Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
სიკვდილის შესახებ | PEMPTOUSIA

სიკვდილის შესახებ

5 March 2015

1. ყოველი სიტყვის ამოთქმას განსჯა უძღვის წინ. ტირილსა და გლოვას სიკვდილისა და ცოდვის ხსოვნა მიუძღვება. ამიტომ, წესით, სწორედ მათზე უნდა ვილაპარაკოთ.

2. სიკვდილის ხსოვნა ყოველდღიური სიკვდილია.

3. ამ ქვეყნიდან გასვლის მარადიული მოხსენება, ყოველწუთიერი გოდებაა. სიკვდილის შიში ადამიანური ბუნების თვისებაა, რომელიც ურჩობიდან გამომდინარეობს, ხოლო სიკვდილის ხსენებაზე თრთოლვა-კანკალი მოუნანიებელი ცოდვების ნიშანია.

4. ქრისტეს ეშინია სიკვდილის, მაგრამ არ თრთის, რათა ორი ბუნების თვისებანი აშკარად აჩვენოს.

5. როგორც პური ნებისმიერ სხვა საკვებზე აუცილებელია, ასევე სიკვდილის ხსენება ნებისმიერი ღვაწლის აღსრულებისასაა საჭირო.

6. მონასტერში მყოფთ სიკვდილის ხსენება შრომის, გამუდმებული სინანულისა და უპატიობის დიდსულოვნად გადატანისკენ უბიძგებს. დაყუდებაში მყოფთათვის სიკვდილის მოხსენება უზრუნველყოფას, დაუცადებელ ლოცვასა და გონების დაცვას შობს. ეს სათნოებანი კი თავისთავად სიკვდილის ხსოვნის დედა და ასულებია.

7. როგორც ტყვია განსხვავდება ვერცხლისგან, თუმცა გარეგნულად მიემსგავსება მას, გონიერთათვის ასევე აშკარაა განსხვავება ბუნებრივი და ბუნების საწინააღმდეგო სიკვდილის შიშს შორის.

8. ჭეშმარიტი ნიშანი იმისა, რომ ადამიანი გულისმიერი გრძნობებით განიცდის სიკვდილის შიშს, არის ის, რომ იგი თავისი ნებით სრულიად უგრძნობელია ყოველივე ქმნულისადმი და სრულიად მოუკვეთია პირადი ნება.

9. ჭეშმარიტად კეთილ გამოცდილებას ფლობს, იგი, ვინც ყოველდღიურად ელის სიკვდილს, მაგრამ ჭეშმარიტად ნეტარია იგი, ვინც ყოველ წუთს ნატრობს მას.

10. სიკვდილის სურვილი ყოველთვის არ არის გამართლებული. ზოგჯერ ადამიანი ჩვეულების ძალით ცოდვებს იმრავლებს და სიმდაბლით ნატრობს სიკვდილს; სხვებს სინანული არ სურთ და სასოწარკვეთილებისგან სიკვდილს უხმობენ; სხვებს არ ეშინიათ, რადგან თავმაღლობით საკუთარ თავებს უვნებლობაში მყოფებად თვლიან. არიან ისეთებიც (თუკი ასეთი ჩვენს დროში იპოვება), რომლებიც სულიწმიდის შთაგონებით აქედან გასვლას ნატრობენ.

11. ზოგიერთი იძიებს და ვერ გაუგია, თუ უფალმა რად არ მოგვცა სიკვდილის ჟამის წინასწარ შეტყობის უნარი, თუკი მისი ხსენება ასე სასარგებლოა ჩვენთვის. ამ ადამიანებმა არ იციან, რომ ღმერთი ამასაც სასწაულებრივად – ჩვენი ცხონებისათვის იქმს, რადგან არცერთი მათგანი, ვინც თავისი სიკვდილის ჟმას დიდი ხნით ადრე შეიტყობდა, არ იჩქარებდა ნათლისღებას, არც მონაზვნობას შეუდგებოდა, არამედ თითოეული ადამიანი ცხოვრებას ურჯულოებით განლევდა და მხოლოდ ამ ქვეყნიდან განსვლის ჟამს იღებდა ნათელს ან შეინანებდა (მაგრამ ხანგრძლივი ჩვევის გამო ამ დროს ცოდვა უკვე ადამიანის მეორე ბუნებად გადაიქცეოდა და სრულიად გამოუსწორებელი დარჩებოდა).

12. როცა საკუთარ ცოდვებს გლოვობ, ნუ დაუჯერებ იმ ეშმაკს, რომელიც ჩაგაგონებს, რომ ღმერთი კაცთმოყვარეა და გლოვის გარეშეც შეგინდობს, რადგან ამას იმისთვის გეუბნება, რომ გლოვას და ღმრთის შიშს ჩამოგაშოროს. აზრი ღმრთის გულმოწყალების შესახებ მხოლოდ მაშინ შეიწყნარე, როცა ხვდები, რომ სასოწარკვეთილების სიღრმეში იძირები.

13. ვისაც სურს, რომ სულში სიკვდილის და ღმრთის სამსჯავროს ხსოვნა შეინარჩუნოს და ამასთანავე სოფლის შფოთვასა და ზრუნვასაა მიცემული, ის მისი მსგავსია, ვინც ცურვას შეკრული ხელებით ცდილობს.

14. სიკვდილის ცოცხალი ხსენება ნაყროვანებას აღუდგება წინ; ხოლო როდესაც ამას სიმდაბლით აღვასრულებთ, ბევრ სხვა ვნებებსაც მოვიკვეთთ.

15. გულის უმტკივნეულობა გონებას აბნელებს, ხოლო საჭმლის სიმრავლე ცრემლის ნაკადულს დაშრეტს.

16. წყურვილი და მღვიძარება გულს შემუსრავს. შემუსვრილი გულისგან კი ცრემლთა მდინარე იშობა.

17. ჩემი ნათქვამი ნაყროვანთათვის მეტად მკაცრია, ზარმაცებისთვის – წარმოუდგენელი, მაგრამ მოღვაწე გამოსცდის მას გულმოდგინებით.

18. ვინც ეს გამოცდილებით შეიცნო, დიდად იხარებს, მაგრამ ვინც ჯერ კიდევ ძიებაშია, ის მწუხარებას ვერ გაექცევა.

19. როგორც მამები ამოწმებენ, სრულყოფილი სიყვარული არასოდეს დაეცემა, ასევე მე ვამტკიცებ, რომ სიკვდილის სრულყოფილი გრძნობა შიშისგან თავისუფალია.

20. მოღვაწე გონებას მრავალი კეთილი საქმე აქვს: ის სწავლობს ღმრთის სიყვარულს, სიკვდილის ხსოვნას, ღმრთის ხსოვნას – ზეციური სასუფევლის ხსოვნას, წმიდა მოწამეთა მოშურნეობას და თვით ღმრთის ყველგანმყოფობას, მეფსალმუნის სიტყვით: ვხედავ უფალსა წინაშე ჩემსა მარადის. (ფს. 15,8) – წმიდათა და გონიერ ძალთა, სულის განსვლის, ტანჯვის, წამების, მარადიული სამსჯავროს გახსენებას. ჩვენ უდიდეს საგნებიდან დავიწყებთ და ისეთებით დავამთავრებთ, რომლებიც დაცემას აღუდგებიან წინ.

21. ოდესღაც ერთმა ეგვიპტელმა განდეგილმა მიამბო: – როცა ჩემს გულში სიკვდილის ხსოვნა განმტკიცდა, ერთხელ თავს ნება მივეცი, რომ ჩემი ტვირთმძიმე ხორცისთვის ნუგეში მეცა, მაშინ სიკვდილის ხსოვნამ, როგორც მსაჯულმა, ამიკრძალა ეს და რაც ყველაზე საოცარია, თუმცა მინდოდა უკუმეგდო იგი, მაგრამ ვერ შევძელი.

22. ჩვენს მახლობლად იყო ადგილი, რომელსაც თოლა ეწოდებოდა. იქ ერთი ძმა ცხოვრობდა. იგი ხშირად, როდესაც სიკვდილზე ფიქრობდა, მთლად გაშმაგდებოდა და თითქმის გრძნობადაკარგულს, ავი ზნის შეტევით მოწყლულს, ძმები თითქმის უსულოდ მდებარეს ნახავდნენ ხოლმე.

23. ასევე არ გამოვტოვებ და ბერი ევსუქის ამბავსაც გიამბობ. იგი ქოზიფის მთებში ცხოვრობდა. თავდაპირველად მეტად უზრუნველად ატარებდა დროს და სულზე ოდნავადაც არ ზრუნავდა. შემდეგ მოურჩენელი სენი შეეყარა და ერთი საათის განმავლობაში მიცვალებულივით იწვა. როცა გონს მოვიდა, ყველას გვევედრა, განვშორებოდით და თავის სენაკის კარი შიგნიდან ჩარაზა. ამის შემდეგ თორმეტ წელს ისე იცხოვრა, რომ არავისთვის არც ერთი დიდი თუ მცირე სიტყვა არ უთქვამს და არც პურისა და წყლის გარდა მიუღია რამე. არამედ დახშულ სენაკში მჯდომარე, როგორც ღმრთის წინაშე ძრწოდა და გოდებდა იმის გამო, რაც გრძნობადაკარგულმა იხილა. მას არასოდეს შეუცლვია ცხოვრების წესი, მაგრამ ყოველთვის სინანულის მხურვალე ცრემლს ღვრიდა. როცა სიკვდილი მოუახლოვდა, კარი შევამტვრიეთ და სენაკში შევედით. დიდხანს ვევედრეთ, მაგრამ არ გვპასუხობდა, ბოლოს მხოლოდ ეს სიტყვა გავიგოენთ – შემინდეთ, ვინც სიკვდილის ხსოვნა მოიხვეჭა, მას ცოდვის ქმნა აღარ შეუძლია. ჩვენ განვცვიფრდით, როდესაც ვნახეთ, რომ ამ დაუდევარ ადამიანში ასეთი ნეტარი ცვლილება და ფერიცვალება მომხდარიყო. ის სასაფლაოზე, გალავნის ახლოს დავკრძალეთ, გარკვეული დროის შემდეგ ვეძებდით მის წმიდა ძვლებს, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. უფალმა ამგვარად დაამოწმა ევსუქის გულითადი და საქებარი სინანული და ჩვენ გვამცნო, რომ ღმერთი შეიწყნარებს მას, ვისაც ხანგრძლივი დაუდევრობის შემდეგ გამოსწორება სურს.

24. როგორც ზოგიერთს წარმოუდგენია უფსკრული უსასრულოდ და ამიტომ უძიროს უწოდებს მას, ასევე სიკვდილზე ფიქრი უხრწნელ სიწმიდესა და უსასრულო კეთილ საქმეებს ბადებს. ამას ის ღირსი მამაც ამოწმებს, რომლის შესახებაც უკვე გიამბეთ.

25. მოშიშებას მოშიშება დაერთვის და ასე გრძელდება, ვიდრე მათი ძვლების ძალა ბოლომდე არ გამოილევა.

26. უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველგვარი სიკეთის მსგავსად სიკვდილის ხსოვნა ღმრთის მადლია, რადგან ხშირად, თვით გარდაცვლილის სარეცელთანაც კი უცრემლოდ, გაქვავებული გულებით ვდგავართ. ზოგჯერ კი ასეთი სამწუხარო სანახაობის გარეშეც ლმობიერდება ჩვენი გულები.

27. ვინც ყველაფრისთვის, რაც ამ სოფელს ეკუთვნის, მოაკვდინა თავი, მას ჭეშმარიტად ახსოვს სიკვდილი. ხოლო მას, ვინც ჯერ კიდევ შეპყრობილია რაიმე ვნებით, არ ძალუძს, რომ სიკვდილზე ფიქრში იყოს გამუდმებით, რადგან საკუთარი თავის მტერია იგი.

28. ნუ ისურვებ, რომ სხვათა მიმართ კეთილი განწყობა სიტყვით დაამტკიცო, არამედ შესთხოვე უფალს, რომ შენი სიყვარული მათ უხილავად გამოუცხადოს. სხვაგვარად სიყვარულის გამოსახატავადაც და გლოვისთვისაც დრო არ გეყოფა.

29. თავს ნუ იცდუნებ, ჰოი, უდებო მოღვაწეო, იმის ფიქრით, რომ დღეს გასაკეთებელ საქმეს ხვალ გააკეთებ, რადგან დღე მისთვის განკუთვნილი საქმის ღმრთივსასურველად შესრულებისთვისაც კი არ არის საკმარისი.

30. როგორც ერთმა თქვა, სრულიად შეუძლებელი საქმეა, რომ კაცმა თუნდაც ერთი დღე განვლოს ღმრთისნიერად, თუ იგი არ ფიქრობს, რომ ეს მისი ცხოვრების უკანასკნელი დღეა.

31. და ჭეშმარიტად საოცარია, რომ რაღაც ამდაგვარი წარმართებმაც თქვეს. რადგან ისინიც თვლიდნენ, რომ სიბრძნისმოყვარება სიკვდილზე ფიქრში მდგომარეობს.

წყარო: ღირსი იოანე სინელი ”კიბე ანუ კლემაქსი” სიტყვა 6 სიკვდილის შესახებ

შინაარსი
სანიშნეები