცვნია ბავშვობიდან თავიანთი ამჟამინდელი ცხოვრების რითმი. ხოლო ისიქასტური ცხოვრება კი, სრულიად უცხო და საპირისპიროა იმ თანამედროვე ცხოვრების რითმებისა, რომლის წიაღშიც ახალგაზრდა მონაზვნები აღიზარდნენ. გარდა ამისა, მომლოცველებისა და მომსვლელების სიმრავლე, გრძელვადიანი  სამშენებლო სამუშაოები, გადაადგილებისა და ურთიერთობის უამრავი საშუალება, წმიდა მონასტრების განსაკუთრებულად გაზრდილი საჭიროებების დაკმაყოფილება და მომსახურება იწვევს ძლიერ ამქვეყნიურ გავლენას, ხმაურსა და ყურადღების გადატანას. შეიძლება კი, რომ ისიქასტური განახლება არ გაუცხოვდეს? როგორ შეიძლება, რომ მან, რაც მომწიფდა და დაიბადა უდაბნოს სიმშვიდეში, შეინარჩუნოს თავისი სახე თანამედროვე პრობლემატურობაში?

1963 წელს, როდესაც ათონის წმიდა მთის ბერმონაზვნური საზოგადოება თავისი ისტორიის პირველი ათასწლეულის შესრულების თარიღს ზეიმობდა, ითქვა, რომ ეს დღესასწაული წარმოადგენდა „დაკრძალვის ცერემონიალს“ და უფრო მეტიც, ათონის წმიდა მთის ბერმონაზვნობის „პანაშვიდს“. ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ მთაწმიდაზე მოვლენები ადამიანის ლოგიკის წესების შესაბამისად არ განვითარებულა. და ასევე პასუხის გაცემა იმ კითხვაზე, რომელიც ჩვენ გვაწუხებს, ადამიანურ ლოგიკაზე დაყრდნობით იქნება ძალიან რთული და სავარაუდოდ უარყოფითი.

 თუმცაღა, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ბაღი არ უკავშირდება ადამიანურ ლოგიკას. და სწორედ ეს რწმენა არის ძალიან ძლიერი იარაღი ათონის წმიდა მთის სახის შენარჩუნებისათვის. ამავდროულად, მისი ამოუწურავი სულიერი წყაროები, მისი სულიერი მამების განუწყვეტელი მონაცვლეობა, მისი საღმრთისმსახურებო ტიპიკონებისა და ასკეტური კანონების სიმდიდრე და სიბრძნე, რომელთაც არსებითი ზეწოლის საპირისპიროდ სთავაზობენ.  სწორედ ყოველივე ამის გამო, მორჩილებას, რომელიც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მონაზვნურ სათნოებას, რელიგიურ ცხოვრებაში რეგულარულ მონაწილეობას, რაც სულიერი ცხოვრების ცენტრშია მოქცეული, იმ ტიპიკონისა და ასკეტური კანონების ერთგულად დაცვას, რომლებიც იცავენ მონასტრული ტრადიციის მარადიულობას, დღესაც კი შეუძლიათ უზრუნველყონ ისიქასტური რეფორმირების უცვლელად შენარჩუნება. რა თქმა უნდა, აშკარაა, რომ ამ ტრადიციის დაცვა არ უნდა გულისხმობდეს წარსულის ფოტოგრაფიულ განმეორებას, არამედ ის უნდა წარმოადგენდეს ცოცხალ აღქმასა და ტრადიციას მიმდინარე ისტორიული განვითარების წიაღში.

შინაარსი
სანიშნეები