Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ღირსი პორფირი კავსოკალიველი: “წმიდა მამები ჩინებსა და ნიჭებს არ ითხოვდნენ“ | PEMPTOUSIA

ღირსი პორფირი კავსოკალიველი: “წმიდა მამები ჩინებსა და ნიჭებს არ ითხოვდნენ“

11 March 2015

დღეს ვაგრძლებთ არისტოტელეს სახელობის თესალონიკის უნივერსიტეტის პროფესორ, ბატონ ანესტი კესელოპულოსის სტატიის გამოქვეყნებას და გთავაზობთ სტატიის მესამე ნაწილს სულიერი ცხოვრების მნიშვნელობასთან დაკავშირებით, რომელიც მამა პორფირის სწავლებებიდან წარმოჩინდება. (წინა სტატია იხილეთ ბმულზე: www.pemptousia.ge/2015/02/26/ღირსი-პორფირი-კავსოკალივ/როგორც ერთხელ აღვნიშნეთ, სტატია მის წმიდანთა დასში შერაცხვამდეა დაწერილი, ამიტომაც ღირსი პორფირი მოიხსენიება როგორც „მამა პორფირი“ ან „ბერი პორფირი“. 

Osios Porfirios 03

მსგავსი სიყვარული არ ეწვევა „მძინარეთ და გულგრილთ“. ამგვარი სიყვარული მისთვის ბრძოლასა და უპირველეს ყოვლისა სიმდაბლეს მოითხოვს. მამა პორფირი აქ მკაფიოდ გვიხსნის ყველაფერს: „იესო ქრისტე ჩვენ არ შეგვიყვარებს, თუ ჩვენ არ ვიქნებით ღირსეული. ჩვენ რომ ვუყვარდეთ, იგი ჩვენში რაიმე განსაკუთრებულს უნდა ხედავდეს. შენ გსურს, ეძებ, ცდილობ, ითხოვ, მაგრამ ვერ ღებულობ ვერაფერს. ემზადები იმის მისაღებად, რაც თავად ქრისტეს სურს, რათა შენში ღმრთიური მადლი შემოვიდეს, მაგრამ ვერ შემოდის, როცა არ გაქვს ის, რაც უნდა ჰქონდეს ადამიანს. რა არის ეს? ეს არის სიმდაბლე. თუ სიმდაბლე არ გვექნება, ვერ შევძლებთ ქრისტეს შეყვარებას. საჭიროა სიმდაბლე და უანგარობა უფლისადმი თაყვანისცემაში“ [20].

თავად ბერ პორფირს ნამდვილი სიმდაბლე ჰქონდა, ვინაიდან ღმრთის სიყვარულში თავს დაცულად გრძნობდა. იგი უფლისადმი სიყვარულით და უფლის სიყვარულისთვის ცხოვრობდა.  ეს სიყვარული მას საკმარისად ჰქონდა. ცხოვრების ბოლომდე იგი ასე ლოცულობდა: „რაც შენ გსურს უფალო, რაც შენს სიყვარულს სურს. ვიცი, რომ არა ვარ ღირსეული. გამგზავნე იქ, სადაც შენს სიყვარულს სურს. მე ჯოჯოხეთის ღირსი ვარ. ჯოჯოხეთშიც რომ ჩამსვა, თანახმა ვარ, თუკი შენი სიყვარული მექნება. ერთი რამ მსურს, ერთ რამეს ვითხოვ, ვიყო შენთან ერთად, სადაც შენ გსურს და როგორც შენ გსურს“ [21].

ამგვარი ჭეშმარიტი სიმდაბლე ახასიათებდა ბერ პორფირს ბავშვობიდანვე, რაც მას სიბერემდე სიწმინდეს სძენდა. ამას მოწმობს ყველა ის სიტყვა, რასაც საკუთარი ცხოვრების შესახებ აღსარების სახით გვეუბნება. „ახლა, როცა ყველაფერს ამას ვხედავ, ძალიან მდაბლად მიმაჩნია თავი. როგორ აგიხსნათ… ღმერთი მე მიცავს, თავის მადლს მიგზავნის. ღმერთს უყვარს ცოდვილები, ჩემნაირიც კი, და სურს, რომ ყველანი გამოსწორების გზას დაადგნენ. ასეთ რამეებსაც კი აკეთებს უფლის მადლი. მე ყველაფერს ამას უფალს მივაწერ მისი სახელის სადიდებლად. მე მწამს, რომ მე ერთი დაჟანგებული ძველი რკინის მილი ვარ, რომელიც საკუთარ თავში უსპეტაკეს „ცხოველ წყალს“ ატარებს, რადგანაც ის სულიწმიდისაგან გამოედინება“ [22].

ყველა ის ადამიანი, ვინც ბერ პორფირს პირადად იცნობდა, მის სიწმიდეს აღიარებდა  და ხედავდა, რომ იგი გამორჩეული მოძღვარი იყო. ისინი ხვდებოდნენ, რომ მას მრავლად ჰქონდა ღმრთიური ნიჭები, თუმცა თავად მამა პორფირს საკუთარი თავი არარაობად და ცოდვილად მიაჩნდა. რაც შეეხება ღმრთიურ ნიჭს, მას მიაჩნდა, რომ იგი უფალმა მას იმიტომ მისცა, რომ „კარგი გამხდარიყო“. „ბევრჯერ მითქვამს თქვენთვის, უფლის მადლს არც ველოდი, არც მსურდა და არც მითხოვია იგი. ჩემი მოძღვრები ამის თაობაზე არაფერს მეუბნებოდნენ. ასეთი ტრადიცია ჰქონდათ. ისინი სიტყვებით კი არ მასწავლიდნენ, არამედ თავიანთი დამოკიდებულებით. ყველაფერს წმიდანთა ცხოვრებებიდან და პატერიკებიდან ვსწავლობდი. წმიდა მამები ძალას არავის ატანდნენ, არ მოითხოვდნენ ჩინებს, არ მოითხოვდნენ ღმრთიურ ნიჭებს. მეც არასდროს მითხოვია ღმრთიური ნიჭი, მხოლოდ იესო ქრისტეს სიყვარულს ვითხოვდი, მეტს არაფერს. ნიჭი, რომელიც უფალმა მიწყალობა, მომეცა, რომ კარგი გავმხდარიყავი“ [23].

სულიერ ცხოვრებაში იესო ქრისტეს უმთავრეს (ცენტრალურ) ფიგურად მოაზრება მამა პორფირის სწავლებების ძირითადი მახასიათებელია. სწორედ ეს არის მისი ცხოვრების და გამოცდილების მთავარი ღერძი, რასაც საფუძვლად ლოცვა უდევს.  იესო ქრისტე აზრს აძლევს ადამიანის ცხოვრებას, იმედით აღავსებს მას და ადამიანში ლოცვის სურვილს აძლიერებს. საგულისხმოა, თუ რას ამბობდა ხოლმე მამა პორფირი ხაზგასმით: „ითხოვეთ: ‘უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე!’ და მან იცის, როგორ შეგიწყალოთ თქვენ, რა საშუალებით. მაშინვე ამოქმედდება მისი მადლი“ [24]. ლოცვისას მთავარია არა მისი ხანგრძლივობა, არამედ მისი ძალა. ილოცეთ თუნდაც ხუთი წუთით, ოღონდ იგი უფლისადმი სიყვარულით აღავლინეთ. ზოგიერთ ადამიანს მთელი ღამე შეუძლია ლოცვა, ზოგს კი მხოლოდ ხუთი წუთი, და შესაძლებელია ეს ხუთწუთიანი ლოცვა უფრო მეტი იყოს. ეს, რა თქმა უნდა, საიდუმლოა, მაგრამ ასეა“ [25].

მამა პორფირმა იცოდა, რომ უფლის მადლს ჭეშმარიტი ლოცვისათვის აღძვრა შეუძლია, ვინაიდან „არავის ხელ-ეწიფების თქუმად უფალი იესუ, გარნა სულითა წმიდითა“ (კორინთელთა მიმართ I ეპისტოლე 12,3) [26]. ლოცვა მამა პორფირისათვის „სულიერი ცხოვრების გასაღებია“. მისი აზრით, ადამიანი, რომელიც იესო ქრისტესთან ახლოსაა, ყველა პრობლემას მას მიანდობს. ასე, რომ სირთულეები და მწუხარებები ლოცვად იქცევა, რადგან ყველაფერი სულიერ ცხოვრებაში მდგომარეობს[27]. ყველაფერი განიწმინდება, კარგიცა და რთულიც, მატერიალურიცა და სულიერიც. საჭიროა მხოლოდ სიყვარული და ლოცვის ნაპერწკალი, რათა ადამიანი სევდამ არ შეიპყროს, არამედ უფლის სიყვარულისადმი და კაცთმოყვარეობისადმი რწმენით იყოს სავსე [28].

ამგვარად,  მამა პორფირი ახლებურად გვააზრებინებს, რომ არ არის საჭირო ლოცვის დროს გონების კონცენტრირებისათვის ძალდატანება. ყველაზე მცირე რაოდენობის სიტყვების ლოცვა, როგორიცაა „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“, რომელსაც ეკლესიის მამები ყველაზე შედეგიან ლოცვად მიიჩნევენ, არანაირი მეთოდითა თუ ტექნიკური საშუალებებით არ მიიღწევა, არამედ ის უფლის მადლის ნაყოფია [29]. „ლოცვას ვერავინ ვერ გასწავლის, ვერც წიგნები, ვერც სულიერი მოძღვარი და ვერც ვერავინ. ერთადერთი მასწავლელი ღმრთიური მადლია. მხოლოდ სულიწმიდას, მხოლოდ უფლის მადლს შეუძლია ლოცვის შთაგონება… თუ არ შეხვალთ მადლის ატმოსფეროში, ვერ ილოცებთ“ [30].

ამგვარად ცხადი ხდება, რომ უფლის მადლის ძიება და მოპოვება მამა პორფირის ცხოვრების ერთადერთ მიზანსა და ერთადერთ სურვილს წარმოადგენდა. ამასვე ურჩევდა იგი ყველა მასთან მიმსვლელ ადამიანს, რადგან სწამდა, რომ ამაში „მდგომარეობდა სულიერი ცხოვრების აზრი“. იესო ქრისტეს გულში ჩახუტების უნარი მას „ხელოვნებათა შორის ხელოვნებად“ მიაჩნდა. „როცა ქრისტე მოვა ჩვენთან, ყველაფერს მივიღებთ. იესო ქრისტე ჩვენში ყველაფერს გარდაქმნის. მოიტანს სიხარულს, თამდაბლობას, სიყვარულს, ლოცვას, აღმაფრენას. ქრისტეს მადლი აღგვადგენს ჩვენ. ქრისტე ჩვენ ყველაფერს მოგვცემს [31]. ამ დროს ადამიანი იცვლება და სხვანაირი ხდება.  ყველა მისი გრძნობა უფლის სულთან ერთად ცოცხლობს. ამ რეალობას გადმოგვცემს მამა პორფირი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე მასთან ღმრთიური მადლის მასთან წვევის შემდეგ [32]. სიყვარული, თავმდაბლობა, მორჩილება და ზოგადად რომელიმე სათნოება არ წარმოადგენს სულიერი ცხოვრების მიზანს, არამედ წინაპირობას, რომ ადამიანს ღმრთის მადლი ეწვიოს და წინაუძღოდეს მას სულიწმიდა [33].

მამა პორფირი გვირჩევს, ვიბრძოლოთ, რომ ჩვენი სულიერი ცხოვრება ქრისტესთან კავშირისკენ მივმართოთ და არა ბოროტის განდევნისაკენ. „არ არის საჭირო, დაკავდეთ ეკლებით… თქვენი შინაგანი ძალები კარგში დახარჯეთ, ქრისტეში“ [34]. მამა პორფირის ეს რჩევა-დარიგება აბსოლუტურად თანხვედრაშია პავლე მოციქულის სიტყვებთან: „განეშორენით ბოროტსა და შეეყვენით კეთილსა“ (რომ.12:9) [35]. აქ ცხადია, რომ გამოცდილი და ღმრთივგანბრძნობილი მამა პორფირი არ უარყოფს ეშმაკის არსებობას, არც დაცემის შემდგომ ვნებების მოჭარბებას ადამიანის ცხოვრებაში. მას უბრალოდ სურს ხაზგასმა, რომ სულიერი ცხოვრება არ შეიძლება რაიმეს უარყოფით შემოიზღუდოს ან გახდეს ამკრძალველი კოდექსი, არამედ უპირველესად მას უნდა ჰქონდეს დადებითი განწყობა და პერსპექტივა.

 [გაგრძელება იქნება]

  1. იხ. იქვე გვ. 238.
    21იხ. იქვე გვ. 217.
    22. იხ. იქვე გვ. 507.
    23იხ. იქვე გვ. 505.
    24. იხ. იქვე გვ. 287-8.
    25. იხ. იქვე გვ. 273.
    26. კორინთელთა მიმართ I – 12,3.
    27. ცხოვრება და სიტყვები, გვ.256.
    28. იხ. იქვე გვ.. 275-276.
    29. იხ. იქვე გვ. 262.
    30იხ. იქვე გვ. 256-7.
    31. იხ. იქვე გვ. 286.
    32 . იხ. იქვე გვ. 462-3.
    33. იხ. იქვე გვ. 256-7.
    34. იხ. იქვე გვ. 287.
    35. რომალეთა მიმართ  12,9.
შინაარსი
სანიშნეები