Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
სააღდგომე ეპისტოლე (2015) | PEMPTOUSIA

სააღდგომე ეპისტოლე (2015)

16 April 2015

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო ერთგულნო და თავდადებულნო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, საქართველოს მკვიდრნო და დროებით სამშობლოს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!

“მაშ, ადიდეთ უკუე ღმერთი ჴორცითა მაგით თქუენითა და სულითა მაგით თქუენითა, რომელ-იგი არს ღმრთისაჲ” (I კორინ. 6,20)

“ლხენით ვილხენ უფალში და ხარობს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან შემმოსა ხსნის სამოსელით” (ეს.61,10)

“დღეს აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო…” (ზატიკი)

უფალი, “რომელი მიეცა ცოდვათა ჩუენთათჳს და  აღდგა განმართლებისა ჩუენისათჳს . (რომ.4.25)  და სიკვდილიცა მოკლულ იქმნა მის მიერ (პარაკლ.) გიხაროდეთ!

Patriarxis Ilia II 115

 ქრისტე აღდგა!

სად არის სიკვდილო საწერტელი შენი?

ქრისტე აღდგა!

სად არის ჯოჯოხეთო ძლევაი შენი? (I კორ.15,55)

“აღდგა ქრისტე და დაირღვიე შენ; აღდგა ქრისტე და დაეცნენ ეშმაკნი; აღდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს” (წმ. იოანე ოქროპირი).

როგორც პავლე მოციქული ამბობს, ცოტას თუ ვინმეს შეუძლია სიცოცხლის გაწირვა მართალთათვის, ქრისტემ კი თავი დადო ჩვენთვის, რომელნიც ვიყავით უცხონი, მტრები და მოწინააღმდეგეები მისთვის (შდრ. რომ. 5; 6-8).

–  და რატომ ვიყავით მტრები და უცხონი?

–  ღმერთი სიყვარული არს და ამ გრნობით შექმნა და განმსჭვალა მან მთელი ხილული და უხილავი სამყარო.

ღმრთაებრივი სიყვარული ვლინდება სხვისთვის მსახურებაში, სიკეთეში, სიმართლეში, მშვიდობაში, სიწმინდეში, მოწყალებაში, სიხარულში…

ასეთი მადლით იყო მოცული ცოდვით დაცემამდე მთელი სამყარო, დედამიწა და მკვიდრნი მას შინა.

როდესაც გველის ცდუნებით ადამმა და ევამ ღმრთის მცნება დაარღვიეს, ამით მათ შემომქმედზე და მისი მცნებებით ცხოვრებაზე თქვეს უარი. უარი თქვეს იმ სიყვარულზე, რომელიც სხვისთვის გასცემს ყველაფერს და არ ეძებს თავისას; მადლდაკარგულებს ამპარტავნების ვნება დაეულათ, ეგოისტური აზრები და თავის თავზე ორიენტირებული სიყვარული გაუჩნდათ და წაერთვათ საგანთა და მოვლენათა არსში სრულყოფილად წვდომის უნარი.

ადამის მთელი მოდგმა ამ სენით დაავადდა და საღმრთო დიდებისათვის განმზადებულმა თავი წარწყმედისთვის გაწირა.

ამიტომაც ვიყავით განშორებული ღმრთისგან.

–  როგორ გვიხსნა ქრისტემ და რას ვზეიმობთ მისი აღდგომით?

ყველა ადამიანის სული, ადამის ცოდვის გამო, გარდაცვალების შემდეგ ჯოჯოხეთს იმკვიდრებდა.

მამა ღმერთმა ჩვენს გამოსახსნელად მოავლინა თვისი მხოლოდშობილი ძე, რომელმაც მიიღო სრული ადამიანური ბუნება და თავის ჰიპოსტასში განუყოფლად და შეურევლად შეუერთა საღმრთო ბუნებას, რითაც განაღმრთო კაცება.

იესო ქრისტემ ყოვლისმომცველი, მსხვერპლშეწირული სიყვარულის ძალით ბოროტების საკრველნი დაამსხვრია, დაამხო ეშმაკის მეფობა, მართალთა სულები იქიდან ამოიყვანა და კაცობრიობისათვის ზეცის კარიბჭენი გახსნა.

დიახ, ამიერიდან მართალთათვის გარდაცვალება იქცა არა წარწყმედის, არამედ ცხონების, სიხარულისა და მარადიულ ნეტარებაში დამკვიდრების საშუალებად.

ამიტომაც წერია ფსალმუნში: ,,პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა“ -, ამიტომაც აღნიშნავს ეკლესია წმიდანთა გარდაცვალების დღეს ზეიმით.

უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც რწმენით და სინანულით აღესრულება, უფლის მადლითა და მოწყალებით, წმიდათა შორის დაემკვიდრება (რა თქმა უნდა, სხვადასხვა სავანეში, თავისი ამქვეყნიური ღვაწლის შესაბამისად), ამიტომაც მოძღვარი წესის აგების ლოცვაში ასე ავედრებს უფალს გარდაცვლილს: “წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, მონასა (ან მხევალსა) შენსა…”

სწორედ ეს აღთქმა, წმიდათა შორის მარადიული თანამყოფობისა, არის აღდგომის ზეიმის არსი, თითოეული ადამიანის იმედისა და სიხარულის საფუძველი.

წმიდა გრიგოლ ღმრთისმეტყველი წერს:

უფლის ჯვარცმისას იხილეს მრავალი სასწაული: დაბნელებული და ხელახლა გაბრწყინებული მზე, განპობილი კრეტსაბმელი, მაცხოვრის გვერდიდან გადმოღვრილი სისხლი და წყალი, მიწისძვრა, საფლავთაგან მკვდართა აღმოსვლა, სასწაული უფლის საფლავად დადების ჟამს… მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ შეედრება ჩემი ცხონების სასწაულს!

ხოლო ვისაც ეს არა აქვს გაცნობიერებული, ფუჭია მისი სარწმუნოება. აი, როგორ გვაფრთხილებს მოციქული: ,,უკეთუ ამას ხოლო ცხორებასა ვართ მოსავ ქრისტესა, უსაწყალობელეს ყოველთა კაცთასა ვართ”. . . უკეთუ ქრისტე არ აღდგომილ არს, ცუდად სამე არს ქადაგებაჲ ესე ჩუენი და ცუდად არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი” (I.კორ.15;14’19).

– თუ სიკვდილი განქარდა, რატომღა კვდებიან ადამიანები, რატომ დარჩა გარდაცვალება ყველასათვის აუცილებელ მოვლენად?

სამოთხეში ადამს და ევას სხვაგვარი სხეული ჰქონდათ, შემდეგ კი ხრწნადობა შეიმოსეს და მოკვდავნი გახდნენ. აქედან მოყოლებული ადამიანი ამ მოკვდავი სხეულისა და უკვდავი სულის ერთობას წარმოადგენს, რომელთა განცალკევებაც სიკვდილისთანავე ხდება.
მართალთა სულები ქრისტეს აღდგომის შემდეგ უფლის წიაღს იმკვიდრებენ, ცოდვით დამძიმებულთა კი, – კვლავ ბნელეთის ანგელოზთა დასს უერთდებიან. სხეული კი იხრწნება და უერთდება მიწას, რომლისგანაც შეიქმნა. როგორც მარცვალი ხნულში ითესება და იხრწნება, რათა აღდგეს უხრწნელებით, ასევე “ითესება სხეული მშვინვიერი და აღდგება სხეული სულიერი, ითესება დამცირებაში და აღდგება დიდებაში” (I კორ. 15. 44, 45).

ეს მოხდება მეორედ მოსვლის ჟამს. ყოველი გარდაცვლილის სული (ცოდვილთა თუ მართალთა) შეიერთებს თავის უხრწნელ სხეულს.
ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი სული და სულიერი სხეული მარადიული ნეტარებისათვის აღდგეს და არა მარადიული სატანჯველისა და გეენიისათვის.
ზოგიერთს სიკვდილისადმი აქვს ერთგვარი ზერელე დამოკიდებულება, ზოგს კი – ავადმყოფური შიში. ხშირად ერთნიც და მეორენიც ამიტომ არ ფიქრობენ ამ საკითხზე, რაც არ არის სწორი.
ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გარდაცვალება აუცილებლად გველის და ყოველი დღე უნდა გავატაროთ ისე, როგორც უკანასკნელი. მაშინ მეტი დაკვირვება გვექნება საკუთარ თავზე, მეტი გულისყურით მოვეპყრობით მოყვასს და ღმრთის სათნოდ მოვიქცევით ამა თუ იმ ვითარებაში.

–  როგორ მივხვდეთ, რა არის მართებული ქმედება?

მთავარი ორიენტირი ჩვენთვის უნდა იყოს მაცხოვარი, რომლის მიერაც განგვეცხადა ადამიანის სიდიადე; უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ყოველ ჩვენგანს, ზიარების მადლით, შეუძლია, ძალისამებრ თვისასა დაიტიოს იგი და შეუერთდეს მას, რათა განიღმრთოს და მიაღწიოს იმ სისრულეს, რისთვისაცაა მოწოდებული.
თუმცა ეს შეერთება ვერ შედგება, თუ არ მოხდა პიროვნული შეხვედრა მაცხოვართან, – შეხვედრა ცოცხალ ღმერთთან!
ეს არის ყველაზე დიდებული ჟამი ადამიანის ამქვეყნიურ ცხოვრებაში; ეს არის ჭეშმარიტ სიყვარულთან დაბრუნების და მისით აღვსების საოცარი განცდა, რომელიც სრულიად გარდაქმნის ჩვენს შინაგან სამყაროს და მადლით აღავსებს სულს;
არის მადლი მომხმობი, მომწოდებელი, რომელიც კაცს განაცდევინებს სასუფევლის ნეტარებას და სინანულისთვის განაწყობს. მერე კი იწყება გამოცდის ჟამი, ანუ ის ეტაპი, როდესაც შენ შენი შრომით, სინანულითა და ჭირთა დათმენით უნდა ააღორძინო და განამრავლო იგი.

ღმერთი ყველგან სუფევს, მაგრამ ეკლესიაა სულიერი სხეული მისი, სადაც საღმრთო სიდიადე სრულად ვლინდება კაცთა წინაშე. ეს არის ის სივრცე, სადაც აღესრულება საღმრთო საიდუმლოებები, სადაც ყოველ წირვაზე უხილავად მყოფობს უფალი და წმიდა ზიარებით მასთან შეერთების საშუალებას გვაძლევს.

მაგრამ ღმერთთან კავშირი ორმხრივი მოვლენაა, შენ ვერ ჰპოვებ უფალს, თუ არ შეიცანი იგი, თუ არ აღივსე ღმრთისმსგავსი უშურველი სიყვარულით.

ასეთი სიყვარულის უნარი ადამიანს აქვს და იგი ვლინდება მაგ.შვილების, მშობლების, მეუღლის, დედ-მამიშვილების, მეგობრებისა და ახლობლებისადმი უსაზღვრო სიყვარულსა და, საჭირო შემთხვევაში, თავგანწირვაშიც.
ამგვარი სიყვარულით, პირველ რიგში, უნდა შევიყვაროთ იესო ქრისტე, რომლისგანაც მოგვეცა ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მასზე წინ არ უნდა დავაყენოთ არავინ და არაფერი. ეს არის ყოვლად აუცილებელი პირობა ჩვენი გადარჩენისა; წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შეცდომებისა და არასწორი აზროვნებისაგან არაფერი დაგვიცავს.

ხოლო ვისაც ამგვარი განცდა და ცოცხალი სარწმუნოება არა აქვს, მისთვის საეკლესიო მსახურება, უფლის სწავლანი და საიდუმლოებები გაუბრალოებულია, მხოლოდ რიტუალია და სიღრმისეულ აზრს მოკლებული სიტყვები. ამ მდგომარეობაში შეიძლება იყოს როგორც მრევლის წევრი, ისე სასულიერო პირი.

ამგვარი ადამიანის აღსარება და სინანული არაგულწრფელია, შედეგი – უღირსი ზიარება და სულის გაუხეშებაა. ეს არის ნელ-თბილი სარწმუნოება, რომელიც მეტად საშიშია და მიუღებელი ღმრთისთვის.
სინანულს ბერძნულად “მეტანია” ქვია, რაც სიტყვა-სიტყვით თარგმანში “გონების შეცვლას” ნიშნავს. აი, ეს უნდა მოხდეს ჩვენში! მაგრამ ამას კი ვერ მივაღწევთ, თუ მუდმივად არ ვაკვირდებით საკუთარ თავს, თუ აღსარებიდან აღსარებამდე ჩვენში უკეთესობისაკენ მცირედი ცვლილება მაინც არ ხდება, თუ ცოდვას არ ვუპირისპირდებით და არ ვებრძვით.

ზოგიერთი ეშმაკის გავლენით, პატივმოყვარეობის ან სირცხვილის გამო ბოლომდე არ აღიარებს ცოდვას, ან შელამაზებული სახით ამბობს სათქმელს და ამით ხელს უშლის საკუთარ განწმენდას.

ამ დროს პირიქითაა, მძიმე დანაშაულის ჩამდენის გულწრფელი სინანული სასულიერო პირს მისდამი თანალმობით განაწყობს და სწორი რჩევის მიცემის საშუალებას აძლევს; ადამიანს კი უფალი წყალობას მაშინვე ანიჭებს.
დიდ პრობლემას ქმნის ორიენტირების აღრევაც,  როდესაც ზოგიერთი საშუალებას მიზნად მიიჩნევს, მიზანს კი, – საშუალებად.

საერთოდაც, ბევრი რამ არის ჩვენს ყოფაში გაუკუღმართებული: ხშირად ადამიანის სიცოცხლეს იოლად ხელყოფენ, არადა, ადამიანის მკვლელობა უდიდესი ცოდვაა. უფლება არა გვაქვს, ღმრთის მიერ ბოძებული სიცოცხლე წავართვათ ვინმეს.

ასევე უმძიმესი და მკვლელობის ტოლფასი ცოდვაა აბორტი. ამ მომაკვდინებელი დანაშაულის ჩამდენნი არა მხოლოდ მშობლები არიან, არამედ ისინიც, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ამ ქმედებაში.
დიდად ვწუხვართ თვითმკვლელთა რიცხვის ზრდის გამო. სიცოცხლე ღმრთის უდიდესი წყალობაა და დაუშვებელია ვინმემ თავისი ნებით მოისწრაფოს იგი. ამ ცოდვის ჩამდენთ ტყუილად გონიათ, რომ სიკვდილით პრობლემებისგან გათავისუფლდებიან და ვერ აცნობიერებენ, რომ თავს მარადიული სატანჯველისთვის წირავენ.

შეიძლება ითქვას, რომ დღეს, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი შრომას გადაეჩვია. არადა, შრომა აუცილებელია როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი და სულიერი.

მშობლებმა ბავშვობიდანვე უნდა შეაყვარონ შვილებს ეს საქმე. ამასთან, უნდა აღზარდონ ისე, რომ ღმრთის სიყვარულთან ერთად სამშობლოს და მოყვასის სიყვარული ასწავლონ. ასწავლონ, სირთულეების დაძლევა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება.

ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ ახალგაზრდებს; მართალია, მრავალი მათგანი სერიოზულ შეცდომებს უშვებს ემონება რა ნარკომანიას, ლოთობას, გარყვნილებას.., მაგრამ გვჯერა, ღმრთის მადლით, ისინი შეიცნობენ ამ ცოდვათა დამღუპველობას და ღმერთს დაუბრუნდებიან; მიხვდებიან, ცხოვრებისეული ჯვარი იმიტომ მოგვეცა, რომ იგი რწმენითა და სიყვარულით ღირსეულად ვატაროთ და ჩვენი ჯვარცმა, – განსაცდელები და პრობლემები, – ჩვენს აღდგომად და ამაღლებად გადავაქციოთ.

არასწორმა ცხოვრების წესმა დაარღვია ტრადიციული ურთიერთობებიც.

მაგალითად, ქართული სუფრა ყოველთვის იყო სამშობლოს, მეგობრობის, სიყვარულის, თანადგომის, ვაჟკაცობის სადიდებელი, ჭირის სუფრა კი, – გარდაცვლილთა მოსაგონარი და შესანდობარი.
როგორც ერთი, ისე მეორე სერობა იწყებოდა და მთავრდებოდა ღმრთის დიდებით. ახლა კი, ასეთი შეკრებები ხშირად დაუსრულებელ ქეიფად და ღრეობად იქცა, სადღეგრძელოები კი,ბ – ფარისევლურ ქება-დიდებად, რაც უნდა გამოსწორდეს.

რაკი ღვინისა და, საერთოდ, პურობის საკითხს შევეხეთ, აღვნიშნავთ იმასაც, რომ საუკუნეების მანძილზე მევენახეობა და მეხორბლეობა ჩვენი ყოფის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენდა. ქართველი კაცი მასში განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც დებდა და ზიარების საიდუმლოს აღსასრულებელ შესაწირად აღიქვამდა. ამიტომაც ამ კულტურებზე ზრუნვა საუფლო საქმედ მიიჩნეოდა.

ათეისტური რეჟიმის დროს ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა, – უნიკალური ქართული ხორბლის და სავენახე (განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოსა და მესხეთ-ჯავახეთში) ჯიშები ზოგი მთლიანად, ზოგი ნაწილობრივ განადგურდა და მათი ადგილი ჰიბრიდულმა, ნაკლებად შრომატევადმა ჯიშებმა დაიკავა. ამას დაემატა ღვინის შაქრით ფალსიფიცირება, რაც ადრე ყოვლად წარმოუდგენელი რამ იყო. ასე შეილახა და გაუბრალოვდა საკრალური დატვირთვის მქონე ვენახისა და ხორბლის მნიშვნელობა.

საჭიროა, შევიცვალოთ დამოკიდებულება და სწორ ორიენტირებს დავუბრუნდეთ. მადლობა ღმერთს, დღეს მდგომარეობა უკეთესობისაკენ იცვლება და ამაში გულანთებული უანგარო ადამიანების დიდი ღვაწლია ჩადებული.

მინდა ყურადღება გავამახვილო ცოდვისადმი ნელ-თბილი ადამიანის დამოკიდებულების რამდენიმე გამოვლინებას:

ვიღაცას ჰგონია, რომ როცა სხვას შეურაცხჰყოფს, ან ცილს დასწამებს, უმიზეზოდ განურისხდება, ან ბილწსიტყვაობით აჯობებს, ეს დიდი ცოდვა არ არის, – მწარედ ცდებიან.

თუ გავაანალიზებთ, აღმოვაჩენთ, რომ მკვლელობებისა და თვითმკვლელობების ძირითადი მიზეზი არის ვიღაცის გაბოროტებული სიტყვა. ხშირად ოჯახებიც შელაპარაკების ნიადაგზე ინგრევა; უხეში სიტყვის გამოყენების პრაქტიკამ ჩვეულებრივი ხასიათი მიიღო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ურთიერთობებში, მასმედიაში…

სიტყვა უდიდესი ძალაა. ღმერთი არის სიტყვა, ხოლო ავი სიტყვა ეშმაკისეული გამოვლინებაა. თითოეული ჩვენი ნათქვამი ბუმერანგივით დაგვიბრუნდება. შეგახსენებთ მაცხოვრის დარიგებას: ,,მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანა-მდებ არს სასჯელისა; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა რაკა, თანა-მდებ არს იგი კრებულისაგან განსლვად; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, თანა-მდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა (მათე. 5,22).
იაკობ მოციქული კი გვაფრთხილებს: “მცირემან ცეცხლმან რავდენი ნივთი აღაგზნის! და ენაჲ ეგრეთვე ცეცხლ არს, სამკაული სიცრუისაჲ. ენაჲ დადგრომილ არს ასოთა შინა ჩუენთა, რომელი შეაგინებს ყოველსა გუამსა და აღაგზნებს ურმის თუალსა მას შესაქმისასა და აღგნებულ არს გეჰენიისაგან.” (იაკობ.3, 5-6)

 ამიტომაც მეტყველებისას ყველას დიდი სიფრთხილე და დაკვირვება გვმართებს.

შევეხები მეტად საშიშ და სერიოზულ პრობლემას, – სათამაშო ბიზნესს. ეს საქმიანობა, მართალია, ბიუჯეტისთვის ალბათ, მომგებიანია, მაგრამ იგი იმდენად უარყოფითი მოვლენაა, რომ ბევრ ქვეყანაში საერთოდ აკრძალულია. ჩვენთან კი მას ბოლო დროს ინტერნეტ-სამორინეც (კაზინო) დაემატა.

თუ ჩვეულებრივ სამორინეში (კაზინოში) ასაკს ყურადღებას აქცევენ და გარკვეული თანხის ქონა აუცილებელია, ინტერნეტ-სივრცეში ეს შეზღუდვა არ არსებობს; ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომელთაც ისედაც მცირე ფინანსები აქვთ, ცდუნებას ვერ უმკლავდებიან და დიდ ვალში და დიდ პრობლემებში ვარდებიან.

კატასტროფულად იზრდება მათი რიცხვი, რომელნიც მიჯაჭვულნი გახდნენ ამ საცდურზე; ბევრმა ქონება დაკარგა, მრავალი ოჯახი დაინგრა, ზოგმა თავიც მოიკლა…

ვფიქრობთ, ხელისუფლებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას ამ მიმართულებით და შესაძლებლობისამებრ დაიცვას ქვეყნის აწმყო და მომავალი.

აქამდე იმათ შესახებ ვისაუბრეთ, რომელთაც ღმერთის არსებობა სწამთ; რაც შეეხება ურწმუნოთ, ადრეც მითქვამს და კვლავ გავიმეორებ, რომ მატერიალურ-ტექნიკურმა წინსვლამ და სულიერ განვითარებაზე ნაკლებმა ზრუნვამ დიდად შეუწყო ხელი ადამიანში ამპარტავნებისა აღზევებასა და ათეისტური ცნობიერების ჩამოყალიბებას, იმ აზრის განმტკიცებას, თითქოს მისთვის საიდუმლო აღარ არსებობს, რომ თვითონ შეუძლია ყველაფერი მართოს და განაგოს.

მაგრამ უღმერთო კაცმა დღემდე ვერ იპოვა უმთავრესი, – სიცოცხლის საზრისი, და ვერც სიკვდილის საიდუმლო ამოხსნა. აქედან გამომდინარე, ცუდი და კარგი, ცოდვა და მადლი, მისთვის ფარდობითი და პირობითი ცნებები გახდა. ამიტომაც ასე მოაზროვნე საზოგადოება ადვილად მივიდა ცოდვის და გაუკუღმართებული ურთიერთობების დაკანონებამდე.

მართლაც, თუ არ არსებობს ღმერთი, რა თქმა უნდა, არ არსებობს არაფერი მიუღებელი, არ არსებობს არანაირი სულიერი მიზანი, რომლისკენაც იგი უნდა ისწრაფვოდეს, ანუ სიცოცხლეს, ფაქტობრივად, არ აქვს აზრი.
რჩება მხოლოდ წარმავალი მიწიერი ყოფა და ამქვეყნიური ვნებები, სიმდიდრითა და პატივით მიღებული დროებითი სიამოვნება, რომლის შედეგი სასოწარკვეთა და დეგრადაციაა, დასასრული კი, – არარაობა.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ ქვეცნობიერად ყველამ, მორწმუნემაც და ურწმუნომაც, მეტ-ნაკლებად იცის, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე მაინც გრძელდება. ამას იგი გრძნობს იმ წარუშლელი ღმრთიური ნაპერწკალით, რომელიც თითოეულ ჩვენგანშია ჩადებული შემომქმედისაგან და რომლის საშუალებითაც სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე რჩება შესაძლებლობა სინანულის, მოქცევისა და ღმერთთან შერიგებისა.

გავიხსენოთ ავაზაკი, რომელმაც სულიერი ფერისცვალება სიკვდილის წინ, ჯვარზე გაკრულმა, განიცადა და მაშინვე ღირსი გახდა, პირველი შესულიყო სასუფეველში.
ჩვენ ვცხოვრობთ რელიგიური აზროვნებისა და იდეოლოგიების ზეობის ეპოქაში;

როგორც ერთ-ერთი ცნობილი თეოლოგი ამბობს, რელიგიასა და იდეოლოგიას შორის უდიდესი განსხვავება იმაშია, რომ რელიგია და რწმენა ყოველთვის ძალზედ პირადულია და ღრმა შინაგანი გამოცდილებით მიიღწევა, მაშინ როცა ნებისმიერი იდეოლოგია ყოველგვარ პირადს, როგორც უსარგებლოს, უარყოფს.

ამიტომაც არის, რომ არც ძველი და არც რომელიმე თანამედროვე იდეოლოგია, პიროვნების იდეას არ სცნობს.

ადამიანი ყველაფერზე მაღლა იესო ქრისტემ დააყენა და იგი გახადა თავისი უდიდესი სიყვარულის ობიექტი. ამასთან, ადამიანს მან უდიდესი ნიჭი, – თავისუფლება უბოძა და მისცა არჩევანის საშუალება. თითოეული ჩვენგანი გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად დღესაც ყოველწუთს აკეთებს არჩევანს კეთილსა და ბოროტს, ღმერთსა და ეშმაკს შორის და ეს ჩვენი უფლებაა.

ჩვენი ნება ღმრთის ნების შესაბამისი უნდა გახდეს, მაგრამ, არა იმიტომ, რომ ასე ვინმემ გვიბრძანა, არამედ იმიტომ, და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჩვენს დიდ სურვილად და სწრაფვად უნდა იქცეს; იმიტომ, რომ ჩვენ მოვინდომეთ, გავხდით ადამიანები, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო: ქართველებო, აფხაზებო, ოსებო, ბერძნებო, რუსებო, უდიებო, აზერბაიჯანელნო, სომეხნო, იეზიდნო, ქისტნო, ასირიელნი, სხვანო ყოველნო, ჩვენ ყველანი ხატად და მსგავსად ღვთისა ვართ შექმნილნი და თითოეული ჩვენგანის სულშია ის ღმრთაებრივი ნაპერწკალი, რომელიც დღეს ღაღადებს, – ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე!

მართლაც, ყველასთვის აღდგა ქრისტე, ყველა ადამიანს შეუძლია შეცვლა და ფერისცვალება, რადგან, როგორც წმიდა ირინეოს ლიონელი ბრძანებს, ადამიანის სული ბუნებით ქრისტიანია.

მაშ, ვმადლობდეთ უფალს, რომელიც სიხარულით შეგვიძღვა თავისი აღდგომის ნავთსაყუდელში, ვმადლობდეთ ყოველნი, რომელთაც კეთილად განვვლეთ სარბიელი მარხვისა; ვმადლობდეთ ისინიც, რომელნიც უძლურ ვიქმენით ამგვარი ღვაწლისა (სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი). ამიერიდან ნუღარავინ ჰძრწის და ეშინის, ჭეშმარიტი სიყვარული და მარადიული სიცოცხლე დაუბრუნდა კაცობრიობას; იხარებს ადამის მოდგმა და მთელი სამყარო!

ქრისტე აღდგა!

აღსდექით თქვენც და მასთან ერთად ეგეთ უკუნისამდე!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II

აღდგომა ქრისტესი
თბილისი, 2015 წელი

შინაარსი
სანიშნეები