Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
მისიონერი მამის – კოზმა გრიგოლის მონასტრელის ცხოვრება და საქმიანობა (1942-27/1/1989) | PEMPTOUSIA

მისიონერი მამის – კოზმა გრიგოლის მონასტრელის ცხოვრება და საქმიანობა (1942-27/1/1989)

20 February 2015

Pater Kosmas Gregoriatis 01

1942 წლის 1 აპრილს, გერმანელთა მიერ განხორციელებული ოკუპაციის წლებში, კილკისის სოფელ თეოდოსიაში, დიმიტრი და დესპინა ასლანიდების ოჯახში დაიბადა მათი პირმშო – იოანე. იმ წლებში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობის მიზეზით, 1947 წელს, ასლანიდების ოჯახი ტოვებს მშობლიურ სოფელს და სამუდამოდ გადადის საცხოვრებლად თესალონიკის სტავრუპოლის დასახლებაში. ამ მოვლენიდან ერთი წლის შემდეგ, იოანე იწყებს სკოლაში სიარულს. 1954 წელს, იგი ამთავრებს დაწყებით სკოლას და ხელობას მიჰყოფს ხელს, რათა დაეხმაროს გაჭირვებას შეგუებულ თავის მრავალშვილიან ოჯახს.

1960 წელს, იოანე ამთავრებს ევკლიდის ელექტროტექნიკოსთა კურსს. ამ პერიოდში იგი უკვე ესწრება თესალონიკის ახალგაზრდა მუშათა ქრისტიანული კავშირის საჯარო ლექციებს. სწორედ ამგვარად, ნელ-ნელა ყალიბდება მისი პიროვნება. 18 წლის ასაკში იოანემ პირველი გულის ფანცქალი შეიგრძნო საზღვარგარეთ მოღვაწე მისიონერების მიმართ, მაშინ უბრალო კაცის, დღეს კი უკვე ალბანეთის არქიეპისკოპოსის – ანასტასიოს ღიანულატოსის ლექციებზე.  იმ წლების შემდეგ, მან აქტიური მიმოწერა გააჩაღა მოწინავე და მგზნებარე მისიონერთან – მამა ქრისოსტომოს პაპასარანდოპულოსთან. 1962 წელს, იოანე ირიცხება საბრძოლო ფლოტში და მსახურობს ტორპედოიანი კატარღის მიჩმანის რანგში. ზუსტად ამ დროს იგი ამყარებს კავშირს ფლორინას ამჟამინდელი ეპისკოპოსის – მამა ავგუსტინეს მისიონერულ ძმობასთან – „Ο ΣΤΑΥΡΟΣ“ – „სტავროს“-თან (ითარგმნება, როგორც ჯვარი).

სამხედრო სამსახურის შემდეგ, მშობლების თანხმობით, მთელი ცხრა წლის განმავლობაში იმყოფება სტავროსის საძმოში, როგორც მისი ერთ-ერთი წევრი. მთელი ამ ხნის მანძილზე, იოანე მისიონერულ მოღვაწეობას ეწევა, საძმოს სტამბის ხელმძღვანელის რანგში. ამის პარალელურად, იგი სწავლობს პირეოსის საღამოს შვიდკლასიან  გიმნაზიაში, რომელსაც ამთავრებს 1970 წელს. როდესაც მამა ავგუსტინე ხდება ფლორინას მიტროპოლიტი, იოანე მასთან ერთად გადადის ფლორინაში საცხოვრებლად. სადაც მას ახალი საქმეები ელოდება. იქ, იოანე მოხალისე სტუდენტების დახმარებით ორგანიზებას უკეთებს შემწეობას, რათა წმიდა მიტროპოლიის საქველმოქმედო ფონდების რეკონსტრუქცია მოახდინოს. მისი თაოსნობით იწყება ახლადმოქცეული ბოშების დასახლების მშენებლობა, სწორედ იმ ბოშებისა, რომლებიც მოიქცნენ და ჯგუფურად მოინათლნენ მამა ავგუსტინეს მიერ. როგორც ხელოსანი, იოანე მონაწილეობას იღებს წმიდა ტაძრების, სამრევლო ცენტრების, მოხუცებულთა თავშესაფრების, ობოლ ბავშვთა სახლების, მაკედონური ხელნაკეთი ნივთების სახლის აღდგენისა და აშენების საქმეში, და ყოველივე ამას, იგი ფლორინას წმიდა მონასტრის ეპარქიაში ახორციელებს.

ნებაყოფლობითი შემწეობის მეშვეობით, იოანემ აღმართა უზარმაზარი ჯვრები, როგორც მაგალითად ქალაქ ფლორინაში 1020მ სიმაღლეზე. მის საქმეთაგან აღსანიშნავია ასევე პაროსის ლევკესში აგებული სულიერი ცენტრი და სხვა ორი დაწესებულება ათენში.  1974 წელს, იოანე იღებს ბერძნული წითელი ჯვრის კეთილი სამარიტელის დიპლომს და ამავდროულად ეწერება რიზარიოში, ათენის უმაღლეს სასულიერო სკოლაში, იმ მიზნით, რომ შემდგომი სასულიერო საქმიანობისათვის მოემზადოს. ერთი წლის შემდეგ, იგი წყვეტს სწავლას და 33 წლის ასაკში მიდის ზაირში, მისიონერ მამა ამფილოქე ცუკოსთან ერთად, რომელიც იმ პერიოდში კოლუეზის მისიონერული ფილიალის ხელმძღვანელი გახლდათ. ზაირში გატარებული თოთხმეტი თვის განმავლობაში, მან სამბას ეპარქიაში, პრიმიტიული ინსტრუმენტებითა და არაკვალიფიციური ადგილობრივი მუშახელის დახმარებით, ათი წმიდა ტაძარი ააშენა. საბერძნეთში დაბრუნების შემდეგ, იგი ამთავრებს სწავლას რიზარიოში და 1977 წელს, იღებს სასულიერო სკოლის დიპლომს.

Pater Kosmas Gregoriatis 02

მამა კოზმას დიაკვნად ხელდასხმა ათონის მთის ღირსი გრიგორის წმიდა მონასტერში

ღირსი გრიგოლის წმიდა კინოვიური მონასტრის იღუმენი – არქიმანდრიტი მამა გიორგი კაფსანისი, მამა კოზმას გარდაცვალებიდან სამი დღის შემდეგ, ამას იხსენებს და წერს: „1977 წლის დეკემბერში მოვიდა იგი ჩვენს მონასტერში, გამორჩეული და მეტად პატივსაცემი მთაწმიდელი ბერების რეკომენდაციით, მას რამდენიმე ხანი უნდა დაეყო მონასტერში, მონაზვნად უნდა აღკვეცილიყო და შემდგომ ამისა, მონასტრის კურთხევით, მითითებითა და მხარდაჭერით უნდა გაეგრძელებინა თავისი მისიონერული მოღვაწეობა. დაახლოებით ერთწლიანი გამოცდის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც მან მკაცრი ასკეტური ცხოვრებისა და მონაზვნური ბრძოლისადმი სიყვარულის მაგალითები აჩვენა, მონაზვნად იქნა ხელდასხმული, მცირე სქიმით შეიმოსა და ეწოდა სახელად კოზმა, რათა მას მფარველად და ცხოვრების წინამძღვრად  წმინდა კოზმა ეტოლელი ჰყოლოდა“.

შემდგომ ამისა, როდოსტოლის ღმრთივკურთხეული ეპისკოპოსის – ქრისოსტომოსის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად და პრესვიტერად, რის შემდეგაც ზაირში გაემგზავრა. იქ მას მეტად მძიმე შრომა ელოდა: წმიდა ტაძრების აგება,  აფრიკელი ძმების კატეხიზაცია (მართლმადიდებლური სარწმუნოების დოგმატური ჭეშმარიტების სისტემური სწავლება) და მათთვის ქადაგება. ასევე მათ შორის მრავალის განათვლა (მან დაახლოებით 15.000 აფრიკელი მონათლა), დიდი მამულის ხელმძღვანელობა (იგი 3.000 ჰექტარს მოიცავდა) და საქონლის ფერმის მოწყობა, რათა სასულიერო პირები, ღარიბი მართლმადიდებლები და ასევე არამართლმადიდებლებიც კი, კეთროვანნი და პატიმრები საკვებით ყოფილიყვნენ უზრუნველყოფილნი. ვის შეუძლია აღწეროს მამა კოზმას უზარმაზარი ჯაფა და ის ბრძოლები, რომელიც მან თავისი მეტად ფართო მისიონერული, მოძღვრული და საზოგადოებრივი მოღვაწეობის დროს გაიღო?

Pater Kosmas Gregoriatis 03

ზაირის ნეტარი მისიონერის – მამა კოზმა გრიგოლის მონასტრელის მიერ განხორციელებული ჯგუფური ნათლობა

1988 წლის ივნისში ათონის წმიდა მთაზე მამა კოზმას უკანასკნელი ყოფნის დროს, ის ძალიან ღონემიხდილი ჩანდა. ყოველ ორ ან სამ წელიწადში ერთხელ მოდიოდა იგი ათონის მთაზე სულიერი გაძლიერებისათვის, აღსარებისთვის, ლოცვისთვის, ასევე თავისი მომავალი საქმიანობის გასაგრძელებლად საჭირო მითითებების მისაღებად. 1980 წელს, იგი ხელდასხმულ იქნა სულიერ მოძღვრად, ხოლო მოგვიანებით კი, ცენტრალური აფრიკის ღრმად პატივსაცემი მიტროპოლიტის – ტიმოთეს მიერ აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. მამა კოზმას არ აინტერესებდა ტიტულები. ის, რაც მას ნამდვილად აინტერესებდა იყო – ადამიანთა ხსნა და ზაირში მართლმადიდებლობის განმტკიცება. იგი აფრიკელებს იესო ქრისტეს ლოცვას ასწავლიდა, რაც აფრიკის ჯადოქრების დემონოკრატიის წინააღმდეგ ეფექტულ იარაღად იყო მიჩნეული. ასევე თავის უპირველეს ამოცანად თვლიდა, რომ რაც შეიძლება მეტ აფრიკელ ახალგაზრდას მიეღო მონაწილეობა მართლმადიდებლურ ლიტურგიულ ცხოვრებაში, წმიდა მსახურებების ხშირი აღსრულებითა და აგრიპნიით (ღამისთევის მსახურებით), ათონის მთის ტიპიკონის მიხედვით შესრულებული ბიზანტიური გალობის სწავლებით, შეძლებისდაგვარად, როგორც კი შესაძლებელი იყო მისი გადანერგვა აფრიკაში.

Pater Kosmas Gregoriatis farma 04

მისიონერული ფერმა,  რომელიც მამა კოზმამ ააგო კოლუეზში

მამა კოზმას თავის საქმიანობაში ისიც ეხმარებოდა, რომ მან კარგად იცოდა სუახილი, აფრიკელთა საერთო ენა. მოდით ღმრთის სადიდებლად ისიც ვთქვათ, რომ მას ხელთ ჰქონდა მრავალი მილიონი, თუმცაღა, როგორც ნამდვილი მონაზონი, ღარიბი და არაფრის მქონე გარდაიცვალა. ათონის წმიდა მთაზე მისი უკანასკნელი ყოფნის ჟამს, მამა კოზმამ დაწერა კვლევა, რომელშიც აღწერა მის მიერ იმ დრომდე განხორციელებული მისიონერული გამოცდილება. საქმე ეხება ორიგინალურ და მართლმადიდებლური მისიონერული საქმიანობის წინსვლისთვის მეტად სასარგებლო ნაშრომს. ამ  ნამუშევარს, რომლის სათაურია „პრაქტიკულად განხორციელებული მისიონერული ფიქრები“, ჩვენი წმიდა კავშირი უახლოეს მომავალში გამოსცემს. გარდა ამისა, მისი გარდაცვალებიდან ოცი წლის შესრულებასთან დაკავშირებით, გამოიცემა ასევე მისი პირადი მისიონერული დღიური. ერთხელ, ღირსი გრიგოლის წმიდა მონასტრის საძმოს სინაქსზე (მთლიანი საძმოს ერთობლივი სულიერი კრება), მამა კოზმამ წინასწარმეტყველურად აღნიშნა, რომ არავის შეუძლია აწარმოოს ჭეშმარიტი მისიონერული საქმიანობა აფრიკაში, თუკი არ გადაწყვეტს, რომ იქ დატოვოს საკუთარი ძვლები.

 [გაგრძელდება]

შინაარსი
სანიშნეები